RSS

ზნენი სამამაცონი – 36, საჭურველი

08 May

“ჩვენი ბატონი ერეკლე ერთი პატარა კახია, ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს, გაჰკრა ხელი და გახია.”
ხალხური

საჭურველის შესახებ მოპოვებული მასალა ცხადყოფს მისი დამზადებისა და მოხმარების უძველეს და მაღალ კულტურას.

თრიალეთში ნაწარმოები გათხრების დროს ნაპოვნია ძვ. წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს მუზარადისა და ფარაგის ნაშთები, ხოლო ვანში – ბრინჯაოს საბარკალი და საჩერნე.

ბერძნული მითის თანახმად აიეტს ომის ღვთაება არესის მიერ ნაბოძები ოთხჯიღიანი ოქროს მუზარადი ეხურა.

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მრავლად გვხვდება შეგონება, თუ რაოდენ აუცილებელია საჭურვლის თითოეული ნაწილი. მეომრის დაღუპვა ხან სამკლავის, ხან საბარკულის, ხანაც ჩაჩქანის უქონლობას ბრალდება.

ამ საკითხზე თვით არჩილ მეფეც კი ამახვილებს ყურადღებას – “უმუზარადოდ ომს შესვლა კარგთა კაცთაგან ავიაო” (თუმც კი, ამავე დროს, გიორგი სააკაძის გამორჩეულობის ხაზგასასმელად არჩილს “გაბაასებაში” უწერია: – “მოურავმან იმ ომზედა მუზარადი არ დაიდგა, თქვა, “რა მიცნას ყიზილბაშმა, ბრძოლად ახლოს ვინ მამიდგა”–ო).

ზოგი საჭურველი, დამზადების სირთულის გამო, საკმაოდ ძვირფასიც იყო და მასზე არც თუ ბევრს მიუწვდებოდა ხელი.

abjarმაგალითისთვის ავიღოთ ჯაჭვის პერანგი. იგი ასი ათასზე მეტი რგოლისგან იქსოვებოდა და თითოეული რგოლი შედუღებული იყო, ან მოქლონვილი. წარმოიდგინეთ, შუა საუკუნეების ტექნოლოგიით რა შრომას და დროს მოითხოვდა ჯერ სათანადო მავთულის დამზადება, შემდეგ ზომაზე დაჭრა (რგოლები სხვადასხვა ზომისაა), დახვევა, თავების დაბრტყელება, დახვრეტა, ფარეშის (მოქლონის) დამზადება, ჩაქსოვა, მირგება, ფარეშის გაყრა და მოქლონვა.

აღსანიშნავია, რომ ამ ოპერაციათა უმეტესობას ქალები ასრულებდნენ. ერთი წყაროს მიხედვით XV საუკუნეში ჯაფარიძეებისთვის სვანებს თითო ტყვეში თითო აბჯარი გადაუხდიათ.

ვახტანგ გორგასალს ჯაჭვის პერანგი ემოსა. სწორედ ამავე პერიოდის ურბნისის არქეოლოგიური მასალითაა დადასტურებული მეომრის ეს სამოსი. იმდროინდელი წყაროებიც საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ქართული ლაშქრის აღჭურვილობაზე.

ცნობილია, რომ ქართლის სამეფოს ლაშქარში უმთავრეს როლს ასრულებდნენ “ცხენთოროსანნი” და “ჯაჭუ–ჩაბალახოსანნი”, ანუ ცხენიანად შეჭურვილი მხედრები, რომელნიც უმთავრეს დარტყმას აყენებდნენ მტერს. მათ შემდეგ ბრძოლაში ერთვებოდნენ ქვეითნი და ბოლოს მსუბუქად აღჭურვილი მხედრები, გატეხილი და უკუქცეული მოწინააღმდეგის დასადევნებლად და საბოლოოდ დასათრგუნად.

ჯაჭვის პერანგი დამცავი ფუნქციის მატარებელია და, ამდენად, სავსებით ბუნებრივია ერთ შემონახულ ნიმუშზე, ალექსანდრე მეფის კუთვნილ პერანგზე დამცავი სიმბოლოების – კაცისსახიანი მზისა და მთვარის გამოსახულება.

ეს ნიმუში საინტერესოა უფრო იმით, რომ იმეორებს ხალხურ ლექსში თორღვაზე გამოსახულ ნაწილებს – “მარჯვნით მზე წერებულიყვა, მარცხნისკე მთვარის ნალიო”. წერებულიყვა თურმეს გულისხმობს, რადგან ეს სიმბოლო “ნაწილიანებს” სხეულზე (მეტწილად ბეჭთა შესაყარზე) ჰქონდათ გამოსახული და ნანახი არავის უნდა ჰქონოდა, თორემ “ნაწილიანი” დაიღუპებოდა.

ჯაჭვის პერანგზე მათი ღიად გამოსახვა კი ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ პატრონს ტრადიციაში ფორმაღა აინტერესებდა და არა შინაარსი.

აბჯარი – ჭური, საჭურველი, სილაღი, ჯაჭვის პერანგი, საფარველი, ჯავშანი.
გამოიყოფა 5 სახისა:
სამანქანი – ჯაჭვის თავი მრგვალი, სამფარეშოსანი, შიგნით ნიკარტოვანი, გადაგრეხით ძნელად გასატეხი;
ზეიდალი – სამანქანის მსგავსი, თითო რიგი მთელი თვალი, უფარეშო, თითო – ფარეშოსანი;
ხოსროვანი – მსგავსი ზეიდალისა და ქვედა პირი ღარღაროვანი;
ქირაფქა – მობრტყე ჯაჭვის თვალი, ფარეშოსანი, რბილბასრი და უფრორე ბასრი, გადაგრეხით ადვილად გასატეხი;
ჯაბალა – ქირაფქის მსგავსი, ჯაჭვის თავი მრგვალი, ზოგი ფარეში მრგვალი, ზოგი ეკლებრივი;
ალმაჭური – ძლიერი შეჭურვა
ანჯარი – აბჯარი (მეგრ.)
ბეგთარი – მორკინული საცმელი, ვეფთარი
ზალტე – სამაჯური
ზარადი – ზუჩის ჯაჭვი
ზოსტარი – ქამარივით
თავსაჭურველი:
– აჩხაბერი – ზუჩი პირ დევის სახე;
– კვერცხი – მხოლოდ თავსარქმელი პოლოტიკი;
– მუზარადი – პოლოტიკი წინ და უკან გრძელი ზარადით;
– ჩაფხუტი – უზარადო, საცხვირეთი;
– ჩაჩქანი – თხემზე მცირე პოლოტიკითა და მცირე ზარადით;
– ჩაბალახი – ლიტონი ჯაჭვის, უპოლოტიკო;
თორნი – ჯაჭვის სამოსი
იალმაგი – ალმაგი, ჯაჭვს ზემოდან ჩასაცმელი
მარცოლი – ჯაჭვის თვალი
მიგრი, ვიგრი – რაღაც ცხოველის ტყავი
პოლოტიკი – რკინის ფიცარი
საბარკული – ბარკლის ჯავშანი
საბეჭური – ბეჭის ჯავშანი
საბუხარი – საფუხრე, ქური, თათური, ჯავშნიანი თათმანი
სამანდრო – ელვარე საჭურველი
სამუხლე – მუხლის ჯავშანი
სამხრეული – მხრის ჯავშანი
საქონე – საპოხის ჭურჭელი
საყირმურზა – სატაბუხე პოლოტიკი
საჩერნე –საწვივე აბჯარი
სირსიტი – ჩაჩქანქვეშ დასახური
ტალიკი – აბჯრის ბუდე
უმბონი – ბრინჯაოს ქერცლი
ფარეში – ჯაჭვის თვლის ჭანჭიკი
ქაფი – ჯავშანთა სამხარიღლიე
ყრილი – ჯავშანს სადა თვალი აკლდეს
წრიაპი – კბილებიანი ტერფზე ამოსაკრავი
ხუფთანი – ჯავშანზე საცმელი
ხელნავი – მკლავის ჯავშანი

 

ტეგები: , , , , ,

5 responses to “ზნენი სამამაცონი – 36, საჭურველი

  1. ბესო

    July 12, 2010 at 2:32 pm

    მალადეც ძმაო, გაიხარე

     
  2. ანდრო ტყეშელაშვილი

    August 4, 2010 at 2:28 pm

    დიდი მადლობა… ჩვენს რეალობაში ვიცი არ იყო, მაგრამ ინგლისურში ჰქვია Iron Collar. http://www.divine-name.info/museums/gustav.htm აი, ლინკი… „რკინის საყელოდაც“ შეიძლება ითარგმნოს, მაგრამ ვშიშობ, რომ დამსჯელობით იარაღთან არ გაიგივდეს… ესპანურიდან „გაროტედ“ რომ დამკვიდრდა ჩვენში… მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის…

     
  3. ანდრო ტყეშელაშვილი

    August 4, 2010 at 2:29 pm

    მაინტერესებს რა ჰქვია ამ სახის საჭურველს ქართულად… თუ ფლობ ინფორმაციას… მადლობა წინასწარ

     
  4. matekari

    August 6, 2010 at 12:32 pm

    ანდრო, მე არ გახლავართ ამ დარგის მცოდნე, ისევე როგორც დანარჩენი ასიოდე დარგის, რაც აქ აღვწერე. ჩემი მცდელობა იყო ერთად შემეყარა და მომეწესრიგებინა, რაც მსმენია და წამიკითხავს და რაც დავიწყებისთვის იყო განწირული. აქ ერთგან მიწერია კიდეც, რომ თუ ამ წიგნმა სპეციალისტები კრიტიკისთვის განაწყო, ეგეც ხეირია საქმისთვის თქო

     
  5. ანდრო ტყეშელაშვილი

    August 8, 2012 at 3:28 pm

    დაგვიანებული მადლობა ზღვა მასალის თავმოყრისთვის. წარმატებები!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: