RSS

ზნენი სამამაცონი – 16, ბერიკაობა–ყეენობა

29 Apr

სანახაობათა შორის პირველობა უდავოდ “ბერიკაობა–ყეენობას” ეკუთვნის. მასში ორგანულადაა შერწყმული რიტუალის, სახიობისა და ასპარეზობის ელემენტები.
ივანე ჯავახიშვილი, ეხებოდა რა ზემო სვანეთში მურყვამობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩვევას: “კვირიაის”, “ადრეკილაის”, “მელია ტელეფიაის”, ფერხულ “ჭიშხოშს” და ოთხ სხვადასხვა სიმღერას, ასკვნიდა, რომ სვანეთში დაცულ ამ ჩვევებში შეიძლება მეტნაკლებად დადგინდესო ყეენობის პირველყოფადობა. დროთა სვლას დაუმახინჯებია წულიანობისა და ნაყოფიერების მთავარი ღვთაების “კვირიას” დღესასწაულის პირვანდელი სახე. “კვირიას” დღესასწაულის სახეცვლილებები ნათლად ჩანს დღესასწაულის მონაწილე ჯგუფის მეთაურის სახელის ცვალებადობაში: “კესარი” – კეისარი, “ყაინი” – ყეენი, “შაჰი”.
სვანურ რიტუალებში შავად შეღებილი ყაენი ივ. ჯავახიშვილის აზრით უფრო ძველ, შავკანიან მტერს უნდა განასახიერებდეს, რადგან ყაენი მონღოლთა დროინდელი სიტყვაა და თან მონღოლი შავკანიანი არ არის.
ჩვენი აზრით, ასეთი შესაძლოა ყოფილიყო ფუტის ან ქუშის ტომი, რომლებთანაც სამი ათასიოდე წლის წინ ურთიერთობდნენ წინარექართველნი (იქნებ გამოთქმა პირქუშიც აქედან მოდის). უფრო სავარაუდოა, რომ ყაენის შავად შეღებვა კიდევ უფრო ძველია, ანუ იმ დროინდელი, როცა რიტუალი ვეგეტატიურ ღვთაებას ეძღვნებოდა და ყაენის პროტოტიპი იყო შავი ქვესკნელი.
ალ. ხახანაშვილი ყეენობის საწყისს ხედავდა ძველ ქართულ წარმართულ რელიგიაში: “…წარმართული დღესასწაულების მოგონება შემორჩენილია ქართველი ხალხის ყველიერის დროს გატარებაში (დათო–დათვი, ბერიკაობა, ჩალიჩობა), დიდმარხვის ორშაბათს ყეენობის დაწესებით და სხვა. ყეენობა გვაგონებს ბრძოლას ზამთრისა და გაზაფხულისას, ბრძოლას, რომელიც თავდება გაზაფხულის გამარჯვებით, თვით სახელწოდება კი ამ დღესასწაულისა გვარწმუნებს, რომ ძველს წარმართულს ნაშთს დაერთო რაღაც ისტორიული მოგონება სპარსეთის გავლენის დროისა…”. აქ გავიხსენოთ, რომ ამინდის ერთ ხეთურ ღვთაებას დათა ერქვა.
სახიობას აბოლოებდა ყეენობის მონაწილეთა გუნდური შერკინება კრივში. უძველესი რწმენით – გამარჯვებული გუნდის მიწებზე კარგი მოსავალი მოვიდოდა.
გავიხსენოთ “აღბა–ლაღრალისა” და “ლიმურყვამალის” დღესასწაულთა აღწერილობა ჯ. რუხაძის ნაშრომიდან – “ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში”:
“ორივე დღესასწაულის მთავარი საწესო მოქმედება კოშკის აგებაა. კოშკის შუაში, მაღალ ხეზე, რომელსაც სვანურად ანგი ჰქვია, ხელმანდილიანი დროშა არის მოთავსებული (ზემო სვანეთი). ზოგჯერ მის წვერზე დამაგრებულია ადამიანის გამოსახულება — “ლამარია”, რომელსაც ხელში დაშნა უჭირავს, წინ ხის ფალოსი აქვს ჩამოკიდებული, ხოლო სახის ადგილზე საცერი უკეთია. ამ უკანასკნელს “ფარას” ეძახიან. ხეზე ზოგჯერ მხოლოდ საცერი, ხის “ლეკური” და ხის ასოა გაკეთებული… …საყურადღებოა, რომ ქართლში ყეენს გულზე და წელზე საცრის რკალს ჰკიდებდნენ.
…ზემო სვანეთში “ლამარიას” გამოსახულებასთან იმართება “სამთო–ჭიშხაშის” სახელით ცნობილი ფერხული, რომელშიც ექვსი მოხუცი კაცი მონაწილეობს. ისინი სიმღერით ადიან კოშკზე და “ლამარიას” ფერხულით გარს უვლიან, ხოლო შემდეგ ხეს შეანძრევენ და “ფარს” ჩამოაგდებენ. საითაც “ფარსაცერი” გადავარდება, მათი აზრით, იმ წელს იმ მხარეს კარგი მოსავალი იქნება. მოხუცების შემდეგ კოშკზე ადიან ბავშვები, რომელთაგან თითოეული ცდილობს, პირველმა მოკიდოს ხელი “ლამარიას” და ძირს ჩამოაგდოს…
… “აღბა–ლაღრალის” დღესასწაულზე სოფელ ჟაბეშში (ზემო სვანეთი) “ლამარიას” ცვლის ხის წვერზე დამაგრებული ძველი საცერი, ხის ლეკური და ხისგან გამოთლილი კაცის ასო. იმართება გუნდაობა, გამარჯვებულები იმ წელს კარგ მოსავალს ელიან. შემდეგ იწყება ფერხული, რომლის დამთავრების ჟამს ხალხი ხის წაქცევას ცდილობს. წაქცეული ხისა და თოვლის კოშკის მიმართულებით სოფელი ნაყოფიერ წელიწადს იბედებდა”.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯ. რუხაძემ, აღნიშნულ დღესასწაულთა აღწერილობაზე მუშაობისას, პირველმა მიაპყრო ყურადღება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული რიტუალის ცენტრალური ელემენტი ანგი, როგორც სიცოცხლის ხე, მისტერიული დანიშნულებით, ფორმით და თვით დასახელებითაც კი, ძალზე ჩამოჰგავს მესამე დინასტიის ეგვიპტის სარიტუალო ნივთს – ანხს (ANKH), რომელიც დღემდე მრავალი ქვეყნის მკვლევართა ცხოველი დაინტერესების საგანია. პარალელური წყაროების შესწავლამ კიდევ უფრო განამტკიცა ამ ვარაუდის საფუძვლიანობა.
მოვიხმოთ კიდევ ერთი ამონარიდი ჯ. რუხაძის ზემოთაღნიშნული ნაშრომიდან: ” …ჯვარი გვხვდება აგრეთვე ყეენის თავსაბურავზე (იმერეთი). პირგამურულ ყეენს თავზე გუდა ეხურა, რომელსაც შუაში გოგრის ქერქისგან გამოჭრილი ჯვარი ეკიდა. ჯვარია აღბეჭდილი რიტუალურ კვერზე, რომელსაც აცხობდნენ ღვთაება ბასილის სახელზე, იგი, როგორც უკვე ითქვა, ყეენთან დაკავშირებული იდეით ადექვატურ რწმენა–წარმოდგენებს აერთიანებს. ასეთ კვერზე ახალ წელს სამ ადგილზე ჯვარს ამოჭრიდნენ, ერთს დაამტვრევდნენ და სათესლე მარცვალს შეურევდნენ, მეორეს საქონელს შეაჭმევდნენ, ხოლო მესამეს ხვნის დაწყებისას პირველ კვალში ჩააგდებდნენ კარგი მოსავლის ვედრებით. ახალ წელსვე აცხობდნენ ადამიანის მსგავს ფალიკურნიშნიან კვერებს, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ცხადია, რომ ყეენის ქუდსა და ბასილას კვერზე გამოსახული ჯვრები იდენტური მნიშვნელობისაა და სიცოცხლის ხის იდეასთან უნდა იყვნენ გენეტიკურ კავშირში. ასევეა თოვლის კოშკზე გაკეთებული ცაცხვისა თუ ნაძვის ხე, რომელზეც სხვადასხვა საგნებია ჩამოკიდებული და როგორც აღნიშნული იყო, “ანგს” ეძახდნენ. ქართლის მასალითაც (სოფ. ბაზალეთი) ცნობილია, რომ აღნიშნულ დღესასწაულზე წითელნაჭრებშებმული ხის აღმართვა იცოდნენ. რწმენათა ამავე სამყაროს განეკუთვნება თოვლის კოშკზე გამოსახული ჯვარი, დროშა, “ლამარია” და ა.შ., რომლებიც სიცოცხლის ხეს უკავშირდებიან და მასთან ერთად, საერთო სემანტიკურ სივრცეში უნდა იქნან განხილული.
აღსანიშნავია, რომ სვანური “ანგის” მსგავსად ANKH ჰქვია ეგვიპტელთა თავმომრგვალებულ ჯვარს, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ არის მიჩნეული.”
უფრო ვრცლად ამ თემაზე მოთხრობილია კ. ჭუმბურიძის წერილში “ისევ ანგის შესახებ” (საისტორიო ალმანახი “კლიო”, #18).

XIX საუკუნის 10–იან წლებში, კავკასიის მთავარმართებელ ერმოლოვის დროს (1816–1827 წწ.) გამართულა ყეენობა, რომელშიც ჯერ კიდევ ყოფილა შემორჩენილი ძველი ელემენტები. ყეენობაში მთელი ქალაქი იღებდა მონაწილეობას, როგორც მდაბიონი, ისე თავადაზნაურობა.
დიდმარხვის ორშაბათის წინა დღეებში ქალაქის ხელოსნები, თითქოს სხვა საქმე არა ჰქონდათ–რა, ამზადებდნენ ხის ხმლებს, ხანჯლებს, საცერეებს და შურდულებს.
და აი, დადგა ნანატრი დიდი ორშაბათი. ქალაქი ორ ბანაკად იყო გაყოფილი – ისნელები და ნარიყალას უბნელები. ისნელებს ემხრობოდნენ ავლაბრელები, ჩუღურეთელები და კუკიელები, ნარიყალას უბნელებს – ვერე და გარეთუბანი.
ორ ბანაკად იყო გაყოფილი ქალაქის არისტოკრატიაც. ნარიყალას მხარეზე იყვნენ მუხრან–ბატონი, ორბელიანები, ბარათაშვილები, ერისთავები და მთავარმართებელი ერმოლოვი, ისნელთა მხარეზე – ჭავჭავაძეები, ჩოლოყაშვილები, ვახვახიშვილები, ჯანდიერები, ჯორჯაძეები.
ვთქვათ, სანახაობის მთავარი გმირი – ყეენი – ისნელია. ყეენის სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმა ასეთი იყო: ის თავისი ჯარით ქალაქს დილით უნდა შესეოდა. ქალაქის დაპყრობის შემდეგ გზაჯვარედინებზე თავის მოხელეებს დააყენებდა, რომელთაც გამვლელ–გამომვლელი უნდა დაეხარკათ – ხარჯი, ფულადი გადასახადი უნდა აეკრიფათ. თვით ყეენი თავის ჯარის – მხედრიონის – მოქმედების სათვალთვალოდ, სეიდაბადის მაღლა მდებარე თაბორის ციხის ნანგრევებთან დაიბანაკებდა ცოლთან ერთად (ყეენის მეუღლე ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი იყო, რაც ამ სანახაობას კიდევ უფრო კომიკურს ხდიდა). ყეენის ჯარს არა მარტო ქალაქი, გარეუბნებიც უნდა დაეპყრო.
ამ დროს არც “მოწინააღმდეგე” მხარე იდგა უქმად, იგი მომხდურის დასახვედრად ემზადებოდა, თავიანთი “ჯარი” მათ სოლოლაკის ხევში ჩაესაფრებინათ.
დაიწყო ყეენის ჯარის ახალი შემოტევა. მან დაიპყრო მთელი ქალაქი, მისი გზაჯვარედინები და გამვლელებისაგან ხარკის – ფულის აკრეფა დაიწყო. ვისაც დაიჭერდნენ, ყეენთან მიჰყავდათ თაყვანის საცემად.
ქალაქზე ყეენის ბატონობა შუადღემდე გრძელდებოდა. ნაშუადღევს ყეენს მოახსენებდნენ, ქალაქი აჯანყდაო: ქართველები განდგომოდნენ და სოლოლაკის ქედი დაეკავებინათ.
და აი, ყეენი საომრად მოემზადა. ის და მისი მეუღლე სახედრებზე შესხდნენ და ჯართან ერთად განდგომილებს შეუტიეს.
ბრძოლა შურდულებით დაიწყო. ზუზუნი გაჰქონდა შურდულით გასროლილ რიყის ქვებს. მერე “მოწინააღმდეგენი” ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ; ზოგი მუშტით იბრძოდა, ზოგი – ხის ხმლებითა და ხანჯლებით. ამ “ბრძოლაში” ბევრი შავდებოდა, თავ და ცხვირგატეხილს ბევრს ნახავდით ქალაქის ქუჩებში.
ნარიყალელებმა დაიფრინეს ყეენის გუნდი. თვით ყეენი და მისი მეუღლე ტყვედ იგდეს, სახედარზე პირუკუღმა შესვეს, მტკვრის ნაპირზე ჩაიყვანეს და ორივენი მდინარეში ჩაყარეს. ამით თავდება ყეენობა. “ასე წარმოადგინეს ქვეყნის დაპყრობა, მერე ქვეყნის განდგომილება და ბოლოს ყეენის ხელიდან ქვეყნის დახსნა” – (გიორგი წერეთელი).
ყეენობა პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე წარმოდგენა იყო, რომელსაც განასახიერებდა ხალხი და ყეენი–იმპროვიზატორი პანტომიმის საშუალებით. გასული საუკუნის 80–იან წლებში ყეენი ტყაპუჭის ნაცვლად იცვამდა კიტელს, რითაც განასახიერებდა ლოთ და სამსახურიდან გადამდგარ ოფიცერს, მისი მოხელეებიც ჩინოვნიკების ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი.
ყეენი ჰყავდათ ავლაბრელებს, კუკიელებს, სოლოლაკელებს, ხარფუხელებსა და შუაქალაქელებს. ყეენს ხელოსნები ირჩევდნენ თავიანთი რიგებიდან. ამორჩეული უარს ვერ იტყოდა. რომელი ამქრიდანაც იყო ყეენი, იმ ამქრის დროშა მიუძღოდა წინ. ყეენს სახეს გაუმურავდნენ და ვირზე პირუკუღმა შესმულს მთელს უბანს შემოატარებდნენ, მერე მტკვარში ისეთ ადგილას გადააგდებდნენ, არ დამხრჩვალიყო, შემდეგ ფულს აგროვებდნენ, ქეიფობდნენ და ყეენისაგან დახსნასა და მის სიკვდილს უქმობდნენ. ხალხის გადმოცემით, ამით განასახიერებდნენ ირანელი მოხელის ქალაქიდან განდევნას.
მაგრამ ყეენობამ თანდათან პოლიტიკური სახე მიიღო და XIX საუკუნის 90–იან წლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი აკრძალა. მიუხედავად ამისა, ქართველი კაცის ძვალ–რბილში გამჯდარი ეს სანახაობა, შეცვლილი სახით, მაინც განაგრძობდა არსებობას. ყეენობის ნაცვლად გაჩნდა “ყეენობის კუდი”, ანუ “ისპანახობა”.
ხალხის მოთხოვნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყეენობა, თავისი პირვანდელი სახით, დაუშვა 1914 წელს. ამიერიდან იგი იმართებოდა არა ქალაქში, არამედ მის გარეთ. მაგალითად, 1914 წელს ყეენობა ნავთლუღში გამართულა”.
ზემოთ მოთხრობილისგან რამდენადმე განსხვავდება ბაბო სულხანიშვილის მოგონება “ყეინობის” შესახებ, რომელიც კახეთში იმართებოდა:
” – ყეინობა წმინდა ორშაბათს იცოდა. მოვიდოდა ყეინი თათრულად ჩაცმული. აქლემზე იჯდა. ცალ ხელში ქაღალდი ან დახვეული ხის ქერქი ეჭირა, როგორც დურბინდი, მეორე ხელში – ტყუილი ხმალი. მრისხანედ დაათვალიერებდა ხალხს და ვისაც თვალში ამოიღებდა, გასცემდა ბრძანებას: მაგას ამდენი პური, ამდენი ყველი, ამდენი ერბო გამოართვითო. საკლავებსაც შეაწერდა. ვეზირები ანუ გზირები დატრიალდებოდნენ და ახდევინებდნენ შეწერილ ხარჯს.
გამოჩნდებოდა ვინმე გაბედული ახალგაზრდა, რომელიც ხარჯზე უარს იტყოდა, ყეინს გამოიწვევდა ბრძოლაში. ხალხი ორად გაიყოფოდა: ერთი მხარე ყეინისაკენ იყო, მეორე – ახალგაზრდა მეამბოხისაკენ. დაეჭიდებოდნენ ყეინი და მეამბოხე. ჭიდაობის დროს ხალხში დიდი შეხლა–შემოხლა იყო ხოლმე და ბოლოს, როცა რომელიმე გაილახებოდა, უფრო მეტი შფოთვა და დავა ატყდებოდა ხოლმე. ორივე მხარე თავისას დავობდა. ბოლოს საქმე მაინც ქეიფით თავდებოდა.”
არანაკლებ საინტერესოა იოსებ მჭედლიშვილის მიერ ჩაწერილი გენერალ ყაზბეგის დროინდელი ყეენობა ხევში. აქ განსაკუთრებით საინტერესოა ფინალი, სადაც აღწერილია დედაკაცთა ჯარის თავდასხმა ყეენის ამალაზე:
“გამარჯვებული ყეენი ნადავლით და ნაალაფარით აიყარა და წასასვლელად მოემზადის. უცბად გზირი მოვიდის და მოიტანის ამბავი: დედაკაცების ჯარი შემოგვრტყმია გარსაო, ჩვენ დაპყრობილი ადგილები ახლა მათ უჭირავთ და “გრანიცა” დაკეტილიაო.
ყეენი გაჯავრდის. აიყარის. ცალ მხარეს გაგზავნის მილიცია, ცალ მხარეს ტრაჟნიკები და ყაზახები. მაგრამ ორივე გზა შეკრული დახვდა: დედაკაცების ჯარი დგას დიდი ჯოხებით ყველგან.
მაშინ ყეენი მესამე მხარეს წავა – იქ უფრო ძალიან შეკრულია გზა. დედაკაცები ქვასა სტყორცნიან ყეენს. რაკი ყეენს “გრანიცა” ყველგან შეკრული დახვდის, მოლაპარაკდის. მაგრამ დედაკაცები არ დასთანხმდიან. ჯოხს ატრიალებენ და ქვასა სტყორცნიან. კაცები თოფს გასცლიან ჰაერში, მაგრამ დედაკაცები არ შეუშინდიან, უფრო გაცხარდიან, გამწარდიან და თავსაც გაუტეხიან კაცებს.
ამ დროს ერთი კაცი მოვა საჩქაროდ, თავის ცოლს ყურში ეტყვის: “დედაკაცო, წადი სახლში, რა შენი საქმეა ომიო”. ის დედაკაცი თავის ყეენს ეტყვის და დიდ ჯარიმას შეაწერინებდის თავის ქმარზე.
დედაკაცების ჯარი ძალიან აყვირდის და გაბრაზდის.
ყეენი გაგზავნის შუამავლებს.
გაიმართა მისვლა–მოსვლა, მოლაპარაკება.
დედაკაცები ერთ ქაღალდს მისწერენ ყეენს:
“ყველაფერი უნდა აგვისრულო. თუ არ აგვისრულებ, ცოცხალის თავით ვერ წახვალო. ჩვენ უნდა მოგვცე, რაც ხარკი მოგიკრეფია. გაანთავისუფლე შენი ტახტის ამფეთქებელნი და თქვენთვის, რაც ზედ გაცვიათ, ის შეგვიწევიაო”.
– ოღონდ ომი ნუ გაჰხდება და თქვენი თხოვნა შეგვისრულებიაო, – გაუგზავნის პასუხს ყეენი.”

 

One response to “ზნენი სამამაცონი – 16, ბერიკაობა–ყეენობა

  1. armuri

    February 28, 2010 at 11:42 am

    თბილისური “ყეენობა” მეც მაქვს დაწერილი და თუ ვიპოვნე, ავაწყობ და დავდებ მერე… :)))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: