RSS

ზნენი სამამაცონი – 24, სათითენი

07 May

 

“ვაჟ უნდა აისეთაი, არ აშინებდეს მტერიო, არ აშინებდეს რკინაი, ფოლადის სათითენიო.”
ხალხური

სახელი “სათითე” აერთიანებს მცირე ზომის, ბეჭდის მაგვარ კასტეტთა საცემ, სასერ და საჩხუტ ნაირსახეობებს. ეს იარაღი მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იყო გავრცელებული.

ბოლო საუკუნის განმავლობაში იგი ნელ–ნელა იდევნებოდა ხმარებიდან და დღესდღეობით სათითის ხმარების ტექნიკა და ილეთები ხევსურეთშიღა შემორჩა, ისიც მხოლოდ ღრმად მოხუცებულთა მეხსიერებაში.

ცალ თითზე წამოსაცმელი ხევსურული სათითე საკმაოდ მრისხანე იარაღია მჭიდრო შერკინებაში. მორკინალი მას საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის შესაბამისად ირჩევდა დაAალბათ ამ გარემოებით უნდა აიხსნას მისი ასეთი მრავალგვარობა.

მარტო ხევსურეთში მოძიებულია სათითის 12–ზე მეტი ნაირსახეობა. მის პოპულარობაზე ხალხური პოეზიაც მეტყველებს – “ხელზე ედვას სათითეი, მაღალ ქლიბით დაჭრილია, გადაუსვი–გადმოუსვი, დააჭრელას თორპილია”.

ხევსურულისგან განსხვავებით მთიულეთში ვხვდებით ორთითიან (საჩვენებელ და შუა თითზე წამოსაცმელ) “საჯიჯგველაებს”. თუკი ხევსურული სათითე უაღრესად შეუზღუდავია და რკალურ მოძრაობაზე გათვლილი, “საჯიჯგველას” პირიქით, ძირითადად “ჯიჯა”, სწორხაზოვან დარტყმებში ხმარობდნენ.

satite
საინტერესოა თუშური ოთხთითა “ღაჯიები”. “ღაჯიად” ერთ–ერთი ხევსურული სათითეც იწოდება, ოღონდ იგი, თუშურისაგან განსხვავებით, ცალთითაა. ოთხთითა სათითე გვხვდება გურიაშიც.

სათითე, გარდა საგანგებოდ მისთვის დამახასიათებელი ილეთებისა, იძლევა კრივის მრავალი დარტყმის, ასევე საჭიდაო ჩავლებისა და გდების გაკეთების საშუალებასაც.

სათითეებისათვის დამახასიათებელია სწრაფი წრიული ან რკალისებრი მოქნევებით შეტევის წარმოება, რაც ამ უკანასკნელს ძალზე სხარტს, დაძაბულსა და მოულოდნელს ხდის.

სათითეებით შერკინებისას ხშირია “ყვინვები” – მოწინააღმდეგის შემტევი ხელის ქვეშ გაძრომა, “აფარებები” – წინამხრისა და იდაყვის, “ჩახვევები” – მკლავის შემტევ მკლავზე ჩახვევით ტეხვა, “მოყინწვები” – ჩლუნგითა და მაჯაგანით.

ხევსურული სათითეებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე შეტევა “დაკვრით” – ზემოდან მხარიღლივ მოქნევით, რითაც დარტყმის ძალა ორმაგდება. ასეთ შეტევას მეტწილად აფარებით ან გახტომით პასუხობენ, რის შედეგადაც თავდამცველს ხელსაყრელი პოზიციიდან სწრაფი უკუშეტევის საშუალება ექმნება.

სათითეებით ბრძოლის დროს შესაძლებელია უკუშეტევაზე ისევ შეტევის განხორციელება საგანგებო შემზადების გარეშე, რაც სისტემის მაღალ დახვეწილობაზე მეტყველებს.

სათითეებით შერკინებისას ხშირია “დლაყვის” და “თაურის” გამოყენება. როგორც ზოგიერთი ხანდაზმული ხევსური იხსენებს, ბევრი მორკინალი ოსტატურად იყენებდა ფეხით შეტევებსაც.

ზოგიერთი სათითის შემტევი კბილები 3–4 სმ სიმაღლისაა და ილეთთა სისწრაფის გამო სავარჯიშო შერკინებაც კი უაღრესად სახიფათოა, მაგრამ წესები, რასაც მეტოქენი მკაცრად იცავდნენ დროს, სერიოზულ დაზიანებას არსებითად გამორიცხავდა.

ამასთან, ხევსურები ადრეული ასაკიდან ეუფლებოდნენ ამ იარაღს, რისთვისაც არსებობდა საჩვევი სათითე – “ნესტარი”.

სათითე გვხვდება თითქმის მთელს კავკასიაში. თავის დროზე მას რაღაც საკულტო რიტუალში გამოყენებაც უნდა ჰქონოდა, რაზეც აშკარად მიუთითებს ზოგიერთი მათგანის ფორმა.

მაგალითად – “ხვეულასი” (ზამბარისებრ დახვეული), “გორიანისა” (მზის სიმბოლოდ დალაგებული კბილები), თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მათს ფორმაზე იმდროინდელ საკულტო ფეტიშებს მოეხდინათ გავლენა.satit-.jpg

satite1

სათითე თბილისშიაც რომ ფეხმოკიდებული იყო, ამაზე მეტყველებს მოგონება, რომლის თანახმადაც, “ყეენობის” წინ, ქალაქელი ხელოსნები მრავლად ამზადებდნენ საცერე რგოლებს.

ამავე დროს ეს იარაღი მოხმარების იმდენად თავისებურ ცოდნას მოითხოვს, რომ მისი საგანგებოდ შესწავლის სკოლაც უნდა არსებულიყო.

ეს ვარაუდი დაგვიდასტურდა 2001 წელს, თბილისის წმიდათა ორმეოცთა მოწამეთა ტაძრის გათხრის დროს, როცა XI–XIII საუკუნის ფენაში ამოვიდა ზურგანა სათითე, რომელიც არა საბრძოლო, არამედ საჩვენებელი დანიშნულებისა უნდა იყოს, რადგან საგულდაგულოდ დამუშავებული სპილოს ძვლისაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი არა რიგით მებრძოლს, არამედ ამ ორთაბრძოლის ოსტატსა და მასწავლებელს ეკუთვნოდა.

ამ იარაღის პრაქტიკულობას და მის მაღალ საბრძოლო მაჩვენებლებს გაუვარჯიშებელი თვალიც იოლად შეამჩნევს, მაგრამ როცა სათითეს ოსტატი ხმარობს, მაშინ ეს იარაღი მთელი თავისი შესაძლებლობებით, სახასიათო და მრავალფეროვანი ილეთების წყებით იხსნება.

ეს მასალა, ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს საგანგებო დანიშნულების რაზმებისათვის, რადგანაც იარაღი თითქმის შეუმჩნეველია, შერკინებაში კი, უაღრესად ქმედითი.

აგრეთვე მიზანშეწონილი იქნებოდა ხელჩართულ ბრძოლის კურსებზე ილეთების დამუშავება სათითეების გამოყენებით, რადგანაც დინამიკით საკმაოდ ახლოა “არეული კრივთან”.

1. გორიანი (საცერელი, ჯიგვურა)
2. დოლაბა (საჯეჯგველა, წისქვილა)
3. ზურგანა (ერთრიგა, ორრიგა, სამრიგა)
4. ლესულა (ერთრიგა, ორრიგა, სამრიგა)
5. მაღალი აფთარი
6. ნესტარა – საჩვევი სათითე
7. ოთხთითა
8. ორთითა
9. სავარცხელა, მაღალსავარცხელა
10. ღაჯია (ცალპირა, ორპირა, სამპირა)
11. ცხუგმე – არწივის კლანჭი (სვან.)
11. ხერხულა (ცალპირა, ორპირა)
12. ხვეულა (ერთხვეულა, ორხვეულა, სამხვეულა)
13. საჩიკე – თითის დამცავი რგოლი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: