RSS

ზნენი სამამაცონი – 7, მებრძოლი სული

23 Apr

 
 “აჰა, ჩვენცა ხელნი ხრმლად და სულნი ღმრთად”
ქართლის ცხოვრება

 
“ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს და აგრეც არის, საცა ერი ერობსო” – ამბობს დიდი ილია.

ზეპირსიტყვიერებამ, ისტორიულმა და ლიტერატურულმა წყაროებმა შემოგვინახა არაერთი ბრწყინვალე სახე ქართველი გმირისა. გვხვდება როგორც ყოველმხრივ სამაგალითო პიროვნებანი, ასევე ხალხი, რომელნიც ყოველდღიურობაში შეუმჩნეველნი ყოფილან, ხანაც თემისგან ათვალწუნებულნი, მაგრამ გადამწყვეტ ჟამს უყოყმანოდ დაუდიათ თავი სამშობლოსთვის.

მათი ხასიათების მრავალი წახნაგიდან ერთ-ერთზე, ვფიქრობთ, ღირს მკითხველის ყურადღების საგანგებოდ შეჩერება.

ერთ ცნობილ ხალხურ ლექსში ნათქვამია: “ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისანი”, ან კიდევ: “ვაჟოკაცო გულოვანო, ღვინისფერო, მცინარეო, ხმლის სიმოკლე რას დაგიშლის, ფეხი წადგი წინარეო”.

ამ სტრიქონებში არა ოდენ სიმამაცისკენ მოწოდებასთან გვაქვს საქმე, არამედ გამოკვეთილია მეომრის აღზრდის უმთავრესი გეზი: – რკინის გული, ანუ სულიერი სიმხნევე და მოწინააღმდეგის დაფრთხობა იყო ქართველთა საბრძოლო წარმატების უპირველესი საწინდარი, რადგან თუნდაც საუკეთესო ხმალ-შუბი ვერაფერი შეღავათი გახლდათ ათჯერ აღმატებულ მტერთან შებმისას.

ნურც რუსთაველის ამ სტრიქონს გადავურბენთ ზერელე თვალით – “მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს.”

საუკუნეებს გამოღმა შემოუნახავს ელვარება მემატიანის ამ გასაოცარ სტრიქონებს: -“ხოლო ფარსმან ქველი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო…”

ერთ ბრძოლაში მეფე ფარსმანს ბუმბერაზთა შერკინებებში 17 ნარჩევი სპარსი ფალავანი დაუმარცხებია.

თუმცა მებრძოლი მოვალე როდი იყო უანგარიშოდ შეეკლა თავი მტრისთვის. სამშობლოს დამცველისთვის სიმამაცე გააზრებული აუცილებლობაა, მტრის დასათრგუნად მიმართული და მთავარი თავგანწირვა კი არა, არამედ საბრძოლო ამოცანის შესრულებაა, რაც მხოლოდ მშვიდი განსჯის ნაყოფი შეიძლება იყოს. ამას ადასტურებს ხალხური ლექსიც: “ნუ აჩქარდები ვაჟკაცი, მიწა არ ძღება მტვრიანი, ამაყი ადრე მაკვდება, დიდხანს იცოცხლებს ჭკვიანი”-ო.

ხშირად კი მოპაექრე შექებულია შერკინებისას ხუმრობისა და კაფიაობისთვის, რაც მის უაღრეს ოსტატობასა და გაწონასწორებულობაზე მეტყველებს: “ვაშკაც უნდ იყვას ისეთი, ფიცხად ხმარობდეს დანასა, სიცილით უნდა იშუღლას, ხმაიც არ გაიტანასა.”

თუ რამდენად შეგუებული იყო ჩვენი წინაპარი მტრის რიცხვობრივ სიჭარბეს, ნათლად ჩანს ქვემოთმოყვანილი სტრიქონებიდან.
საბრძოლო ხელოვნების ნებისმიერი ოსტატი სულ იოლად განგიმარტავთ, თუ რას გულისხმობს ძველი გამოთქმა – “დაკვრა სჯობს დაღირებასა”.

ორთაბრძოლაში (და ხშირად გუნდურ შერკინებაშიაც) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი და შეტევაზე გადასვლა შემტევს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აყენებს თავდამცველთან შედარებით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავდამცველი იძულებული ხდება უკან დაიხიოს, ანუ იმოძრაოს იმ მიმართულებით, საითაც თვალები არ ასხია, რაც ხელს უშლის უშუალოდ მეტოქეზე ყურადღების გამახვილებაში.

გუნდური შერკინების დროს ასეთი უწესრიგო უკანდახევა იოლად იწვევს არეულობას და ქმნის პანიკას. როგორც წყაროებიდან ჩანს, ქართველები საკმაოდ გაწაფულნი იყვნენ სწორედ ამ მდგომარეობის შექმნასა და მისით სარგებლობაში. ამის მშვენიერი მაგალითია დიდგორის ბრძოლა, რომელმაც სულ სამ საათს გასტანა. მოწინააღმდეგის ათჯერ აღმატებულმა ლაშქარმა ვერ გაუძლო ორი მხრიდან დარტყმას, აირია და უწესრიგოდ დაიხია უკან.

საბრძოლო ოპერაციების აღწერისას არაერთხელ არის ხაზგასმული მცირერიცხოვანი საგანგებო რაზმის ქმედება, რაც მეტწილად განსაზღვრავს კიდეც საბოლოო შედეგს. ვახტანგ გორგასლის მემატიანის თქმით, ბრძოლის ყველაზე დაძაბულ უბანზე მეფე “რჩეულითა მხედრითა უზახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინისცემდა სპათა მისთა”.

ამისავე დასტურია ქართველთა მოწინავე რაზმის ოპერაცია დიდგორის ომში.
დავითის და თამარის დროს წესად იყო ქცეული, რომ ქართულ მოწინავე რაზმებს იერიში მიეტანათ მტრის უმთავრეს (რჩეულ) ნაწილებზე. ამის ანარეკლი უნდა იყოს ტარიელის მიერ ნათქვამიც: “მუნ მივმართე მკლავმაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა”.

დავითმა იმთავითვე ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად დაისახა საგანგებოდ გაწვრთნილი გვარდიის შექმნა, რომელსაც ბრძოლის დაწყებისთანავე ფსიქოლოგიურად უნდა გაეტეხა მოწინააღმდეგე. ლაშქრის შექმნა მან დაიწყო “მონა-სპით” – ერთგული გვარდიით, რომელსაც “ზამთარ-ზაფხულ დაუცხრომლად” ალაშქრებდა და ამგვარად გაწვრთნა “უწყინოთა ლაშქრობითა, და მცირედ-მცირედი ბრძოლითა და სწავლითა გუარიანად და ღონიერად წინაძღომითა და მრავალთა ძლევათა მიერ მოგონებითა”.

“თუით მეფე, არა თუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თვისთა ანუ შორით უზახებდა… არამედ უპირატესად ყოველთასა თუით წინა უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღალითა”.

ამრიგი “უწყინო ლაშქრობათა” სარდლობით, ასევე დაზვერვის ჩინებული სისტემის გამართვით, დავითმა თანდისთანობით, გამიზნულად შექმნა ყოვლისმცნობელი და უძლეველი მეფის ხატი, რომელიც ესოდენ დამთრგუნველად მოქმედებდა მტერზე.

ამავე დროს, იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საკუთრივ მებრძოლისა და მოქალაქის ზნეობრივ სახეს. მემატიანის ცნობით “საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა საძულელი და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქარსა შინა მისთა და ურიცხვსა მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის”.

ამ ძალისხმევამ ხანგრძლივი თურქობისგან დაკნინებული და სულიერად წამხდარი მოსახლეობის აღსადგინებლად სწრაფად გამოიღო სასურველი შედეგი. ბრძენი მეფის ეს ნაბიჯი მაგალითია ყველა თაობის ხელისუფალთათვის.

ურიგო არ იქნება, თუ სწორედ აქ გავიხსენებთ მემატიანის მიერ საოცარი სიზუსტით გამოკვეთილ სატკივარს ჩვენი ქვეყნისა, რომელსაც კარს მონღოლთა ურდო მოსდგომია:
” – განძღეს და იშვებდეს და უწესობად მიდრკეს სიძვათა შინა და მთვრალობათა უგნურნი კაცნი, მეფისა კარსა ზედა არა ყოფისა ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი”.

საქართველოს ისტორიაში ლაშა-გიორგი ტოლს არავის დაუდებს არც სამშობლოს სიყვარულით, არც საბრძოლო ოსტატობითა და არც სიმამაცით, მაგრამ ზნეშერყეული ქვეყანა, რომელიც ინერციითღა იქნევს ხმალს, მტრისთვის იმდენად საშიში აღარ არის.

შამქორის ბრძოლის წინ, როდესაც მზვერავთა რაზმმა მოიტანა ამბავი მტრის უზარმაზარი ლაშქრის შესახებ, ხანგრძლივი ლაშქრობით გაბეზრებული ქართველთა სარდლობა და ჯარი ერთიანად სიხარულს მოუცავს მტრის სიახლოვის გამო. ერთიღა გაჰკვირვებიათ – ნუთუ ასე ეიმედებათ თავიანთი “სიმრავლე-აურაცხელობა”, რომ გამაგრებული ადგილები მიუტოვებიათ და წინ გამოსულანო.

ჟამთააღმწერელს “მონღოლთადროინდელ მატიანეში” ასეთი ამბავი აქვს მოთხრობილი – მანდატურთუხუცეს ბექას ტყვედ აყვანილმა თურქებმა აუწყეს – “აზატ-მოსე ოცდაათი ათასისა მხედრითა წარვიდაო ვაშლოვანს და ორმოცი ათასი დაუტევა და წარმოავლინა ტაოს, ხვალე ანუ ზეგე მოვალსო”.

ბექამ ცნობა სანდოდ მიიჩნია და ლაშქრის ერთი ნაწილი თავისი ყრმა შვილის, სარგისის მეთაურობით დაადევნა აზატ-მოსეს (ყრმად, იმდროინდელი მნიშვნელობით, ოც წლამდე ასაკისა იწოდებოდა).

“ხოლო წარისწრაფა სარგის და მიეწია ვაშლოვანის მთათა ზედა მიმავალსა თურქსა. და ვითარ იხილეს უკანა კერძო ლაშქარი, განკვირდეს და მსწრაფლ მოაქციეს ჰუნენი სარგისის კერძო. იხილეს სიმცრო ლაშქრისა, რამეთუ იყვნეს მესხნი ხუთასი, ხოლო თურქნი – ოცდაათი ათასი. განიხარეს და ჰგონეს მოწყვედა ყოველთა.

მაშინ მხედარნი სარგისისნი ზედა მოეტევნეს უშიშრად, ხოლო სარგის წინა განეწყო და სპანი მისნი მიეტევნეს მხნედ. იქმნა ომი სასტიკი. და პირველსავე შეკრებასა მიდრკეს თურქნი სივლტოლად და იოტნეს ძლიერად”.

ბრძოლის ველზე დარჩა დაღუპული ხუთას ცამეტი თურქი და ხუთი ქართველი.

ტაციტუსის ცნობით ფარსმან პირველს ასე მიუმართავს ლაშქრისთვის პართელებთან ბრძოლის წინ: ” – აქ ვაჟკაცებია, იქ კი ნადავლი!” (ქართული წყაროს თანახმად: “- აჰა ლომნო მძვინვარენო, ცხოვარნი დასეტყვილნიო!”).
ამ კუთხით საინტერესოა აგრეთვე ფარსადან გორგიჯანიძის ერთი ცნობა ლუარსაბ I-ის შესახებ. მისი თქმით, მეფე ასე შთააგონებდა თავის ლაშქარს -“მამაცმან კაცმანო უნდა თავის თავი მგელს ამსგავსოსო და მტრის ლაშქარი ცხვარი ეგონოსო”.

თავად ლუარსაბი ხომ საარაკო მებრძოლი იყო. გარისის ბრძოლას, ხანდაზმულობის გამო, გორაკიდან ადევნებდა თვალს რამდენიმე მოხუც სარდალთან და სასულიერო პირთან ერთად. მეფისწულ სიმონის მიერ ოტებული მტრის ერთი რაზმი ალყიდან გასვლას სწორედ ამ გორაკის გავლით ეცადა და მეფეს და მის მცირე ამალას კი გადააწყდა.

მეფემ მხლებელს შუბი გამოსტაცა და მტერს ეკვეთა. მალე, დალეწილი შუბის წილ, ხმალი იშიშვლა, როცა ისიც დაემსხვრა, ცხენის დაძგერებით განაგრძო ბრძოლა და რამდენიმე კაცი ასე ჩამოყარა ცხენებიდან.

სათაყვანო მამულიშვილი წარმოუდგენელი უიღბლობის მსხვერპლი შეიქნა – ყველა იარაღი დაემტვრა, ცხენს ფეხი ნაპრალში ჩაუვარდა და წაიქცა, თავად კი უჩაფხუტოდ იყო, რადგან ბრძოლაში ჩართვა მოულოდნელად მოუხდა…

დავბრუნდეთ ოდნავ უკან და გავიხსენოთ, რომ ლუარსაბმა მოხუცებულობის გამო უარი თქვა ბრძოლაში მონაწილეობაზე. არადა, მეფეს მთელი ცხოვრება უნაგირზე და ხელში ხმლით ჰქონდა გატარებული, ანუ ბრძოლა მისი სტიქია იყო. ალბათ მართლა აღარ ერჩოდა მკლავში ძალა, თორემ უარი რატომ უნდა ეთქვა.

ხოლო თუ ასეა, მაშ რით უნდა აიხსნას მის მიერ მოგვიანებით გაჩაღებული საარაკო ბრძოლა. ჯერ იყო და მხლებელს შუბი გამოსტაცა და თავად ეკვეთა მტერს, ანუ მცველს უკან ამოფარება არც უფიქრია. არც იარაღების მტერზე შელეწვა უნდა იყოს იოლი დაუძლურებული მოხუცისთვის, მით უმეტეს, რომ მეფეს, თანაც ასეთ სანაქებო მეომარს, განსაკუთრებული ხარისხის ხმალი ექნებოდა. ბოლოს, უიარაღოდ დარჩენილი, ცხენის შეძგერებით უტევს მტერს, ანუ ახალგაზრდისთვის შესაშურ სიჩაუქეს ავლენს.

ლოგიკით ერთადერთ დასკვნის გაკეთება შეიძლება – ლუარსაბ მეფე ომისთვის მართლაც ძალიან მოხუცი იყო, მაგრამ საგანგებო შემთხვევაში მას შეეძლო ხელუხლებელი სასიცოცხლო ძალის გამოხმობა მომავლის მარაგიდან, ასეთი უნარის გამომუშავებას კი განსაკუთრებული ცოდნა და აღზრდის მეთოდი სჭირდება.

განა ასევე საოცარი არ არის ვინმე მარტინ გოდეროს მიერ მანუჩარ ჯაყელზე მოთხრობილი ამბავი – უიარაღო ათაბაგი შედის თურქთა სარდალ მეჰმედ-ფაშას კარავში, სადაც მისი მოკვლა აქვთ განზრახული. მეჰმედის პირისპირ მდგომმა ათაბაგმა ზურგიდან თავდასხმა იგუმანა, მობრუნდა, მკვლელს მოქნეული ხმალი გამოსტაცა და თავისივე ხმლით ჭიპამდე ჩააპო.

შემდეგ დანარჩენებს მოუბრუნდა (არ დაგავიწყდეთ – ეს იყო მანუჩარის მოსაკლავად შემართული ათი რჩეული მეომარი). გახელებული მანუჩარი თავზე დაესხა მათ და თურქთა სარდლისთვის რამდენიმე ჭრილობის მიყენება მოახერხა, სანამ საშველად შემოსწრებული თანამებრძოლნი გაარიდებდნენ იქაურობას.

ისტორიულ და ლიტერატურულ ძეგლებში ასევე მოიხსენიება ერთი საინტერესო ქცევა. შეტაკების წინ მავანი მეომარი სანაძლეოს დებს თანამებრძოლებთან – მტრის ჯარში გავალ და გამოვალო. სათანადო პირობის შემთხვევაში იგი უახლოვდება მტრის წყობას, ხმლის ტრიალით გაჰკვეთს მას და უკან ბრუნდება.

გადმოცემით ცნობილია, რომ სახალხო გმირი შეთე გულახაიძე, უკვე საკმაოდ ხანდაზმული, ბრძოლაში პირდაპირ კი არ ეკვეთებოდა მტერს, არამედ წინმალაყით თავზე გადაევლებოდა პირველ რიგს და იქღა დაბზრიალდებოდა ორი ხმლით.

ბუნებრივია, ეს სულაც არ მიუთითებს მის ექსცენტრულ ბუნებაზე. შეთე ამას სავსებით პრაქტიკული მოსაზრებით ჩადიოდა – მტერს ზაფრას სცემდა და მისიანს ამხნევებდა უჩვეულო სიყოჩაღით. მხნეობას კი, იმდროინდელ რკინებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ხალხური ლექსის თანახმად – “სამჯერა ჰქონდა შეთესა აზარი ათავებულიო”. აზარი ასი მტრის მოკვლას ნიშნავს და, თავად შეთემ, მეფისნაცვალ ვორონცოვთან საუბრისას, განმარტა, რომ ეს სამასი კაცი მასთან პირისპირ შერკინებაში იყო დაღუპული, თორემ დევნის და სროლის დროს მოკლულთა რიცხვი არც დაუთვლია.

თუ გავიხსენებთ არისტოტელეს ცნობას იბერების შესახებ – “საფლავის გარშემო მიცვალებულის მიერ მოკლული მტრის რაოდენობის სარებს არჭობენო”, წარმოიდგინეთ, შეთე გულახაიძის საფლავზე რამხელა ტყე უნდა აღმართულიყო.

წინაპართა ოსტატობის აღწერისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც მომხდური იყო ჯაბანი. სამეკობრეოდ მავალი კაცი, რაკიღა ამ საქმით ირჩენდა თავს, შესაბამისი ოსტატობითაც უნდა ყოფილიყო თავდაიმედებული.

ბუნებრივია, როცა ოჯახის დასაცავად სწირავ თავს, საშოვრისთვის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება კი ლოგიკას მოკლებულია.
ამდენად, წინაპართა საბრძოლო წარმატებები ძლიერთა შორის უკეთესობის დასტურია და სწორედ ასეთ ცოდნას ეწოდება ხელოვნება. ამის ნათელი მაგალითი მრავლად მოიძევება ჩვენს წყაროებში, ოღონდ გაწაფული თვალით წაკითხვას მოითხოვს.

ამჯერად საჭაშნიკოდ მხოლოდ ვახტანგ გორგასლის მიერ გარდახდილი ორთაბრძოლები გავიხსენოთ და დავაკვირდეთ, თუ რაზე ამახვილებს ყურადღებას საბრძოლო ხელოვნების თვალსაჩინო ოსტატი და მკვლევარი ზურაბ ლეჟავა:

ვახტანგის მოკავშირე სპარსთა ფალავანს ფარსმან-ფარუხს ხაზარმა გოლიათმა თარხანმა პირველივე შეტაკებისას ხმლის ერთი დაკვრით ბეჭამდე ჩაუპო ჩაფხუტიანი თავი, რაც მეტყველებს მის ბევრად აღმატებულ ოსტატობაზე მეტოქესთან შედარებით.

ამის შემდეგ, ჭაბუკი მეფე თავად გადაწყვეტს ხაზართა უძლეველ ფალავანთან შერკინებას. აქ ჯუანშერის მიერ საოცრად დრამატული, განცდით დამუხტული სურათია დახატული: – “მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თვისსა, და რქუა სპათა თუისთა: “ევედრებოდეთ ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით”. წარვიდა ვახტანგ, და დადგა სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნებულნი და სავსენი მწუხარებითა თვის-თვისსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა”.

ემოციით დამუხტული მკითხველი მოვლენათა შემდგომი გამძაფრების მოლოდინშია, მაგრამ ვახტანგი, ასევე პირველივე შეტაკებისას, გამჭოლ განგმირავს თარხანს – “აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსავე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურვლისამან, და განვლო ზურგით…”

ასეთი მოულოდნელი, დოკუმენტური სიმშრალით ასრულებს ჯუანშერი ამბავს ვახტანგის საბრძოლო ნათლობისა. ალბათ ზუსტად ასე მოხდა და იმიტომ. ამბის დასასრული თუმც ნაკლებ ფერადოვანია, მაგრამ უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე ბუმბერაზთა მრავალდღიანი კვეთება და იარაღის ლაწალუწი.

მეორე დღეს მეფეს ოვსთა ფალავანთან უწევს შერკინება, გოლიათ ბაყათართან, რომელსაც “მოესრა ყოველნი მებრძოლნი მისი: რამეთუ იყო სიგრძე მშვილდისა მისისა თორმეტი მტკაველი და ისარი მისი ექუსი მტკაველი.”

მეტოქის წახდენას ვახტანგი მდინარის გამოღმიდანვე იწყებს, როცა შეახსენებს, რომ მეფეა და ამიტომ ბაყათარმა თავად უნდა გამოსტოპოს მდინარეში.

“მაშინ ვახტანგ უკუდგა. გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თუალთათა, და სიმახვილითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორსვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯვითა მიეახლებოდა…

და ვერა ჰკრა ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერა ჰკუეთა ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და ვიდრემდე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუხდა ზედა და და უხეთქნა ხრმალი მხარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე.

მაშინღა დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფით მიჰყო ხელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი.”

ერთობ ცივი გონებით წარმართავს ამ თავბრუდამხვევ შერკინებას ჭაბუკი მეფე, “სიმახვილითა გონებისათა” ირიდებს ბაყათარის ნატყორცნ ისრებს. ამასთანავე, ორთაბრძოლას მაშინ კი არ ჩათვლის დასრულებულად, როცა მეტოქეს მოსპობს, არამედ როცა მისი ცხენის სადავეს დაისაკუთრებს, რათა ამხედრებულმა განაგრძოს ბრძოლა.

სხეულისა და გონების ასეთი ერთობა მრავალწლიანი გამოცდილებით დაყურსული მორკინალისთვისაც კი შესაშურია და წვრთნის განსაკუთრებულ ცოდნაზე მიუთითებს.

არ დაგვავიწყდეს – ამ დროისათვის თექვსმეტი წლის ვახტანგს საკუთარი საბრძოლო გამოცდილება არ გააჩნდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საურმაგ სპასპეტი, მამამძუძე და მასწავლებელი მისი, მორკინალის აღზრდის საოცარ სისტემას იყო ნაზიარები.

ბერძენთა სპასპეტ პალიკარპოსთან შერკინებისას ვახტანგი ფარიკაობის ჩინებულ ცოდნას ამჟღავნება: “და აღიზახნეს ორთავე მათ განწყობილთა ხმითა საშინელითა, და იყო ხმა იგი ვითარცა ხმა ქუხილისა, რომლითა შეიძრა ქვეყანა. და დასცა ლახუარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა, რომელი იყო ვიგრის ტყავისა, და განავლო ფარსა ვითარ წყრთა ერთი, რამეთუ იყო სიმსხო ლახურისა ვითარ მკლავი კაცისა. და მისცა ფარი იგი მეფემან ლახუარსა მისსა, და მიეტევა პირისპირ, და სცა ხრმალი ჩაბალახსა ზედა და განაპო თავი მისი ვიდრე ბეჭამდე.”

ასევე საინტერესოა ვახტანგის შერკინება სინდთა მეფესთან: “მაშინ იწყეს რბევად მრგულივ ნავარდსა, და ღონესა ეძიებდეს ორნივე, რამეთუ შეჰყვეს წუერსა ჰოროლისასა. მაშინ დაიჟამა სინდთა მეფემან შეყოლა ვახტანგის ჰოროლის წვერისა და შეუტევა, რათამცა სცნა ჰოროლნი.

ხოლო სიმხნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა მიუდრკა ვახტანგ ჰოროლსა და წარხდა, და შემოუმრგლო ვითარცა გრიგალმან და სცნა ჰოროლნი სინდთა მეფესა ბეჭსა მარცხენასა. ვერ უფარა სიმაგრემან საჭურვლისამან, და იწყლა წყლულებითა დიდითა, რამეთუ წინათ განვლო წყრთა ერთი. და ჩამოიჭრა სინდთა მეფე, და მივიდა ზედა ვახტანგ, ჩაჰყო ხელი და უპყრა ფერხი მისი, და თრევით მიიღო წინაშე სპარსთა მეფისა.”

* * *

ერთად თავდაყრილი ეს საოცარი ამბები კიდევ უფრო გვიმძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ საქმე გვაქვს არა სხვადასხვა მიმართულების საბრძოლო გამოცდილებათა მარტივ ჯამთან, არამედ ამ ბაზაზე აღმოცენებულ და განვითარებულ ურთულეს სისტემასთან.

თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ბრძოლის წინ სრულდებოდა საგანგებო “როკვები” და “დავლურები”, თვალნათლივ დავინახავთ მეომრის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების არა ოდენ დროის შესატყვის, არამედ ფრიად დაწინაურებულ ცოდნას.

ქართული ტრადიცია მეომარს ადრეული ასაკიდან უყალიბებდა მებრძოლ სულს და ამ აღზრდას საფუძვლად, გარდა სამშობლოს სიყვარულისა, პიროვნული ღირსების გრძნობასაც უდებდა. ხუთიოდე წლის ვაჟი რომ შესულიყო სახლში, ხანდაზმულნი პატივისცემას ფეხზე წამოდგომით გამოხატავდნენ თურმე.

როცა დემეტრე თავდადებულს მონღოლებმა ქაიროზე შეტევისას შეუთანხმებლად წინ გაჭრისთვის პასუხი მოსთხოვეს, მეფემ განუმარტა – ქართველებს ბრძოლაში სხვისი ზურგის ცქერა წესად არ გვაქვსო.

ღირსების გრძნობა ჩვენში არც გლეხს ჰქონია ნაკლები. როდესაც მეგრელ გლეხთა აჯანყების მეთაურს უტუ მიქავას ჰკითხეს – რისთვის იბრძვითო, უპასუხნია – კაცის კაცი არ უნდა არსებობდესო. ასეთი შესაშური სისადავით ჩამოაყალიბა უსწავლელმა ქართველმა გლეხმა ადამიანთა იდეალური საზოგადოების ფორმულა.

ხალხურ გადმოცემებში იკვეთება, რომ კოპალა, იახსარი, პირქუში და ჯგრაგი თავდაპირველად ხორციელნი ყოფილან და სალოცავებად საარაკო მებრძოლეობითა და მართალი ცხოვრებით იქცნენ. ისინი ღმერთსა და ადამიანებს შუა მოიაზრებიან და ღვთისშვილებადაც მოიხსენებიან. ერთი ხატის თქმით – როგორც ხორციელნი ჩვენ გვლოცულობენ, ისე ჩვენ ვლოცულობთ მორიგესაო.

ქაჯავეთის დასალაშქრად მიმავალ ხატებს მოკვდავი მეომარიც მიჰყავთ თან, გახუა მეგრელაური, ოღონდ აფრთხილებენ – ხორციელნი ჩვენთან ვერ ივლით, გვამიდან ამოდი და ისე წამოგვყევიო(!).

ხალხურ პოეზიაში ერთი-ორი იმისთანა ლექსიც მოგვეძევება, რომელშიც გმირი ხალხის უმადურობას უჩივის – სანამ დალხენილნი არიან, არავის ვახსენდებიო. ამის დასტურია ეს სტრიქონებიც: “კარგ ყმასა სწუნობს სოფელი, იტყვიან – კარგი რად არი, რამე რო გაუჭირდებათ, ყველა იბარებს –სად არი”.

იოსებ თბილელი კი “დიდმოურავიანში” ასეთ სიტყვებს ათქმევინებს გიორგი სააკაძეს – “არ გავიდა სამსახური, რაგინდ ბევრი ჭირი ვნახე, ცუდად წახდა გარჯილობა, ბედი ამად გავიჩმახე”-ო.

ქართველი გმირის სრულყოფილი პორტრეტის დახატვა ჩვენს ძალებს აღემატება და ჯობს შემოვიფარგლოთ რამდენიმე ეპიზოდით ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან, რომელშიც სულ სხვა კუთხით წარმოჩინდება დიდი პოეტის პიროვნება.

აკაკის მონათხრობი: იმ ხანად თბილისში სტუმრობდა “ახალ ერმაკად” მონათლული კაზაკთა ატამანი აშინოვი, რომელსაც იმდროინდელი რუსული პრესა ხოტბას ასხამდა და გმირად სახავდა, “ივერიას” კი თავის პუბლიკაციაში საცინლად აუგდია.

ხანჯალმოღერებული აშინოვი სწორედ იმ დროს შეჭრია კაბინეტში სერგი მესხს, როცა მასთან აკაკი და ვაჟა იმყოფებოდნენ სტუმრად და მოუთხოვია ბოდიში და უარყოფა კრიტიკისა, რაზეც სერგი მესხს უარით უპასუხნია. ამაზე ოფიცერი დამუქრებია – ნახავ რაც მოგივაო.

ვაჟა დინჯად წამომდგარა და უთქვამს – სანამ შენი გვინახია, ერთი ჩვენიცა ნახეო. ჩაუვლია კისერში ხელი, გამოუყვანია კიბესთან და ისეთი პანღური დაუზელია, რომ თავკერძას გორვით ჩაუთავებია კიბე და ქვაფენილზე გაშხლართულა. შერცხვენილ ატამანს იმავდღეს აუკრებია გუდა-ნაბადი საქართველოდან.

ვაჟა ბრგე კაცი ყოფილა და ჩინებული მოკრივე. ამბობენ მჯიღის დაკვრით გოჯიან ფიცარს ამტვრევდაო. იგი თავისი კუთხის ხალხის ქომაგი და იმედი იყო, რის გამოც მუდმივ დავა ჰქონია მეტყევეებთან, რომლებიც გლეხებს გადასახადს თხოვდნენ, ვაჟა კი იძახდა, რომ ტყე ფშავლებისაა და მეფეს არაფერი ერგებაო.

ერთხელაც, ამ ნიადაგზე, მეტყევეს და მის რაზმს მუხანათური თავდასხმით შეუპყრიათ ვაჟა. მოგვიანებით ვაჟას გაუგია – მეტყევე ამჟამად ტყისმცველებთან ერთად ახმეტაში მიდისო…

პეპო მარტოლეკის მოგონებით ამბის დასასრული შემდეგნაირად გამოიყურება: ” – მალე ჩვენც მოვიკითხეთ ვაჟა: რა იქნა აქამდის-თქო. მაგრამ რას ვხედავთ? მეტყევე ცხენიდან გადმოეგდო, იდგა შიგ იორში მათრახის ტყაპატყუპი. შხეფავს ტყისმცველებსაც, აი ჩამოყარა ცხენებიდან წყალში, ზოგი ცხენს ჩამოჰკიდებია, ზოგს – ცხენი გაუშვია და თავის გადარჩენას ცდილობს. იორიც მოდიდებული იყო.

აი ვაჟა გამოვიდა იორიდან და რახტის ძგრიალით მოაგდო ცხენი დუქნის წინ. ამ სანახაობაზე ჩვენ ყველას გვეცინებოდა.
– ხომ დავთაქლე კარგადაო! – წაილაპარაკა ვაჟამ.”

* * *

გმირთა გალერეაში ქვეყნისთვის შეწირულ რაინდებს ტოლს არ უდებენ ქართველი მანდილოსნებიც, რომლებიც არა მარტო ღირსეულ მამულიშვილთა აღზრდით, ღვაწვითა და მოწამეობით, არამედ ხშირად იარაღით ხელში საარაკო სიმამაცისა და საბრძოლო ოსტატობის მაგალითს უჩვენებდნენ ვაჟკაცებს.

შთამომავლობა სასოებით ინახავს მარიამ ხერხეულიძის, მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვნელის, თინა წავკისელის სახელებს.

ეპისკოპოს ჟაკ დე ვიტრის (XIII სკ) “იერუსალიმის ისტორიაში” ამგვარ ცნობას ვხვდებით: – “ისინი (ქართველები) არიან დიდად მედგარნი და მამაცნი ბრძოლაში, სხეულით მძლავრნი და მხედრობით ძლევამოსილნი. მათ სასტიკად ჰყავთ დაშინებულნი სარკინოზები, ხშირი თავდასხმებით ამარცხებენ მათ მოსაზღვრე სპარსელებს, მიდიელებს და ასირიელებს…
მათი კეთილშობილი ქალები ამორძალთა მსგავსად შეიარაღებულნი იბრძვიან რაინდთა მხარდამხარ”.

აქ, შემდგომი მსჯელობისთვის, საინტერესო იქნება სულხან-საბასეული ორი განმარტების მოხმობა: ფუნდრუკი – ვაჟთა მიერ სრბოლა, ხლდომა და სხვა სიკისკასენი; ხუნტრუცი – ქალთა მიერ ფუნდრუკი ძალისაებრ მათისა;

ამ განმარტებებში ნათლად ჩანს, რომ ასპარეზობებისას ქალებს სახეობათა მხრივ შეზღუდვები არ ჰქონიათ და ერთადერთი სხვაობა ფიზიკური შესაძლებლობანი იყო.

საბრძოლო გაწვრთნილობა ქართველი ქალისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, თუ გავიხსენებთ, რომ ოჯახზე თავდასხმისას, მაშველის გამოჩენამდე, იგი ქმარს უნდა დასდგომოდა მხარში, ქმრის ლაშქრად ყოფნისას კი მარტოს უნდა დაეცვა კერა.

გადმოცემით გვსმენია, რომ გასულ საუკუნეში ხანდაზმულმა თუშის ქალმა, რომელსაც, სახლში მარტოდ მყოფს, სათარეშოდ შემოსული ლეკები დასხმიან თავს, სამი მათგანი წინდის ჩხირებით განგმირა.

მსგავს ამბავს მოგვითხრობს ერთი ფშაური გადმოცემაც: “ნანაი აფხუშოელ ქალი ყოფილა. თურმე ჩარგლისაკე მივიდოდა, გადასცილებულიყო კი ემ ხევსა და გამაზდგომიყო ერთ ლეკი. დიდ შემძლე ქალაი იყვის თურმე ე ნანაი. გაჰქცეულიყო ტყე-ტყე, მარა, რო დაღლილა, უფიქრნია, რო დამდგარიყო და შებრძოლებოდა ლეკსა. ხელში ჩხირწინდის მეტი არაფერი ჰქონიყო.

მიჰფრენია ი კბილებამდი შეიარაღებულ ლეკი. ნანას იმის იარაღისათვის ყური სრულობით არ უთხოებია, არც კი დაენებებია თავისი იარაღის ხმარა. ხმალი წელზეით აუგლიჯავს და ლეკისად სული გაუფრთხობინებია”…

ეს კი გიორგი შატბერაშვილის წერილიდანაა:
ქართლის გზაზე მცირე მხედრობით მომავალ ერეკლე მეფის რძალს მტრის დიდი რაზმი შეეფეთა. გამოუცდელ ქალს თან არავინ ახლდა ბრძოლის მცოდნე და მოთავე. ამიტომ.. “თუით იქმნა თავ მხედრობის თუისისა და განამხნო მორიგენი, ეწყო… და მოსაწყვიდნეს უმრავლესნი… ხოლო სცნა რა მეფემან ირაკლი ესე ვითარი სიმხნე სძლისა თვისისა, მხიარულ იქმნა ფრიად და შეიყვანა თფილისს დიდისა დიდებითა და ზარბაზნისა სროლითა და ღამესა მას ყოველსა ქალაქსა იყო ჩირაღდანი”. ქართლის ცხოვრების მემატიანე ერთნაირად აქებდა მეფის სძლისა და უბრი მჭადიჯვრელი დედაკაცის გმირობას. “ჰოი, საკვირველი! ერთმა მოხუცმა დედათაგანმა მჭადის-ჯვრელმან იხმარა სული მამცობისა. გამოვიდა ცხენით, რამდნეიმე ლეკი მოკლა თავისი ხელითა და რამდენიმეს დუწვა საფარი ხისა ლეკთა, ხოლო უკანსკნელ მოკლეს იგიცა, რომელსაც დღესა ქებასა მისსა მოუთხრობენ შაირითა მესტვირენი”.
ფშავ-ხევსურეთში ერთი ფრიად საინტერესო გუნდური შერკინებაა აღწერილი: შხოლით (მომცრო სახრე) შეიარაღებულ დედაკაცებს უნდა დაეცვათ სამანით შემოსაზღვრული ადგილი მომხდურთაგან (ამავე სოფლის კაცები), რომლებიც ცხენზე ამხედრებულნი უტევდნენ ქალებს.

როგორც ამბობენ, იშვიათად თუ რომელიმე მხედარი გაარღვევდა დაცვას. მეტწილად ისინი გალახულები რჩებოდნენ.

* * *

დასასრულს საგანგებოდ აღვნიშნოთ უმთავრესი თავისებურება ჩვენი ერის ისტორიისა. ეს არის დედა ეკლესიის ფასდაუდებელი ღვაწლი ერის გადარჩენაში.

ალბათ მართებულად შენიშნავს ზვიად გამსახურდია – “ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იყო ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა.”

და მართლაც, დედა ეკლესია განუყოფელი ტრიადის – ენის, მამულისა და სარწმუნოების დაცვის უმთავრესი ბურჯი იყო ოდითგან და არა ოდენ ერის სულიერი აღზრდითა და ლოცვა-კურთხევით, არამედ ხშირად საბრძოლო ხელოვნებისა და თავგანწირვის საარაკო მაგალითებითაც კი.

გავიხსენოთ თორნიკე ერისთავი და თევდორე მღვდელი. არაერთ ბრძოლაში კი, როგორც მემატიანე იტყოდა, თავად მღვდელთმთავარი “მიუძღოდა ლაშქარს ვითარცა ჩახთაული”.

 

2 responses to “ზნენი სამამაცონი – 7, მებრძოლი სული

  1. ელდორადო

    July 21, 2010 at 8:50 am

    ქართველ ერს გვაქვს მებრძოლი სულისკვეთება.ეს წინაპრებიდან მოგვდგავს.კაცი იქნება თუ ქალი ყველა მამულისათვის მებრძოლი სულისაა,და შესაბამისად მომავალსაც ამ სულისკვეტებიტ ვზრდიდთ და გავზრდით,ამაში თვოთ უფალიც დაგვეხმარება.ჩვენს ერს გადაშენება არ უწერია.

     
  2. დავით ჯანჯალია

    May 19, 2011 at 3:25 pm

    ესეთ მატერიალებს დიდი პროპაგანდის გაწევა ესაჭიროება.უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ქართველმა ერმა სიღრმისეულად შეისწავლოს საკუთარი ფესვები და შესაბამისად თავი გააცნოს მთელს მსოფლიოს.”ზნენი სამამაცონი” არის უნიკალური ნაშრომი უძველესი ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ, რომლის ცოდნა ნამდვილად ესაჭიროება ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს.სამწუხაროდ მსგავსი კვლევები დღესდღეობით ინტერესმოკლებულია და ვფიქრობ რომ აუცილებელია მათი ფართო პოპულარიზაცია, რათა კიდევ ერთხელ დავაფასოდ ქართული საგანძური და ხელი შევუწყოთ ჩვენი მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: