RSS

ასიოდე საუკუნე

23 May

 

ღრუბელს მიღმა, სად შემოქმედს ტინი ტინზე შეუხორგავს, სად ენგურის ზვირთებს მბორგავს აუძვრია ლოდ-არძანი და თეთნულდი გარინდულა, მომლოდინე პატარძალი, ხოლო გაღმით მისი ცალი, ხან კარკაცი, ხან გამწყრალი, უშბა აშვეტილა ცაში…

ვორგილ ვოისას გრგვინავს სვანი და ფოლადი რეკავს ხმაში, განფენილა მისი სული ფსკერუხილავ დროის ჭაში. როკავს სვანი, ხანძარს უნთებს დიდრონ ხელისგულთა ტაში…

ასიოდე საუკუნე ჩატკეპნილა ამ როკვაში.

აქ, მამბერის სიახლოვეს, თეთრი თოშის საუფლოში, აღუმართავს მურყვამი და გაუშლია ლემის დროშა.

დრო კი მიაგორებს დოლაბს, ყოველივეს ხრავს და ფიტავს, ქვიშის ნამცეცს მიატოლებს ბოლოს ყველა პირამიდას. ერთის მონდომებით მოსრავს უწინდელს და მერმისინდელს, დაღი აზის მისი მუსრის პართენონს და აბუსიმბელს.

დროის დენა ერთს ახუნებს და მეორეს ბზინვას მატებს, რასმე – მიწას ჩაუბრუნებს, რასმე – ცამდინ აამჩატებს.

ხოლო სვანი კვლავაც როკავს და მისი ხმა ისე რეკავს, იქით ნისლებს გადარეკავს, აქეთ ზვავებს ჩამოხოკავს.

ეს ფერხული, ლოცვას რო ჰგავს, ეს სიმღერა ძველისძველი, არვინ უწყის სითგან მოვალს, მუხტი მოაქვს როდინდელი, ან რამდენი მოინელა ტაძრეული უნჯის მცველი, ან სიკვდილის ნაწაფ ხელში მერამდენე ჩაცვდა ცელი.

როკავს სვანი, აღი მგელის, მაღლით დათქმულ ნიშანს ელის, მანამდე კი ძალა იცავს ფიცის, დროით განამტკიცის, ფერხულს უვლის, წრეზე ბრუნავს შუამავლად ცის და მიწის, ელის, იცდის, რადგან იცის, დღეს თუ არა, ხვალ თუ არა, ზეგ თუ არა, მასზეგ მოვა დრო იმისი, რაც მამულმა საგუშაგოდ დაუტოვა.

როკავს სვანი, მიწას ბუბნის, ვორგილ ვოისას აგუგუნებს და მხნედ გასცქერს აწ გასავლელ ასიოდე საუკუნეს.

.

 
5 Comments

Posted by on May 23, 2009 in ლექსები

 

5 responses to “ასიოდე საუკუნე

  1. sa

    May 25, 2009 at 3:43 pm

    ძაან მომწონს! მართლა “მუხტი მოაქვს როდინდელი”🙂

     
  2. Tamila jafaridze

    July 14, 2011 at 9:15 am

    “ხოლო სვანი კვლავაც როკავს და მისი ხმა ისე რეკავს, იქით ნისლებს გადარეკავს, აქეთ ზვავებს ჩამოხოკავს”. ისევ მომაბრუნა მისკენ ამ არაჩვეულებრივმა ”ასიოდე საუკუნემ”. . . ”ვორგილ ვოისას გუგუნი” ასე არავის გაუგონია; კობა სრულიად გენიალურია!

     
  3. ნონა დავითაია

    July 14, 2011 at 11:04 am

    ,,როკავს სვანი. აღი მგელის. მაღლით დათქმულ ნიშანს ელის. მანამდე კი ძალა იცავს ფიცის, დროით განამტკიცის, ფერხულს უვლის, წრეზე ბრუნავს შუამავლად ცის და მიწის, ელის იცდის, რადგან იცის დღეს თუარა, ხვალ თუარა, ზეგ თუარა, მასზეგ მოვა დრო იმისი, რაც მამულმა საგუშაგოდ დაუტოვა!,, _ ასეთი ლექსი რომ დაწერო სვანეთი უნდა იცოდე, სვანი კაცის ბუნება უნდა იცოდე, სვანური ტრადიციები უნდა იცოდე, საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ნანახი, როგორ ცეკვავენ სვანები, როგორ მღერიან და როგორ ხატავენ სვანურ სინამდვილეს! მომეწონა ცოტაა. შემიყვარდა ლექსიც და მისი ავტორიც!

     
    • matekari

      August 13, 2011 at 9:11 pm

      gmadlob nona🙂

       
  4. დარეჯან კვანჭიანი

    September 17, 2011 at 11:19 pm

    ეს ლექსი წავიღე კედელზე. დიდი მადლობა, კობა, ყველა სვანის სახელით.
    ეს ფერხული ლოცვას ჰგავსო-ამბობ და ეს ლექსიც ლოცვას ჰგავს

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: