RSS

ზნენი სამამაცონი – 20, კრივი

04 May

 

“ლაშარის ჯვარი ჯავრობდა, იმუქრებოდა მჯიღითა”.

ხალხური

ქართული კრივის უძველესი წარმოშობა არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება – ვანის ნაქალაქევში ნაპოვნია ძვ. წ. I–II სკ–ის ქანდაკების ფრაგმენტი – მოკრივის მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმანით, ლითონის აბზინდებითა და მაჯაზე დახვეული თასმით.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან კრივი იმთავითვე უმნიშვნელოვანესი სამხედრო დისციპლინა იყო. შემდგომშიც მრავალი ისტორიული და ლიტერატურული წყარო ეხება კრივის თემას, ხოლო სულხან–საბას ლექსიკონი ფრიად უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის ამ კუთხით.

krivi- mushtiსაინტერესოა თვით ამ ტერმინის წარმომავლობაც. სავარაუდოა, რომ დასახელება ნაწარმოებია კვრა–კრვა ზმნიდან. კრიობა ამ შემთხვევაში კვრათა ერთობლიობას ნიშნავს, კვრა კი ძველად დარტყმის მნიშვნელობით იხმარებოდა.

კრივის პოპულარობაზე ჩვენში მეტყველებს მის სახეობათა მრავალფეროვნება: მესხური თათმანიანი, თუშური “მუშტა’ობა”, ხევსურული სათითეებიანი, მეგრული მუშტი–კრივი ხეზე, წყალში ჯგუფური მუშტი–კრივი, რაჭული წიხლაობა, მოხევური წიხლაობა, სვანური “ლაღამის კრივი”, “ლივიშდიელ” (წიხლაობა) და “ლიჯგუბილ” (ხელით), “სალდასტი კრივი”, “არეული კრივი”, ქალაქური “მუშტი–კრივი”, “ხრიდოლი კრივი” და სხვანი.

krivi-dakvraსხვათა შორის, ქალაქური კრივის ნაირსახეობა გახლდათ ყარაჩოღელთა კრივი, რომელშიც დარტყმები რიგრიგობით კეთდებოდა, აფარებისა და უკუილეთის გარეშე. ეს, რასაკვირველია, მიანიშნებს მორბილებისა და დარტყმის ჩაქრობის ცოდნაზე, რაც ამ სახეობის უდიდეს კულტურაზე მეტყველებს და განსაკუთრებული კვლევის საგანია.

krivi-tauriმემატიანემ საინტერესო ცნობა შემოგვინახა საბრძოლო შერკინებაში კრივის გამოყენების შესახებ. მარაბდის ბრძოლაში “ბატონმა თეიმურაზ დაამტვრია ყოველი საბრძოლო იარაღი და აღარა შემორჩენოდა რა, ბეჭდებიცა დაემტვრია მუშტის ძგერებით”.
krivi-fexitშემონახულია XIX სკ–ის ქართველი ისტორიკოს–ეთნოგრაფის ივ. გვარამაძის ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენში იმართებოდა ოლიმპიურ თამაშობათა მსგავსი რამ, რომელსაც “ერის კოტაობას” ეძახდნენ და რომლის სახეობათაგანი იყო “მჯიღით ბრძოლა”.

მისივე ცნობით მესხეთში, სათალასა და მუსხის მინდვრებში, გამართული იყო სარბიელი, სადაც სამი წლის განმავლობაში წარმოებდა დგინება. აქ შერჩეული “თავ–გმირები” მეოთხე წელს ვანის მთისკენ, ცხრაწყაროს დაიყრიდნენ თავს საქვეყნო შეჯიბრებაში თავის გამოსაჩენად. ასევე სამ წელს მიმდინარეობდა დგინება სოფელ ერკოტაშიც და მეოთხე წელს აქ შერჩეულნიც ცხრაწყაროს მიაშურებდნენ. შეჯიბრი თითბრით მოჭედილ ტყავის თათმანიან კრივშიაც (!) ტარდებოდა.

კრივში ჯგუფური შერკინება განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა ქუთაისში. აქაურები წინასწარი დათქმით გადიოდნენ “თეთრი ქვების” მიდამოებში და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გახურებულ თაფთაფანაში პირდაპირ “თავით ეშვებოდნენ”, რადგან უნიკალური “თაურები” ერთ–ერთი მშვენებაა ქუთაისური კრივისა.

მკვლევარ ვ. სიდამონიძის ცნობით გუნდურ კრივში, რომელიც ჩვენში უფრო გავრცელებული იყო, “მონაწილეობდა ხუთიათასამდე კაცი, თუ მეტი არა”.
რუს ხელისუფალთა მიერ კრივის აკრძალვამდე, თბილისში, დაახლოებით 1802–06 წლებში, მთავარმართებელ პავლე ციციშვილის თაოსნობით გამართულა დიდი შერკინება კრივში (ხის ხმლებისა და შურდულების გამოყენებით).

ამ შერკინების ხატოვანი აღწერა შემოგვინახა მისი თვითმხილველისა და მონაწილის დავით ბებუთაშვილის მოგონებამ. ამ წყაროს თანახმად ყეენობა ყველიერის ორშაბათს დილაადრიან იწყებოდა. სიონის ტაძართან ორ ნაწილად იყოფოდა ქალაქი – ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეებად.

ასევე საყურადღებოა, რომ კრივი, ანუ შეიარაღებული ორთაბრძოლა, “ყეენობის” ფინალი იყო, მანამდე კი მხარეები ჩვეულებრივი საბრძოლო სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ: მიმდინარეობდა დაზვერვა, მდგომარეობის შეფასება და მოქმედების დაგეგმვა, მოსყიდვა–გადაბირება, ცრუ ინფორმაციის შესაღება, მოლაპარაკებები და მისთანანი.

შემონახულია აგრეთვე ფრიად საინტერესო მოგონება თელავში, XIX სკ–ის 80–იან წლებში გამართული გუნდური კრივობის შესახებ (ეს მონათხრობი, ვ. სიდამონიძის აზრით, იმდროინდელ ჟურნალისტს ალექსანდრე დოდაშვილს უნდა ეკუთვნოდეს):

“პატარა ქალაქ თელავში ჩვენს დრომდის იმართებოდა კრივები ზამთრობით. კრივები იწყება ნოემბერში და თავდება იმ დროს, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოში “ყეინობას” უწოდებენ.

კრივის დროს მთელი თელავი ორ ბანაკად იყოფა: ერთს მხარეს შეადგენს თელაველები, მეორეს ძველი გალავნელები, რომლებიც რიცხვით ექვსჯერ მაინც მომეტებულნი არიან თელაველებზედ; მაგრამ თელაველების სიმამაცე, ხელოვნება, ერთობა და მუშაობისაგან შეძენილი ძალ–ღონე უფრო ხშირად სძლევენ ხოლმე ძველგალავნელთ. ყოველთვის თელაველნი რჩებიან ხოლმე გამარჯვებულნი, თუ თვითონ მოკრივეს სამი მოწინააღმდეგის მეტი არ ებრძვის, ე.ი. თუ ოც თელაველზე სამოცი ძველი გალავნელი მეტი მაინც არ არის.

ეგრეთი ცოტასაგან გამარჯვება ბევრზედ, მამაგონებს პატარა საქართველოსა, რომელიც ხშირად სძლევდა, ამარცხებდა და ჟლეტდა თავის მრავალრიცხოვან და უთვალავს მტრებსა. სპარსთა, ოსმალთა, თათართა და სხვათა”.

კრივი აქაც ნაცნობი სცენარით ვითარდება: ჯერ პატარა ბიჭებს დააჯახებენ ერთმანეთს. მათ თავს დასტრიალებს შედარებით მოზრდილი წყვილი – “მოთამაშენი”. შემდეგ თავად ეს წყვილი იწყებს კრივს, შემდეგ მათი “მოთამაშენი” და ასე, ვიდრე ხალხი საკმაოდ არ შეიკრიბება.

ამის შემდეგ ხმაური მცირე ხნით ნელდება. ამ დროს მოკრივენი მოწინააღმდეგის ბანაკს ზვერავენ და მდგომარეობას აფასებენ. დაზვერვა ხშირად რამდენიმე საათს გრძელდება.

ძირითადი შეტაკება დაბინდებისას იწყება – ორ ბანაკად გაყოფილი მოკრივენი ჩოხაგახდილნი ელიან ნიშანს. თავ მოკრივეებს კი ჯერაც არ გაუხდიათ.

კიდევ ერთი ნაწყვეტი ა. დოდაშვილის მოგონებიდან: “საზოგადოდ უნდა ვთქვათ, რომ მოკრივენი დიდ მოხერხებასა და გამჭრიახობას იჩენდნენ კრივში. თუ მხარეს მოხერხებული ადგილი უკავია, მოწინააღმდეგე თუნდაც სუსტი იყოს, მაინც არ დაეცემიან და ცდილობენ მოატყუონ იგინი სამი–ოთხი კაცის ჩაგზავნით კრივში.

გარდა ამისა, მრავალგვარ ხერხს ხმარობენ კრივში, ასე რომ შეიძლება დიდი ღონის მქონე კაცი სულ პატარა და უღონოსაგან იცემოს და დამარცხდეს.
კრივი ბევრ თელაველს პურივით მოშივდება ხოლმე და კრივის დროს ზოგიერთი მოხუცებული პატიოსანი კაცები ათრთოლდებიან და აკანკალდებიან ხოლმე კრივის დანახვაზე”.

მუშტი–კრივი თბილისს მე–19–ე საუკუნის ბოლომდე შემორჩა, როგორც ქალაქელთა ერთ–ერთი უსაყვარლესი გასართობი და თუ უწინ მხოლოდ ყველიერის კვირაში იმართებოდა, თანდათან დამაგვირგვინებლად იქცა ყველა დღესასწაულზე, სადაც ხალხი მრავლად იკრიბებოდა და ყველას შეეძლო გამოეცადა თავისი უნარი. კრივს უამრავი მაყურებელი ჰყავდა.

კრივობდნენ უქუდოდ, გულგაღეღილნი, ჩოხის კალთა აკრეფილნი, ახალუხისამარანი. მსაჯი ცხენზე მჯდომი უძღვებოდა შერკინებას. მოკრივენი რამდენიმე რიგად იდგნენ ასაკისა და სიძლიერის მიხედვით. ი. გრიშაშვილის აღწერით კრივობას მცირეწლოვნები იწყებდნენ, შემდეგ ყმაწვილები ჩაერთვებოდნენ, ბოლოს კი ცოლშვილიანი მამაკაცები ცდიდნენ თავიანთ ოსტატობას.

ხშირად ქომაგებიც ხელჩართულ ბრძოლაზე გადადიოდნენ. ამ დროს ხის ხმლებსაც იყენებდნენ ხოლმე. ხანაც საქმეში ერეოდა ყველაფერი, რაც კი ხელში მოხვდებოდათ. კრივის შემდეგ მონაწილენი აბანოში მიდიოდნენ და ქისით იამებდნენ დაჟეჟილ სხეულს.

ერთ–ერთი ასეთი შეტაკების შემდეგ რუსულმა ხელისუფლებამ აკრძალა ეს სანახაობა, რასაც ხალხის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. შემოინახა მეფის ნაცვალ ვორონცოვის შუამდგომლობა ამ აკრძალვის გაუქმების თხოვნით, სადაც იგი წერს :

“–ეს იყო გასართობი და სამხიარულო ყველასათვის, დაწყებული სამეფო გვარეულობით და თავადაზნაურობით, დამთავრებული უბრალო ხალხით… მუშტი–კრივის მთლიანად აკრძალვა არა მარტო ქალაქის შიგნით, არამედ მის გარეთაც დააღონებს აქაურ მოსახლეობას, რომელზეც შვილიდან შვილზე გადმოდიოდა ეს მათი საყვარელი გასართობი, ასე მჭიდრო კავშირში რომ არის ხალხის ხასიათთან, მათ გმირობასთან, რაც ესოდენ დამახასიათებელია ქართველთათვის და აქცევს მათ ბრძოლისუნარიანად თავიანთი საზღვრების დასაცავად”.

ამ ბარათის შემდეგ მთავრობამ ისევ დაუშვა მუშტი–კრივი, ოღონდ ქალაქგარეთ, კვირაცხოვლის ეკლესიასთან.

ძველ თბილისში განთქმული ფალავნები ყოფილან: ლოხოშა, ჭიანუა, კუნძუა, ყოჩნიკუა, გიჟვანუა, კურკა და სხვანი. მათი ოსტატობის მაგალითად კმარა ჩვენი საუკუნის დასაწყისში 6 ყარაჩოღელის მიერ 25 შოტლანდიელი სამხედროს გალახვა უტიფრობისთვის.

“უცხოელების თავხედურ ქცევას ქალაქელები აღუშფოთებია. სატიოს უბანში ყოჩ ნიკუას უთქვამს: სიყრმის მზემ, კუკიაზე ადგილი აღარ დარჩებაო.
შექეიფიანებულ უცხოელ ოფიცრებს უცხო ქვეყანაში დამცინავი გასართობი მოეძებნათ, გამოლაგდებოდნენ სასტუმროს წინ გოლოვინის პროსპექტზე და მოსეირნეებს ანოკაუტებდნენ უმიზეზოდ.

ხუკები და აპერკოტები დაბლა სცემდა დარეტიანებულ მოქალაქეებს. სწორედ ერთ მშვენიერ დილას აქ შეყრილან სატიოს უბნის გიჟები.

უცხოელ ოფიცრებს, გართობის ნაცვლად, გასაქცევად დასდგომიათ საქმე. როცა საშა ვერელს ქართულ გარმონზე “სატიო” შეუბერია, წამალაანთ გიჟუას პრინციპულად ჯიბიდან ხელები არ ამოუღია, მისი თაური დარტყმის ხმები ვიტრინის შუშებს ხეთქავდა თურმე.

გოროდოვოის გიჟო რომ უცვნია, მხოლოდ იმასღა ეხვეწებოდა თურმე, არ მოკლაო, მუშტი დაარტყიო. გიჟოსთვის სხვებსაც მიუბაძავთ და ყოჩებს თავებით ისეთი ბათქაბუთქი აუტეხიათ, რომ მუშტი–კრივი სანახაობად გადაუქცევიათ.” – (ნაწყვეტი მ. ბერძენიშვილის მონათხრობიდან “ვერა – სატიო”).

ქალაქური კრივის არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის სახელი შემორჩენია ლამაზ ლეგენდად თბილისელების მეხსიერებას, მაგრამ როცა თბილისელ ყოჩებს ვიხსენებთ, ამ საარაკო სულის ვაჟკაცებს, ვინც იმ ეპოქის დათალხულ ცაზე მეტეორივით გაიკაშკაშეს, ისიც გვახსოვდეს, მათზე თხრობაში, პირველთა დაფნა ვის მიანიჭეს, ახლა უსმინეთ შუშპარა ქართულს, უსმინეთ გიზო ნიშნიანიძეს:

” – ვერას თავისი გულივერები ჰყავდა. ბიჭად–ბიჭები, საღები და სალამათები, ჩვენი ქალაქის, ჩვენი უბნის გოლიათები.
ღმერთო მიხსენი, გამახსენე მათი სახელი,
შენ მტერს და ჩემ მტერს მოხვდა ძმაო, იმათი ხელი.

ადრე თუ გვიან, მეტ–ნაკლებად, ყველა ვახსენოთ. ახლა კი ცოტა, ცოტა უფრო შორს გავიხედოთ.
ვის ახსოვს თბილისური ალალი მუშტი! ხრიდოლი – ცალი ხელით, სალდასტი – ქვითა და ხელით, გატეხილი თავი და მაინც მთელი გული. სიყვარულის ახსნა ჩხუბით, ძმობა, ღმერთი–რჯული!

krivi-xridoliვანის ნაქალაქარის გათხრის დროს, ჩვენი მამა–პაპის საძვალეებსა და სარკოფაკებში ქართული კრივის ხელთათმანი უნახავთ!

საიქიოში მაინც რაღა ჰქონდათ გასაყოფიო – გაკვირვებიათ მნახველებს… ვფიცავ მათ საფლავს, ბოროტება არ ჩაუდენიათ გულზე სამუდამოდ დაკრეფილ ამ ხელებს.

აღდგომის სწორს, კვირაცხოვლობას სცოდნიათ ბიჭებს მკლავში მოსინჯვა – ესეც შენი ზემოუბნელ–ქვემოუბნელების ალავერდი და მოსირჩვა.
მუხრანბატონის ფალავანი – ჭონი კვინიხა და გრიგოლ ორბელიანის ლოპიანა, ბებუთოვის თოქმაჩი გულზა, განჯელი ალია… მიდი ლოთიანად!..
ეშტრია კუკიელი, ავლაბრელი ლოხოშა… ეყოჩა და ეხოშა…
ჭიანუა, კუნძუა და ოთხი კოლა: სირქია, წითელფუფაიკა, ფარქასტუ და ღორ–კოლა…

ეს კოლა, ის კულა – გლდანელი და ნესტორ ესებუა, რუსეთის თორმეტგზის ჩემპიონი ივანე აბულაძე, ანუ ქიზიყელი კამბეჩუა… უხედნის მხედნელი, დაუმარცხებლის დამმარცხებელი, საიმედო და სანდო – კანდელაკი, მცხეთელი სანდრო…

დიდი და პატარა ვერელები – შაშო და გიორგი კახნიაშვილები – რა დედამ შობა რკინის ძმები – გულით ჩვილები, ან გაჩნდა მსგავსი რა საშოში, ჯანში, ბაია – ვერის სინდისი და ნამუსი ჯან–შიბაია!.. ყველა ბესთა ბესი – ვერის ჰერკულესი, რკინის მკვნეტელი და ფალავნების მხეტველი კოსტა მაისურაძე – რისი მაისური და რისი ფიცარნაგი, კარგი გამრტყმელი და კარგი ამხანაგი…

თბილისური ასპარეზის გალავნები – თბილისელი მოჭიდავე ფალავნები… წრეში ვიხმობ მეტივე დათა ხიზამბარელს, მედროგე ურეხას, უტეხ მეტეხელ ნიკას, აჩრდილებს ძველი თბილისის სარკისას – ავლაბრელ სარქისას, თოხანას – სულ ალჩუზე რომ იდგა, გაუმარჯოთ, ჯერი მათზე მიდგა…
ვახსენებ თავისი დროის უპირველეს მოქალაქეთ, თავისი მისალაგებელ–მოსალაგებელი რომ მიალაგ–მოალაგეს.

ახლაც ეძებს ვანი და მისი ძველი ნაქალაქარი,
დღეის ამქარი – მათი სული დღესაც აქ არი…

ასპარეზობად და არა სპირტ, სპორტდარბაზებად: ავლაბარი, სიონის ქუჩა, ძველი აბას–აბადისა და პურის მოედნები… ჰოი, შე ძველო, როგორ დნები ხელში და ქრები…

“იტალიის ბაღი” (ტრამვაელების სახლთან), ელისაბედის ქუჩა (კლარა ცეტკინი), დიდუბე, გრიშუას ბაღი ანუ ჟანგბადის ბალიშები, მინდვრის ხალიჩები, ლურჯი ცის თაღი…

ნაძალადევი, ხუდადოვი, ფიქრის გორა, ვერის ძველი სასაფლაო – ახლა ბაღი, სახელობით კიროვისა (ახლა ისევ ვერისა), სპორტდარბაზი ღია ცის ქვეშ – მირონისა, აუდიტორია–ამფითეატრებად თვით მახათას მთა და მთაწმინდა…

ჰაი, დედასა, რა სახელები გაწვიმდა,
ძველი წავიდა, ახალი დაცვივდა,
ძველი მაინც არ გაცივდა…”

“…თბილისელობის ასეთ ყაიდასაც თავისი ისტორია აქვს. ჯერ არავის ახსოვს თენგიზ კეკელიძის უსამართლოდ და უმისამართოდ მოქნეული ხელი. რამდენჯერაც მოიქნია, იმდენჯერ თქვენ მტერს მოხვდა. ატლანტის ტალანტით იტვირთა ტვირთი, მისი ბიჭური ბეჭებით ზიდა თბილისის ნამუსის თაღი, ამიტომ დადის დღეს ასე მხრებგაშლილი და ლაღი, კეთილი და პატიოსანი.

დოდო აბაშიძე. გადიოდა დრო. მოდიოდა სახელი. სიკეთითა და ჯან–ღონით სავსე ჭაბუკს ხელი ვაჟკაცურად ჩამოართვეს ქალაქის დიდმა ბიჭებმა, რომლებიც თბილისში ღონისა და სამართლიანობის კულტს ემსახურებოდნენ. განუზომელი იყო ავტორიტეტი 30–იანი, ანუ ჩვენ რომ ვიბადებოდით, იმ წლების ისეთი ფალავნებისა, როგორიც იყვნენ არკადი აბაშმაძე, ჯიბო კაპანაძე, ვახტანგ ბარსეგაშვილი… ამ სამმა წერტილმა გაიხსენოს დანარჩენი!

ისინი ფხიზლად ადევნებდნენ თვალს ძალაში შემავალ ყმაწვილებს, რომ ძლიერებს სუსტები არ დაეჩაგრათ, ქუჩის ჩხუბს ბოროტება არ ჩაედინა, სამართალს პური ეჭამა და წყალიც დაეყოლებინა. თბილისურ ქუჩას თავისი დაუწერელი, ენით აუწერელი კანონი ჰქონდა, აქაურ ჩხუბშიც კი უფრო მეტი წესრიგი იყო, ვიდრე ჩხუბს მოეთხოვება. აქაურ მუშტი–კრივს არავითარი საერთო არ ჰქონდა ხულიგნობასთან.”

ჩვენი აღთქმული ქვეყნის – არკადიის, ტრიპოლისის ანუ თბილისის არკად–თაღედის ერთი ატლანტის – საარაკო არკადი აბაშმაძის დისწულების, დიდი დედის თეო აბაშმაძის ბოკვრების ამბავი!

თამაზ ცინცაძე დედანთან სწორი, მისი გოლიათი ბიძის ზუსტი ასლი იყო. საოცრად თბილი გული და მწარე ხელი ჰქონდა. იმ რკინის კაცის ნატეხი გახლავთ “რიჟას” უმცროსი ძმა ბუთურაც. ძმათა ჩხუბი თბილისში ვის უნახავს, ერთი ისევ თბილისურ წესრიგთან დაკავშირებული შემთხვევა რომ არა.

სატიოზე ჩხუბი იყო – თამაზი ტოლთან სწორად იბრძოდა. უცბად, სად იყო–სად არა, ბუთურა გაჩნდა. ჯერ შუაში ჩადგა, მერე ძმას წამოეშველა და “რა შუაში” აღმოჩნდა. სწორედ აქ შეწყდა სხვათა და დაიწყო ძმათა ომი. ვის რა უფლება აქვს, ჩემი მოსაქნევი ხელი მოიქნიოს და ქალაქში თავი მომჭრასო – თამაზმა.

როლები შეიცვალა. ახლა ის მოჩხუბარი ჩადგა ძმათა შორის – თუ ძმა ხარ, შერიგდით და შევრიგდეთო.
ასე იყო ეს.
ასე არის დღეს?
ერთი ნატვრის ხეც
ჰგავდა ნატვრის ტყეს!

კოტე წულეისკირს იმსიგრძე ბეჭები ჰქონდა, სამ თავს დაიდგამდა და ათი თავი უნდა ჰქონოდა კაცს, რაიმე უკადრისი ეკადრებინა არა მარტო მისთვის, მისი თანდასწრებით სხვისთვისაც.

რისი როკერ–ბრეიკიორ–მეტალისტ–კულტურისტ–ფუტურისტობა, განტელები და კუნთების ბერვა. რაც ჰქონდა ღმერთმა მისცა და კაცს მოახმარა. ჯარში რომ იყო, შუა აზიაში შეიარაღებული ძალების ჩემპიონატი ტარდებოდა ჭიდაობაში. აი, იქ ბაირამალიში კიდევ ერთხელ იბაირამა ვერის გენმა… “ჭიდაობას რა უნდაო” – ძველი ქართული დოლ–სიმღერის ჟრუანტელით წაქეზებული, ყოველგვარი მწვრთნელისა და წვრთნის გარეშე გავიდა წრეში და წრიდან ჩემპიონი გამოვიდა.

“მარტო აღზრდა რას უშველის, თუ ბუნებამ არ უშველა”.

– საიდან ხარ?
– თბილისიდან.
– ვინ გაგზარდა? – ჰკითხეს.
– ვერამ!
და იცოდეს ყველამ, ყველამ,
ბევრი შვილი ზარდა ვერამ.
ზოგმა თვითონ ჭედა ბედი –
ზოგი წერა ბედისწერამ…

თორემ გოგია ქარსელაძეს რა მოერეოდა სიკვდილის გარდა, რომელიც ფრონტზეც კი გაურბოდა ამ ცეცხლივით ბიჭს, თუმცა რამდენჯერ შეჰყრია პირისპირ და თვალებში ჩაუხედავს. “სდიე ქარს მინდორშიო” – ვერც ბრმა ტყვია დასწევია ქარში ქარსელაძეს, ყუმბარის ნამსხვრევებს კი, როგორც ატირებული დედამიწის ცისკენ შებრუნებულ წვიმას, სად შეაფარებდი თავს.

გენერალ გიორგი ყურაშვილის ქართულ დივიზიაში იბრძოდა. 12 ჭრილობა და ერთი იმდენი საბრძოლო ორდენ–მედალი ჩამოიტანა, თუმცა არ იყო ჩინ–მედლის მადევარი კაცი. მისი ჭრილობა ბევრი მინახავს (როგორც იტყვიან, სახეზე იყო), ორდენები კი სიკვდილის შემდეგ დავუთვალეთ.

მზვერავი ყოფილა. ერთხელ ერთ თანამებრძოლთან ერთად, ერთის მაგივრად ოთხი მოენე გაუკოჭია. ამხანაგს ეშმაკობა მოსვლია თავში. – მოდი, გოგილო, ორი ტყვე მივიყვანოთ და ხვალ რომ გაგვიშვებენ დაზვერვაზე, ეს ორი აგერ ბუჩქებში გვეყოლება მოყუჩებულიო. – ვაი, შენს პატრონს, ამ ორმა რომ თქვას, ოთხი ვიყავითო, სად მიდიხარ მერე?.. – დაოთხილი წაუყვანია ოთხივე…

… ერთი უსამართლო ნაბიჯი არ გადაუდგამს წინ, უკან კი საერთოდ არ იცოდა დახევა. ხომ გახსოვთ, ერთხელ ოფიცერთა სახლის საბილიარდოში, კრივში მძიმეწონოსანთა საქართველოს უცვლელი ჩემპიონი და კავშირის არაერთგზის ექსჩემპიონი, ენის შემოუბრუნებლობასა და თავის შეუვალობაში ღრმად დარწმუნებული, ჩვენი ანდრო ნავასარდოვი (დედამიწის ერთ მეექვსედზე სპარინგ–პარტნიორად და მეტოქედ მხოლოდ ერთადერთი – კოროლიოვი რომ ჰყავდა) უდიერად მოექცა და ამან ისე მოუქცია ყბა, რომ იმას საავადმყოფოდან შემოეთვალა, 18 000 მანეთი (მაშინდელი კურსით) გადამიხადოს ზარალის ასანაზღაურებლად, თორემ…

– ზემელის დამწვარ აფთიაქში არ მიჩივლოსო – შეუთვლია გოგიას. თუ უნდა, როგორც მოვუქციე ღრანჭი, ისე გავუსწორებო. მერე თბილისი ჩარეულა საქმეში. შეურიგებიათ, ერთი ჭიქით შეუსვამთ ორივეს სადღეგრძელო და მტრობა ძმობად გადაუკეთებიათ.

ვერაზე დასახლდა და ვერას თან ახლდა
ჭირშიაც, ლხინშიაც თავისი ავ–კარგით.
აქ მისი ოცნება ახდა და არც ახდა
და როგორც ვიპოვეთ – ისევე დავკარგეთ…
ქალაქის პირველი ყოჩიც ჩვენებური იყო,
აზანზარებდა ქალაქს…
მოდიოდნენ გოგია რებეცა, სვანეთისუბნელები,
ძმურად უსინჯავდნენ ძალას.
დაიდეთ გულზე ხელი და მითხარით –
რომელი ჩემპიონი შეედრება.
აიღეთ თავზე ხელი და არხარის
გაიგეთ მთიდან ბარში ვედრება!
თუ გინახავთ, სადმე სხვა ორი,
რეზო ფაღავასთანა ჩხუბი რომ იცოდა.
ჩემ მტერს, ჩემო ძმაო, მისი ტორი,
მის ნაჟეჟს პატრონი ვერ ცნობდა.
ფანჯრებიდან, ლოჟა–ლოჯიებიდან გადმოეფინებოდნენ,
ქუჩაში მოძრაობა ჩერდებოდა,
ვერელების მუშტი–კრივს, ალალ ჩხუბს
რომელი ჩემპიონატი ედრებოდა…”

შეშინებულივით კედელს აკვროდა ქუჩის ერთადერთი ტელეფონ–ავტომატი და ამ ჭკუისკოლოფს ზედ ამოკაწვროდა ნეტარხსენებული სახელები მათი. ახლაც კარგად მახსოვს, ჟანგიან ფირფიტას ზედ რაც ეწერა და ზედ რაც წეეწერათ: “ხანძრის შემთხვევაში დარეკეთ 01″–ზე…
(გვერდზე კი ნაკაწრი ლურსმნულით და ცერად)
“შუხურის შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან,
ღმერთი არ გაგიწყრეთ, მაშ, მე აქ რაღა ვარ,
არავინ მიქაროს, უჩემოდ იჩხუბოს…
თქვენი ზიარება, თქვენი ძმა – ფაღავა… 3–0103”

krivi

არეული კრივი

ზემოთ ჩამოთვლილ სახეობათაგან ამ დროისთვის შედარებით უკეთ არის დამუშავებული “არეული კრივი”. იგი ძირითადად თბილისში, თელავსა და გორში იყო გავრცელებული და იმართებოდა როგორც წყვილებს, ისე ჯგუფებს შორის სხვადასხვა დღესასწაულებზე (“ბერიკაობა”, “ყეენობა” და სხვ.).

“არეული კრივი” ორთაბრძოლის რთული სახეობაა. იგი უხვად არის დაყურსული ხელჩართული ბრძოლის ხერხებით. ორთაბრძოლა წარმოებს როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურებითა და თავით, დამატებით კი იხმარება ჭიდაობის მტკივნეული ილეთები: ტეხვებით გდება, მიყინწვა, გაკავება და მისთანანი. შერკინება მიმდინარეობს დანებებამდე ან გალახვამდე. პაექრობა იმართებოდა წინასწარი გარიგებით. ხშირად ფულსაც კი კრებდნენ (დასახიჩრების შემთხვევაში სამკურნალოდ).krivi1

მეტოქენი იბრძვიან შიშველი ხელებით და გამოიყენება მტევნის სხვადასხვა ჭერა: მჯიღი, მუშტი, გორიანი, ქიმუნჯი, ბლიკვი, საზალტე, სავარცხელა, ნეფი, ქიშტი, კიწანი, მაჯაგანი და სხვა.

აგრეთვე გამოიყენება იდაყვები: დლაყვის კვრა, მუჯლუგანი, ჯლიქვი. განსაკუთრებით სახასიათოა თაურები, თეძურა კვრები და მხრით ჯიკავი.

ქვედა კიდურით შეტევისას იხმარება: ბასმა, მუხლი, ხომი, ახმი, ჭვინტი, პიწკი, ერგცერი და სხვა.

ჭიდაობიდან შერჩეულია ძირითადად ისეთი ილეთები, რომლებიც იძლევა მოწინააღმდეგის სწრაფად მოშორების საშუალებას (მეტწილად პაექრობის ჯგუფური ხასიათის გამო). გდება თითქმის ყოველთვის არის შემზადებული ჯიკავით ან დარტყმით. ამგვარად, მოწინააღმდეგე ძირს დარეტიანებული ვარდება, რაც ილეთის შედეგს აძლიერებს.

ფანდებიდან ყველაზე ხშირია კისრული, ცერულები, ფეხდაბიჯებები, მოგვერდი, მოცელვები, ნამგალები, ამოსმული სარმები და სხვა ეფექტური გდებები.

იკრძალება საზარდულში დარტყმა, თვალების დაზიანება (ვთქვათ “ბაჯის” – საჩვენებელი და შუათითის ორკაპის კვრა).

კრივის ქართულ ნაირსახეობებში თითქმის არ გვხვდება ფეხით მკერდსზემოთ შეტევა, რაც შერკინების სამხედრო–გამოყენებითი ხასიათით უნდა აიხსნას (ბრძოლაში წონასწორობადაკარგულ მეომარს უკეთეს შემთხვევაში გათელვა ემუქრებოდა).

ამ მხრივ გამონაკლისია ფეხით კრივის რაჭული და სვანური ნაირსახეობანი, რომლებშიც ხელის ხმარება აკრძალულია.

ფეხით შეტევებიდან ყველაზე გავრცელებულ სახეებს განეკუთვნებიან: წიხლი, პანღური, ჭიტლაყი, ტლინკი, ბასმურა, ხომურა, ქუსლური კაური და ჩაძნეყვა. თუმც კი ყველა ოსტატს საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ილეთი და დარტყმის მოხაზულობა ჰქონდა.

30–იან წლებში მოხევური “წიხლაობის” ცნობილი ოსტატი ყოფილა სერგო კაზალიკაშვილი (“თეთრმუცელა”), მისი მოწაფე ყოფილა შალვა გაგნიძე, ასევე უბადლო მოწიხლავე.

46–ში შემდგარა შერკინება “წიხლაობაში” სიონელ მიშა წამალაიძესა და სნოელ ნოდარ ხართიშვილს შორის, რომელიც მე–9 წუთზე წამალაიძეს მოუგია.

მოძიებული 130–მდე ილეთი დამუშავებისა და გარჩევის პერიოდში გახსნის გაცილებით მეტ რაოდენობას ილეთებისას, რაც საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ქართული “არეული კრივი”, როგორც სახეობა, აღდგენილია.

ამ ილეთების ნაირგვარობა და რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ქართული კრივი ოდესღაც დახვეწილი და შეკრული სახეობა იყო. სკოლა რომ ქართულია, მოწმობს როგორც უძველესი წყაროებით შემონახული მდიდარი ლექსიკური მასალა, ასევე ორთაბრძოლაში გამოყენებული მოძრაობების მსგავსება ქართული ცეკვის ილეთებთან.

არეული კრივის სიტყვის კონაში შესულია მთელი ლექსიკური მასალა მოწესრიგების გარეშე, რადგან უფრო ზუსტი დალაგებისთვის საჭიროა გარკვეული პრაქტიკა. ლექსიკურ ერთეულთა სიმრავლე ერთი შეხედვით ართულებს დასახელებათა გამოყენებას, მაგრამ სამაგიეროდ, კრივის თითოეულ სკოლას შესაძლებლობა ეძლევა დაადგინოს საკუთარი ხელწერის შესაბამისი ჩარჩო.

აბასტად – უწუმ, მოსხლეტით, არდისულა
აბრაგანი, აბრაგინი – ამოკვრა, აპერკოტივით
ათო – ქმედების ქვემო მიმართულება (მეგრ.)
ალა–მალა – აქეთ–იქით (მეგრ.)
ალაფალა – ყურთაგლეჯით ატაცება
ალიყური – სილა
ალმედად – მხარიღლივ
ალახმალახი – წაღმა–უკუღმა
ალქატად – მსუბუქად
ამგნივ – აქაით, ამ მხრიდან
ამლათი – უცაბედი
ამპა – კინაღამ
ამფაზი – მეწყვილე
ანაზდი – მყისი, იჩქითი, არდი, ნვინი
ანასტარ – ანაზდად, არგონით
ანდედ – ადმათ, ალალბედზე
ანკრად – გადაკვრით დარტყმა
ანტრად – მრავლად
არადიათ – იშვიათად, არიელად
არვად – აფორიაქებით
არინი – არინება, ასხლეტა დაკვრისა
აფარება – დარტყმის შეკავება
აფრაკი – იფრიტი, ჩახვეული, მაჯაში ბრუნით დაკვრა
ახმური – ტერფის ზურგით
ახრევს – აქნევს (ხრევა)
ბაგუნი – ბასკუნი, რბილზე ცემა
ბარიბარ – თანაბრად
ბარიშალი – ჩხუბი
ბასმურა – ტერფის შიდა მხრით
ბაქი – სიტყვით შეშინება
ბაღვა – გლეჯა, ხოკვა
ბაყუნი – ღონივრად რტყმევა, ბეთქვა
ბაჯი – სალოკ–შეშუალის ტაკება
ბეგვა – ცემის სახეა, ზაპუნი, ბერტყვა
ბეკება – კუნტრუში
ბილა – ვერმორტყმა, დაცილება დაცდენა
ბინიკი – ჩარტყმა, წარტყმა
ბიძგი – ხელის ან მხრის კვრა
ბლიკვი – მუშტი (ცერით თითებქვეშ)
ბრექა – გულმკერდის ბზეკა
ბრიალი – ჰაერში ტრიალი
ბრკოლა – ფეხის შეცდენა
ბრმა სილა – სილის სახეა
ბრჯუ – გვიან მოქმედი
ბუბნა – წაქცეულის ტორვა, ბეყვა
ბუზვანი – მუშტის ცემა
ბუქნა – ჩაცუცქვა–ახტომა
ბუჩვა – ღონივრად შემოკვრა
ბღვერა – ავად ყურება
გაბეჭვა – ბეჭებში დაკვრა
გაბუნდაგება – განადგურება
გაგლა – გათელვა
გათხოვნა – საპაექროდ გაწვევა
გაკვრა – განზე მორტყმა
გამა – დარტყმა
გამუშტვა – მუშტით ცემა
გამხან – გვერდიდან (სვან.)
განთხი – ფეხის ღონე (მეგრ.)
განქრევა – წვრილად დალეწვა
გარისაკ – გარეთ მიმართული
გასხირპვა – გაჭიმვა
გაჟღოლვა – გვემა, მძიმედ გალახვა
გარდით – შორიახლო
გასხლეტა – შებორკვისგან თავდაღწევა
გატოშვა – ბღაჯით ცემა
გაშპობა – მოსხლეტით გაცლა
გაცემება – ორმხრივი დარტყმები
გეზად – ცერად, ირიბად, ქეშად, ალმეშად
გერივ! – დარტყმის გამეორება
გერინა – დგომა (მეგრ.)
გვემა – მეტისმეტი ცემა
გლა – მოსრესა
გორიანი – მუშტის სახეა
გორინა – დისტანციის დაცვა (მეგრ.)
გულგარა – ზერელედ
დაბალთვა – დაფითვა, წვრილად დაკოდვა
დაგანება – დასარტყმელად მიტანება
დაზმა – დახანება
დათრგუნვა – ზერგნა, ფეხით ქელვა
დაკაული – ტეხილი დარტყმა
დაკოვზვით – სილა ჭაჭვით ყურზე
დარეგვა – ზემოდან ბლიკვით ცემა
დარტყმა – დაკვრა, თხლეშა, დრუზვა, თქეფა, დგვეფა
დასანგება – დაყოვნება
დასარსამება – დარეტიანება
დასევება – ძალის გამოლევა
დასპარტება – თავით დახეთქება
დაურვება – დამორჩილება
დაღალატება – დარტყმის ჩაქრობა
დაღირება, ზურტუხი – დასარტყამად შემართვა, (დაკვრა სჯობს დაღირებასა)
დაღლეტა – კანის დაზიანება
დაშთობა – მოხრჩობასავით
დაჩალება – დაგლახება (მეგრ.)
დაძეკვა – ზეპვა, დაზეპვა
დაწნეხა – ფეხით შედგომა
დგერი – დგომი, შაქი
დირსაფი – თავის კვრა (მეგრ.)
დლაყვი – იდაყვით წინ კვრა
დოგადოგა – მონდომებით
დოკინა – უკანდახევა (მეგრ.)
დორთა – მხრის აქცევა (მეგრ.)
დღუზვა – დარტყმის სახეა
ელანძე – მეყსეულად
ერგცერი – თითებგამართული ტერფი
ვეგურა – დარტყმა კოჭით, ფეხამობრუნებით
ვერაგი – ცრუ დარტყმა
ზემზემ – ზემოდან, ზეგარდმო
ზერე – ზემოთა
ზმული – აჩქარებული
ზორვა – ზურგზე ცემა
ზუზარა – ზუსტი
ზუზივ – ზუსტად
თავროკა – მაგართავიანი
თაურები – (იხ. ილუსტრაცია)
თაფთაფანა – ცხარე ჩხუბი
თეძური – თეძოს კვრა
თვალისიერი – აღქმის სისხარტე
თქრომა – მიფრენა
იაღმა – უკუღმა
იგურდივ – გვერდულად
ილარინა – გვერდით ამოდგომა (მეგრ.)
ილინცურად – ირიბად
იონქრად – ზერელედ, მსუბუქად
ირმიცი – დახრილი
ისკუპი – ადგილზე შეხტომა
იხელთა – ჩაავლო, იგდო
კამუკი – მსუბუქი ჩხუბი
კანტი – სხარტი
კაურა – მოხრილი მკლავით შემოკვრა
კებეხი – კელენჯერი, მიუდგომელი
კემუტი – შეუპოვარი
კერკეში, კესელო – მკვრივი
კეში – უხეში, გამაგრებული
კვარტი – წიხლის სახეა (მეგრ.)
კვიდომი – ჯიჯგვი, მკვიდრი
კვინტი – წიხლი
კირთება – შეტევა მოუსვენებელი
კირწიკორწა – კისერზე გადაბრუნება
კიწანით – მტევნის გარე კიდით
კოდო – მძიმე, ნელი
კონტი – საპირისპირო ხერხი
კორიკი – რწევა, ქანაობა
კოჭა – როკვა ბუქნასავით
კოჭუკუღმა – ?
კოხი – წიხლის სახეა
კუკუ – პანღურის სახეა
ლაჟორა ქვადყიე – დაკოვზვით შემოკვრა (სვან.)
ლაჩაკვა – ჩალაკვა, ლახვაჩა, კაკვია, ცაცია
ლახვა – ცემა
ლიგმად – ოდნავ
ლიმა – ბრძოლა, ომი (მეგრ.)
ლიღუ – ნაკრავი, მორტყმის კვალი
ლიყაარია – უიარაღოდ(!) კრივი (სვან.)
ლიჯლიქყია – ორი ხელის ნეფით კვრა (სვან.)
მადგინო – ურყევი
მანქანება – ხრიკთა ერთობლიობა
მაოტი – გამაქცევი
მალიად – სწრაფად, ხაფად
მეოტი – გაქცეული
მისკმა – მირტყმა
მოკოტვა – ჩხუბიდან გაქცევა
მომუშტავი – მოკრივე (თუშ.)
მონუსხვა – ნებისყოფის წართმევა
მორინა – მხარდაჭერა (მეგრ.)
მოსარგალება – მოსრაგნა, გაქელვა
მოქედურება – ქედის მოხრა
მოქლეშა – წაგლეჯა ხორცთა
მოჭენტა – მოგრეხვა, მოხამურება
მოხრესა – დაჭირებით მოგლა
მუქარანი – მეტოქენი
მუქაფა – მორგენა, საპასუხო დაკვრა
მუღრაობა – რისხვით ქადილი
მუშტა’ობა – თუშური კრივი
მუშტი – თუ ცერს გარდა სცე, მუშტუკუნი
მუჯლუგანი – იდაყვის უკუკვრა
მჯიღი – თუ ნეკის მხრიდან სცე, მჯიხი
ნები – ბღაჯის ქვედა ბალიში
ნჯიქვა – იდაყვის კვრა
ოინულ – ეშმაკურად
ორგნით – ორივე მხრიდან
ორპოტიკი – ორიანი შეტევა
ოჩოკური – უხეირო ქმედება, დაკვრა
ოხტი – სამაგიერო
პარაკად – უნებურად
პარეხი – მოძრავი, ენერგიული
პაღური – უკან მუხლის ამოკვრა
პიწკით – მოხრილი ფეხისთითებით
პუწკით – სამი თითის შეერთებით
ჟატვა – დაკრულვასავით, ჟუჟი
ჟეჟა – ხორცთ დაჯეჭკა
ჟვერვა – ჟვარუნი, ჟღოლვა,
ჟინ – ზევით (ლაზ.)
ჟრიატი – იდუმალი შიში
რაგვინი – დატაკება (მეგრ.)
რაჟაფი – მძიმე დარტყმა (მეგრ.)
რთხმა – გაჭიმვა
როფვა – ხმაურიანი დარტყმა
რტინა – ოტება (მეგრ.)
სავარცხელა – მტევნის ზურგით
საზალტით – მტევნის ზურგით
საფრთხოლი – დასაფრთხობელი, ყურადღების გადასატანი
საცდური – ცრუმოძრაობა
სილა, სილაქი – გაშლილი ხელით შემოკვრა
სისრა – გატყორცნა
სკმა – სკმევა, ცემა
ტალამაში – ქიმუნჯის დაკვრა
ტაროცი – მზადყოფნა
ტახუნი – ცივი ხმის დაკვრა
ტკეპნა – დატერფვა
ტკეცება – შეხეთქება
ტლინკი – ტყუპი წიხლი
ტოლიკი – მირტყმა–მორტყმა
ტონტორიკი – ცრუდარტყმა, ტუნტური
ტორცაფი – ძლიერი დარტყმა (მეგრ.)
ტოჩება – მუქარა
ტრელად – მიპარვით, უჩუმრა
ტრელი – ფარული დაკვრა
ტურინი – გაფრენა (მეგრ.)
უდიერი – ძალის დატანება
უკუდგომა – უკანდახევა
უკუყრა – მოგერიება
ურგაბი – მოუდრეკელი
უხრული – უხერხული
ფა – მაგი (ცალფა – ცალმაგი)
ფარიზი – დაფარული ადგილი
ფეთი – საფრთხოლთაგანია
ფეხდაბიჯება – შეტევის ელემენტია
ფოცი – სწრაფად მომუშავე
ფრენწიხლი – ნახტომში ჩაწიხლვა
ქალოქვად ბელიე – მზის წნულში კვრა (სვან.)
ქაფო – მკლავმრუდი
ქიმუნჯი – მუშტის სახეა
ქიშტი – გოგებით ქურჯვა
ქოთება – ხეთქება
ღაფლად – ვერაგულად
ღუზვა – ყვინთი, ყურვა
შარამათი – ჩხუბი
შაქი – საბრძოლო დგომი
შებმა – შერკინება
შეთე – ფეხმოუცვლელი
შიგისაკ – შიგნით მიმართული
შიშხათი – დაშინება
შუნდუკ – გორიანით კვრა (სვან.)
ჩანარი – მაჩხუბარი
ჩეჩქვა – ძეგვა, ნაყვა, ჯეჭკა
ჩოქელა – დაჩოქილ მდგომარეობაში
ჩუვ – ქვემოთკენ (სვან.)
ჩურგნა – თავის გლაჯუნი
ჩუჩხური – წაქეზება
ცაკვა – დაკვრის სახეა
ცემა – ბუბნა, ტყეპა, ბეგვა, ჟაპუნი, ბეჟვა, ტორვა, ჯეგვა
ცრეხა – მოღრეცა
ცუდაობა – უხეიროდ მოქმედება
ცხაკვა – სუსტი დარტყმა (მეგრ.)
ცხუნება – დაკვრის სახეა
წკეპა – მცირედ ცემა
წკიპი – ტერფის წინა ბალიში
წრიხი – წიხლი, კვინტი, კოხი
ჭაჭვი – პეშვის დაკოვზვით
ჭვინტით – თითგამართული ფეხის კვრა
ჭიტლაყი – პანღურის სახეა
ხალახუნცული – ჯგუფური ჩხუბი
ხაცხაც – შეცდომით
ხდომა – თავდასხმა
ხელამუთა – ფრთხილი
ხელბუკი – ზანტი
ხელუკუღმა – სავარცხელათი
ხენკალი – დაღლილის მუშაობა
ხვატა – კბილის კრეჭა
ხლეწა – დარტყმის სახეა
ხომურა – ტერფის კიწანით
ხურთვა – ზემოდან ბლიკვნა
ჯაათი – წინააღმდეგობა
ჯალდვა – მორევნა
ჯგვერება – გორიანის ტაკება
ჯგვლემა – ბლიკვნა
ჯგლითი – შეხლა–შემოხლა
ჯეკნა – ქუსლით ჩაძნეყვა
ჯილეხი – ძნელმისადგომი
ჯიქურ – პირისპირ
ჯიხი – თავით პირდაპირი
ჯიჯა – მუშტით პირდაპირი
ჯლიქვი – იდაყვის განზე კვრა
ჯმაჯურა – მხუთავი ილეთი

 

2 responses to “ზნენი სამამაცონი – 20, კრივი

  1. მედეა

    November 22, 2009 at 12:25 pm

    ძალიან მაგარია

     
  2. გულნარა

    October 24, 2010 at 12:58 am

    რა კარგადაა აღწერილი,სწავლა მოგინდება

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: