RSS

მე ვარ შაჰი თამაზი

18 May

მე ვარ შაჰი თამაზი,
მიყვარს დილის ნამაზი,
ნადირობაც მიტაცებს, მიმინო და გავაზი, აქეთ რუხი ნაგაზი, იქით შავი ავაზა, ცხენი ინალიფასი, მშვილდი ოჩიგავასი.

წინ გაიგდე მარეკი პოწოლიკა ფესითა, აჩუ-აჩუს ხანდახან წაეშველე დეზითა, ჟუჟე ნადირ-ფრინველი, მდელო სისხლით დახაზე, შაჰი ვის უნახია გამოზრდილი ფაფაზე.

შეისვენე პაწახანს, როცა მოხვალ მადაზე, ტახი გასვი შამფურზე, გნოლი პერტყე ტაფაზე…

ახლა მოვინახულებ იტალიელ ხუროსა, დღეს ახალი სასახლე უნდა დამიხუროსა. ხარაჩოზე მიმორბის, ხელთ უპყრია თარაზო და თავისად ასაღებს ფასადს, მონაპარავსო.

იდეების პარვაში მარდია და მალხაზი, ტაჯ-მახალის ხუროსთვის აუწაპნავს ნახაზი.

თან ხალისით აწვალებს დურგალს კაფანდარასა, მერამდენედ უწუნებს საწყალს კარ-ფანჯარასა, თუმცა, დარდი არა მაქვს ასიოდე ევროსი, მართლა დედა ვატირე საქმის, სანახევროსი.

ამ ქოშების ჭრაჭუნმაც გამიჩინა ნევროზი, თურმე ამას მოუკლავს კიროსი და პეროზი,

თუმცა, მგონი მეშველა, ახალი მყავს ხარაზი, მიფეშქაშა შირვანშამ ოგანოვი ვარაზა.

თუ ვარაზას წაღაში ფეხის წაკვრა მეღირსა, ნუღარავის გექნებათ დარდი ჩემი ფეხისა.

მემრე მელის ჰარემი, ასი ცოლი ლამაზი, მათთან ერთად ნადიმი, მთები შაქარლამასი, ოხშივარი სუფრაზე, ცივი ნამი სურაზე, ხელით გაჭმევს ჩიჩიას შენი გულის მურაზი, იქნებ დაიმსახუროს მოსასხამი მურასა, რათა მერე აჩუქოს აშიკს, ყურპანტურასა.

ცოტა თავიც დაზოგე, უარი თქვი ქამაზე, თორემ ძლიერ ინანებ, ჩაროზი რომ გამაზე, გინდ გიტევდეს ჰამაზი, ალაყაფი ჩარაზე, და უარი არა თქვა ალვახაზის ჭამაზე,

ჭამის მერე, ამბობენ, არ არიო საშიში, გუნებასაც აამებს კანაფი და ჰაშიში. მროკავ ქალთა საჭვრეტად, შემოსკუპდი რაფაზე და დასტყუე ყალიონს ერთი-ორი ნაფაზი. რომელიმემ შუშპარით თავი თუ დაგავასა, ხელიც მოუთათუნე მის ნაჯაფარ გავასა.

იქვე იხმე სარდალი ანდუყაფარ ჩაფიძე და სიქის გაძრობამდე ერთგულება აფიცე.

თან უსმინე ბაიათს კაცის, ენამჭევრისა, ვისაც ამოუცვნია საიდუმლო ქვევრისა, და თუ ჩაუჩხრიალე რამდენიმე აბაზი, სულ სიმღერად დადნება დაშაქრული ჰაფიზი.

სანამ მოგეძალება სიბერე და მარაზმი, ინავარდე, გაერთე, ნუ გადარდებს ხვარაზმი.

თუკი, ჩემო დიოგენ, უარს ამბობ ამაზე, უკეთესი რაც იცი, თავად შემომთავაზე.

 

One response to “მე ვარ შაჰი თამაზი

  1. Qetevan Chikashua

    February 26, 2013 at 12:10 am

    ამ ლექსში ყველაფერია,- ბრწყინვალე ლექსიკა, დიდებული რითმები, უზადო იუმორი, ისტორია
    დახვეწილობა, სისადავე,მუსიკა( სამწუხაროდ ამ ლექსის ავტორივით მდიდარი ლექსიკას და წარმოსახვის უნარს ვერ ვფლობ და მეტი საქებარი სიტყვები ვერ მოვიფიქრე, თუმცა ძალიან მინდოდა)-და ამ შედევრიას ავტორი ამტკიცებდა, რომ მისი საქმე არქიტექტურა და გრაფიკაა…..აბა პოეტები ვინღა არიან?!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: