RSS

ზნენი სამამაცონი – 8, სიტყვის კონა

23 Apr

“აქ ლექსიკონი არ იყო, და-ცა-ჰკარგოდათ ქართველთა,
უკრძალველობით ფურცელნი გაებნიაყე ქართ ველთა.”
სულხან-საბა

დღეისთვის ხალხური შეჯიბრისა და თამაშობის ათობით სახეობა, ათასობით ილეთი და სეფური ელის სერიოზულ მკვლევარებსა და მიმდევრებს. ყოველივე ეს კი, ბუნებრივია, საჭიროებს სათანადო ლექსიკას.

ამის გამო წინამდებარე ნაშრომის ყველა მიმართულებას ერთვის შესაბამისი სიტყვის კონა. ეს არის ფიზიკური აღზრდის ეროვნული სისტემისთვის ტერმინოლოგიის მოკრებისა და პირველადი მოწესრიგების მცდელობა.

ვფიქრობთ იგი გარკვეულ სამსახურს გაუწევს ქართულ არმიასა და სპორტსაც, მით უფრო, რომ ეს დარგები ყველაზე მეტად იმყოფებიან ბარბარიზმების ტყვეობაში.

არადა, ჩვენს ენას ამ მიმართულებითაც გასაოცარი შესაძლებლობანი გააჩნია. მარტო აქ თავმოყრილი სიტყვების გაცნობა-გახსენებითაც კი ქართველი თავიდან აღმოაჩენს მშობლიური ენის სიდიადეს და იმასაც, რომ ენა უმთავრესი იარაღია ჩვენი ერის უკვდავებისა, ოღონდ, თუ გინდა მართლად გემსახუროს, ხმლის მსგავსად, მასაც ჟანგისგან დაცვა ჭირდება და დროის შესატყვისად გალესვა.

იოანე-ზოსიმესი არ იყოს, ათასგვარი საიდუმლოთი დაყურსული ჩვენი ენა ყველაზე ნათლად მეტყველებს, თუ ვინ ვართ და რა გზა გამოგვივლია უდიდესი ცივილიზაციიდან გადარჩენილ და ფერფლიდან არაერთხელ აღორძინებულ ერს. აბა დააკვირდით – საოცარ ქართულ ზმნას თითქოს ჩვენი დღევანდელი განვითარების დონე არც აკმაყოფილებს და გველოდება, როდის დაგვჭირდება კვლავ სრული სისავსით.

რაც შეეხება დამწერლობას, მეცნიერთა აზრით ზმნები “ჭრა” და “წერა” ერთი ძირისანი არიან და შესაძლოა “წერა” ზმნა ასო-ნიშნების ქვაზე ჭრის დროინდელია. ამ ძირიდან მოდის სიტყვა წერაქვიც.

სიტყვა “ნაჭრელი”, რომელიც ამჟამად ნაქსოვი ორნამენტის მნიშვნელობით იხმარება აღმოსავლეთ მთიანეთში, ქვაზე (ან ხეზე) ნაკვეთ სახეთა ერთობლიობას (ჩუქურთმას) უნდა რქმეოდა.

შესაძლოა იმავე მდინარებიდან მოდის ჰანგთა ჩასაწერი სამუსიკო ნიშნების სახელი – “ჭრელები”.

აპოლონიოს როდოსელის მიერ ნახსენები კოლხური კვირბები, რომლებიც იმ დროისათვის სახმელეთო და საზღვაო გზების ყველაზე სრულყოფილ აღწერად იყო მიჩნეული, დამწერლობის არმქონე ხალხს როგორ უნდა შეედგინა?

მიზეზთა გამო აქ თავმოყრილ სიტყვათა უმეტესობა თითქმის დავიწყებასაა მიცემული და ხშირად ტლანქი უცხოური შესატყვისითა და კალკითაა ჩანაცვლებული. რით არა სჯობს მაგალითად “აპერკოტს” – “აბრაგინი”, “დისტანციის დაცვას” – “გორინი”, “ორიენტირებას” – “სენთი”, “ბუნებრივ პირობებთან შეგუებას” – “გარისობა”, “იმიჯს” – “აღი” და ა.შ.

იმედს ვიტოვებთ, რომ შემოთავაზებული ტერმინოლოგიის ნაწილი, თუ კი ის სავარჯიშო დარბაზში შეაღწევს, ამ გზით მაინც დაუბრუნდება ქართულ მეტყველებას.

გარდა ამისა, ზოგი ტერმინის მნიშვნელობა დაკარგულია ან ფერშეცვლილი და მათი აღდგენა საგანგებო ანალიზს მოითხოვს. მაგალითად, სულხან-საბას ლექსიკონში გვხვდება სიტყვა შემდეგი განმარტებით – “მაკარტო – ხრიკი მორკინალთა”.

ამავე დროს, ზოგიერთ კილოკავში მაკრატელი გამოითქმის როგორც მაკარტელი (ამავე მნიშვნელობით იხმარება “მაკრატოც”). აქედან იბადება კითხვა – შესაძლოა თუ არა, რომ “მაკარტოს” რაიმე საერთო ჰქონდეს ფეხებში ჩავარდნით მოცელვასთან, რომელსაც “მაკრატელას” ეძახიან?

და კიდევ ერთი – მრავალი წყაროდან ერთად თავმოყრილ სიტყვათა კონა უფრო შთამბეჭდავად გვიჩვენებს, თუ რაოდენ დიდ და მკითხველთა ფართო წრისთვის დღემდე უცნობ ფენომენთან გვაქვს საქმე. საჭაშნიკოდ ავიღოთ რამდენიმე სიტყვა:

გოთაული – საერო საქმიდან განმდგარი, იარაღით მებრძოლი
გლუნაობა – ყინულზე თავმოხრილი ჯოხებით თამაში
ებანი – დაფი, ტინბანი, საკრავი განმარისხებელი გულთა კაცთა
ლაშქართა გარდახდევა – უმძიმესი სასჯელი, სამხედრო უფლების ჩამორთმევა (შემორჩენილია წყარო, რომლის თანახმადაც ხეთთა მეფემ, თელეფინუმ ერთ-ერთი დიდგვაროვანი დასაჯა იარაღის აყრითა და სამეურნეო საქმეზე გამწესებით).
მემათრახე – მეომრის მწვრთნელი
მსახვრალი – გრძნებით მძვინვარე მხეცნი მოამშვიდიან
სამანეო – სასისხლო გადასახადი წაქეზებისთვის
სამდგომი – ძველნი კაცნი ბრძოლათა ორთა ანუ სამთა ცხენთა ზედა მიმოვლდებოდიან
ჩალისობა – რიგრიგობით ომი
ჩახთაული – ლაშქრის უკან მიმლალველი
ხინტკირია – თვალახვეული ხანჯლაობა

ამოკრეფილ სიტყვის კონაში ბევრია კუთხური და არქაული ერთეულები, მაგრამ ისინი ყველა ჩვენი ენის პირმშოა და ხშირად სრულიად უსამართლოდ მივიწყებული. როგორც კ. გამსახურდია აღნიშნავს – ქართულს, განსხვავებით მეტწილ ევროპულ ენათაგან, რომლებიც ბუნებრივად მოიხმარენ მონათესავე ენის ლექსიკურ ერთეულებს, განვითარების სხვა რესურსი, თვინიერ კილოკავებისა, თითქმის არ გააჩნია.

ამავე საკითხს ეხება ვაჟა-ფშაველაც ერთ-ერთ წერილში, სადაც გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ედავებიან – კუთხური სიტყვა “მოცხარი” რად იხმარე, ჩვენებურად მაგას “სმაროდინა” ჰქვიაო.

ვაჟა პასუხობს, რომ მრავალრიცხოვან ერთა დიდ და სახელგანთქმულ ენებს ხშირად ერთიდაიმავე სიტყვით მრავალი ცნება აქვთ აღწერილი, მაშინ როცა ქართულში თითოეულ ამ ცნებას რამდენიმე სინონიმი გააჩნია და რომ ეს სინონიმები სიმდიდრეა ენისა.

აქ გავიხსენოთ სტრიქონი მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან – “წვიმა გინდა? მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა” (ქვემოთ, ერთ-ერთ თავში, გარისობის სიტყვის კონაში, თავმოყრილია წვიმის სამოცზე მეტი სინონიმი!).

ნაშრომის თავებზე დართულ სიტყვის კონაში ზოგი ტერმინი არაქართული წარმომავლობისაა, მაგრამ ცოცხალი თაობის მეხსიერებაში ამგვარი სიტყვებით არაერთი ცნება აღიწერება და მკვლევარისთვის ისინი აუცილებელია მოპოვებული მასალის ანალიზისათვის.

 

One response to “ზნენი სამამაცონი – 8, სიტყვის კონა

  1. tatia

    March 1, 2012 at 8:18 pm

    dzalian kargia.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: