RSS

ზნენი სამამაცონი – 27, საზეპელნი

07 May

 

“მათრახი მისცა მორიგემა, სენსამსალაით გაფესვული”
ხალხური

 

რიტუალებში ხის იარაღს მოგვიანებით მათრახი ჩაენაცვლა. გავიხსენოთ ნაწყვეტი ხალხური ლექსიდან, სადაც ლაშქრის გასამხნევებლად მოვლენილ თამარს – “ხელსა ეჭირა მათრახი, შვიდკეცა, შვიდი მხარია”. ზემოთთქმულს მათრახის საკრალური სიგრძეც ადასტურებს.

წმინდა გიორგის მათრახი კი მეხს გამოხატავს და ჭექა–ქუხილის ღვთაების დროინდელია – “ხელში უჭირავს მათრახი, სამოცდასამი მხარია, რასაც გადაჰკრა, გადასწვა, მისი დაკრული მწარეა”.

ამასვე ადასტურებს თქმულება თერგაულზე, რომელსაც ღმერთმა, ქაჯებთან საბრძოლველად, ცხრაკუთხა მათრახი მისცა.

აქ ღირს სრულად მოვიტანოთ ერთი ფერადოვანი ხალხური ლექსი, რომელშიც ასევე ხაზგასმულია საზეპელი იარაღის საწესო დანიშნულება:

“პირველად დასახა მორიგემა ბერი ბუქნაი ბაადური,
იმას მისცა მორიგე ღმერთმა საფერხედ თეთრი ცხენი,
იმას დაუქვივნა სახელად “ბედის ბედაური”,
ის არის იმის საკვეხური, ცის კივკავებში სახეთქები!
ბაადურს ჩააცვა მორიგემა ტანზედა კაბა სისვისაი,
ჩექმანი ჩააცვა რკინისანი, თავზედ დაჰხურა თეთრი ქუდი,
ჭიკუნი მისცა თუჯისანი, კაბის საყელოთ შესაყრელნი,
მათრახი მისცა მორიგემა სენსამსალაით გაფესვული,
მემრე გადმაუშვა ხმელეთზედა”.

სენსამსალაით გაფესვული შხამით გაჟღენთილს უნდა ნიშნავდეს და წარმოიდგინეთ, რა საშინელ იარაღთან გვაქვს საქმე.

საბას ლექსიკონში აღწერილია ლართის (ხარის ასოს) მათრახი. თუ გავიხსენებთ ხარის, როგორც წმინდა ცხოველის სახეს ქართულ ფოლკლორში, ლართის დაკვრა თავიდან შესაძლოა ფალიკური დალოცვაც ყოფილიყო, ხოლო მოგვიანებით დამცირების გამომხატველი.

კარგი ოსტატის ხელში მათრახი მრისხანე იარაღად გვევლინება. გავიხსენოთ ტარიელის მიერ მონების დახოცვის სცენა და ამ მათრახის აღწერა: “ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა”. ცხადია, ამსიმსხო მათრახი ცხენის შესაფუცხუნებლად არ იყო შექმნილი.

აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენს დრომდე იყო შემორჩენილი რიტუალის მსგავსი ასპარეზობა გორზაკის ტიპის მათრახით.

ეს უკანასკნელი გახლავთ წყრთიან უზანზე (ტარზე) მიბმული ხარის ზურგის ძარღვებისა და ლითონის მავთულების მომსხო წნული, რომელსაც ულვაშზე (დაბოლოებაზე) ხშირად ტყვიის ბურთულები ჰქონდა ასხმული და გადმოცემის თანახმად, ასეთი მათრახით დაკრულს თვით ჯაჭვის პერანგის დაზიანებაც კი შეეძლო.

მთქმელ გულვერ ჯინჭარაძის გადმოცემით რაჭა–ლეჩხუმის სახალხო გმირს გიორგი ინასარიძეს ჰქონია შოლტის მსგავსი ლახტი, რომლის დაბოლოებაზეც ფოლადის ოთხი პირალესილი რგოლი იყო ასხმული.

გორზაკი – მათრახის მაგვარია
გურზი – უტარო მათრახი
ლართი – ხარის ასოს მათრახი
ლახტი – საზეპელის სახეა
მართახი – მათრახი (მეგრ.)
ტაგანიცი –
ტაჯგანალა – ტაჯგანაგი, მათრახი
უზანი – მათრახის ტარი
ფარჩუმი – მათრახის ბოლო
შოლტი –
შხოლი – შოლტის სახეობა
ჩალიჩი –
ჩელტი –
წირეხი – დაგრეხილი შოლტი

 

One response to “ზნენი სამამაცონი – 27, საზეპელნი

  1. გულნარა

    October 26, 2010 at 6:13 pm

    არ ვიცოდი მათრახს თუ საზეპელი ერქვა…რა კარგად აღწერ ყველაფერს

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: