RSS

ზნენი სამამაცონი – 21, ხანჯლაობა, ფარიკაობა, ხმალაობა

05 May

 

ხანჯლაობა

“ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ, ორივე გვერდით მჭრელიო,
გპატრონობს გული ფოლადი და გიპყრობს რკინის ხელიო.”
აკაკი

ადრებრინჯაოს ხანაში ერთ–ერთი პირველი ლითონნაწარმი, რაც წინაპარმა შექმნა, შეძლებისდაგვარად დიდი სამკვეთლო იარაღი იყო. მას აქეთ დაახლოებით ხუთი ათასმა წელმა განვლო.

ჩვენს მიერ მოძიებული მასალა ძირითადად ეყრდნობა კავკასიასა და საქართველოს მთიან რეგიონებში შემორჩენილ ხანჯლის ხმარების კულტურასა და ტრადიციას. საქართველოში არსებობდა ხანჯლით (სატევრით) ბრძოლის არაერთი კუთხური სკოლა.

xanjlaobaეს მიმდინარეობები ერთმანეთისაგან ძირითადად ორთაბრძოლის წესებით, ანუ შეზღუდვის წინასწარი პირობით განსხვავდება, რაც მოიცავს: მზერის შეზღუდვით (თვალახვეული) რკინებას, ხელის და იარაღის შეზღუდვით რკინებას (ერთი ხანჯალით, ორი ხანჯალით, ერთი ხანჯლით ორის წინააღმდეგ და ა. შ.).

მოძიებულ სახეობათა მსგავსებას განაპირობებს იარაღის ფორმა და სარიტუალო წეს–ჩვეულებანი, რომლებიც ათასწლეულთა სიღრმიდან თითქმის უცვლელად მოვიდა ჩვენამდე.

მოძიებული ნაირსახეობანი პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად – თვალახვეულ და თვალხილულ ხანჯლაობად.

თვალახვეული ხანჯლაობა, თავის მხრივ, იყოფა ორ ძირითად სახეობად:

– რკინება ცალ ხელში ხანჯლით, მეორეში “საჩხრიალოთი”, ან ორი ხანჯლით;

– თვალახვეულის რკინება თვალხილულთან (გადმოცემაში შემორჩენილია აგრეთვე თვალახვეულის შიშველი ხელებით ან ხელში თავსარქმელის ამარა შერკინება თვალაუხვეველ, შეიარაღებულ მეტოქესთან).

თვალახვეული ხანჯლაობა სხვადასხვა სახით ცნობილი იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და, საგანგებო ვარჯიშის გარდა, დუელის ერთგვარ სახესაც წარმოადგენდა. შერკინების სირთულის გამო გამარჯვებულზე იტყოდნენ: “ალალი კაცია და ღმერთი ფარავსო”.

მართალია, ამგვარი ორთაბრძოლა მეტად სახიფათო იყო, მაგრამ მებრძოლი, რომელიც რამდენიმე ასეთ შერკინებაში გამარჯვებას შეძლებდა, მზად იყო არათუ საბრძოლო, არამედ ურთულესი სამსტოვრო დავალების შესასრულებლად.
xanjlaoba2განსაკუთრებული სირთულის გამო ამ სახეობაში ადრეული ასაკიდან მიმდინარეობდა ბავშვების წვრთნა – ჯერ წესების შესწავლით, ხოლო შემდეგ საგანგებო სეფურით.

სეფური დღითიდღე რთულდებოდა და ნამდვილ შერკინებამდე ყმაწვილს უკვე სულით ხორცამდე ჩამოყალიბებულ მებრძოლად ადგენდა (ამ შემთხვევაში ძირითადად ვეყრდნობით თვალახვეული ხანჯლაობის მეგრული ნაირსახეობის – “ხინტკირიას” შესახებ კოლა ჭილაიას და გაიოზ ბოკერიას მიერ მოწოდებულ მასალას).

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვხვდებით თვალახვეული ხანჯლაობის სხვადასხვა სეფურებს თამაშობების სახით: “დახუჭობანა”, “ჭიტა–ჭიტა მეო”, “ხელდაკვრია” და სხვა, რაც თვალნათლივ მოწმობს ამ სახეობის ზოგადქართულ ხასიათს. სამწუხაროდ დღეს იგი რამდენიმე ხანდაზმულის მეხსიერებაშიღა შემორჩენილა.

თვალხილულად ხანჯლაობა იყოფა ძირითადად 3 სახეობად.

ესენია: ერთი ხანჯლით, ორი ხანჯლით და შერეული, სადაც ხანჯალთან ერთად გამოიყენებოდა სხვა დამხმარე იარაღები (უბის ფარი, ქუდი, თოკი, სარტყელი, სამკლავე (ხელნავი) და სხვ.).
xanjlaoba1ერთი ხანჯლით ბრძოლა იყოფა ორ მიმართულებად:

– ცალი ხელით ხანჯლაობა, როცა შეიარაღებული ხელი დაცულია ხელნავით და მეორე კი გაკრულია ზურგს უკან (თუშეთი, ფშავი…);

– შეუიარაღებელი ხელი თავისუფალია და მუშაობს დაზღვევაზე. ამ შემთხვევაში ხშირია თავისუფალი ხელით დარტყმა, ჯიკავი, დაჭერა (ეს უკანასკნელი საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება) და ა.შ.

ცალი ხელით ხანჯლაობებიდან უაღრესად საინტერესოა სვანური ნაირსახეობა, როდესაც უშუალოდ შეტევამდე ხანჯალს ზურგს უკან მალავენ, რათა მოულოდნელი და გამოუცნობი გახადონ შეტევის მიმართულება.

ხანჯლაობაში წვრთნა მიმდინარეობდა წესით – მარტივიდან რთულისკენ და თამაშ–თამაშ. გარკვეულ ასაკამდე (დაახლოებით 10–12 წლამდე) ხდებოდა ძირეული ჩვევების გამომუშავება – იარაღით სწრაფი სირბილი, ქვიდან ქვაზე ხტომა, გოდორში ჩახტომა–ამოხტომა, საჩვევი იარაღის ტრიალი – “ტორღვება” (“ქიჩილობია”), სიპ ქვებზე შემდგართა “ტოტაობა” – მკლავთა “ხლართი”, საჩვევი იარაღით ბღლარძუნი, მდინარის კალაპოტში ქვებზე ფეხდაუცდომლად სირბილი, ხანჯლის დამალობანა, აგრეთვე ნასროლი ვაშლის ხანჯლის წვერით დაჭერა ან გაკვეთა ჰაერში, უწვერო სარის მოგერიება და ა.შ.

დღეისთვის მოძიებულია ხანჯლაობის ასორმოცდაათამდე ილეთი. ამათგან გამორჩეულად საინტერესოა ილეთები: გამოწალვა, ჩეხვა, მოსმა, ჩხუტება, კვრა, აკვრით მოსმა, დაღალატებით დასმა და სხვანი.

 

 

ფარიკაობა

“სოფელსა არდარეულსა არა აწყნარებს ჭკვის მეტი,
მტერ რახან არ იჯერებდის, არა აყენებს ხმლის მეტი!”
ხალხური

ამ მასალაზე მუშაობისას აკადემიკოს ვასილ ელაშვილის ნაკვლევი შეივსო იმ ილეთებით, რომლებიც მიზეზთა გამო ვერ მოხვდა მის ადრეულ ნაშრომებში.

farikaoba3გარდა ამისა, კვლევას შეემატა ექსპედიციებში მოპოვებული, მოხუცებულთა მეხსიერებას შემორჩენილი ინფორმაცია და დღეს, არსებული მასალის საფუძველზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხევსურული ფარიკაობის ძირითადი მონახაზი და საბრძოლო ილეთები თავმოყრილია, რაც საკმარისია ამ სახეობის აღდგენისათვის.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ხერხდება საოჯახო და საგვარეულო სკოლების ცალკე გამოკვეთა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩატარებული სამუშაო მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მეტად უსამართლოდ მივიწყებულ საქმეში.

ხევსურული ფარიკაობა გახლავთ მრავალმხრივ უნიკალური სახეობა, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი მკვიდრი ქართული წარმოშობისაა.
farikaobaისტორიული წყაროების თანახმად მთიანეთში უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში იკვეთება ფარიკაობის გამორჩეული ხელწერით აღბეჭდილი სკოლა.

წყაროს თანახმად ფშავ–ხევსურთა საფარიკაო ოსტატობას რომაელთა მრავლისმნახველი სარდალი პომპეუსიც მოუხიბლავს. მას საგანგებო სანახაობაც კი გაუმართავს “თუ ვითარ ხმარობდნენ იგინი საჭურველთა საომართა და ჰყვეს მათ ვარჯიში ხმლითა და ვითარს სახითა ჯერ არს ბრძოლასა და შინა ხმარება ხმლისა და ფარისა”.

ეს ფარიკაობა გამორჩეულია ზუსტი, დახვეწილი მოძრაობებით, მაჯიდან “ძალის დაბერტყვით”, როცა შემტევი ხელი ფარს უკან იმყოფება, რაც თავდამცველს ურთულებს შეტევაზე საპასუხო ქმედების დროულ შერჩევას.
farikaoba1ფარიკაობა, თავისი ცხრა ძირითადი დგომის გამო, ძალზე მომჭირნეა დაცვაში და სხარტი შეტევისას, რაც საშუალებას იძლევა ძალის უმცირესი დანახარჯით მიაღწიო შედეგს (ადვილი მისახვედრია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს მებრძოლისთვის, ვისაც ნიადაგ ჭარბრიცხოვან მომხდურთან უწევდა შერკინება).

გარკვეული მასალაა მოკრებილი აგრეთვე მეომართა საკულტო სკოლების შესახებ, რომელთაც “ხატის მეომრებად” მოიხსენიებენ. ისინი წინასწარ შეთქმით მიდიოდნენ ბრძოლაში და მხოლოდ ხატის ან სალოცავის “დავალებით” იბრძოდნენ.

ხევსურები თავიანთ ყმაწვილებს ხუთი წლიდან წვრთნიდნენ სამხედრო საქმეში. წვრთნის წყობა თითქმის უცვლელი სახით შემორჩა მთაში ჩვენი საუკუნის 50–იან წლებამდე, რამაც საშუალება მოგვცა, შედარებით სრულად გავცნობოდით მას.
ყმაწვილთა წვრთნა მეტწილად მიმდინარეობდა საფიხვნოზე, სადაც მამა–პაპისგან სახლში ნასწავლს მკაცრ და პირუთვნელ უხუცესთა წინაშე აჩვენებდა მომავალი მეომარი.

ბრძოლაში ხევსური, როგორც ჭეშმარიტ ოსტატს შეჰფერის, იყენებდა როგორც რელიეფს, ასევე ყველა ხელთმოხვედრილ საგანს. ასე რომ, ერთი მხრივ, ჩვენს წინაშეა მკაფიოდ გამართული სახეობა და, მეორე მხრივ, ბრძოლის თავისუფალი სტილი, რომელიც, მებრძოლის გამოცდილებისა და ვითარების შესატყვისად, ხშირად სრულიად მოულოდნელ განვითარებას პოულობს.

ხევსურული “ჭრა–ჭრილობა” ასევე საბრძოლო შერკინების ნაირსახეობაა. მისთვის დამახასიათებელია “მხარიღლივ დაკვრა” (მახვილის დაკვრა ხდება მხარზემოდან მოქნევით, რაც მოქნევას ძალოვანს და გამეტებულს ხდის).

“ჭრა–ჭრილობაში” გვხვდება სხვა ძალოვანი მოქნევებიც: “თავშემოვლებული”, “მკერდით ჩეხვა” და ა. შ.

ზეზელა და ჩამუხვლით კეჭნაობანი საჩვევ–სავარჯიშო დანიშნულებისაა.

ეს შერკინებანი იმდენად დახვეწილია, რომ სრულად გამორიცხავს სერიოზული ზიანის მიყენების ალბათობას. ფარიკაობა მიმდინარეობს უკან არდახევის პრინციპით.

საერთოდ, ხევსურებს წვრთნის დაწყებიდანვე ჩვევად ჰქონდათ ერთის ორთან ვარჯიში, რათა ყმაწვილი მტრის სიჭარბეს იმთავითვე შეჩვეოდა.

ამ სახეობის ილეთთა ძირითადი ჯგუფებია შეტევის დასწრება და მოგერიება–უკუშეტევა. ჩვენთვის ცნობილი ყველა ოსტატის მტკიცებით კეჭნაობისას უფრო მეტ ოსტატობად ითვლებოდა მოწინააღმდეგის შეტევისას მისი დასწრებით დაკეჭვნა და ამის შემდგომ მხოლოდ შეტევების მოგერიება.

თანაც დაკენჭვა მით უფრო ფასობდა, რაც უფრო მცირე სიღრმე ექნებოდა ჭრილობას.  დიდოსტატები კი, გახურებულ შერკინებაში, მეტოქის მკლავიდან ხმლით ბალანს პარსავდნენ.

ამ უაღრესად დახვეწილ შერკინებაში ასევე დიდად ფასობდა ძალის დაზოგვა – “ხმლის მეტი ქნევა მშიშრობით არიო” – მოძღვრავდნენ ახალბედებს ოსტატები.

ჩვეულებრივ, წვრთნა საჩვევი იარაღით იწყებოდა. როცა ჭაბუკი მორკინალი სათანადო ოსტატობას გამოავლენდა, მას საგანგებო წესით გადასცემდნენ “თეთრ იარაღს” – მამისეულ ხმალ–ხანჯალს და იგი ოჯახის დამცავ–მარჩენალი ხდებოდა.

წვრთნის მეთოდიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს “მახვილზე ძალის გატარების” ხერხი, რის უცოდინარსაც კაფიით გაკენწლავდნენ ხოლმე: “ხმალ როდი გასჭრის გალესვით, ხმალს უნდა გააჭრევინო”…

რამდენადმე სახეცვლილი ეს ხერხი ხმალაობისა თუ ფარიკაობის ყველა სკოლაში გვხვდება. განსხვავებები ძირითადად იარაღის ფორმიდან და გვარობიდან მომდინარეობს, აგრეთვე ილეთების დინამიკითა და კუთხის ადათ–ჩვევებით არის განპირობებული.

ჩვენებური სკოლა, ხმალზე “ძალის მოდების” 8 წესითა და საბრძოლო ცოდნის თვითმყოფადობით, თუ არ აღემატება, არაფრით ჩამოუვარდება სხვა ცნობილ სკოლებს და ამის დასტური კი თავად ჩვენი ერის არსებობა გახლავთ.

საუკუნეთა განმავლობაში დახვეწილი ილეთების დიდი მარაგი მეომარს საშუალებას აძლევდა გამკლავებოდა რიცხობრივად აღმატებულ მტერს და ბრძოლიდან უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული გამოსულიყო.

მოძიებული ილეთების ერთდროულად მარტივი და ურთულესი მოხაზულობის მოძრაობათა შესაბამისი დასახელებებით აღწერა და სრულფასოვნად გადმოცემა გაცილებით დიდი მოცულობის შრომას მოითხოვს.

არადა, თუ თავად ჩვენვე არ მივხედეთ, ადრე თუ გვიან (როგორც არაერთგზის მომხდარა) ამასაც სხვა დამფასებელი გამოუჩნდება და დაეპატრონება კიდეც.

აკი უთქვამთ კიდეც ჩოქელა კეჭნაობის მნახველ იაპონელ სტუმრებს – ამათ მგონი ამის ფასი არ იციანო.

 

 

ხმალაობა

“ქართველო ხელი ხმალს იკარ, გათენდა დღე დიდებისა”
ილია

ეს თემა ჯერ კიდევ გულდასმით შესწავლას მოითხოვს. ამჯერად საჭაშნიკოდ მოვიხმოთ რამდენიმე ცნობა.

farikaob4გადმოცემით, ერეკლე მეფეს ისე სუფთად წაუსხეპია კოხტა ბელადისთვის თავი, რომ უკვე თავმოკვეთილს დაუძახნია “დამაცა გიაუროო”.

ცხენიდან ჩეხვის მეგრული სახეობა სრულდება უვადაჯვრო ხმლით. საწვრთნელი სეფური იწყება ძირსდგომში (რათა უწვრთნელმა ყმაწვილმა ხმლის ტრიალით ცხენი არ დააზიანოს), მეორე საფეხურია მორზე გადაჯდომით, ბოლოს კი ცხენზე ამხედრებით.

საბოლოო სახით ამ სახეობის შესრულებას წინ უძღოდა ჩოგანბურთი. ჩოგანი ხმლის ზომისა იყო, რათა მოვარჯიშე შეჩვეოდა მის მაჯაში ტორღვებას და ცხენზე იარაღის ტრიალს.

ამასთან, ცხენიც ჩოგანბურთს მიჩვეული უნდა ყოფილიყო, რათა მოქნეული ჩოგნისთვის, ბრძოლაში კი ხმლისთვის მოერიდებინა თავი.

თუშური (ორი ხმლით) ხმალაობის ცალკეული ელემენტები მოძიებულია თუშეთსა და გურიაში.

გადმოცემით ვიცით, რომ შედარებით უკეთ იგი ფერეიდანში შემონახულა, მაგრამ სადღეისოდ მეტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: