RSS

ზნენი სამამაცონი – 19, ჭიდაობა

03 May

“ქართული ჭიდაობა ისეთივე ეროვნული საუნჯეა, როგორც ფოლკლორი, ქართული სიმღერები, ქართული ხუროთმოძღვრება”
ნიკო კეცხოველი

ათასწლეულთა განმავლობაში საქართველო იმდროინდელი სამყაროსათვის ფრიად ხელსაყრელი ბუნებრივი სავაჭრო დერეფანი თუ გზაჯვარედინი გახლდათ. ბედიც ეს იყო ჩვენი და უბედობაც, რადგან ამგვარ სიკეთეს ხარბი მტარვალიც არაერთხელ აღუძრავს.

ამ გზებზე, ნაირგვარ საქონელთან ერთად, ცხადია ასევე ნაირგვარი ცოდნაც გადი–გამოდიოდა. ხალხისა და დროის მდინარე მიწყივ ეზიდებოდა ამ ცოდნას და აქაურის გონებაც, ოქროს საწმისის დარად, კრებდა, ახალისებდა და ზოდებად ქნიდა მას. ასე გახდა წინაპარი თავისი დროის მოწინავე საკაცობრიო გამოცდილების მოზიარე და შემოქმედთაგანი.

საბრძოლო ხელოვნებაც ერთი იმ ცოდნათაგანია, რომელსაც წინაპარი საუკუნეთა განმავლობაში ხვეწდა და ამდიდრებდა. ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა საოცარი ქართული ჭიდაობა.

შერკინების ეს სახეობა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩვენში. ქართველებმა ყველა საერთაშორისო სახეობა გაამდიდრეს თავისი ხელწერითა და ჭიდაობის განსხვავებული მანერით. შესაბამისად, არც ერთ სპორტულ სახეობაში იმდენი წარმატება არ მოუპოვებიათ ჩვენს სპორტსმენებს, რამდენიც ჭიდაობაში.

რაში მდგომარეობს ჩვენი მოჭიდავეების ასეთ წარმატებათა საიდუმლო? რამ შეაძლებინა მათ დაეპყროთ პრაქტიკულად ყველა მწვერვალი მსოფლიო ასპარეზზე? ამ მიღწევათა საფუძველი უძველესი და უნიკალური ფენომენი – ქართული (ქართლ–კახური) ჭიდაობა და მისი ნაირსახეობანი გახლავთ.
ყოვლად მიუღებელია ვარაუდი, თითქოს ჭიდაობა საქართველოში “მდაბიოთა სტილი” იყო.

თუნდაც ეს ორი ისტორიული ფაქტია საკმარისი მის უარსაყოფად:
1048–50 წ. სელჩუკთაგან ძლეულ ბიზანტიელთა მოკავშირე, დიდი ფეოდალი ლიპარიტ ბაღვაში სულთან თორღულ ბეგის ტყვედ იქცა.

სომეხი მემატიანის მათე ურჰაელის ცნობით ლიპარიტს ტყვეობაში საგმირო საქმეები ჩაუდენია, რის გამოც, ორი წლის შემდეგ, სულთანმა იგი გაათავისუფლა და საჩუქრებიც უბოძა.

ერთი ასეთი გმირობა ყოფილა ზანგ ფალავანთან დაჭიდება, რომელიც ლიპარიტს პაექრობისას მოუკლავს.

XVI საუკუნის მიწურულს სტამბულს მისიით მყოფი სამცხის ათაბაგი ყვარყვარე ჯაყელი სულთანმა მურადმა ოსმალთა ვრცელი იმპერიის უპირველეს ფალავანთან დაჭიდებაზე დაიყაბულა. შეტაკებისთანავე ყვარყვარემ შუაკაურით ბეჭებზე დასცა მეტოქე. ეს ისე უმალ მომხდარა, რომ მაცქერალნი ვერ მიმხვდარან და შერკინების გამეორება მოუთხოვიათ, მაგრამ ოსმალ ფალავანს ყვარყვარეს გამარჯვება დაუდასტურებია.

ამრიგად, ჭიდაობა ქართული საზოგადოების ყველა ფენაში იყო გავრცელებული და იგი არც ქართველ დიდგვაროვანთათვის გახლდათ უცხო ხილი და სათაკილო ზნე. მით უმეტეს, რომ ეს სახეობა საბრძოლო მომზადების განუყოფელი ნაწილი იყო და ნაკლებად ჰგავდა დღევანდელ გასპორტებულ ნაირსახეობას. XX საუკუნის დამდეგსაც კი იგი საბრძოლო შერკინება იყო, რაზეც ცხადად მეტყველებს ქვემოთმოყვანილი სტრიქონი აკაკის პოემიდან, რომელიც მან ნესტორ ესებუასა და კულა გლდანელის შერკინებას მიუძღვნა და რომელიც სულაც არ ჰგავს სპორტულ პაექრობას: “მივარდა, გულში ხელი ჰკრა, ბურთივით გააგორაო…”

გასულ საუკუნეში ინტენსიურად წარიმართა ქართული ჭიდაობის “სამბოში” გადაქაჩვის პროცესი. შედეგად კი მივიღეთ, რომ მისგან ნასაზრდოებმა “სამბომ” (სამოობორონა ბეზ ორუჟია) დღეს მსოფლიო დაიპყრო და “წესგარეშე” შერკინებებში აშკარად დაადასტურა თავისი უპირატესობა.

საქართველოდან ცოდნის გაზიდვა მიმდინარეობდა მეთოდურად და ისეთი გულმოდგინებით, რომ ჩანს ამის მოქმედმა ჩვენზე უკეთ უწყოდა, თუ რა საგანძურთან ჰქონდა საქმე. მიზეზი ქართული ჭიდაობის ფასეულობა გახლდათ, საბაბი კი ისევ ჩვენზე “ზრუნვა”.

მაგალითისთვის გავიხსენოთ ასეთი ზრუნვით აღსავსე მითითებები – ქართული ჭიდაობის ესა და ეს ილეთები ტრავმატულია და უნდა აიკრძალოსო.

ჩვენ მაშინ ერთი ქვეყანა ვიყავით და და მიზანიც საერთო იყო – გვქონოდა საუკეთესო საბრძოლო სისტემა, რაც ხარლამპიევის გუნდმა საკმაოდ უნარიანად შესძლო.

ცხადია საბჭოეთის დაშლის შემდეგ აქტუალური გახდა მისი მემკვიდრეობის დასაკუთრება. შესაბამისად, საჭირო გახდა სამბოში ქართული ჭიდაობის წილის შეძლებისდაგვარი დაკნინება.

ინტერნეტში, ერთ–ერთ სტატიაში – “რუსული საბრძოლო ხელოვნება” ნათქვამია, რომ “სამბო” ოშჩეპკოვმა იაპონური “ძიუდოს” ბაზაზე შექმნა, მაგრამ სტალინის დრო იყო და ქართულმა ჭიდაობამ წინა პლანზე იმიტომ წამოიწიაო, ანუ – ვაღიარებთ, რომ სხვისგან მივითვისეთ, ოღონდ არა ქართველთაგანო!

ამ უხეირო ხრიკის მიზანი ნათელია – “ძიუდოსა” და “სამბოს” შორის დიდი სხვაობაა და ამ სხვაობის დასაკუთრებას აპირებენ, თორემ ქართულ ჭიდაობას რომ შეადარონ, რამდენიმე ფანდიღა შერჩებათ ჩოქბჯენში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ჭიდაობის ერთ–ერთი შეზღუდული სახეობა – “ღორული” სწორედ ჩოქბჯენში წარიმართება და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უძველესი სარიტუალო სახეობაა, რადგან აშკარად ტახის კულტთან არის დაკავშირებული, მიწაში გუნგრაობითა და იქიდან (გეადან) ძალის ამოკრეფით (იაპონური შეძახილიც – “კია!” მიწის ღვთაებისგან ძალის წამოსაღები ყოფილა).

მკვლევარ მიხეილ ლუკაშევის სტატია სამბოს წარმოშობის შესახებ (დევიდ რუბინის რედაქციით) ეძღვნება ოშჩეპკოვის პრიორიტეტს სამბოს შექმნაში. ავტორის მტკიცებით სამბო ოშჩეპკოვმა აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ბაზაზე შექმნა და ისე განავითარა, რომ ძიუდოზე უფრო ქმედით ორთაბრძოლად აქცია.

საყურადღებოა ავტორის აღიარება, რომ რუსებს მსგავსი არაფერი გააჩნდათ.
აქ ისმის კითხვა, რატომ არ გააჩნდათ ასეთი რუსებს და თუ არ გააჩნდათ, რამდენიმე წელიწადში როგორ გაუმჯობესდა კაცობრიობის ერთ–ერთი უძველესი კულტურა ერთი საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების კაცის მიერ (გავიხსენოთ, რომ ოშჩეპკოვმა ძიუდოში სერიოზულ დონეს ვერ მიაღწია).

სამბოს უპირატესობის დასასაბუთებლად კი მოხმობილია უაღრესად საინტერესო მოსაზრება, რომელიც ეკუთვნის ძიუდოს მეშვიდე დანის მფლობელს, სახელგანთქმულ ამერიკელ ძიუდოისტს ჯონ დრეგერს.

მან 1960 წელს აღიარა თურმე, რომ ოშჩეპკოვის მიერ 30 წლით ადრე იყო სწორი გზა ნაპოვნი, რადგან: “ძიუდო სამბოს წარსული ეტაპია. სამბისტები ძიუდოს სწრაფად და იოლად ეუფლებიან. არ მიყვარს ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ სამბოს მოჭიდავეს 4–6 თვის მომზადების შემდეგ წარმატებულად ძალუძს მე–4 დანის ძიუდოისტთან გამკლავება (მათთვის არაჩვეული ძიუდოს წესების ფარგლებში).”

თვით ეს ციტატაც კი საკმარისია იმის საბუთად, რომ სამბოს სახით ისეთ საბრძოლო ხელოვნებასთან გვაქვს საქმე, რომლის შესაქმნელადაც მრავალი თაობის რუდუნებაა საჭირო.

განსხვავებულ მოსაზრებას ავითარებს რუსი მკვლევარი ა. ს. თედორაძე ნაშრომში “რუსული ხელჩართული ბრძოლა” (ტამბოვი, 2001წ.).
ავტორი მოიხმობს წყაროს («Лаврентьевская летопис»), რომლის თანახმადაც 1274 წელს, ვლადიმირის სასულიერო კრებაზე მიტროპოლიტ კირილს განუცხადებია “– შევიტყვე, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილა წყეულ ელინთა ეშმაკეული წეს–ჩვეულებანი: საღვთო დღესასწაულებზე სტვენით, ყიჟინითა და ბღავილით იბრძვიან…”

წყაროს საიმედოობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ცხადია, რომ სწორედ წყაროთა სიმწირე განაპირობებს რუს მკვლევართა ესოდენ განსხვავებულ ხედვას, რაც მეტწილად სურვილებსა და ვარაუდებს ეფუძნება.

სულ სხვა რამეს წერდნენ “სამბოს” მესვეურნი საბჭოეთის გარიჟრაჟზე, ანუ მაშინ, როცა საქართველო სამარადჟამოდ საკუთარ პროვინციად ჰყავდათ დაგულებული და შესაბამისად, უფრო გულახდილნიც იყვნენ.

თვით “სამბოს” “მამას” – ხარლამპიევს არც უცდია ქართული ჭიდაობის როლის მიჩქმალვა. იგი ხშირად და ხაზგასმით აღნიშნავდა ქართული ჭიდაობის უპირატესობებს სხვა შერკინებებთან შედარებით.

1940 წელს გამოცემულ “სამბოს” სახელმძღვანელოში კი ავტორი ვოლკოვი აღნიშნავს:

– “ჩოხიანი” ქართული ჭიდაობა საუკეთესოა თავისი ტექნიკითა და უბრალოებით…

… ქართულ ჭიდაობას საბრძოლო ელფერი დაჰკრავს. უნდა ითქვას, რომ მასში ფეხის ფანდების დამუშავება უკეთესია, ვიდრე იაპონურ “ძიუ–დოში”…

… მიუხედავად ფანდების მრავალფეროვნებისა, თავისუფალ ჭიდაობას აქვს უმთავრესი ღერძი, აგებული გდებებზე. წონასწორობიდან გამოყვანა ამ სახეობის უმთავრესი ელემენტია, მაგრამ რარიგ განვითარებულიც არ უნდა იყოს თავისუფალი ჭიდაობა სპორტული თვალსაზრისით, იგი გდების ტექნიკით მაინც ჩამორჩება ისეთ შესანიშნავ ეროვნულ სახეობას, როგორიცაა “ჩოხიანი” ქართული ჭიდაობა”.

თუმც კი, ამავე პერიოდში გამოითქმის სრულიად სხვაგვარი მოსაზრებებიც.

მაგალითად, “სამბოს” ერთ–ერთი პიონერი სპირიდონოვი აცხადებდა, რომ თავდაცვისთვის ერთი სტილი არაა საკმარისი და ამიტომ ყველა სტილს უნდა ფლობდე.

ძნელად სარწმუნოა, რომ სპირიდონოვი ამ დონის დილეტანტი ყოფილიყო. ეს განაცხადი აშკარად თავისი ეპოქის დაღით არის აღბეჭდილი და ალბათ უფრო პოლიტიკურია, რადგან იმ დროის პრიორიტეტი საბჭოეთში შემავალი ყველა ხალხის ცოდნის ერთ ყულაბაში მოგროვება იყო, ამავე დროს კი იმ აზრის დამკვიდრება, რომ ახალი საბჭოთა საბრძოლო ხელოვნება ერთი რომელიმე ერის კუთვნილება კი არაა, არამედ თითო ილეთისგან შეკოწიწებული, ყველასი ერთად და ამავე დროს არავისი.

საბედნიეროდ, XX საუკუნის ოცდაათიან წლებში ქართული ჭიდაობის მესვეურებმა უდიდესი რუდუნებით შექმნეს მისი სპორტული ნაირსახეობა და ამ გზით შთამომავლობას შემოუნახეს იგი.

chidaobebi-2.c
chidaobebi.c

 

qartuli chidaoba

chidaobebi-1.c

chidaobebi3.c

თვით ის ტრავმული ილეთებიც კი, რომელიც ჭიდაობის მიღმა დარჩა, ნაწილობრივ, თუნდაც აკრძალვის სახით, დაფიქსირდა წყაროებში და ახლა ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს. ამასთან, რაკი ჭიდაობის ტრადიცია არ გაწყვეტილა, მრავალი აკრძალული ხერხი პარალელურად მოსდევდა მას და ჩვენამდეც მოატანა.

უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ასეთი ფანდი ერის მონაპოვარია და განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს. თუ მისი აღწერა ზედმიწევნით ზუსტი არ არის, შესაძლებელია სამუდამოდ გაგვისხლტეს ხელიდან.

მაგალითად გვინდა მოვიყვანოთ ქართული ჭიდაობის მესვეურის ვაჟა ნუცუბიძის ერთი მონათხრობი: “ერთხელ, სამეგრელოში ყოფნისას, როცა ქართული ჭიდაობისთვის ადგილობრივ ფანდებს ვკრებდი, ერთი ხანდაზმული კაცი ნახტომში მომაფრინდა, წყვილი ფეხი გამომკრა მარჯვენა ფეხის გარჯღასა და მარცხენა ფეხის თეძოზე და გულაღმა დამცა, თან მომაძახა – ეს არის ჩვენებური მოგორდიაო.

ჩემი ხვეწნა–მუდარის მიუხედავად მან ეს ხერხი აღარ გაიმეორა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. რამდენი არ ვეცადე, თითქოს აღვადგინე კიდეც, მაგრამ კაცის ასე მარჯვედ გაკოტრიალება ვერ შევძელი.”

მიუხედავად იმისა, რომ ქართული საბრძოლო შერკინების აღდგენა უაღრესად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, მოპოვებული მასალის სიმდიდრე ფრიად გვაიმედებს. ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს გვერდით დგანან ქართული ჭიდაობისა და თვით “სამბოს” საერთაშორისოდ აღიარებული პატრიარქები – ქრისტეფორე და აკაკი ნინიაშვილები.

ასევე ფასდაუდებელია ჩვენთვის მხარდაჭერა ქართული ჭიდაობის ისეთი კორიფესი, როგორიცაა ბატონი სიმონ მაისურაძე, რომელმაც ყოველმხრივი დახმარება აღგვითქვა ამ საშურ საქმეში.

უძველესი დროიდან საქართველოს ყველა კუთხეში არსებობდა ჭიდაობის ადგილობრივი ნაირსახეობანი, რომლებმაც, ნაწილობრივ, ჩვენამდეც მოაღწია, თუმც კი, უმეტესობა დაკარგვის ზღვარზეა მისული.

მართალია, ქართლ–კახური ჭიდაობის სკოლამ თავისი სიმდიდრითა და დახვეწილობით დიდი სამსახური გასწია, მაგრამ მოზარდის ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით კუთხური სახეობანი ასევე უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია.

ამავდროულად ეს სახეობანი ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ტრადიციის ნაწილია და, ამდენად, მათი დაკარგვა დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ერისათვის.

ძველ თბილისში გამართულ დღესასწაულებზე ფრიად პოპულარული იყო ქართული ჭიდაობა, რომელიც იმართებოდა ღია ცის ქვეშ: ავლაბარში, ჩუღურეთში, ელიაზე, კვირაცხოვლის ეკლესიასთან, ახალ კუკიაში, მუშტაიდის ბაღის პირდაპირ ე.წ. “იტალიელების ბაღში”, ვერაზე, ფიქრის გორაზე ამ საქმეს მიკიტანი ბაბაჭუა და წვერიანი ალექსა მოთავეობდნენ.

მტკვართან, დიდუბის ეკლესიის სიახლოვეს, თავად ციციშვილს თავის მამულში ჰქონდა მოწყობილი დახურული საჭიდაო მოედანი.
ხალხმრავალ ადგილას უეცრად გაისმებოდა ზურნაზე დაკრული ჰანგი. დამკვრელთა გარშემო იკრიბებოდა ხალხის წრე, რომელსაც სახრის ფეხებში ცხუნებით აფართოებდა მსაჯი.

ამის შემდეგ ზურნა “საჭიდაოს” შეუბერავდა, წრეში ჩოხიანი მოჭიდავენი შემოდიოდნენ და მისალმების შემდეგ იწყებდნენ შერკინებას. თითოეულ მათგანს ჰყავდა თავისი ქომაგი, რომელიც სანაძლეოს დებდა თავის ფალავანზე, ყიჟინით ამხნევებდა მას.

ჭიდაობის შემდეგ ქალაქის რომელიმე დუქანს მიაშურებდნენ მოსალხენად.

შემორჩენილია ერთი ცნობა, რომელიც საინტერესოდ წარმოაჩენს ცნობილ ფალავანს კულა გლდანელს: მას თურმე საგანგებო ჭიდაობა გაუმართავს, რათა ახალგაზრდა ვაჟა–ფშაველასთვის საზღვარგარეთ სასწავლებლად წასასვლელი ფული მოეგროვებინა.

როგორც მასალის შესწავლა გვიჩვენებს, ჭიდაობა გაბატონებულ სახეობას წარმოადგენს სოფლის ტიპის დასახლებებში მაშინ, როცა ქალაქის მოსახლეობა უფრო კრივს ანიჭებს უპირატესობას. ეს არჩევანი შემდეგი მოსაზრებით უნდა იყოს განპირობებული:

ვისაც თანამედროვე, ე.წ. “წესგარეშე” ორთაბრძოლა უნახავს, აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ორთა შერკინებაში ძირითადად ჭიდაობის მცოდნე აღწევს წარმატებას და კრივის ილეთთა მოხმარება ეპიზოდურად თუ ხდება, მაგრამ ქალაქად მეტია ერთზე ორის თავდასხმის ალბათობა (რაც სოფლად იშვიათი შემთხვევაა), ასეთ შემთხვევაში კი კრივი უფრო გამოსადეგია.

სადღეისოდ, მკვლევართა ჯგუფების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილ ექსპედიციებსა და წყაროებში მოპოვებული მასალის შეჯამებით, გამოიკვეთა ჭიდაობის მრავალი, როგორც ზოგადქართული, ასევე კუთხური ნაირსახეობა.

მათ შორის გვხვდება ისეთებიც, რომლებიც აქამდე არ იყო აღწერილი, ხოლო ზოგზე კი მხოლოდ ზედაპირული ცნობები მოგვეპოვებოდა.

ესენია: ქართლ–კახური – “მაჯურა”, “ცალხელა”, “მკერდაობა”, მთიულური – “იღლიღორა”, გურული – “ჭედობა” (“ტეკობა”), მეგრული – “რკინება”, იმერული – “საბეჭურიდან ჭიდაობა”, ხევსურული – “მოშ და მოშ” და “მუქასრისა”, რაჭული – “ღოჯური” (წელის არეში ჩავლებით), და “ხაცური” (ხელჩაკიდებით), სვანური – “ლიბურძგვალ”, “ლიჯირთიელ” და “ლიბრგიელ”, ინგილოური, მესხური, “ღორული” (პარტერში ჭიდაობა), “მკლავმობმით”, “ხრინკული” (ფეხწამოდებით) და სხვანი.

ეს შერკინებანი იმდენად დახვეწილია და სანახაობრივი, რომ დამოუკიდებელ სახეობად არსებობის სრული უფლება აქვთ, მაგრამ თუ “ხარდიორდას” სულხან–საბასეულ განმარტებას გავიხსენებთ, საჩინო ხდება, რომ შეზღუდული რკინება უმთავრესად მებრძოლის დგინების (მომზადების დონის განსაზღვრის) შემადგენელი სავარჯიშო–საჩვენებელი სახეობა უნდა ყოფილიყო.

ამავე დროს გურული, რაჭული და ხევსურული ძალისმიერი რკინებების გულდასმით გაჩხრეკას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ამ სახეობებს მებრძოლისათვის ძლიერი და ხანგრძლივი ჩეხვითი მოძრაობების უნარი უნდა გამოემუშავებინა, ანუ ისინი ასაკით ხმალზე უხნესია.

შერკინებათა აღსაწერად ყველაზე მოსახერხებელი აღმოჩნდა საგანგებოდ შემუშავებული ხერხი, რომელსაც პირობითად შესაძლოა ეწოდოს “შრეული დალაგება”. ამ ძირითადი ღერძის გარდა თითოეული სახეობა, არსებითი თავისებურებებიდან გამომდინარე, საგანგებო მიდგომას საჭიროებს და ეს ცალკე განხილვის საგანია.

სახეობის აღწერა შეიძლება დავყოთ შემდეგ საფეხურებად:

1. – კეთდება აღწერა, თუ როდის და სადაა მოპოვებული საბაზო ინფორმაცია, რა არის ამ სახეობის ძირითადი მახასიათებელი (შედარებითი ანალიზი), რა ღირებულება აქვს მას კულტურული, ეთნოგრაფიული თუ ფიზიკური განვითარების კუთხით, როგორია ამჟამინდელი გამოყენების სავარაუდო არე;
2. – ჯგუფდება საჭირო ტერმინები სათანადო განმარტებებით;
3. – განისაზღვრება ჩაცმულობა;
4. – დგინდება შერკინების წესები;
5. – სქემატურად გამოისახება შეტევების ველი ილეთის, აგრეთვე ილეთის დამხმარე საშუალებათა (საფრთხოლი, საცდური ანუ ცრუმოძრაობა და მისთანანი) აღწერითა და დასახელებით;
6. – შემდეგი შრე წარმოადგენს თავდაცვის ველს ილეთებისა და დამხმარე საშუალებათა (არინი, დაღალატება და სხვანი) აღწერითა და დასახელებით;
7. – შემდეგი შრე კონტრილეთზე შემტევის რეაგირების აღწერაა და ასე შემდეგ (ზოგიერთ ილეთზე მოძიებულია რამდენიმე გაგრძელება და ასევე განვითარების რამდენიმე შრე).

გარდა ამისა, თითოეული ილეთის სრულყოფილი აღწერისთვის საჭიროა მისი განვითარების დინამიკის ამსახველი რამდენიმე ფოტო (ილეთის სირთულის მიხედვით).

ზემოთ ჩამოთვლილ კუთხურ სახეობათა შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მხოლოდ მათი ზოგადი აღწერის საშუალებას იძლევა, ხოლო მოწესრიგება დამატებით მასალას და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

ამჯერად შესაძლებელია მეტ–ნაკლებად დასრულებული სახით წარმოვადგინოთ კახეთში, მთიულეთსა და იმერეთში მოძიებული ჭიდაობები, რომელთა გავრცელების არეალიც იმდენად ფართოა, რომ შეგვიძლია ისინი ზოგადქართულად ჩავთვალოთ. ესენია შეზღუდული ჭიდაობის ნაირსახეობანი: “მაჯურა”, “ცალხელა”, “მკერდაობა” ანუ მუცლით ჭიდაობა და “ღორული” (პარტერში ჭიდაობა).

 

“მაჯურა”

ვანის ნაქალაქარის გათხრებისას აღმოჩენილია მცირე ზომის ქანდაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, რაღაც რიტუალს ან ცეკვის სხვადასხვა პოზიციებს გამოსახავენ. ერთ–ერთი მათგანი წარმოადგენს ორფიგურიან კომპოზიციას, რომელიც “მაჯურა” ჭიდაობის საწყის დგომს უნდა გამოხატავდეს.

majur

სავარაუდოა, რომ მას იმხანად გარკვეული სარიტუალო დანიშნულებაც უნდა ჰქონოდა. “მაჯურა” ჭიდაობა მიმდინარეობს ცალი ხელით, ჯერ მარჯვენით, შემდგომ მარცხენით. მოწინააღმდეგეები დგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ და ხელს ართმევენ. ამ დროს მეორე ხელი უკან, წელზე უნდა იყოს მიდებული და მისი ხმარება აკრძალულია. ხელის წინ გადმოტანა მხოლოდ დაცემის მომენტშია დასაშვები (დაშავების თავიდან ასაცილებლად).

მოჭიდავეს უფლება აქვს, ხელის გაუშვებლად, ილეთის უკეთ გაკეთების მიზნით, ჩავლების პოზიცია შეცვალოს. სხვა არავითარი აკრძალვა ამ ჭიდაობაში არ არსებობს. დასაშვებია ნებისმიერი ილეთი ფეხსა თუ ხელზე (მაჯიდან ხელგაუშვებლად). მოძიებულ ილეთთაგან ზოგიერთი არც ერთ სხვა ორთაბრძოლაში არ გვხვდება.

“მაჯურაში” გამოიყენება: “ცერულები”, “ნამგალები”, “მოცელვები”, “ფეხდაბიჯებები”, “შუაფეხი”, “ჩახვეულები”, “სარმები”. ხელის გაუშვებლად კეთდება “კისრულები”, “მხარჩადგმულები”: “წინდაქაჩვით”, “მაჯის გატეხვით”, “მკლავჩატეხვით”. დაშვებულია ცერით მოწინააღმდეგის ცერის ჩატეხვა – “ცერჩატეხილი”. უმეტესობა ილეთებისა სრულდება მაჯის ან მკლავის ჩატეხვით.

სრულდება აგერეთვე “გადავლებულები”, “გრეხილები”, ძლიერ ტრავმატულია ეგრეთწოდებული “გატეხილები”, რომლის დროსაც მიმდინარეობს ზედა კიდურის სახსრების ტეხვა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიბჯენით. ამის მიხედვით არსებობს: “მხარზე გატეხილი”, “შუბლზე გატეხილი”, “მკერდზე გატეხილი” და “ქედზე გატეხილი”.

ყველა ილეთისა და თავისებურების აღწერა შორს წაგვიყვანს, რადგან “მაჯურა” ჭიდაობა ძალიან მდიდარია ილეთებით და, შესაბამისად, მებრძოლის მომზადების საუკეთესო სისტემას წარმოადგენს. ეს ჭიდაობა, სხვა ყველაფერთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, ანვითარებს მაჯის სიძლიერეს, რომელიც მარტო შიშველი ხელით ბრძოლისას როდია აუცილებელი. სწორედ მაჯის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული ხმლის, ან სხვა ცივი იარაღის ოსტატური ხმარება.

 

chidaobebi-majura

chidaobebi-majura-1

“ცალხელა”

ჭიდაობა, როგორც დასახელებიდან ჩანს, ცალი ხელით წარმოებს. მასში, ისევე როგორც “მაჯურაში”, მეორე ხელის გამოყენება აკრძალულია და მოჭიდავეს, დაცემის მომენტის გარდა, მისი წინ გამოტანის უფლება არ აქვს. “ცალხელაში” გამოიყენება ყველა ილეთი, რაც ჩვეულებრივ ჭიდაობაშია მიღებული, მაგრამ რაკიღა ცალი ხელით სრულდება, მათ თავისებური ელფერი შეიძინეს.

შემორჩენილია “ცალხელას” ერთ–ერთი ილეთის – ცალი ხელით “ჩახტომილი კისრულის” საუკუნის წინანდელი ფოტო. ამ ჭიდაობაში, ჩვეულებივ, მიღებული იყო “მოგვერდები”, “ცერულები”, “კისრულები”, “ჩახვევები” და სხვანი.

გარდა ამისა, გამოიყენებოდა “ფეხდაბიჯებები”, “მოყინწვები”, “წინამხრით მიბჯენები” და “ჩატეხვები”.

calxela

“მკერდაობა”

ეს შერკინება, ილეთებითა და ბრძოლის წარმოების წესებით, პრინციპულად განსხვავდება ზემოთ აღწერილ სახეობათაგან და, საერთოდ, ყველა ქართული ორთაბრძოლისაგან.

ამ ჭიდაობაში ორივე ხელს უკან იწყობენ და აქედან გამომდინარე წინიდან ყოველგვარი ჩავლება გამორიცხულია, მაგრამ მოჭიდავეს, თუკი ხელსაყრელი მდგომარეობა შეექმნება, შეუძლია ზურგსუკან დაწყობილი ხელების ჩავლება და შესაბამისი ილეთის გაკეთება. ასევე დაშვებულია, ილეთის შესამზადებლად, თავით ან მხრით დაჯახება მოწინააღმდეგის მკერდზე ან მუცელზე.

ამ ჭიდაობის თავისებურება კიდევ ისაა, რომ თითქმის ყველა ილეთი ფეხებით სრულდება. როგორც ცნობილია, ქართული ჭიდაობა მდიდარია ასეთი ილეთებით, მაგრამ მკერდაობაში გვხვდება ბევრი ისეთიც, რომლებიც სხვა ქართულ ჭიდაობებში არ გამოიყენება: “მუხლჩადგმულები”, “ბარძაყზე დაბჯენები”, “ჩერანჩატეხილები”.

mkerdaoba

როგორც ვხედავთ, ეს სამივე სახეობა მდიდარია ილეთებით და, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა გარკვეული მოძრაობების დასახვეწად და კუნთების შესაბამისი ჯგუფის განსავითარებლად, ასევე მებრძოლთა მოსამზადებლად საგანგებო შემთხვევაში (დაჭრის ან ტყვედ ჩავარდნის) სამოქმედოდ.

უხელოდ ან ცალი ხელით ჭიდაობა მორკინეს აიძულებს მეტი ყურადღება გაამახვილოს ფეხებისა და ტანის გამოყენებით ილეთის ჩატარებაზე. ეს კი ხვეწს მის მდგრადობას და ბრძოლისუნარიანობას. ამდენად, ამ ორთაბრძოლებს დღესაც დიდი გამოყენებითი ღირებულება აქვს.

აბილავება – დაცემულის უკუქცევა
აზეზება – შებორკვისგან თავდაღწევა
არდიგარდა – იგურდივი, დამორა, განივ გადატარება
არქმა – ხელში ატაცება
ასკიპარჭვა – აპლაკვა, აქარჩხვა, ფეხაშვერით წაქცევა
აფრობა – შეპყრობა (აიფრე)
აწიალება – კიდურით ატაცება
აწიკვა – აზიდვა
ბრეშა – ბღვერა, საჭიდაოდ გამზადება
ბუსკნაობა – თავრქით ჭიდაობა
ბუღრაობა – თავით და მხრით მიწოლა
ბღლარძუნი – უგვანი ჯიდება
ბწკნა – წადილი გაშვებისათვის
გათანგვა – შებოჭვა
გაკაიპება – გახევება, გამაგრება
განსხირპვა – გაჭიმვა,
განტევება – გაშვება
გარდე – სარმა (მეგრ.)
გასარქვა – სწრაფად შებოჭვა
გაცლა – ფანდის ნაწილი
გაძაბვა – მცირედ გაჭიმვა
გაძაგვრა – მტკივნეულზე დაჭერა
გახერება – უძრავად დადგომა
გრიკა – რჩოლა, რკინება
დაბალითება – მოტყუება
დაბოძება – დაკოსება, გამაგრება
დაგნასვა – დაფრთხობა
დაზინება – მოზიდვა, დათრევა
დათელება – მივარდნა
დაკაპტოება – ხელში ჩაჭერა
დაკვერცხება – მოწყვეტით დანარცხება
დაკიდება – მოსაქანცი ხერხი
დამარმუთება – დაფაცურება
დატიტვა – ჯობნა, დაცალვა, დაჯალდვა
დაშარტვა – მაგრად შებოჭვა
დაშტაკნება – დაჭიდება (რაჭ.)
დაცქვრენა – დაძვრომა
დილიმანი – გუმანით მოქმედება
დინახალენი კაჭა – შუასარმა
ვერაგი – ილეთის სახეა
ზავთი – რიხი, ძალა
ზარფი – დიდი ძალა
ზიდილა – გაწევ–გამოწევა
ზურგული – ილეთის სახეა
ზღართანი – მოწყვეტით დანარცხება
იერიში – სწრაფი შეტევა
იღლიღორა – ჯვარედინად შებმა
კვანტი – ილეთის სახეა
კავური – კაური, ილეთის სახეა (გარეკაური, შუაკაური)
კისრული – ილეთის სახეა
კიწავი – სახელოში ჩაჭიდებით
კონტი – უკუფანდი
კოტაობა – ტყუილი ჭიდაობა
ლიბირღვიელ – ბუღრაობა (სვან.)
მაკარტო – მაკრატო, მაკრატელასავით (?)
მანდიკური – წელიდან მხრით აყვანა
მეგორდია – მოგვერდი
მოთარვა – ხელში მოგდება
მოსაგვა – მოკატუნება, საგვა
მოყინწვა – მოხუთვასავით
მოყრონჭვა – ყელში წაჭერა, მოყლარჭვა
მოცელვა – ფეხგამოსმით (გვერდიდან)
მოწოლი – მოგვერდივით
მოჭიდავე – მორკინალი, მრკენელი, მატეკარი (გურ.), მაჭუდარი (აჭარ.)
მოხამურება – მოგრეხასავით
მოხელთება – ხელში ჩაგდება
მოხუბურკვლა – მოხოჯვა, ხელით შებოჭვა
მხარიღლივ – მხრიდან მეორე იღლიის მიმართულებით
ნამგალა – ფეხგამოსმით (უკნიდან წინისკენ)
ნიათი – არაქათი, იკლიკი
ონა – ძალდატანება
ონარი – საჭიდაო ხრიკი
ჟრიატი – იდუმალი შიში
რკენა – ჭიდება, ტეკობა
საბეჭური – კანაფის უსახელო საჭიდაო ჩოხა (იმერ.)
სარმა – ილეთის სახეა
საფალავნონი – ჭიდაობა, ხევისბერთა მონაწილეობით
უგანა – გაუხტა
ფერცხელი – კოტრიალი, გორაობა (მეგრ.)
ფეხდაბიჯება – ილეთთა ჯგუფი
ფილფო – ღონე
ქილვა – თმაში ჩავლება, ქირჩნა
ქიფება – ჯგიმვა, ჭიმვა
ქიჩავი – გაწევ–გამოწევა, ქიჩმაჩი
ღორება – მოტყუება
ყინტი – მოყინწვა–მოხამურება
შარკლა – ფეხების აჩაჩხვა
შეჯავახება – მძიმედ შეტაკება
ჩიგორგალი – კისრულივით, დაბალ დგომში
ჩოქური – მოგვერდი წაჩოქებით
ცერული – ილეთის სახეა
ცლინგური – ხელიდან დასხლტომის ხერხია
ცუცურაკი – მოტყუება
ჭიდაობა – კაცის რკინება ცხოველთან
ხარდიორდა – ფუნდრუკის ნაირსახეობა
ხერხი – ფანდი, ხვანჯი, ლინგი
ხვანჯი – რთული ილეთი
ხრიკი – ფანდი, ხიმანი, ჩხაკვი
ხუთვა – შთობა
ჯანი – ღონე, საფანელი, ილაჯი, სიქა
ჯაჯგური – ჭიდების სახეა
ჯიბრი – ჯობნის სურვილი
ჯიკავი – ხელის კვრა, ჯირგალი
ჯლეხა – რჩოლა

 

3 responses to “ზნენი სამამაცონი – 19, ჭიდაობა

  1. ხრიდოლი

    January 15, 2011 at 5:40 pm

    ეს ნოდარ ლურსმანაშვილის ნახატებია თუ არ ვცდები,……..

     
  2. matekari

    January 20, 2011 at 11:43 am

    ნოდარი და კახა ერთად იწყებდნენ ამ ყველაფერს და ხელიც კი საოცრად ერთნაირი აქვთ ამ ჩანახატებში.
    ჩემთვის ეს ორი კაცი განუყოფელია. მე ნოდარს ვკითხე კიდეც აზრი იმის შესახებ, თანახმა იყო თუ არა მისი სურათები შემეტანა წიგნში, როგორც ამ საქმის მესვეურის და პასუხად მივიღე – ეს ჩემთვის პატივიაო. აი ასეთი ურთიერთობა აქვთ ადამიანებს, რომლებიც საქმეზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე სხვისი ნამუშევრის დაჩემებაზე.

     
  3. გიორგი

    March 29, 2012 at 11:40 am

    არ დავკარგოთ ჩვენი საუნჯე…. გაიხარეთ

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: