RSS

ზნენი სამამაცონი – 31, სამკვეთლონი, ხმალი

08 May

“მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა”
წარწერა მეფე ერეკლეს ხმალზე

საუკუნეთა განმავლობაში ხმალი ჩვენი წინაპრის განუყრელი თანამგზავრი იყო. ერის უმეტესი ფიზიკური და სულიერი ენერგია სწორედ მის ტრიალში გაილია და ისტორიის უწყვეტ ქარტეხილს მხოლოდ სულით მხნეთა და მკლავმაგართა მოდგმა გადაურჩა (იქნებ ამით უნდა აიხსნას ქართველ მკლავჭიდელთა ესოდენ განსაცვიფრებელი წარმატებები).

არ უნდა იყოს მართალი დამკვიდრებული შეხედულება, თითქოს გადრეკილი მახვილი ჩვენში შუა საუკუნეებში შემოვიდა.

samkv

იაზილიკაიას ერთ ხეთურ ბარელიეფზე გამოსახულია ღვთაებათა მწკრივი, რომელთაც ხელთ უპყრიათ გადრეკილი მახვილები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადრე რკინის ხანაში ხმალაობისთვის უკვე დამახასიათებელი იყო რკალური, დასმითი–სასერი მოძრაობები.

მეტიც, ფორმა (წინ გატანილი სიმძიმის ცენტრით) იმაზე მიუთითებს, რომ ეს მახვილი მხოლოდ ასეთი მოძრაობების შესასრულებლად არის ვარგისი.

სულხან–საბა: “ესე ხმალნიცა მრავალგვარნი არიან სხვათა და სხვა თემთა ქმნილებათაებრ. რომელიც ხრმალი ძველი, გრძელი, განხრილი, მზეველი და მკვეთელი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, – ამას ქართველნი ჰყვარობენ.

არიან სხვაცა ახალნი და მზეველნი, რომელიმე გლუვი, რომელიმე ფერდილნი და უფრორე წვლილი და გნდოვანი ვითარცა ხიშტი, ესევითართა ფრანგნი ჰყვარობენ. არაბნი სხვასა, სპარსნი სხვასა და ყოველნი თემნი სხვადასხვა რიგსა დაწესების გამო: რომელიმე დრეკილთა, რომელიმე შვეტთა, რომელიმე ბასრთა, სხვანი რბილთა, თემთა და წესთა გამო.

არამედ ბრძენნი და გამოცდილნი, ღვაწლისა მძლენი მხედარნი საქებურად ამას დასდებენ, რომელი გვარიანიცა იყოს, ძველი და არა ღვლარჭნილი, არცა სადა მცირედი სიმრუდე ჰქონდეს, არცა მაღალ–დაბლობა აჩნდეს ცახეთაცა ოდენი, ლიბრი იყოს, და არა თეთრ, ზომიერ სიგრძითა და სიბრტყითა, წინა კერძო მცირედ განხრილი და არა საშუალ, ძვალთა და რკინათა მკვნეტელ და თვით უვნებელ, ადრე არა დამბლაგველ, უტალ–უნაფრცხენო, ყუა–ზრქელ, გნდე–სწორე, შაშარ–მოკლე. თუცა ესრე სრული ვერა ჰპოო, ერთისა და ორის კლებისათვის ნუ დაიწუნებთ, – სრული გვიან საპოვნარია”.

რას ნიშნავს საბას ჩამონათვალში “რომელიმე ბასრთა, სხვანი რბილთა”? თითქოს და რბილი ხმალი რატომ უნდა გერჩივნოს ბასრს. დავითის მემატიანეს, ერთი ბრძოლის აღწერისას, ნათქვამი აქვს – “ფრიადისა ცემისაგან ხრმალმანცა დაღვლარჭნილმან უარყო ქარქაში თვისიო”, რაც ამ ხმლის სირბილეზე მიუთითებს.

samkve

განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების მქონე მებრძოლისთვის ნაკლებად ფიცხი ხმალი უფრო საიმედო უნდა ყოფილიყო, რათა გამეტებით ცემისას არ გატეხილიყო. ხმლის ჭედვის ოსტატებმა, ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლების – სისალისა და პლასტიკურობის შერწყმის მიზნით, არაერთი მახვილგონივრული მიგნებით გაამდიდრეს მეტალურგია.

მაგალითისთვის ჩვენებური “ბაწარაული” ხმლის გაჭედვის წესიც იკმარებდა.
დამკვიდრებული სახელდებანიც კრიტიკულ გადახედვას საჭიროებს.

მაგალითად, ხმლის ერთი კატეგორია ჩვენში “ფრანგულად” მოიხსენიება (აქ საფრანგეთში ზოგადად ევროპა იგულისხმება). ამავე დროს კუთხურ მეტყველებაში “გაფრანგებული” (შეადარე – გააფრაკებული) გადრეკილს ნიშნავს. ამდენად, შესაძლოა ზოგი ადგილობრივ ნამზადი ხმალიც შაშარის გადრეკილობის გამო ასე მოეხსენიებინათ. ამის დასტური უნდა იყოს შემდეგი სტრიქონები:

“ივანეურის ფრანგულსა ქალაქს უშინჯვენ ფხასაო,
– ბასრი ყოფილხარ ტიალო, იმით თუ სჭრიდი ძვალსაო.
სად არის შენი მჭედელი? ვეღარ იქამსა სხვასაო!..”

ცხადია, ქალაქელები მთიდან ჩამოსულ კაცს მასობრივი წარმოების ევროპული ხმლის სადაურობას არ გამოჰკითხავდნენ.

საკუთარი კარგის გასხვისება საერთოდ გვახასიათებს, ხოლო რაც აშკარად ჩვენია, იმას უბრალოდ საუცხოოს ვეძახით. სწორედ ამ ხასიათს აღწერს აკაკი – ჩვენში რაც კარგია და მოსაწონი, უცხოურობას აბრალებენო და მაგალითად მოჰყავს თხილის სახეობა, რომელიც ჩვენს გარდა არსად ხარობს და მაინც “ბერძნულს” ეძახიან.

აშურმა – მხარიღლივ დასაკიდი თასმა, ყაწიმი, ქაშქანი, სამრევლი
ბალთანი – ხმლის მოსართავნი
ბაწარაული – გრეხით ნაჭედი
ბერა – მომცრო, პირფართე, ცალლესულა
გველისპირული –
გოთურგა – ხმლის საკიდი თასმა
გორდა – მოკლე ხმალი
დავითფერული – თავითფერელი
დაშნა – მოკლე ხმალი, დაშლა
დაშნილ – დაშნა (სვან.)
დვარი – ხმლის ტარის ღილი
ვადი, ვადა – ხმლის ჯვარედი
ვადაჯვრიანი –
თალხანი – ხმლის თასმის წასაწევ–წამოსაწევი
თარანგი – ხმლის სალტე
იატაგანი – გადრეკილი, ორპირა
კაკუბაში – ცუდი ხმალი
კალმიდი – კალდიმი
კვრინჩხა – ხმალა (მთიულ.)
კოტა – თიკებად გაშლილი ტარი
კუდახმალი – მოკლე ხმალი
ლეკური – უვადაჯვრო ხმალი
მისრული –
ნაკუდაური –
ნიბჩა – მოკლე ხმალი
პირი – ბასრი მხარე, შუფრა
საბარკალი – უნაგირზე დასაკრავი მოკლე ხმალი
უვადაჯვრო –
ფრანგული – დედალფრანგული რუსულია, მამალფრანგული – ევროპული
ქარქაში – სამკვეთლოთა ბუდე
ღარი – გასწვრივი ჩაღრმავება
ყუა – ხმლის ულესი მხარე
შაშარი – ნესტარსა და ნიღრს შუა
შიშნა –
წვერი – დაბოლოება
წვრილა – ხმლის სახეა
ჭარული –
ჭოლაური – გამჭოლგამკვეთი
ხიპი – დაშნაცუდა, რეცახმალი
ხმალჯოხა – ხელჯოხში შენიღბული ხმლის ნატეხი
ხორასნული –
ჯაგურა – უფხო, ჩლუნგი
ჯანჯური – ბლაგვი ხმალი
ჯიგრაულა – ხმლის სახეა

მახვილები

აორი – ორლესულის სახეობა
აფთი – მახვილი ბრტყელი, ტარგრძელი
ბოლოკვეთილი –
ვაზრი – ვარზი, ცელისმაგვარი
მაქერა –
მახაირა –
მახვილი –
მუსრი – მახვილის ეპითეტია
ნიღრი – მახვილის ყუის გნდე
საგმირი – მახვილის ეპითეტია
სპათი –
ფინაკი –
ქუდაბეკური –
შიმშერი –
შუშტი – შეშტი
ჩელთი – ბრტყელი მახვილი
წოდგელი – ცელისმაგვარი
ჭაღვი – ერთგვარი ცელი
ხაფი – ქარქაში
ჯავარდენი – ჯავარიანი მასხალი

 

ტეგები: , , , , ,

7 responses to “ზნენი სამამაცონი – 31, სამკვეთლონი, ხმალი

  1. Gotscha

    January 12, 2011 at 3:34 am

    “ხრმალიცა მრავალგვარნი არიან სხვადასხვა თემთა ქმნილთაებრ და რომელიცა ხმალი ძველი, გრძელი განხრილი, მზეველი, მკვეთელი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, _ ამას ქართველნი ჰყვარობენ, ფრანგნიცა ესეთსა … ბრძენნი და გამოცდილნი, ღვაწლისა მძლენი მხედარნი საქებურად ამას დასდებენ, რომელი გვარიანიც იყოს, ძველი და არა ღვარჭნილი, არაცა სადა მცირედი სიმრუდე ჰქონდეს, არცა მაღალ-დაბლობა აჩნდეს ცახეთაცა ოდენი, ლიბრი იყოს და არა თეთრ, ზომიერ სიგრძით და სიბრტყითა, ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ, ადრე არა დამბლაგველ, უტალ-უნაფცხვენო, ყუა-ზრქელ, გნდე-სწორე.”

    სულხან-საბა ორბელიანი

     
  2. matekari

    January 20, 2011 at 12:00 pm

    მე რა ც მიწერია, ეგ რედაქცია მაქვს წაკითხული გოჩა. სავარაუდოდ ჩემი ვარიანტია უმჯობესი, შენი ძალიან შემოკლებულია. თანაც მე ხომ ვერ ჩავამატებდი იმდენს🙂

     
  3. გიო

    February 20, 2011 at 1:05 am

    ხევსურული ხმალი ფრანგული საფრანგეთიდან შემოტანილი არაა. ეს სახელწოდება გაჩნდა ხევსურეთში ფრანგების გამოჩენის შემდგომ 19-საუკუნის მეორე ნახევარში. მისი ადრინდელი სახელია ,,ფრაგული”. საფრანგეთში ასეთი ტიპის ხმალი არ არსებობდა. ისტორიულ ფრიგიაში (ძვ.წ.7-8 ს.) ცხოვრობდნენ პროტოქართველებიც მესხები იგივე მუშქები. მეორე ხმალი ,,გორდა” სწორეთ ფრიგიის დედაქალაქ ,,გორდიონს” უკავშირდება. იქ იყო რკინის ჭედვის სკოლები. მათი ღვთაება იყო ,,კიბალე”. ასეთი სალოცავი ხევსურეთში შემორჩენილია სოფ: ჩირდილის ,,სამკიბლურ წმ.გიორგის” სახით. ხევსურული გამოთქმა ,,გაფრაგებული” გაცეცხლებულს, გაბრაზებულს ნიშნავს, ასევე ,,ფრაგი” უწესრიგო ქალზე ითქმის. ასე რომ ფრანგები არაფერ შუაშია ,,ფრაგულ” ხმალთან. გ.გ.ბორჯღალიონი.

     
    • matekari

      February 20, 2011 at 3:30 pm

      გიო, საფრანგეთიდან შემოტანილს არ ნიშნავს ფრანგული. ამას არც არავინ ამტკიცებს. ფრანგული ზოგადად ევროპულს ერქვა და ძირითადად იტალური იყო. დედალ ფრანგული კი ცალსახად რუსულს ერქვა. ოღონდ მე გამოვთქვი ეჭვი ივანეურის ფრანგულის ამგვარი მოკითხვის გამო. სხვა დროსაც შემხვედრია ასეთ აღრევა. აქ მკაცრი კლასიფიკატორი არ იყო და ხალხი ხანდახან მცდარადაც ახარისხებდა, რადგან უამრავნაირი იყო იარაღი იმ დროს, მით უმეტეს ჩვენში, ევრაზიის გზაშესაყარზე. გორდას და დავითფერულს რაც შეეხება, მე პირადად არ მინახავს, მაგრამ გამიგია, რომ იტალური საქარხნო დამღები აქვთ გურდა და დავით ფერარა. ეს ხმლები ძლიერ პოპულარული იყო, რადგან ადგილობრივ ნაჭედს კი ჩამორჩებოდა, მაგრამ განუზომლად ხელმისაწვდომი იყო ღარიბი კაცისთვის.
      ფრიგიაში კი პროტოქართული მხოლოდ მესხი არ იყო და ფრიგიის რკინის ჭედვის სკოლები საერთოდ არ გამიგია. რკინის ჭედვა პროტოქართულმა ტომებმა სხვაზე უკეთესი რომ იცოდნენ, არცერთი წყარო არ მალავს მაგას. ბიბლიური თუბალ-კაინიც მჭედელ თუბალს ნიშნავს. კიბელე კი მჭედელთა ღვთაება არ იყო, უფრო მასშტაბური ღვთაებაა.

       
  4. გიო

    March 8, 2011 at 10:59 pm

    ძველ ბერძნულ წყაროებშია ფრიგიაში რკინის დამუშავების შესახებ მოთხრობილი. ფრიგიელების მონაგონია ინკუსტრაციის ის ფორმა, რაც მერე ძველ საბერძნეთში გადაიღეს.არქიტექტურაშიც ფრიზი ფრიგიელების მონაგონად ითვლება. ბერძნები გეომეტრიის მასწავლებლებს უწოდებდნენ ფრიგიელებს. დამწერლობა ფინიკიელებიდან ფრიგიელებმა გადაიღეს, მერე იქიდან კიდე ძველ საბერძნეთში. რკინის ჭედვის ღვთაება კიბალე არ იყო და არც ეგრე მითქვია. ნახე წერტილი უსვია!. რაც შეეხება ევროპულ ხმლებს, საიდან შევიდა ევროპაში ხმლები?, თუ არა მცირე აზიიდან და მესოპოტამიდან. აკურგალის წიგნი ნახე, სადაც გენუას ხმლებზე რაც დამღებია (იგივე რკალები წერტილებით) იგივე სიმბოლოები ამშვენებს საკულტო ფრიგიულ კერამიკულ ნაწარმს. კიბალე დედა ღვთაება იყო და ზევსის დედადაც იხსენიებოდა. ფრიგიულ წარწერებზე კვლევა მაქვს გამოქვეყნებული ქ-ნ ნ.ხაზარაძის დახმარებით და თუ გაინტერესებს ნახეთ. გაზეთ: ლიტერატურული საქართველო ,,ფრიგიული წარწერები და ეენანო” 2006. 24 თებერვალი. ერთერთ რუს მეცნიერთან მომიწია კამათი 1987-88 წლებში, რომელიც მიმტკიცებდა გაქართველებულ ვაინახ ხალხებზე იგივე ხევსურებზე. მაშინ ხევსურეთში შემორჩენილ ძველ ბერძნულ ტერმინებზე, ანტიკურ მედალიონებზე, სალოცავების სახელებზე (ატი, მატისი, კიბალე, პინტე და სხვა) და ზოგიერთ ონომასტიკურ მსგავსებებზე გავამახვილე ყურადღება. ამით დაუმტკიცე რომ აქ უძველეს პერიოდის პროტოქართველ ხალხის კულტურის ნაშთებია და არა ვაინახური ძირი. გ.გ. ბორჯღალიონი

     
  5. კობა

    March 8, 2011 at 11:26 pm

    – კორიბანტები ფრიგიული ღვთაება კიბელეს ქურუმები არიან. მოგვიანებით საბერძნეთში გადასული კიბელეს კულტი შეერწყა რეას, ზევსის დედას და კორიბანტებიც კურეტებად იქცნენ. რეამ კრეტაზე შვა ზევსი, რომელსაც, გადმოცემის თანახმად, კრონოსისგან იცავდნენ კორიბანტები (უფროსი ძმები? ტიტანები?)
    – იასიონი – კიბელეს მეუღლე და კორიბანტოსის მამა, მიწათმოქმედების უძველესი კრეტული ღვთაებაა. მას მიეწერება ხორბლის კულტურის გადაცემა კაცთათვის, რასაც ადასტურებს ლუკრეციუსიც, რომელიც ქალღმერთ რეას შესახებ წერს:
    “სხვადასხვა ტომმა ძველი რწმენის შესაფერისად
    “დიადი დედა” უწოდა მას და მიუჩინა
    ამალად გუნდი ფრიგიელთა, რადგან სწორედ მათ
    წამოუწყიათ მკა და თესვა, პურის მოყვანა…
    და შეჭურვილი რაზმიც მიდის აბჯრის ზრიალით,
    ვისაც ფრიგიელ კურეტებად ხმობენ ბერძნები”.

     
  6. გიო

    March 12, 2011 at 11:09 am

    კურეტი შესაწირავ ხარს ჰქვიან ,,ჯვარის ენაზე” (ხევსურეთი). საინტერესოა რომ ძველად კახეთში უფასო ეკლესიის მუშა-კაცს ,,კურეტი” ერქვა. კაცი რომელიიც მიდიოდა ეკლესიაში გარკვეული დროით (ერთი თვე) და თავის სამსახურს სწირავდა ღვთის სახლს ,,კურეტი” ერქვა.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: