RSS

ზნენი სამამაცონი – 28, საძგერებელნი

07 May

“ჩააწყობდესა ლაშქარსა, ჩაგრეხდეს შუბის ტარსაო”
ხალხური

როგორც წყაროებიდან ჩანს, საძგერებელი იარაღი ერთ–ერთი პოპულარული სახეობა იყო საქართველოში და მისი მოხმარების საგანგებო ცოდნაც იყო დაგროვებული. ამის დასტურად იკმარებს ორი მცირე ნაწყვეტი ჩვენი მატიანიდან.

ზაქარია მხარგრძელმა ხუთასი რჩეული მხედარი გაგზავნა მტრის დასაზვერად. მტერმა კი, რა იხილა ქართველთა სიმცირე, შემოუტია მზვერავთა რაზმს, მაგრამ პირველივე შეტაკების შემდეგ უკუიქცა.

საძგერებელნი

მზვერავთა რაზმი დაედევნა მტერს და საგრძნობლად დასცილდა ქართველთა ძირითად ლაშქარს. როდესაც ძირითადი ლაშქარი მიუახლოვდა შეტაკების ადგილს, შემდეგი სურათი დახვდა – “არცა ერთი კაცი მომკვდარიყო ქართველი და ასეთი ძლევა მისცემოდა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა ხუთასისა ცხენისა და კაცისათვის შეეცა და ხუთასსა ზედა დასობილი იხილეს”.

ფარსადან გორგიჯანიძე ასე აღგვიწერს ფარცხისის ომის დაწყებას: “მეფე სვიმონ შუბი ხელთ, თავისებურათ, ამაყურათ, მამაცობით, კისკასობით, კოხტაურად, “დაკა აი ამათა” ძახილითა თათართა ლაშქარში გამოერია… შუბით მრავალნი თათარნი გადმოჰყარა და ქართველნიც მიეტივნეს და შეიქნა შუბთა ძგერება, ლახტისა და ხმლის ტკაცატკუცნი”.

sadzg

შუბოსნობის საარაკო ცოდნა ქართველებს მეცხრამეტე საუკუნემდე შემორჩენიათ. ამას ადასტურებს გენერალ ნ. მურავიოვის მოგონება ცნობილი ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ბიძაზე, რუსეთის პირველი სამამულო ომის მონაწილე ზაქარია იოსელიანზე:

” – 1812 წლის კამპანიის დროს მას (ზაქარია იოსელიანს) შეუმჩნევია, თუ როგორ შესულა 12 ფრანგი ერთ ბოსელში. იოსელიანს აუღია შუბი, წაუყვანია თან ერთი ულანი, მოლდაველი, გვარად კარპოვი, შევარდნილა ამ ბოსელში და ერთიანად გაუჟლეტია ყველა”.

აღწერილი ამბავი არაერთი თვალსაზრისითაა საყურადღებო:

როდესაც სინათლიდან სიბნელეში, თან ასეთ არცთუ ხალვათ სივრცეში იჭრები, საკმაო დრო გჭირდება, რათა თვალი შეაგუო და აღიქვა შიდა განლაგება – სად რა ძევს და ვინ სად დგას;

შეზღუდულ სივრცეში, მით უმეტეს ასეთ ზედახორაში, შუბი საუკეთესო იარაღი არ არის, თუ რა თქმა უნდა, მისი ხმარების საგანგებო ცოდნა არ გაქვს;

საბრძოლო სიტუაციიდან გამომდინარე, იოსელიანი სულაც არ იყო იძულებული ესოდენ საფრთხეში ჩაეგდო თავი და, რაკი ასე მოიქცა, ალბათ დანამდვილებით იცოდა, რომ გამარჯვება მას დარჩებოდა.

თუნდაც ამ ეპიზოდის ანალიზი ცხადჰყოფს, და ამაში ალბათ საბრძოლო ხელოვნების ნებისმიერი ოსტატი დაგვეთანხმება, რომ ასეთი ცოდნის დაუფლება შეუძლებელია საგანგებო წვრთნის სისტემის გარეშე.

სამწუხაროდ, ჩვენ ვარაუდითღა შეგვიძლია ვიმსჯელოთ – “ქიჩილობიისა” თუ “ხინტკირიის” რა მისტერიებში იყო გამოხარშული ამის ჩამდენი მეომარი.
ეს პატარა მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, თუ რა საგანძურს ვფლობდით აგერ ახლახან, ვის მოვახმარეთ და რა უდარდელად გავანიავეთ.

აკინაკი – ლახვარი ორპირი, ბუნგრძელი
ალმანი – შუბის სახეობა
ბარჯი – ხოჭი, ჭვილთი, ხეჩაკალი, შაგამი
ბუნი – ტარი, ზრო
ბუნიკი – სათიხარი, ქობინი
გეონი – მოწლო, სამძგიდე, კაცის სიმაღლე
გმური – პირბრტყელი, ბუნგრძელი, გუმური
დუგლუგი – დიბლიგი, გამსხვილებული ბოლო
ზუფანი – მოკლე შუბი, ზუფნა
თრაში – წვერი (აჭარ.)
კინენი – დიდი შუბი
ლახვარი – გრძელტარა შუბი
ლაბაშა – ბუნკაჩო შუბი
ლიბანდა – ლიბარდა
მაზრაკი –
მარწახი – სამთითა ბარჯი
მაცახი – ფიწალივით
ოთხფარგელი – ოთხწახნაგა
ოროლი –
სათხედი – პირბრტყელი, ბუნზომიერი
ქიმარა – წვეტი
შმაგი – ხიშტივით
შუფი – შუბი (მეგრ.)
შუბაკი – მოკლე შუბი
შუბნაჯახი – საძგერ–საცემი
ჩალათა – შალითა, ბუდე
წათი – აფთშუბა
ხელშუბა – ჯირითივით
ხიშტი – პირგრძელი, ტარკოტა, ძგიდემახვილი
ჯირითი – მოკლე, ცხენიდან სასროლი

 

3 responses to “ზნენი სამამაცონი – 28, საძგერებელნი

  1. გულნარა

    October 26, 2010 at 6:07 pm

    რა დიდ საქმეს აკეთებ კობა!

     
  2. დაჩო

    October 5, 2015 at 1:28 pm

    სურათები მკვდარია😦 გამოასწორეთ რა

     
    • matekari

      October 10, 2015 at 5:27 pm

      გამიტეხეს გვერდი პარაზიტებმა და ნელნელა აღვადგენ.

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: