RSS

ზნენი სამამაცონი – 17, გუნდური თამაშობანი

29 Apr

იმხანად თამარის კარს შირვანისა და რანის დიდებულნი სტუმრობდნენ. მათი თავკაცი, ამირ–მირმანი ქართველთა თამაშობით დიდად არ აღფრთოვანებულა, რის გამოც გამოწვევა მიუღია.

“ისლემელნი, დაჯერებულნი თავის მეცადინეობისანი, და მძლებრძოლნი, მსწრაფლ იძლივნეს დავით მეფისა და მისთა მოყმეთაგან და შეიქცეს ძლეულნი და მჭმუნვებელნი”.

საბედნიეროდ, ჩვენამდე მრავალმა თამაშობამ მოატანა, თუმც კი ძლიერ სახეცვლილმა, გარნა მათში კვლავაც იკითხება უძველესი დანაშრევები.
ყველიერის კვირაში თბილისში, სხვა სანახაობებთან ერთად, იმართებოდა ბურთაობა, წრე–ლახტი და მუშტი–კრივი.

კრივის სახეობები იყო: “ხრიდოლი” (ცალი ხელით კრივი), “სარდასტის კრივი” (ხის ხმლებით), ქვით კრივი და მუშტი–კრივი. შერკინებებში ასევე გამოიყენებოდა ხის ხმლები, კეტები, შურდულები და სათითენი.

“სარდასტი კრივი” იწყებოდა შურდულის ტყორცნით, თავის დასაცავად ნაბადს იყენებდნენ. როცა ერთმანეთს მიუახლოვდებოდნენ, ხის ხმლებით ბრძოლა ჩაღდებოდა (შურდული აღარ უნდა ეხმარათ).

ქალაქელთა გამორჩეული დღესასწაული იყო თელეთობა, რომელიც თელეთის წმინდა გიორგის ეკლესიასთან იმართებოდა. თელეთობა მთავრდებოდა ორთაჭალაში გამართული ჯირითით. გახელებულ ბედაურებზე ამხედრებული მოჯირითენი ტანასობაში ეჯიბრებოდნენ ერთურთს. აქვე იმართებოდა ისინდიც. გულნაჯერები მონაწილენი შებინდებულზე ცეკვა–სიმღერით ბრუნდებოდნენ შინ.

აღდგომის სწორს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, წესად ყოფილა ბურთის თამაში. წირვის შემდეგ ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხი ბურთის ჩაგდებას ცდილობდა ხელში. სწამდათ, რომ ვინც ბურთს მოიპოვებდა, უხვ ჭირნახულს მოიმკიდა. ამიტომ ხშირად ბურთს ნაკუწებად გლეჯდნენ.

რაც შეეხება კაცისა და დათვის დაჭიდებას (ჭიდაობა ძველად სწორედ კაცისა და ცხოველის ორთაბრძოლას ნიშნავდა, კაცთა შებმას კი რკინება ერქვა), იგი ფალავნის დგინების ერთ–ერთი სასურველი საფეხური იყო და აქა იქ ჩვენს დრომდე შემორჩა.

ეროვნულ სახეობათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული გუნდური თამაშობა “ლელო–ბურთი”.

არცერთი დიდი დღესასწაული არ ჩაივლიდა ისე, რომ ეს თამაში არ გამართულიყო. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ხანშიშესულნი და თვით მოხუცებულებიც კი.

თვით სახელი “ლელო” შესაძლოა შუმერული მზის ღვთაება “ლილ”–იდან მოდიოდეს (გაიხსენეთ სვანური “ლილეოც”) და მზის ღვთაებისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალი იყოს.

გაზეთ “დროების” (1882 წ. #74) ცნობით: “კულაშში თავად მიქელაძეების თაოსნობით გამართულ ლელობურთში 1500 ქვეითი და 500 ცხენოსანი მონაწილეობდა… მჭვრეტელნი, რასაკვირველია, ათი ამდენი იქნებოდა”.

თამაში საინტერესოდ აქვს აღწერილი მწერალ ილია ჭყონიას მოთხრობაში “ბრუსილოვი მოჰკლეს”:

“ვინც კი ჯანზე იყო, ორ–ორ მხარეთ იყო გაყოფილი: ერთ მხარეს ლელო უნდა გაეტანა აღმოსავლეთით, მეორეს – დასავლეთით… თამაშს იწყებდნენ ჯერ ქვეითები და, რომ გაუჭირდებოდათ, ბურთს გადასცემდნენ თავის მომხრე ცხენოსნებს. ორთავე მხარეს მოთავეობდა სატევანიშვილების გვარი, აგრეთვე ორად გაყოფილი: პირველის მოთავედ სიგელის სახელად ცხვირგრძელიშვილებს ეძახდნენ და მეორისას – ტურაჭამიაშვილებს.

მობურთალნი გავიდნენ მინდვრათ და დადგნენ ისე, რომ შუაში დატოვეს პატარა წრე და გზა, სამი კაცის გასატევი. მოვიდა მაღალი ტანადობის, მოხნიერებული, დიდი სიმონ სატევანიშვილი, – იმ წელს მისი მხრის რიგი იყო ბურთის სროლა, – დიდი ხაბურზაკისხელა ბურთი მოიტანა, კოხტად გადაიგდო ყურთმაჯები, გასწორდა წელში, მოიმარჯვა ფაფანაკი, დაჰკრა მარჯვენა ხელი მარცხენაში დაჭერილ სამფერა ბურთს და შესძახა:

აბა, დარბაისელნო, წადით რამდენიმე პატიოსანი და მღვდელმთავარს სთხოვეთ ბურთის მაკურთხეველნი გამოგზავნოს!

თორმეტი საუკეთესო ვაჟკაცი ეახლენ არქიელს მოციქულებათ. ეპისკოპოსმა მაშინვე უბრძანა ერთ არქიმანდრიტს და ორ მღვდელს ბურთი ეკურთხებიათ. არქიმანდრიტმა ასხურა წმინდა აიაზმა ბურთს და გადასცა იგი სატევანიშვილს.

სატევანიშვილმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, აისროლა ბურთი. იმდენი ვაჟკაცის მკერდიდან, როგორც ერთი კაცისაგან, მოისმა მამაცური კიჟინა.

ტურაჭამიაშვილების საკერძად იმ დღეს ცოტა მობურთალი იყო მოსული და ამიტომ გადაეწყვიტათ, აგდებისთანავე, როგორმე ეშოვათ ბურთი და თავიანთი ცხენოსნებისთვის მიეცათ ლელოს გასატანად.

მართლაც, წყობილების ისეთი თადარიგი დაეჭირათ, რომ ასროლისთანავე ბურთი მათ ჩაიგდეს ხელში და გადასცეს ზურაბ ცალკალამიძეს, მშვენიერს ყაზახურ ჯიშის ცხენზე ამხედრებულს.

ზურაბმა დაიჭირა ბურთი კბილით, დაამოკლა სადავე, რადგან მობურთალნი მიჯრით იყვნენ და რაც შეიძლებოდა, სიმაღლით მიმოაძვრენდა ჯარის სისქეში ბედაურს, სანამ მისი დასტის ცხენოსნები გზას გაუხსნიდნენ და სამი მხრიდან შემოერტყმებოდნენ მცველებად.

მაშინ კი მისცა ცხენს სადავე და წავიდა მშვილდის განატყორცნ ისარივით, უკან კი მისდევდნენ დანარჩენი მობურთალნი. თვითონ ზურაბი შედგა უზანგზე და მარჯვენა ხელით მუნჯურად ანიშნებდა თავის მომყოლებს, – ვის საით, რა სადავითა და რა სიმაღლით წაეყვანა თავისი ცხენი…

ბავშვები ღობეებსა და ხეებზე ადიოდნენ და ისე იძახდნენ “ლელოს”; ქალები ფერად მანდილებსა და ლეჩაქებს აფრიალებდნენ…

ის ის იყო ზურაბი ბურთის სასროლზე უახლოვდებოდა ლელოს, შეიქმნა კიდეც ერთი კიჟინი: “ლელო ტურაჭამიაშვილებს. გაუმარჯოს ზურაბს!”

მარა… გგონიათ ისროლა ბურთი და გაიტანეს ლელო? არ შეგჭამოთ ჭირმა!

როცა ტურაჭამიაშვილებმა მათი ხერხი იხმარეს, ცხვირგრძელიშვილები შეწბენ, მარა მაშინვე გამოერკვენ და ასე, ოთხმოცდაათიოდე საუკეთესო ცხენოსანი, მზეჭაბუკ ბურჯიაშვილის წინამძღოლობით ხმაგაკმენდილი გამოუდგენ ბურთის წასართმევად.

რაკი იმდენ ბრძოლაში ვერ გაატანდნენ, გადაუხვიეს მინდვრად, დარაზმდენ ერთწყებათ ლარივით და როცა მარჯვე ადგილი იშოვეს, ძალზე გააჭენეს ცხენები, ატაკეს მოსახლის ღობეს მკერდით, თივასავით წააწვინეს ის მიწაზე და დაუარეს თავი ზურაბის დასტას.

მოისმა ყივილი – “ვერ წაგვიხვალთ! ხელი ბურთს!” ეს იყვნენ მზეჭაბუკის დასტისანი. მართლა მზეჭაბუკნი იყვნენ! უნაგირზე ლერწამივით სწორად იჯდნენ, გაჩეჩილ სქელ თმაზე ფაფანაკგადაგდებულნი, მხარბეჭში სქელგანიერნი და წელში კალამსავით წვრილნი…

ზურაბმა უკან გაბრუნება არ იკადრა და რაკი წინ არ შეეძლო, მოინდომა მარჯვნიდან მოეარა და ისე მიეტანა ბურთი ლელოზე. მარა, როგორც კი იბრუნეს პირი, ჭენებ–ჭენებითვე შეერიენ მათ მზეჭაბუკისანი.

თვით მზეჭაბუკმა გამოიღო ფეხი უზანგებიდან, ისკუპა და დაახტა ზურაბის ცხენს გავაზე, მოხვია ზურაბს ხელები და გრიგალივით მოდვა იქაურობას:

“აბა ვაჟკაცებო, მიშველეთ, მიმაყვანიეთ ეს ასე ცხენიან–ბურთიანად ლელოზე!”

ორივე მხარეს მის–მისი მომხრე წამოეშველა და შეიქნა ჯგლითი. მხედარი მხედარზე მიდიოდა ცხენის მკერდით.

ამ დროს ქვეითებმაც მოაწიეს და გახურდა ხელჩართული, ქვეით–ცხენოსნის შერეული შეჯიბრება ბურთის შოვნისათვის…

გასაკვირელი ის იყო, რომ იმდენ ჯარში, ცხენების მიგდება–მოგდების და ყალყზე შეხტუნების დროს, კაცს არაფერი უშავდებოდა…

შუადღეს გადაცილებული იქნებოდა, ბურთი კი ისევ იმ ადგილას იყო. ჩვეულებისამებრ სამი წილი თამაშობდა, ერთი დასვენებული იყო და გულისფანცქალით უყურებდა მომხრეებს…

მთელი თემი ირგვლივ შემოერტყა სამზერად ამ ერთ წრედ შეჯგუფებულ მობურთალთ…

როგორც იქნა მოესწრნენ თამაშის გათავებასაც. ლელო ცხვირგრძელიშვილებმა გაიტანეს”.

საინტერესოა აგრეთვე 1890 წელს გაზეთ “ივერიაში” აღწერილი ამბავი:

– “ბათომი: აღდგომის კვირაში სასიამოვნო დარები იყო. კვირაცხოვლობის დღეს აქაური ქართველობა შეიკრიბა კახაბერის მინდორზე და დაიწყეს ბურთაობა. მაყურებლადაც ბევრნი იყვნენ მოსულნი…

როცა პირველად გამოვარდა ბურთი, მოვიდა ბოქაული ყაზახებით და სთხოვა ხალხს, მომეცით ბურთი, უფრო შუა ადგილას ავაგდებო.

ბურთი მისცეს. მან ბურთი ყაზახებს გადასცა და პოლიციაში წააღებინა: ბურთის თამაში არ შეიძლება, აკრძალულიაო.

ხალხმა სხვა ბურთი იყიდა და ახლა ის ააგდო.

მოვიდა მასუკან პოლიციის უფროსი და დაუშალა ხალხს ბურთაობა. მან მოიყვანა ცეცხლისმქრობელნი ცეცხლის ქრობის მოწყობილობით და უბრძანა გაწუწეთ ხალხი და დაიშლებაო.

ხალხს ხუმრობა ეგონა გაწუწვა თავისი და ჟივილ–ხივილით მისცვივდნენ ცეცხლის მქრობელთ, რომ წაერთმიათ მაშინები და ახლა ისინი გაეწუწათ.

ამ ბლარძუნობაში სულ ერთიანად წახდა მაშინები და თვით პოლიციის უფროსსაც ატკინეს თვალი.

ბოლოს ამ ვაივაგლახმა სამხედრო გუბერნატორის თანაშემწემდინაც მიაღწია.

თანაშემწემ დ. ერისთავმა უბრძანა პოლიციის უფროსს, რომ ხალხს ჩვეულებადა აქვს ბურთის თამაშობა და ნუ დაუშლითო.”

 

One response to “ზნენი სამამაცონი – 17, გუნდური თამაშობანი

  1. sa

    May 1, 2009 at 10:21 pm

    ეს გვერდი განსაკუთრებით მომწონს…

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: