RSS

ცარგვალი

08 Jun

 
მოდით, გავჩხრიკოთ, ჩემო ბატონო, რაა ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ვერ გამოაცხობს ქოსატყუილა ყველაზე ფლიდი.

იქნებ ეს არის ტყუილი მწარე, რომ დედამიწა გახდება მწირი, რომ მოისპობა ყოველი მწვანე და მეტეორის გავხდებით წერა…

იქნებ ეს არის ტყუილი ტკბილი, რომ არ იქნება მერმის ომები, დაგვავიწყდება ტანჯვა, ტკივილი, თხებს გაუყოფენ ლუკმას ლომები….

და თუ დაგეცა ღამე უძილო, იქნებ მიენდო და არ უგანო, სცადე შეიცნო სივრცე უძირო, უასაკო და უკიდეგანო,

თვალუწვდენია სიდიდე მისი და რაც არ უნდა აღგიძრას რიდი, სწორედ იგია, ჩემო იმანო, ამქვეყნად ყველა ტყუილზე დიდი.

ჩვენ ამ სამყაროს წარსულს ავცქერით და მომავლიდან ჩვენ დაგვცქერიან. შემზარავია განცდა ამგვარი და მით უმეტეს მშვენიერია.

ეს მოჩითული ცარგვალი ღამის და ვარსკვლავების შუქი არქატი მხოლოდ ლანდია საკუთარ თავის, დროის უფსკრულში გამქრალი ხატი.

კარგა ხანია უმეტეს მათგანს მინავლებია ალმური მწველი, თუმცა, მომდევნო ათასი წელი ამას ვერ ნახავს დედამიწელი.

თუნდაც ზღაპრული სურათი ხომლის, თითოეული ვარსკვლავი რომლის ცივი ციაგით იტაცებს მზერას, უკვე ქცეულა კოსმიურ მტვერად ან შავი ხვრელის გამხდარა წერა,
შენ კი ამგვარი გგონია ჯერაც და ცის გუმბათის სიმყარის გჯერა…

რისთვის გვებოძა უნარი განსჯის ჩვენ, ამ სამყაროს ნამცეცა მღილებს, ეს ნიჭს კი არა, მაგონებს სასჯელს, როდესაც ძალი არ გაქვს ცვლილების.

მიგვერეკება დროის დინება, და რაკი ბედმა ასე ინება, რა დაგვრჩენია, მოთმინება და ვარსკვლავმრიცხველის გულმოდგინება.

დამთრგუნველია მისი ყოველი ამოუცნობი ხრიკი და ფანდი, და აღარც პასუხს არსით მოველი, ისევე, როგორც მოხუცი კანტი, თუმც გაოცებით მასავით მავსებს, და ამის განცდაც მასავით შემშლის – ვარსკვლავიანი ზეცა ჩემს თავზე და მორალური კოდექსი ჩემში.

.

 
2 Comments

Posted by on June 8, 2009 in ლექსები

 

ტეგები: , ,

2 responses to “ცარგვალი

  1. ზაზა

    October 6, 2009 at 3:48 pm

    მშვენიერია!

     
  2. ელდორადო

    July 11, 2010 at 8:55 am

    მომეწონა.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: