RSS

ამერიკის პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სისტემა

23 May

ამერიკული პოლიტიკური სისტემა საკმაოდ რთულია და იმ წესების უკეთ გასააზრებლად, რომელთა მიხედვითაც წარმოებს წინასაარჩევნო ბრძოლა, საჭიროა გაკვრით მაინც შევეხოთ აშშ–ს პოლიტიკური კლიმატის ძირითად ცნებებსა და მოვლენებს.

დავიწყოთ პოლიტიკური პარტიებით, რომელთა წევრიცაა კანდიდატთა უმრავლესობა.
აშშ–ს კონსტიტუციაში პარტიები საერთოდ არ არის ნახსენები, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია ქვეყნის ერთ–ერთი დამაარსებლის, ჯონ ვაშინგტონის სიტყვები, რომელიც გვაფრთხილებდა “პარტიული სულის დამღუპველ შედეგებზე”.

პრეზიდენტი ვაშინგტონი მაშინ თვლიდა, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი არ უნდა შევიდეს რომელიმე პარტიაში, არამედ იგი ყველა მოქალაქეს უნდა წარმოადგენდეს. სადღეისოდ, გაფრთხილებათა მიუხედავად, ამერიკაში პარტიები ისე განვითარდნენ, რომ მათი მონაწილეობის გარეშე პოლიტიკური ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმც ეს გზა მათთვის ხანგრძლივი და ეკლიანი აღმოჩნდა.

პარტიათა განვითარების 5 ეტაპი აშშ–ში

აშშ–ში პარტიათა განვითარების 5 ეტაპი შეიძლება გამოვყოთ.

პირველი მოიცავს 1796–1828 წლებს.

შტატების დამაარსებელთა შიშის მიუხედავად, ფედერალისტთა და ანტიფედერალისტთა იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ (რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა ჯეფერსონსა და ჰამილტონს შორის კამათში) მხოლოდ გააძლიერა საზოგადოების გათიშვა.

ჰამილტონის ფედერალისტები გამოდიოდნენ ჩრდილოელ მრეწველთა ინტერესების დამცველად, დარწმუნებულნი იყვნენ ცენტრალური მთავრობის არსებობის აუცილებლობაში და მათ მხარს უჭერდა არისტოკრატიაც (ეს არც არის გასაკვირი, თუ გავიხსენებთ ჰამილტონის გამოთქმას, რომ ხალხი “საშინელ მხეცსა ჰგავს”).

ამის საპირისპიროდ ჯეფერსონის მომხრეები იცავდნენ აგრარული სამხრეთის პოზიციას, გამოდიოდნენ ფედერალური ხელისუფლების როლის შემცირების მოთხოვნით და სჯეროდათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა.

ჯეფერსონის გამარჯვება ჯონ ადამსზე 1800 წელს დასასრულის დასაწყისად იქცა ფედერალისტთა პარტიისათვის, რომელიც 1816 წლისთვის მთლიანად დადნა. რესპუბლიკური პარტია თითქმის ერთპიროვნულად მართავდა 2 ათეული წლის განმავლობაში, რისი ლოგიკური დასასრულიც იყო 1820 წელს ჯეიმს მონროს არჩევა.

ეს იდილია მალე დასრულდა იმის გამო, რომ პარტიაში ორი ფრაქცია შეიქმნა – ეროვნულ რესპუბლიკელთა (ჯონ კვინსი ადამსი) და დემოკრატიულ რესპუბლიკელთა. განხეთქილება საბოლოოდ გაფორმდა, როცა პირველებმა დაირქვეს ვიგები (ნიშნავს “ლიბერალს”), მეორეებმა – უბრალოდ დემოკრატები.

მეორე ეტაპი (1828 – 1860) დაიწყო დემოკრატ ენდრიუ ჯექსონის გამარჯვებით 1828 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მისმა პარტიამ დაუყოვნებლივ გაატარა საარჩევნო სისტემის რეფორმა, შემოიღო საყოველთაო საარჩევნო უფლება ყველა სრულწლოვანი თეთრი მამაკაცისთვის (მაშინ ეს თამამ ნოვატორობად ითვლებოდა), “ამომრჩეველთა კოლეგიისთვის” პირდაპირი ხმის მიცემა და ა.შ. პარტია ეყრდნობოდა წვრილ ფერმერებს, კათოლიკეებს, ახალ ემიგრანტებსა და საზღვრისპირა ქალაქთა მაცხოვრებლებს.

ვიგებსაც ჰქონდათ მხარდაჭერა ჩრდილო–აღმოსავლეთის მრეწველთა, სამხრეთელ პლანტატორთა და პროტესტანტთა შორის. თავის მთავარ მიზნად ისინი სახავდნენ მეწარმეთა ინტერესებსა და მათ მიერ წამოწეულმა პრეზიდენტმა უილიმ ჰარისონმაც საკმაოდ იღვაწა ამ კუთხით.

მესამე ეტაპი (1860 – 1896) – ვიგთა პარტია არ აღმოჩნდა პოლიტიკურად დღეგრძელი.

მონობის შესახებ ატეხილმა კამათმა სამოქალაქო ომამდე ცოტა ხნით ადრე გათიშა იგი. პარტიის ნაშთისაგან, ასევე მათთან მიკედლებულ დემოკრატთაგან შეიქმნა ახალი პარტია, რომელსაც ეწოდა რესპუბლიკური, ანუ როგორც ხშირად მოიხსენიება – დიადი ძველი პარტია.

მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი პირველი პრეზიდენტი იყო აბრაჰამ ლინკოლნი.

სამოქალაქო ომის მოგებისთანავე რესპუბლიკელები მკვიდრად დაფუძნდნენ კონგრესშიაც და თეთრ სახლშიც. მათ მხარს უჭერდნენ გადამდგარი სამხედროები, ზანგები, ემიგრანტები და პროტესტანტები.

დემოკრატების მხარდამჭერნი იყვნენ – სამხრეთელები, კათოლიკე ირლანდიელები, ფერმერები და პროფკავშირები. დემოკრატები მხარს უჭერდნენ მთავრობის როლის შეზღუდვასა და შტატთა უფლებების გაფართოებას. ამის გამო ამ 50 წლის განმავლობაში დემოკრატმა მხოლოდ ორჯერ შეაბიჯა თეთრ სახლში (1884 და 1892 წლებში). ეს იყო გროვერ კლივლენდი.

მეოთხე ეტაპი (1896 – 1932).

1896 წლის არჩევნებში შემობრუნების პუნქტად იქცა ამერიკული პოლიტიკისათვის სამხრეთის და დასავლეთის სასოფლო–სამეურნეო რაიონების ინტერესების წარმომადგენლის, დემოკრატ უილიამ ბრაიენის დამარცხებამ აჩვენა, რომ აშშ–ს სამრეწველო, ურბანიზებული რაიონები კარგა ხნით მობრუნდნენ რესპუბლიკელებისკენ. და კვლავ სამ ათწლეულზე მეტი ხნით დემოკრატები პრეზიდენტის სავარძლის გარეშე დარჩნენ. (1912 და 1916 წლებში გამარჯვებული ვუდრო ვილსონის გარდა).

დიადი ძველი პარტიის პოლიტიკის არსი იმ პერიოდში იყო სოციალურ ხარჯთა შემცირება და ამ სახსრების გადასროლა საქმიანი აქტივობისკენ, რომლის ზრდასაც თავისთავად უნდა განეპირობებინა იმათი რიცხვის შემცირება, ვინც ასეთ დახმარებას საჭიროებდა. რესპუბლიკელთა სტრატეგია იმ ეტაპზე ქმედითი აღმოჩნდა და დემოკრატები კვლავ სამხრეთელ მიწათმოქმედთა და ეროვნულ უმცირესობათა ამარა დარჩნენ.

ამ პერიოდში აღსანიშნავია “პროგრესისტთა” გამოსვლების ზრდა, რომლებიც პოლიტიკური სისტემის ძირეული რეფორმის მოთხოვნებს აყენებდნენ (ეს გამოსვლები კვლავ მოჰყვა იმ ფაქტების გამომზეურებას, რომელთა თანახმადაც რიგი ქალაქების პარტიულ მოხელეთა მიერ საარჩევნო ყუთები ბიულეტენებით წინასწარ შეივსო).

პროგრესისტთა ზოგი იდეა მოგვიანებით კიდეც დაკანონდა (ვთქვათ – ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის წინასწარ გავლის აუცილებლობა, წინასწარი პირდაპირი არჩევნები, ფარული კენჭისყრა და ა. შ.). ამ რეფორმებმა შეასუსტეს პარტიული აპარატის გავლენა და არჩევნების მთავარ მოქმედ პირად კვლავ ამომრჩეველი იქცა.

მეხუთე ეტაპი (1932 – 1980)

დემოკრატების ოცნებას თეთრ სახლში დაბრუნებაზე ხორცი შეესხა 1929 წლის კრიზისის დაწყებით, რომელიც მძლავრი დარტყმა აღმოჩნდა რესპუბლიკელი პრეზიდენტის ჰუვერისთვის. მილიონობით იმედგაცრუებულმა და უმუშევარმა ამერიკელმა 1932 წელს ფრანკლინ რუზველტი აირჩია, რომელიც ხალხს დაჰპირდა და გაატარა კიდეც ანტიკრიზისული ღონისძიებების მთელი რიგი.

გარდა იმისა, რომ რუზველტი ოთხჯერ აირჩიეს, ისიც უნიკალურია, რომ მან მოახერხა “ახალი კურსის” კოალიციის შექმნა, რომელმაც გააერთიანა ქალაქელები, მუშები, კათოლიკენი, სამხრეთელი კონსერვატორები და ჩრდილოელი ლიბერალები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რესპუბლიკელებმა კვლავ შეძლეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. 1952 და 56 წლებში ეიზენჰაუერმა გაიმარჯვა, 1968 და 1972 წლებში რიჩარდ ნიქსონმა, 1980 და 84 წლებში რონალდ რეიგანმა, 1988 წელს ჯორჯ ბუშმა. დემოკრატებს, თავის მხრივ, უმრავლესობა ეპყრათ კონგრესის ორივე პალატაში, აგრეთვე თითქმის ყველა შტატის საკანონმდებლო კრებაში. 1992 წელს ქლინთონს რომ არ გაემარჯვა, მაშინ დემოკრატების 16 წლიანი პაუზა თეთრ სახლში გვაფიქრებინებდა ახალი, მეექვსე ეტაპის დაწყებას აშშ–ს პოლიტიკური პარტიების განვითარებაში.

ისტორიკოსთა უმეტესობას მუდამ აოცებდა, თუ რაოდენ მცირეა ორივე პარტიის ძირითად იდეოლოგიურ პოსტულატებში მომხდარი ცვლილებები.

რესპუბლიკელები, უწინდებურად, ისევ მდიდარ, განათლებულ და კონსერვატულ ამომრჩეველს ეყრდნობიან, ხოლო დემოკრატები ნაირგვარ უმცირესობებში, ნაკლებგანათლებულ და მეტად ლიბერალურ ამერიკელებში პოულობენ მხარდაჭერას. რესპუბლიკელები მეტს ლაპარაკობენ ოჯახურ ფასეულობებზე, ინდივიდუალიზმზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საიმედოობაზე, ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევაზე და დიდი ბიზნესის რეგულირების შეზღუდვაზე.

დემოკრატები სახელმწიფოს აღიქვამენ “სოციალური არბიტრის” როლში, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობასა და დასაქმებას. რა თქმა უნდა ორივე პარტიაში ამ საკითხებზე ერთიანი პოზიციები არ აქვთ.

ძველი საბჭოური საზომით, როცა პარტიის ძლიერება წევრთა რაოდენობით ფასდება, აშშ–ს პარტიები პატარა კლუბებად მოგეჩვენებათ. ერთში 2400 ოფიციალური წევრია, მეორეში 1600–მდე. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში პარტიის წევრებად ითვლებიან მხოლოდ არჩევით თანამდებობაზე მყოფი და ყრილობის მონაწილე პირები. პარტიის სიძლიერე იმ ხმებით ისაზღვრება, რომელთაც ესა თუ ის პარტია არჩევნებში მოაგროვებს.

პარტიები : “დაქსაქსულობა და ბორიალი”

საბჭოურისაგან განსხვავდება აგრეთვე შეხედულება პარტიაზე, როგორც ერთიან სტრუქტურაზე შეხედულებათა, პლატფორმისა და მიზნების ერთობით. ძნელია რესპუბლიკური პარტიის ასეთ ერთობაზე ლაპარაკი, როცა პრეზიდენტი საკუთარი პარტიის წევრი სენატორის კვლავარჩევას არ უჭერს მხარს (როგორც ეს მოხდა პრეზიდენტ ნიქსონისა და სენატორ გუდელის შემთხვევაში 1970 წელს).

იგივეა, როცა სამხრეთელი კონგრესმენი დემოკრატები, 1960 წლიდან მოყოლებული, ლამის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში უარს ამბობენ საკუთარი პარტიის მხარდაჭერაზე. ასევე შეიძლება გავიხსენოთ 1980 წელი, როცა ჯიმი კარტერის ოთხწლიანი მმართველობით იმედგაცრუებულმა დემოკრატებმა მას ტედი კენედი დაუპირისპირეს და ა.შ. კიდევ მრავლად შეიძლება შიდაპარტიული დაპირისპირების მაგალითების მოყვანა.

ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ შეერთებული შტატების მთავარი პარტიები წარმოადგენენ ორმოცდაათი შტატის არც თუ ისე შეკრულ პარტიულ ორგანიზაციებს, რომლებიც 4 წელიწადში ერთხელ იკრიბებიან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის დასასახელებლად.

თუმცაღა ამ მოსაზრებასაც შეიძლება შეედავო, რადგან მისი სამართლიანობისთვის უნდა დაუშვა, რომ შტატის პარტიული ორგანიზაცია ერთიანია, რაც თავისთავად არასწორია და როგორც ფ. სორაუფი წერს თავის წიგნში “პარტიის პოლიტიკა ამერიკაში” – “შტატთა პარტიული ორგანიზაციების უმრავლესობა თითქმის ფედერაციაა ან კონფედერაციაა, ნახევრადავტონომიური ან ავტონომიური პოლიტიკური თემებია სათავეში ადგილობრივი მეფუკა–თავმჯდომარეებით.

სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ პარტიის შიგნით მაინც არსებობენ ფორმალური ორგანიზაციები. არიან პარტიის საგრაფოს კომიტეტები, კამპანიის ჩამტარებელი კომიტეტები, დემოკრატიული და რესპუბლიკური კლუბები, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის არჩევნების ჩამტარებელი კომიტეტები და ა.შ.

სინამდვილეში აშშ–ს ორივე მთავარი პარტია შედგება უამრავი ორგანიზაციისგან და პარტიული სტრუქტურის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ეს ჯგუფი და ორგანიზაცია პრაქტიკულად ავტონომიურია, მათ შორის ხშირია მეტოქეობა და ქიშპიც კი, ხოლო მათი გაერთიანება რომელიმე პარტიის პლატფორმის ირგვლივ ფრიად პირობითია და ხანმოკლე.

თითოეული პარტიის ასეთი მრავალფეროვნება ყველა პრეტენდენტობის კანდიდატს უყენებს მძიმე ამოცანას – გაითვალისწინოს იმ მეტნაკლებად გავლენიანი ჯგუფების აზრი, რომელთაც შეუძლიათ ამომრჩევლის ხმების შემომატება და შეძლოს მათი კონსოლიდირება.

პარტიის ორგანიზაციისა და სტრუქტურის საკითხი არა მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატებზე მათი გავლენითაა საინტერესო და ამდენად ზედმეტი არ იქნება თუ თანმიმდევრულად განვიხილავთ პარტიის “ჩონჩხს”, გავაანალიზებთ იმ ცენტრისკენულ და ცენტრიდანულ ძალებს, რომლებიც განსაზღვრავენ მის საქმიანობას.

“ეჭვგარეშეა, რომ ამერიკის მთავარი პარტიების უპირველესი საყურადღებო თავისებურება ხელისუფლების დეცენტრალიზაციაა. ეს თავისებურება ყველაზე მეტად განასხვავებს მათ სხვებისგან. ამის გააზრება ნათელს ფენს ყოველივე დანარჩენს, რაც დაკავშირებულია ამერიკულ პარტიებთან.” – ე. შტატშნაიდერის ეს თეზისი, რომელიც ფორმულირებულია კლასიკურ ნაშრომში “პარტიული მთავრობა”, დღემდე რჩება არსის ძირითად განმსაზღვრელად.

მაგრამ კვლავინდებურად აშკარაა, რომ ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის შიგნით უნდა არდებობდეს კოორდინაციის თუნდაც მცირე ხარისხი. ბოლოს და ბოლოს ისინი ყოველ 4 წელიწადში წამოსწევენ თავის კანდიდატურას პრეზიდენტის არჩევნებში და ამ პარტიების შემადგენელ ნაწილთა უმრავლესობა მეტნაკლებად მხარს უჭერს თავის კანდიდატს. იგივე ხდება შტატის დონეზე.

სამხრეთ კაროლინის გარდა, პრაქტიკულად ყველა შტატში არსებობს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა კომიტეტების, საბჭოებისა და კომისიებისა, რომლებიც პარტიის საქმიანობას არეგულირებენ. ისინი თითქოს სპეციალურად იმისთვის არსებობენ, რომ მათი საქმიანობა აურდაურიონ და ამას წარმატებითაც ართმევენ თავს.

ის ფაქტი, რომ შტატები პარტიების საქმიანობას ასე ქმედითად არეგულირებენ, კარგად იხსნება ამერიკელების მენტალიტეტში პოლიტიკოსებისა და საერთოდ პარტიებისადმი ღრმად ფესვგამჯდარი უნდობლობით. თვლიან, რომ პარტიების ცხოვრების რეგულირება შეიძლება მხილოდ იმ დონემდე, რომ ვერავითარმა “ბოსმა” ან “მექანიზმმა” ვერ შეძლოს მათში დომინირებულ ძალად გ ა დ ა ქ ც ე ვ ა.

სწორედ ამისათვის იქმნება პარტიული საბჭოებისა და ოგანიზაციების ასე დიდი რაოდენობა იმ იმედით, რომ ეს არ მისცემს საშუალებას რომელიმე პიროვნებას ან ორგანიზაციას ხელში ჩაიგდოს კონტროლი მთელს სტრუქტურაზე. დღევანდელმა სიტუაციამ ალბათ ამ სისტემის შემქმნელთა მოლოდინს გადააჭარბა – პარტიების უმრავლესობა შტატების დონეზე უიმედოდ ფრაგმენტირებულნი რჩებიან.

როგორც წესი, პარტიების სტრუქტურები შედგება საარჩევნო ოლქების (ეს ოლქები მოიცავენ 400–დან 2000–მდე ამომრჩეველს) პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების, საგრაფოების კომიტეტების თავმჯდომარეებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ ირჩევენ ოლქის თავმჯდომარეები. შტატის დონეზე არსებობს პარტიის ყრილობა, აღმასრულებელი კომიტეტი და შტატის პარტიის თავმჯდომარე.

ის, თუ როგორ ფორმირდება ეს ორგანოები მთლიანად დამოკიდებულია შტატზე, მაგრამ ჩვეულებრივ ისინი უფრო დაბალი, მთელი შტატის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებისგან ფორმირდებიან.

როგორც წესი შტატის დონეზე და განსაკუთრებით საგრაფოებში თანამდებობების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუკავებელი რჩება, შესაძლო კანდიდატურებს შორის ასეთი საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ ინტერესის არქონის გამო.

გარდა ოფიციალური პარტიული სტრუქტურებისა, პარტიული ორგანიზაციების გარშემო თავს იყრის ყოველგვარი კლუბი, კანდიდატთა წინასაარჩევნო გუნდები, რომლებიც თუმც კი არ ექვემდებარებიან პარტიის საქმიანობის მარეგულირებელ შტატის კანონმდებლობას, მაგრამ ხშირად იმ პარტიაზე ძლიერნი და გავლენიანნი ხდებიან, რომელთანაც ასოცირდებიან.

ყოველ პარტიას ნაციონალური კომიტეტიც გააჩნია. რესპუბლიკური პარტიის ნაციონალურ კომიტეტში შედის ორ–ორი წარმომადგენელი (აუცილებლად ქალი და კაცი) ყოველი შტატიდან და იმ შტატების პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, რომელთა ამომრჩევლების უმრავლესობამაც უკანასკნელ არჩევნებში ხმა მისცა რესპუბლიკურ პარტიას.

დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის ჩარჩოები ჯერ კიდევ 1972 წელს 300 კაცზე მეტს მოიცავდა, ხოლო ყოველი მათგანი პარტიის ნაციონალური ყრილობის მიერ 4 წლით ირჩევა.

ნაციონალური კომიტეტები პარტიების ცხოვრებაში უმნიშვნელო როლს თამაშობენ. ის ფაქტი, რომ ასეთი მრავალრიცხოვანნი არიან და მათი წევრები განფენილნი არიან მთელს ქვეყანაში, სხდომები არარეგულარულად ტარდება – ყველაფერი ეს მიუთითებს კომიტეტების იმ პრობლემებზე, რომლებიც იჭრება ერთიანი პოლიტიკისა და საქმიანობის მიმართულების შემუშავებისას. კომიტეტების სისუსტის მაჩვენებლად ისიც გამოდგება, რომ ისინი ერთ–ერთ თავის მთავარ მიღწევად თვლიან, რომ 4 წელიწარში ერთხელ ირჩევენ ადგილს ყრილობისათვის და ორგანიზებას უკეთებენ ამ ყრილობის მუშაობას.

როგორც აღნიშნავენ კოტერი და ხენესი თავის წიგნში “პოლიტიკა ძალაუფლების გარეშე”, “ნაციონალური კომიტეტები წარმოადგენენ სხვადასხვა კრიტერიუმით შერჩეულ ადამიანთა დიდ ჯგუფებს, სხვადასხვა ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესების
წარმომადგენლებს, რომლებიც ხანდახან ერთად იკრიბებიან, რათა კენჭი უყარონ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საკითხებს და რომელთა გადაწყვეტაშიც არცთუ ისე არიან დაინტერესებულნი”.

საინტერესო იქნებოდა ამ შუქში განგვეხილა ნაციონალური კომიტეტების თავმჯდომარეების როლი. იგივე კოტერი და ხენესი გამოყოფენ თავმჯდომარეზე დაკისრებულ 5 მთავარ ვალდებულებას: სახის შემქმნელი (საზოგადოებაში პარტიაზე დადებითი შეხედულების შესაქმნელად), სიმშვიდის დამმყარებელი (თვალყურისდევნება ლოიალობაზე და პარტიის წარმომადგენელთა შორის ენთუზიაზმის შენარჩუნება), პარტიისათვის სახსრების მთავარი შემგროვებელი, წინასაარჩევნო კამპანიის (უმთავრესად საპრეზიდენტო) ორგანიზატორი და ადმინისტრატორი (მთავარი შტაბბინის მუშაობის ორგანიზატორი).

მაგრამ ის, რისი გაკეთებაც თავმჯდომარეს არ შეუძლია, თითქმის მის ვალდებულებებზე მნიშვნელოვანია. რუსეთის პარტიის მეთაურებისგან განსხვავებით, აშშ–ში პარტიის თავმჯდომარეს არ ძალუძს პოლიტიკური ხაზის შემუშავება და თავისი პარტიის საქმიანობის კოორდინირება.

ლოგიკური იქნებოდა საწინააღმდეგოს დაშვება, ბოლოს და ბოლოს თავმჯდომარეს ნაციონალური კომიტეტი ირჩევს, რომელსაც, თავის მხრივ, ყრილობა ირჩევს. აქედან ის უნდა გამხდარიყო პარტიის მთავარი მოქმედი პირი და ნამდვილი ლიდერი.

მაგრამ ეს ასე არ ხდება. იმ ზოგიერთ თავმჯდომარეს, რომელიც ცდილობდა ასე გაეკეთებინა, არაფერი გამოუვიდა. მთავარი მიზეზი იმაშია, რომ პრაქტიკულად არ არსებობს სანქცია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც უარს იტყოდნენ დამორჩილებოდნენ მთავარ ხაზს.

აშშ–ში პარტიის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარის მდგომარეობას ხშირად ეძახიან “პასუსისმგებლობას ძალაუფლების გარეშე”. ეს სულაც არ არის მიმზიდველი პოსტი და მასზე საშუალოდ ორ წელიწადს თუ ძლებენ. ასეთი “კადრების გადინება” ხელს არ უწყობს ამ თანამდებობის უფრო მნიშვნელოვნად გადაქცევას.

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ პარტია ატარებს ყრილობას. ყრილობა ტარდება რათა მიიღოს პროგრამა, წამოაყენოს კანდიდატები პრეზიდენტისა და ვიცე–პრეზიდენტის პოსტებზე და, როგორც უკვე ვთქვით, პარტიის ნაციონალური კომიტეტის ასარჩევად. ამერიკაში პარტიის ყრილობაზე დელეგატების შერჩევის პროცედურაც ძალიან დახლართულია.

მოკლედ თუ ვიტყვით, ყოველი შტატი იღებს ხმათა თანაბარ რაოდენობას, მაგრამ ამ რაოდენობას შემდეგ ემატება დამატებითი, რომლის რაოდენობაც დამოკიდებულია აშშ–ს კონგრესში შტატიდან თავმჯდომარეების რაოდენობაზე და იმაზე, თუ ხმათა რა რაოდენობა მოაგროვა ამა თუ იმ პარტიამ ამ შტატში უკანასკნელ არჩევნებში.

ამგვარად, პატარა შტატები, რომლებშიც პარტიას ძლიერი პოზიციები აქვს, ყრილობაზე უფრო კარგად არიან წარმოდგენილები, ვიდრე ის შტატები, რომელთა მოსახლეობაც უფრო მრავალრიცხოვანია. ყოველი შტატი, რომელიც იღებს ხმათა გარკვეულ რაოდენობას, ყრილობაზე გზავნის დელეგატებს, და ამ დელეგატთა რაოდენობა ხშირად აღემატება ხმათა რაოდენობას (რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია დემოკრატიული პარტიისათვის), და ყოველი დელეგატი იღებს ერთი ხმის გარკვეულ ნაწილს, მაგალითად ნახევარს ან მესამედსაც კი.

1906 წლამდე არსებული სისტემის თანახმად პარტიის ყრილობაზე დელეგატებს ადგილობრივი პარტიული ბოსები ნიშნავდნენ, რომლებიც მიუთითებდნენ თუ რისთვის და როგორ უნდა ეყარათ კენჭი. ცვლილება 1906 წელს მოხდა, როდესაც ვისკონსინის შტატმა და შემდეგ სხვებმაც მიიღეს კანონები, რომლების თანახმადაც პარტიის ნაციონალურ ყრილობაზე დელეგატები უნდა აირჩიონ სპეციალური “წინასწარი არჩევნების” მსვლელობაში. ამან დაუდო სათავე პრიმარიეს, რაც აშშ–ს საარჩევნო სისტემის განმასხვავებელი თვისებაა და რაც განსაკუთრებულ მსჯელობას იმსახურებს.

პარტიის სხვა ორგანოებს შორის, რომლებიც არსებობენ ნაციონალურ დონეზე, დაგვრჩა აღვნიშნოთ სენატში და წარმომადგენელთა პალატაში არჩევნების ჩასატარებელი ორივე პარტიის კომიტეტი. ამ კომიტეტებს ირჩევენ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მყოფ პარტიის წევრთაგან და ხელი უნდა შეუწყოს ამ პარტიების წარმომადგენლებს არჩეულ იქნან საკანონმდებლო შეკრებაში.

როგორც წესი, ეს კომიტეტები აგროვებენ სახსრებს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, ამზადებენ კანდიდატის სიტყვას, ავრცელებენ ლიტერატურას და ა.შ. ისინი ჩვეულებრივ, საპრეზიდენტო არჩევნებით დაკავებული ნაციონალური კომიტეტისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობა აიძულებთ კოორდინირება გაუკეთონ თავის საქმიანობას.

პარტიულ ორგანიზაციებს იერარქიის სამ მთავარ დონეზე (საგრაფო, შტატი, ფედერალური) შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, რაც მოეპრიანებათ – წამოაყენონ ის კანდიდატი, რომელიც სურთ, მხარი დაუჭირონ ან უარყონ ესა თუ ის პოზიცია, მხარი დაუჭირონ თუ არა თავისი პარტიის სხვა ორგანიზაციების მიერ წამოყენებულ კანდიდატებს.

ხანდახან ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციები შტატის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ნების წინააღმდეგ აყენებენ კანდიდატებს, ხანდახან შტატების პოლიტიკური ორგანიზაციები ნაციონალური კომიტეტის პოზიციებს კიცხავენ, და ხანდახან შტატები უარს ამბობენ მხარი დაუჭირონ არჩევნებში საკუთარი პარტიის მიერ წამოყენებულ პრეზიდენტობის კანდიდატს.

კარგად თქვა ამის შესახებ ჯონ ფენტონმა, გაეცნო რა დემოკრატიული პარტიის საქმიანობას ოჰაიოს შტატში: “პრაქტიკულად, ოჰაიოს შტატის პარტიული ორგანიზაცია საერთოდ არ არსებობდა. ის შედგებოდა ქალაქის “მექანიზმების” კრებულისგან, რომელსაც საერთოდ არაფერი ესაქმებოდა არჩევნებთან მთელი შტატის დონეზე, თუ, რა თქმა უნდა, კანდიდატი მათი ქალაქიდან არ იყო.

რეი მილერმა სიახოგას (ქლივლენდი) საგრაფოში შენიშნა, რომ მისი ორგანიზაცია სრულიად დამოუკიდებელი იყო და არ გააჩნდა არავითარი მორალური ან იურიდიული კავშირი შტატის დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციასთან”.

ორპარტიულობის მიზეზები აშშ–ში

მაკონსოლიდირებელი საწყისის არარსებობას ლოგიკურად უნდა გამოეწვია აშშ–ში ორზე მეტი პარტიის წარმოქმნა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამის მიზეზად შეიძლება რამოდენიმე გამოვყოთ.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ამერიკელთა დიდი მიმხრობა ტრადიციონალიზმის მიმართ. ეს მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ ისინი მანძილის განსაზღვრისას მილს იყენებენ, მოცულობისას – გალონს და ტემპერატურისას – ფარენჰეიტს, არამედ მნიშვნელოვანწილად რაღაც ბარიერის არსებობაში, რომელიც ნებას არ აძლევს მათ შორს წავიდნენ იმ დროისგან, როდესაც განიხილავდნენ კონსტიტუციას და ქვეყანა ორ ბანაკად იყო გაყოფილი. ამ გაყოფის საზღვრები დრომ თითქმის სრულიად წაშალა, მაგრამ ამერიკელთა შეგნებაში ის ჯერ კიდევ არსებობს.

მეორე მიზეზი პირდაპირ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებში მიღებულ საარჩევნო სისტემასთან. მაგალითად პატარა პარტიებს პრაქტიკულად არა აქვთ შესაძლებლობა ბიულეტენში შეიყვანონ თავისი კანდიდატები.

მაგალითად, 1968 წელს ჯორჯ უოლესს დამოუკიდებლობის პარტიიდან ამისათვის მხოლოდ ერთ ოჰაიოს შტატში 400 ათასი ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა, ხოლო ეს შემუშავებული სისტემის გარეშე ძალიან რთულია.

გარდა ამისა, მაჟორიტარული სისტემა ითვალისწინებს, რომ გამარჯვება, მიუხედავად ერთმანეთისგან დაშორებისა, მას მიეკუთვნება, ვინც ხმათა უმეტეს რაოდენობას მიიღებს, და, პროპორციული სისტემისგან განსხვავებით, დამარცხებული საერთოდ არაფერს იღებს. ეს გარემოება ყველა სხვა პარტიისათვის ხელისუფლებაში გასვლის მცდელობას თითქმის სრულიად შეუძლებელს ხდის.

ორპარტიული სისტემის შესაძლებელ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ფასეულობებისა და მიდგომების სისტემა. უმნიშვნელო ვარიაციებით, მაგრამ არსებობს რაღაც ყველასათვის ურყევი ფასეულობები, და რაღაც უფრო რადიკალური, როგორიცაა კომუნიზმი ან ლიბერტარიანობა, ვერ შეძლებს საზოგადოებაში საკმაო მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს ჯუჯა პარტიების არსებობას, რომლებიც იცავენ თავის ინტერესებს, თუმც არავითარი იმედი არ გააჩნიათ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებისა.

ორპარტიულ სისტემას კარგად ხსნის უკვე არსებული პარტიების პრაგმატიზმი და თავისებური მოქნილობა. ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემა რომ განვითარებულიყო, ალბათ იარსებებდნენ პარტიები, რომლებიც დაეყრდნობოდნენ საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს: მუშებს, მწარმოებლებს, ფერმერებს, კათოლიკეებს ან პროტესტანტებს და ა.შ., მაგრამ ორპარტიულ სისტემაში ვერც ერთ პარტიას ვერ ექნება პრეტენზია არჩევნებში გამარჯვებაზე, თუ დაეყრდნობა მხოლოდ რომელიმე ჯგუფს – მას ესაჭიროება არჩევნებზე მოსულთა ხმების 50%.

ამ აუცილებლობამ ისტორიულად განაპირობა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების გავლენის ფართო სივრცე, რომელიც უნდა მოიცავდეს სხვადასხვა პროფესიულ, ეთიკურ და რელიგიურ ჯგუფებს, და თავის მხრივ, გამოაცალა მათ გარკვეული რადიკალიზმის ან ექსტრემიზმის პოზიციებიც კი, რაც იმ პარტიების თვისებას წარმოადგენს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საზოგადოების მხოლოდ რომელიმე ჯგუფზე.

ხშირად ამბობენ, რომ ამერიკელების ცხოვრებაზე პოლიტიკური პარტიების გავლენა მცირდება. ალბათ, როგორც ყველგან, აშშ–შიც ადამიანები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საპროგრამო განცხადებებს, გამოსვლებს და ა.შ., მათთვის პირველ პლანზე გამოდის კანდიდატის პიროვნება და შესაძლებელია ის გარსი, რომელშიცაა გახვეული მისი გამოსვლები (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, საშუალო ადამიანზე).

1990 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა დაახლოებით 35% არ ემხრობოდა არც ერთ კონკრეტულ პარტიას. 1950 წელს ეს ციფრი ორჯერ ნაკლები იყო. ყველაფერ ამას მივყევართ მოქალაქეთა პოლიტიკური ქცევის განსაზღვრის ინსტიტუციონალური ფაქტორების ძიებისაკენ, და გარდა პოლიტიკური პარტიებისა ასეთ ფაქტორად გვევლინება თავად აშშ–ს საარჩევნო სისტემა, რომელიც თავის გვარში უნიკალური და ერთადერთია.

საარჩევნო სისტემა, როგორს საზოგადოების ინსტიტუტი

როგორც ცნობილია, ამერიკაში მიღებულია საყოველთაო საარჩევნო უფლება, მაგრამ ეს ქვეყანა, მაგალითად, ინგლისისაგან განსხვავებით, ვერ იამაყებს დემოკრატიული ტრადიციებით (ყოველ შემთხვევაში, მათი ხანგრძლივობით) და აი რატომ.

თანახმად მაშინ არსებული კანონისა, 1789 წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა შეერთებული შტატების სადღაც მხოლოდ ყოველ მეთხუთმეტე მცხოვრებს. ის უნდა ყოფილიყო თეთრი და რაიმე საკუთრების მფლობელი.

გარდა ამისა, შტატების უმრავლესობაში ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო თავისი შტატის ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიური კონფესიის წევრი. ბოლო პირობა არსებობდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, ხოლო საკუთრების ფლობის მოთხოვნა გაუქმდა მხოლოდ გასული საუკუნის შუა პერიოდში.

1870 წელს მიიღეს მეთხუთმეტე შესწორება, რომელმაც საარჩევნო უბანზე რასობრივი პრინციპით დაშვება გააუქმა, მაგრამ ზანგები ფაქტიურად კიდევ დიდ ხანს ვერ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო, როგორიც იყო ტესტი წერა–კითხვის ცოდნაზე, რაც საკმაოდ გვიან გააუქმეს.

ქალებმა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 1920 წელს მიიღეს, მეცხრამეტე შესწორების მიღების შემდეგ. ამ სფეროში ბოლო შესწორება 1971 წელს შეიტანეს, მან არჩევნებში მონაწილეობის მინიმალური ასაკი შეამცირა 21 წლიდან 18 წლამდე. მაშინ არგუმენტი იყო “თვრამეტი წლის ამერიკელები საკმაოდ დიდები არიან არმიაში გასაწვევად, მაგრამ არასაკმაოდ ხმის მისაცემად”, ეს კი უსამართლობაა.

კანონის თანახმად ახლა ხმის უფლება ყველას აქვს, გარდა ცნობილი გამონაკლისისა. მაგრამ დღესაც არსებობს ბევრი ამერიკელისათვის გადაულახავი წინააღმდეგობა. ეს არის აუცილებელი წინასწარი რეგისტრაცია.

წინასწარი რეგისტრაცია ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა ყველა მოქალაქემ, გარდა ჩრდილოეთ დაკოტის შტატში მცხოვრებთა, თავისი სურვილის შესახებ უნდა შეატყობინოს საგრაფოს მუნიციპალურ ორგანოს ან ადგილობრივ საარჩევნო კომისიას.

ეს პროცედურა არ არის მარტივი, ხოლო ყოველ შტატში ამის თაობაზე სხვადასხვაგვარი კანონის არსებობა კიდევ უფრო ართულებს მას. ზოგ შტატში მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს კონკრეტულ დროს და თან უნდა იქონიოს დაბადების მოწმობა (რაც არც ერთ ამერიკელს არ აქვს), ან თან მოიყვანოს მოწმეები, რომელთაც ძალუძთ დაამოწმონ, რომ ამ მოქალაქემ ნამდვილად დადო ფიცი კონსტიტუციის ერთგულებაზე.

ყოველ შტატს საკუთარი კანონი გააჩნია და იმ ადამიანს, რომელიც იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ყველაფერი ამის თავიდან გაკეთება უხდება (თუ, რა თქმა უნდა, სურს არჩევნებში მონაწილეობა).

ბუნებრივია, რომ ხმის მიცემის ასე გართულებული პროცედურა “ზარმაცთა” და “დაკავებულთა” დიდ რაოდენობას ხმის მიცემის უფლების გარეშე ტოვებს. მაგალითად, 1988 წელს რეგისტრაციის გარეშე დარჩა 52 მილიონი ადამიანი! სხვა ფაქტორებთან ერთად, მაგალითად ამომრჩეველთა აპათია და მათი უნდობლობა რაიმეს შეცვლის შესაძლებლობისადმი, ეს ყველაფერი იწვევს არჩევნებში მონაწილეთა ასეთ დაბალ პროცენტს.

აი არჩევნების საერთო მონაცემები 1932 წლიდან 1988 წლის ჩათვლით:

წელი არჩევნებზე მისულთა პროცენტი

1932 56,9
1936 61
1940 62,5
1944 55,9
1948 53
1952 63,6
1960 64
1964 61,7
1968 60,6
1972 55,9
1976 54,4
1980 52,9
1984 54
1988 50,1

ეს ცხრილი შეეხება მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებს, ხოლო სხვა დონეებზე, მაგალითად შტატის ან ქალაქის, არჩევნებში მონაწილეობს ამომრჩეველთა მხოლოდ 20–35 პროცენტი.

ამერიკაში ახლა ბევრს ლაპარაკობენ რეგისტრაციის ავტომატიზირებაზე, მაგალითად მართვის უფლების ან სოციალური დაზღვევის მიღების დროს. ამის მომხრე განსაკუთრებით დემოკრატიული პარტიაა, რომელიც თვლის, რომ მეტი აქტივობის დროს სწორედ მას შეხვდება იმ ამომრჩევლების ხმათა უმეტესობა, რომლებიც ახლა არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

რესპუბლიკელები ალბათ თავისთვის საწინააღმდეგო შედეგებს მოელიან და სწორედ ამიტომ ყველა ეს წინადადება, რომელთაც არ გააჩნიათ საკანონმდებლო მხარდაჭერა, ქაღალდზე რჩება.

საპრეზიდენტო კამპანია შეერთებულ შტატებში შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად. პირველი წინ უსწრებს ნომინაციას, ანუ ყრილობებზე ყოველი პარტიიდან ერთ–ერთი კანდიდატის დამტკიცებას, როგორც ოფიციალური და ერთადერთი კანდიდატისას, რომელსაც მხარს უჭერს პარტია. მეორე – პარტიის ყრილობების შემდეგი ეტაპია, როდესაც ორი კანდიდატი (ხანდახან სამი) ამომრჩეველთა ხმებისათვის ბრძოლის ბოლო სტადიაში შედის.

ნომინაციისაკენ მიმავალი გზა, ჩვეულებრივ, შედგება სამი ეტაპისგან: კანდიდატის განცხადება ბრძოლის დაწყების შესახებ, “პარტიული თათბირებისა” და “წინასწარი არჩევნების” დროს დელეგატთა საჭირო რაოდენობის მოპოვება, და კანდიდატის დამტკიცება პარტიის ყრილობაზე.

როგორც წესი, კანდიდატები თავისი სურვილის შესახებ, რომ სურთ ჩაებან ბრძოლაში საპრეზიდენტო სავარძლისათვის, აცხადებენ პარტიის ყრილობამდე ერთი წლით ადრე.

ის კანდიდატები, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილნი ყველა ამერიკელისათვის და მხოლოდ რომელიმე შტატს წარმოადგენენ, უფრო ადრე იწყებენ. მაგალითად, ასე იყო ჯიმი კარტერის, ჯორჯიის შტატის ყოფილი გუბერნატორის, შემთხვევაში, რომლის სახელიც 1975 წელს ამერიკელთა მხოლოდ ორმა პროცენტმა იცოდა. გამონაკლისს არც არკანზასის შტატის გუბერნატორი, ბილ ქლინთონი წარმოადგენდა.

კანდიდატმა ყრილობის მომავალი დელეგატები მხარდაჭერაზე უნდა შეიპიროს პარტიული თათბირების პროცედურის ან წინასწარი არჩევნების მეშვეობით.

ეს ორი ფორმა არსებითად ცოტათი თუ განსხვავდება ჩვეულებრივი ნორმალური არჩევნებისაგან, მაგრამ მათი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩევლებს, რომლებიც ასოცირდებიან ამა თუ იმ პარტიასთან, შეუძლიათ ხმა მისცენ მხოლოდ ამ პარტიის კანდიდატს, და არსებითად ისინი თავისი ხმებით არა თვით კანდიდატს ირჩევენ, არამედ ყრილობის კანდიდატთა იმ რაოდენობას, რაც ყრილობაზე ეყოლება ყოველ კანდიდატს.

შტატები თავად საზღვრავენ ასეთი არჩევნების კონკრეტულ ფორმას, და დაახლოებით 20 მათგანში ტარდება პარტიული თათბირები. პირველი ასეთი თათბირი ტარდება შტატ აიოვაში თებერვალში და მასზე გამარჯვებას არა იმდენად რეალური მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ფსიქოლოგიური, რადგანაც ეს გამარჯვება მაშინვე გამოყოფს ლიდერს პრესის თვალში და მთელი მისი შემდგომი კამპანია ჟურნალისტთა მეტ ყურადღებას იქცევს.

პარტიული თათბირები ასე ტარდება: განსაზღვრულ დროს ორ დიდ დარბაზში ცალ–ცალკე იკრიბებიან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის მომხრეები, შემდეგ, მაგალითად, როგორც აიოვაში, ისინი უნდა დაიშალონ ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ ამ პარტიის რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს. შემდეგ ასეთი დაჯგუფების შედეგებს ითვლიან ყველა საარჩევნო უბანში და განაზოგადებენ.

შედეგების მიხედვით, ყოველი კანდიდატი აგზავნის თავისი წარმომადგენლების გარკვეულ რაოდენობას, მიღებული ხმების პროპორციულად, შტატის პარტიულ ყრილობაზე, რომელიც არჩევს დელეგატებს ნაციონალური ყრილობისათვის. ასე ირჩევენ მთელი პარტიული დელეგატების დაახლოებით 25%–ს. დანარჩენებს ირჩევენ წინასწარ არჩევნებზე.

ახლა პრეზიდენტის წინასწარი არჩევნები ტარდება 36 შტატში, კოლუმბიის მხარისა და პუერტო–რიკოს ჩათვლით. პირველი შტატი, რომელშიაც ატარებენ – ნიუ ჰემფშირია, და მასში გამარჯვება თავისი მნიშვნელობით აიოვაში გამარჯვებას უტოლდება. ეს არჩევნები პარტიული თათბირისაგან პირველყოვლის იმით განსხვავდება, რომ ამომრჩევლებს თავისი სიმპათიის გამოსახატავად თავაზობენ ბიულეტენებს.

რადგანაც ყველა შტატს თავისი კანონი აქვს, წინასწარი არჩევნების საერთო სისტემაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

თუმცა მათი აზრი ნათელია – ის კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს მეტ შტატში, ყრილობაზე თავისი კანდიდატების მეტ რაოდენობას მიიღებს, და ეს უზრუნველყოფს მის ოფიციალურად დამტკიცებას.

თუ კანდიდატი ადრეულ წინასწარ არჩევნებში მარცხდება, ის, ჩვეულებრივ, წყვეტს წინასაარჩევნო კამპანიას.

ეს, როგორც წესი, ფინანსურ მოსაზრებებთან არის დაკავშირებული, საეჭვოა ვინმემ გაიღოს ფული დამარცხებისათვის განწირული კამპანიისათვის და შეიძლება სახელმწიფო დაფინანსებაც შეწყდეს.

ფედერალური კანონის თანახმად, ასეთი დაფინანსების მიღებისათვის, თითოეულმა კანდიდატმა 20 შტატში უნდა შეკრიბოს 5 – 5 ათასი დოლარი (ყოველი შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 250 დოლარს), ანუ სულ 100 ათასი დოლარი.

და მაინც დაფინანსება შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზედიზედ ორ წინასწარ არჩევნებში დააგროვებს ხმათა 10%–ზე ნაკლებს, და აღუდგენენ შემდეგ შტატში არანაკლებ 20%–ის მიღების შემთხვევაში.

როგორც ვხედავთ სახელმწიფო სახსრების გამოყოფის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე მათი შენარჩუნება. მაგალითად 1984 წელს ჯესი ჯექსონმა ორჯერ დაკარგა უფლება ამ სახსრებზე. ხოლო მათ გარეშე პრაქტიკულად ყველა წინასაარჩევნო კამპანია განწირულია, მაგალითად არ გეყოფათ ფული ტელევიზიაში საკუთარი რეკლამის განთავსებისათვის, და ამის გარეშე კი პოტენციურ ამომრჩევლებს დაავიწყდებათ კანდიდატი და პრესა საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ იგი დამარცხდა.

ალბათ ბევრი დადებითი აქვს წინასწარი არჩევნების სისტემას, რომელიც კანდიდატთა მრავალგზის გამოცდას თავაზობს და მათი შერჩევის პროცესს უფრო დემოკრატიულს ხდის.

თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანდიდატთა გამარჯვების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ის, თუ რამდენად მოხერხებულად წარუდგენენ ისინი თავის თავს იმიჯის შემქმნელ პრესას, და არა მათი ნამდვილი თვისებები. გარდა ამისა, ყოველ შტატში ამ პროცედურის გამეორება ქანცავს კანდიდატს, და თანდათან თავს აბეზრებს ამომრჩევლებს, რომლებიც არჩევნების შედეგებსაც კი აღარ აქცევენ ყურადღებას.

რეფორმის მომხრეები თავაზობენ მხოლოდ ერთი წინასწარი არჩევნების ჩატარებას, ერთ დღეს და მთელს ქვეყანაში ერთდროულად. ითვლება, რომ თუ ამ სიახლეს მიიღებენ, მაშინ ნაციონალურ პარტიულ ყრილობებს დარჩებათ მხოლოდ ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატების დამტკიცება. მსგავსი ნოვაციების წარმატება ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.

ამერიკის საარჩევნო სისტემის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ საყოველთაო არჩევნების დღეს, ნოემბერში, ამომრჩეველი სინამდვილეში არა ახალ პრეზიდენტს აძლევს ხმას, არამედ თავისი შტატის ამომრჩეველთა კოლეგიას.

ყოველი შტატის ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა შეესაბამება ამ შტატის წარმომადგენელთა რაოდენობას წარმომადგენელთა პალატაში და სენატში. ასე მაგალითად, შტატი ჯორჯია, რომელსაც ყავს 10 კონგრესმენი და 2 სენატორი, იღებს 12 საარჩევნო ხმას. კალიფორნიას, აშშ–ს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატს, აქვს 47 საარჩევნო ხმა. სულ ასეთი 538 ხმაა.

1988 წელს, როდესაც ბიულეტენში ხმის მისაცემად შეტანილი იყვნენ ჯორჯ ბუში და მაიკლ დუკაკისი, ამომრჩეველმა, რომელმაც ხმა მისცა ბუშს, სინამდვილეში ხმა მისცა იმ 12 ადამიანს, რომლებიც, ცნობილი იყო, რომ უსიტყვოდ უჭერდნენ მხარს მის კანდიდატს. რადგანაც 1988 წელს ბუშმა ჯორჯიას შტატის ხმათა უმრავლესობა მიიღო, ამიტომაც მას ერგო ყველა 12 საარჩევნო ხმა. იგივე მოხდა კალიფორნიაშიც.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, დეკემბერში, ყოველი შტატის დედაქალაქში იკრიბება კოლეგიები, და უშვებენ ბიულეტენებს სპეციალურ ურნაში. შემდეგ ყველა ბიულეტენი იგზავნება ვაშინგტონში და ითვლება სენატში, და ეს ფორმალური თვალსაზრისით ასრულებს საარჩევნო პროცესს.

თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს სულ ცოტა 270 ხმას (უმრავლესობა 538–დან), მაშინ კონგრესი თავად ირჩევს პრეზიდენტს, ხოლო სენატი – ვიცე–პრეზიდენტს.

ვის სჭირდება “საარჩევნო კოლეგია?”

ამომრჩეველთა კოლეგიის სისტემა ბევრს უმაქნის ატავიზმად ეჩვენება, იმ დროის გადმონაშთად, როდესაც დამფუძნებელ–მამებს მაინცადამაინც არ სწამდათ უბრალო ადამიანის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებისა და თავისი ხმით რაიმეს გადაწყვეტისა.

ამერიკული სისტემის კონსერვატორულმა ტრადიციონალიზმმა ეს სისტემა ჩვენამდე შემოინახა და დღეს აშკარად ჩანს მისი ნაკლი და უსამართლობა.
ჯერ ერთი, შეიძლება ისე მოხდეს, რომ კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა მოაგროვა მთელს ქვეყანაში, მაგრამ წააგო რომელიღაც გარკვეულ, მაგალითად კალიფორნიის, ნიუ–იორკის, ტეხასის, პენსილვანიის ან ილინოისის შტატში, არ გახდეს პრეზიდენტი.

გარდა ამისა, ეს გარემოება აიძულებს კანდიდატთა წინასაარჩევნო გუნდებს მთელი ყურადღება მიაქციონ იმ შტატებს, სადაც ამომრჩეველთა ხმების დიდი რაოდენობა შეიძლება მოაგროვონ, ხოლო ისეთი შტატები, როგორიცაა, მაგალითად, სამხრეთ დაკოტა, 3 ხმით, ხშირად რჩებიან პრეზიდენტობის კანდიდატების მარშრუტის მიღმა.

მეორე, რჩება იმის სასიშროებაც, რომ თუმც ამომრჩევლები ვალდებულნი არიან თავის შტატში გამარჯვებულს მისცენ ხმა, მაგრამ ეს ვალდებულება უფრო მორალურია და არ არსებობს არავითარი იურიდიული წინაპირობა იმისა, რომ აიძულოს ისინი ხმა მისცენ ზუსტად ასე და არ გადაიფიქრონ.

ამერიკის ისტორიაში ცხრაჯერ უყარეს კენჭი ამომრჩევლებმა არა ისე, როგორც მათგან ელოდნენ. მართალია მაშინ ამას არ უმოქმედია არჩევნების შედეგებზე, მაგრამ ასეთი საშიშროება მაინც რჩება.

შეიძლება წარმოვიდგინოთ ისეთი სიტუაცია, როდესაც ერთი კანდიდატი აგროვებს 270 ხმას, მეორე – 268–ს, და არჩევნების შედეგი მთლიანად იქნება დამოკიდებული რომელიმე კონკრეტული ადამიანის შეხედულებეთა თანმიმდევრობაზე.

მესამე, არჩევნების შედეგებზე შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინოს მესამე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ან სხვა პარტიის კანდიდატმა, რომელმაც შეიძლება შესძლოს ამომრჩეველთა ხმების რაღაც რაოდენობის დაგროვება, რაც არ მისცემს ორი წამყვანი პარტიის არც ერთ კანდიდატს მიაღწიოს უმრავლესობას.

ასეთი რამ კინაღამ მოხდა 1968 წელს, როდესაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯორჯ უოლესმა შეძლო 46 ხმის მოგროვება.

პრეზიდენტის კონგრესის მიერ არჩევის აუცილებლობამ შეიძლება დიდი სართულეები გამოიწვიოს, მას ხომ ხმა უნდა მისცეს შტატების მიერ წარგზავნილი 50 დელეგაციიდან 26–მა.

თუ კონგრესი ვერ მივა გადაწყვეტილებამდე, მაშინ სენატის მიერ არჩეული ვიცე–პრეზიდენტი შეიძლება გახდეს პრეზიდენტი.

აქედან გამომდინარეობს, რომ ის სისტემა, რომელსაც გააჩნია ამდენი წყალქვეშა ქვები, უნდა გადაიხედოს. ამის ცდები იყო ადრეც, და ახლაცაა მისი რეფორმის სხვადასხვა გეგმები, მაგრამ ისინი ჩვენთვის უკვე ცნობილი მიზეზების გამო, ალბათ გეგმებად დარჩებიან.

გადმოქართულებულია NDI-ის მასალიდან

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: