RSS

ზნენი სამამაცონი – 33, მშვილდ–ისარი

08 May

მშვილდი უძველესი იარაღთაგანია. არქეოლოგიური მასალით ჩვენში იგი გვიანი პალეოლითის ხანაში დასტურდება.

საქართველოში მშვილდის ერთ–ერთი პირველი გამოსახულება პატარა ხრამის ხეობის პეტროგლიფებში გვხვდება, რომლებიც მეზოლითის ხანით (10 000 – 6 000 წ. ჩვენს ერამდე) თარიღდება. ამ იარაღის დახვეწა–განვითარება მოიცავს კაცობრიობის ისტორიის უზარმაზარ მონაკვეთს –პალეოლითიდან XIX საუკუნემდე.

mshvild-isar

ბრინჯაოს ხანის ერთ სარტყელზე გამოხატულია ადამიანის სიმაღლე მშვილდი, რომელიც მარტივი მშვილდის დარად, რკალივით კი არ არის მოდრეკილი, არამედ შუა ნაწილით საბამისკენაა შეზნექილი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ეს მშვილდი შედგენილია. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენში, უკვე ბრინჯაოს ხანაში, მშვილდი განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე მდგარა.

საინტერესოა ამავე ხანის ისრის წვერებიც. მათ შორის ერთ–ერთის ფორმა აშკარად მიუთითებს, რომ იგი შხამში ამოსაწებად იყო განკუთვნილი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სტრაბონის ცნობა – სვანები ისეთ საკვირველ შხამს ხმარობენ ისრებზე, რომ სუნითაც კი სტანჯავს იმათ, ვინც არ დაჭრილაო.

ჩვენს წყაროებში თოფი XV საუკუნის მიწურულს ჩნდება, მაგრამ მშვილდი კიდევ დიდხანს არ თმობდა პოზიციებს. მშვილდის დამზადებისა და მოხმარების ცოდნა იმდენად მაღალი დონისა იყო ჩვენში, რომ თვით XIX საუკუნის ცეცხლსასროლ იარაღსაც კი უწევდა ღირსეულ მეტოქეობას.

შორსმსროლელობით იგი იმდროინდელ თოფს დიდად არ ჩამოუვარდებოდა, ხოლო სწრაფმსროლელობით კი აღემატებოდა კიდეც (დახელოვნებული მსროლელი წუთში ოცამდე ისრის გატყორცნას ასწრებდა).

მოწინააღმდეგის დაზიანების თვალსაზრისით მას აგრეთვე გარკვეული უპირატესობა გააჩნდა – სამსტოვრო ოპერაციის დროს უხმაურო იყო, ხოლო საგანგებო შხამში ამოვლებული ისარი, მცირე განაკაწრის შემთხვევაშიაც კი, სწრაფ დამბლას იწვევდა.

მშვილდის მასალა მრავალგვარია. ვახუშტი ბატონიშვილი გუდამაყრის აღწერისას ამბობს: – “მშვილდმომქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან”.

დ. სალაძის ცნობით ზემო რაჭაში მას უნახავს 3 ადლი სიგრძის რკინის მშვილდი, ორი არშინის სიგრძისა და ერთი გოჯის სისქის რკინისავე ისრით.
სირთულის მიხედვით მშვილდი სამ ძირითად სახეობად უნდა დაიყოს – მარტივად, რთულად და რთულშედგენილად.

mshvild

– რთულ მშვილდს, რომელიც შედგება მერქნის ერთიანი ნაჭრისაგან, მარგი ქმედების გასაძლიერებლად დამატებული აქვს ლითონის სარტყლები, დახვეული აქვს ძარღვი, მყესი, ტყავი, აშკი და მისთანანი.

– რთულშედგენილი მშვილდი იმდროინდელი ტექნოლოგიის თავისებური კრებულია. მის საფუძველს წარმოადგენს რამდენიმე მტკიცედ შეწებებული ხის, რქის, ძვლის, ლითონის ფენების საკმაოდ რთული თანაწყობა. ამავე დროს, ერთად შეკვრამდე, თითოეულ ამათგანს დამუშავების საგანგებო ციკლი აქვს გავლილი.

ისარი: ცალკე ხელობა იყო ისრის გათლა. შესაბამის ილუსტრაციაში თავმოყრილი ისრის პირები ცხადად მეტყველებს, რომ ჯოლბორდს, ანუ ამ ხელობის კაცს ოსტატობა და ფანტაზია არ დაეწუნებოდა. ამასვე ადასტურებს სულხან–საბას სიტყვის კონაში მოცემული საკმაოდ მდიდარი მასალაც.

საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი ისრის წვერი კაჟისაა და პალეოლითის ხანას მიეკუთვნება.

isar c

ისართა ბუნიკებს მრავალგვარი ფორმა ჰქონდათ (რომბისებრი, ფოთლისებრი, პირამიდული და მისთ.).

ასევე მრავალფეროვანი იყო ფრთის განლაგება (ბრტყელი, წახნაგოვანი, ლაპოტა და სხვ.).

სხდასხვაგვარი იყო ბუნიკის ზროზე დამაგრების ხერხი (ჩამოსაცმელი და ჩასაყარი).

ზრო, როგორც წესი, მზადდებოდა მკვრივი, სწორფენოვანი მერქნისაგან, ან გამოიყენებოდა ახალი ამონაყარი, მსუბუქი, მაგრამ მაგარი, რბილი გულგულათი.

საფრთე მასალას წარმოადგენდა მტაცებელ ფრინველთა (არწივი, მიმინო, სვავი, ორბი და სხვ.) თბე (ფრთა). თბე აუცილებლად ერთი მხრისა უნდა იყოს.

ხშირად ბუნიკს ზროზე არამყარად ამაგრებდნენ, რათა ისრის ამოძრობისას სხეულში ჩარჩენილიყო.

აჯის მშვილდი – რქის მშვილდი
ბზაკალი – მშვილდის სახეა
ბოძალდი – კონდახიანი მშვილდი
გოზა – მშვილდი სახელურიდან მწვერვალამდე
დიხაშვილდი – მახეშვილდი
ზრო – ისრის ტანი, ოკა
ზუზია – გესლი სწრაფმაკვდინებელი
თბე – ფრთა
თეთიკი – სასხლეტი
ისარი – ზოგადი სახელი:
– აქოქი – სასულეთი სასროლი
– აღრაბი –
– ბორბალა –
– ბოძალი – პოწალი, ბორძალი, ქეიბურივით პირდიდი, ორკაპა
– გეზი – უფრთო, უპირო
– თამუქი – ისრის სახეა
– კონკო – მასრით ბუნისმაგიერ
– კოპული – ისარი (მეგრ.)
– ლიბანდაკი – საყალნოზე მოკლე
– ნავაქი – მცირე ისარი
– როხნო – მძიმე ისარი, როკნო
– სანადირო – ქეიბურივით
– სარჩა – ისარი ზომიერი, პირმობტყე, ფრთამობტყე
– საყალნო – ფრთადაბალი, პირწვრილი
– სეფქა – ფრთამაღალი, გრძელი
– სტუპალა –
– ტლიკვი – უგრკლო სეფქა
– ფერცხალი –
– ქასაგანი – ისრის სახეა
– ქეიბური – უგრძესი, ფრთამაღალი, პირდიდი ისარი,
– ქიბორჯი – მომცრო, პირგანპებული, სარჩასავით
– ღრჯა – ყოდალის უგრძესი, წვერმწვეტი, ჯვარედად ჩხირდასხმული
– ყოდალი – კოდალი, სარჩისხელა, სამფრთიანი, უპირო, წვერმრგვალი
– წებულა – ოთხფრთიანი ისარი, დაწებებული ფრთებით
– წინწკიტელა – საჩვევი ისარი
– წიფხა – ისრის სახეა
– წიწკა – საყმაწვილო, მარტივი
– ცერა –
– ცხვი – ისარი (სვან.)
– ჯღა – წებულას ბუნიკის სახე,
კილო – მშვილდის საბლის ჩასაგდებელი
კიპი – მშვილდის დაზიდვით ჭერა
ლამბი – სეფქის თასმა, ლარი, საბამი, უფრო ძროხის ტყავისა
მენიჯგორე – ისართა გამგებელი
ნაკაპარი – კაპარჭი, ისართა ქარქაში, ნიჯგორი
ოდრიკალი – მოდრეკით დაბმული
ოხია – მშვილდისარი (აჭარ.)
სამალი – რკინის ღარი, მტკავლიანი ისრის სასროლი
სასაგნო – ასაბადი, სამიზნის ადგილი
სასროლეთი –
სასულე – ჩაბერვით სასროლი იარაღი
სასხლეტიანი – ხევს. კონდახიანი მშვილდი
სასხრტოი – დასასხლეტით სასროლი
საფრთე – საისრე ყობული
საჩვევი მშვილდები – წკიპურტანა, მშვილდკოდალი, ბზეკალ–კოდალი
სახელურა – მშვილდის გოზებშუა
ფეშრი – მშვილდის დაძაბვა
ქოჯო – ისრის კონა, ქეში
ღალე – ფრთა (სვან.)
ღანკი – სანიშნე ოდიშსა და აფხაზეთში
ღეპეპი – ფრთის ღერო
ყია – კილო, რითაც ისარი საბამს ებჯინება
ყულაჯი – მშვილდის სიგრძე, გაშლილი ხელების ზომა
შვებულო – საისრე ტოტი
შქვილი – მშვილდი, ქაშქვინდი
ჩალხი – მაგარი მშვილდი
ჩარსავი – მშვილდის შალითა
ცხემად – სვანური კონდახიანი მშვილდი
ხელკოტალი – ბზეკალკოტალი
ხილიფა – მშვილდის ქარქაში
ჯიღამშვილდი – დასაგები მახემშვილდი
ჯიხაშული – მშვილდი (ლეჩხ.)
ჯოლბორდი – ისრის ოსტატი

მოზიდვის სახეები

1. წიკუთ მოწევა – საბამი გადის ჯიგვსა და სალოკ თითებზე
2. უბრალოდ მოწევა – ერთვება თითნიკაც
3. მჯიღით მოწევა – სალოკსა და შუათითს შორის
4. ჯიგვური – საბამი გადის ჯიგვის პირველ სახსართან
5. მუჯუგნით – საბამი გადის სალოკსა და ჯიგვს შორის
6. წოლელა – ებჯინება ფეხებს და იზიდება ორი ხელით
7. ფეხდაბჯენით – უძველეს წყაროებში აღწერილი ხერხი

mshvild mozodva

 

ტეგები: , , , ,

2 responses to “ზნენი სამამაცონი – 33, მშვილდ–ისარი

  1. გიორგი

    November 1, 2009 at 4:52 pm

    რახან ეგ იმფორმაცია იშოვეთ და დადეთ გთხოვთ რომ მშვილდ ისარი როგორ მზადდებოდა იმის ახსნებიც დადეთ გტხოვთ

     
  2. დზაან მაგარია

    March 22, 2011 at 12:45 pm

    დზაან მაგარია დზაან

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: