RSS

დედა ეკლესიის ძარცვის მოკლე ისტორია

02 May

 

წყაროდ გამოყენებულია ისტორიკოს ელდარ ბუბულაშვილის
სტატია “ცარიზმის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში და
მისი შედეგები (XIX საუკუნის II ნახევარი)”,
ჟურნალი “რელიგია”, 2003 წ. #1,2,3,

საქართველოში ფეხის მოკიდებისთანავე რუსეთმა პირველი რიგის ამოცანად დედა ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება დაისახა, რამეთუ სწორედ იგი მიაჩნდა უმთავრეს წინაღობად საკუთარი იმპერიული ზრახვების განხორციელების გზაზე.

ჩანაფიქრის თანახმად საქართველოს ეკლესია პეტერბურგს მსუფევი წმინდა სინოდის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო (ეს სინოდი 1721 წლიდან საერო დაწესებულებას წარმოადგენდა და მას საერო პირი – ობერ–პროკურორი მართავდა).

აღნიშნულ სინოდს დაქვემდებარებული საეგზარქოსოს მეშვეობით რუსეთს მნიშვნელოვნად გაუადვილდებოდა საქართველოში საკუთარი პოლიტიკის გატარება.

უკვე პირველი მთავარმართებლის ციციანოვის დროს დაიწყო ეკლესიის საქმეებში აქტიური ჩარევა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იყო ეკლესიის უძრავ–მოძრავი ქონების ოდენობის ზუსტად განსაზღვრა.

ავტოკეფალიის გაუქმებამდე რუსული ხელისუფლება კათალიკოს ანტონ II–ს გარდაცვლილ ეპისკოპოსთა ნაცვლად ახლის არჩევის უფლებას არ აძლევდა და, ამ გზით, მექანიკურად აუქმებდა საეპარქიოებს.

ასევე ავტოკეფალიის გაუქმებამდე დაიწყო დედა ეკლესიის კუთვნილი ქონების მიტაცება. ეკლესიას ჩამოერთვა ერეკლე II–ს აბანო, 13 ბაღი, 11 სახლი, 28 დუქანი, სამღებრო, სათევზაო ადგილები, ქარვასლა, ჩელიაქის საბაჟო გარდაბანში და სხვანი.

პარალელურად მიმდინარეობდა ეკლესიაში ქართული მსახურების რუსულით ჩანაცვლების პროცესი.

1805 წელს დაიხურა მცხეთის სამთავარეპისკოპოსო ეპარქია და სამთავროს ტაძარი საწყობად იქცა. სვეტიცხოველში მხოლოდ დღესასწაულებზე სრულდებოდა მსახურება და ისიც რუსულად.

ავტოკეფალიის გაუქმებამდე დედა ეკლესია (არასრული მონაცემებით) ფლობდა:
– აღმოსავლეთ საქართველოში – 218 000 დესეტინა სავარგულსა და 61 000 დესეტინა დაუსახლებელ მიწას;
– დასავლეთ საქართველოში – 22 231 დესეტინა სავარგულსა და 17 600 დესეტინა დაუსახლებელ მიწას.
რაც ჯამში შეადგენდა დაახლოებით 347 526 ჰექტარს, ანუ საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის დაახლოებით 5%–ს.

1811 წელს დედა ეკლესიამ დაჰკარგა ავტოკეფალია, რის შემდეგაც მას სათავეში ჩაუდგა ეგზარქოსი ვარლამ ერისთავი, რომლის ხელითაც დაიწყო საეკლესიო რეფორმის განხორციელება. რეფორმამ 13 ეპარქია ორზე დაიყვანა, ხოლო 9 საარქიმანდრიტო – ხუთზე. რეფორმის შედეგად ეკლესიების მეტი ნაწილი დაიხურა.

1818 წელს შემოღებული საშტატო განრიგის მიხედვით სასულიერო პირებს ჯამაგირს უკვე სახელმწიფო უხდიდა. ამავდროულად, სახელმწიფო მოსახლეობას ახდევინებდა ნაირგვარ საეკლესიო გამოსაღებს.

ქართველთა დიდი წინააღმდეგობის გამო XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთმა რეფორმით დასახული მიზნების სრულად განხორციელება ვერ შეძლო (1819–1820 წლებში ე.წ. “საეკლესიო ბუნტსაც” კი ჰქონდა ადგილი).

საეკლესიო მამულების ხაზინისათვის გადაცემა XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდა. თვინიერ პოლიტიკური შედეგისა, ამ რეფორმამ მნიშვნელოვნად ასარგებლა იმპერიის ხაზინა. საეკლესიო უძრავ–მოძრავი ქონების წლიური შემოსავალი იმ დროისათვის კოლოსალურ თანხას – 6 820 512 მანეთს შეადგენდა (მონაცემი აღებულია 1905 წელს ქუთაისში დასტამბული მელიტონ კელენჯერიძის ნაშრომიდან «Правда об автокефалии грузинской церкви»).

თუ შევადარებთ ხორბლის ფქვილისა და საქონლის ხორცის მაშინდელ ფასებს, დღეს ეს თანხა უტოლდება შესაბამისად 300 მილიონსა და მილიარდნახევარ ლარს.

ისიც უთუოდ სათვალავში უნდა გვქონდეს, თუ რა ქონება შეიძინა საეგზარქოსომ ამ შემოსავლით ავტოკეფალიის გაუქმებიდან რევოლუციამდე.

1917 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია კი აღიდგინა, მაგრამ იმდროინდელ ხელისუფალთ ეროვნულ პრობლემებზე მეტად “სოცინტერნის” პერსპექტივები ადარდებდათ.

გასაბჭოების შემდეგ კი, ორი თვეც არ იყო გასული, რომ საქართველოს რევკომის 1921 წლის 15 აპრილის დეკრეტით – “სახელმწიფოსგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის შესახებ” – ეკლესიის ქონება სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადდა.

2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც ყვავისთვის გაგდებინებულ კაკალს უფრო ჰგავს, ვიდრე იმ დოკუმენტს, ამ საქმეს რომ ეკადრება. სახელმწიფოს მხრიდან იგი კვლავ ბოლშევიკური სულისკვეთებითაა გაჟღენთილი – ცალი ხელით აბრუნებს, მეორეთი ებღაუჭება.

ამის მიზეზი ცალკე განსჯასა და გაჩხრეკას საჭიროებს.

ნუთუ ჩვენში ასე ღრმა კვალი დატოვა იმ ბრიყვულმა იდეოლოგიამ, რომელიც საკუთარ სიბრიყვეს თავადვე ემსხვერპლა.

სხვას რას დავაბრალოთ, რომ დამოუკიდებლობის მეოცე წელს ხახულის ხატი ისევ ნივთის სტატუსით ძევს მუზეუმში. მუზეუმში, საიდანაც მშვენივრად მოხერხდა კრანახის მოპარვა.

ახლა მაინც ვინ გვიშლის ხელს? ნუთუ ეკლესიას იმის ძალი და ღონე არ უნდა მიენიჭოს, რომ თავად შეძლოს ამ რელიქვიათა დაცვა.

დედა ეკლესიისთვის მისი ქონებისა და რელიქვიების დაბრუნება, მისი განმტკიცება და მატერიალური მოღონიერება ის გამორჩეული და საამაყო მისიაა, რომელიც ჩვენს თაობას ხვდა წილად და ეს, ამავე დროს, არის უდიდესი გარანტი ჩვენი ერის მხნე წინსვლისა.

თუ ყოველი აწმყო ბურჯად არ დაუდგა ხიდს წინაპარსა და შთამომავალს შორის, განა რა ფასი და მიზანი აქვს ჩვენს ცისმარე გარჯა–ფუსფუსს.

ზედმეტია მსჯელობა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეროვნული მეობის შენარჩუნება ამ აწეწილ ეპოქაში და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თავისუფალი ქვეყნის აღმშენებლობის საძირკვლიდანვე სწორად დაწყება.

ჩვენს ისტორიაში იშვიათია თაობა, რომელსაც მსგავსი შანსი ებოძა. შევიშნოთ და შევიფეროთ ეს შანსი!

 

კობა ჭუმბურიძე

 
7 Comments

Posted by on May 2, 2009 in ისტორია

 

7 responses to “დედა ეკლესიის ძარცვის მოკლე ისტორია

  1. ეკატერინე ქარდავა

    May 2, 2009 at 11:39 pm

    “ამის მიზეზი ცალკე … გაჩხრეკას საჭიროებს”. ვფიქრობ, რომ საჭიროა საქართველოში უახლესი ისტორიის მანძილზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის განვითარებული ურთიერთობების შესწავლა, დინამიკის ანალიზი. აშკარაა, რომ ურთიერთობა ურთიერთნდობაზე არ არის დამყარებული. ასევე, როგორც რიგით მოქალაქეს, მსურს გავერკვე თანამედროვე საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მოთხოვნებისა და დროის დაკვეთების არსებობისას ეკლესიის როლისა და ფუნქციის შესახებ.

     
    • admin

      May 3, 2009 at 9:40 am

      გმადლობთ კომენტარისთვის.
      რაც შეეხება ურთიერთნდობას: სახელმწიფოები მიდიან და მოდიან და ეკლესია რჩება. ამიტომ ეკლესიას ისევე სჭირდება სახელმწიფოს ნდობის მოპოვება, როგორც მუხას ციყვისა.
      ასევე, სახელმწიფოს საქმე სულაც არ მგონია ლენინის დეკრეტით მუზეუმში გატანილი ხატებისთვის დანიშნულების შეცვლა.
      ვფიქრობ არც ერთ ხელისუფალს არ აქვს ეკლესიაში შესვლის უფლება, სანამ ამ მახინჯ ლენინურ მემკვიდრეობაზე არ იტყვის უარს.
      რაც შეეხება დროის დაკვეთას: მორწმუნეს სწამს ქრისტეანული ფასეულობებისა და არამორწმუნეს კი ანალიზით შეუძლია მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კაცობრიობა ამ ფასეულობებით იცხოვრებს, კიდევ დიდხანს იარსებებს.

       
  2. ნ.შ

    April 27, 2010 at 9:34 am

    ძალიან საინტერესოა.!

     
  3. ელდორადო

    July 21, 2010 at 9:00 am

    რუსეტს საქართველოსთვის კარგი სდომია როდესმე?

     
  4. გულნარა

    August 17, 2010 at 7:29 pm

    კარგი სტატიაა,რუსეთს საქართველო ქართველების გარეშე უნდოდა ყოველთვის

     
  5. ქეთევან ჩიკაშუა

    October 28, 2012 at 5:35 pm

    სავსებით გეთანხმებით ბატონო კობა. ეკლესიამ ძველი დიდება და ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს.ეკლესიაზე უკეთ ვინ იზრუნებს ქართველთა სულიერებაზე ?!

     
  6. Qetevan Chikashua

    February 26, 2013 at 12:34 am

    რომ კითხოთ, ესენიც ქრისტიანები და მართლმადიდებლები არიან,

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: