RSS

ზნენი სამამაცონი – 42, ფერი და ანდაზი

08 May

“მინდორთა მამშვენებელო, ვარდო გაშლილო ველადა,
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ–წარბის წერადა,
ვინ მისცა საწერ–კალამი, მოგხატა ათასფერადა. ”
ხალხური

“შედარებით მცირე ტერიტორიაზე, ქვეყანაში, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ნაციონალური ხასიათი აქვს, – ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მოწმე ფოლკლორის განვითარების სულ სხვადასხვა საფეხურებისა და პროცესებისა…

ქართული მასალის თავისებურება ისაა, რომ მას არა მარტო შემოუნახავს სხვადასხვა მცირე ტომების მსგავსად შემოქმედების არქაული ფორმები, არამედ იგი საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ეს არქაიკა მაღალი განვითარების ფორმებს ისევ ქართულ მასალებში, საქართველოს ტერიტორიაზე” (“რჩეული ქართული ზღაპრები” ელ. ვირსალაძის რედაქციით, თბ., 1949 წ.).

ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებზე თვალის ერთი გადავლებაც კმარა, რომ დავინახოთ მეტად თვისებური და ნატიფი გემოვნება ჩვენი წინაპრისა.

მხატვრობასა თუ ყოფითი დანიშნულების საგნებში (ტანისამოსი, ფარდაგი, მანდიკური და სხვა) ყურადღებას იქცევს ფერთა შეხამების საკმაოდ მკაცრი კანონზომიერება და უაღრესად დახვეწილი ანდაზი (ორნამენტი).

ანდაზი

უხსოვარი დროიდან, როგორც მატერიალური კულტურის ნიმუშებში, ასევე ზეპირსიტყვიერებაში, სჭარბობს შავი, წითელი და თეთრი ფერები, რომელთაც, გამომსახველობითის გარდა, გარკვეული საკრალური დატვირთვაც აკისრიათ.

წითელი ფერი უფრო მრავალმნიშვნელოვანია, რაც ალბათ შუასკნელის ბუნებრივი სიჭრელით არის განპირობებული.

მეგრული “ჩე”–დან (თეთრი) უარყოფითი უ ნაწილაკის დამატებით იწარმოება “უჩა” (შავი). ეს, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ შავი თეთრის საპირისპირო მხარედ აღიქმებოდა.

ხალხურ შელოცვებში შავი მხედრები ქვესკნელიდან (სულეთიდან) ამოდიან და კაცის სამავნებლოდ იღვწიან: “გამევიდა მაკილაპი შავი ხვლიკი ქვესკნელიდანა, ამეიყვანა შავი ცხენი, შავი შეკაზმულობითა, შავ ტანზედა შავი ჯაჭვი ჩაეცო, შავ თავზედა შავი ზუჩი დაეხურა, შავ წელზედა შავი ხმალი შემოეკრა…”

საინტერესოა ისიც, რომ ფერთა გავლენიანობა შავიდან თეთრისკენ დაღმავალია. აქ შეიძლება გავიხსენოთ სივრცის განფენილობის გააზრება ხალხურ წარმოსახვაში.

თეთრი, ანუ ბოროტ ძალთა დამთრგუნველი, შედარებით ახლო მყოფი ძალაა, ხოლო შავი უკანა სკნელს, ანუ უკუნს წარმოადგენს. ეს უკუნი, რომელიც მიუწვდომლისა და მარადიულის (იხ. “უკუნითი უკუნისამდე”) აღქმაა, ყველაზე ძლიერ ძალად მოიაზრება.

“ამირანიანში” ამირანის მიერ ძმების განაწილება გველეშაპებთან შესაბრძოლებლად აღმავლობის ნიშნით (თეთრს ბადრი უნდა შეებრძოლოს, წითელს – უსუპი, შავს თავად ამირანი) ამისავე დასტურია. საინტერესოა ძმების ნაწილიანობაც – ბადრი მთვარის ნიშნითაა აღბეჭდილი (თეთრი), უსუპი – მზისა (წითელი).

კვლავ გავიხსენოთ ლექსი თორღვაზე – “მარჯვნივ მზე წერებულიყვა, მარცხნისკე მთვარის ნალიო.”

თუ თორღვა ორივე ერთად ჰქონდა, მაგრამ ჩოთამ ერთი გაჭვარტლული ისრით შეძლო მისი მოკვლა, ეს, შესაძლოა, შემდეგს ნიშნავდეს: ან ამ პერიოდისთვის სიმბოლოებს ძველი აზრი დაკარგული აქვთ და მხოლოდ ინერციითღა მოიხსენიებენ, ან კიდევ შავი გამჭვარტლული ისარი (შავი, ანუ უკუნი, ანუ მარადისობა, ანუ უსასრულო სივრცული შორეთი) იმდენად აღმატებული ძალის სიმბოლოა, რომ თეთრსა და წითელს (აქ მზესა და მთვარეს) ერთად სჯაბნის.

სიმბოლოებში სხვა ფუნქციათა შორის იკვეთება დამცავი დანიშნულებაც. გავიხსენოთ ჩვეულებანი, როცა წესის აღმსრულებელი, შემლოცველი, მესმინაე თუ სხვა, ავსულთაგან დასაცავად, წრეს ივლებს ირგვლივ.

დამცავი სიმბოლო უშუალოდ დამცავი იარაღის აუცილებელი ატრიბუტი უნდა იყოს. ასეც არის – ხევსურული ფარის დამცავი სიმბოლოა კონსტრუქციულ ელემენტად ქცეული “გუმბათის ხატი”.

ამავე დროს საგნებზე ამა თუ იმ სიმბოლოს ხშირი გამეორება გვაფიქრებინებს, რომ ეს არა ოდენ ოსტატის გემოვნების ნაყოფია, არამედ ნივთის მომხმარებელთა შორის გაბატონებული იდეოლოგიური სტანდარტის სავალდებულო ასახვა.

დასტურად გამოდგება გასული საუკუნეც, როცა ბელადიან სახელმწიფოებში ან ხუთქიმიანი ვარსკვლავი უნდა მიხატულიყო ყველაფერზე, ან – სვასტიკა.

უძველეს დეკორში ასევე ყურადღებას იქცევს ადამიანის შეუპოვარი მცდელობა გამოსახულების გამოძრავებისა. გავიხსენოთ ცნობილი გამოქვაბულის ნახატი, მსრბოლავი ირმის გამოსახულებით.

მოძრაობის გადმოსაცემად მას ნახტომის სხვადასხვა მდგომარეობის ამსახველი ფეხები ერთადა აქვს მიხატული. არსებობს ნახატი, რომელშიაც გასროლილი ისრის მიერ განვლილი გზა წყვეტილი მრუდითაა გამოხატული.

ეფექტურ მიგნებას წარმოადგენს აგრეთვე სცენები, გამოსახული წრიული ფორმის ნივთებზე (მაგ. თიხის ან ლითონის ჭურჭელზე). მათ დასათვალიერებლად გვიწევს ნივთის ბრუნება, რაც მოძრაობის იმიტირებაა.

ნახატი ამ ხანაში ძირითადად სარიტუალო დანიშნულებისა იყო და ამიტომ დევნის პროცესის ასახვა უფრო მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული, ვიდრე ნადირობის ფინალისა.

ჩვენებური ბორჯღალაც ხომ “ცარგვალზე” მგორავი მზის ასახვაა.

ritual_masala_1_cr

ეს სპილენძის გულსაკიდი 35 საუკუნისაა. ეს სახე ერთ–ერთი უხნესია ქართულ ორნამენტში და შესაძლოა მისი ასეთი დღეგრძელობის მიზეზში, გარდა აღწერილისა, მისი სხვა თვისებაც იყოს კოდირებული.

ყოველ შემთხვევაში წინაპარი მოძრაობას ცალსახად უკავშირებს სიცოცხლეს, ხოლო მზის დადგომა სიკვდილთან არის გაიგივებული (“ხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, დგებოდა”).

ჰიპოდინამიის საუკუნეში ალბათ შეუძლებელია სრულად ჩაწვდე, თუ რას ნიშნავდა წინაპრისთვის მოძრავი, ჯანსაღი სხეული.

ფერი და შეფერილობა

იისფერი – ჟალი, იასამნისფერი, სოსანი (მოწითალო იისფერი), ყვიჟილი (მოლურჯო);

ლურჯი – ლედნა, ლუში, სიავი, ლილისფერი, მავი (ბაცი), ლაინი (მუქი), მერცხლისკუდისფერი, ლიგვირი, ცისფერი, მტრედისფერი, ფირუზი, ლაჟვარდი, გრემანი (ზღვისფერი), აბიგოგი, საფირონი, ბაყამი (ხუნი), ბიშინი (მოლურჯო ლეგა);

მწვანე – ბალახისფერი, წენგოსფერი, ზურმუხტოვანი, მოლისფერი, ჭაობისფერი, ჟანგარო (სპილენძის ჟანგისა), აფეი;

ყავისფერი – მიხაკისფერი, მრეში, გრემა, მურა, ინგუშა, ბურაული (შავწითელი), წაბლონი, ვეჟანა, რახსი, ზანგელა, თაფლისფერი, ჯოლღაო, ბერწელი, მოსისო, ჟანგი, ხაკისფერი, ხორბლისფერი;

ყვითელი – ჩალისფერი, ქარვისფერი, ზერდაგი, ოქროსფერი, ბობრი, ქარცი, ქერა, ბუსლა, გოჟო, კოვსაკი (ხუნი), სარი (ლაზ.);

ნარინჯისფერი – მარჯნისფერი, ჟრალი, ჟღალი, დურცხი (მეტად მწითური), ჟაღი, კაპრაში (ყვითელმოწითალო), ჭერემა;

წითელი – ჯურა, ქურანა, ალათი (ალისფერი), შვინდისფერი, სარია, მურაშა, ყირმიზი, ღაჟღაჟა, მწითური, წიქარა, ცეცხლისფერი, ჯიგრისფერი, სირიკა (ალისფერი), მეწამული, ჭარხლისფერი, ჭიაფერი, ჭითა (მეგრ.), ჟინჟღალა, ჟინჟღი, ბრაწი, ძოწი, მარწყვისფერი, ლალისფერი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი, ღვინისფერი, ბისონი (ნაკვერცხლისფერი), არღავანი (მუქი წითელი);

ნაცრისფერი – რუხი, ლეგა, ყომრალი, სისვი, ჟრუნი (მონაცრისფერო ჭრელი), თალხი, ნისლა, ჭარმაგი, გოში, ლეგონი, ლემანი, ლიბერი (მკრთალი), ქისონი (თაგვისფერი), ფეროი, კვამლისფერი;

შავი – შავრა, კუნაპეტი, კუმეტი, ყურჭი, გიშერა, სათი, კუკუნახი, გიგლა, გურგუზანი, გეგენახი, ლუსკუმი, შუშხი, ბენცი, ბერბეცი, კერატანა, უჩა, ყურყუმი, ტიღა, წკვარამი;

თეთრი – ბიბა, თინთიკი, მარციალი, მყიე, რჩელა, სპეტაკი, სპეტი, ტიაცი, ქარქარა, ცია, ჩე.

აკიკი – წითელი ძვირფასი ქვა
ალისარჩული – ძოწისფრად მღები ბალახი
ანაბზინი – ანარეკლი შუქი
ანგელოზისფერი –
არილი – მზის ანაბზინი
არჯასპი – შავად მღები
ბეზეკი – ელვარე
ბობოწვერა – ფიჭვის ხავსი, ყვითლად მღები. ყვითლადვე ღებავს ვაშლის ქერქი ან ქერქგაცლილი თრიმლი
ბრკიალი – ელვარება, ბზინვა
ბრწყინვალე – თეთრსაჩინო
ბრჭყვინვა – მცირედ ელვარება
ბუჟღუნდი – წითლად მღები ჭია
გადოილი – ჭრელჭყეტელა
გრემანი – მქრქალი
გუნდა – საღებავი მუხის კაკრა
დადედვა – შეღებილის განმტკიცება
დავე ლაქანა – მწვანედ მღები (სვან.)
დეკა – წენგოსფერიდან ყვითლამდე მღები
დიში – წითელი სახატავი
ეკი – წითელი საღებავი თიხა
ენდრო – წითლად მღები მცენარე
ვარაყი – ქანდა
ვასვასი – ელვარება, გელა
ზაბაკი – სადაფოვანი
ზუმბური – ლაქი
თავშავა – ძაღასთან ერთად შავად ღებავს
თითოფერი – ნაირ–ნაირი
თინათინი – ათინათი, მზის ანარეკლი
თრიმლი – ლაფნისა და კაკლის ქერქთან ერთად და ძაღათი შავად ღებავს, უძაღოდ – წენგოსფრად. დიდოური თრიმლით კაპრაშად იღებებოდა
კაბო – ჭრელი (მეგრ.)
კარაკანი – ნათელი (მეგრ.)
კიანთი – ძლიერი ნათება
კინაწილა – საღებავი შავი ტალახი
ლაპლაპი – გამდნარი ილეკროს ელვარება, გელობა
ლები – მიწალები, შავად მღები
ლები – ჩალურჯებული
ლიბრი – სიმღვრივე
ლილა – ლურჯი საღებავი
ლოთერი – ხის ქერქის საღებავი
მანანა – წითელი საღებავი
მარღი – თვალთეთრი, მაჩხი, აღრიელი
მიწანელა – საღებავი მიწა
მორთა – ფერის ცვლა, გახუნება (მეგრ.)
მური – ქართულად ფარილი
მღებარი – საღებავთმცოდნე
მწკერი – მზით აპრიალებული, ლაპი
ნარინჯი – ყვითლად მღები, თრიმლი
ნახჭი – ამოკვეთილი ნახატი
ოლღუნი – იალღუნი, ჟღალად მღები
ოქრა – ჟანგმიწისაგან ნამზადი საღებავი, მოყვითალო, მომწვანო, მოწითალო
ჟივშავი – საშუალოდ აღრიელი
ჟიკჟიკი – ბრწყინვა
საია – სადა, ქარაი, უსახო
სვილა – ღია, მკრთალი, ბაცი
სინგური – წითლად საწერ–საღებავი
ტიტიბი – ბროწეულის ქერქი (წენგოთი დადედვილს წაბლისფრად ღებავს, შაბით დადედვილს – შავად)
ქუში – მუქი, დაბინდული, ქუფრი
ყარტალა – უამურად ჭრელი
შეგალება – ფერის გაღიავება
ჩაღი – ნათელი, ჩხუ (ლაზ.)
ჩიჩხი – ღია ჭრელი
ციატი – ცრიაგი, მქრქალი, არქატი
ძაღა – ფერის გასამაგრებელი
წართხალი – ლილაგავლებულს მწვანედ ღებავს, ასევე ღებავს მყრალა ბალახი, ვერხვისა და არყის ფოთოლი
წერი – შავი საღებავი
ჭარგა – მრავალფეროვანი
ჭერთხელა – ყვითლად მღები მცენარე
ჭვირი – გამჭოლი სხივი
ჭიაფერა – წითლად მღები მცენარე
ჭივილი – მკვეთრი ფერის განცდა
ჭიჭრიკონა – ხიდოშა, შეუხამებელი
ჭყეტელა – ბრეთელა, მკვეთრი
ხაჟო – ჭრელი, ტარტულია (მეგრ.)
ხაქოლი – წართხალი, ყვითლად მღები
ხუნი – ფერდაკარგული
ჯანგარო – სიპის თეთრნარევი ხავსი,

ღებვა: გადმოღებულია გიორგი ბოჭორიძის წიგნიდან “თუშეთი”: – “აგებულ ქვაბში” ან “საშავეში” ან “საკიდეში” ჩაასხამენ წყალს და ჩაყრიან მასალას იმისდა მიხედვით, რომელი ფერიც უნდათ.

როცა წამოდუღდება, მაშინ შიგ ჩასდებენ მატყლს ან ბაწარს და მასთან ერთად ხარშავენ. დუღილისას ათასში ერთხელ შეშით ურევენ რომ ძირზე არ მიიწვას და როცა ნახავენ, რომ შეიღება, ამოიღებენ და ლასტზე დასდებენ, რომ დაიწუროს; ზევიდან თბილ ნაბადს (ან სხვა რასმე) გადააფარებენ, რომ დაიორთქლოს და ფერი კარგად გაუჯდეს და ნაღებს ჩააკვდეს.”

 

2 responses to “ზნენი სამამაცონი – 42, ფერი და ანდაზი

  1. გულნარა

    November 5, 2010 at 11:48 pm

    საინტერესოა

     
  2. კახა ხოსტარია

    December 5, 2010 at 3:40 pm

    ბრწყინვალეა

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: