RSS

ზნენი სამამაცონი – 10, ფუნდრუკი

29 აპრილი

ფუნდრუკი, ვარჯიშისგან განსხვავებით, საჩვენებელ–სანახაობრივ მხარესაც შეიცავს. ქვემოთჩამოთვლილი სახეობანი საბას ლექსიკონიდანაა ამოკრეფილი, რადგან დღეს მათი მკრთალი ანარეკლიღაა შემორჩენილი.
გადმოცემის თანახმად ილიონის (ტროას) დამაარსებელი ილოსი ფრიგიის ათლეტურ თამაშობათა გამარჯვებული გახლდათ.
თუ დადასტურდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მინოსური კულტურა წინარექართულია (ყოველ შემთხვევაში ვერც ვერავინ გვეცილება ამაში), მაშინ ჩვენებური ფუნდრუკის უძველეს ნიმუშად შესაძლოა მოვიხსენიოთ მინოსის სასახლის 35 საუკუნის ფრესკა. მასზე გამოსახულია აკრობატი, რომელიც წინმალაყით ახტება გამოქანებულ ხარს. სანახაობა, როგორც ჩანს, ტრადიციული იყო, რადგან მსგავსი სცენა კერამიკაზედაც არის გამოსახული.
ხართან ჭიდება ქართულ ეთნოგრაფიულ მასალაშიც არის შემონახული. სამეგრელოში ვ. ბარდაველიძის მიერ აღწერილია დიდი ღმერთის სახელზე გამართული სანახაობა “კურულობა” (სიტყვიდან კურო). ამ დღეს გამოჰყავდათ საგანგებოდ არჩეული ხარი, აბამდნენ პალოზე და ორი კაცი გარკვეული ხნის განმავლობაში ახელებდა, რის შემდეგაც ხარს აუშვებდნენ კაცთან დასაჭიდებლად. მორკინეს იგი შიშველი ხელით უნდა დაეთრგუნა და გაეკოჭა. ამის შემდეგ ერთმანეთს დარჩეული მორკინალნი ეპაექრებოდნენ.
სვანეთში კი, “უფლიშიერის” დღესასწაულზე, რომელიც აღდგომისშემდგომ კვირას იმართებოდა, ლასკარებს, ანუ სამეზობლოებს გამოჰყავდათ დარჩეული ხარები და ერთმანეთთან აჭიდებდნენ.
აქ გავიხსენოთ, რომ ჩვენს ენაში საგანგებოდ გამიჯნულია ცხოველის ცხოველთან, კაცის ცხოველთან და კაცის კაცთან ორთაბრძოლა. პირველ ამათგანს ბუღრაობა, მეორეს ჭიდება და მესამეს რკინება ჰქვია
ფუნდრუკის ერთ–ერთი უმთავრესი სახეობა – ქიჩილორია, რომელიც წყაროებში ჩოგნის ბრუნებადაა მოხსენიებული, უფრო ფართო შინაარსის მატარებელია. იგი მოიცავს იარაღის ფლობის წარმოჩენასაც (ხმლის, შუბის, კომბლის და მისთანათა ტრიალი, ფარით გაკეთებული მოძრაობები და სხვა). მესხეთში დღემდეა შემორჩენილი ერთი საინტერესო ვარჯიში – წინამხრებს შორის მომწყვდეული კომბლის ხელის მოუკიდებლად, მკლავებზე კოტრიალით ატანა ჰაერში. გავრცელებული ვარჯიშია აგრეთვე კომბლისა და ხის სხვა იარაღის მარჯვედ ბრუნება, რომლის ზოგიერთი ილეთი მიუჩვეველ თვალს დაუჯერებელი ეჩვენება.
სინონიმთაგან ალბათ ყველაზე მართებული უნდა იყოს ქიჩილობია (შეადარე: დანასობია, კეტობია, დახუჭობია). აღმოსავლეთ მთიანეთში ამ ვარჯიშს ტორღვება ჰქვია. საბას განმარტებით ტანასობა მხედართა მღერაა და ნიშნავს მხედრის მიერ გაჭენებულ ცხენზე იარაღის ტორღვებას, აგრეთვე სხვადასხვა ტანვარჯიშული ილეთის შესრულებას. რაღაც პერიოდში იარაღის ბრუნება მღერად მოიხსენიება და შესაძლოა ეს განმარტებაც ამის გამოძახილია, თუმცა თვით საბას თქმით მღერა უფრო თავშესაქცევ–დროის მოსაკლავი თამაშების – ბანქოს, ნარდის და მისთანათა სახელია.
აქა–იქ დღესაც შემორჩა ძალოსანთა სადგენი სახეობა – ჯილდაობა, რაც საჯილდაოდ დათქმული ქვის აზიდვას გულისხმობს. განსაკუთრებით მოწონებას იმსახურებდა ამ ქვის გადაგდება ცხენის ან ხარის ზურგსმიღმა, აგრეთვე თავსუკან. ზოგი ვარჯიში წელამდე აზიდვას მოითხოვდა, ზოგი – ადგილიდან დაძვრას (ქვეშ “ქარის გატარებას”). ზოგგან შეჯიბრი ქვის მანძილზე კვრასა და სროლაში იმართებოდა. აზიდული ქვის მანძილზე გადატანაც ერთ–ერთი სახეობა იყო. სვანეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა უშუალოდ აწევის ხერხს. იყო სამი თითით ასაწევი ქვებიც. თავისი საჯილდაო ქვები ქალებსაც ჰქონიათ.
ამ სახეობის პოპულარობაზე მეტყველებს შემდეგი თქმულებაც: – მორიგემ (უზენაესმა ღვთაებამ) ჯილდაობაში ღვთისშვილთა შორის შეჯიბრი მოაწყო. მსაჯულად კვირია დადგა. იახსარს სხვებზე ორჯერ მეტი წონა აუტაცნია და სამჯერ მეტი დაუძრავს.
ფუნდრუკთა ჩამონათვალში ყურადღებას იპყრობს თეძოს კვრისა და ხარდიორდას ცალკე სახეობებად გამოყოფა. ხარდიორდა, ანუ მოგვერდით ფუნდრუკი, დღეს მოჭიდავეთა ვარჯიშის ნაწილია, მაგრამ ძველად, ჩანს დამოუკიდებელ სახეობას წარმოადგენდა. ქართული ჭიდაობის ამ ნაწილის მაღალი ღირებულების დასტურია ისიც, რომ დღეს იგი ძიუ–დოს შეუსრუტავს.
აკადემიკოს ავთანდილ ციბაძის მოგონებით ქართლში XX საუკუნის შუა წლებამდე შემორჩენილა ერთი საინტერესო თამაში “ტრაკაობა”. ეს იყო ერთმანეთზე გამოქანებით გავებით დაჯახება. გამარჯვებულად ითვლებოდა ის, ვინც მეტოქეს უფრო შორს გაისროდა. საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა კარგად უწყის ახლო შერკინებაში ასეთი ვარჯიშით დაყენებული თეძურა დარტყმის ფასი.

ბაჩა ლიკედ – ქვის აზიდვა–გადატანა (სვან.)
ბურთაობანი – იხ. თამაშობანი
თეძოს კვრა – ფუნდრუკთაგანი
თულო – ფუნდრუკის სახეა
თქერება – ცხენზე თამაშობა
მუშაითობა – გაბმულ საბელზე საჭურვლით გავლა, მალაყები და ილეთები
მხარდავერდა –
ნახუჯლისკვნე – სიგრძეზე ხტომა
რბენანი – მოკლე, საშუალო, გრძელ მანძილებზე
მიზანში სროლა
– ისრის: საისრევლო (თუშ.), ლიცვემდალ (სვან.);
– შუბის: ხელშუბის (ლიშნეგალ (სვან.), ხელ–ისრის (ლიჯლითალ (სვან.);
– ქვის: კვრა (ბარჯშ ლიკვანე ლაბა უშ (სვან.); ნიშანში სროლა (ლიშვილიელ ნიშანთე (სვან.); მანძილზე (ჯვედიათე ლიშვილიელ (სვან.); ბადროს მსგავსი ქვის ტყორცნა (ლასურ მატნოშ ბაჩა ლიკვანა (სვან.).
სამჭელი – ფუნდრუკთაგანია
ტანასობა – მხედრის ფუნდრუკი
ფუნდრუკი – ვაჟთა მიერ სრბოლა, ხლდომა და სხვა სიკისკასენი;
ქიჩილორია – ქიჩილოვია, ქიჩილობია, ჩოგნის ან სხვა იარაღის ბრუნება
ჩურო – ფუნდრუკის სახეა
ხარდიორდა – მოგვერდით ფუნდრუკი
ხტომა – სიგრძეზე, დაბრკოლებაზე, ჭოკით
ხუნტრუცი – ქალთა მიერ ფუნდრუკი ძალისაებრ მათისა;
ჯელთაობა – ფუნდრუკთაგანია
ჯილდაობა – ძალოსნური სახეობანი

 

დატოვე კომენტარი