RSS

პოლიტიკური მარკეტინგი – თემა 4

26 May

წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება და
ჩატარება

წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად შექმნილი ორგანიზაციული სტრუქტურები ძალიან ჰგავს ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის ორგანიზაციულ სტრუქტურებს.

ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი პარტიული ორგანიზაცია მოქმედებს საარჩევნო კამპანიებს შორის, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებელი კომიტეტი არის დროებითი ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს თავის არსებობას არჩევნების დღეს.

წინასაარჩევნო კამპანიებს მოაქვთ არეულობა. ამიტომ კამპანიის ჩატარება მოითხოვს დროის მოკლე მონაკვეთის განმავლობაში ძალებისა და სახსრების მნიშვნელოვან კონცენტრაციას.

საჭიროა მოიძებნოს კანდიდატი, შემუშავდეს კამპანიის გეგმა, დაირაზმოს მოხალისეები, მომზადდეს აგიტაციური მუშაობა და დაარწმუნოთ ამომრჩეველთა უმრავლესობა ხმა მისცენ თქვენს კანდიდატს არჩევნების დღეს. ძალიან ხშირად კანდიდატები და საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორები თვლიან, რომ წარმატება არის განუწყვეტელი აქტივობა.

სინამდვილეში კი, არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად ის კამპანია, რომელიც მხოლოდ რეაგირებს გარშემო მომხდარ მოვლენებზე. საარჩევნო კამპანიის ჩატარების გეგმა არის ერთგვარი რუკა, რომელიც მიუთითებს მოძრაობის მიმართულებაზე და უხსნის როგორ მიაღწიონ საბოლოო პუნქტს არჩევნების დღეს.

I. კანდიდატის შერჩევა

როგორც კი დადგინდება არჩევნების ჩატარების ვადა, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაცია პირველყოვლისა საზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც შეირჩევა “იდეალური კანდიდატი” განსაზღვრულ პოსტზე კონკრეტული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც მოუხდება მოქმედება კანდიდატსა და იმ ოპოზიციურ ძალებს ვისთანაც მოუხდება მას შეჯახება. როგორც კი გაერკვევიან იმ ხარისხსა და თვისებებში, რომელიც აუცილებელია “იდეალური კანდიდატისათვის”, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაცია იწყებს იმ ადამიანის ძიებას, რომელიც პასუხობს მოცემულ კრიტერიუმებს. ზოგიერთ შემთხვევაში პარტიის წესდება მოითხოვს, რომ პარტიის ხელმძღვანელობის მიერ შერჩეული კანდიდატი, პარტიის წევრებმა ოფიციალურად წარმოადგინონ პარტიის ყრილობაზე.

კანდიდატი კამპანიის ცენტრალური ფიგურაა. ამიტომ კამპანიის ძირითადი იდეის მიმზიდველობა პირდაპირ პროპორციულია თვით კანდიდატის მიმზიდველობასთან. თუმც ყოველ წინასაარჩევნო კამპანიას საკუთარი თავისებურებები გააჩნია, მაინც არსებობს მთელი რიგი უნივერსალური პრინციპებისა, რომლებიც გამოდგება ყოველი კანდიდატის შესაფასებლად.

საქმის ერთგულება.
კანდიდატი უნდა იყოს კონკრეტული იდეის, საქმის ან პოლიტიკური ორგანიზაციის მტკიცე მიმდევარი. ის მზად უნდა იყოს მთელი ძალებით იბრძოლოს არჩევნებში გამარჯვებისათვის, ამასთან აუცილებლობის მიხედვით შეწიროს პირადი ცხოვრებაც. კანდიდატს უნდა გააჩნდეს ურყევი მებრძოლის თვისებები, რომელიც შეძლებს საზოგადოების დაჟინებული და კრიტიკული ყურადღების გაძლებას, რაც გარდაუვლად სდევს საზოგადო მოღვაწეს.

ხელმძღვანელის თვისებები.
კანდიდატს უნდა შეეძლოს ხელმძღვანელობა და დიდი რაოდენობის ადამიანების საქმიანობის მიმართვა ერთი საერთო მიზნის მისაღწევად. ხელმძღვანელობის უნარი არ არის მხოლოდ არჩევითი თანამდებობის პირის აუცილებელი თვისება, ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა ძლიერი და მოქნილი ორგანიზაციის შესაქმნელად საარჩევნო კამპანიის ჩატარებისათვის. კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობაში და უფლებამოსილებების განაწილებაში.

პირადი თვისებები. პირად თვისებებში აქ იგულისხმება ის მორალური თვისებები, რომლებიც აყალიბებენ პიროვნების მორალურ სახეს. კანდიდატი წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის სახეს, საზოგადოებასთან კავშირისათვის მის ძირითად წარმომადგენელს და მთავარ პირს კამპანიის ჩატარებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების მოზიდვაში. ამიტომ მას უნდა შეეძლოს მომავალი ამომრჩევლების პატივისცემისა და ნდობის მოპოვება.

II. წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების გეგმა

კანდიდატის შერჩევის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების გეგმის შედგენა, რომელიც ადგილობრივი პარტიული ორგანოზაციის შესაბამისი გეგმის მსგავსი იქნება. კამპანიის სწორი დაგეგმვა კანდიდატს საშუალებას აძლევს სრულად აითვისოს ისეთი შეზღუდული რესურსები, როგორიცაა დრო, ფინანსური სახსრები, ადამიანები და შემოქმედებითი პოტენციალი. ის, თუ როგორ დაიხაჯება ეს რესურსები, დიდ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ყოველი გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს:

1. სოციალურ–პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი. ეს არის კამპანიის ჩატარების გეგმის შედგენის პირველი ნაბიჯი. მნიშვნელოვანია იცოდეთ კანდიდატის ძლიერი და სუსტი მხარეები, ოპონენტის ძლიერი და სუსტი მხარეები და ასევე კონკრეტული რაიონის ძირითადი სოციალ–პოლიტიკური პრობლემები. მოცემული რაიონის პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას გეოგრაფიული მდებარეობისა და დემოგრაფიული შემადგენლობის მონაცემებიც შეიძლება გამოდგეს ინფორმაციის საჭირო წყაროდ. ასეთი გამოკვლევის საწყის წერტილად უნდა გამოიყენოთ ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციაში არსებული შესაბამისი მასალები.

2. სტრატეგია. მდგომარეობის შესწავლისას მიღებული არსებითი ინფორმაციის ძირფესვიანი ანალიზის საფუძველზე, კამპანიის ხელმძღვანელები იმუშავებენ სტრატეგიას, რომელშიც განისაზღვრება მთელი კამპანიის გენერალური ხაზი. კამპანიის სტრატეგია ასევე განსაზღვრავს ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფებს, რომელთა ხმებიც აუცილებელია არჩევნებში გამარჯვებისათვის, ამომრჩეველთა ამ ჯგუფებზე ორიენტირებულ ძირითად ლოზუნგებს, მათი მხარდაჭერის მოპოვებისათვის აუცილებელ ლოზუნგებს, და აგრეთვე დამაჯერებელ საფუძველს, რამაც უნდა დაარწმუნოს მოცემული ამომრჩეველი ხმა მისცეს მოცემულ კანდიდატს. გარდა ამისა კამპანიის სტრატეგია მიანიშნებს თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ისეთი შეზღუდული რესურსები, როგორიცაა დრო, ფული, ადამიანები და მათი შემოქმედებითი პოტენციალი, არჩევნებში გამარჯვებისათვის.

დრო. არჩევნები უნიკალურია იმ მიმართებით, რომ მრავალთვიანი მომზადებისა და მძიმე შრომის შემდეგ არჩევნების დღეს ამომრჩეველს გამოაქვს თავისი დასკვნითი ვერდიქტი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის და მისი გუნდის ძალისხმევის სისწორეს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყოველი დაკარგული დღე – ეს სამუდამოდ დაკარგული შესაძლებლობაა. ამიტომ წარმატებულ საარჩევნო კამპანიებში გარდა არჩევნების დღეზე ძირითადი ძალისხმევის მობილიზებისა, ორგანიზატორები ასევე განსაზღვრავენ კონკრეტულ შუალედურ ამოცანებს და მათი შესრულების ვადებს.

ფული. თუ წინასაარჩევნო კამპანია ტარდება შეზღუდული ფინანსური რესურსებით, ყოველი მანეთი უნდა დაიხარჯოს ჭკვიანურად და ანგარიშიანად კამპანიის გეგმის შესაბამისად.

ადამიანები. ვერც ერთი საარჩევნო კამპანია ვერ იარსებებს კანდიდატის, კამპანიის ჩასატარებელი შტაბისა და მოხალისეების გარეშე. რაიმე საქმის შესრულების გადაწყვეტილებით აღსავსე ადამიანთა ძალა და ენერგია – ის ძალაა, რომელსაც ძალუძს სხვა რესურსების არქონის კომპენსირება. გარდა ამისა, წარმატებულად ჩატარებული კამპანიები იზიდავენ ადამიანებს ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ფენებიდან. ფართო სოციალური მხარდაჭერის დემონსტრირება, თავის მხრივ, ხელს უწყობს კანდიდატის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას.

შემოქმედებითი პოტენციალი. დაწყებული კანდიდატით და დამთავრებული ყველაზე ახალგაზრდა მოხალისეთი, საარჩევნო კამპანიის გუნდის ყოველ წევრს გააჩნია საკუთარი უნარი და შესაძლებლობები. ამიტომ გუნდში ყოველ წევრს უნდა აფასებდნენ მისი განსაკუთრებული ტალანტისათვის და აძლევდნენ ამოცანებს მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. მეტიც, გუნდის ცალკეული წევრების შემოქმედებითმა და ნოვატორულმა მიდგომამ შეიძლება განაპირობოს გადამწყვეტი უპირატესობა მოძველებული აზროვნებით შებოჭილ ოპონენტთან ბრძოლაში.

3. ტაქტიკა. ტაქტიკაში იგულისხმება წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას წარმოებული კონკრეტული მოქმედებები ზემოთ ნახსენები ძირითადი რესურსების განაწილებისათვის და კამპანიის სტრატეგიული ამოცანების განხორციელებისათვის. შეიძლება გამოიყოს საარჩევნო კამპანიის ოთხი ძირითადი ტაქტიკური ელემენტი: მუშაობის გრაფიკის შედგენა (მუშაობის დაგეგმვა დროის მიხედვით), ფინანსური რესურსების გამოყენება, ორგანიზაციული სტრუქტურა და სააგიტაციო–პროპაგანდისტული მუშაობა.

სამუშაოს გრაფიკის შედგენა. გრაფიკი, რომელიც დროდადრო შეიძლება გადაიხედოს გარემოებასთან შესაბამისად, კანდიდატის დროის ყველაზე ეფექტურად განაწილების შესაძლებლობას იძლევა. კამპანიის ჩატარების გრაფიკში მინიშნებულია ყველა ღონისძიება, რომელიც საზოგადოების თვალში აყალიბებს კანდიდატის სახეს. მუშაობის გრაფიკის შედგენა უნდა გამოიყენებოდეს ყველა ღონისძიების დასაგეგმად კამპანიის დასაწყისიდან არჩევნების დღემდე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მათგან ყველაზე მნიშვნელოვნის დროის შერჩევას და დასვენებისა და საზეიმო დღეებში ღონისძიებების დაგეგმვას.

ფინანსური რესურსების გამოყენება. მოცემული ტაქტიკური ელემენტი ფულადი სახსრების ეფექტურად განკარგვის საშუალებას იძლევა. ფინანსური რესურსები აუცილებელია კამპანიის ხარჯების დასაფარად. მაგალითად, კანდიდატისა და აქტივისტების გადაყვანა, ოფისის შენობის არენდა, ქაღალდი და სხვა მასალა. ამ ღონისძიებების დასაფინანსირებელი სახსრები შოვნის სხვადასხვა წყარო არსებობს: შემოწირულობა მომხრეებისგან, ბილეთების გაყიდვა ისეთ ღონისძიებებზე როგორიცაა, საქველმოქმედო სადილი, ან ლატარიის გათამაშება. გარდა ამისა კამპანიის ბიუჯეტი უნდა შედგეს მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით და უზრუნველყოს კამპანიის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ბიუჯეტი წარმოადგენს კამპანიის ჩატარების გეგმის ფინანსურ მხარეს. იმისათვის, რომ დავეზღვიოთ შესაძლებელი მოულოდნელობებისგან, ბიუჯეტის შემუშავებისას საჭიროა ცოტათი წავამატოთ ხარჯებს და მოვაკლოთ შემოსავლებს.

ორგანიზაციული სტრუქტურა. საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას კიდევ ერთ ტაქტიკურ ელემენტს წარმოადგენს ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა უხელმძღვანელო კამპანიის ყვალაზე მნიშვნელოვან რესურსს – ადამიანებს. საზღვრავს რა უბნებსა და სამუშაოს მოცულობას, ორგანიზაციული სტრუქტურა ქმნის შრომის მკვეთრ განაწილებას, ადგენს “დაქვემდებარების ჯაჭვს”, საზღვრავს ყოველი პირის ვალდებულებების საზღვრებს და ადგენს შიდა კავშირის არხებს, რაც ხელს უწყობს კამპანიის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.

სააგიტაციო–პროპაგანდისტული მუშაობა. სააგიტაციო–პროპაგანდისტული მუშაობის მეთოდები და ხერხები დამოკიდებულია კამპანიის ორგანიზატორების ტალანტსა და შემოქმედებით აქტიურობაზე. კამპანიის ძირითადი იდეის პროპაგანდისათვის და ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას აუდიტორიაზე ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდები. ამას ეხება გამოსვლების ტექსტების, პრეს–რელიზების, კანდიდატის პოზიციის შემცველი ფურცლების შედგენა, ასევე პრესასთან შეხვედრის დაგეგმვა, პლაკატებისა და სხვა ნაბეჭდი პროდუქციის დამზადება, რეკლამის განთავსება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

4. კამპანიის გეგმის ხარისხობრივი შეფასება. ქვემოთ მოვიყვანოთ ათი ნიშანი და ათი შეკითხვა, რითაც შესაძლებელი იქნება საარჩევნო კამპანიის ჩატარების გეგმის შეფასება.

გეგმის სისრულე. მოიცავს თუ არა გეგმა კამპანიის ყველა ძირითად მხარეს და იძლევა თუ არა მომავალი არჩევნებისათვის მზადების სრულსა და ნათელ სურათს?

ობიექტურობა. რა უდევს საფუძვლად მიღებულ გადაწყვეტილებებს – ობიექტური ფაქტები და ზუსტი გათვლა თუ სუბიექტური შეხედულებები და ცრურწმენები?

კონკრეტულობა. მოიცავს თუ არა გეგმა ნათელსა და ზუსტ ამოცანებს? ადგენს თუ არა გეგმა მათ შესრულებაზე კონტროლის დროის ჩარჩოებს? კონკრეტულად ვინ აგებს პასუხს გეგმის განხორციელებაზე და აკონტროლებს მის მსვლელობას? განსაზღვრულია თუ არა მუშაობის ძირითადი უბნები?

შესრულებადობა. რეალურია თუ არა დადგენილი ამოცანების შესრულება თუ მათ შესასრულებლად მეტი დროა საჭირო?

დასრულებულობა. დასრულებულია თუ არა გეგმის დაწერა? კანდიდატი სრულიად ეთანხმება გეგმას თუ დარჩა რაიმე წინააღმდეგობა?

ვალდებულებების განაწილება და ანგარიშგებადობა. უზრუნველყოფს თუ არა გეგმა მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების დაყოფას? საზღვრავს თუ არა სამუშაოს შესრულების კონკრეტულ ვადებს? გეგმა ესმის თუ არა ადამიანთა საკმაო რაოდენობას იმდენად, რომ დამოუკიდებლად იმუშაონ მის ცალკეულ ნაწილებზე თუ აუცილებელია კონტროლი ზემოდან?

მოქნილობა. არის თუ არა გეგმა საკმაოდ მოქნილი ამომრჩეველთა განწყობილების მოულოდნელ ცვლილებაზე რეაგირებისათვის?

მიზანდასახულობა. შეიცავს თუ არა გეგმა გამარჯვებისათვის აუცილებელ ყველა ნაბიჯს? ითვალისწინებს თუ არა მოწინააღმდეგის მოსალოდნელ მოქმედებას?

ფუნქციონალურობა. რამდენადაც გეგმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადვილად შეიძლება მისი პრაქტიკაში გამოყენება, შესძლებს კი თქვენი ხალხი სწორედ ამ გეგმის განხორციელებაზე მუშაობას?

ოპტიმალურობა. არის თუ არა მოცემული გეგმა მომავალი არჩევნების ყველა თავისებურების ზუსტად გამთვალისწინებელი დოკუმენტი? იძლევა თუ არა იგი თქვენი კანდიდატის ძლიერი მხარეებისა და მოწინააღმდეგის სუსტი მხარეების სრულად გამოყენების საშუალებას?

III. კანდიდატის მომზადება

კანდიდატის თანხმობის განცხადებიდან პარტიიდან ბალატირებაზე და მისი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენას შორის რაღაც დრო გადის, რის განმავლობაშიც მას ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. კანდიდატს შეუძლია ეს დრო დაუთმოს აქტუალური პოლიტიკური საკითხების შემუშავებასა და მომავალი ბრძოლისათვის მომზადებას. როგორც კი მას წინასაარჩევნო კამპანიის მორევი ჩაითრევს, უკვე გვიან იქნება არსებული პრობლემების გადაწყვეტა. მოვიყვანთ ზოგიერთ ძირითად მომენტს, რომლებსაც უნდა მიექცეს ყურადღება საარჩევნო კამპანიის მომზადებისას.

პირადი ცხოვრება. წინასაარჩევნი კამპანიის დაწყებისთანავე ყველა დანარჩენი საკითხი, რომლებიც მოითხოვენ კანდიდატის ყურადღებასა და დროს, გადადის მეორე პლანზე. კანდიდატი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ოჯახი იწონებს მის გეგმას და მზად არის ცვლილებებისათვის მის ცხოვრებაში.

მოსმენისა და სწავლის უნარი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატს საკმაო შესაძლებლობა ექნება სიტყვის წარმოთქმისათვის.
მოსამზადებელი პერიოდი – სხვების მოსმენის დროა.
ადამიანებთან პირადი საუბრისას ან სადისკუსიო კლუბებში არაფორმალურ კრებებზე დასწრების დროს, კანდიდატი უნდა ეცადოს ჩაწვდეს იმ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანები ხვდებიან თავის ცხოვრებაში. სანამ გამოხატავთ თქვენს აზრს, უკეთესია მოისმინოთ თუ რას ფიქრობენ ისინი ამა თუ იმ საკითხზე.

კამპანიის გეგმის შემუშავება. კანდიდატი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს კამპანიის გეგმის შემუშავებაში. მაშინაც კი თუ კანდიდატმა Mმთელი თავისი ცხოვრება ამ რაიონში გაატარა, მან უნდა ჩაატაროს ანალიტიკური მუშაობა რაიონის შესახებ რაიმე ახლის გაგების მიზნით.

შეხვედრები ავტორიტეტულ ადამიანებთან. აუცილებელია კანდიდატის შეხვედრების დაგეგმვა ადგილობრივ ავტორიტეტულ ადამიანებთან, რათა გაიგოს მათი აზრი სხვადასხვა საკითხების შესახებ. ადგილობრივი საზოგადოების გამოჩენილ და პატივცემულ წევრთა შორის შეიძლება იყვნენ არჩევითი თანამდებობის პირები, ბიზნესმენები, უნივერსიტეტების პედაგოგები, გაზეთის რედაქტორები და რელიგიური მოღვაწეები. ისინი კარგად იცნობენ ადგილობრივი მოსახლეობის საზრუნავსა და სურვილებს. გარდა ამისა, ისინი ალბათ დადებითად მოეკიდებიან კანდიდატის ძალისხმევას, რომელიც ეახლათ მათ “თავაზიანი ვიზიტით”, რათა გაეგო მათი შეხედულებები. იმ დრომ და ძალისხმევამ, რომელიც დახარჯა კანდიდატმა ადგილობრივ საზოგადოებასთან ურთიერთობის დასამყარებლად, მოგვიანებით მას შეიძლება მოუტანოს დიდი სარგებლობა.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. კანდიდატი უნდა შევიდეს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში იმისათვის, რომ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს სხვადასხვა ადამიანებთან. ამომრჩევლები მეტი ხალისით აძლევენ ხმას მას, ვისაც იცნობენ ერთობლივი საზოგადოებრივი მუშაობიდან.

ხელმძღვანელი შემადგენლობის შერჩევა. კანდიდატი ყურადღებით უნდა მიუდგეს ადამიანთა შერჩევას, რომელთაც ძალუძთ თავზე აიღონ საორგანიზაციო საკითხები და რომლებიც საშუალებას მისცემენ კონცენტრირება მოახდინოს თვით კამპანიაზე. ხელმძღვანელი კომიტეტის წევრები მადლობელნი დარჩებიან კანდიდატს იმისათვის, რომ ის უტოვებს მათ დროს მოსამზადებლად წინასაარჩევნო მარათონის ოფიციალურ სტარტამდე.

ადგილობრივი პარტიული ორგანიზაცია. კანდიდატმა და ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარემ უნდა განიხილონ და შეათანხმონ ის როლი, რომელსაც ორგანიზაცია შეასრულებს მომავალ წინასაარჩევნო კამპანიაში.

IV. კამპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

სხვადასხვა დონის კამპანიები მოითხოვენ სხვადასხვა საკადრო უზრუნველყოფას. მაგრამ გამონაკლისის გარეშე ყველა საარჩევნო კამპანიას აუცილებლად ესაჭიროება წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი. კარგი მენეჯერი თავის თავზე იღებს ყველა საორგანიზაციო ფუნქციას და ამით საშუალებას აძლევს კანდიდატს მთლიანად დაკავებული იყოს თავისი მთავარი საქმით – გამოვიდეს სიტყვით, მოაწყოს შეხვედრები ამომრჩევლებთან, მისცეს ინტერვიუები და ეცადოს რაც შეიძლება სწრაფად მიიტანოს კამპანიის ძირითადი იდეა ამომრჩეველთა მაქსიმალურ რაოდენობამდე. ამ თანამდებობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისა და უფლების გათვალისწინებით წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი უნდა სარგებლობდეს კანდიდატის სრული ნდობითა და თანამშრომლებისა და აქტივისტების პატივისცემით. გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების კომიტეტში შეიძლება იყოს სხვა თანამდებობებიც.

ანალიტიკური სექტორის ხელმძღვანელი. ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი პასუხს აგებს კანდიდატის პლატფორმის ყველა ძირითადი მდგომარეობის გულდასმით მომზადებაზე. კანდიდატის შეხედულებები ნათლად და ლოგიკურად უნდა იყოს გადმოცემული, უნდა ეყრდნობოდეს ჯანსაღ აზრს, საიმედო წყაროებსა და ზუსტ ფაქტებს. ანალიტიკური სექტორის ხელმძღვანელი მზად უნდა იყოს შეატყობინოს მასობრივი ინფორმაციის წყაროებსა და ფართო საზოგადოებას კანდიდატის პლატფორმის შესახებ.

აგიტაცია–პროპაგანდის სექტორის ხელმძღვანელი. აგიტაცია–პროპაგანდის სექტორის ხელმძღვანელი პასუხს აგებს წინასაარჩევნო კამპანიის ლოზუნგებსა და მიწვევებზე, რომელიც ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფების თავისებურებების გათვალისწინებით სხვადასხვაგვარად გამოხატავენ კამპანიის გენერალურ ხაზს. აგიტაცია–პროპაგანდის სექტორის ხელმძღვანელის მოვალეობებში შედის გამოსვლების ტექსტის დაწერა, პლაკატების შექმნა, ბროშურების გამოცემა და სხვა პროპაგანდისტული მასალების გავრცელება.

პრეს–მდივანი. პრეს–მდივანი პასუხისმგებელია კანდიდატის ყოველდღიურ კონტაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან. გარდა ამისა პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც მოითხოვენ ვრცელ ახსნა–განმარტებასა და რომლებზეც კანდიდატი ვერ ასწრებს პირადად პასუხის გაცემას.

გეგმარების სექტორის ხელმძღვანელი. გეგმარების სექტორის ხელმძღვანელი პასუხს აგებს კანდიდატის მუშაობის გრაფიკის შედგენაზე და ყველა ღონისძიების დაგეგმვაზე ისე, რომ მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოს კანდიდატის შეზღუდული დრო. ამასვე ეხება წინასაარჩევნო მარათონის დროს კანდიდატისათვის ძალების აღსადგენი საჭირო “პირადი დროის” დაგეგმვაც. გეგმარების სექტორის ხელმძღვანელი ერთადერთი ადამიანია კანდიდატის გუნდში, რომელსაც უფლება აქვს კანდიდატის სახელით მიიღოს მიწვევა და თანხმობა განაცხადოს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სექტორის ხელმძღვანელი. მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სექტორის ხელმძღვანელი პასუხს აგებს წინასაარჩევნო კამპანიის მატერიალურ–ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, გადაზიდვების ორგანიზების, სასტუმროებში განთავსების, საზოგადო ღონისძიებების, მიტინგებისა და პრეს–კონფერენციების ჩატარების ჩათვლით.

პირადი თანაშემწე. პირადი თანაშემწე პასუხს აგებს იმაზე, რომ კანდიდატს ყველაფერი აუცილებელი გააჩნდეს მუშაობისათვის. მაგალითად, თვალყურს ადევნებს, რომ კანდიდატს არ აერიოს გამოსვლების ტექსტები, კანდიდატს წარუდგენს აუცილებელ ინფორმაციას იმ პირთა და საზოგადოებრივ ჯგუფთა შესახებ, რომლებთანაც მოუხდება შეხვედრა, უზრუნველყოფს კანდიდატს საჭირო წამლებითა და სუფთა პერანგითაც კი, თუ სასწრაფოდ მოუხდა ტანსაცმლის გამოცვლა.

აქტივისტების კოორდინატორი. აქტივისტთა კოორდინატორი პასუხს აგებს იმ მრავალრიცხოვანი მოხალისე დამხმარეების შერჩევაზე, მომზადებაზე, ხელმძღვანელობაზე და მორალურ მდგომარეობაზე, რომლებიც მზად არიან საკუთარი დრო შესწირონ კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას. აქტივისტთა კოორდინატორს შეიძლება დაევალოს ამომრჩეველთან ინდივიდუალური მუშაობის ხელმძღვანელობა და ღონისძიებების კონტროლი არჩევნების დღეს, რაც მოითხოვს დიდი რაოდენობის ადამიანთა ფართომასშტაბიანი მოქმედებების კოორდინაციას.

ოფის–მენეჯერი. ოფის–მენეჯერი პასუხს აგებს წინასაარჩევნო კამპანიის შტაბ–ბინაზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუწყოს შიდა ურთიერთობების ორგანიზებას, ინფორმაციები გადასცეს გუნდის სხვადასხვა ჯგუფებს.

ფინანსური დირექტორი. ფინანსური დირექტორი ან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისათვის სახსრების შეგროვების ხელმძღვანელი პასუხს აგებს კამპანიის ღონისძიებების დაფინანსებისათვის აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების მოზიდვაზე, ფულადი შენატანის ან საჭირო მატერიალური ფასეულობების შესაწირის სახით.

მოლარე. მოლარე არის კამპანიის მთავარი ბუღალტერი. ის პასუხს აგებს ფინანსური სახსრების შემოსვლის სისწორეზე, ანგარიშების გადახდაზე და თვალყურს ადევნებს ბიუჯეტის დაცვას. მოლარემ ყოველთვის უნდა იცოდეს შემოსავლებისა და გასავლების ბალანსის სტატიების ზუსტი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ სიტუაციის უეცარი შეცვლა მოითხოვს ფინანსური რესურსების სხვა მიზნისათვის გადასროლას.

იურისკონსულტი. კამპანიის იურისკონსულტის როლში ჩვეულებრივ გამოდის გამოცდილი იურისტი ან არჩევნების კანონმდებლობის სპეციალისტი, რომელიც თვალყურს ადევნებს, რომ კამპანიის ყველა ღონისძიება და მისი მონაწილეების საქმიანობა არ სცილდებოდეს კანონის ჩარჩოებს. იურისკონსულტს შეუძლია ოფიციალური პროტესტი განაცხადოს ყალბი ბიულეტენების ან სხვა დარღვევების შესახებ, რომლებსაც შეამჩნევს წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

კონკრეტული წინასაარჩევნო კამპანიის მოთხოვნებისა და მასშტაბების მიხედვით, კამპანიის ჩატარების კომიტეტის ის თანამდებობები, რომლებიც გულისხმობენ მსგავს მოვალეობებს, ხშირად ერთიანდებიან ან იკვეცებიან. მაგალითად, ოფის–მენეჯერმა შეიძლება იმავე დროს შეასრულოს აქტივისტებთან მუშაობაზე პასუხისმგებელის მოვალეობები, ხოლო ანალიტიკური სექტორის ხელმძღვანელმა შეიძლება კამპანიის მსვლელობის დროს თავის თავზე აიღოს აგიტაცია პროპაგანდის სექტორისა და პრეს–მდივნის მოვალეობები.

V. ღონისძიებები კამპანიის მსვლელობის დროს

კარგი გეგმარების არსი მდგომარეობს ისეთი ღონისძიებების ჩატარებაში, რომლებიც თქვენი კანდიდატის საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს. არ უნდა არსებობდეს არავითარი შეზღუდვა კომიტეტის მიერ თავისი კანდიდატისათვის შემუშავებული ღონისძიებების მრავალფეროვნებაში. ცოტაოდენმა წარმოსახვამ, ორგანიზაციულმა ნიჭმა და მუშაობაში შეთანხმებულობამ შეიძლება სასწაული მოახდინოს და მოიტანოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დივიდენდები. მოვიყვანოთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში ჩატარებული ზოგიერთი ღონისძიების მაგალითი.

მიტინგები. ყველაზე ტრადიციული პოლიტიკური ღონისძიება. მიტინგები ყველაზე ეფექტურია კამპანიის ბოლო კვირებში, როდესაც აღფრთოვანებული მასები შეიძლება გახდნენ მნიშვნელოვანი ფაქტორი არჩევნების დღეს გადამწყვეტი შტურმის წინ ძალისხმევის გაზრდისათვის.

მონაწილეობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ღონისძიებებში. საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრებები მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა მიმართოთ დიდ აუდიტორიას კამპანიის ორგანიზატორთა მხრიდან მინიმალური ძალისხმევით, რადგანაც კანდიდატი გამოდის სხვის ღონისძიებაზე. გარდა ამისა, ასეთი შეხვედრები შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს კანდიდატისათვის, რადგანაც აქ მას საშუალება ეძლევა გამოთქვას თავისი პოზიცია იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს სწორედ ამ აუდიტორიას. მაგალითად, თუ კანდიდატი გამოდის ფერმერთა ორგანიზაციის წინაშე, მან შეიძლება გამოიყენოს ეს შესაძლებლობა თავისი სასოფლო–სამეურნეო პოლიტიკის გამოსახატავად.

უშუალო ურთიერთობა ადამიანებთან. კანდიდატი უნდა მივიდეს უშუალოდ ადამიანებთან, რათა მოისმინოს მათი საზრუნავი, მისცეს რჩევები და სთხოვოს მათ მისცენ ხმები არჩევნების დღეს. იმ შესაძლებელ ადგილთა შორის, სადაც ღირს კანდიდატის მისვლა, შეიძლება იყოს საქმიანი რაიონები, მოხუცთა თავშესაფარები და სოციალური უზრუნველყოფის სხვა დაწესებულებები, სამხედრო ნაწილები, საუნივერსიტეტო ქალაქები, ბაზრობები, ნაციონალური ზეიმები და სპორტული შეჯიბრებები.

VI. ღონისძიებები არჩევნების დღეს

არჩევნების დღე – ეს კანდიდატისა და მისი გუნდის მუშაობის შეჯამებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არჩევნები მთავრდება საარჩევნო უბნების დახურვით და არა მისი გახსნით. არჩევნებში, სადაც ორივე კანდიდატს გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ, გაიმარჯვებს ის, რომელიც მეტ აქტივობას გამოიჩენს არჩევნების დღეს.

თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კანონი კრძალავს აგიტაციას უშუალოდ არჩევნების დღის წინ. ასეთ სიტუაციაში იურისკონსულტმა არჩევნების შესახებ კანონის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს რა მოქმედება არ ეწინააღმდეგება კანონს. მოვიყვანოთ ზოგიერთი ის ღონისძიება, რომელიც შეიძლება ჩავატაროთ არჩევნების დღეს.

ამომრჩეველთა ჩამოვლა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კამპანიის აქტივისტები ჩამოივლიან იმ ამომრჩეველთა სახლებს, რომლებიც ადრე გამოხატავდნენ მხარდაჭერას კანდიდატისადმი, და შეახსენებენ, რომ აუცილებელია მივიდნენ საარჩევნო უბანში და მისცენ ხმა.

ამომრჩეველთა მიყვანა საარჩევნო უბანში. წინასაარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯზე უძლურთა და მოხუცთა ტრანსპორტით მომსახურება, მათი ვინც მხარს უჭერს კანდიდატს, მაგრამ არ ძალუძთ დამოუკიდებლად მივიდნენ საარჩევნო უბანში.

კანონის დაცვაზე კონტროლი საარჩევნო უბნებში. საარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში აუცილებელია საარჩევნო უბნებში კანონის დაცვაზე კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. ასეთი ღონისძიებები საშუალებას იძლევა გამჟღავნდეს კანონის ყოველგვარი დარღვევა და ამავე დროს დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება მათთვის, ვისაც ასეთი მაქინაციების ჩატარება სურს. პოლიტიკური პარტიის წევრები საარჩევნო უბნებში შეიძლება იყვნენ როგორც დამკვირვებლები ან საარჩევნო კომისიის წევრები. არჩევნების უშუალოდ დაკვირვებისას ისინი შეძლებენ აუწყონ რეზულტატების შესახებ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელებს. თუ საკმაო რაოდენობის საარჩევნო უბნებს მოიცავენ, კამპანიის ხელმძღვანელები შეძლებენ ჩაატარონ ხმათა პარალელური დათვლა, რაც არჩევნების რეზულტატების ყოველგვარი გაყალბების გამოვლინების საშუალებას იძლევა. ხმების ოფიციალური დათვლა კი შეიძლება რამოდენიმე დღე გაგრძელდეს.

დასკვნები

არჩევნებში გამარჯვებისათვის საჭიროა მოკლე დროის განმავლობაში მთელი ძალისხმევის კონცენტრირება იმაზე, რომ ორგანიზება გაუკეთდეს ადამიანთა დიდ რაოდენობას, ამომრჩეველს განემარტოს კანდიდატის პროგრამა და უმრავლესობა დარწმუნდეს მას მისცეს ხმა. კამპანიის ჩატარების გეგმა საზღვრავს ამოცანებს და მიანიშნებს იმ საშუალებებსა და მეთოდებს, რომლებსაც კანდიდატი გამოიყენებს გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე. კარგად დაგეგმილი კამპანიაც კი ვერ იძლევა გამარჯვების გარანტიას, მაგრამ სუსტად დაგეგმილი და ჩატარებული კამპანია კი თითქმის აუცილებლად დამარცხდება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: