RSS

ჩერჩილის გამონათქვამები

30 May

ჩერჩილი

უინსტონ ჩერჩილი

ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე

ქვეყნის პრემიერი 1940-45 და 1951-55 წლებში

ნობელის პრემიის ლაურეატი.  

*

ბოლშევიკები თავად ჰქმნიან სიძნელეებს, რათა შემდეგ წარმატებით დასძლიონ ისინი.

*

მუდამ მზად ვარ მოწამეობისთვის, მაგრამ მირჩევნია, თუკი ეს ამბავი გადაიდება.

*

ვინც სიყმაწვილის ჟამს რევოლუციონერი არ ყოფილა – უგულოა, ხოლო ვინც მოწიფულობაში კონსერვატორი არ გახდა – უტვინო.

*

ამერიკელები ყოველთვის პოულობენ სწორ გადაწყვეტილებას, ოღონდ მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენს მოსინჯავენ.

*

ჩერჩილის ბიუსტის გახსნის ცერემონიალზე ერთმა მშვენიერმა ქალბატონმა უთხრა მას _ მისტერ ჩერჩილ, მინდა იცოდეთ, რომ დღეს უთენია ავდექი და ასი მილი გამოვიარე, რათა თქვენი ბიუსტისთვის შემეხსნა საბურველი. ჩერჩილმა კი ეშმაკურად მოწკურა თვალი და უპასუხა – დიდი სიამოვნებით გადაგიხდიდით იმავეთიო. ჩერჩილი

*

არაპუნქტუალობა საძაგელი ჩვევაა და მე მთელი ცხოვრება ვებრძვი მას ჩემში.

*

გახსოვდეთ, რომ მე უფრო მეტი მივიღე ალკოჰოლისგან, ვიდრე მან ჩემგან.

*

ეს იყო მთელს დედამიწას მოდებული ლომგული ერი. მე კი მერგო პატივი მისი სახელით მეგრგვინა. თანაც, ვიმედოვნებ, რომ ხანდახან ამ ლომს სწორ რჩევასაც ვაძლევდი, თუ სად გამოეყენებითა თავისი ბრჭყალი.

*

ბრიტანეთის პირველ ლეიბორისტ პრემიერზე, რამზეი მაკდონალდზე: – მას ნებისმიერ სხვაზე უკეთ ძალუძს უზარმაზარი რაოდენობის სიტყვა ჩასტიოს ნამცეცა აზრებში.

*

პრემიერ სტენლი ბოლდუინის შესახებ: – იგი ხანდახან სიმართლესაც წამოკრავდა ხოლმე ფეხს, მაგრამ მალევე იღდგენდა წონასწორობას და ისე აგრძელებდა გზას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

*

მე გავიცნობიერე, რომ უნდა წარმოვჩინდე ჩემი საუკეთესო ქცევით, ანუ ვიყო პუნქტუალური, დამთმობი, თავშეკავებული, მოკლედ – გამოვავლინო ყველა ის თვისება, რომელიც ყველაზე ნაკლებ მაქვს მომადლებული.

*

თუ მიზნის მიღწევა გსურთ, ნუ ეცდებით იყოთ დელიკატური და გონიერი.

*

ამგვარი პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობის პირობებში ჩვენ ხანდახან მაინც გვიწევს სხვისი აზრის ანგარიშგაწევა.

*

ჩერჩილითუ ჰიტლერი ჯოჯოხეთში შეიჭრება, მე ხოტბას შევასხამ ეშმაკს.

*

ფანატიკოსია კაცი, რომელსაც არ ძალუძს შეიცვალოს შეხედულებანი და გამოცვალოს საუბრის თემა.

*

ლამაზი ქალის გაკენწვლა არც ისე იოლია. ის ხომ თქვენი ნათქვამის გამო უარესი არ გახდება.

*

ჭეშმარიტება მრავალწახნაგოვანია, სამაგიეროდ – სიცრუე მრავალხმიანია.

*

 მთელი ცხოვრება მე უფრო თვითგამოხატვაზე ვიყავი მომართული, ვიდრე თვითშეწირვაზე.

*

ჩემს მიღწევათა შორის უდიდესია ის, რომ ჩემი მეუღლე დავარწმუნე ცოლად გამომყოლოდა.

*

ნენსი ასტორმა უთხრა: თქვენ რომ ჩემი ქმარი ყოფილიყავით, ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდითო. ჩერჩილმა უპასუხა: თქვენი ქმარი რომ ვყოფილიყავი, იმ ყავას უყოყმანოდ დავლევდიო.

*

მას ჰქონდა ჩემთვის აუტანელი ყველა სიკეთე და არც ერთი ჩემთვის აღტაცების მომგვრელი ნაკლი. ჩერჩილი

*

კლუბი, რომელშიც წევრთა სიმრავლეა, აღარ არის კლუბი.

*

უსარგებლოა ნათქვამი: “ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია”. უნდა ვაკეთოთ ის, რაც აუცილებელია.

*

ნუ მაწყვეტინებთ მაინც და მაინც მაშინ, როცა მე გაწყვეტინებთ.

*

ჩემს ნაღვაწს ისტორია დაემოწმება, მით უმეტეს, თუ ამ ისტორიას თავად დავწერ.

*

კაპიტალიზმის ნაკლია სიუხვის არათანაბარი განაწილება. სოციალიზმის ნაკლია სიღატაკის თანაბარი განაწილება.

*

პოლიტიკური ტალანტი ვლინდება უნარში გამოიცნო, თუ რა მოხდება ხვალ, ერთ კვირაში, თვეში, წელიწადში… და ასევე უნარში, რომ ახსნა, თუ რატომ არ გამართლდა ეს ყველაფერი.

 *

მეგონა სიბერით მოვკვდებოდი, მაგრამ როცა მთელი ევროპის პურის ბეღელმა რუსეთმა მარცვლეულის შესყიდვა დაიწყო, მივხვდი, რომ სიცილით სიკვდილი მიწერია.

*

რაღა თქმა უნდა ეგოისტი ვარ. თუ ასეთი არა ხარ, ვერც ვერაფერს მიაღწევ.

*

 თქვენ მოგეცათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ სირცხვილი არჩიეთ და მიიღებთ ომს.

*

პრემიერის პოსტზე მისი მემკვიდრის, ლეიბორისტ კლიმენტ ეტლის შესახებ: – ეს არის ცხვარი ცხვრის ტყავში.

*

მისტერ ეტლი ძალზედ მოკრძალებული კაცია და მას სრული საფუძველი აქვს იყოს ასეთი.

*

როცა უთხრეს, რომ ჩემბერლენის ზეწოლა ეტლიზე, მიუნხენის შეთანხმების მიღებასთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავსო გველის დომინირებას ბოცვერზე, ჩერჩილს დაუზუსტებია – მგონი უფრო ბოცვრის დომინირებას სალათის ფოთოლზეო.

*

ბერნარდ შოუმ ტელეგრამით აცნობა ჩერჩილს – თქვენთვის შენახულია ორი ბილეთი “პიგმალიონის” პირველ წარმოდგენაზე. წამოიყვანეთ მეგობარი, თუკი გყავთ ასეთი. ჩერჩილმა უპასუხა – პირველ წარმოდგენას ვერ ვესწრები. მოვალ მეორეზე, თუკი გაიმართება ასეთიო.

*

ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან საუკეთესო არგუმენტია დემოკრატიის წინააღმდეგ.

*

კანადელი ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აქვს რაიმე შენიშვნა ამერიკის მიმართ, ჩერჩილმა უპასუხა – ძალიან თხელი ტუალეტის ქაღალდი აქვთ და ძალიან სქელი გაზეთებიო.

*

პოლიტიკისთვის უდიდესი გარდატეხა იქნებოდა, სიბრძნე რომ ისევე იოლად და სწრაფად ვრცელდებოდეს, როგორც სიბრიყვე.

*

მე არ ვწყრები კრიტიკის გამო მაშინაც კი, როცა იგი სიმწვავის გამო ამოვარდნილია თავისი დროის რეალობიდან.

*

ვერაფერი შეგმატებს ისეთ აღმაფრენას, როგორსაც – როცა გესვრიან და აგაცდენენ.

*

მსმენია გამონათქვამი, რომ ლიდერს ყური შეძლებისდაგვარად დაბლა უნდა ეჭიროს. ამის შესახებ მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია – ბრიტანელებს გაუჭირდებათ ამ უხეირო პოზაში მყოფი ლიდერის ყურება.

*

ერთადერთი რამ შეიძლება იყოს მოკავშირეებთან ერთად ომზე უარესი – მათ გარეშე ომი.

*

ძაღლები ქვემოდან ამოგვცქერიან. კატები ზემოდან დაგვყურებენ. მხოლოდ ღორები გვიცქერენ, როგორც თანასწორებს.

*

მე კი მზად ვარ შემოქმედთან შესახვედრად. სხვა საქმეა, თვით შემოქმედი თუა მზად ამგვარი განსაცდელისთვის.

*

ძლიერი და მდუმარი კაცი ხანდახან იმიტომაა მდუმარი, რომ არც არაფერი აქვს სათქმელი.

*

დუნიაზე უამრავი ცრუ ვარაუდი ბოგინებს და ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მათი ნახევარი წმინდა წყლის სიმართლეა.

*

ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატია არის მართვის სრულყოფილი და ბრძნული ფორმა. მართლად უთქვამთ, რომ დემოკრატია არის მართვის უსაძაგლესი ფორმა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ყველა დანარჩენს, რაც კი ოდესმე მოუსინჯავთ.

*

სადაც ათი ათასი მინაწერი არსებობს, ვერ იარსებებს კანონისადმი პატივისცემა.

*

ამ ანგარიშს არნახული სისქე იცავდა წაკითხვის საფრთხისაგან.

*

დიპლომატი არის ის, ვინც ორჯერ იფიქრებს, სანამ არაფერს იტყოდეს.

*

არავინ ეთანხმება იმას, ვინც ყველას ეთანხმება.

*

გონიერი კაცი ყველა შეცდომას თავად კი არ უშვებს, არამედ სხვასაც აძლევს ამის შანსს.

*

დიდი უპირატესობა აქვს იმას, ვინც ადრევე დაუშვა ის შეცდომები, რომელზეც რაიმეს სწავლა შეიძლება.

*

ნაციის მართვა უფრო იოლია, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა.

*

ჩვენ ყველანი პაწაწკინტელა მწერები ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პირადად მე ციცინათელა ვარ.

*

რის ვაივაგლახით ვახერხებ ჩემში ჭკუისმასწავლებლის იმპულსის ჩახშობას.

*

 ფულის შეგროვება ფრიად სასარგებლოა, მით უფრო, თუ ეს უკვე გააკეთეს შენმა მშობლებმა.

*

მე სულ იოლად ვკმაყოფილდები ყველაფრით, რაც საუკეთესოა.

*

მუდამ მზად ვარ ვისწავლო, მაგრამ ყოველთვის როდი მსიამოვნებს, როცა მასწავლიან.

*

ერთადერთი, რაც მინდა კონსტრუქციული დისკუსიის შემდეგ – როგორმე შევთანხმდე საკუთარ სურვილებთან.

*

საზღვარგარეთ ყოფნისას არასდროს ვაკრიტიკებ საკუთარ მთავრობას, მაგრამ შინ დაბრუნებისთანავე გვარიანად ვინაზღაურებ ამას.

*

ჩემს ასაკში თავს შეუძლოდ ყოფნის ნებას ვეღარ მივცემ.

*

ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოა 5-6 სიგარა დღეში, 3-4 ჭიქა ვისკი და არავითარი ფიზკულტურა.

*

მე ყოველთვის ვახერხებ ასე თუ უსე მოვერგო ფუფუნების ყოველ ახალ საფეხურს წუწუნისა და ქსუტუნის გარეშე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი წარმატებული თვისებათაგანი.

*

კონსერვატორ პრემიერ ნევილ ჩემბერლენზე: – ძველი ქალაქის კლერკი, რომელიც ევროპულ ურთიერთობებს მუნიციპალიტეტის წვიმის სადინარი მილის არასწორი ბოლოდან უჭვრეტს.

*

ფელდმარშალ მონტგომერის რეპლიკაზე, რომ იგი არ სვამს, არ ეწევა და ასი პროცენტით ჯანმრთელია, ჩერჩილმა უპასუხა – ვსვამ, ვეწევი და ორასი პროცენტით ჯანმრთელი ვარ.

*

როცა ერთმა ლიბერალმა პარლამენტარმა დარბაზი გადაჭრა, რათა სოციალისტებს შეერთებოდა, ჩერჩილმა შენიშნა – პირველად ვხედავ, რომ ვირთხა ჩაძირული გემისკენ მიცურავდესო.

*

ახალგაზრდობისას ვიცავდი წესს – არასდროს დამელია სადილამდე. ახლა კი მოვხუცდი და ვცდილობ არასდროს გავილეშო საუზმემდე.

*

დრო ცუდი მოკავშირეა.

*

მე მუდამ ვიცავ ამ წესს: ნუ გარბიხარ, თუ დგომა შეგიძლია; ნუ დგახარ, თუ ჯდომა შეგიძლია; ნუ ზიხარ, თუ წოლა შეგიძლია.

*

შორი მომავლის ჭვრეტა არაშორსმჭვრეტლურია.

*

ახალი ამბების მოყოლას მათი შექმნა მირჩევნია.

*

არაერთი ცდილობს გააიგივოს ხანძარი და სახანძრო რაზმი.

*

საკუთარი სიტყვების ჩაყლაპვა არასდროს მიმძიმებს კუჭს.

*

საბედნიეროდ ჩვენი სიცოცხლე ჯერჯერობით არც ისე უშფოთველია, თორემ გზას აკვნიდან სამარემდე უფრო სწრაფად გავივლიდით.  

 *
ყოველივე დიადი მარტივია და უმეტესი მათგანი სულ ერთი სიტყვით გამოითქმის: თავისუფლება, მართლმსაჯულება, ღირსება, მოვალეობა, გულმოწყალება, იმედი.

*

მშვიდობის ქომაგი არის ის, ვინც კვებავს ნიანგს იმ იმედით, რომ თვითონ ბოლოს შეიჭმება.

*

კაცმა რო თქვას, მოკლე სიტყვები უკეთესია, ხოლო ძველი სიტყვები – საუკეთესო.

*

მუდამ იმის განცდა მაქვს, რომ პოლიტიკოსი უნდა შეფასდეს მის მიერ ოპონენტებში აღძრული მტრობის მიხედვით.

*

როგორც არ უნდა მოგწონდეთ სტრატეგია, ხანდახან რეზულტატებსაც გადახედეთ ხოლმე.

*

არაა საკმარისი ვიღვაწოთ სულითა და გულით; ხანდახან ისიც უნდა ვაკეთოთ, რაც მოგვეთხოვება.

*

რაღა მაიმუნს ეკამათები, თუკი მეარღნე იქვეა.

*

არასდროს, არასდროს, არასდროს იფიქრო, რომ რომელიმე ომი იოლი იქნება, და რომ ამ გზაზე შემდგარი, ვინც არ უნდა იყოს იგი, შეძლებს შეცვალოს ის ნაკადები და ქარიშხლები, რომელსაც შეეჩეხება.
სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ომის ციებ–ცხელებითაა მოცული, უნდა საზღვრავდეს, რომ ამ მანქანის აძვრის შემდგომ იგი არა პოლიტიკის ოსტატი, არამედ გაუთვალისწინებელ და უკონტროლო მოვლენათა ტყვეა.

*

დიდების საზღაური პასუხისმგებლობაა.

*

დიდი მონაპოვარია უნარი – იარო ერთი მარცხიდან მეორემდე ენთუზიაზმის გაუნელებლად.

*

არასდროს აქციო ზურგი მოსალოდნელ საფრთხეს და არ ეცადო გაქცევით თავის შველას. ამგვარი ქცევით მხოლოდ გააორმაგებთ მას, ხოლო თუ კი პირისპირ და წარბშეუხრელად შეეგებებთ, გაანახევრებთ.

*

ჩვენ ვარსებობთ იმით, რასაც ვიღებთ და ვცხოვრობთ იმით, რასაც გავცემთ.

*

როცა არწივები სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ჟღავილს.

*

ნუ მიქებთ სამხედრო–საზღვაო ტრადიციებს, რადგან ეს არის ოდენ შოლტი, რომი და სოდომი.

*

სიმამაცეა უნარი – ადგე და თქვა. ასევე სიმამაცეა – დაჯდე და უსმინო.

*

ისინი (მთავრობა) განაგრძობენ პარადოქსულ ყოფას – პრინციპულნი არიან უპრინციპობაში, ურყევნი – მერყეობაში, ძლევამოსილნი – უძლურებაში.

*

ერთობ სასარგებლოა უწიგნურისთვის ციტატების კითხვა. როცა ისინი მეხსიერებაზე ამოიკაწრებიან, მშვენიერი აზრებით გამარაგებენ, თან გაქეზებენ, რომ უფრო ღრმად გაეცნოთ ამ ავტორებს.

*

ვერ გეტყვით, როგორ მოიქცევა რუსეთი. ეს გამოცანაა, იდუმალებით მოსილი ენიგმა. თუმც კი შესაძლოა არსებობდეს გასაღებიც – რუსეთის ეროვნული ინტერესი.

*

ერთხელ პრეზიდენტმა რუზველტმა მითხრა – საჯაროდ ვიკითხე, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ომსო.
მე კი მაშინვე ვუთხარი – “არასაჭირო ომი”.

*

მომავლის იმპერიები გონების იმპერიებია.

*

ბალტიის შტეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე რკინის ფარდა დაეშვა კონტინენტზე.

*

პირადად მე ოპტიმისტი გახლავართ. უფრო სასარგებლო, ვგონებ, არც არაფერია.

*

ეს არაა დასასრული. ეს დასასრულის დასაწყისიც კი არ არის, თუმც, შესაძლოა დასაწყისის დასასრული იყოს.

*

ჩვენ გამოვიჩენთ გულმოწყალებას, მაგრამ არ ვითხოვთ მას.

*

ტრადიციის ერთგულებას არათუ არასდროს დაუკნინებია ერი, არამედ პირიქით, განუმტკიცებია ხოლმე იგი საფრთხის ჟამს.
მაგრამ ახალი ხედვაც უნდა გაჩნდეს, მსოფლიო წინ უნდა წავიდეს.

*

ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია იცოდე, რომ ხანდახან გიჟიც კი მართალია.

*

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეს ხედავს და ოპტიმისტი – შესაძლებლობას ყოველ სიძნელეში.

*

ადამიანის ძალაუფლება ყველა სფეროში იზრდებოდა, გარდა საკუთარი თავისა.

*

სტატისტიკა ჰგავს მთვრალს განათების ბოძთან, რომელსაც მისაყუდებლად იყენებს და არა გასანათებლად.

ჩერჩილი სტალინის შესახებ

*

რუსეთს დიდად გაუმართლა, რომ უმძიმესი გამოცდის ჟამს მას სათავეში ჩაუდგა გენია და შეუდრეკელი მხედართმთავარი სტალინი. ეს იყო ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, რომელიც იმპონირებდა იმ ცვალებადსა და მკაცრ დროებას, რომელშიაც მან მთელი სიცოცხლე განვლო. ჩერჩილი

*

სტალინი იყო არაბუნებრივი ენერგიისა და უდრეკი ნებისყოფის ადამიანი, მკვეთრი, მტკიცე, დიალოგში დაუნდობელი, რომელსაც თვით მე, ბრიტანეთის პარლამენტში გამოზრდილი პიროვნებაც კი ვერაფერს ვუპირისპირებდი.

*

მას, უპირველეს ყოვლისა, ახასიათებდა დიდი იუმორის გრძნობა და სარკაზმი, ასევე აზრის ზუსტად აღქმის უნარი. ეს ძალა იმდენად ჭარბად იყო მასში, რომ სტალინი წარმოგვიდგება, როგორც განუმეორებელი პიროვნება ყველა დროისა და ხალხის მმართველთა შორის.

*

სტალინმა ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ფლობდა ღრმა, ყოველგვარ პანიკას მოკლებულ, ლოგიკურად გააზრებულ სიბრძნეს. იყო ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის შეუდარებელი ოსტატი. მან შექმნა და დაიმორჩილა უზარმაზარი იმპერია. ეს იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისი მტრებისავე ხელით ანადგურებდა.

*

სტალინი იყო უდიდესი, უბადლო დიქტატორი, რომელმაც რუსეთი ხის გუთნით ჩაიბარა და ატომური შეიარაღებით აღჭურვილი დატოვა. ასეა, ისტორია და ხალხი ასეთ ადამიანებს არ ივიწყებენ.

აქვე –

ჰიტლერი სტალინის შესახებ: – პოლიტიკური და სამხედრო უნარით სტალინი მნიშვნელოვნად აღემატება ჩერჩილსა და რუზველტს. ჩვენი ამოცანაა ისე დავაქუცმაცოთ რუსეთი, რომ მან სტალინის მასშტაბის ადამიანი ვეღარასოდეს წარმოშვას.

გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ

 
3 Comments

Posted by on May 30, 2009 in თარგმანები

 

ტეგები: , , ,

3 responses to “ჩერჩილის გამონათქვამები

  1. დათო

    October 29, 2009 at 12:43 am

    გაიხარეთ მართლა მაგრები ხართ მრავლად უნდა იყოს ასეთი საიტები და უნდა იყოს მაღალ რეიტინგული გაიხარეთთთთთთ

     
  2. მიხო მოსულიშვილი

    November 8, 2009 at 12:06 pm

    ჩერჩილი – მისაბაძი პოლიტიკოსია და კარგია, რომ ითარგმნება!..

     
  3. მირანდა

    April 30, 2011 at 8:35 pm

    ეს ძალიან კარგი პოსტია…..გენიოსების არდავიწყების მიზნით უნდა იცოდეს ყველამ მათი გენიალურობის მიზეზიი…გაიხარეთ

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: