RSS

ზნენი სამამაცონი – 37, სეფური

08 May

“ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტია”
ხალხური

გადარჩენისათვის ბრძოლა სიცოცხლის უმთავრესი თვისებაა. ნებისმიერი ცოცხალი არსება დაბადებითგანვე აღჭურვილია მისი სახეობის მიერ ამ კუთხით დაგროვილ–გამომუშავებული უზარმაზარი ცოდნით.

ადამიანმა ამ ცოდნის გაღრმავებაში ინტელექტიც ჩართო. საიდანაც არ უნდა ავითვალოთ კაცის არსებობა, იმავე დროიდან ეწევა იგი საბრძოლო ცოდნის დაგროვებასა და განვითარებას. გარემომცველი სამყარო – სტიქიონი, მხეცი და თვით მისივე მოდგმა, მისგან ნიადაგ მზადყოფნას მოითხოვდა.

ამდენად მებრძოლეობა იმთავითვე კაცის არსის ბუნებრივი ნაწილია და, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია მოზარდის ხასიათში მისი სწორად ჩამოყალიბება.

და კიდევ – ჯანმრთელ გარემოში მოზარდის დგინება სრულიად განსხვავებულია. ძველად ღირსეულ პაექრობაში დამარცხებულს ვაჟკაცის სახელი ჰქონდა და უღირსად გამარჯვებულს კი ლაჩრისა.

წყაროების ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში სამხედრო მომზადებით შეძლებისდაგვარად მთელი მოსახლეობა იყო მოცული.

გამონაკლისს არც ქალი წარმოადგენდა (გაიხსენეთ ხუნტრუცის საბასეული განმარტება: – ქალთა მიერ ფუნდრუკი ძალისაებრ მათისა).

ევროპისაგან განსხვავებით საქართველოში თვით სასულიერო სასწავლებლის მოწაფენიც კი გადიოდნენ ფიზიკურ მომზადებას. XI საუკუნის ცნობილი მოღვაწის გიორგი ათონელის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ მას წესად ჰქონიყო მოწაფეთა “ველად გასვლისა მღერად” (იგულისხმება ფუნდრუკ–თამაშობანი).

დავით აღმაშენებლის მიერ გელათის აკადემიაში საგანგებოდ მოწვეული, თავისი დროის ერთ–ერთი უდიდესი მოაზროვნისა და პედაგოგის, იოანე პეტრიწის აღმზრდელობითი სისტემა ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: გონებრივი, ფიზიკური, ესთეტიკური და ზნეობრივი აღზრდა.

ასეთი ტრადიციის არსებობას ადასტურებს აგრეთვე გადმოცემა გრემის მონასტრის ორმოცი ბერის შესახებ, რომელთაც გზა გადაუჭრეს მოულოდნელად მოვარდნილ მტერს და ფიცხელი ბრძოლა გაუჩაღეს, რათა ერეკლე მეფეს ლაშქრის შეკრება მოესწრო.

წვრთნა ადრეული ასაკიდან იწყებოდა და ძირითადად ბუნებრივ დაბრკოლებებზე იყო მორგებული. მოვარჯიშე იმთავითვე ეჩვეოდა ოღრო–ჩოღროზე სირბილსა თუ სიპ ქვებზე წონასწორობის დაცვას, სიმაღლეში ხტომისას კაცს უნდა გადავლებოდა თავზე და არა თამასას, ხოლო სიგრძეზე ჭოკით ხტომისას ხევსა და მდინარეს, რათა საბრძოლო ვითარებასთან უკიდურესი მიახლოებით გაწვრთნილიყო.

ამგვარად გაწაფული მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში (ქუდზე კაცი) საკმაოდ მაღალი ხარისხის ლაშქარს ადგენდა. სამხედრო მომზადების აღნიშნული სისტემა საგანგებო რიტუალებითა და საკმაოდ მკაცრი ტრადიციებით იყო უზრუნველყოფილი.

“სამეგრელოს აღწერაში” არქანჯელო ლამბერტი მოგვითხრობს: – “ბავშვები ისე ატარებენ იარაღს, ფარსა და მშვილდს, თითქოს დაბადებიდან იყვნენ შეჩვეულნი ბრძოლას. ყველანი ისე გულმოდგინედ ეკიდებიან ამ საქმეს, რომ მუდამ მზად აქვთ ყოველივე, რაც საჭიროა ლაშქრობაში; საუკეთესო ცხენს, თუ არა ლაშქრობაში, არ დაღლიან; ასევე ლაშქრობისთვის აქვთ გადანახული საუკეთესო სურსათი.

ყოველი იარაღი ისე აქვთ გაწყობილი, რომ მთავრის პირველივე დაძახილზე შეძლონ ლაშქრად გასვლა. გარდა ამისა, დასვენების დროსაც კი მშვილდ–ისარი, ფარ–ხმალი, აბჯარი და სამაჯეები სასთუმალთან ულაგიათ, რათა საჭიროებისამებრ საბრძოლველად მზად იყვნენ…

პატარებსა და ნორჩ ახალგაზრდებს სასტიკ ზამთარშიაც კი ფეხთ არ აცმევენ და აჩვევენ თოვლში ფეხშიშველ სიარულს. საშინელ პაპანაქებაში სანადიროდ მიდიან. ხშირად შიშვლები გავლენ ხოლმე უდიდეს მდინარეებში. ამას იმიტომ ჩადიან, რომ ცქვიტები და მარდები შეიქმნენ და შეეჩვიონ იმ გასაჭირს, რომელიც ომიანობას მოაქვს.”

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა სამხედრო აღზრდისა. გარდა სახალხო ლაშქრისა, ბუნებრივია არსებობდა სამხედროთა ფენაც, რომელიც უფრო მაღალი დონის სამხედრო და ფიზიკურ მომზადებას გადიოდა (გავიხსენოთ სიტყვა გოთაული, რაც საერო საქმიდან განმდგარსა და იარაღით მებრძოლ კაცს ნიშნავს).

არსებობდა აგრეთვე საგანგებო დანიშნულებისა და გაწვრთნილობის რაზმებიც, რომელთაც განსაკუთრებული ხასიათის საბრძოლო ოპერაციები უნდა შეესრულებინათ – მტევებარნი, მარბიელნი, მსტოვარნი, მანდატურნი, კერკეტონი და სხვა.

მტევებართა მოქმედების ბრწყინვალე ნიმუშია დიდგორის შეტაკების წინ მოწინააღმდეგის განლაგებაში შეჭრილი მცირე რაზმი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ბრძოლის საბოლოო შედეგი.

ცხადია ასეთი მებრძოლნი საარაკო სულიერი და ფიზიკური მონაცემების, მაგრამ ამავდროულად საგანგებო საბრძოლო ცოდნის მატარებელნი იყვნენ.

სეფური ქართული სიტყვაა და ვარჯიშს ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მნიშვნელობა გაფართოებულია და გულისხმობს ვარჯიშთა სისტემას.

იგი პირობითად შეიძლება დაიყოს საწყის სეფურად და საკუთრივ სეფურად.
საწყისი სეფური არის ვარჯიშთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს საბავშვო თამაშობებსა და ზოგად ფიზიკურ მომზადებას.

იგი ამზადებს პირველ სამ მენაკს, სანამ მოვარჯიშე უშუალოდ სახეობებში ვარჯიშს შეუდგებოდეს).

თავად სეფური მოიცავს ვარჯიშებს, რომლითაც მოვარჯიშე იღრმავებს და ინარჩუნებს სახეობის ათვისებისათვის საჭირო ფიზიკურ მზაობას, რომლის გაზრდასთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს მოვარჯიშის სამხედრო–პატრიოტულ აღზრდას.

ამ მიზნის მისაღწევად უნდა დამუშავდეს სათანადო ისტორიული და ლიტერატურული მასალა, რომლის ცოდნაც სამწრთვნელო კვალიფიკაციის განსაზღვრის ერთ–ერთი უმთავრესი საზომი უნდა გახდეს.

ამავე მიზანს ემსახურება სეფურის სიტყვის კონაც. გარდა იმისა, რომ ეს ტერმინები სხარტია და ტევადი, ისინი მწვრთნელს ეხმარება სათანადო განწყობილების შექმნაში.

აქვე განვმარტავთ, რომ ტერმინთა დაჯგუფება პირობით ხასიათს ატარებს და უფრო სრულყოფილი სახე პრაქტიკული მოხმარებით მიეცემა.

აბზილაკი – აზიზი, წიწკი
ადაშურა – აჩქარება
აზმა – ქება
ათხაჯი – შეუპოვარი, გაბედული
აკარწახებული – აკაპიწებული, დაკოტავებული
აკვალთული – აკრეფილი კალთა
ალაჯუნა – დიდნაბიჯა
ანაჯი – გამოცდილი
არსილი – გერგილი, შნოება
ასაკი:
– უსუარი – 10 წლამდე
– ნინველი – 15 წლამდე
– ყრმა – 20 წლამდე
– ჭაბუკი – 30 წლამდე
ასესება – ფეხზე გამაგრება
ასკიკუკა – ასკინკილა, სალიკმალიკი
აცაბაცა – შეუწყობლად
ახად – ჯეროვნად, სამართლიანად
ბაბნიკი – ერთ ადგილზე ტკეპნა
ბადუნი – უშნოდ სიარული
ბალანგარი – მოუსმინარი
ბალახტარა – უხეიროდ მკეთებელი
ბარგანაობა – რაცრაცი, ტორტმანი, ბაცბაცი
ბარგანი – სიარულში ფეხის ჩაკეცა
ბატატური – ფეხის განზე გადგმით სვლა
ბაციკა – პატარა
ბაწარაღებით – განუწყვეტლივ
ბაჯიჯი – განგან დიდი ნაბიჯი
ბზაკუნი – სკუპით სვლა
ბიიბუ – წაგებულის გასაბიაბრუებელი შეძახილი
ბილანი – გამოუცდელი
ბოკოტა – კოტიტა, ბაკუტა
ბოჟიკი – მომცრო
ბოში – ფომფლე, ფამფლე, დაფოთებული, მოშვებული
ბოჩინი – უაზრო საქმიანობა
ბოწიწკობა – ფეხების მაგრად დადგმა
ბუაკი – გირგისალი, სირსიგალი, ადგილზე ტრიალი
ბურტული – ყირამალა კოტრიალი
ბურხალი – უწესო ჭიდაობა
ბუქნა – ჩაცუცქვა–ახტომა
ბუხტუნა – დიდგულა
ბღუნვა – თავზე და მუხლებზე ბრუნვა
გაბობება – ბობღვასავით გავლა
გაბოტება – ფეხების გაბრჯენა
გაბუცება – გაშტერება
გაგლინება – ჩუმად გაცოცება
გათანგვა – შებოჭვა
გამაშირება – განარდიშება, ხელის გავარჯიშება
გამოჩირჩნა – გაწვრთნა
გაპერვა – გაოფლიანება, გაქაფვა
გარდი – წრე (სვან.)
გაჩხრეკა – გულდასმით განხილვა
გაჩვევა – გაწაფვა
გაწკეპილი – კარგად გამწკრივებული
გაწკრინვა – სწრაფად გაქცევა
გახარიტება – გაქოფიტება, გაზეპირება
გაჯრა, მოჯრა – მწყობრის გაშლა და შევიწროება
გერიმ – გამეორება (ფერეიდ.)
გვალე – სწრაფი სვლა
გვანგვალი – მოკლე და სწრაფი ნაბიჯით სვლა
გლასუნი – ზერელედ გასმა
გლინვა – გველივით ცურვა
გოგმანი – მსუბუქი სვლა
გუნგრუცი – ზოზინი
დაკამარება – ნახტომით რბენა
დასვასა – რიგით მოწყობა
დატიშვა – სწრაფად გაქცევა
დაღურდანა – ქვეშქვეშა, მუზმუზელა
დაცქნაფა – განაბვა
დაწალიკება – მწკრივად წასვლა
დგომი – დგერი, შაქი
დგენა – მჯობნის გარკვევა
ეგემცევ – ეგებ როგორმე
ეგრენა – ეესრ, ამგვარად
ერჟა – მხოლოდ, მარტო
ვინძლივ – თუცა ძალ გედვას
ზანზური – ტანის რხევა
ზაზანი – ზარმაცი, ზოზმაქი
ზველვა – გაბაძვა
თოქი – მშიშარა, ტრელი
იათაქი – სიარულისას ფეხის ფეხზე გასმა
იგრობან, აგრობან – იქით, აქეთ
იერიში – სწრაფი შეტევა
იკანკელი – დაკავკაული, აღმართში ზიგზაგით ასვლა
ისყია – ყირამალა
კალი – გაშლილი ხელები (სვან.)
კვატუნი – კიდურის სწრაფი ქანება სახსარში ღუნვით
კვიმატი – ფათერაკი
კინკილი – ცალ ფეხზე ხლტომა
კისკასი – მოქნილი, მარჯვე
კოკბად – ერთად
კოტაობა – ტყუილი ჭიდაობა
კოტიზი – კუნტრუში
კოტრიალი – თავით წინ გორვა
კნაჭა – გამხდარი
კუნკული – მცირე ბუქნით სვლა
კუნტება – ჩაჯდომა ისე, რომ საჯდომი მიწას არ ეხებოდეს
კუსკუსა – მოუსვენარი
კუსპარა – პატარა და მოძრავი
ლაკვა – ფეხით ტკეპნა
ლანგანი – მუშაითის ლატანი
ლაშხალუშხი – გრძელი ნაბიჯით სიარული
ლმობა – დაზოგვა
მაელედ – მრგვლად მოწყობა
მასტი – მალხაზი
მაქუნა – ცელქი
მაქცი – ეშმაკი, ხერხიანი
მაჩვიერი – ვინც ეჩვევა
მაცაცერა – ანცი
მაცინცველა – პატარა და ეშმაკუნა
მაჯაგი – გამძლე, ამტანი
მემათრახე – მებრძოლის გამწვრთნელი
მეწყვილე – ამფაზი, ჯუფთი
მიდეგა – თავისის გამტანი
მიელა – მოსიყვარულე ბავშვი
მიკვირია – ყველაფერი რომ უკვირს
მიჭკამალაყი – კისერზე გადაბრუნება
მიჯრა – მწყობრის შევიწროება
მკისე – გაბედული
მოთაული – მეთაური
მოთელვა – გახურება
მორკინალი – შერკინების მონაწილე
მორთხმა – ფეხმოკეცით ჯდომა
მრე – მომრევი
მრწემი – უმცროსი
მრჩობლი – წყვილი
მცონარობა – შიში მოქმედებისა
ნაბიჯი – ერთი ფეხი წინ (ბიჯი – მეორეც)
ნაბული – თავდასხმისწინა განაბვა
ნებრუცა – ნებიერა
ოჩოფეხი – საბიჯიანი ჯოხი
ოხა – მიხმარება
პაექრობა – შერკინება, დგენა
პანკი – ბიჭი
პიტაკი – მოხსენება უფროსისადმი
პოტიკი – მიდებ–მოდება
პრიანი – წადილი
ჟინი – წადილი
ჟირავი – ქაოსური მოძრაობა
რახელ – როგორ
რიხი – გაბედულება, სითამამე
როკვა – ილეთთა რიტმული შესრულება
სარისტა – წესრიგი
სარსარაკა – ყბედი
საცდური – ცრუმოძრაობა
სეფური – ვარჯიში
სოლე! – სიჩუმისაკენ მოწოდება
სრევა – სროლა
სულმაუთი – მოუთმენელი
სუნგალი – გასუსვა
ტაბუცი – ფეხშიშველი სიარული
ტალიკი – მოხდენილი
ტორღვება – იარაღის ტრიალი, ქიჩილორია, კიჩილობია
ტორღიალი – ჩაციებით ადევნება
ტორიკი – უაზროდ ხეტება
ტუქსვა – საწვრთნელი რისხვა
უგანა – გაუხტა
უგეში – გაუწვრთნელი
უდგრეში – ურჩი
უდები – ზარმაცი
უდიერი – ძალის დატანება
უზური – ყურადღება
უნიშანგეშოდ – უკვალოდ
უსმი – შეუსმენელი
უჯრიკი – მოუხეშავი
ფაიქარი – ძალიან სწრაფი
ფანგაფუნგი – ბაჯბაჯი
ფაცანგი – მოუსვენარი, ფუცხუნა
ფაციცი – მოწადინება
ფაცქიკუკუ – კუკილით ხტომა
ფეხფეხ – კვალში
ფილა – შეცდომა, ფუწი
ფორი – მოედანი
ფოფიალი – მჩატედ სიარული
ფრიად – დია, ძალიან
ფხიტი – ცქვიტი
ქევალა – ტრაბახა
ღიმღამი – უნარი
შავა – ინტერესი
შეღერება – ტანის აყრა
შტრინგი – ყოჩაღი
ჩაჩულია – ჩანჩურა
ჩაჩხი – პარჭყი, შპაგატი
ჩერეკი – არეული ნაბიჯი
ჩინდრიკი – ძუნძული
ჩინჩილი – ფეხაკრეფით სიარული
ჩიხარხალა – უწვრთნელი გუნდი
ჩხიმალა – მჭლე
ჩხორი – უწესრიგო ხროვა
ცბოლა – მაცდენლობა, ჩბოლა
ციაცი – თვალის ცეცება
ციბიკი – ხტუნვით სიარული
ცივცივ – ფეხდაუკარებლად
ცილობა – ქიშპობა
ცინკილი – ჭლიკზე ხტუნვა
ცირგავი – მასხრობა
ცლაგვა – ერთ სიტყვაზე დაუდგრომლობა
ცლანგი – ცუღლუტი
ცონა – ზარმაცობა
ცორვა – სრიალი
ცოცვა – მუცელბარკლით სვლა
ცქაფი – ხელსწრაფი
ცქეტა – დანახვის ნდომა
ცხაკუნი – მოკლე, ჩქარი ნაბიჯი
წადიერი – მოსურნე
წალიკი – მწკრივი
წიორი – ხმელ-ხმელი, ძარღვიანი
წიფება – შეძლება
წკეპა – მცირედ ცემა
ჭდე – საფეხური, ხარისხი
ჭორონა – ასაკისთვის ტანდიდი
ხავხავი – ჯდომელა ბრუნვა
ხამისცემა – დაღლით ცუდად გახდომა
ხარიელა – ტლანქი, ხებრე
ხასი – გაბედული
ხებესტარი – შეუსმენელი
ხელბუკი – ზანტი
ხვინიკი – ცმუკვა
ჯგიმი – გაჭიმვით დგომი
ჯერგა – წრის შეკვრა, ალყა
ჯიგლიგი – ჯიკავი, ჯირგილი
ჯიკვა – ტანმორჩილი და ღონიერი
ჯიმრი – აკვიატებული ჩვევა
ჯლიხაობა – ბუცაობა
ჯონგა – ვაჟკაცი
ჰამრობა – აღრიცხვა

 

ტეგები: , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: