RSS

ზნენი სამამაცონი – 9, ნაოსნობა

29 Apr

“რისხვით აენთო მეფე აიეტ, შურისძიება უბრძანა კოლხებს,
და შეაცურეს კოლხებმა ზღვაში აურაცხელი საბრძოლო გემი.”
აპოლონიოს როდოსელი

ძვ. წ. V საუკუნის ერთი უცხოური წყაროს თანახმად ფაზისში თავს იყრიდა სამოც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი.
აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის დიდი სავაჭრო–სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც შორეული ინდოეთიდან მოემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდგომ, ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით (მდ. მტკვარი – სურამის უღელტეხილი – მდ. ყვირილა – რიონი) აღწევდა შავ ზღვამდე დღევანდელ ფოთთან (ძველი ფასისი). ამ გზის ცალკეული მონაკვეთები, რომელთაც თავდაპირველად ლოკალური მნიშვნელობა ჰქონდათ, ისახებოდა ჯერ კიდევ წინარე ელინისტურ პერიოდში. ელინისტური ხანიდან კი, როდესაც ვაჭრობამ “მსოფლიო” ხასიათი მიიღო, გაიმართა ერთიანი გზა ფასისიდან ინდოეთამდე.
სტრაბონის ცნობით ფასისში დიდი მოცულობით იწარმოებოდა გემთსაშენი მასალა: ხე–ტყე, სელის ტილო, ქერელი, ფისი და ცვილი.
მისივე თქმით შავ ზღვაზე ჰენიოხები იყვნენ გაბატონებულნი. ისინი მეკობრეობას ეწეოდნენ 25–30 კაციანი ვიწრო, მსუბუქი ნავებით – “კამარებით”. ასეთი “კამარებით” ჰენიოხები ადგენდნენ ფლოტს და იტაცებდნენ სავაჭრო გემებს. “კამარებს” გემებთან შედარებით არსებითი უპირატესობა ჰქონდათ, რადგან განსაკუთრებული ნავმისადგომი არ სჭირდებოდათ. ისინი ზურგით გაჰქონდათ ნაპირზე და ტყეში მალავდნენ, რის გამოც პრაქტიკულად მოუხელთებელნი იყვნენ.
ქსენოფონტე მოსინიკთა შესახებ: “მიიღეს რა ერთგულების საწინდარი ელინთაგან, მოსინიკები წავიდნენ და მეორე დღეს გამოცხადნენ 300 ნავით, რომლებშიაც სამ–სამი კაცი იჯდა. თითოეული ნავიდან ორ–ორი ნაპირზე ამოვიდა და მწყობრში ჩადგა, თითო კი ნავში დარჩა. ნავში დარჩენილნი გაბრუნდნენ, ამოსულები კი საბრძოლო წესით მოეწყნენ შემდეგნაირად: დალაგდნენ ასეულებად გუნდის მსგავსად – ერთმანეთის პირდაპირ. ყველა მათგანს ეპყრა სუროს ფოთლის მოყვანილობის, ხარის თეთრი ტყავით შემოჭიმული დაწნული ფარი. მარჯვენა ხელში ეჭირათ ექვსი არშინის სიგრძის ხელშუბები, რომელთაც წინ მახვილები ჰქონდათ, ხოლო უკან – მომრგვალებული ბოლო. მეომრებს ტილოს ტომრის მსგავსი ქსოვილის მუხლამდე პერანგი ემოსათ, თავზე კი პაფლაგონიელთა მსგავსი ტყავის მუზარადი ეხურათ; გარდა ამისა, მათ ჰქონდათ რკინის შუბნაჯახი. მაშინ ერთმა მათგანმა დაიწყო სიმღერა და დანარჩენებიც სიმღერით დაიძრნენ, გაიარეს ელინთა ჰოპლიტების წინ და ერთბაშად ეკვეთნენ მტერს”.
აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) ცნობით “კოლხებს შენახული აქვთ მამაპაპური ძველი კირბები, წერილსვეტები, და იმ კირბებზე ნაჩვენებია გზები ყოველთა ზღვათა და ხმელთა”.
გერმანელი მკვლევარის კარლ რიტერის აზრით “ეს ფირფიტები იყო პირველდაწყებითი რუკები და შესაძლოა ისინი ჰქონდა ჰეროდოტეს, როცა მან ჩამოთვალა ჩრდილოეთის ხალხების, ბოსფორისა და პონტოს სავაჭრო გზები”. მისივე აზრით – “კარტოგრაფიული ხელოვნების პატივ–დიდება სრულიადაც არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. ეს ფირფიტები ბევრად უფრო ადრე გამოიყენებოდა კოლხ მოგზაურ–ვაჭართა მიერ”.
ზემოთთქმული იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი წინაპრები არა მარტო თავისი დროის მოწინავე საზღვაოსნო ცოდნას ფლობდნენ, არამედ განვითარებულ დამწერლობასაც.
სახელგანთქმული მკვლევარი ტურ ჰეიერდალი თვლის, რომ ხის გემების აგება ფინიკიელებზე უადრეს უნდა დაეწყოთ ხეთებსა და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიის სანაპიროზე მცხოვრებ ხალხებს, რომელთაც კედრის ხის მასალა უხვად მოეპოვებოდათ.
აქვე გავიხსენოთ რუსთველის მიერ აღწერილი მეკობრეთა ნავი:
“გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
მას ნავსა, ნავთ სალეწელად, სახნისი ჰგია ძელითა”.
კოლხთა მაღალი სანაოსნო კულტურა ნათლად ჩანს არგონავტების მითშიც. თავად ბერძენთა აღიარებით, რომ არა ჯადოქრობა, არგონავტები აიეტის მიერ დადევნებული ფლოტისგან თავს ვერ დაიხსნიდნენ.
ასევე მრავლისმეტყველია დღემდე შემონახული გამოთქმა – “ლაზის ბაღი ზღვააო”.
ტროადან ლტოლვილი ენევსიც ხომ გემებით მიემგზავრება (კართაგენის გავლით) რომის დასაარსებლად.
XIX საუკუნემდე მოდის კვალი მდინარის სწრაფი გადალახვის მიზნით საგანგებო სამარჯვების გამოყენებისა. როგორც ჩანს, ეს იყო სახელდახელო ბორანის მსგავსი რამ, რუმბებისა თუ ტიკებისაგან შეკრული.
თუ რატომ დაკარგა წინაპარმა ეს უპირატესობა, ამისი გაჩხრეკა შორს წაგვიყვანს. ერთი მიზეზი იოანე–ზოსიმესეული ლაზარეს (ანუ ჩვენი ენის, ანუ ჩვენი ერის) გადაღლა და ხანგრძლივი მიძინება უნდა იყოს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში მოწინავე ცივილიზაციის ტვირთის ტარება.
 
 
ალალუღი – წყალქვეშა კლდე, ვრაქია, სპონდიო, შხერი
აფთიონი – ნავის სამართი
აფრა – იალქანი
ბაგე – ნავის კიდე
ბაგირი – ღუზის თოკი
ბარჯი – ჭვილთი
ბრაგა – წყალქვეშა კლდე
გემბანი –
დირაგი – ანძა, საყე, ხალე, ნაქვსი, აფრის ასამართი ძელი
დრომონი – 500 კაციანი (საგზალ–ტვირთიანად) ხომალდი
ეღე – ნავის განივი ლატანი
ვარცლა – ბრტყელძირა ნავი
ზარბუნა – ნავის სახეა
ზვირთი – დიდი ტალღა
ზვირთქაფი – აქაფებული ზვირთი
თავთხელი – ფონი, არაღრმა წყალი
იმსარა – კალაპოტის დალამული ზოლი
კამარა – ჰენიოხთა სამეკობრეო ნავი
კარაპა – პატარა გემი
კარაპითა – “––––”
კარჩხალი – ხე წყალქვეშ
კარჭაპი – განიერი ნავი
კატარღა – ნავის სახეა
კბოდე – კლდიანი ნაპირი
კესი – აფრის გასაბმელი ლატანი
კიჩო – გემის ან ნავის უკანა ნაწილი
კლაკნი – მდინარების გამრუდება
კოპანო – ნავის სახეა
კუმი – ტალღა, ღადო
კუხუნი – ღელვის ხმა
ლაპოტი – ნიჩბის ფრთა
ლაფთე – ნავის სახეა
ლევანდი – მეზღვაური
ლიმანი – ზღვასთან მდინარის შეერთებისას გაჩენილი უბე
ლინგი – ტივის დასაცურებელი კეტი
მარჩხობი – თავთხელი წყალი
მეჩეჩი – წყლის ზედაპირამდე ამოსული ხმელეთი
მუცელი – ნავის სიღრუე
ნავი – სანაოსნო ჭურჭელი ზოგადად
ნავმისადგომი – ნავსაყუდელი, ლიმანი
ნავტიკი – მცირე ტივი, გუდებაკრული
ნაოსანი – მეზღვაური
ნერჩი – ნავის ძირი
ნიში – ნავი (მეგრ.)
ნუშა – ერთკაციანი ნავი
ოლეჭკანდერი – ნავის სახეა
ონიშოლი – ნავმისადგომი (მეგრ.)
ორთაყვირი – ტივის ხოფი
ორჩხომელი – დიდი ნავი
ოტოსტომა – ნავის გრძივი ლატანი
ოფიჩო – წყლის სახაპი
პუშკატა – ნავის სახეა
საგოზავი – კანაფის ძენძი და ნაძვის ფისი
სანდალი – მომცრო ნავი
სატივო – ტივის ტარებისთვის ვარგი
საჭე – მენავის ხალა
საჭევარი – საჭის თვალი
სრუტე – შემაერთებელი ვიწრო ყელი
სტიღალია – ნავის ჩონჩხის ნაწილი
სტოლი – საომარი ნავი
ტარმუჭი – ორთაყვირის სახელური
ტივი – მორთაგან შეკრული საცურავი
ტივტივა – ლივლივა, ქერქეჭელა
ტროპი – ნავის ხერხემალი
უბე – ზღვის მომყუდროებული ადგილი
ფელენგი – წყავისაგან გათლილი ნავის გასათრევი მოწყობილობა
ფილუკა – ფელუკა, ლაზური ნავის სახეა
ქიმი – ნავის კიდე
ღელვა – ფრთონა, ტალღის აშლა
ღუზა – კავი ხომალდის დასაყენებელი
ღურღუმი – ღრმა ადგილი მდინარეში
ყუდე – სადგომი
ჩეკი – მომცრო ნიჩაბი
ჭორომი – სწრაფი დინების შემქმნელი ქვიანი ამაღლება
ხერგილი – ხეებით გადაღობილი ადგილი
ხოფი – ნავის ნიჩაბი
ჯოჯგანი – ტივის სახოფე სვეტი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: