RSS

ზნენი სამამაცონი – 41, მკურნალობა

08 May

“პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა, და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისსა არცა ერთი რა იქმნა რა. მსგავსო ასპიტისაო, ნაშობო იქედნეთაო, რომელი გამოხველ ხეთა ღრმათაგან, მუხათა ძირთაგან, ძირნი შენნი წამლად დაწუნე და განვაქარნე ქარსა მას თანა ნიავქარისა. სართო განთი აფირო კარკიტე სოსანი აღმართა ივლე” – ლოცვანი მრავალთა სენთანი.

სიტყვის მნიშვნელობის ხაზგასმა ამ შელოცვის დასაწყისში შემთხვევითი არ უნდა იყოს. შელოცვებს ქართულ სამკურნალო ტრადიციაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა, ხოლო შემლოცველის უმთავრესი იარაღი კი, ცხადია, სიტყვა გახლდათ.

აქ განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა გაურკვეველ სიტყვათა ნაკადს, რაც ალბათ მკურნალის ზებუნებრივ ძალებთან კავშირში არწმუნებდა ავადმყოფს და ეს რწმენა ხანდახან საოცარი ფორმით ვლინდებოდა.

აღწერილია შემთხვევა, როცა სახალხო მკურნალ მგელიკა ლიქოკელს მიუყვანეს თავის მძიმე ტრავმის გამო წელსქვემოთ დადამბლავებული ახალგაზრდა, რომლის გადარჩენაც ექიმთა აზრით, შეუძლებელი იყო.

მგელიკას მიერ ავადმყოფისადმი ნათქვამი ერთადერთი ფრაზა – იმ სიპი ქვასავით გამაგრდიო – საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყოველგვარი ნარკოზისა და გამაყუჩებლის გარეშე, ჩამსხვრეულ თავის ქალაზე უმძიმესი ოპერაცია წარმატებით წარმართულიყო.

თვით სიტყვა მედიცინა რომ მედეას უკავშირდება, ამაზე დღეს ალბათ აღარავინ დაობს. ამსათანავე, წყაროებში იკითხება, რომ მედეას დედას საგანგებო სამკურნალწამლო ბაღიც ჰქონია, ხოლო მის მამიდა ცირცეს (სიცილიის ლეგენდარული მეფის – იტალოსის ბებიას) კი ელინნი მრავალ საოცარ ცოდნას მიაწერდნენ და ქალღმერთად მიიჩნევდნენ.

ბერძნული მითის თანახმად მედეას შვილიშვილს ილოსს შეეძლო ნაირგვარი სასიკვდილო შხამების დამზადება, მაგრამ ოდისევსს იარაღისთვის ასეთი შხამების დამზადებაზე უარი უთხრა ღმერთების რისხვის შიშით (სხვამხრივ მედეას შვილიშვილის არსებობა იმის დასტურია, რომ მის მიერ ყრმა შვილების დახოცვა სრულიად სხვა დატვირთვის მქონე და ბევრად გვიანი გამონაგონია)…

საქართველოში ნაპოვნია ძვ. წ. XVII საუკუნით დათარიღებული ორიარუსიანი კერამიკული ჭურჭელი, რომელიც მეცნიერთა აზრით არის გამოცემებისა და მონახარშების მოსამზადებელი უნიკალური აპარატი.

დაახლოებით ამავე პერიოდს განეკუთვნება გველის გამოსახულებიანი (!) ფერადი მინის ბოთლი, რომელსაც ყელი ისე აქვს მოწყობილი, რომ სითხე წვეთ–წვეთად გადმოდინდეს (ანუ დოზატორი).

აქვე უპრიანია გავიხსენოთ, რომ წინააზიური წარმოშობის ღვთაება აპოლონი ლეგენდარული მკურნალის, ასკლეპიოსის მამაა. ასკლეპიოსის წმინდა ცხოველი კი გველი გახლდათ.

გველია თუში გველუკაშვილების საგვარეულო ტოტემი (ამ გვარის წარმომადგენელი – გიორგი გველუკაშვილი კრივის უებრო მცოდნე გახლდათ. მის საგვარეულო სკოლაში ჩამოქნილ–ჩამოხვეწილმა თუშური კრივის რამდენიმე უნიკალურმა ილეთმა ჩვენს ყულაბამდინაც მოაღწია).

პრიამოსის შთამომავალთა მიერ დაარსებულ მიზიის დედაქალაქ პერგამში (ახლანდელი – ბერგამა), ასკლეპიოსის უძლიერესი საკულტო ცენტრი ყოფილა. იოანე ღვთისმეტყველის თქმით, აქ სატანის ტახტი იდგა, რაშიც სწორედ ასკლეპიოსის ტაძარს უნდა გულისხმობდეს.

ძვ. წ. V საუკუნეში უფლისციხეში თახჩებიანი აფთიაქი არსებობდა. ასეთივე აფთიაქია ნაპოვნი ვარძიაშიც.

წინაპართა მაღალ ჰიგიენურ კულტურაზე მეტყველებს არმაზქალაქის თერმული აბანოები (ჰიგია ასკლეპიოსის ქალიშვილი გახლდათ).

სტრაბონის ცნობით მოსინიკებმა პომპეუსის ლაშქარს მათრობელა თაფლი დაულაგეს გზაზე და შემდეგ, გაბრუებულები იოლად დაამარცხეს. ეს ამბავი ალბათ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ერთ–ერთი პირველი შემთხვევაა.

სტრაბონი ასევე აღწერს სვანების მიერ ისარზე წასაცხებად გამოყენებულ საოცარ შხამს. ასეთი ისრით დაჭრილი მეომარი ისე ყარდა, რომ მოსავლელად ვერ ეკარებოდნენო. ამ შხამს ძალზე წააგავს სვანეთში ერთ–ერთი საგვარეულო ცოდნით დაცული ბიოლოგიური შხამი – მანაგიმიში.

მეტი ინფორმაცია ამ საკითხზე გასაგებ მიზეზთა გამო არ მოგვეპოვება.

ხარისჭირაშვილთა და ადუაშვილთა გვარები ევროპაზე გაცილებით ადრე ფლობდნენ ყვავილის ვარიოლაციური აცრის მეთოდს, მაგრამ ნიადაგ შერყეული სახელმწიფოებრიობისა და, აქედან გამომდინარე, მყარი სამეცნიერო და კულტურული კავშირების უქონლობის გამო, ვერც ეს ფასდაუდებელი ცოდნა ვაქციეთ ზოგადსაკაცობრიო საკუთრებად.

ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა იოჰან გიულდენშტედტმა საქართველოში მოგზაურობისას (1771–72 წლებში) აღწერა ყვავილის აცრა.

ინგლისელმა მედიკოსმა ედუარდ ჯენერმა კი მხოლოდ 1796 წელს დაიწყო ექსპერიმენტები ამ მიმართულებით და ვაქცინაციის ფუძემდებლად იქცა.

აცრის მეთოდს ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთშიაც ძველთაგანვე ფლობდნენ, მაგრამ გიულდენშტედტის მიერ საქართველოდან ევროპაში შეტანილი ინფორმაცია იმდენად ახლოა ჯენერის ცდების დასაწყისთან, რომ ვინძლო ჯენერამდე პირველმა სწორედ ქართულმა ცოდნამ მიაღწია.

უკვე 1805 წელს კი ქართველი მოღვაწე გოდერძი ფირალიშვილი აცნობებს იოანე ბაგრატიონს, რომ ქართულად თარგმნა “აცრა ძროხის ყვავილთა, წინადვე დამცველად ბუნებითისა ყვავილის ვნებისაგან”… – ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ არც უკანასკნელი, როცა ჩვენი ინტელექტისა თუ ოფლის ნაყოფი უკან სხვა სახელით გვიბრუნდება.

ჩვენებურმა კარაბადინებმა საკმაოდ დიდი მოცულობის მასალა შემოგვინახეს, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ამ თავს სათანადო ცოდნის მქონე კაცი დაამუშავებს.

აქ ძირითადად თავმოყრილი უნდა იყოს ჭრილობის, ნაღრძობ–მოტეხილობისა და პაექრობასთან დაკავშირებული სხვა დაზიანებების მკურნალობის, განსაკუთრებით კი პირველი დახმარების ხერხები.

საბრძოლო ხელოვნების დიდ ტრადიციას ბუნებრივად ებმის მკურნალობის მაღალი კულტურა. ქართველ მკურნალთა ღრმა განსწავლულობა ალბათ არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ გავიხსენებთ რაოდენ დატვირთული იყო მათი საქმიანობა ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობიდან გამომდინარე.

ჩვენში ნაპოვნია რამდენიმე საუკუნის წინანდელი თავის ქალა, რომელზედაც იკითხება წარმატებული ტრეპანაციის კვალი.

XV საუკუნის ცნობილი ქართველი მკურნალის ზაზა ფანასკერტელის კარაბადინში ერთი ასეთი უცნაური მეთოდია აღწერილი:

“შხამიანი ისრით დაჭრილისათვის: რა კაცი შხამიანი ისრითა დაკოდონ, ესე წამალი ქენ გამოცდილია… კაცისა კისერი რომ დაილევის, ორი ძუალია იქი – მაღლა კისერსა და ზურგის ძუალსა შუა… ერთი ნიშანი ესე არის, რომე ორსავე ძუალსა შუა არის ესე ადგილი, ფრჩხილის ოდენი სიგრძე და განი–მოკუეთე. და ერთი ნიშანი ესე არის რომე, დაკოდილსა პირი გააბერვინე და გამოჩნდების ისი ალაგი. რა გაკუეთო, ამოსწოვე რომე მისი სუნი და შხამი იქით ამოიღოს და ყუითელი წყალი; თუ არა, ტუინშიგა გავა და კაცსა მოკლავს. ვირე ტუინშიგა არ გავა, ვერ მოკლავს, რა ნახო ამოწოვნილი ადგილი რომე გათეთრდეს, სხვა შხამი აღარ ამოდიოდეს, ესე წამალი შექენ, რომე თრითის ქვიან, და დაკოდილზე მოაყარე”.

თვით ზაზა ფანასკერტელი, გარდა სამკურნალო საქმის სანაქებო ცოდნისა, ქვეყნისთვის თავდადებული და განთქმული მეომარი გახლდათ.

უაღრესად საინტერესოა მეოცე საუკუნის დასაწყისში გაკეთებული ჩანაწერები, რომელიც იმ პერიოდში ფშავ–ხევსურეთში მოღვაწე ექიმ გ. თედორაძეს ეკუთვნის. წიგნში “5 წელი ფშავ–ხევსურეთში” მას აღწერილი აქვს ზემოთმოთხრობილი უნარკოზო ოპერაცია თავის ქალაზე, იმავ მგელიკა ლიქოკელის მიერ გაკეთებული ოპერაცია სახეზე, როცა ნაიარევის კვალიც არ რჩება და მრავალი სხვა.

ა. ყამარაულს კი ლიქოკელის მიერ ნამკურნალებ–გადარჩენილი ხალხიც დაუჯამებია – 413, მათ შორის ორი ქალი გულმკერდის გამჭოლი ჭრილობით.

ასევე სახელგანთქმულნი ყოფილან ხევსურები ურძუკათ წიქა და თალეთ გაგა, არხოტელი ალეკო ოჩიაური, შატილელი ჭინჭარაული, მოხევე იობა ავსაჯანიშვილი (გორისციხელი). mgelik

ა. ყამარაულს აღწერილი აქვს მათი ქირურგიული იარაღი. ესენი ძირითადად ხუთი სახისაა: წიპწკერი, სანახი, ხოწი, ჩუთქი (ჩქუთი?) და დანა.

თურმანიძეთა საგვარეულოს მიერ საუკუნეების მანძილზე დახვეწილი მალამოც ხომ ქართული კულტურის ერთ–ერთი სიამაყეა.
შელოცვებით და ავგაროზების დამზადებით ხვისტანების გვარი ყოფილა განთქმული.

გადმოცემით ვიცით და გადამოწმებად უდავოდ ღირს შემდეგი ინფორმაცია: ხარაგოულში გასული საუკუნის ოთხმოციან წლებამდე მოატანა ცოდნამ ქათმის სკინტლისგან ზეთისმაგვარი სითხის გამოხდისა.

ამ სითხეს უსვამდნენ თვალებზე სამსტოვროდ გაწვრთნილ კაცს, რომელიც ღამით კატასავით მხედველი ხდებოდა, შეიპარებოდა მტრის ბანაკში და უჩუმრად ხოცავდა მეთაურებს.

უცხო მიწაზე უმეთაუროდ დარჩენილი მომხდური კი იოლი ლუკმა ხდებოდა ჩვენი ლაშქრისთვის. ამის შემდეგ მსტოვარს ორი თუ სამი დღე ბნელში ამყოფებდნენ, სანამ ნორმალური მხედველობა არ აღუდგებოდა.

ეს ინფორმაცია იმიტომაც არის საინტერესო, რომ ამ მიდამოებში საკმაოდ გავრცელებულია მცენარე შმაგა, რომლისგანაც “ატროპინი” მიიღება, ხოლო რაც შეეხება ქათმის სკინტლს, ეს შესაძლოა წამლის გასასაიდუმლოებლად იყოს შეთხზული.

ასევე გამორჩეული ყურადღების ღირსია დასავლეთ საქართველოში შემორჩენილი უკონტაქტო მასაჟი “მატე–მატე” და თბილისური “ქისა” – მასაჟის ჩვენებური ნაირსახეობანი.

რაღა თქმა უნდა, ხალხურ მედიცინას დღეს ნაკლები პრაქტიკული ღირებულება შემორჩენია, მაგრამ ქართველმა უდავოდ უნდა იცოდეს, რომ მისი წინაპარი ოდითგან ტოლს არაფერში უდებდა თავის თანამედროვე სამყაროს და ხშირად საგრძნობლად აღემატებოდა კიდეც.

ყოველი შემთხვევისთვის, დამუშავებული წყაროებიდან ამოვკრიბეთ სიტყვის კონა, რამაც შესაძლოა შემდგომი სამუშაო გააადვილოს და სხვა საქმესაც წაადგეს.

აბეკამქი – სამკურნალო ბალახის რახი, იყი
აბეწულა – შეშუპების სამკურნალო ბალახი
აბზინდა – დაჟეჟილის სამკურნალო, აგრეთვე გამამხნევებელი ბალახი
აბლიმო – წამლის სანაყი
აბრეშუმა – გულის წუხილის სამკურნალო ბალახი
ადამისთავა – მანდრაგორა
ადგილი საკრძალავი – სხეულის არეები, რომლის შეხებაც სიცოცხლისთვის სახიფათოდ ითვლებოდა
ავშანი – მცირე, მოყვითალო ყვავილიანი, მომწარო ბალახი, ნახარში შველის სისხლიან ნახველს და განდევნის ჭიას
აზმაითი – თოვლთაგან თვალის ვნება
აკაკი – ნაყოფი ხველებას წამლობს
აკანთვლა – კანის აბებრება
ალიბუხარი – ზაფრის, სიცხის და უმადობის სამკურნალო
ალისარჩული – პირსაღებინები და სასაქმებელი ბალახი
ალღეი – საშარდე გზის ვერცხლის კათეტერი
ამალი – შიმშილით მიბნედვა
ამოსაკრავი – ფერდისქარის, ანუ ფუშის სარტყელი
ანისული – ბალახი, რომლის თესლიც არის ხველების, კუჭის გასამაგრებელი და მრავალთა სხვათა წამალი
აღვი – საწამლავი
ბანგი – ბეუშტრო, ოპიუმი
ბანდი – უხმარი ძონძი
ბაყლი – მწიკვლი, ჩირქი, გემსი, ზანდი
ბებერა – აბურცული წყლული
ბმო – დიდი მუწუკი
ბნედა – ცნობის ანაზდად მიხდა
ბრუ – რეტი
ბრძვილი – გამრთელებული ნაკოდარი
ბრჭვალი – ჭვალი
ბურკი – კოპი
ბუსტულა – ბებერასავით
გამაიგნობა – გამომრთელება
გამღალავი – გამთვალავი
გამღავრება – ჭრილობის გართულება
განრინება – სენისგან თავის დაღწევა
განსათხეველი – გასახსნელი წამალი
გახსნევა – მკლავიდან სისხლის გამოშვება
გერში – მცირე ნაკოდთა სისხლი
გველაფშუტა – სისხლდენის შემაჩერებელი სოკო
გულყრა – შებნედასავით
გუნი – სიყვითლის სენი
გუჯაბი – შიგნეულობა
დაკოლტება – დალეკერტება, შედედება
დალიკვება – ტრავმის შედეგად შეშუპება
დანდველა – მწარე
დარმანი – წამალი
დატკოფილი – სენისგან ალაგ–ალაგ შეფერილი კანი
დახავრება – სიცივისგან შეშუპება
დონა – ბამბადონე, ქონში გაჟღენთილი ბამბა (ნაღრძობზე დასადები)
დოს პერანგი – სიცხის გამოსანელებელი, დოში გაჟღენთილი პერანგი
დუგუნი – საწათხე
დუგუნი (II) – რევმატიზმის სამკურნალო (იფნის ნაცარი თაფლის სანთელში, ზემოდან კურკანტელის ფოთლით)
დუდკო – თითის წყლულება
ზამთრიფეხა – შეშუპების სამკურნალო ბალახი
ზაპილო – სნეული, უღონო
ზართაბი – თვალის სამკურნალო (თევზის ფხა ქალის რძეში ჩაფხეკილი)
ზმილი – სამკურნალო ნივთნი
ზრობა – ყინულით დაწვა
ზუზია – გესლი სწრაფმაკვდინებელი
თავქაფი – ოფლი, ღვითქი
თებო – თმის მწიკვლი, ქერტლი
თერიაყი – თრიაქი, სამსალის საწინააღმდეგო (?)
იაღლავაში – წამლიანი ცომის სალბუნი
იახე – მალამოწასმული ტილო
იისფიფინა – იის წვენის წამალი
ილაო – ნაწლავის გადახლართვა
ინთილა – ყაბზობასავით
ინჯლივი – ქუთუთოს ბმო
კაკა, უშანა – განუმარტავი წამლებია (შესაძლოა ავშანა)
კატაბალახა – გაციების სამკურნალო
კელობა – კოჭლობა
კვნეტილა – თითის სახსარზე გამსკდარი კანი
კოლინჯი – ნაწლავები
კოლტი – შედედებული სისხლი
კონიო – სასიკვდინე ბალახია
კოპი – დაკრულის ასივება
კოჟიჟი – კოჟრი
კოტოში – მოზიდვით სისხლის გამოსაღები
კუნელი – პირღებინების საწინააღმდეგო
კურცხლი – სიმწრის ცრემლი
კუტი – მუცელგვრემის წამალი
ლაბა – ტუხტის, კომშის გულის და მისთანათა ნახარში ხველის წამლად
ლბუნი – მალამო
ლები – ცემით დალურჯებული
მანაგიმიში – სვანური შხამია ერთგვარი
მანკი – სენისგან დატოვებული
მატე–მატე – უკონტაქტო მასაჟის სახეობა
მელაგუნდა – ფასმანდუკი (დაჩეჩქვილი ფესვით ჭრილობას მკურნალობენ)
მელისკუდა – ციხისკუდა, თაგვისკუდა, მუღმურილი, თავყვითელა (კუჭნაწლავის და ჭრილობის სამკურნალო ბალახი)
მოსუსხვა – შანთით მოწვა
მუაბა – საკაცე, ბიჯაგი.
– ჯალაბერი (მეგრ.)
– თავკავ (სვან.)
– სახელდახელო – ჩეო;
– მხრით საზიდი – საქუმელი;
– ცხენით საზიდი – ჰორლი,
ნაგაზარი – კლანჭგაკრული
ნაკოდალი – დანაჭრელი
ნაკრაული – ნაკრავი
ნალმობი – ნატკენი
ნაჟგუნ – საწამლავი (სვან.)
ნაშარში – ნაჩხვლეტი ჭრილობა
ომბოხა – ხის ფეხი, გორზავალი
ოშოშა – ნაღრძობისა და მოტეხილობის სამკურნალო მცენარე (ავშანიც)
რანგი – თაფლიანი წყალი
საბრა – აზვა, ალოე
სალბილობელი – სნეულთათვის უწყინარი საჭმელი
სალბუნი – ლბუნის, მალამოს დასადები, ცანდალი, სპილნე
სალმობა – სატკივარი
სალოკელი – მჟავე სალოკავი
სამბო – ძირმაგარა
სანახავი – თოკის ან ძენძის ნაკუწი, ღორის ქონში ამოვლებული, წყლულში ჩასაყოფი
სანახი – დასტაქრის იარაღი
სასნეულო – საავადმყოფო
სურმა – თვალის მალამო
ტლე – სიცხიანის სადები წამალი
ფაზარი – სამკურნალო ქვა (ცხოველის ნაღვლიდან ან ღვიძლიდან ამირთმეული)
ფალუზა – ხველების წამალი პურის სახამებლით
ფარსმანდუკი – სისხლდენის შესაკავებელი
ფრობა – შეშუპების დაცხრობა
ქაშთაჯი – აბი
ქისა – მასაჟის სახეობა
ყუვილი – ძვალთ ნელიად ტკივილი
შაბტილო – შაბიანი ტილო სიცხიანისთვის
შაკიკი – რიგით თავის ტკივილი
შალალი – წყლულის ნადენი
შამანი – არაჯანსაღი სისხლი
შაშარი – სისხლის გამოსაშვები
შმაგა – (Atropa Caucasica) კავკასიური ენდემი, მატატა (სვ.), ლემა (რაჭ.), დევსურა, ცოფისბალახა, გიჟანა და ა.შ.
შტოში – ანთების
შუპილი – მცირედ შესივება
შხამა – სხამა, აბუტარატი, უცუნა, თეთრყვავილა, იხმარებოდა წამლისა და საწამლავის მოსამზადებლად
ჩანჩახურა – ამმა, ავგაროზივით, თვალისცემისგან დამცავი
ჩირქმდენი – ჭეკარი, ბალბა და ჩხამაი ერთად ნახარში
ჩლაქვი – არყის ქერქი, ხველების წამალი
ჩუთქი – დასტაქრის იარაღი
ჩხვერა – მუცლის გვრემა
ცირცელი – კუჭში გამხსნელი
ცრინტლა – მცირე სურდო
ძარღვის აყრა – ძარღვის შედგომა
ძინთი – წიწვიანთა ფისი
ძირწითელა – სანთელსა და ერბოში გაქნილი მუწუკის მალამოა
წმახი – მჟავე
წინწიბური – პინცეტივით
წიპწკერი – დასტაქრის იარაღი
ჭყაპუნა – ჭრილობაში წამლის შესასხმელი
ხაჟუჟი – სალოკი წამალი
ხარბუხა – ძლიერი ხველება
ხარკალი – არტაშანი
ხიბლი – საგრძნებო კრული
ხოწი – დასტაქრის იარაღი
ხუთო – ყვითელი ქვა, გესლთა საკურნავი (ლესავენ და წამლად ხმარობენ)
ჯადვარი – შემკვრელი (მურყანიც)
ჯირჯვი – შეშუპება
ჯორიტაფა – ჭრილობისა და დამწვრობის საწამლო მცენარე
ჯულაფი – სასაქმებელი

 

4 responses to “ზნენი სამამაცონი – 41, მკურნალობა

  1. ნიკოს

    July 21, 2009 at 1:01 pm

    პირველი აბზაცი სახარებიდან არის გადმოსერილი

     
    • matekari

      July 21, 2009 at 1:47 pm

      ცხადია, რომ ამ წიგნის დიდი ნაწილი სხვა წიგნებიდან არის გადმოწერილი.

       
  2. ელდორადო

    July 10, 2010 at 9:58 am

    წავიკითხე ბევრ რამეს ისწავლის ადამიანი .დარწმუნებული ვარ რომ მედეა შვილებს არ დახოცავდა რომელი დედა გაიმეტებს .დედა ყოველთვის ლოცულობს თავის შვილებისთვის და ყველასთვის.ჩვენი ერი ყოველთვის ზლიერნი იყვნენ ყველაფერში.

     
  3. გულნარა

    November 5, 2010 at 11:45 pm

    კარგი ნაშრომია,ბევრის მასწავლებელი,მადლობა კობა!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: