RSS

ზნენი სამამაცონი – 29, სამკვეთლონი, დანა

07 May

“მიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა,
ტანზედ აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა.”
ვაჟა
დღეისათვის მოძიებულია მცირე ზომის ცივი იარაღით რკინების რამდენიმე ნაირსახეობა და მრავალი ილეთი.

დანა, ისევე როგორც ამ ტიპის სხვა იარაღი, ჩვენში ცნობილია ქვის ხანიდან, მაგრამ დღევანდელი სახით გამოიყენებოდა ლითონის ათვისების შემდეგ.

თუ არქეოლოგიური მასალებით ვიმსჯელებთ, ეს დაახლოებით მეორე ათასწლეულია ჩვენს ერამდე და იმ შორეულ წარსულშიც იგი როგორც სარიტუალო, ისე საბრძოლო დანიშნულებისა გახლდათ.

სწორედ ამ პერიოდიდან ყალიბდება ჩვენში დანის ხმარების ტრადიცია და რიტუალები (დანით შელოცვები, დანაზე დაფიცება და სხვა).

ამავე დროს იგი დღემდე შეუცვლელი იარაღია ხელჩართული ბრძოლის დროს. ამჟამად აღდგენილია დანის ილეთთა ათვისების რამდენიმე მეთოდი, სრულიად განსხვავებული მეომრისთვისა და მოზარდისთვის.

ჩვენში იარაღის მოხმარების ჩვევათა გამომუშავებას ბავშვს 5–7 წლის ასაკიდან აწყებინებდნენ. სწავლა თამაშის ხასიათისა იყო და დღემდე შემორჩა “დანასობიას”, აგრეთვე დანის სროლის სხვადასხვა ხერხის სახით.

dana

საქართველოს სხვადასხვა მხარეში დანასთან დაკავშირებული ტრადიცია და საბრძოლო ტექნიკაც სხვადასხვაა. აღმოსავლეთ მთიანეთში ასაკში შესული მამაკაცი ხმალ–ხანჯალს ახალგაზრდას გადასცემდა და ამის შემდეგ მისი ძირითადი იარაღი დანა ხდებოდა. თუშეთში დანა ქალის აღკაზმულობაშიაც კი აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა.

რაც შეეხება დანის სასროლად გამოყენებას (განსაკუთრებით სამსტოვრო ოპერაციებში, ნადირობის დროს, აგრეთვე საბრძოლო რიტუალის შესრულებისას), იგი საქართველოს ყველა კუთხისთვისაა დამახასიათებელი.

namgal

სასროლად გამიზნულ დანებს დამუშავებისა და გამოყენების მკაცრად გათვლილი წესი ჰქონდა. ჩვენს მიერ მოძიებული სროლის მეთოდებიდან საინტერესოა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული “თვალგაყოლებიაი”, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მსროლელი, შესაბამისი რიტუალის შესრულების შემდეგ, დანის ყუის, ან პირის გაყოლებით, მიზანში იღებს სამიზნეს და ნელა უახლოვდება სასროლი ადგილიდან მიზანს.

ახლოს მისული ახდენს “ჩხუტებას” და შემდგომ უკუსვლით უბრუნდება საწყის წერტილს. ეს ყოველივე გრძელდება შვიდიდან ოცდაერთ შესრულებამდე, რის შემდეგაც, უხუცესთა რწმუნებითა და პირადი გამოცდილებითაც, საგრძნობლად იზრდება დანის “შერძნება” და სროლის სიზუსტე.

ხელჩართული ბრძოლის დროს დანის ხმარებისას ხშირია ჭიდაობის ისეთი ილეთების გამოყენება, როგორიცაა ცერული, ნამგალა, მკლავ–კისრული და სხვ. ასევე გამოიყენება კრივის ილეთები: ჩაწიხვლა, ხომურა, ჭიტლაყი, ჭვინტის კვრა, ტლინკი, შემოკვრა და ა. შ.

დაჯაბნის და დამცირების მიზნით იხმარებოდა სილა, განსაკუთრებით სამარცხვინოდ კი ითვლებოდა დანით “დაღირების” (დაშინებითი მოძრაობის) შემდეგ ხელუკუღმა შემიკვრა, იგივე “ბრმა სილა”.

საბრძოლო ოპერაციებში დანა დამხმარე იარაღია (ძირითადად იხმარება მჭიდრო შერკინებაში, როცა დიდი ზომის იარაღს ვერ იყენებ), ხოლო ცხენზე შეხტომით მხედარზე შეტევისას კი, ისევე როგორც მიწაზე კოტრიალით ბრძოლისას, შეუცვლელი იარაღია.

ორთაბრძოლაში დანისგან თავდასაცავად, საგანგებოდ ისწავლებოდა თავსარქმელისა თუ ხელთ მოყოლილი ნებისმიერი საგნის (ტოტი, ქვა და ა.შ.) გამოყენება.

მიუხედავად ზომის, წონისა და ფორმის სხვაობისა, დანის ხმარება მაინც ერთ საერთო წესს ეფუძნება. სხვადასხვა კუთხეში მოძიებული ილეთების მოხაზულობისა და მოძრაობის მსგავსება მიგვანიშნებს, რომ ამ სფეროში ჩვენში არსებობდა რაღაც ერთიანი ცოდნა–გამოცდილება, რაც შემდგომ სხვადასხვა კუთხეში თავისი გზით განვითარდა.

მოძიებული მასალა მოიცავს როგორც დანის მოხმარებას 3–7 მეტრ მანძილზე, ასევე ზეზელა და კოტრიალში ბრძოლის ხერხებს. მასალა საინტერესოა როგორც სამხედრო, ისე ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც, რადგანაც აღწერს სხვადასხვა წესსა თუ რიტუალს, რომელიც, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, დღემდე ჯეროვნად არაა შესწავლილი.

ბებუთი – გადრეკილი დანა
გადიხვადი – თუშური დანა
გაჩი – სვანური დანა
დანა – მცირე ცივი იარაღი
დანაკი – ზომიერი დანა
დანისაბელი – დანის საკიდი წნული სარტყელი
ვარაგი – მანგლის ყუა
კოლხური ნამგალი – ტარმოკლე ცელივით
ლამგალი – ნამგალი (ფერეიდ.)
მანგალი – ნამგალი
რაჭული დანა –
საგულავი – ჯაყვა, ციღვი
სათირი – ფართოპირიანი ორლესული
სათული – დიდი დანა
საყუნელი – სამართებელი
ურსა – ხევსურული დანა, ლურსა
ფუნჩიანი – სასროლი დანა (მეგრ.)
ღინნი –
ღული – კბილებიანი მანგალი
შალთი – დიდი დანა
წანდელი – მოკაკვული დანა
ჭიტადანა – უკეცი დანის სახეა
ხამი – დანის სახეა (მეგრ.)
ხენცელი – მომცრო ნამგალი
ჯაღინა – უვარგისი დანა

 

ტეგები: , , , ,

One response to “ზნენი სამამაცონი – 29, სამკვეთლონი, დანა

  1. გულნარა

    October 26, 2010 at 10:53 pm

    აუ რამდენი სახეობა ყოფილა!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: