RSS

ზნენი სამამაცონი – 15, ცხენოსნობა

29 Apr

“ჭაბუკობისას მახსოვს ფრიგია მოვინახულე ვაზით ქებული,
შემომეგებნენ ფრიგიელები, ფიცხელ რაშებზე ამხედრებული.”
პრიამოს, ტროას მეფე (ილიადა)

ცხენის მოშინაურებას ჩვენმა წინაპარმა ერთმა პირველთაგანმა მიჰყო ხელი. მცირე ხრამის ეს პეტროგლიფი ცხენთა რემის გამოსახულებით 100 საუკუნეზე უხნესია. საქართველოში გარეული ცხენი გვხვდება გვიანი პალეოლითის ნამოსახლართა კულტურულ ფენებში, ხოლო ბრინჯაოს ხანაში (III ათასწლეული ჩვენს ერამდე) იგი უკვე შინაურია და შესაბამისად, უდიდეს ზეგავლენას ახდენს საზოგადოების და კერძოდ, სამხედრო საქმის განვითარებაზე. ამავე დროიდან იღებს სათავეს ცხენის აღკაზმულობის ცალკეული ელემენტები (ნაპოვნია ლაგამი, დეზები), ასევე საკულტო ქანდაკებები და სხვადასხვა სამკაულები.
ივანე ჯავახიშვილის თქმით – “თუბალები საუკეთესო ჯიშის მაღალი ცხენებით იყვნენ განთქმულნი: აშურ ბანიპალი ამბობს – ტაბალს ხარკად მათი ქვეყნის სასიქადულო მაღალი ცხენები დაუწესეთო”. მაღალი ცხენების მიმართ თუბალთა ასეთი ინტერესი გვაფიქრებინებს, რომ ამ ჯიშს გადაშენება–გაქრობისთვის არავინ გაიმეტებდა. ამავე დროს, მკვლევართა აზრით, ცხენის ულამაზეს ჯიშს არაბული მოგვიანებით ეწოდა, რამეთუ ჯიში უფრო ძველია, ვიდრე ცნება “არაბი”. ასე, რომ სავსებით შესაძლებელია არაბული ცხენის წინაპარი სწორედ თუბალთა “სასიქადულო მაღალი ცხენები” ყოფილიყვნენ.
3400 წლის წინანდელ ხეთურ ტექსტში, რომლის ავტორიც მითანელი კიკული გახლავთ, აღწერილია ცხენის გაწვრთნა, ასევე მოთხრობილია ცხენოსნობისა და საბრძოლო ეტლების შესახებ. კიკულის ტექსტის თანახმად ცხენის წვრთნა შვიდ თვეს გრძელდებოდა. კიკული მითანელია და წყაროები ადასტურებენ, რომ ხეთები საცხენოსნო საქმეში მითანელთა პრიორიტეტს აღიარებდნენ. ხურიტთა ქვეყანა მითანი (იგივე მაითანი, შუმერულად სუბართუ), მკვლევართა ვარაუდით, ჰეროდოტეს მიერ ხსენებული მატიენია.
ხოლო კიკულის მიერ დასახელებული ერთ–ერთი ფერი ცხენისა – “ბაბრუ” ქართულ ლექსიკაში დღესაც გვხვდება (ბობრი – მოყავისფრო–მოჩალისფრო).
რაც შეეხება ხეთთა სამკაცა (ერთი მეეტლე, ორი მებრძოლი) საბრძოლო ეტლს, იგი ზუსტად ემთხვევა სულხან–საბას მიერ “სამდგომის” განმარტებაში აღწერილს. სულხან–საბა მეეტლეს ინიოხად მოიხსენებს (ბერძნული წყაროებით ქართული ტომი ჰენიოხებად მეეტლე წინაპართა გამო იწოდებოდნენ).
მესხთა ქვეყანა კაპადოკია კი სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს (Kატპატუცა).
ძ.წ. IX სკ. ურარტული ქვის სტელა გვამცნობს: “ღვთაება ხალდის ძალით მენუა იშფუნის ძე ამბობს: ამ ადგილიდან ცხენი, სახელად არციბი (არწივი), რომელზედაც მენუა მეფე იჯდა, გადახტა 22 წყრთის (11,20 მ.) მანძილზე”. (თანამედროვე რეკორდი 11,40 მ.).
რომაელი მწერალი დიონ კასიუსი მოგვითხრობს, რომ 138 წ.ა.წ. რომის იმპერატორი ადრიანე ისე მოუხიბლავს მარსის მინდორზე ფარსმან მეფის, მისი ვაჟიშვილის რადამესტისა და სხვა წარჩინებულ ივერიელთა მიერ გამართულ სამხედრო ასპარეზობას, რომ ფარსმანისთვის სამფლობელოები გაუფართოვებია, მიუგია უჩვეულო პატივი, რაც გამოიხატა კაპიტოლიუმში მსხვერპლის შეწირვის ნებართვითა და ქართველი მეფის ცხენიანი ქანდაკების მარსის მინდორზე დადგმით (დიონ კასიუსის ამ ცნობაში რამდენიმე შეცდომაა. აღწერილი ამბავი მოხდა ადრიანეს შემდგომ, ანტონინუს პიუსის მმართველობის დროს, ხოლო ძეგლი დაუდგეს არა რადამესტის მამას, არამედ მითრიდატის მამას, ფარსმან მეორეს).
აპოლონიოს როდოსელი (ძ.წ. III სკ.) თავის “არგონავტიკაში” წერს: “არესის ველი ქალაქის (იგულისხმება ქუთაისი) პირისპირ მდებარეობდა, მდინარის ნაპირს ოდნავ მოშორებით. არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად ბრძოლასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ ხოლმე”.
აქვე გავიხსენოთ პავზანიუსის მიერ “ელადის აღწერაში” მოყვანილი ცნობა: “სპარტაში უძველესი სიწმინდე არის საკურთხეველი არეიასი, რომლის ქანდაკება, როგორც ამბობენ, დიოსკურებს გადმოუტანიათ კოლხეთიდანო”.
დღემდე გადმოცემით შემორჩა საცხენოსნო თამაშობათა ოდითგან განთქმული მიდამოები: ასეთი საგანგებო მოედანი ყოფილა გამართული ქალაქ აფსირტეში (მეცნიერთა ვარაუდით დღევანდელ სარფში). გურიაში ასეთი ყოფილა ნაგომარის ველი, სადაც თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს მხედრიონი ეპაექრებოდა ერთმანეთს სიჩაუქეში; სამეგრელოში სახელდება ხუფენიას მინდორი, თბილისში – დიდუბის ველი და საბურთალო. შავთელი, თამარის სასახლის აღწერისას, ერთ სიკეთედ მიათვლის – “ჰიპოდრომისა განხმულობანიო”, რაფიელ ერისთავის ერთ ლექსში კი ნათქვამია: “დაბლა გადავიხედე, სადღა არის ყაბახი, სავარჯიშო ცხენისა…” აქ იგულისხმება ალექსანდრეს ბაღი თბილისში, სადაც ძველად საასპარეზო ყაბახი ყოფილა; კახეთში ყველაზე დიდი ასპარეზობა წინანდლის სასახლესთან იმართებოდა.
ისტორიულად ცხენი (ცხადია საბრძოლო და არა სატალახო ან საკიდარი) მსახურთა ფენის წარჩინებულობის პირველი ნიშანი იყო.
კახეთის მეფის ალექსანდრეს ცხენოსან ლაშქარში, გარდა ხმალ–შუბის ჩინებული მოხმარებისა, მხედარს უნდა შესძლებოდა ხელის დაუხმარებლად ცხენზე შეჯდომა, სვლის დროს ჩამოხტომა, უაღვიროდ ცხენის მართვა, აღმართ–დაღმართზე ჭენება. ამავე დროს მას უნდა სცოდნოდა ცხენის მოვლა და მკურნალობაც კი.
საინტერესოა XVIII საუკუნის რუსეთის არმიის ფელდმარშლის მინიხის შეხედულება ჰუსართა ქართული პოლკის მხედრების შესახებ – “ქართველები ისე იქცეოდნენ, როგორც შეშვენის მამაცსა და სანდო ხალხს… მოვალეობას ერთობ მამაცურად ასრულებდნენ, ისე, რომ მეტის მოთხოვნა შეუძლებელიაო”.
როგორც ცნობილია, ვახტანგ VI–ის კალამს ეკუთვნის “წიგნი ცხენთა ცნობისა და აქიმობისა”. ის ფაქტი, რომ ამ სახის სახელმძღვანელო უშუალოდ მეფის მიერაა შედგენილი, თავისთავად უმაგალითოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს ცხენისა და მასთან დაკავშირებული კულტურის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ყოფიერებისთვის.
სამეგრელოში აღწერილია ცხენის სალოცავი დღე – “თერდობა”. ამ დღეს ცხვებოდა პურეული ცხენის ფორმისა თავის აღკაზმულობიანად, აგრეთვე ჩონჩორიკის ფორმის პატარა კვერები ოჯახის სულადობის შესატყვისად. საღამოთი იწყებოდა რიტუალი – ოჯახის წევრები, უფროსით დაწყებული, რიგრიგობით, ჭიხვინ–ტლინკაობით უახლოვდებოდნენ კვერს და აკბეჩდნენ ლუკმას.
დასასრულს მოვიხმოთ ნაწყვეტი გურულ მხედართა ცნობილი დასის შესახებ იმდროინდელი პრესის ფურცლებიდან: “მსოფლიოში სახელმოხვეჭილმა მხედარმა და პოპულარულმა კოუდი ვილიამ ფრედერიკმა – ბაფალო ბილად ცნობილმა, ამერიკას პირველმა აჩვენა გურული მხედრობა, როგორც ხატოვანი, უცხო, გენიალური მოთამაშენი; გურულები დოღის შემდგომ წარმოადგენდნენ ჩეხვას, ისინდს, ყაბახს, ჯირითს, მარულას და თარჩიას”

საცხენოსნო სახეობანი

” ქვეითი ხარ, ცხენი არ გყავს, რით იგადრებ ან ირადებ?”
არჩილი

“ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისაო” – მოგვითხრობს “ვეფხისტყაოსანი”. ნუთუ ქართველმა მხოლოდ საკუთარ წარმოსახვაში უნდა აღადგინოს ეს დიდებული სანახაობა.
XVII სკ–ის იტალიელი მისიონერი დიონიჯო კარლი მოგვითხრობს – “ქართველები მეომრობით არიან განთქმულნი. ეს ჭეშმარიტებაზე უფრო ჭეშმარიტია, ვინაიდან ქართველების ლაშქარი, ნადირობის გარდა, რაშიაც ისინი განუწყვეტლივ იწრთობიან, მე ვნახე განსაკუთრებულ თამაშებში, რომლებშიც ისინი ხელმარჯვე ტყორცნას სწავლობენ, ისე, როგორც ეს ქვემოთ იქნება აღწერილი.
მეფის ნათესავის ქორწილი გადაიხადეს. ქორწილში დაპატიჟებული იყო საქართველოს ყველა კუთხის წარჩინებული პირი. განკარგულება გასცეს, რომ თამაშობა ქალაქგარეთ, დიდ მინდორზე გაემართათ, მინდვრის შუაზე აღმართეს მაღალი ყაბახი, რომლის წვერზე მოათავსეს ვერცხლის დაახლოებით 25 პიასტრად ღირებული თასი. შემდეგ ყველა ისინი, რომელთაც ჯირითში მონაწილეობა უნდა მიეღოთ და ცხენებზე იყვნენ შემსხდარნი, ერთი ისრის სასროლი მანძილით გაშორდნენ ყაბახს. თითოეულს რკინის წვეტშემოცლილი ისრითურთ დაჭიმული მშვილდი ეჭირა ხელში. მოასპარეზეებმა ერთბაშად ცხენებს დეზი ჰკრეს და გაშმაგებული ჭენებით ყაბახისაკენ გაემართნენ. ყველას თვალი თასისაკენ იყო მიპყრობილი. მხედრები ყაბახს დაუახლოვდნენ თუ არა, თასს ისარი ტყორცნეს. ვუცქერდი, თუ როგორ ცდილობდა თითოეული თასისთვის ისარი მოეხვედრებინა და ძირს ჩამოეგდო. ბოლოს ერთ–ერთმა მოახერხა ეს, რამაც ირგვლივ მყოფთა საერთო აღტაცება გამოიწვია. ჭეშმარიტად ქების ღირსია ის, ვინც გაშმაგებულ ცხენს ასე აჭენებს, ოსტატურად ირჯება–იღუნება და ისარს ისე ტყორცნის, რომ ასეთ სიმაღლეზე ახვედრებს…
ეს რომ დამთავრდა, ამავე ადგილზე ახლა მეორე თამაშობა გაიმართა. ამ თამაშობისათვის რვა ჩოგანი ჩამოარიგეს. ეს ჩოგნები ჩვენებური რაკეტების (ბურთის სათამაშოდ რომ იხმარება) მსგავსად არის გაკეთებული, მაგრამ ამათი ჩოგნების ტარი უფრო გრძელია და მას უსათუოდ ცხენზე მსხდარნი ხმარობენ. ამ ხალხის ამგვარი ვარჯიშობის ნახვას არაფერი სჯობია. პირდაპირ განსაცვიფრებელია მათ მიერ ცხენის ოსტატური, ერთმანეთზე დაუჯახებლად მართვა, მიწიდან ბურთის აღება, ამასთან ისინი ისე დაბლა იხრებიან, რომ ბევრჯერ ვიფიქრე, ესაა გადმოვარდნენ და მიწაზე ზღართანს მოადენენ–მეთქი. მათ სხვა თამაშობანიც აქვთ, მაგრამ სიმოკლისთვის არ აღვწერ. სპარსელები, რომლებიც ყოველთვის ესწრებიან ქართველთა ვაჟკაცურ გართობა–თამაშობებს, აღფრთოვანებით აღწერენ მათ, ამით ისინი პატივით მოსავენ ქართველთა მეომრულ ღონისძიებებს”.
ალ. ჯამბაკურ–ორბელიანი კი ასეთ ამბავს მოგვითხრობს უკვე ხანდაზმულ პატარა კახზე: ” რჩეულთა შორის ნიშანს რომ ვერავინ მოახვედრა, მეფემ დაიძახა: “ახლა ჩემი რიგი არისო” და ამასთან ოქროთი დარახტული საუკეთესო წითელი ცხენი მოჰგვარეს; მოხუცებულმა, ტანით მომცრო კაცმა ხელი სტაცა უნაგირის ტახტას და ფრინველივით მოაფრინდა, უზანგში ფეხი არ გაჰყო… აღნიშნულ ადგილას რომ მივიდა, ისე სწრაფად მოიმარჯვა თოფი, რომ ყველანი გაოცდნენ. ამასთანავე გავარდა თოფი და ტყვიამ ნიშანი გახვრიტა. ყველამ შეწუხებით დაიძახა: – “ცოდო არ არის, შენ საქართველოს მოუკვდეო…”
მას უკან ცხენი მოაბრუნა და ყველას სიამოვნებით უთხრა: “მე მოხუცებულმა გაჯობეთ ყველას”.
სულხან–საბას მიხედვით საცხენოსნო სახეობათა ზოგადი სახელი გახლავთ თქერება, რაც განმარტებულია, როგორც ცხენზე თამაშობა.
ამ თავში ძირითადად ვეყრდნობით ქართული ცხენოსნობის აღორძინების მესვეურის კაპიტონ ნაჭყებიას მიერ თავმოყრილ მასალას, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილს იცნობს ჯერჯერობით მკითხველი.
უძველესი საცხენოსნო სახეობა გახლავთ მარულა. ამ სახეობაში მონაწილე ცხენი საგანგებოდ იწვრთნებოდა გამძლეობაში, რადგან დაახლოებით 30 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა უწევდა. გამძლეობის თვალსაზრისით ცხენის ქართული ჯიშები მართლაც გამორჩეულნი არიან. ისინი 25 წლის ასაკშიაც კი საკმაო დატვირთვებს უძლებენ (ძირითადად იგულისხმება მეგრული და თუშური ჯიშის ცხენები).
მარულასთან შედარებით ახლომდგომი სახეობაა თარჩია, რომლის ძირითად ამოცანასაც დევნა და ნადავლის (ამ შემთხვევაში მანდილის) წართმევა წარმოადგენს.
მარულას მაგვარია აღმოსავლეთ მთიანეთში გავრცელებული სახეობა მთიდან დაშვება, წესის სიმარტივის მიუხედავად ერთ–ერთი ურთულესი სახეობა. მხედარი ზის უბელო და ულაგმო ცხენზე, მუცელზე ამოტარებული თოკის ამარა და ნიშნის მიცემისას ციცაბო დაღმართში მოაჭენებს მას. ამის შესახებ ხალხური ლექსიც არის გამოთქმული, რომელიც ზუსტად ასახავს, თუ მოჩვენებითი უბრალოების მიღმა რაოდენი გამძლეობა და სიყოჩაღეა საჭირო მხედრისთვისაც და ცხენისთვისაც:
“ვერ გაიგეთა ფშავლებო, მათურელთ ცხენებ რა ქნესო?
მათურით დაქცეულებმა ამოგას ქვიშა ჩაქნესო,
ან მხედრებ როგორ გაიძლეს, ან ცხენებ როგორ შასძლესო?”
ასევე საინტერესო და სანახაობრივია ისინდი, რომელიც უფრო სამხედრო ყაიდისაა. ბუნებრივია, რომ ამ თამაშობაში უხვად გვხვდება საბრძოლო ხასიათის ელემენტები (მაგალითად ჭენებისას ზურგში ნასროლი შუბის ჰაერში დაჭერა და საპასუხო შეტევა).
ყაბახიც ერთ–ერთი უძველესი თამაშობა გახლავთ. იგი ამავე დროს საუკეთესო სამხედრო ვარჯიშობას წარმოადგენს. ჩვენამდე მოღწეული წყაროების თანახმად, გარდა მშვილდ–ისრისა, ამ სახეობაში გამოიყენებოდა ისინდიც (მომცრო სატყორცნი შუბი).
“უცქირეთ მათ მშვენიერ ცხენოსნობას, როგორ კარგად მართავენ თავიანთ ცხენებს. ესაა ხელოვნება ცხენოსნობაში, იშვიათად მიღწეული. იგი მოითხოვს დიდი მოძრაობისა და გონების თანაარსებას” – მიუწერია “ყაბახის” ამსახველი ნახატისათვის იტალიელ მოგზაურს ქრისტეფორე კასტელის.
მკერდაობაში მოასპარეზის ამოცანაა მოწინააღმდეგის ცხენი დაძგერებით გააგდოს დათქმული მოედნიდან. შინაარსი თავისთავად მეტყველებს რომ იგი წმინდად საბრძოლო ხასიათის ვარჯიშობაა. სწორედ ამ ხერხით იბრძოდა უიარაღოდ დარჩენილი მოხუცი ლუარსაბ მეფე გარისის ბრძოლაში.
მოქნევა გაჭენებული ცხენის მკვეთრად დამუხრუჭების ხელოვნებაა. ცხადია რომ ეს სახეობა საბრძოლო ვარჯიშია და მიუხედავად წესის სიმარტივისა, უაღრესად რთული განსახორციელებელია და სანახაობრივადაც საინტერესო.
ჩეხვა – ეს სახეობაც საბრძოლო–საწვრთნელი დანიშნულებისაა და ემსახურება მხედრის გაწვრთნას ხმლით ჩეხვაში. ამ სახეობაში ზოგი მხედარი ორი ხმლითაც გამოდიოდა. მოასპარეზეს ამოცანაა გაჭენებული ცხენიდან დაშნის მაჯაში ტრიალით გზად დახვედრებული სხვადასხვაგვარი საგნების (თიხის ჭურჭელი, წნელების კონა, ხის ტოტი და სხვა) გაჩეხვა.
სხაპი მხედრის მიერ ცხენის ცეკვებაა და წარმოაჩენს ცხენის წვრთნის მაღალ ოსტატობას.
საინტერესო სახეობაა ტანასობა, რაც გაჭენებულ ცხენზე მხედრის მიერ სხვა და სხვა რთული სატანვარჯიშო ელემენტის შესრულებას გულისხმობს.
მასთან ახლო მდგომია, მაგრამ აუცილებლად გამოსაყოფი – მიპატიჟება. ამ სახეობაში მხედარი ქალი გამოიხმობს ვაჟს და სთავაზობს გაიმეოროს მის მიერ შესრულებული ვარჯიში. ეს სახეობა თავისთავად მეტყველებს ქალთა მაღალ სამხედრო ოსტატობაზე.
საცხენოსნო სახეობებში სანახაობრიობის თვალსაზრისით გამოირჩევა ცხენბურთი, რაც არის ზოგადი დასახელება სადღეისოდ აღდგენილი ოთხი სახეობისა:
1. გადრი (აღდგენილია თეიმურაზ მეორის ლექსის მიხედვით)
აღდგენის შემდგომ პირველად ჩატარდა თბილისში 1948 წელს.
2. რადი, რადრაბაგანი (აღდგენილია თეიმურაზ მეორის ლექსის მიხედვით)
აღდგენის შემდგომ პირველად ჩატარდა თბილისში 1958 წელს.
3. სახელწოდება ცნობილი არ არის. ჩვენამდე მოაღწია არქანჯელო ლამბერტის “სამეგრელოს აღწერის” მეშვეობით.
4. ყვანჭის ცემა
ამ სახეობებთან ახლოს დგას ცხენიანი ლელობურთი, რომელიც აღწერილია თავში “გუნდური თამაშობანი”.
ასევე გავრცელებული სახეობები იყო სადგინი, კიდირი (კუდურობა ?), ქართაში ლაყაფი, საჯვარო დოღვი (იმართებოდა კოპალას დღესასწაულზე), სამანის დალახვა (იხ. – “მებრძოლი სული”), საჩუქრის მოტაცება, დაბრკოლებათა გადალახვა, ცხენნი, ცხენთრბოლება, ლიჩაჟ (სვანური) და სხვანი.
აქ უპრიანი იქნება შემოკლებით მოვიხმოთ მეფე ერეკლეს შვილიშვილის ალექსანდრე ჯამბაკურ–ორბელიანის მონათხრობი:
” დასრულდა ნადიმი და მეფე გამობრძანდა უცხოდ მორთული გარეთ. წელზე ნადირშას ხმალი ეკრა ძვირფასის თვლებით შემკობილი… ერთ მშვენიერს ლურჯა ცხენსა მოაფრინდა ვითა შევარდენი ფრიალოსა… ამ ცხენს უზანგი ჰკრა მეფემ და ისეთი სიარულით წავიდა, მდინარე წყალს წარმოქცევასა გვანდაო…
… მცირე რაზმი უკან მისდევდა მეფეს. დაწკეპილი ორი ათასი, თუ მეტ–ნაკლები, საქართველოს თავადაზნაურნი, უცხოს დახატულს და საუცხოვოს ცხენებითა, რომელიც ათი ათას მტერს არ დაერიდებოდნენ და შეუპოვრად შეუტევდნენ, ვითა გავაზი გუნდსა ტრედისასა. ყოველთ ამათ მარჯვენა ხელში თითო ჩოგანი ეჭირათ, ზოგი მოვარაყებული და ზოგი სხვადასხვა ფერად დაჭრელებული.
ერთიანი ესე რაზმი თელავის ქვემოთ მინდორზე ჩავიდა. ორ რაზმად გაიყვნენ ამ მინდორზე. ერთი ერთს მხარეს დადგა და მეორე მეორეს მხარეს. ერთი ცხენის გასაჭენებელი მინდორი შუაში დაიგდეს და თვითო ბაირახი თავთავის რაზმს თავსა მიწაში დაურჭვეს. ეს იყო გაზაფხულის დღე მშვენიერი. ამასთან მეფე ირაკლიმ ოქროს ფერი მოვარაყულის ჩოგნით, წითელი სმოგვის ბურთი, პატარა ყმაწვილის თავის ტოლა, ჩოგნით აიღო და ჩოგანში თამაშობით, შეისევანი ცხენი გაიგდო, დიახ, სწრაფი გამქცევი, ორს რაზმებთა შორის, ვიზედაც თვალი ეჭირა ყველას, რომელ რაზმს გადაუგდებს ბურთსა. ჯერ კარგა ხანი ასე ათამაშა სხვადასხვა ნავარდობით, მას უკან პირველ რაზმსა შეუგდო ბურთი და შორიდან შესტყორცნა. თვითონ თავის დიდკაცებით გამობრუნდა. მოვიდნენ და ესენიც ფანჩატურში დასხდნენ მწკრივად მაყურებელი ბურთაობისა.
მეფე ირაკლიმ რომ ბურთი შესტყორცნა, იმ პირველმა რაზმმა წამოიღო ბურთი, ერთი–ერთმანეთზე გადათამაშებით, უნდოდათ მეორე მხრის ბაირაღთან გაეტანათ და ამითი დარჩენოდათ სახელი, მაგრამ მეორე რაზმი წამოეგება პირველ რაზმსა და დაერივნენ ერთმანერთში…
– იმ დღეს ასე გაფრთხილებულნი იყვნენ მებურთალ–მეჩოგნენიო, რომ არც ბურთი მიწაზე დაცემულა, ხელის შეშველება ხომ დიდი სირცხვილი იყო, ასე ჩოგნით უნდა ეტრიალებინათ და კიდეც ატრიალებდნენო, არც დასასვენებლად დამდგარანო მზის ჩასვლამდისით; ცხენების შეძახება ხომ დიდი სირცხვილი იყო.
მზის ჩამოსვლამდისინ ვერა რომელმან მხარემ რომ ვერ გაიტანა ბურთი, ცხენკაციანათაც დიდად დაიღალნენ, მეფემ უბრძანა გაშველება. ეს ამგვარი ბურთაობა, დიახ, ხშირად ყოფილა ჩვენს ქვეყანაში ძველის დროებიდანვე, უკანასკნელ დრომდის”.

ცხენი
“აკლია ნისლისფერასა გასაფრინდომლა თბენიო”
ხალხური
“ქუნქეჩ, ვაშა, ვაშა. ყაზ ყარდაშ ჯანი ჯუნი მურვათ, ვითა სენად იშვა, აზადყულა, ყაზანდურა, ჩირქინდურა, მურვათდურა, ნაზარდურა.” – განა ცხენის მუცლის გვრემის ეს შელოცვა ჩვენი წინაპრის ცხენისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე არ მეტყველებს?
ან თუნდაც ეს ნაწყვეტი ვახტანგ VI–ის “ცხენის კარაბადინიდან”:
– “და ესრეთ გვასმია და უთქვამთ მეცნიერთა კაცთა, რომელ სანამდისინ შვიდის საქმის პირობა არ გამოართვაო ცხენმან კაცსა, მანამდინ ზღვიდან არ გამოვიდაო: –
პირველად – უწმინდური და ფინთი კაცი არ შემჯდესო
მეორედ – ჩემზედ უწმინდური დედაკაცი არ შემსვათო
მესამედ – საპალნე არ ამკიდოთო
მეოთხედ – წმიდას ალაგს დამაბათო, რომ ფინთმა კაცმა არ დამინახოსო
მეხუთედ – უნალოდ არ მატაროთო
მეექვსედ – ძუა არ დამჭრათო’
მეშვიდედ – ყურის წვერი არ გამიხიოთო.
მისცეს ყოველი პირობა და სიტყვა კაცმან და შემდგომად გამოვიდა ცხენი ზღვიდამე ხმელად.”

ცხენის ადგილობრივ სახეობათაგან დღემდე მოატანა მეგრულმა და თუშურმა. ორივე სახეობა შესანიშნავად არის შეგუებული გარემო პირობებთან.
მეგრული ცხენი: მომცრო ზომისა (129 სმ. ნიდაოში) მშრალი, მკვრივი აგებულებისა. შეგუებულია სუბტროპიკულ კლიმატსა და მაღალმთიან გაუხშოებულ ატმოსფეროს. გამოირჩევა საზრიანობით რთულ რელიეფზე სვლისას. თავისუფლად ატარებს 100–130 კგ. ტვირთს.
თუშური ცხენი: ასევე ერთ–ერთი უძველესი ჯიში. სიმაღლე ნიდაოში – 134–136 სმ. წაგრძელებული კორპუსით. გამოიყენება საჯდომად და ტვირთმზიდად. მთის ბილიკებზე 12 საათში დაახლოებით 100–120 კილომეტრის გავლა ძალუძს ცენტნერი ტვირთით. განსაკუთრებით ფასობს თოხარიკი ცხენები, რომლებიც ხშირად გვხვდება ამ სახეობაში.

აბლაკი – ჭრელი, წითელი ლაქებით თვალებსა და ნესტოებთან
აბრაში – თეთრი, მოწითალო ან შავი წინწკლებით
ათლარი – ცხენის ჯიში
ალათი – ალისფერი ცხენი
ალაჩა – უვარგისი იაბო
ალერდი – ნედლი თივა
ალიყი – ცხენის დილის ულუფა
ამლათი – ჩქარი
ამლაკი – ფერადლაქებიანი
აჩუ – შეძახება
ახური – თავლა
აჯილღა – დაუკოდავი
ბატატურა – უკანაფეხებგაფარჩხული
ბატრა – ჩიჩვირი
ბალაყი – ფლოქვის შუაგული
ბანდალა – სოკოვანი დაავადება
ბაჩა – ძუაფაფარგაკრეჭილი
ბაჩა – თვინიერი (მეგრ.)
ბახა – ბეხრეკი, ბუხი
ბედაური – წვივმაგარი
ბეჟანია – ცხენის ჯიში
ბიბა – თეთრბალნიანი
ბობავს – მსუბუქად დადის
ბღერი – მქავანა, ყუთური, ქერჩი
გაბადანი – ზურგჩადრეკილი
გავადი – ცხენის გავა
გამხანე – დიდნახტომიანი სადოღე
გაქირი – ჯიუტი, ოჩანი
გაქუსლვა – დეზის კვრით გაჭენება
გაჩვეული – გაწვრთნილი
გახეგნილი – გახედნილი, საჯდომად გაწვრთნილი
გახრეკილი – გაძვალტყავებული
გევგეჯი – ცუდმავალი
გელვება – ლაღად ჭენება
გერგე – ასაკმცირე
გერულაფა – მარულის წინა დღეს საცდელი ჭენება
გოში – ნაცრისფერი ცხენი
გულარღო – ურჩი, გაქირი, ბურღო
დაკვერვა – ნალის გამაგრება
დალურსვა – ყურის დაღმა დაღება
დანალვა – დაჭედვა
დაოთხება – გაჭენება
დაოკება – მოთოკვა
დარახტული – რახტით მორთული
დაურვება – დამორჩილება
დაღი – შანთით დადებული ნიშანი
დაღოჯვა – კბილის ჩავლება
დგერი – დგრიალი, თქრიალი, თქერა,
თქარუნი, თქარათქური,
დონდარი – ეჟვნებიანი, წინ უძღვის სხვა კურტნიან ცხენებს
ვაყა – ულაყი
ზარდაგი – დიდი ტანის
ზარდაო – მუცელში სითხის ჩადგომა
ზერდაგი – ჩალისფერი
თავლაღი – ყოჩაღი
თაფლა – თაფლისფერი
თეთრონი – თეთრი ცხენი
თოხარიკი – სვლის სახეა, თოღორიკი
თრითილა – წითელი თეთრწინწკლებიანი ცხენი
თუღუნი – ცხენის ჯიში
თუხარიგი – კარგმავალი
თქერება – ცხენზე თამაშობა
იაბო – დაკოდილი, ტაიჭი, ლაფშა, ლაბშა (მეგრ.)
იათახი – მანძილი ცხენის უკანა ფეხებს შუა
იამანი – მუცლის შესიება
კავშა – თეთრფეხება
კამპი – საკბენად მომართვა
კანტი – მომცრო და მჭლე
კარხლი – ყალყი
კვიტია – რაში
კიოფი – შუბლზე პატარა თეთრი ნიშანი
კიცვი – კვიცი
კუნკრუხი – უხეირო ტარება
კურია – ურაკვიცი
ლაფშური – მოკლე, ჩქარი ნაბიჯი
ლაქა – უბალნო ადგილების დასიება
ლეგა – მუქი ნაცრისფერი, ლეგნა
ლეზვი – თხელი დორბლი
ლოპრი – დუჟი
ლუბი – გამხდარი
ლურჯა –
ლუში – მოლურჯო
მარბოლი – სადოღე ცხენი
მარქაფა – სათადარიგო
მაღაო – ყელის სენი, მარღაო, ქუში
მაშტაკა –
მერანი – კეთილმოარული
მეწრიხალი – წიხლისროლია, მტოკავი
მოათამაშებს – თამაშით მოჰყავს
მოათოხარიკებს – თოხარიკით მოჰყავს
მოაქევქევებს – კოხტა ნაბიჯით მოჰყავს
მოზიდვა – ცხენის დამუხრუჭება
მოხოშრვა – ლურსმნის გამოცვლა
მრეში – წაბლისფერი
მურა – რუხწითელი
ნავარდი – ლაღი სვლა
ნაურვალი – კარგად მოვლილი
ნაფაზი – სუნთქვის შეკვრა, ხიხინი
ნიდაო – კისერი ბეჭებთან, ნიგო, მუნდაო
ნისლა – ღია ნაცრისფერი
ნიშა – შუბლზე ღია ფერის ლაქით
ოგეჩა – ტლანქი
ოთხახმით – ოთხამოღებით ჭენება
ონე – ჰუნე, გვარიანი ცხენი
ორქავი – კარგი ცხენის ეპითეტი
ოჩანი – ჯიუტი, ურჩი
ოფა – ქაჩაჩის სენი
ჟრუნი – მონაცრისფრო ჭრელი
ჟღალი – შავმოწითალო
რაში – მალი
რახსი – წაბლისფერი
რემა – ცხენის ჯოგი, ილხი
სალაგმე – დიდი კბილი
სალია – ქაჩაჩის ქვედა პირი, სანალე
სამარულე – სადოღე
საოლავი – ფლოქვსა და ქაჩაჩს შუა
სატალახო – ცხენის სახეა
სასაპალნე – ცხენის სახეა
საფერხე – საჯდომი ჯიშის ცხენი
საფორანე – საჭაპანო
საღარი – შუბლთეთრა, საღრა
საჭაპანო – გამწევი
სახიმარი – უძუო კუდი
სახმობი – ნესტოში ძვლის გაზრდა
საჯოგავი –
სინიბი – მაგარი, გამძლე
სისვი – ლეგა
სობოლ – კვიცი (სვან.)
სრელა – ზურგზე თუ სხვა ფერი გასდევს
სულელვა – სტვენით ცხენის დამშვიდება
სულწუხა – ფიცხი სადოღე ცხენი
სხაპი – მხედრის ნებით ცხენის მიერ გაკეთებული ფიგურები
სხაპუნი – მათრახის ხმა, ზაპუნი
ტაბახტა – სასის ჩამოსვლა, დამაღი
ტანა–კვიცი – ორ წლამდე ასაკისა
ტლინკი – ტყუპი წიხლი
ტრედანა – სახელი ფერის მიხედვით
ტრიზა – კაცზე ლაფის შესხმა
ტროპი – ზურგი
უბელო – შეუკაზმავი
ულაყი – მამალი ცხენი
უა – კისრის დაავადება
ურა – მამალი კვიცი
ურვება – წმენდა–დაფხანვა
ურწანი – უზვი, არამშობელი
უსაბრუნო – გაქირი, ჯიუტი
უჩუხი – ცხენის მუცლის გვრემა
უხედნი – გაუხედნელი
ფარიკა – სარცხვინელის სენი
ფაფარი – კისრის თმა
ფაფხვა – ცხენის დატუქსვა
ფაშატი – დედალი კვიცი
ფესანგი – ჭრელი
ფეშანგი – დონდარის წინ მიმავალი მორთული ცხენი
ფეხმალი –
ფრთხვინვა – შიშის ხმიანობა
ფრტვინვა – კუნტრუში და ტლინკვა
ფუხი – უვარგისი
ფშო–ფშო – დაყვავება
ფხიკიანი – ფიცხი
ფხიტი – ცქვიტი
ქავქავი – ცხენის იორღით ტარება
ქარცი – მოწითალო ყვითელი
ქაჩაჩი – ფლოქვსა და საოლავს შემდეგ (გამსხვილებული ნაწილი)
ქედფიცხელი – დაუმორჩილებელი
ქვიქვირი – ჩიჩვირი
ქოთაო – შურთობა, ყბისქვეშა ჯირკვლის გასიება, გადამდები სენი
ქსუ – შეუჩვეველი, მიუკარება
ქურანა – წაბლისფერი, აგრეთვე სამ წლამდე კვიცი, ქურიკა
ყალყი – უკანა ფეხებზე შედგომა
ყვატი – ფლოქვის გული
ყირათი – მუქი ფერის ცხენი (აჭარ.)
ყორანა – ძალზე შავი
შავრა – შავი
შანავარი – ჭკვიანი
შეკაზმული – მორთულ–აღჭურვილი
შვინდა – სახელი ფერის მიხედვით
შლაპუნი – შოლტის ცემა
შუყაყი – ჩოყაყი, ფეხის დაავადება
შხეპა – კუდის ცემა
ჩანჩალა – ცხენცუდა
ჩაქ–ჩაქი – ავი სვლა
ჩონჩორიკი – ნეხვი
ჩორთი – ჩქარი სიარულის მაგვარი სირბილი
ჩული – ერთ წლამდე ასაკისა
ჩხიმალა – მჭლე
ცხენი:
მამალი – ახტა;
დედალი – ხრდალი, ჭაკი;
მამალი კვიცი – ურა;
დედალი კვიცი – ფაშატი;
ძაგვალი – ძუნძულით სვლა
ძვალკორძი – სიმსივნე ფეხზე
ძოვარა – ძუაფაფრის ქეცი
ძუა – კუდის თმა
წაბლა – წაბლისფერი
წაყრა – ლაგმის შეხსნა
წითლა – სახელი ფერის მიხედვით
ჭარმაგი – თეთრზე შავით დაწინწკლული
ჭარმაგოსანი – ჭარმაგზე ამხედრებული
ჭეკვნა – დამაკება
ჭიხვინა – ხასიათია
ჭიხვინი – მრისხანების ხმა, ჭიხჭიხი
ხადა – ცხენის ჯიში
ხამი – შეუჩვეველი
ხაჟო – ლაქებიანი
ხასი – გაბედული
ხატაველი – თეთრპირისახიანი ცხენი
ხედნა – წვრთნა, ჯაგვა
ხვიხვინი – ოგურის ან კვიცის მოხმობა
ხვივილი – პატრონისთვის საჭმლის შეხსენება
ხზედი – ღია წაბლისფერი
ხინტკი – წამონაზარდი ნესტოში
ხოდი – ცხენი (მთიულ.)
ჯაგლაგი – უხეირო ცხენი
ჯაგჯაგა –
ჯანჯალი – ნელი სირბილი
ჯაფიერი –
ჯახრაკა –
ჯიდაო – ნიდაო
ჯილდაო – ცხენის ბეჭი
ჯილფი – ცხენის ჯიში
ჯიმბირი –
ჯინიბი – მარქაფა
ჯლაყუნი –
ჯლეხა – მიქუსლ–მოქუსლვა
ჯურა – მოწითალო

ცხენის აღკაზმულობა

ავჟანდი – უზანგის სახეა
ავშარა – ულაგმო აღვირი
აილები – ცხენის მოსართავი
ალიკაპი – ხის აღვირი, აყაფი
ასალი – ზურგსაფარი
აღვირი – სამართავი თასმა, ლოხტა, სადავე, ჭიმი
აჭიმი – გელპირი, პირის შესაკრავი
ბალდუმი – კურტნის სამაგრი
ბახური – მთლიანი ხის კეხი
ბოთბაღი – უნაგირის სამკაული
ბორდა – უნაგირის საფარებელი
ბუდარი – უნაგირის ბალიშზე საფარებელი ტყავი
გაბრა – ცხენის საწმენდი
გარსაკრავი – უნაგირის სამაგრი
გულავშარა – მეორე წყვილი აღვირი
დანდალი – პირის მახე
დეზი – საჩხვლეტი, წრტიალი
დუშაყი – ტოილო, პალვანდი, ბორკილი, ფეხის დასაბორკი თოკი, აბდანი (მეგრ.)
ზინზილები – მოსართავი სამკაულები
თავლა – ახორი, საჯინიბო, ხანდახორი (ბაგა)
თარგი – უნაგირის უკანა კორტოხი (ფერეიდ.)
თარქი – უნაგირის უკანა მხარე
თაფხუნი – პატარა კეხი
თოფრა – თოფრაკი
თოქალთო – საოფლე ქეჩა, ზილფუში
კადონი – განივი ლატანი ცხენების დასაბმელად
კემუხტი – გავის ტყავი, ქარქაშის შესამოსი
კეხი – უნაგირის ჩონჩხი
კომპული – უნაგირის ტახტას თავი
კოპალი – უნაგირის მოსართავი ღილი
კოტე – უნაგირის ნაწილია (ლეჩხ.)
კურტანი – სატვირთავი მაღალი პალანი
ლაგამი – პირში ამოსადები რკინა, ხარტუკი, ჯილავი
ლავაში – ცხენის ყურებში მოსაჭერი თხის რქები
ლამბშარა – აღვირი (მეგრ.)
ლუმბა – საჭედარი, ნალი
მოსადევარი – მთელი აღკაზმულობა
მოსართავი – უნაგირის მოსაჭერი ფართო ღვედი
მუკუდი – ავშარის საბელი
მუხრუჭი – ცხენის ცხვირთმოსაგრეხი
ნალფარა – ქართული ნალი
ორთუქი – გავის საფარი
ოქჩიანი ნალი – ნალის სახეა (აჭარ.)
ოჭარო – სასაპალნე კეხი
პალდუმი – ჯორთ საბარკლე
პეპელა – რახტის ჟღარუნა სამკაული
რახტი – აღვირის მორთულობა
საბუზე – შუბლსაფარი
საგდებელი – ქამანდი
სადავე – აღვირის თასმა
სათაური – აღვირის ნაწილი
სათფური – უნაგირის სამკაული ტყავი
საკოტარი – წიხლის დასაკავებელი
საკაზმი – მორთულობა
სამკერდული – სამკერდე თასმა
სამონველი – დასაურვებელი, საურავი, სამურველი, კბილებიანი რკინის საფხანი
საოფლე – უნაგირქვეშა ქეჩა, საძაგრავი
საყბეური – ყბაში ამოსადები აღვირის თასმა
საძუე – საკუდური, პალდუმი
საწელური – უნაგირის მოსართავი
საწყვეტი – საწკვერტი, საღრტილი, უნაგირის თასმა რისამე ჩამოსაკიდად
საჭიკი – ცხენის მოსართავი სარტყელი
სახორხელი – კაპებიანი ლაგამი
ტახტა – უნაგირის ქიმები
ტკეჩი – ტკეცი (მეგრ.)
უნაგირი – ცხენზე შესადგმელი საჯდომი, ანჩახი, ანანგერი (მეგრ.), ჰუნგირ (სვან.)
ფთა – კეხის გვერდითა ნაწილი
ფიტოლი – უნაგირის ნაწილი
ფოლისი – ფლოქვის სათლელი დანა
ფუნჯი – უნაგირის სამკაული
ქაცქაცა – ხის ტკეცი, კვიცის საცემელი
ქეჯიმი – გვერდსაფარი
ქორაკი – ქოჭი, აღვირის სახეა
ყაირი – ნალის მსხვილთავა ლურსმანი, ყინულზე მოცურების საწინააღმდეგო
ყაჯარი – უნაგირის მოქარგული საფარებელი
შატროვანი – ნაქსოვი გადასაფარებელი
ჩალთო – დაქნილი თასმა
ჩანჩიკი – ავშარის საბლის რგოლი, ჩაჩანაგი
ჩახალა – ჭედვისას ფეხის გასაკრავი, ხიბორკალი
ჩირბული – ცხენის თავის მორთულობა
ჩული – ზურგზე გადასაფარებელი
ცალუღი – ცალი უღელი, მარტუღელი
ძარძაყი – უნაგირის საშუალი
წელმორთულობა – აღკაზმულობის ნაწილი
წყლეპი – წკეპლა (აჭარ.)
ჭანაპარა – უნაგირის ბალიშის სამაგრი
ჭიკვა – მოსართავის მოსაჭერი
ჭიმი – კანაფის ავშარა
ხარლა – ცალფა აღვირი
ხორომი – საგზალი თივა
ჯაბაყულა – უნაგირის ბალიშზე გადარტყმული შუა მოსართავი
ჯილავი – საყბეურთან ხელის წასავლები და სასაბლე რგოლი
ჯირიმი – მოსართავის ასაზიდი თასმა

 

8 responses to “ზნენი სამამაცონი – 15, ცხენოსნობა

  1. ელდორადო

    July 16, 2010 at 1:18 pm

    ცხენი ყველაზე ლამაზი და კარგი ცხოველია.კარგ ვაშკაცს კარგი ცხენი უნდა ყავდესო.

     
  2. კახა ხოშტარია

    October 10, 2012 at 6:50 pm

    დიდებული ნაშრომია

     
  3. ემიგრანტი

    April 8, 2013 at 7:47 pm

    კობა გამარჯობა! კობა ხო ვერ მიმასწავლი სად შეიძლება ვნახო იმფორმაცია 365 სამამაცო ზნეს შესახებ! ვიდეო ჩანაწერი მაქვს ნანახი “ხევსურული რჯული და კანონები”მაგრამ იქ რამოდენიმეა ნახსენები! თუ რამე იცი ამის შესახებ გთხოვ დამეხმარე! თორე ძალიან დიდი ხანია ვეძებ ამ იმფორმაციას და ვერსად ვერ მიპოვია

     
    • matekari

      April 9, 2013 at 6:56 pm

      კი მიგასწავლი ემიგრანტო.
      ეს ფრაზა უყვარს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი შტოს მესვეურს ნუკრი მჭედლიშვილს. მე ეს ხატოვანი გამოთქმა მგონია უფრო, რადგან პირადად არაფერი მსმენია მსგავსი.
      ფეისბუქში ყველა შტოს აქვს თავისი გვერდი, მათ შორის ნუკრისაც. თუ პოვნა გაგიჭირდა, მაცნობე და უკვე პირადად დაკავშირებას ვეცდები

       
    • jaba

      September 14, 2014 at 1:37 am

      ეს იყო მთელი მორალური კოდექსი ქართველთათვის, ისეთივე, როგორიც ბუშიდო იაპონელი სამურაებისთვის, ანაც ნოხჩალა ჩეჩნებისათვის და წმიდა გიორგის სახელს ატარებდა… 5-6 წლიდან აცნობდნენ და ასწავლიდნენ ამ კოდექსს ბიჭუნებს. ეს კოდექსი, რომელიც 365 მორალურ, ეთიკურ და ყოფაცხოვრებით დოქტრინას შეიცავდა, მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მთაში არ მოქმედებდა, მთელ საქართველოს ფარავდა.ყოველი კუთხის ყრმას ასწავლიდნენ მას საჭურველთან, ჭიდაობა-ცურვასა და ჯირითთან ერთად(მხოლოდ ფიზიკური მომზადების წესი განსხვავდებოდა სხვადასხვა კუთხეში, გამომდინარე იარაღის ტიპიდან და იმ სალაშქრო პროპორციიდან, რომელიც გარკვეული კუთხის ლაშქარს გარკვეულ ფუნქციას ანიჭებდა ერთიანი საქართველოს სამეფოს სპის შეკრებისას).სამწუხაროდ დაკარგულია, რამდენადაც მე ვიცი.

       
  4. tushi

    February 20, 2014 at 7:26 pm

    sagol dzaan kai nashromi

     
  5. tushi

    February 20, 2014 at 7:27 pm

    d\veli videoebi xom ar gaq cxenebis shesaxeb

     
    • matekari

      March 1, 2014 at 11:19 am

      არა თუშო, სამწუხაროდ არ მაქვს. როცა ეს წიგნი იწერებოდა, არავითარი რესურსი არ გამაჩნდა, მძიმე დრო იყო ძალიან

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: