RSS

სულის ფასი

28 Apr

რა იყო ქართველისთვის ათჯერ აღმატებულ მტერთან საბრძოლველი მთავარი იარაღი?

რა და საუკუნეობით ჩამოქნილ-ჩამოხვეწილი საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ კიდევ იყო რაღაც, საუკუნეობით ჩამოქნილ-ჩამოხვეწილი და უფრო მკვიდრი, ვიდრე ნებისმიერი ცოდნა…

ეს არის ჩვენი მებრძოლი გენი, ათასწლოვანი ხელოვნური გადარჩევით მიღებული. ის დღესაც ჩვენშია, ოღონდ, მოჩვენებითი მშვიდობით გაბრიყვებულს, გულის ძილით მიუძინია.

აღარც ჩვენ გვახსოვს მისი მადლი. აქა-იქ, ხანდისხან თუ გამოკრთება ძალუმად, მაგრამ ერთეულთაგან გამოვლენილი სულ სხვაგვარ ახსნასა პოულობს და ჩვენც, წუთიერი აღფრთოვანების შემდეგ, გვავიწყდება ზუსტად იქამდე, სანამ კვლავ თავად არ შეგვახსენებს თავს.

ქართველთა ასეთად ჩამოყალიბება განაპირობა ორმა უმთავრესმა ფაქტორმა:
– გზაჯვარედინზე ყველაზე მეტი ილექება (ეს განსაკუთრებით ეხება საბრძოლო ცოდნას)
– და ხელოვნური გადარჩევით მხოლოდ ასეთები გადავრჩით.

ამ გენის ბრწყინვალე ნიმუშია ვალოდია გოგუაძე, რომელმაც საკუთარი ინიციატივით შექმნა ორი ჯავშნოსანი მატარებელი და საოცარი წარმატებით იბრძოდა აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონტებზე, ხოლო მის ნაომარს ისეთი შედეგი მოჰყვა, რომ ბარე ორი მეფე ვერ დაიკვეხნიდა.

აჭარისათვის ბრძოლაში, როცა მოწინააღმდეგემ ჩააჩუმა ჯავშნოსანიდან მოქმედი ჩვენი ქვემეხი, ტყვიამფრქვევის ჯერით მოცელილმა გოგუაძემ რამდენიმე ათეული მეტრი ფორთხვით დაფარა და ქვემეხი აამოქმედა, რითაც ჩვენს ნაწილებს შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცა.

ახლა გამოვიკითხოთ, რამდენმა ჩვენმა თანამედროვემ იცის სულ ოთხმოციოდე წლის წინ მომხდარი ამ საარაკო გმირობის ამბავი.

გენერალი მაზნიაშვილი ხომ განსაკუთრებული მოვლენაა და არა მარტო ჩვენი საბრძოლო ისტორიისა. არადა, მისი სახელი საკუთარ სამშობლოშიაც კი ახალგაზრდობის ერთმა პროცენტმა თუ იცოდა დღემდე.

და ვისაც სმენია კიდეც, ისიც ასე ფიქრობს ალბათ – საქართველოში გმირი როდის იყო დაფასებულიო – და თვითდამკვიდრებისთვის სულ სხვა გზას ირჩევს.

ვერც გაამტყუნებ. რა სახალისოა იმ ქვეყნისთვის თავის გაწირვა, რომელიც შენს ქვრივობოლს ხეირიან პენსიასაც კი არ აღირსებს.

და ეს მაშინ, როცა ხაზინის და ხალხის მძარცველები გაყვინიზებულნი დაიარებიან.

ან ის რა ჭკუაა, შენს მოქალაქეს წამდაუწუმ, თვით პარლამენტის ტრიბუნიდან, არაქართული წარმოშობა აყვედრო და თან მოსთხოვო – ამ ქვეყნისთვის თავი გაწირეო.

მრავალი წლის განმავლობაში ქართული საბრძოლო შემართების თემა ტაბუირებული იყო და ამას ჰქონდა თავისი ლოგიკა – სწორედ ეს აწყობდა იმპერიას. დღეს კი რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს სამხედროს ღირსების მიმართ ჩვენში არსებულ დამოკიდებულებას.

მტერიც კი ვერ შეძლებდა უკეთესი სცენარის შეთხზვას – დედა საფიცრად გვყავდა და საგინებლად ვაქციეთ, ოჯახის თავი კაცი – მის უფუნქციო დანამატად, ღირსება – ანაქრონიზმად და ბალასტად.

როცა დაფასებაზე და ძეგლის დადგმაზე მიდგება საქმე, უპრეტენზიო გმირები არავის ახსოვს.

ამ დროს ზეზვა გაფრინდაული კი არავის გაახსენდება, არამედ ჯერ პუშკინი, მერე გოგოლი, მერე ლერმონტოვი, ზღაპრის პერსონაჟები, ყაჩაღი არსენა, კინტოები, მამათმავლები და ამათ მერე თუ პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დაგიდგეს, ენა როგორღა მოგიბრუნდება.

არადა, კი იყო ეს პეტრე დიდი მხედართმთავარი, მაგრამ თუ ვინმემ ტახტი წაგართვა და დედოფლის გაბახებაც დაგიპირა, ამ ამბიდან სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ მისთვის თავის გაწირვა გმირობა კი არა, ვირობა მგონია.

ახალი თაობა ცოტა წინ წავიდა – ასეთ ბაგრატიონს ჯონ ლენონი ურჩევნია და მისი ძეგლის დასადგმელადაც ერთხანს გაიფხარკალა კიდეც.

ჰოდა, იქნებ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ჩამოვაყალიბოთ ულტიმატიური ფორმულა – მიჩვენე დაფასებული გმირი და ისეთ გმირობას გიჩვენებ…

ვოლტერს კი ეს საქმეც თავისებურად გაუჩხრეკია და დაუსკვნია: მათრახის ღირსია ერი, ვისაც გმირები სჭირდებაო.

ბარაქალა! თუ ყველამ თავისი საკეთებელი აკეთა, თითო-ოროლას თავგანწირვა ვინძლო მართლაც აღარ გახდეს საჭირო.

ისე, არც გმირი გვყავს იმდენი, მათრახი რომ ვიცეთ.

მაინცა და მაინც არც მეფე ლუარსაბს უნდა უნდოდეს ჩვენისთანებისგან დადგმული ძეგლი.

დანახვა უნდა გინდოდეს კაცს, თორემ რაც ჩვენ გვჭირს, ის უბრალო სარკეშიაც კარგად ჩანს.

 
5 Comments

Posted by on April 28, 2009 in საზრისი

 

5 responses to “სულის ფასი

  1. ნიკო

    September 27, 2009 at 10:50 am

    დღეს ქართველობის ნომერ პირველი ამოცანა (ყოველ შემთხვევაში – ერთ-ერთი უპირველესი მაინც) უნდა იყოს თანამედროვე იარაღის წარმოების შექმნა.

    ვალოდია გოგუაძის მემუარები ჩემი ერთ–ერთი სამაგიდო წიგნია.

     
  2. ზვიად

    January 14, 2010 at 11:49 am

    მე ძალიან მოხარული ვარ რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობენ ისეთი ადამიანები ვინც ჩემი დიდი ბაბუის ვალოდია გოგუაძის მსგავსი ადამიანების შესახებ იცის და მითუმეტეს მისი მემუარები სამაგიდო წიგნად გაუხდია…. დიდი მადლობა ავტორს პატ. ზვიად გოგუაძე

     
  3. ელდორადო

    July 18, 2010 at 2:13 pm

    ჩვენ ოდითგანვე მებრძოლი სული გვიდგია.

     
  4. ავთანდილი

    October 13, 2010 at 12:05 pm

    ზვიადი გოგუაძეს ვეხმაურები ვალოდია ჩემი დიდი ბაბუააო ვისი შვილი ბრძანდებით უკაცრავად მე ავთანდილ გოგუაძის შვილიშვილი ვარ

     
  5. ზვიად

    February 4, 2011 at 12:34 pm

    ბატონო ავთანდილ თქვენ რამდენადაც მითხრეს ვალენტის შვილთაშვილი უნდა იყოთ, მე ალფეზის შვილთაშვილი ვარ, ენვერის შვილიშვილი და ალფეზის(ალეკო) შვილი სურამიდან.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: