RSS

ზნენი სამამაცონი – 5, ხალხური პოეზიიდან

23 Apr

 
ახლა ხალხურ საგმირო პოეზიას მივმართოთ და ვცადოთ გავერკვეთ – რას ნიშნავს საბრძოლო ხელოვნების ენაზე ქვემოთმოყვანილი ნაწყვეტები:

1. “ნუ ეხუმრებით მინდიას, მთების არწივის შვილსაო,
კაცია – გულად მამაცი, ქვასაც კი ხელით სთლისაო. ”
(ჩაგვიძეღ, ბერო მინდიავ)
ეს გამოთქმა, თუნდაც სალექსოდ გაზვიადებული, რაღაც საგანგებო ცოდნით გაოცების ნაყოფი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ალბათ იგულისხმება კიწანის (მტევნის გარე წიბო) დაკვრა.

2. “უბრძანა თავის საყმოთა, მთათ შამაავლო თვალია,
წელში ეტანა მათრახი შვიდკეცა, შვიდი მხარია.”
(გარაის ლაშქრობა ქისტებზე)
გარდა საწესჩვეულებო დანიშნულებისა (რაზეც მისი შვიდკეცობაც მეტყველებს), მათრახი ანგარიშგასაწევი საბრძოლო იარაღი გახლდათ. ერთ ხალხურ ლექსში შხამში ამოვლებულ მათრახზეც კია მინიშნება (ამ თემაზე უფრო ვრცლად მოთხრობილია თავში `საზეპელი იარაღი~).

3. “ჩოთათა გოგოთურამა ქავი აავსო მკვდრითაო,
სანამდი სხონ გაიგებდის, ერთ წინავ მაკლა ხითაო.”
(შურის ძევა)
ხის იარაღის შესახებ ვრცელ მასალას შეხვდებით შესაბამის თავში. ეს ტაეპი კი დასტურია იმისა, რომ საბრძოლო მომზადების მაღალი დონე ჩვენს მებრძოლს საშუალებას აძლევდა პირველივე ხელთმოხვედრილი საგნით მისტანებოდა მტერს, მით უმეტეს ხის იარაღით, რომლის ხმარებასაც იგი ადრეული ასაკიდან ეუფლებოდა. ამ შემთხვევაში კი გოგოთურს სულაც კუნძით მოუკლავს მომხდური.

4. “ჩამოდის როშკის ხორხშია ქუჩუმიანი ფარიო,
ციხეთ როშკის გორ ნადგომთა ჩაიცვეს მიგრის ტყავიო.”
(როშკას ჯარის მოსვლა)
მიგრის (ვიგრის) ტყავი ვახტანგ გორგასლის დროინდელ წყაროებშიც გვხვდება, როგორც ფარზე გადასაკრავი. სულხან-საბას განმარტებით ვიგრის ფარი – ვეფხის, ზღვის თევზის ან ხვითქის (ნიანგი) ტყავისაა. ამდენად საეჭვოა, რომ ასეთი ცხოველების ტყავი მთელს როშკას სცმოდა და აქ სხვა ახსნა უნდა მოიძებნოს.

5. “ხიდი ჩაუგდეს შვინდეთელთ, დიდი შვინდეთის წყლისაო,
მკვდარძაღლებ შვინდეთელებსა ჰყვანდა მცურავებ წყლისაო.
თორმეტ შამუა წყალშია, მგზავრულას გამოდისაო.”
(ნეიბი შვინდეთელათი)
თუ “მგზავრულა” ცურვის ნაირსახეობაა, გასარკვევია, რას წარმოადგენს, რადგან არც წყაროებში შეგვხვედრია და არც მთქმელთაგან გვსმენია.

6. “არღუნის ჭალას ჩადიან, ხანია შუღამისაო,
ფეხზე ფოლადის წრიაპი ჩქამობს მდინარის პირსაო.”
(ვაჟებმა შატილივნებმა)
თუ მდევარს წრიაპი ეცვა, ბუნებრივია, შეტაკების წინ გახდას ვერ მოასწრებდა და შერკინების დროსაც გამოიყენებდა (იხ. ილეთები: კოხი, ჩაძნეყვა და მისთანანი).

7. “ვაუგას, დუსხის ციხეო, თუშნი გარს მაგივლიანა,
ახვათ აუხდა ნანატრი, მკვდარსა მარხილით თრიანა,
შუბთა, ქუჯაის ნაკრავთა, ქისტნ ორნი ვერ დასწვდიანა.’
(დუსხის ციხე)
ეს ერთი იშვიათი შემთხვევათაგანია, როცა შუბის ხმარების ოსტატობაზეა ლაპარაკი (გვხვდება ასეთი სტრიქონიც – “ბეღელს აკერა მკვდარია”).

8. “ისევ იზრდების მგლის ლეკვი არწივთა ნაბუდვარშია,
დედა მკლავთ უპოხს მალ-მალე დილ-დილა თითბრის ჯამშია.’
(გაბურთ დალევა)
ზოგან ირმის ტვინია საპოხი, სხვაგან დათვის ქონი. ეს პროცედურა მომავალ მორკინალთ ადრეული ასაკიდან უტარდებოდათ. გამოცდილ ბებიაქალებს შეეძლოთ ახალშობილ ყრმაში ამოეცნოთ მისი ფიზიკური შესაძლებლობანი. თუ ბებიაქალი ჩათვლიდა, რომ ახალშობილისგან კარგი მეკოპარი (მეკობრე) დადგებოდა, ამ ბავშვს განსაკუთრებულ რეჟიმში ზრდიდნენ. ამისათვის არსებობდა წვრთნის, კვების, მასაჟის, სხეულისთვის ფორმის მიცემის სისტემა და სამარჯვები (საგანგებო ქამრები და ვარჯიშები). კარგი მეკოპარი თემისთვის სასარგებლო და საამაყო კაცად ითვლებოდა. “ვეფხისა და მოყმის” ბალადის ერთ ვერსიაში მოყმე განთქმულ მეკოპარად მოიხსენიება.

9. “თან ჩაიყოლა მაცნენი, სამსამნი კი ბღაჯიანნი…”
(ბადურა)
ბღაჯი განმარტებულია, როგორც ხელის მტევნის შიდა ზედაპირი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ არ იგულისხმება კლანჭებიანი თათმანი (ხელის წრიაპივით), რომელიც აღწერით ვიცით, სახელს კი ვერ მივაკვლიეთ.

10. “წითელათანა გაივსა არხოტთ ნახოცი მკვდრითაო,
ბარაქალ, არხოტივნებო! ხელუკუღმ დახკვლენ ხმლითაო.’
(წითელათანა)
“ხელუკუღმ” ისეა ხაზგასმული (და არა მარტო ამ ლექსში), რომ რაღაც საინტერესო ილეთი უნდა იგულისხმებოდეს. თუ გავიხსენებთ ლექსს “მაღლა მთას მოდგა”, სადაც ნათქვამია “ხმალი ორპირი სისხლში სცურავდა…”, აგრეთვე იმას, რომ კავკასიაში ხმალი ხშირად ყუის მხრიდანაც ილესებოდა, ცხადია, ეს არსებითად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას ფარიკაობის ტექნიკაზე და ტერმინი “ხელუკუღმ” უფრო მკაფიო შინაარსს იძენს. თვით ცალპირნალეს ხმალსაც კი ნიღრის მხარეს ნესტრის სიახლოვეს აქვს გალესილი მცირე მონაკვეთი “საშარე” (“შაშარი”) და შესაძლოა ამ ილეთში მისი გამოყენება იგულისხმება.

11. “ოროლთა ზვიადის შვილთა ისარ აქვ ჯორის-ცალია,
ბუყიეს ჩამეეწივნეს, ისარს აუცხეს სხამია.”
(ხახაბოს დალაშქვრა)
ან
“-ვინც შენ ეგ მოგცეს, თორღვაო, მამა წაუწყდეს მკვდარიო!
ამაიწვადა ჩოთამა ისარი მჭვარტლიანიო…”
(თორღვა)
აქ საინტერესოა ხალხის, თემის დამოკიდებულება გმირის მიმართ მშვიდობიანობის ჟამს. თორღვას, ბრძოლაში თავისი თემის მემეტესა და იმედს, თემზე ხარკი ჰქონდა დაწესებული: ორიოდ ტომარა ნაცარი, რომ მოყინულ ბილიკზე მოეყარა და საისრე ორბის ფრთა, ანუ თბე. თუმც კი ამას ცოტა არ იყოს თავხედურად მოითხოვდა და ალბათ ამიტომ არის მისი მკვლელი ჩოთა შექებული.

რაც შეეხება ისრისთვის სხამის ასმას, ამ შემთხვევაში იგულისხმება მცენარე სხამა (შხამა, აბუტარატი), მაგრამ, ამოცანიდან გამომდინარე, გვხვდება სხვა შხამებიც (მაგ. სტრაბონის მიერ აღწერილი სვანთა მიერ ხმარებული საოცარი შხამი, ან ზუზია, რომელიც სულხან-საბას განმარტებით არის “გესლი სწრაფმაკვდინებელი”, აგრეთვე ტეტანუსის შემცველი ნაკელი, და სხვა). არდოტის ხეობის ჭინჭარაულებს კი, გველის შხამის მოპოვების გამო, “გველიწურიებს” ეძახდნენ თურმე.

12. ‘შამოგეყრება თორღვაი ღვთისაგან ნაწილიანი,
მარჯვნისას ჩამაგიარა, მარცხნივ-კი მოგცა ზიანი.~
(თორღვა)
ლაპარაკია საკმაოდ რთულ ილეთზე. შესაძლოა, იგულისხმებოდეს შეტევისას დაღალატებით წონასწორობადაკარგული მეტოქის გატარება და ჭრილობის მიყენება უკან დარჩენილ მარცხენა მხარზე, ხელზე ან ფერდზე.

13. “ვაჟისძის გადამღებელო, თორღვავ, რა გქონდა ფარადა?
სამკლავენ უხმარებიან, დანა ხქონიყო ხმალადა.”
(თორღვავ გიბარებს ბატონი)
სამკლავით (შეჭურვილი წინამხრით) ხმლის შეკავება უდავოდ საინტერესო და საკმაოდ რთული ილეთია. თუ აქვე გავიხსენებთ იმასაც, რომ სამკლავის იდაყვსუკან გამოჩრილი ნაწილი ხშირად ილესებოდა კიდეც, მჭიდრო შერკინების დროს ჯლიქვი და მუჯლუგანი უაღრესად ეფექტიანი ილეთები უნდა ყოფილიყო.

ამ ლექსში საინტერესოა ისიც, რომ მანამდე ვაჟის-ძემ (ალბათ ვაზუზიმ) თორღვას, თავისი დროის ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლს, ხმალი წაართვა. ამის შემდეგ თორღვამ მოულოდნელი შეტევის წყალობით დანით მოკლა მეტოქე. მიუხედავად იმისა, რომ მალექსებელი თორღვას მიმართ დიდ სიმპათიას არ ამჟღავნებს და ღალატით გამარჯვებაში ამხელს, იმას მაინც არ უკარგავს, რომ მან თავისი პირით აღიარა ხმლის დათმობის ფაქტი და არც წართმეული იარაღის უკან ართმევა იკადრა.

საჭურველის დიდი მნიშვნელობა ხაზგასმულია შემდეგ სტრიქონებშიც:
“ბაღათერაის დედამა თმანი დაიჭრა ძირითა:
– ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი, აწ გაძღას შენი ჭირითა!”
(ბაღათერა ჯაბუშანური)
“ადგა დემურ, შეიკაზმა, ტანთ ჩაიცვა საომარი:
“თუშნო, კარგად მოიხმარეთ სამკლავე და საფუხარი.”
(დემური)
თორღვას სიკვდილზე გამოთქმულ ლექსში კი ხაზგასმულია, რომ ამ დროს მას არ სცმია თავისი განთქმული ჯაჭვის პერანგი, რომელსაც გრძნეულ თვისებებს მიაწერდნენ (ჯაჭვის რგოლები იმ ადგილზე იყრიდნენ თავს, სადაც იარაღი უნდა მოხვედროდაო).

14. “წყალს გახეითელ ვაჟებსა საომრად აწევდიანო,
მინდიას, თეთრაულისძეს ხელითაც არჩევდიანო.”
(მინდია თეთრაულისძე)
ხელით არჩევა თურმე საგანგებო მიწვევას გულისხმობს და ამ პატივს გამორჩეული მეომარი იმსახურებდა. ამდენად, აღნიშნული სტრიქონი საგანგებო ანალიზს მოითხოვს – რატომ იყო დადგენილი ომში მიპატიჟების ასეთი ფორმა.

15. “დათვიას, გუდამაყრელსა, ნიავ ეშლების მთისაო,
გულზე ნაკანჭარ აწუხებს ახურათ ყმაწვილისაო,
სცოდნია გუდამაყრელსა ხელუკუღმ ცემა ხმლისაო.”
(გუროჩი ბაჩაყაური)

ნაკანჭარი ამ შემთხვევაში შესაძლოა ნაკეჭნს ნიშნავს. გულის არეში საშარით (ხმლის ნიღრის გალესილი ნაწილით) დაკეჭნა დიდი ოსტატობაზე მეტყველებს.

ა. ჭინჭარაულის აზრით კი გამოთქმა მეტაფორაა და არწივის მიერ კლანჭით დაკოდილს გულისხმობს, რადგან კეჭნაობა ხევსურეთში არ სცოდნიყოთ.
ტრადიციის მიხედვით, ნაკეჭნსა და ჭრილობას შუა დიდი ზღვარია. თუ კეჭნაობის (სავარჯიშო, სანახაობრივი ან სადგენი შერკინების) დროს მორკინე მეტოქეს კი არ დაკეჭნიდა, არამედ დაჭრიდა, შესაბამის ჯარიმასაც იხდიდა, როგორც მშიშარა და ნაკლები ოსტატი (ერთი დათქმული წესის მიხედვით ჭრილობის გასწვრივ ალაგებდნენ ქერის მარცვლებს ერთს სიგრძივ, მომდევნოს განივ და ასე მთელს სიგრძეზე. რამდენიც დაეტეოდა, იმდენი ძროხა უნდა გადაეხადა დამჭრელს დაზარალებულისთვის).

ასეთი სიმკაცრე განპირობებული იყო არა მარტო ოსტატობის მაღალი დონის მოთხოვნით, არამედ არასაბრძოლო შერკინებებში სერიოზული ზიანის გამოსარიცხად და მოვარჯიშეთა შორის შუღლის ასაცილებლად.

16. “მოვიდნენ პირიქითელნი საომრად ბარაქიანი,
მოგვდევენ თუშის შვილები, შვილდნი მოჰყეფენ რქიანი.”
(შაყრილან ფშავლის შვილები)
17. “მუქუში მშვილდი აჭეხდა, გოზა–წითელი რქიანი,
ისარნ ხოშარას მოვიდეს, თუშნ გორვენ ჩითაიანნი.”
(თუშების დაცემა ხოშარაზე)

შესაძლოა, 16–ე –17–ე ტაეპებში ნახსენებია რქის მშვილდები. სულხან–საბა ასევე მოიხსენიებს აჯის მშვილდს. ასეთი მშვილდი გამორჩეული იყო შორსმსროლელობით. ხაზგასმულია, რომ მუქუში ნასროლი ისარი ხოშარს უწევდა. რაც შეეხება გოზა–წითელს, ეს ტერმინი ქართული ხალხური პოეზიის IV ტომს დართულ ლექსიკონში განმარტებულია შემდეგნაირად:
გოზა – მშვილდის მარჯვენა და მარცხენა მხარე; “მშვილდის მწვერვალი” (საბა); ადგილი მშვილდის სახელურიდან წვერამდე, მშვილდის ფეხი. “მშვილდი გაგიტყდა ვაჟაო, მხართეთრი, გ ო ზ ა წითელი”.

საინტერესოა შეღებილობა – თეთრი მხარი და წითელი გოზა (თუ გავიხსენებთ ფრაზას “ისარი მჭვარტლიანიო”, ანუ შავი, სახეზეა ჩვენი ფოლკლორის სამივე საკრალური ფერი).

18. “არშით აყრილან ყვარანნი, საძელეს ბუდობდიანო,
ხელს ლოცვენ ხევსურისასა: “მშიერნი დაგვაძღნიანო.”
საძელით ხევსურთ შვილები ბლო–ღელეს ბურთობდიანო.
ბარაქალ, ხევსურთ შვილებო! წინათაც ეგრე ქნიანო.”
(ხევსურების გალაშქრება არშასა და სნოს)

ეს ლექსი უაღრესად საინტერესოა. საბრძოლო შეტაკების შემდეგ, გამარჯვებული ხევსურები ბურთაობით იქცევენ თავს, რაც აშკარად ადასტურებს ა. ციბაძის მოსაზრებას ორჭიდის (ნადირობა–ბურთაობა) შესახებ, გამოთქმულს “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონის “აღარ იბურთეს, დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა”–ს განმარტებისთვის.

იმავეს ადასტურებს როსტევანის ჩივილი: – “ანუცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა”, ან თუნდაც ტარიელის ნაამბობი – “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან, მერე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან”, აგრეთვე ნაწყვეტი არჩილ მეფის “გაბაასებიდან”: “დილას შევსხდით, ვინადიროთ, შუადღისას შემოვიქცით, აწ ბურთობას ხელი მივჰყავთ, მუნ საძილოდ არ გავიქცით”.

საინტერესოა, რომ “ვეფხისტყაოსნის” გმირთაგან განსხვავებით, რომელნიც ნადირობის შემდეგ აპირებენ ბურთაობას, ხევსურები ამ წესს საბრძოლო შეტაკების შემდეგ აღასრულებენ.

ამგვარი თამაშობა ბრძოლის ჩაშლის შემდეგაც კი შემდგარა. მემატიანის ცნობით ლაშა, კარნუ–ქალაქის მიერ მორჩილების აღთქმის შემდეგ, “ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს”.

ნადირობისა და ბრძოლის (თუნდაც არშემდგარის) შემდეგ ამ წესის გარდაუვალი აღსრულება შესაძლოა შინ მობრუნებამდე დაძაბულობისაგან განმუხტვის (საბრძოლო მუხტის თამაშში გადაზავება–გახარჯვის) აუცილებლობით იყო განპირობებული და წინაპრის დიდი საბრძოლო გამოცდილებით მიგნებული საშუალება გახლდათ.

19. “ბეკმა თქვა, ბეკურაულმა – ხმალმა ვერ შამაშინაო,
გიგაურაის ფრანგულმა კოჭუკუღმ გამაფრინაო,
დაგლიჯა ფარის რგოლები, ბორბალა დამარბინაო!”
(ბეკი და გიგაური)

საინტერესოა აღწერილის რეკონსრტუქცია. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ბეკურაულმა დარტყმისგან უკუმალაყი გააკეთა. ასევე საინტერესოა დარტყმის ძალა სხვა თვალსაზრისითაც. ვგულისხმობთ ფრაზას “დაგლიჯა ფარის რგოლები”. საქმე იმაშია, რომ ხევსურული ფარი საკმაოდ დარტყმამედეგი გახლდათ. დასტურად იხილეთ სტატია “ფარი”.

20. “წინ დედა მაეგებებოდ, დაჰკოცნის ორსავ თვალებსა,
დედის იმედო თადიავ, გაზრდილო ცოდვა–ჭირითა;
ზევიდამ გახდის ტანსამოსს, დაპოხავს ირმის ტვინითა.”
(შატილს მოვიდა ხოხობი (თუშური ვარიანტი)

აქ პირდაპირაა მითითებული ირმის ტვინი. სამონადირეო ეპოსის თანახმად, ირემი “წმინდა ნადირი” იყო და მიცვალებულთათვისაც სასურველ შესაწირავად ითვლებოდა. საინტერესოა, ირმის ტვინის საპოხად გამოყენებაში მისტერიული შინაარსიც ძევს, თუ მხოლოდ სამკურნალო თვისების გამო იხმარებოდა.

21. “შორს დასხა ამხანაგები, მარტუამ მარტო გაიგდა,
ომს უჩვეული ვაჟები სახალისოდა ჩაუშვა.”
(ჭორმეშა)
საინტერესოა გამოცდილი მეომრის ქცევა. მებრძოლო რაზმის თავკაცმა ჭორმეშამ შეაფასა სიტუაცია და მიზანშეწონილად ჩათვალა გამოუცდელი ახალგაზრდები წინ გაეშვა საბრძოლო ნათლობის მისაღებად.

22. “აქედან კარატემდინა შიბ–თოკზე გასავალია,
ეგ აგრე გამავიარე, ვერვინ მამკიდის თვალია…”
ამგვარად დააღწია თავი იახსარმა მოკლული დევის სისხლის ტბაში დახრჩობას.

ახლა გავიხსენოთ თათბირი ნურადინ ფრიდონისა – “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან…”

ფრიდონი ამ გზით ქაჯეთის ციხეში შეღწევას ლამობს, ანუ, ორივე შემთხვევაში საბელი, იგივე შიბ–თოკი, ხიდია სამყაროთა შორის და ამ გზის გავლა განსაკუთრებულ ხელოვნებას მოითხოვს. ცხადია, რომ პირველწყარო აქ თქმულებაა და რუსთაველსაც აქედან აქვს ნასესხები და ეს თქმულება უძველესი რწმენა–წარმოდგენებიდან იღებს სათავეს. ასეთ შეხედულებას ანვითარებს ი. სურგულაძე ნაშრომში “საცხოვრებელი, დასახლება, სამყარო”.

ასე, რომ, “ესე ამბავი სპარსული” აშკარად ქართული წარმართული თქმულებებითაა ნასაზრდოები და შესაძლოა სწორედ ამიტომაა ესოდენ შენიღბული.

განა ასევე არ ჟღერს “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონი: “ნახეს – მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა” და მრავალი სხვა.

თოკზე სირბილს, ესოდენ შრომატევად ხელოვნებას, კაცი ოდენ მოსეირეთა გასართობად როდი ეუფლებოდა. იგი ერთ–ერთი სასარგებლო უნარი იყო მეომრისათვის, რომელსაც სხეულის ასეთი გაწაფულობა უდიდეს უპირატესობას ანიჭებდა ორთაბრძოლაში. მრავალი შერკინების მომგებ, საარაკო მეომრებს კი მომდევნო თაობა ღვთაებებად მოიხსენიებდა. ჩანს, ამ მიზეზთა გამო “შიბ–თოკი” – ხიდი სამყაროთა შორის, დრომედეგ სახედ იქცა.

23. “ბარაქელ ალუდაურო, უქნელს შენ სჩადი სხვისასა,
გახფრინდი არხოტის წყალსა, გაუფრინდალსა სხვისასა.”
(ჯარაის წყაროს)

ლექსის თანახმად, ალუდაური დაედევნა ძმის მკვლელს და სასიკვდილოდ დაჭრა. საინტერესოა ცნობილი ეთნოგრაფის ნიკო ურბნელის შენიშვნა ლექსის შესახებ ნარკვევში “ხევსურულ პოეზიაზე”:
“… ხშირად საკმაოა ერთი უბრალო ქისტი მოჰკლა, რომ გმირთა–გმირის სახელი გაითქვა; მაგალითებრ, სოფ. ჭიმღაში ეხლაც ცოცხალია ახოვანი ალუდაური, რომელმაც ამ რამდენსამე წლის წინათ თავისი ძმის მკვლელი ქისტი მოჰკლა. ეს ხომ უბრალო საქმეა, მაგრამ ალუდაურს–კი სიმღერა სხვანაირად იხსენიებს: “ნაქნარი ალუდაურის ანდერძად არ ითქმისაო!” რა არის აქ ისეთი, რაც ანდერძად არა თქმულიყვეს, არ გაგონილიყვეს.” (ეთნოგრაფიული ნაწერები, 1940, გვ. 117).

ერთი შეხედვით მკვლევარი მართალია, მაგრამ თუ პარალელურ წყაროს მივადევნებთ თვალს, შესაძლოა, აზრი მელექსის სასარგებლოდ შემოგვიბრუნდეს. ისტორია ასეთია: შეშის საჭრელად მყოფი ძმები, ალუდაური და მინდია, დაუნახავს შვილების სისხლის მაძიებელ ვინმე ახდოლას და, მიუხედავად იმისა, რომ ძმებს მისი სისხლი არ ემართათ, მაინც უსვრია და მინდია მოუკლავს. ალუდაური დასდევნებია გაქცეულ ქისტებს და სასიკვდილოდ დაუჭრია ძმის მკვლელი.

დევნისას იგი 5 საჟენის (10.65 მეტრი) სიგანის წყალზეც გადამხტარა. დაჭრილი ახდოლასთვის ალუდაურს ყური მოუჭრია და ძმის უმცროსობა უთქვამს. ხმაურზე არხოტიდან მაშველს მოუსწრია და დაჭრილისთვის თოფები დაუშენია, რაზეც ალუდაურს შეუძახნია: “უსაკადრევოდ ნუ გახდითავ, უსაკადრევოდ გახდილი არ მინდა ძმის უნცროსადავ”.

ამდენად, თუ მომხდარს მთლიანობაში განვიხილავთ, ურბნელის შენიშვნის გასაბათილებლად ჩნდება რამდენიმე დასაბუთება:
– ალუდაური რიცხვით უპირატეს მტერს დაედევნა;
– იგი არ შეუშინდა არც მდინარის სიგანეს და გადახტა. თუ ხუთი საჟენი გაზვიადებულია და ოთხის მეტი არც იყო, ეს მაინც მსოფლიო რეკორდს უტოლდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გადახტომისას იგი იარაღასხმული და ჩაცმული იყო. ცხადია, ესეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ამ ამბის მომსწრეებზე;
– ახლად ძმამკვდარი ალუდაური ინარჩუნებს გონიერებას და მაშველს უწყრება უკადრისი საქციელისთვის.

ამდენად, ალუდაურის გმირობა აქ მის მიერ დახოცილთა რაოდენობით კი არ განისაზღვრება, არამედ მისი სამაგალითო ქცევით. ქართულ საგმირო პოეზიაში გმირი ოდენ მოკლული მტრის რაოდენობით არ ფასდება. მეტიც, ერთ ხალხურ ლექსში მებრძოლი გაკიცხულია იმის გამო, რომ თორმეტი მტრის მოკვლის შემდეგ, დათქმული წესისამებრ, ხმალი ქარქაშში არ ჩააგო და ბრძოლა განაგრძო. საპირისპირო მაგალითია ლექსი “ხოგაის მინდი”, რომელშიც გმირი შექებულია ამ ტრადიციის დაცვის გამო – “თორმეტი მოკლა მინდიმა, დადგა, ჩააგა ხმალია”.

24. ახლა გავიხსენოთ ერთი უცნაური მონათხრობი, გადმოღებული ა. შანიძისა და ვ. თოფურიას მიერ გამოცემული სვანური პროზაული ტექსტებიდან – ” …ერთ დროს მოსულან თათრები და მრავალი კაცი დაუჭერიათ სვანი. ერთი კაცი, მელხირ, შერჩენილა კოშკში და იქიდან ებრძოდა თათრებს. თათრებს კოშკის ძირში ლაღუმი ჩაუდიათ – წაიქცევაო კოშკი და კაცი მოკვდებაო. ამ კაცს კოშკში მოზვრის ტყავი ჰქონებია, ჩაუხვრეტია შუაში და ჩამძვრალა იღლიებამდე, მკლავები ფრინველივით გაუშლია და გადმოფრენილა კოშკიდან. კარგა შორს მანძილზე გაფრენილა და ასე გაქცევია თათრებს. ასულა ჩხელაშდში, აქაც თათრები დახვედრიან. რომ შეატყო ვერ გაექცეოდა, შეერია მათში. აქ სხვა სვანებიც ყოფილან. ამ კაცს უთქვამს შევერიოთ ხანჯლებით და ამოვწყვიტოთო, მაგრამ არავინ აჰყვა. მაშინ მარტო მივარდნია თათრებს, ოთხი მოუკლავს ხმლით და თავადაც დაღუპულა.”

ამ ძველთაძველ ამბავში მეომრის სანაქებო საბრძოლო ოსტატობასა და მებრძოლ სულს ცხადია მის მიერ კოშკიდან გადმოფრენის ამბავი ჩრდილავს.

მარტივი საფრენი აპარატით გაფრენის ისტორია არაერთ წყაროშია აღწერილი. მათ შორის უძველესია ბერძნული მითი მინოსის ხუროთმოძღვარ დედალოსსა და მის ვაჟზე – იკაროსზე. დედალოსისთვის, რომელიც საკმაოდ განსწავლული ინჟინერი გახლდათ, პლანერის ტიპის მარტივი საფრენი აპარატის გამართვა რთული არ იქნებოდა. მთავარი იყო თვით აპარატის იდეა და ასეთი რომ არსებობდა, ამას თვით მითი ადასტურებს.

მითში აღწერილი ცვილით მიწებებული ფრთები კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ამბის თანამედროვე ბერძნები ჯერ კიდევ არ არიან მზად ასეთი სირთულის მოვლენის რეალისტურად აღსაქმელად.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: