RSS

ჩემი მთვარისქვეშეთი

16 Sep

თვალი გამიხელია, ფიქრი გამიფრენია, კვალად ერთი კვიმატი კითხვაც აღმომხდენია
– სადა ვარ?
ირგვლივ სკნელი უძირო, ავბედითად მდუმარი, სივრცე, მარადისობის შიშით მინაჩუმარი
და მე, ამ წუთისოფლის უნებლიე სტუმარი, მე, რომელსაც მებოძა არსთა ჭვრეტის უნარი.
გონისმიღმა შორეთი, გარესკნელის კიდეზე, ამ სამყაროს ქორედი, მრუმე ფიქრთა მიზეზი,
უთვალავი ზიმზიმა თვალი რომ ეკიჟება, თითქოს ნიშნის მოგებით თვისკენ მეპატიჟება, თუმცა, ჩემი გონება ვიდრე ამას გასწვდება, აზრიც გამეყინება, წარმოსახვაც გაცვდება…
ჰოდა, ჩემო გამრიგევ, რაკი ასე დამმართე და რამეთუ დამბადე ფიქრისთვის მონამართი, ან პასუხი მიბოძე, ან ეს კითხვა წამართვი – უსასრულო სივრცეში რად მინდა მისამართი,
თორემ ყოფნა–არყოფნის მეძალება დილემა, როცა ირგვლივ ყოველი ინთება და ილევა,
ვარსკვლავების მარულა, ხილული და ფარული,
შუქიანებს – ჰარირა,
კუდიანებს – არული.
***
ხოლო მზე, მოგიზგიზე, თითქო შიბი გაუბეს, აწეწილი გაურბის ბუდეს, განაპარტახებს, ილტვის ლოყაყირმიზა ნახტომისკენ ირმისა, ტოვებს გრავიტაციის მორევსა და არტახებს…
ნეტავ თუ აქვს მიზანი, ყრუ უფსკრულში განასროლს, ანდა ვინ გულთმისანი გამოუთვლის დასასრულს.
მზეო მზეო ბარბალავ, მზეო ალისდალალავ, ნეტავ საით მილალავ დობილებს, მონდობილებს, ვინძლო მთელი ამალა გინდა გადაუმალო სკნელთა ლაბირინთებში მოთარეშე ცდომილებს.
ყველა მომთაბარეა სივრცის, უნაპიროსი,
მთვარეა თუ არეა,
დია თუ ასპიროზი.
***
კოსმოსში ჩაკარგულო სულ ერთო ციდა სფერო, სამყაროს ნატვრისთვალო, პლანეტაო ცისფერო, სიცოცხლით შეხუნძლულო მარტოკინა კუნძულო, ჩემო საბოგინეთო, საოცარო ზღაპარო, ერთადერთო იმედო, მწევ და თავშესაფარო,
ვაგლახ, თუკი დღესნამდინ საიმედოდ გვფარავდი,
ჩვენ გაგეზარდენით და
შენ დაგვიპატარავდი.
***
სათავიდან ჩემამდე თვალუწვდენი წარსული წინაპართა მწკრივია მტკიცე ჯაჭვად ასხმული.
კაცი, თითოეული, ე მაგ რიგის რგოლია და ამ რგოლის გაწყვეტა მისი მოდგმის ბოლოა…
მთელი ჩვენი ცხოვრებაც ერთი ბეწვის ხიდია და წინაპრის ნაღვაწი მაგ ბეწვზედა ჰკიდია,
რადგან ყველა ცოცხალი თავის ჯაჭვის კიდეა
და გაწყვეტილ ჯაჭვების
რიცხვიც ბევრად დიდია.
***
ენავ ჩემო, ქართულო, უმტყუნარო ძმობილო, საომრად შემართულო ხმალო, ფხაგაწყობილო,
ზვარაკად შემიწირე მე, ამ ამბის მთხრობელი, შოთას სულის მოწილე, მისი ნიჭით მთრობელი,
ამ სამყაროს ნაკუწი და თან მისი მომცველი, წარსულს გატირებული, მომავლისთვის მლოცველი.
ჩემთან ერთად ვიდოდე ამ სავალის კიდემდე, ფარად მეგულებოდე, დარდი ამარიდოდე.
შენ გამიკარაბაკე გზები, დანაფერცხლები,
ლექსად მალაპარაკე,
ვიდრე გამოგეცლები.
***
წლები წინ მიმაქანებს, ფიქრი უკან მეწევა, რაც დრო წამომეწევა, უფრო ხშირად მეწვევა კითხვა გაუბედავი, გარნა გაუხუნარი – რა ხნითა ვარ ნეტავი წუთისოფლის სტუმარი.

 

ტეგები: , , , ,

One response to “ჩემი მთვარისქვეშეთი

  1. ფისო.დადუ. ჩხეიძე

    November 20, 2010 at 12:06 am

    ზეცა ისე იღრუბლება და ისე იქუფრება, უნდა მიწის დაუფლება, შუშპარი და შუფრობა, სატრფიალოდ შეყრა ნებავს, სული დუღს ლაბარნასი, ითრუჯანის მხურვალებას უსალბუნებს არმაზი.
    ძალიან ლამაზია.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: