RSS

ზნენი სამამაცონი – 40, ხელოსნობა

08 May

“იბერიელთა სოფელი, მაღალ–მაღალი ცხენები,
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.”
ლადო ასათიანი

საქართველოს ტერიტორიაზე მოძიებული არქეოლოგიური მასალის თანახმად ჩვენმა წინაპარმა უკვე ძვ. წ. X ათასწლეულში მოჰკიდა ხელი მიწათმოქმედებას, ანუ მითვისებითი მეურნეობიდან მწარმოებლურზე დაიწყო გადასვლა.

ამის დასტურია რიყის ქვის, კაჟისა და ობსიდიანისაგან დამზადებული სამკალი და თოხისებრი იარაღი, ხელსაფქვავები და სხვა.

ასევე არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ საქართველოში სპილენძის ცივი ჭედვა იწარმოება ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან, ხოლო II ათასწლეულის შუახანებში კი გვაქვს საკმაოდ განვითარებული მელითონეობა.

გარდა არქეოლოგიისა, წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, რომ ელინისტურ ხანაში და მის წინა პერიოდშიაც ქართველთა ერთ–ერთი წინაპარნი – ხალიბები რკინის მადნის ექსპორტს ეწეოდნენ და ეს მადანი იმდენად ხარისხიანი იყო, რომ საგანგებო დანიშნულების იარაღის დასამზადებლად გამოიყენებოდა.

“რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინასა და სპილენძსო” – ამბობს იერემია წინასწარმეტყველი (თავი 15/12). ამ დროს ისრაელის ჩრდილოეთით პრაქტიკულად მხოლოდ წინარექართული ტომები სახლობდნენ.

წინარექართული ტომები სახლობდნენ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზეც, სადაც მათ შეჰქმნეს საოცარი კულტურა, რომლის გავლენაც დიდხანს გამოჰყვა ანტიკურ საბერძნეთს.

ამის თვალსაჩინო მაგალითია თანამედროვე ევროპის პირველსაფუძველი, თავისი ეპოქისათვის შეუფერებლად მშვიდობისმოყვარე და პიროვნების დამფასებელი – მინოსური კულტურა.

დღემდე მკრთალი ლეგენდის სახით მოღწეული ცნობა იმის შესახებ, რომ კრეტის მეფე მინოსი კოლხთა მეფის, აიეტის სიძე გახლდათ, შესაძლოა სვანეთში ნაპოვნმა განსაცვიფრებელმა მედალიონმა უტყუარ ფაქტად აქციოს.

აქვე უპრიანია მოვიხსენიოთ მინოსის კარზე მოღვაწე მითიური ხუროთმოძღვარი დედალოსი, საოცარი ცოდნის მფლობელი კაცი, რომელიც თავის განსაცვიფრებელ ქმნილებათა მეოხებით ლეგენდად იქცა.

მას აუგია მინოსისათვის განთქმული სასახლე და ლაბირინთი და, როგორც ჩანს, საფრენი აპარატის შექმნაც უცდია.

ეს ამბავი არც თუ დაუჯერებელია, რადგან პლანერის გაკეთებას ბევრად ნაკლები ცოდნა სჭირდება, ვიდრე სასახლისას.

ამ შემთხვევაში გონების გაბრწყინებაა მთავარი, ანუ გაფრენის იდეის დაბადება და იდეა რომ ჰქონდა, ამას მითიც ადასტურებს.

კრეტაზე რომ თამამი იდეები მწიფს, ამას თალოსის ამბავიც ადასტურებს.

გავიხსენოთ, რომ ეს იყო სპილენძისაგან შექმნილი გოლიათი, რომელიც კუნძულს გარს უვლიდა და დაუპატიჟებელ სტუმრებს ლოდებს ესროდა.

თალოსს ერთი ძარღვი გასდევდა მთელს სხეულში. ძარღვის ბოლოს, ქუსლში, ლურსმანი იყო დაცობილი. თალოსის შეჩერება მხოლოდ ამ ლურსმნის გამოძრობით იყო შესაძლებელი.

აქვე გავიხსენოთ აიეტის სპილენძისჩლიქიანი და ნესტოებიდან ორთქლს მფრქვეველი ხარები…

აიეტის და, განსაკუთრებული ცოდნის გამო ქალღმერთად მიჩნეული კირკე (ცირცე), წიგნის ამ თავში იმითაა საინტერესო, რომ თურმე ღმერთების სამოსისთვის გაუხუნარ(!) ქსოვილს ქსოვდა.

ასურული წარწერების თანახმად მუშქები ძვ. წ. XI საუკუნეში ძირითადად მევენახეობითა და ლითონდამუშავებით იყვნენ ცნობილნი. კიდევ უფრო დაწინაურებული ჩანს მეტალურგიაში თაბალთა ტომი.

სწორედ მათი ვერცხლის მაღაროები დაიპყრო ძვ. წ. 837 წელს სალმანსარ II–მ.

ბიბლიაში მოხსენიებული თუბალ–კაინიც “იყო კვერით ხურო, მჭედელი რვალისა და რკინის საჭურვლისა”.

ლამექისა და ცილას ძე, თუბალ–კაენი, ადამიდან მე–7 თაობაა და ამასთან მისი სახელი მეტად მკაფიოდ მიუთითებს, რომ სწორედ თუბალთა მოდგმა დგას ლითონდამუშავების სათავესთან (კაინი სემიტურად მჭედელია).

ნიკო მარის აზრით (“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”) თუბალ კაინის მოდგმის ხალხი იყვნენ ჭან–ლაზ–მეგრელნი და ესენი იყვნენ თავდაპირველი მკვიდრნი ჭოროხის ბასეინისა.

აქ, სხვათა შორის, ისიც კარგად ჩანს, რომ მეტაფორად დამკვიდრებული “რვალური სიმტკიცე” რკინის ხანაზე უხნესი ცნებაა, რადგან რვალად სპილენძი და ხან კი მისი შენადნობები იწოდებოდა, რომლებიც სიმტკიცით რკინასთან ვერ მოვლენ.

ხსენებული ტომები, ბიბლიის თანახმად, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ თავიანთი ლითონური ნაწარმით. ფსევდოარისტოტელე, აღწერს რა ხალიბთა ტექნოლოგიურ პროცესს, ბოლოს იმასაც მიუთითებს – “როგორც ამბობენ, მხოლოდ ეს რკინა არ იჟანგებაო”.

თუ ეს მართალია, თავისთავად საინტერესოა და თუ არა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ხალიბთა მეტალურგიული ცოდნა იმდენად აღმატებული იყო სხვისაზე, რომ თანამედროვენიც კი ლეგენდებს თხზავდნენ.

შავი ზღვის სანაპირო ზოლში წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვის შედეგად მიკვლეულია რკინის წარმოების მრავალი კერა. ამათგან გათხრილია 7 სახელოსნო, რომელთაგან 5 წინარეანტიკური პერიოდისაა (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული).

ამავე პერიოდს განეკუთვნება ადიდვით გამოყვანილი მავთულის ნიმუშები.

“შეკვეთილის” ტერიტორიაზე მიკვლეულია ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის ნამოსახლარი. სხვა მასალასთან ერთად ამ ფენაში ნაპოვნია რკინის ზოდებიც, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ადგილობრივი მაგნეტიტური ქვიშიდან რკინის გამოყოფა და ზოდად ქცევა აქ მცხოვრებთა ერთ–ერთი უმთავრესი საქმიანობა იყო.

უადგილო არ უნდა იყოს იმის გახსენებაც, რომ ლითონთა სახელები ზოგ ხალხს დღემდე ქართულ ტომთა დასახელებიდან ნაწარმოები სახით შემორჩა:
– ბერძნები ფოლადს “ხალიუბდიკოს”–ად მოიხსენიებენ, რაც ივ. ჯავახიშვილის შენიშვნით, ხალიბურსა ნიშნავს.

თავად ტომის სახელი ხალიბი ურარტული ღვთაება ხალდიდან მოდის. ეს სახელი საქართველოში ტოპონიმად შემორჩა. ხათები, ანუ ხალხი, ვინც პირველად შეეხო რკინას, მას ხაბალქს ეძახდა.

– თითბერს გერმანულად MESSINE, ანგლო–საქსურად MASTLING, ნორმანულად MESSING, პოლონურად MOSIANDძ ქვია, რაც, ცხადია მოსინიკების სახელიდან არის ნაწარმოები.

– ბრონზე, ბრინჯაოს ევროპული სახელწოდება, ნაწარმოებია სპარსული ბირინჯისგან, რომელიც ქართული ენიდანაა შეთვისებული და სპილენძს, სპირ–ენძს, (მეგრულად “ლინჯ”) ანუ სპერის, ისპირის მადანს ნიშნავს.

ჩვენი მეცნიერები, 50–იანი წლების დასაწყისში წარმოებული გამოკვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძვ. წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებში ქართველთა წინაპრები ლითონის გაწნევისთვის ჩარხს იყენებდნენ, ანუ ფურცლოვანი ლითონის დამუშავებას მბრუნავშპინდელიან საგანგებო დანადგარზე აწარმოებდნენ.

ცნობილი არქეოლოგის ბ. კუფტინის მიერ 1949 წელს წარმოებული გათხრების დროს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ორ მხარეს ნალესი (განსხვავებული გეომეტრიით) ბრინჯაოს საჭრისიც, რომლის სიმაგრე 3–4–ჯერ აღემატება ოქროსა და ვერცხლის სიმაგრეს.

ვანის არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული მასალა ცალსახად ადასტურებს, რომ “ძვ. წ. VI–IV საუკუნეებში აქ არსებობდა პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა, რომელიც ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით (ქვერვა–ჭედვა, რჩილვა, გავარსი, ტვიფრვა) საუკუნეების მანძილზე ქმნიდა მხატვრული ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს” – (ო. ლორთქიფანიძე).

გარდა ნივთიერი მასალისა, საკმაო ინფორმაციამ მოატანა ჩვენამდე წერილობითი წყაროებით თუ ზეპირსიტყვიერებით, მაგრამ ნაწილი ამ ამბებისა ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ ახსნილი. თვალი გავადევნოთ ერთ პატარა ნაკადს – რას უნდა ნიშნავდეს ამირანის მითში აღწერილი მჭედელთა ერთი უცნაური ქცევა:

***
დღესაც კი, როცა ადამიანის ინტელექტის ნაყოფი მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სამყაროში მიიკვლევს გზას, ჩვენ მაინც მოწიწებითა და ფეხაკრეფით შევაბიჯებთ ფარღალალა სამჭედლოში, რომელშიაც რამდენიმე ათასი წელია არაფერი შეცვლილა – ისევ ის გრდემლი, კვერი და მარწუხი, ქურა და საბერველი… და კიდევ მჭედელი, რაღაც დიდ საიდუმლოს ნაზიარები კაცთაგანი.

სწორედ მან მოათვინიერა ბუნების ურჩი გამოვლინება – ლითონი, და თუ რარიგ მოათვინიერა, ამაზე მეტყველებს უხსოვარი დროიდან მოტანებული მისი შემოქმედება – ვეება გრდემლიდან ჯაჭვის პერანგის რგოლის პაწაწინა მოქლონამდე, მრისხანე სატევრიდან ქალის ნატიფ სამკაულამდე.

უძველესი ეპიკური ძეგლის – ამირანის თქმულების თანახმად, სამჭედლოში სრულდება ერთ–ერთი უდიდესი საიდუმლოება: გაზაფხულზე, დიდ ხუთშაბათს, მჭედლები კვერს დასცემენ გრდემლზე და ფრთოსანი ძაღლის მიერ ლოკვით გალეული ჯაჭვი კვლავ მსხვილდება, რათა ამირანმა არ აიწყვიტოს.

სწორედ იმ მჭედელთა ნებით რჩება ამირანი სამუდამო ტყვეობაში, რომელთა ქურაშიც მის მიერ მოპოვებული ცეცხლი გიზგიზებს.

ამ გამოცანას შესაძლოა ასეთი გასაღები მოეძებნოს: ბრინჯაოს ხანამდე მონადირე იყო ზენა ძალებთან დაახლოებული და საიდუმლო წესთა შემსრულებელი პირი.

ხის ჯოხის (ანუ რიტუალური კვერთხის) დაკვრით მას, დროდადრო, მის მიერვე შერყეული ბუნებრივი წონასწორობა უნდა აღედგინა (გაიხსენეთ მცირე ხრამის პეტროგლიფები).

ლითონდამუშავების ხანაში ეს მისტერია თანდათან მჭედელზე ინაცვლებს და კვერის დაკვრაც ამის გამოძახილი უნდა იყოს. ამ ვერსიას შუალედური რგოლიც მოეძევება – სკანდინავიური ღვთაება ტორი გაცოცხლებას უროს დაკვრით ახორციელებს.

კვერის დაკვრა ქართულში თანხმობასაც ნიშნავს, ანუ, მჭედლები ამ დროს საერთო თანხმობის შეგრძნებითაც იმსჭვალებიან, რაც დიდი მისიის აღსრულებისას ურთიერთგამხნევებას უნდა ნიშნავდეს.

რა შეიძლება იყოს დიდი მისია? ცეცხლის დაურვებით ძლიერ დაჩქარდა ტექნოლოგიური პროგრესი და შეიქმნა საზოგადოების კულტურულ და ტექნიკურ განვითარებათა შორის წონასწორობის დარღვევის საშიშროება, რამაც შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს. ამიტომ ამირანი, როგორც ტექნოლოგიური რევოლუციის უმართავი წყარო, უმჯობესია მიჯაჭვული დარჩეს.

მაგრამ ამ კატასტროფის რომ ასე გეშინოდეს, იგი გადატანილი უნდა გქონდეს. იქნებ ეს ატლანტიდის, ან რომელიმე, გაუფრთხილებლობით დაღუპული ცივილიზაციის ხსოვნის ანარეკლია.

კვლავ გავიხსენოთ ქვის ხანის მონადირე – განა რამდენი ირემი უნდა მოეკლა კაჟისპირიანი შუბით, რომ ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას შეეშინებინა?

ჩანს მან წინაპართა მწარე გამოცდილებით იცის, რომ ბუნებრივი წონასწორობის დარღვევა საშიშია და ამიტომ ასრულებს ესოდენ ბეჯითად ერთი შეხედვით პრაქტიკული ღირებულების არმქონე, მაგრამ მკაცრად დადგენილ წესს.

თუ რაოდენ მყარია და საიმედო ამ გზით მომავალში ცოდნისა და ქცევის გაგზავნა, ამის დასტურია დღემდე მოტანებული მრავალათასწლოვანი არაერთი წესი, ცეკვა თუ სიმღერა.

ახლა იმის შესახებ, თუ ვის მიერ დაწესებულ წესს ასრულებენ მონადირეები და მჭედლები: თუ კატასტროფას ცივილიზებული საზოგადოების მცირე ნაწილი გადაურჩა, შესაძლოა მან მაღალტექნოლოგიური პროდუქტი ვერ აწარმოოს, მაგრამ ის კი ძალუძს, რომ თავისი მაღალგანვითარებული ენით წარსულის შესახებ მოუთხროს შთამომავლობას და ეს მონათხრობი ორიოდ თაობაში მითად იქცევა.

შედეგად კი მივიღებთ, რომ გარკვეულ პერიოდში, ზოგიერთ ხალხს აქვს უფრო განვითარებული ენა და მითებში განფენილი ცოდნა, ვიდრე მატერიალური კულტურა.

თუ ამ მონათხრობმა გონებაში იბერიულ–კავკასიურენოვან ხალხთა უცნაური თავგადასავალი ამოატივტივა, ესეც სავსებით ბუნებრივია…

და არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ევროპელი თეთრ, ანუ საკუთარ რასას კავკასიურს უწოდებს.

ისიც შესაძლებელია, რომ მჭედლები ამ შემთხვევაში ქურუმთა კასტას წარმოადგენდნენ, ანუ სახელმწიფო სტრუქტურის დაწინაურებულ ნაწილს, და მათ მიერ კვერის დაკვრა განსაკუთრებული ცოდნის შენახვას ნიშნავს.

ამის დასტურია ჩრდილოკავკასიური მითები, რომელთა თანახმად მჭედლებს, გარდა საკუთარი ხელობისა, მრავალი იდუმალი ცოდნა მიეწერებათ.

თუ რამდენად დაფასებული იყო სამჭედლო საქმის ცოდნა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თვით ზევსის ერთ–ერთი იარაღი ურო გახლდათ. ურო იყო სკანდინავიური ღვთაება ტორის იარაღიც, რომელსაც იგი მრისხანების ჟამს ტყორცნიდა.

ზემოთთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელოსნო საქმის ამგვარი განვითარება მხოლოდ მასში დასაქმებული ხალხის სხვა საქმიანობისგან გამოთავისუფლებით, ანუ შრომის დანაწილების შედეგადაა შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების მაღალ განვითარებაზე მეტყველებს.

ეს კი ნიშნავს, რომ მომთაბარეთაგან განსხვავებით, დამკვიდრებული ხალხი მაღალი ტექნოლოგიური კულტურისა და საგანგებო ცოდნის ფლობით ახერხებს არა მარტო საკვებისა და სხვა აუცილებელი ნივთების მოპოვებას, არამედ თავის ქონებისა და ყოფის დაცვასაც, რადგან მომთაბარისგან განსხვავებით, მას ადგილსამყოფელის დაცვის მეტი მიზეზი გააჩნია (უძრავი ქონება, გზები, სარწყავი არხები, მოკლედ რომ ვთქვათ – დიდი ნაჯაფარი).

სწორედ ამ ოდითგან მოპოვებული მაღალი ტექნოლოგიური და, შესაბამისად, საზოგადოებრივი კულტურის ნაყოფია ის საარაკო თავდაცვისუნარიანობა, რამაც ჩვენს ერს შეაძლებინა თვითმყოფადობისთვის უვნებლად გამოევლო ქარტეხილებით აღსავსე ათასწლეულები.

სამჭედლო საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა წინა თაობისაგან ცოდნის უშუალოდ მიღებას. ცნობილი მხატვარი გურამ გაბაშვილი იგონებდა რაჭველი ოსტატის მიერ აღწერილ ჭედვის ერთ–ერთ სტადიას:

– გაახურე რკინა და ხბოს ხორცის ფერი რომ გახდება, ოცჯერ დაჰკარი კვერიო. მიდი და არკვიე, მისი თვალსაზრისით რამდენ გრადუსზე ხდებოდა რკინა ხბოს ხორცის ფერი, რა წონის და რა ძალით მოქნეული კვერი უნდა დაგეკრაო.

როცა შეგირდი ოსტატად ეკურთხებოდა და დამოუკიდებლად შეუდგებოდა საქმიანობას, იგი საკუთარ დამღას აღბეჭდავდა ყველა ნამუშევარზე იმის დასტურად, რომ იგი კი არ იმეორებს, არამედ განავითარებს მიღებულ ცოდნას.

ნიმუშად გავეცნოთ მჭედელ ამირიძეთ (მთიულეთი, სოფელი ამირნი). გიორგი ამირიძის წინაპართა სამჭედლო საქმიანობის შესახებ კი ნაკლები ვიცით, მაგრამ მას აქეთ უკვე მეოთხე თაობა მისდევს სამჭედლო საქმეს.

ყველა მათგანს საკუთარი დამღა ჰქონდა. შემონახულია მისი შვილიშვილებისა და შვილთაშვილის დამღები:

– მოსეს ალექსის ძის დამღა იყო მშვილდ–ისარი;
– სვიმონის ალექსის ძისა – ხმალშემართული ლომი;
– გიორგი ალექსის ძისა – კურდღელი;
– ლადო მოსეს ძისა – ახალი მთვარე.

Graphic1

 

ადიდა – მავთულის გამოსაყვანი დაზგა
ადიმი – წნელით ან ჩალით მოწნული რამ
ავრეზი – ფილტრი
აკაზმები –საქსოვი დაზგა (თუშ.)
არდაგი – წინსაფარი, ფუტა, გულამბარი
არჯასპი – მიწალები, შაბიამანი
ასაბზნელი – ბზინვის მიმცემი
ასნაფი – ხელოსანთა ერთობა, ამქარი
აქაქი – იუველირი
აღმახვა – რკინის ალესვა
აშკი – მავთული, სინა
ბავრუკი – ოქროს სადნობი მარილი
ბასრი – ფოლადი, რკინა
ბაჭაჭყი – ტყავის გასაჭიმი ჯოხი
ბემი – მაღალი ხარისხი, ტვიქი
ბენძღი – უმუშევარი ილეკრო
ბერილი – გამოყვანილი ილეკრო
ბეჭვა – ქსოვისას ძაფის ჩატკეპნა
ბილიკონი – ღრუს ამოსათლელი
ბიჩხი – პატარა ხერხი
ბორიო – დამაგრულა, ცეცხლზე შესაბერი ოქრომჭედლის მილი
ბოვი – ილეკროს პირველსადნობი
ბრანდი – მრუდი, ლინციო, ილუღი
ბრინჯაო – კალანარევი სპილენძი
ბრპენი – ტყვია (ლითონი)
ბრძმედი – ილეკროს სადნობი
ბუგა – ბლაგვი (მეგრ.)
ბუთა – ოქრომჭედლის სადნობელი
ბუჟუჟი – ცხვრის ხუჭუჭი ტყავი
ბურეჭყი – პატარა ორკაპი
გაგულია – ლუგა, ჩლუნგი (მეგრ.)
გადარდარება – გავარვარება
გაკლიპვა – ტყავის გაჭიმვა რაიმეზე
გამარმალება – გასანსალება, გალესვა
გამარჩხალება – გაწმენდა
გამოზუზული – ზუსტად გაზომილი
გამოკოპიტება – კეთების პირველი სტადია
გამოფიფქვა – ნართის გამოთეთრება ცხელ წყალში გამოხარშვით
გამოწკიპვა – გახურებულის დაკვერვა პირის დასათხელებლად
გამოჯდომილი – წიდოვანი
გაპირვა – წრთომით გალესვა
გაპკიალება – გაპრიალება
გასხლიპვა – გაწკიპარტება, ტყავის გაჭიმვა გასახმობად
გაფრანგული – გამრუდებული
გაფხაული – გალესილი
გაჭედვა – ილეკროს მუშაკობა
გახასილება – ქლიბით გასუფთავება
გახეშვა – გაჩრა
გახოკრილი – გამაგრებული ტყავი
გბობა – ხარშვა
გელბარანი – მსხვილი მარწუხი
გესლი – ილეკროთა ჟანგი
გირაგი – ზეინკლის ჭახრაკიანი ხელსაწყო
გლიმი – მჭრელობა
გლო – დამრგვალებული ყუა
გლუ – უმქისო, უროკო, წყლტუ
გლესა – გოზვა
გორალი – გვარლი
გრდემლი – ილეკროს საჭედი, დგვლემი, ვორსი, ორსი
გრეხილური – ფილიგრანი
გრიჭა – მაგარი თიხა
გულბარანი – ყბაღია მარწუხი
გულმიხი – სპილენძის ლურსმანი
დაბენძღა – ილეკროს ქვა და მიწა დაადნო და ბენძღად შექმნა
დაბრყვილება – დარბილება, მოსუსტება
დაგლა – დანაყვა
დადედვა – დატიტვა, შესაღების განეიტრალება ფურის დოში, შინდის მჟავეში, თეთრ შაბში
დამანი – ილეკროს შუშა
დანაჩხირი – თიხაზე სამუშაო დანა
დარჯაკი – დარიჯაგი, ილეკროს ჩამოსასხმელი ყალიბი
დაროყვილი – იარაღის დაბეგვილი პირი
დარქმული – დახურული
დარჩილვა – სპილენძის რკინით დაკავშირება
დატიტიბება –ბროწეულის ქერქში დადედვა შავად ან ყვითლად ღებვისას
დაფაფვა – ძაფის გავლება მოდუღებულ პურის ფაფაში
დაფერდილი – ქლიბის სახეა
დაფესვა – შესაღების დალბობა კაკლის ფესვებიან წყალში
დაფრანგული – მოღუნული
დაღალი – მდარე ხარისხისა
დაყურსვა – ოქრო–ვერცხლის დახალისება, დაწმენდა
დაწერვა – კაკლის წერში ღებვა
დაწკრენა – დაწმენდა
დახალისება – ხენჯის გაცლა
დგამ–სავარცხელი – საქსოვი დაზგა
დენგი – თოფისწამლის სანაყი
დოლაკანი – ურდული
დუქარდი – მაკრატელი, სარისველი
ეჩვა – ეჩო, ხელეჩო
ვარშავი – მდარე ხარისხის ვერცხლი
ზაბაკი – ნაკლი, კავატი, ზადი
ზაკალი – ბზა (მეგრ.)
ზარადინი – მრგვალწვერა გაზი
ზარნიში – ლითონზე ვერცხლით ან ოქროთი ნახატი
ზეზი –ორფერი ნართი
ზენკალი – აბჯრის ოსტატი
ზიდვა – მავთულის ცივი წესით გაჭიმვა
ზინდანი – პატარა გრდემლი, ზინდალი, სპილენძის საკვერი
ზირზა – საკეტი
ზუბანაგირი – პატარა ხერხი
ზუმბური – ლაქი
თაკარა – ჭიქათ სადნობელი
თალხი – ქარსი
თანგი – ჭახრაკიანი ხელსაწყო
თახჩა – ნიშის თაროიანი კარადა
თეგი – ზარნიშის ბუდის საჭრისი
თეზაფი – აზოტმჟავა–მარილმჟავას ნარევი, ოქროს გამხსნელი
თელა – ოქრო (ფერეიდ.)
თერგი – რკინის სახვრეტი
თვინი – სამეთუნეო ქურა
თითბერი – თვითბერი, თუთიანარევი სპილენძი
თრაში – წვერი (აჭარ.)
თუნუქი – ფურცლოვანი რკინა
იზბირი – პირთხელი სატეხი
ილეკრო – ლითონი
კაზმი – ნარევი ილეკროთა გამოსადნობად
კაკუტი – მარწუხი
კალაპოტი – ყალიბი, ჭიპლიკი, ყაიდა
კალატოზი – შენების ოსტატი
კაპარი – თრიმლი, თუთუბო, ფოთლით ტყავი გამოჰყავთ, მერქნით ღებავენ
კარაკინი – მოსამრგვალებელია
კბილსაყარი – ხერხის კბილების გასასწორებელი პატარა გაზი
კედერო – განაპირა ნაწილი
კენაწილა – რკინის ნადნობი
კერვა: გვირისტი, ნემსული, ზარქაში, ჩარყაფი, ქარგა, სირმა, ბილისტანი, ჩიგინი
კეში – რბილი რამ გამაგრებული
კვერი – დასაკვერი იარაღი, საცალხელო
კვესი – ცეცხლის მშობელი რკინა
კიდონტი – გიშერივით ქვა, ოქრო–ვერცხლთ გამოსაცდელი
კირინა – პატარა კვერი
კოლბოხი – რკინის საფერავი მიწაქვა
კოლოტი – ტიკი
კოპი – მოუქნელი თასმა
კორკოტინა – ხის კვერი
კოსაჭი – აშკის სახვევი გაზი
კოწიწი – რძის, კირის, ძენძის და ყვითრის ნარევის წებო
კოჭა – ნართის საზომი
კოხი – ცეცხლგამძლე ქვა
კულალო – ცალი ხელის ხერხი
კუმპა – საპონი
ლაგვარდანი – ღრმად ამოსაღები სალაშინი
ლაკარტი – ბაწრის საგრეხი კავი
ლაპოტი – დიდი ციცხვი
ლივი – კალკი, კოპიო
ლილვი – ბადის საქსოვი ჩხირი, ფათხა, ჩხართი
ლინგი – რისამე კუთხე ან ნაპირი
ლინჯი – სპილენძი (მეგრ.)
ლიჟღი – წყლით ნაჟღენთი
ლირსი – ირიბად პირწაჭრილი
ლიფლიფა – ფარანი
ლიში – ნემსი (მეგრ.)
ლოპრი – ნახვრეტის გასაფართოებელი ბურღი
ლუსმარი – ლურსმანი, მანჭვალი, სამსჭვალი, წირწკიმალი, წკირა, ჯიბუკი, წკლიპა, ყაირი,
მავრავი – საფეიქრო იარაღი
მანგანა – დიდი მარწუხი
მანკანა – მასმორი, ილეკროს საცეცხლური
მარმარა – კრიალა
მარწუხი – გაზივით
მაფრახი – ფერადი ლითონი ოქროს გარდა
მაქო – ბადის საქსოვი საგანგებო ჩხირი ქართლში
მაშა – ტკეცი, ნაკვერჩხლის ასაღები
მაჭვა – ჯილღის ბუდეში ჩარჭობილი მრგვალი ხე, კოტაგამოშვერილი
მაჯაგანი – ტყავის მოსაქნელი
მეიარაღე – იარაღის ოსტატი
მეტეხი – ფიცხი, მყიფე
მეუნაგირე – უნაგირის ოსტატი
მეუროე – უროს მცემელი
მეყაიშე – მათრახის ოსტატი
მეხამლე – ხარაზი, წუღა–მაშიათა მკერავი
მიზდი – შიშლაგი, სარგო
მილი – ქართულად სოლინარია
მკაფარი – გამჭრელი
მკედი – ხოშორი ნართი
მოოჭვა – შემკობა
მოქლონი – ჩასაყარი რკინის ორი ნაჭრის შესაერთებლად
მოქნა – ტყავის დარბილება
მოღლო – თხიერი, თხელი
მრუდი:
– ელამი – რაოდენი გამართო, მაინც გამრუდდეს;
– დრკუ – ყოვლად განუმართველი;
– ღვლარჭნილი – მიგრეხილ–მოგრეხილი;
– რადი – ცალმხრივ ოდნავ გამრუდებული;
მსხირპანე – გაჭიმული, ნაძაბი
მსხმელი – ილეკროს ჩამომსხმელი
მურა – რკინის რგოლი, ლურსმნის თავის გამოსაყვანი
მურდასაკი – ტყვიის ჟანგი
მურვი – გლესული ტყვიის ვარაყი
მუშტა – სპილენძის კვერი
მქისი – ხორკლიანი, დამუხვილი
მღვრიე – ილეკრო რიოში, განუწმენდელი
მჭედელი – სამჭედლო საქმის ოსტატი
ნაგალი – გახურებული რკინის ფერფლი
ნაგლინი – გლინვაგავლილი ლითონი
ნავსე – ნავის მაშენებელი
ნარიგი – კვერის ბრტყელი მხარე
ნარიკი – კვერის წვრილი თავი
ნარუქი – პირველქმნილი საქმე უცხო და ახალი ხელოვნებით
ობარეში – საბერველი (მეგრ.)
ორხელი – ორხელმოსაკიდი
ოტა – ნაცარი
ოფაზი – ბაჯაღლო ოქრო
ოწინარი – ასაზიდი მოწყობილობა
ოჭვა – თვლებით გაწყობა
პეტალი – ფოლგა, კილიტა
პირხვეული – ჩონგურის სათლელი ხვეწი
პიტალო – შეურეველი ილეკრო
რვალი – ბრინჯაო, სპილენძი
რიოში – არაწმინდა, ყალბი
რჩილვა – ლითონთა შეერთების წესი
საბერველი – ქურაში ჰაერის დასაბერი
საგანგიო – სამოხელეო სახლი
სამართი – გასაპირავი ხელსაწყო
სანგი – დიდი კვერი
სანსალა – კარგად გალესილი
საპოხი – საცხი, ხიზი
სარაჯი – უნაგირ–აღკაზმულობის ოსტატი
სართი – ფიცხი, მსხვრევადი
სასრევი – სალესთა საერთო სახელია:
– აფუარი – მბრუნავი სასრევი;
– გოხი – სალესი ქვა
– გლუსუნი – გლუვი ხელის საგლინავი
– ერბოქვა, მაქური – დანათა სალესი;
– ზუმფარა – სახეხი მინერალი
– თლაშქარი – წმინდა სალესი
– თრუსო – სალესი ქვა
– ლანგი – წმინდა სალესი;
– მასათი – მაქურასმაგვარი;
– ნაქეთი – სალესია
– ქასური, ლაზნა – სამართებლის;
– ყაიში – პირის ასაწყობი ტყავი
– ჩალაშქარი – სალესია
– ჭავლაკა – სალესი ჩარხის ტარი
– ჭალანგარი – სალესია
– ხარტი – ცულის;
– ხოხი – სალესი ქვა
– ჯილაქვა – სალესი ქვაა
სატე – ტევადობა
საფხი – ლესვით გადანაცალი პირი
საქაჩი – გაზი
საქლეში – საფხეკი
საცეცხლე – ბერვარი, კერაკნი, სახმილი, ღუმელი, ბრძმედი
საწურავი – რკინის მილი, ლურსმანს უხვედრებენ მეორე მხრიდან
სახაზავი – შიმშა, მაშტარი, ოჟორა, ზალა
სახელური – კოტა, სატაცი,
სევადა – გოგირდიანი დამწვარი ვერცხლი ან ტყვია მოსახატად
სელი – ძაფის სახეა
სისო ხერხი – ხერხი ოდრიკალზე, სისონი
სიქა – ტვიფრი
ტარაღი – ქვის საკოდი ჩაქუჩი
ტატაბა – საცხის წასასმელი ჩოგანი
ტილო – სელთა და კანაფთა ლარი
ტრო – ფანჯრის მინა
ტუტი – საკუმპე ნაცრის წვენი
ტუცი – სადგისის ნემსი
უზადო – უმანკო, შეურეველი
ურატა – მომცრო ურო
ურიბი – ირიბი, ალმაცერი, ქეში
ურო – რკინის დიდი კვერი
უშკო – ბურღი
ფათქა – ბადის საქსოვი საგანგებო ჩხირი იმერეთში
ფარეში – რკინის ჭანჭიკი
ფედვრა – მოზარნიშება
ფედრიჩი – ოქრომჭედლის პატარა სატეხი
ფეშტამალი – წინსაფარი, არდაგი
ფითხი – ნაკვერჩხლის ნიჩაბი
ფურჩი – ილეკროს შუა ნაკეცი
ფხა – მახვილის პირის მკვეთელობა
ქალფათინი – მავთულის გამოსაწელი გაზი
ქანდა – ოქროს ვარაყი
ქესვი – ოქრომჭედლის მკვნეტარა გაზი
ქეჩხო – ბეწვიანი მოქნილი ცხვრის ტყავი
ქილერი – საკუჭნაო
ქიმარა – წვეტი
ქიშელა – ტყავის წინსაფარი
ქუალბ – მცირე გრდემლი (სვან.)
ქურა – სამჭედლო კერია
ღაზლა – მსხვილი ძაფი
ღულა – მოგრეხილი (მეგრ.)
ყადახა – მსხვილი ლურსმანი
ყაჭი – ძაფის სახეა
ყდები – საქსოვი დაზგის სახე
შითი – წვრილი ძაფი
შიმაქა – ჭიახერხი
შვეტი – სწორი, გაუხრელი
შეზიკული – შემკობილი
შეხვლეფა – ჟანგთაგან ამოჭმა
შიბი – ძეწკვი, ჯაჭვი, წიბო
შმუთი – ჭახრაკიანი სალაშინი
შოლტი – ტყავის ფართის საზომი
შოხარი – ცულის წასაპირავი
შუაშრისი – შუაფენა
შულო – ნართის საზომი, კოჭასავით
შუშა – ლითონის ზოდი
ჩათალი – რკინის თენგი, ხანჯლის ტარის ჩასათალი
ჩალთო – მოქნილი თასმა
ჩაქუჩი – მომცრო კვერი
ჩეკი – ცეცხლის საჩხრეკი
ჩექა – გოგირდი, წუმწუმა
ჩლა – ძენძი
ჩლუნგი – დალაბრა, ლუნგი, ბოკო, ბლაგვი, ჯლაგვი, უმკვეთლო, ძეკი
ჩუბუტო – ფოსო ილეკროთა
ჩულუხი – დიდი საჭრეთელი, ჩუნუხი
ჩუქურთმა – მუდახილი, შაბაქა, ზარნიში
ჩქიფი – მარწუხი, გაზი, სიმქაში
ჩქუთი – საჭრეთელი, ხვეწი
ჩხაში – ბადის საქსოვი ჩხირი (გურ.)
ცანდი – საკიდარი ჯაჭვი
ცვარ–ნამი – საოქრომჭედლო ხერხი
ციბრუტი – შალაფი, მათხაბი, მაჩხიბი, იხრიკი, ტრუპანი, ტურპანტი (მეგრ.)
ციცხვი – ჩამჩა, ლაპოტი, სახაპი, კუტალი
ცობოლა – საცობი
ძიმი – ნალის სახვრეტი იარაღი
ძირმილული – რკინის საღუზავი
წალო – ნიშის უკარო კარადა
წამახული – წვერწალესილი
წებო – ქალბანი
წიდა – ილეკროს ნადნობი ხენჯი
წკვიპი – წამახვილებული (მეგრ.)
წკოპი – წვერი (მეგრ.)
წნეხვა – ლითონის დამუშავების ხერხი
ჭაქუნი – უროს ცემა
ჭიპრანი – ნახვრეტის გასადიდებელი
ჭკორტლი – მჭვარტლი
ჭობოსანი – მსხვილი ქლიბი, ჭერბი ჭიბოშანი, ჭირბოშანი, ჭაპოშარი
ჭონი – ბეწვეულის ოსტატი
ჭრეთა – საჭრეთლით ტვიფრვა
ჭუმი – ხალასი
ხაკა – დაფშვნილი ნახშირი
ხარაკი – ოქრომჭედლის მუხლსაფარი ნაფხვენის მოსაგროვებლად
ხარატი – ხის მხეწელი
ხარახინი – წბერი, ჭახრაკი, საწნეხი
ხასილი – წმინდა ქლიბი
ხენჯი – წრთობის ჟანგი
ხვედა – ხის ურო, კვეჟო, კვერკვეშო
ხვერხვეტო – მომცრო ხვედა, კორკოტი, კორკოტანა, როკოტანა
ხვეწი – მოკაკვული სათლელი, ხოწი, ხერცო, ღორეჩო
ხვიშტარა – ქუსტარა, დიდი სალაშინი
ხიშტაკი – საყალიბე იარაღი
ხონდრო – ქლიბის სახეა
ხურო – ოსტატი
ხუტკნა – ამოღრუტნვა
ხუჭუჭი – კრავის ტყავი
ჯადვარი – რკინის აჯასპი
ჯალამბარი – გორგოლაჭიანი ბერკეტი
ჯამბარა – ჯაჭვი ან მსხვილი ღვედი
ჯარა – სართავი დაზგა
ჯაჭვის სახეები: შესაბორკი, კარსნი, ცანდი, ძეწკვი, შიბი, ზენჯირი
ჯერბი – ქლიბის სახეა
ჯიგალა – გახურებით ხის სახვრეტი
ჯირი – ორპირმოქნილი ტყავი
ჯოლბორდი – ისრის მთლელი
ჰარილი – მოქნილი ჯირი

 

ტეგები: , , , , , ,

4 responses to “ზნენი სამამაცონი – 40, ხელოსნობა

  1. muriko

    January 12, 2010 at 6:12 pm

    რამდენი სიტყვები ყოფილა, რომლებიც არ ვიცოდი ქართულად რომელი რას ნიშნავს. მადლობა სასარგბლო ინფოსათვის🙂

     
  2. ელდორადო

    July 16, 2010 at 12:47 pm

    შესანიშნავია,პირადად მე ზალიან მომეწონა წავიკიტხე.ჩემი წინაპარიც მჭედელი იყო და ზედმეტი სახელიც შეარქვეს მჭედლიაანი.ზალიან საინტერესოპროფესიაა პირადად ვიცი ეს.

     
  3. nino_beltadze

    January 5, 2014 at 8:50 pm

    უღრმესი მადლობა გაწეული მუშაობისთვის. დიდი ხანია, თქვენი მასალით ვსარგებლობ. დარწმუნებული ვარ, თქვენს თავმდაბალ, მუდმივ ძალისხმევას სულ უფრო ბევრი ადამიანი დააფასებს.

     
    • matekari

      February 4, 2014 at 11:24 pm

      გმადლობ ნინო

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: