RSS

ზნენი სამამაცონი – 4, ნაცნობი სტრიქონები

23 Apr

“რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით – იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი. ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით. ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით. ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა!..”
ილია

დღეს დედამიწაზე პატარა კუნძულადღა შემორჩენილა იბერიულ-კავკასიური ენის ხალხთა შთამომავალი რამდენიმე მცირერიცხოვანი ერი, რომელთა წინაპრებმა არაერთ უდიდეს ცივილიზაციას და, მათ შორის, როგორც ირკვევა, თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციასაც მისცეს დასაბამი.

ამიტომ, ამ ხალხების ყოფა და ეთნოგრაფიული მასალა თანამედროვე მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ მიზეზთა გამო საქართველოს ზოგი კუთხე ცოცხალი წარსულია. დასტურად გავიხსენოთ ახლახან პროფესორ ი. კვიციანის მიერ სვანეთში ჩაწერილი წყევლა: გამწყრალ ბებიას მიუძახებია შვილიშვილისთვის – შენ წადი კიმირებშიო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კუთხის მეხსიერებაში ცოცხალივით თანაარსებობს თითქმის სამი ათასი წლის წინ გადაშენებული ხალხი – კიმერიელნი.

ზღვა მასალა, რაც ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა საინტერესო იყოს, დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით. სწორედ ამიტომ ინტერნეტში განთავსებული მასალის გაცნობა და მის შექმნაში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობა საგანგებო პოლიტიკის საგანი უნდა გახდეს.

საბედნიეროდ, ჩვენი ჩარევის გარეშეც, არაერთი მიუკერძოებელი უცხოელი მკვლევარი განამტკიცებს და ანვითარებს ქართველ მეცნიერთა საუკუნის წინანდელ განჭვრეტას, რომ სწორედ წინარექართველნი იდგნენ ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან.

თუმც ისიც უნდა ითქვას, რომ ამ არემარეებს გვიან მოვლენილ ხალხთა წუწკი შთამომავლები შესაშური სიბეჯითითა და სიმარჯვით ცდილობენ ყველაფერი თავად მიიწერონ. ასეთიც განუცხადებიათ – ჩვენმა წინაპრებმა მისცეს მსოფლიოს ბორბალი, მეტალურგია და ვაზის კულტურაო!

რაც დრო გადის, მეცნიერები სულ უფრო თამამად აცხადებენ, რომ სწორედ კავკასიელი ხალხია ევროპული ცივილიზაციის მთავარი მესაძირკვლე. გარდა არქეოლოგიური მასალისა, ამ საკითხზე მსჯელობისას ყველაზე სანდო ალბათ ისევ ბერძნული მითებია, რადგან ელინები იყვნენ ის პირველი ევროპელები, რომელთაც ღრუბელასავით შეისრუტეს ხმელთაშუა ზღვისა და წინა აზიის ხალხთა კულტურული მონაპოვარი. თვალი გავადევნოთ რამდენიმე მითს:

მითი ევროპეს მოტაცებაზე შესაძლოა ასეც წავიკითხოთ: რაკიღა მომავალმა ევროპელებმა თავად ვერ მიაგნეს ევროპეს, ახალ სამყაროში დასამკვიდრებლად მომწიფებულმა ზევსმა გაიტაცა იგი და აშობინა შუალედური რგოლი – მინოსი, რომელსაც შორეული, საოცნებო კოლხეთიც შემოუერთდა აიეტის დის, პასიფაეს სახით, ანუ – კოლხურმა ღვთაებამ წინააზიური კულტურა გაიტანა ევროპაში.

თეზევსის მითში კი უნდა იგულისხმებოდეს, რომ ბერძნებს, ისეთი რთული კულტურის ლაბირინთში, როგორიც იყო მინოსური კულტურა, დამოუკიდებლად გზის გაგნება უჭირდათ. თეზევსს მინოსის ქალიშვილი არიადნა ეხმარება. მისი ძაფის გორგალი უცხო სამყაროში გზამკვლევის სიმბოლოა (მით უმეტეს, რომ ერთი ვერსიით ეს გორგალი თვით ლაბირინთის ამგებს, ბრძენ დედალოსს მიუცია არიადნასთვის, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს რაღაც ცოდნის გასაღებია და არა უბრალო ძაფის გორგალი).

ხარის კულტის ირგვლივ აგებული ირაციონალური სამყაროს მთავარი სიმბოლოს – მინოტავრის დამარცხება ახალი ეპოქის დასაწყისს უნდა მოასწავებდეს. ამ ორი მსოფლაღქმის შეჯახება, მათი კონფლიქტური ბუნება და ერთის მიერ მეორის უარყოფა კაცობრიობის შემდგომი წინსვლის დიალექტიკური პირობაა.

მინოსური სამყარო, პიროვნების დაფასებით და თანასწორობის იდეით, ძალიან ჰგავს შუმერულს. ეს მსგავსება იმ ეპოქისთვის უმაგალითოა. მეფეს შუმერებიც სხვათა ტოლი ზომით გამოხატავდნენ. ღმერთების საკრებულოც პარლამენტს წააგავს და მეფე კი დედამიწაზე მათი მოხელესავითაა.

მინოსის სასახლეში 4 ათასი წლის წინანდელი ევროპული სულის ჩანასახია. ამაზე მეტყველებს თუნდაც ფრესკებზე გამოხატული ადამიანები. ერთი მათგანი მერიქიფეა, მაგრამ თვალში გეცემათ მისი ღირსების გრძნობით აღსავსე იერი. ასევე საინტერესოა წინა პლანზე გამოტანილი, ხარზე ხტომის მომზირალი მხიარული ქალები, რომელთაც, აღმოსავლური ფრესკებისგან განსხვავებით, არაფერი სცხიათ მამაკაცთა მონური მორჩილებისა.

შეჯახების მეორე ობიექტი კოლხიდაა. აიეტი მინოსის ცოლის ძმაა, ისინი ერთ სამყაროს წარმოადგენენ. არგონავტთა მითშიც მსგავსი ღერძია გატარებული – ბერძენნი უძლურნი არიან აიეტის მიერ დასახული ამოცანების წინაშე და ისევ ამ კულტურის წარმომადგენლის, მედეას დახმარებით აღწევენ მიზანს.

არგონავტებში არაბერძნებიც ერივნენ, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ საწმისად სახელდებული ცოდნა, ტექნოლოგია თუ კულტურა ხმელთაშუა ზღვისპირეთში იშვა და წინარექართველთა მიგრირებულმა ნაწილმა კოლხეთში წამოიღო, რასაც პელოპონესში დარჩენილნი არ შეურიგდნენ და უკან დაბრუნება სცადეს (გავიხსენოთ, რომ მითის თანახმად ჰელიოსის ძეს აიეტს მემკვიდრეობით კორინთო ერგო, მაგრამ მან კოლხიდა ირჩია).

ეს ორივე მითი ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ორივე ერთად – მოუბეზრებელ ზღაპარს კონკიაზე: – როდესაც გმირი დიდი კულტურული თუ სოციალური უფსკრულის წინაშე დგება, ერთადერთი გზა მისი გადალახვისა არის ბუნების ის კანონი, რომელიც კაცთა მიერ დაწესებულ კანონებს არად დაგიდევს, ანუ სიყვარული.

ამბის ასეთ განვითარებაში კიდევ ერთი რამაა საინტერესო – ამ გზით ეს ორი სამყარო ნათესავდება და ძველი ახალში განაგრძობს არსებობას…
და კიდევ – ორივე მითში ბერძნები უგულოდ მიატოვებენ ქალებს. არც მადლიერების გრძნობა აქვთ და არც სიყვარულის. ამით თითქოს მათი სუსხიანი რაციონალიზმია ხაზგასმული, თორემ საკუთარი თავისთვის ასეთი უმადურობა რატომ უნდა დაებრალებინათ.

* * *
ამ ამბებიდან მალე, ორიოდე თაობის შემდეგ, ბერძნები ტროაზეც გაილაშქრებენ, რომელიც ამავე, წინარექართველთა მიერ შექმნილი სამყაროს ნაწილია, მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სიმაგრე. ასე, რომ ბრძოლა ფართო ფრონტზეა გაშლილი…

ტროა დასაცემადაა განწირული. ღმერთებმაც კი პირი შეკრეს მის წინააღმდეგ – ქურუმი ლაოკოონი, რომელიც აფრთხილებდა თანამოქალაქეებს – არ შეეტანათ ქალაქში დანაელთაგან მიძღვნილი ხის ცხენი – დააბრმავეს, მისი ვაჟები კი დიდ გველებს დაახრჩობინეს.

ლაოკოონის შვილების მიმართ ასეთი უსამართლობაც არ უნდა იყოს შემთხვევითი და რაღაც საოჯახო ცოდნის, კასტის ან მსოფლმხედველობის ამოძირკვას უნდა გულისხმობდეს.

ომის ღმერთი არესიც კი ვერას შველის ტროელთ, შველის კი არა, თავადაც დაიჭრა ბრძოლის ველზე.

თვით აქილევსი, თითქმის უკვდავი გმირი და ტროელთა ნათესავთაგანი, იბრძვის ბერძენთა მხარეს და უმისოდ ამ ბრძოლას ბერძენთათვის კარგი პირი არ უჩანს. აქ ალბათ ისიც იკითხება, რომ ძველი სამყარო უკვე დაქსაქსულია და ნათესავი ტომები – ურთიერთგაუცხოებული (ენევსიც ხომ მხოლოდ მას მერე ერთვება ბრძოლაში, რაც აქილევსმა მისი ქონება ხელჰყო).

მაგრამ ტროელებმა იციან ბრძოლა. ასი ათასი ბერძენი უტევს ქალაქის ათჯერ ნაკლებ მეციხოვნეთ და ათი წელია ომს ბოლო არ უჩანს. ღმერთებისა და აქილევსის მხარდაჭერაც არაა საკმარისი და ისევ ნაცადი ხერხი – მოტყუება, რაშიც ბერძნებს რატომღაც ყოველთვის უმართლებთ.

ახლაც, რაციონალურმა ბერძნებმა ირაციონალურ ტროელებს ზუსტი გასაღები მოუძებნეს – ცხენი. აქაურებს ხომ განსაკუთრებულად უყვართ ცხენი: – გაიხსენეთ მეფე პრიამოსი, რომელსაც ჭაბუკობისას მონახულებული ფრიგია ფიცხელი რაშებით დაამახსოვრდა; – გაიხსენეთ ტიგლატფილესარი – თაბალს ხარკად მისი განთქმული მაღალი ცხენები დაუწესეთო; – გაიხსენეთ კაპადოკია, რაც სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს; გაიხსენეთ თოთხმეტი ათასი წლის მცირე ხრამის პეტროგლიფი, რომელზედაც ბადეში გახვეული ცხენია გამოხატული, რაც ამ ცხოველის დაუფლებას ნიშნავს. ამ სამყაროს ესოდენი დაწინაურება სწორედ ცხენის ადრე მოშინაურებამ განაპირობა და ამიტომ იგი ერთ-ერთი დიდი ტოტემია.

ძველ ბერძენთათვის, ჩანს, იმდენად უცხო იყო მედეას მოდგმის ირაციონალური ბუნება, რომ ევრიპიდემ უყოყმანოდ მიაწერა მას ქმარზე შურისძიების მიზნით საკუთარი შვილების დახოცვა. მით უმეტეს, რომ მითის თანახმად მედეამ სიყვარულს ძმის სიცოცხლეც უყოყმანოდ შესწირა. ამგვარი ჰიპერბოლებით ძველი ბერძნები თითქოს თავისი უპირატესობის (განსჯა განცდაზე წინ) ხაზგასმას ცდილობენ.

ამ საკითხზე ლესინგიც ამახვილებს ყურადღებას “ლაოკოონში”, როცა ჰომეროსის მიერ აღწერილ ემოციურ ტროელებსა და გაწონასწორებულ ბერძნებს ადარებს. მისი აზრით ჰომეროსი ამ ხერხით ხაზს უსვამს წინააზიელთა ბარბაროსობას.

ჰომეროსს მართლა ასე რომ ეფიქრა, მაშინ ასეთ დიდ განცდას ვერ ჩადებდა ჰექტორის ცხედრის გამოსახსნელად აქილევსთან მისული მოხუცი მამის შემზარავ ვედრებაში. თუ ეს განცდა ბარბაროსულია, მაშინ რა უნდა დაერქვას ზღვის ღელვით შეშინებული ბერძენთა წინამძღოლის, აგამემნონის მიერ საკუთარი ქალიშვილის, იფიგენიას მსხვერპლად შეწირვას. ამიტომ, ალბათ უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჰომეროსი ტროელთა სხვაგვარობას ასახავს ამ ხერხით, და არა ბარბაროსობას.

ისტორიისთვის ცნობილია ასეთი ფაქტიც – ზომიერების მომხრე სოლონს ხმამაღალი გოდებითა და თავპირის ხოკვით გლოვა აუკრძალავს. რაკიღა ძველი ბერძნები ესოდენ ნაკლებემოციურნი არიან, იქნებ ეს აკრძალვა პელოპონესზე შემორჩენილი, მათთვის უცხო და უჩვეულო კულტურის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მოგვიანებით, დელფოში, ბერძნებმა წინააზიელი აპოლონი გონების ღმერთად აქციეს, მაგრამ სცადეს მისი მორიგება გრძნობის ღმერთ დიონისესთან – აპოლონს არდადაგების მაგვარი რამ შეუთხზეს და ამ პერიოდში დიონისეს ეთაყვანებოდნენ.

ეს შესაძლოა გენიალური მიხვედრა იყო, შესაძლოა ამ ღვთაებათა სამშობლოს გამოცდილება – რომ საზოგადოების განვითარება ევოლუციური გზით უმჯობესია. ცივილიზაციის ფაზა ოდითგან მონაცვლეობს კულტურის ფაზასთან. იცვლება მოდა, იცვლება წესწყობილებანი. ამით საზოგადოება თითქოს დამყაყებას გაურბის და ყოფიერებას იფერადებს.

თუ ამ სპირალურ განვითარებაში ხელოვნურად დამუხრუჭდა რომელიმე ფაზა, დრო რევოლუციური გარღვევით ნაზღაურდება. რბილი, ევოლუციური გადასვლის მაგალითია შუმერთა დამკვიდრება პროტოშუმერულ კულტურაზე, ასევე ხათის ქვეყანა, სადაც ხეთური ეთნოსის შესვლა, დამკვიდრება და ხათის კულტურასთან შერწყმა უმტკივნეულოდ მოხდა.

ნიცშესა და შპენგლერის ქადაგებანი ფასეულობათა გადაფასების ჟამის დადგომის შესახებ ტექნიკური რევოლუციით განპირობებული სწრაფი ცვლილებების წინათგრძნობა იყო. მსგავსი დრამატიზმი იკითხება წინააზიურ და ბერძნულ ცნობიერებათა შეჯახების ეპოქაშიც.

მსოფლმხედველობათა ამ ჭიდილში არსად ჩანს რასიზმისა და ქსენოფობიის კვალი – ეთიოპთა მეფე მემნონი ტროელთა დასახმარებლად იბრძვის, პელაზგი აქილევსი – ნათესავთა წინააღმდეგ. პროცესი კი რაღაც მიზეზთა გამო კონფლიქტურად წარიმართება – ან წინააზიელნი აჯანჯლებენ, ან ბერძნები ჩქარობენ.

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პელოპონესსა და წინა აზიაში ცვლილებათა დრო ბერძნებთან ერთად და ბერძნების სახით მოვიდა.

მოგვიანებით, წინა აზიის ტერიტორიაზე, ამ ორი დაპირისპირებული ხალხის მიერ შეიქმნება დიდი სახელმწიფოები და მათ განსამტკიცებლად არა მარტო მხარდამხარ იბრძოლებენ გუშინდელი მტრები, არამედ შესანიშნავ კულტურასაც შექმნიან. თითქოს ამის წინაპირობაა დანგრეული ტროადან ლტოლვილი, ჯერ კიდევ ჯავრგამოუნელებელი ენევსის საქციელი, როცა მან კიკლოპთაგან იხსნა ოდისევსის რაზმს ჩამორჩენილი გუშინდელი მოსისხლე მტერი.

სასაცილო პანთეონი

ზემოთთქმულ მოსაზრებათა გასამყარებლად მცირე ხნით კიდევ უფრო ღრმა წარსულში გადავინაცვლოთ.
პირველ მიწათმოქმედთათვის მიწის ღვთაება ერთი უმთავრესი სალოცავი იყო, რადგან მის კეთილგანწყობაზე მნიშვნელოვნად გახლდათ დამოკიდებული ადამიანთა სიცოცხლე და კეთილდღეობა.

სადღეისოდ ნაპოვნია მრავალი კერპი დიდმკერდიანი და ფაშვიანი დედაკაცის გამოსახულებით. მისი კულტი იმდენად ძლიერი იყო, რომ დღემდე იკითხება ცეკვა-სიმღერასა თუ რიტუალებში. მუსიკის მკვლევარებს თუ ვერწმუნებით, მიწის ღვთაებას ჯერ კიდევ ნეოლითელი წინაპარი უმღერდა “ნანას”.

ნიადაგ მიწის მჩიჩქნელი და ტალახში მოგუნგრავე ტახი კი, უმწეო ადამიანს ალბათ ამ ღვთაებასთან საუკეთესო მეკავშირედ ეჩვენებოდა. სხვათა შორის, ჩვენში დღემდე შემონახულ ქიზიყურ “ღორულ” ჭიდაობასაც აშკარად სარიტუალო ელფერი დაჰკრავს და, შესაძლოა უძველესიცაა არსებულ რიტუალთა შორის.

რაკიღა პელოპონესზე ახლადშეჭრილ მომთაბარე ბერძენთათვის გაუგებარი და უცხოა მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული რიტუალები, ტახის კულტი აღმოსავლეთით დაძრულ ადგილობრივ ტომებს წამოჰყვება და თითქმის სამი ათასი წლის განმავლობაში შემოინახება მათ კულტურაში (გავიხსენოთ სამეგრელოს სამთავროს გერბი), ბერძნებს კი ამ კულტის მკრთალი ანარეკლი შემორჩებათ მითში ანთეოსზე, რომელიც მიწასთან შეხებით იკრებს ძალას, რადგან გეას, მიწის ქალღვთაების პირმშოა.

მოგვიანებით, ახალ მიწებზე დამკვიდრებული ბერძნები, რომლებიც უკვე თავად მისდევენ მიწათმოქმედებას, ტახის მიმართ ოდინდელი მტრობის ახსნას დროის შესატყვისი მიზეზით ცდილობენ (“კალედონიური ნადირობა”) – არტემიდეს მიერ მიქსეული ტახი მათ ყანებს ანადგურებს.

ფრიგიაში კი, სადაც არტემიდეს კულტს განსაკუთრებული ფესვი აქვს, უომრად შემოჟონილი ბერძნები ადგილობრივ ხალხთა (მუშქთა, თუბალთა) კულტურულ ტყვეობაში ექცევიან და მათთან ერთად აგებენ ქალღმერთის განთქმულ ტაძარს.

ბერძენთა მითოლოგია მოკლებულია გრძნეულებას. ფრაზა “არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის” – ოლიმპოელ ღმერთებზეა ზედგამოჭრილი. ისინი ჩვენსავით განიცდიან, ეშმაკობენ, ტყუვდებიან, წყვილდებიან, ადამიანებთან ტოლებივით ქიშპობენ და ასე შემდეგ.

იქნებ ბერძნული მითოლოგიის მომხიბლაობის საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ მათ წინამორბედი ცივილიზაციის ქუფრი, იდუმალი სამყარო გაამარტივეს, გააფერადეს და “საპნის ოპერასავით” ყველასათვის გასაგები გახადეს. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც კომედიოგრაფ არისტოფანეს პიესა “ფრინველები”.

ვცადოთ და წარმოსახვის მეშვეობით წუთით გადავინაცვლოთ ანტიკურ საბერძნეთში, ამ პიესის პრემიერაზე.

ჰომერულ ხარხარს მოუცავს მაყურებლით გადაჭედილი დარბაზი. სასაცილო კი ის არის, რომ წუწკი ფრინველები ღმერთებისთვის განკუთვნილ სამსხვერპლოს წასჩვევიან და დამშეულ ღმერთებს მუცლის გვრემა ასტეხიათ.

თითო “გამოჩენილი” ათეისტი შესაძლოა ყველა თაობასა ჰყავდეს, მაგრამ ასეთი მასობრივი ათეიზმი, თან იმ ეპოქაში, ყოვლად არაბუნებრივი და დაუჯერებელია, განსაკუთრებით ისეთი სულიერების ხალხისგან, რომელიც დღემდე მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ბურჯია. ისიც ჩანს, რომ იმდროინდელ ბერძნებს საკმაო შიში და რიდი აქვთ იმ ღვთაებებისა და რიტუალებისა, რომელიც ან თავისია, ან თავისას მიამსგავსეს (მაგ. დელფოს სამისნო).

ზემოთთქმული და კიდევ ის, რომ მითების თანახმად მიწისქვეშეთის სამივე მსაჯული არაბერძენია, ან თუნდაც ის, რომ ამ პანთეონის ომის ღმერთი – არესი ბერძენ გმირთან ორთაბრძოლაში მარცხდება, ან თუნდაც ის, რომ აპოლონი მალიმალ იცვლის ფუნქციას, ხოლო ოლიმპოს იერარქიით მეორე პირი – ჰერა სრულიად უფუნქციოა და ეჭვიანობისა და წვრილმანი ინტრიგების ხლართვის გარდა არაფერი ეხერხება – განა იმაზე არ მეტყველებს, რომ ბერძნული მითოლოგია სინამდვილეში ზედაპირულად წაკითხული უცხო კულტურაა, რომელიც ბერძნებმა ამ კულტურის შემქმნელ დამხვდურ ხალხთან ერთად შეისრუტეს.

აქ კი კვლავ გავიხსენოთ სახელგანთქმული კალედონიური ნადირობა, რომელიც ტახის, როგორც ტოტემის და შესაბამისად, მისი კულტურის დამარცხებასა და შთანთქმას უნდა ნიშნავდეს, თორემ ამხელა ეპოპეა, ყველა ბერძენი გმირის მონაწილეობით, ერთი ღორის მოკვლას ხომ არ მიეძღვნებოდა. ეს ტახი წინააზიური ღვთაების, არტემიდას გამოგზავნილია.

დავსვათ კითხვა: რატომ უნდა დაედგა ბერძენს ამგვარი უცხო და მტრული ღვთაებისთვის ყველაზე საოცარი ტაძარი?

შემდეგი კითხვა – ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რამდენად დასაჯერებელია, რომ არტემიდა ეთესელის ტაძარი ადგილობრივ ხალხთა ძლიერი კულტურული მუხტის გავლენითა და ამ ხალხთა აქტიური მონაწილეობით არის შექმნილი?

ასეთი კითხვა იბადება ასკლეპიოსის ტაძართან, ჰელიოსის კოლოსთან, ჰალიკარნასის მავზოლეუმთან და ამ ეპოქის მრავალ სხვა საოცრებასთან დაკავშირებით. წინა კულტურის გავლენა ამ ტერიტორიებზე იმდენად ძლიერი იყო, რომ უკვე გაბერძნულებული ფრიგიის მეფეს, მიდასს ასირიელნი ინერციით კვლავ მუშქის ეძახდნენ.

ასევე გაცხარებით ებრძვიან საუკეთესო ბერძენი გმირები ხარს და ამას მხოლოდ მაშინ ეძლევა აზრი, თუ დავუშვებთ, რომ ეს ბრძოლა დამხვდური ცივილიზაციის კულტთანაა გაჩაღებული: ჰერაკლე კრეტის ხარს ებრძვის, თეზევსი – მარათონის ხარს და მინოტავრს, იასონი – აიეტის სპილენძისჩლიქიან ხარებს.

ქართულ მასალაში კი ხარის მიმართ სრულიად სხვა დამოკიდებულება იკითხება. გავიხსენოთ თუნდაც ზღაპარი “წიქარა”, ან მეგრული ჭიდება “კურული”.

ნუთუ ვინმეს გულწრფელად სჯერა, რომ ასეთი სიმღერისა და ცეკვის შემოქმედ ერს, ამასთან, დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე სრულქმნილი ენის პატრონს, ორი ათასი წლის წინ ქვის გათლა არ შეეძლო და ეს ნიჭი მხოლოდ შუა საუკუნეებში გაგვეფურჩქნა.

უფრო თამამად უნდა ვეძიოთ ჩვენი წილი ანტიკურ ხელოვნებაში და არა მხოლოდ საქართველოს მიწაში. ჩვენი ძველი კულტურის უმეტესი ნაწილი ხომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეა მიმოფანტული. როცა ეს საოცარი სამყარო აღმოაჩინეს და თაროებზე გადაანაწილეს, ჩვენ მაშინ პრეტენზიების გასაცხადებლად მზად არ ვიყავით.

რუსთა იმპერიამ კი ისე მოგვიწყო საქმე, რომ ეროვნული ამბიცია კი არა, ქართველობის შეგრძნებაც კი წაგვშლოდა და ამ მიზნით, აგერ ახლახან, ენის ამოძირკვაც კი სცადა. ამის შედეგია დღემდე გამოყოლილი ჩვენი მორცხვობა, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ამირანი პრომეთედან გვგონია ნასესხები.

ჩვენდა საბედნიეროდ, ისევ უცხოეთში მწიფს აზრი დამკვიდრებულ შეხედულებათა გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. თუ ამ საქმეში წინმებრძოლობას ვერ შევძლებთ, დავეხმაროთ მაინც.

ხოლო თუკი ვინმეს ზემოთმოყვანილი მსჯელობა ოდენ აულაგმავი ფანტაზიის ნაყოფი ჰგონია, გულდასმით ჩაიკითხოს ეს ნაწყვეტი: – “იმ ქვეყანას ვტირი, რომელმაც ანტიკური ბერძნული სიბრძნე წარმოშვა, ახლა კი უვიცობის წყარო გამხდარა…” – რას უნდა ნიშნავდეს დონ ქრისტოფორო კასტელის მიერ XVII საუკუნეში საქართველოს მიმართ თქმული ეს სიტყვები? შედარება იმდენად კონკრეტულია, რომ აშკარად არ ჰგავს ემოციურ წამოძახილს.

სავარაუდოა, რომ მან, ჩვენსკენ გამომგზავრებამდე, როგორც მისიონერმა და ემისარმა, შესაბამის არქივებში გულდასმით შეისწავლა საქართველოს შესახებ არსებული მასალა და რაღაც ჩვენთვის უცნობი წყარო აქვს მხედველობაში. ეს მასალა ალბათ ახლაც იქ იმყოფება და დედუქციური ალღოთი დაჯილდოებულ ქართველ მკვლევარს ელის.

უკვე მოძიებული და გაანალიზებული მასალა საჭიროებს საბრძოლო ხელოვნების თავისებურებებში ჩახედულ მკვლევართა მიერ თავიდან გადაჩხრეკას, რაც საშუალებას მოგვცემს ამ მასალაში მივაკვლიოთ დღემდე უცნობ და გაუშიფრავ შრეებს.

ამ მიმართულებით კვლევა რთულდება იმითაც, რომ სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა ისეთ განსხვავებულ დარგთა ზედდება, როგორებიცაა – ისტორია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ეთნოგრაფია, ფოლკლორი, მუსიკა, ქორეოგრაფია, მხატვრობა, მეტალურგია, მედიცინა, სპორტი, ფსიქოლოგია, ფილოლოგია, სამხედრო ხელოვნება და სხვანი. სიახლის პოვნა ხშირად მხოლოდ მათ გადაკვეთაზეა შესაძლებელი, რაშიც თავადაც არაერთხელ დავრწმუნებულვართ.

მაგალითისთვის იკმარებდა “ვეფხისტყაოსნის” ერთი ცნობილი სტრიქონი: “აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა”. აკადემიკოსმა ავთანდილ ციბაძემ, რუსთველოლოგიისა და სპორტის ისტორიის პარალელური ანალიზით შეძლო დადგენა, რომ საქმე გვაქვს ერთგვარ სამხედრო ორჭიდთან – ნადირობა, შემდგომ ბურთაობა. როგორც ჩანს, ეს იყო საკმაოდ მკაცრი წესი, რომლის დარღვევას მეფეც კი ერიდებოდა.

გავიხსენოთ კიდევ ერთი ადგილი “ვეფხისტყაოსნიდან”: უცხო მოყმის მიერ მონების დახოცვითა და გაუჩინარებით გამწყრალი როსტევანი ნადირობის შეწყვეტას ბრძანებს, რის გამოც “ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.” ამ ტრადიციის გვიანდელ ანარეკლს მომდევნო თავში კვლავ შეხვდება მკითხველი.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

1. ლომის ხატი ჩვენში იმდროინდელი უნდა იყოს, როცა წინარექართული ტომები სამხრეთით ბინადრობდნენ და ლომებსა და ვეფხვებს მხოლოდ ყურმოკვრით არ იცნობდნენ (ლომზე შემდგარი მეომარი – ხალდი ურარტუს მთავარი ღვთაება იყო).

2. ამ ხეთურ ბარელიეფზე გამოსახულ ღვთაებას ხელთ შუბი უპყრია. მკვლევართა აზრით ხეთებმა, რომლებიც 5 ათასი წლის წინ მოვიდნენ წინა აზიაში, ადგილობრივი ხათის ხალხისგან უცვლელად მიიღეს ტოპონიმები, მეფეთა სახელები და ღვთაებები.

ეს სიტყვები ჩვენი ყურისთვის არც თუ უცხოდ ჟღერს: მთა – ცივანა; ქვეყნები და ქალაქები – ხათილი, არცავა, ქიცუვათნა, ხათუსა, სამალი; დასახლებანი – ცანცისნა და ლაფანა; მეფეები – თუთხალია, ლაბარნა, ხუცია, მურსილი, ამუნა, ციდანთა. ტახტის მემკვიდრის დედა – თავნანა (მთავარი დედა?); ამინდის ღვთაებანი – სანთა, დათა, თარხუნი, ცისა და ნამნი; ქალღვთაებანი – ისხასხურა, იაია, ცახაფუნა, ნინათა. გადასახადს სახანი ერქვა, უმაღლეს სათათბიროს – თულია (გაიხსენეთ მესხური თულო-წრე).

ჭექა-ქუხილის ამ შუბოსან ღვთაებას კი თეშუბი(!) ჰქვია. ეს კი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ სულ ცოტა 5 ათასწლეულია ამ იარაღს შუბი ჰქვია და ქართულმა უშუალოდ წინაპარი თუ მონათესავე ხათის ენიდან მოიტანა დღემდე.

teshub

3. არც ლიდიელთა მეფის სახელი “გიგი” არის ჩვენი სმენისთვის უცხო (ეს გიგი სიმდიდრით ლეგენდად ქცეული კროისოსის, ანუ კრეზის პაპის მამა იყო. იგი ბერძნული წყაროთი გიგიდ, ასურული წყაროთი გუგუდ მოიხსენიება). ეზეკიელი მას უნდა გულისხმობდეს, როცა მოიხსენებს მაგოგის ქვეყნის მთავარს გოგს (როშის, მეშექისა და თუბალის ტომთა მთავარს), აღწერს მის დიდ და კარგად აღჭურვილ ლაშქარს.

ეზეკიელი ძვ. წ. VI საუკუნეში ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ლიდიაში ჯერ კიდევ ეს ქართული ტომები იყვნენ მთავარნი. აქვე გავიხსენოთ ჰორაციუსის მიმართვა მეცენატისადმი – ლიდიელთაგან ვერვინ შეგედრებაო გვარის წარჩინებით (იგულისხმება ეტრუსკული წარმოშობა, რაც რომში სიამაყის საგანი იყო).

ლიკიის დედაქალაქს კი პატარა ერქვა (ურარტულად კარავთა ქალაქს ნიშნავს), ხოლო მთავარ მდინარეს – ქსანი. ლიკიელთ ჰქონდათ საკუთარი ენა და დამწერლობა. მათი გამორჩეული ღვთაება იყო აპოლონი. მისი ლირა ადგილობრივ მონეტაზეც კი იყო ამოტვიფრული.

გადმოცემის თანახმად ისინი აქ კრეტიდან გადმოვიდნენ და თავის ქვეყანას უწოდეს მილიადა, ტომებს კი ერქვათ სოლიმები და თერმილები. აქაური ბელადები – სარპედონი და გლავკოსი ტროას მხარეზე იბრძოდნენ.

ამ მხრივ საინტერესო ტოპონიმებია სტაგირი, რომელიც არისტოტელეს მშობლიური ქალაქია მაკედონიაში და აგრეთვე პროვინცია ძველ კახეთში, ბერძნული ტოპონიმები კორინთო და კარალია (შეადარე – კორინთა და კარალეთი), ან თუნდაც ჩვენებური სოფლები ხეთა და ლაბრა.

სანგარია (ამჟამად საქარია) ერქვა დარდანელთან ახლოს შავ ზღვაში ჩამავალ მდინარეს.

გავიხსენოთ მცირეაზიური დასახელებანი: გალისი და ენგუ-ჩაი (მდინარეები), მესტია, ქობულათუს, თიანითის, ქუთაია (ფრიგიაში), კუტა (ურარტუში), სორა (დასახლებანი).

გავიხსენოთ თუნდაც შუმერული ღვთაებანი: იშხარა, ნანარი, აია, აგრეთვე ქალაქები ლარსი, კალხუ და ქუთა.

ასევე საინტერესოა სვანეთში რამდენიმე ათასწლეულის წინანდელი შუმერული ღვთაებებისა და ტოპონიმების არსებობა – ენგური, ლახამი, ლახამულა, ლამარი და სხვანი (იხ. – “ENKI AND THE WORLD ORDER”, by Samuel Noah Kramer).

სხვათა შორის თვით მესტიას აქამომდე სეთი ერქვა.

შეუძლებელია ამ შუმერულ სიტყვათა მსგავსება ქართულთან უბრალო დამთხვევას მიეწეროს: აგარ – მინდორი (აგარა); ბალ-ბალ – საუბარი (ბალ-ბალ – ყბედობა (ჭან.)); ბარბარ – ვარვარი; ბარი – დაბლობი, ბარი; ბულბული – ბულბული; გა – გორა, გა (მეგრ.); განა – მინდორი (ყანა); დერგ – დერგი; დუქ – თიხის ჭურჭელი (დოქი); ენემ – ენა; ერიმ – ხალხი (ერი); თუნირ – თორნე; იზი – ეზო; მა – მე; მარუნ – მარანი; ნუ – არა; ქაშ – ქერის ლუდი, ქაშქ (საბა); ქუშ – კვნესა, ქუში, ქოშინი; ხარ – ხარი; ხუხულ – მთვარის სახლი ცაზე (ხუხულა) და სხვანი.

მცირე აზიასა და შუამდინარეთში გავრცელებული იყო ანათის (ეგვიპტური ნეით, ბერძნული ათენა) კულტი (ნათება-თენება?).

განა შეიძლება აქ არ გაგახსენდეს ივანე ჯავახიშვილის გაოცებით შეძახილი: “მცირე აზიის სხვადასხვა ადგილას, ხალხში უცნაური საკუთარი სახელები ყოფილა გავრცელებული და სწორედ ეს უცნაური სახელები ჩვეულებრივ ქართულ სახელებს საკვირველად ჰგვანან”.

4. ასევე საინტერესოა უძველესი სახელმწიფოს – ელამის პირველი პირის – სუქალ-მახისა და სვანი მონადირის სულკალმახის შედარება (სუქალ-მახი შუმერულად უზენაეს მრჩეველს ნიშნავს). გარდა სახელთა მსგავსებისა, იკვეთება საინტერესო პარალელები:

I) – სუქალ-მახი თვით მეფეზე მაღლა იდგა, რაკიღა უზენაესი მოციქული იყო, ანუ ღმერთებთან ურთიერთობდა;
– ამირანის მითში სულკალმახიც ნადირობის ქალღმერთთან ურთიერთობს (დალი მას ანდობს საკუთარ პირმშოს).

II) – ელამთა სახელმწიფოში ტახტის მემკვიდრეობა დედის ხაზით გადადიოდა;
– სულკალმახის მიერ დარეჯანისთვის გასაზრდელად მიბარებულ ამირანს დარეჯანისძეს ეძახდნენ.

ამირანის მითში რამდენიმე ათასწლეულია დაჭირხნილი. ღმერთთან კავშირში მყოფი სულკალმახი მონადირეა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ მითის ეს შრე 7-8 ათასი წლის წინანდელია, ანუ იმდროინდელი, როცა მონადირე–ქურუმს ჯერ მჭედელი–ქურუმი არ იყო ჩანაცვლებული (გავიხსენოთ მცირე ხრამის კლდის მხატვრობაც).

მატრიარქატის ანარეკლიც ამ ხანას ადასტურებს. ქალის ძედ გმირის მოხსენიება იდუმალი ხიბლის გამო ყველა მომდევნო დანაშრევმა შეინარჩუნა, ხოლო დარეჯანი ამირანის დედობილს ალბათ მოგვიანებით დაერქვა.

ელამელნი თავის ქვეყანას ხათამთის ეძახდნენ, დედაქალაქს კი შუშენს (აქ იპოვნეს ჰამურაბის სტელა). უდიდესი კულტურის შემქმნელი ელამელნი უკვალოდ გადაშენდნენ. ჩვენს დრომდე მოტანებული მათ ენაზე შექმნილი ტექსტები არ იძლევა გადაჭრით რაიმეს მტკიცების საშუალებას.

ელამურ ენას კავკასიურს, ხანაც დრავიდულს ამსგავსებენ. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ასევე დასაშვებია იბერიულ-კავკასიურ ენებთან დრავიდულის უძველესი ნათესაობა. ნოსტრატულ ენათა თეორიის ერთ-ერთი ვერსიით კი დრავიდული ქართველური ენის განშტოებას წარმოადგენს.

ასეთივე დამთხვევები გვხვდება ქართულსა და ხურიტულში, ქართულსა და სემიტურში. გამყრელიძე-ივანოვის თეორიის თანახმად კი წინარე ინდოევროპულ ენას ძვ. წ. V ათასწლეულში შეხება უნდა ჰქონოდა წინარე ქართველურ ენასთან, რაც ასევე მრავალი ლექსიკური ერთეულით დასტურდება.

აქვე გავიხსენოთ, რომ იმ ეპოქაში, გამარჯვებული ქვეყანა, აჯანყების შიშით, დაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობას ხშირად სხვა მხარეში ასახლებდა, რის გამოც ხდებოდა ძლიერი ასიმილაცია. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც იყო ზემოთჩამოთვლილ ენაზე მეტყველ ხალხთა შემოჟონვისა ქართულ ეთნოსში. ბუნებრივია, მათ თან მოჰქონდათ საკუთარი ლექსიკური ერთეულები, მაგრამ თავად ენა ითრგუნებოდა უფრო განვითარებული ქართველური ენის მიერ.

5. პლატონის ხელთ არსებული წყაროების მიხედვით ატლანტიდა დაიღუპა 12 000 წლის წინ. თუ ბიბლიური წარღვნა ამ მოვლენას უკავშირდება, ეს ნიშნავს, რომ ამირან-პრომეთეს ძე – დევკალიონი (იგივე უთანაფიშთიმი, ანუ ბიბლიური ნოე) ამ დროინდელია, ანუ ამირანის ეპოსი ამ სიღრმიდან მოდის.

ამერიკელი გეოლოგების რაიანისა და პიტმენის ჰიპოთეზით შავი ზღვა 7500 წლის წინ მომცრო ტბა იყო. დათბობის შედეგად აწეულმა წყალმა ანაზდად გაარღვია ბოსფორის ყელი და და მკვეთრად ასწია ტბის დონე. რა სისწრაფით აივსო ტბა ოკეანის დონემდე, ჯერაც დავის საგანია, მაგრამ ერთში მეცნიერები თანხმდებიან: ადრებრინჯაოს ხანაში შავი ზღვის დღევანდელ ფსკერზე ხალხი სახლობდა.

ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ მეტყველებს ცნობილი მკვლევარის, რობერტ ბალარდის რამდენიმე არქეოლოგიური აღმოჩენაც. მეცნიერის აზრით შესაძლოა სწორედ ეს მოვლენაა თანამედროვეთა მიერ წარღვნად მონათლული.

თუ ეს მოსაზრება სწორია, უნდა ვივარაუდოთ, რომ შავ ზღვაში გადადინებული მოცულობის აღდგენა ატლანტის ოკეანიდან ჰიბრალტარის სრუტეში დიდი ნაკადის შემოჭრით უნდა მომხდარიყო, რამაც შესაძლოა ისეთი ტალღები გამოიწვია, რომ ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქები წალეკა. ან იქნებ სულაც ბოსფორი კი არა, ჰიბრალტარი გაარღვია ოკეანის წყალმა.

ამდენად, შავი ზღვის ავსება კი არ უნდა ყოფილიყო წარღვნასთან გაიგივებული, არამედ ატლანტის ტალღები და მძლავრი დინება ხმელთაშუა ზღვაში. შესაძლოა ამიტომაც ფიგურირებს მითებში ატლანტიდა.

6. მითების თანახმად ტიტანები ღმერთების წინა თაობაა. ტიტანებმა გადაარჩინეს კაცთა მოდგმა, ასწავლეს შენება, ზღვაოსნობა, წერა, მკურნალობა.

კოლხთა მეფის, აეტის მამა – ღვთაება ჰელიოსი ტიტან ჰიპერიონის შვილი იყო.

ამირანი-პრომეთეც ხომ ტიტანთაგანია, იაფეტისა და აზიას ძე, ატლანტის ძმა (ანუ აზია იაფეტიანთა სამშობლოა). იგი ღმერთს ებრძვის ადამიანთა დასაცავად. რაა ამ ქიშპობის საფუძველი? იქნებ ეს ტიტანები დაღუპული ცივილიზაციის ნაშთები არიან, ანუ ატლანტიდელნი, რომელნიც ადამიანებს ცოდნას გადასცემენ ბუნებისგან თავის დასაცავად?

7. ერთი თქმულების თანახმად წმინდა გიორგი კოპალასა და იახსართან ერთად ლაშქრობს ქაჯავეთს და იქიდან მოაქვს თასი (ან მოჰყავთ დობილი სამძივარი). ზვიად გამსახურდიას თვალსაზრისით ეს არის გრაალის თასი. მოვახდინოთ რამდენიმე შედარება:

• – გიორგი, კოპალა, იახსარი მიდიან ქაჯავეთს;
– ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი მიდიან ქაჯეთს.
• – ქაჯავეთიდან მოაქვთ თასი (ან მოჰყავთ სამძივარი);
– ქაჯეთიდან მოჰყავთ ნესტანი (გრაალის თასის ერთ-ერთი სახე ქალწულია).
• – წმინდა გიორგის ერთ-ერთი გამოსახულება ებრძვის არა დრაკონს, არამედ ლომსა და ვეფხვს. აქ უნდა იგულისხმებოდეს ბრძოლა ოსმალეთისა და ირანის წინააღმდეგ. წმინდა გიორგის გამოსახვისას ასეთი ალეგორია უჩვეულო არ არის. ერთგან დრაკონის ნაცვლად სულაც კეისარია გამოსახული;
– ტარიელიც ასევე ებრძვის ლომსა და ვეფხვს.
• – ჯვაროსანთა (სხვადასხვაქვეყნელ რაინდთა) ერთობლივი ლაშქრობა სიწმინდეთა დასახსნელად. იმდროინდელი ევროპული მითის თანახმად აღმოსავლეთის მეფე-ხუცესი იოანე (სავარაუდოდ დავით აღმაშენებელი) გაჭირვების ჟამს მხსნელად უნდა მოვლენოდა ჯვაროსნებს;
– ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის (სხვადასხვაქვეყნელ რაინდთა) ერთობლივი ლაშქრობა ქალწულის დასახსნელად.

რუსთველის განმარტებით ქაჯნი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ოღონდ გრძნებით განთქმულნი, ანუ რაღაც საგანგებო, უჩვეულო და საკვირველ ცოდნას ფლობენ. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ლაპარაკია აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების რომელიმე სკოლაზე, საიდანაც მეფე-ხუცესი იოანეს სპამ გრაალის თასი გამოიხსნა (თუმც აქვე გავიხსენოთ, რომ ქაჯთა ქალაქად მოიხსენიება არტანის ქალაქი ჰურიც).

ის, რომ აქ ცოდნაზეა ლაპარაკი და არა ჯადოქრობაზე, გამოსჭვივის ამ პატარა ნაწყვეტშიც – კოპალას დასახსნელად ქაჯეთს ჩასულმა თერგვაულმა უჩინარი მოსასხამი – შავი ბადე გადაიცვა. მითისთვის დამახასიათებელ გაზვიადებას (უჩინარი) ვერ წაუშლია რეალური სამსტოვრო შესანიღბი სამოსი (შავი ბადე).

8. სულხან-საბას ლექსიკონში “სამდგომის” ერთ-ერთი განმარტებაა სამკაცა საბრძოლო ეტლი, სამთაგან ერთი ინიოხობს (ეტლს მართავს) ორი კი იბრძვისო. ზუსტად ასეთი იყო ძვ. წ. II ათასწლეულის ხეთთა საბრძოლო ეტლი (იხ. თავი “ცხენოსნობა”)

9. ეზეკიელ წინასწარმეტყველი ასე მიმართავს ქალაქ ტვიროსს (ძველი აღთქმა, 27/10) – “სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას”.

იერემია წინასწარმეტყველი ასევე მოიხსენიებს ფუტიელთ. “და გამოვიდნენ ქუში და ფუტი, ფარის მპყრობელნი” – (თავი 46/9).
საინტერესოა, რა კავშირშია ამასთან ქართული ტოპონიმები ფუტიეთი, ფუთი (ძველ წყაროებში ხშირად ფოთიც ფუთად მოიხსენიება), აგრეთვე ხეთთა მეფის სახელი ფიუსტ და ბატონის, გინდა უფლის აღმნიშვნელი სვანური სიტყვა ფუსტ.

 

ტეგები: , ,

2 responses to “ზნენი სამამაცონი – 4, ნაცნობი სტრიქონები

  1. ელდორადო

    July 11, 2010 at 10:19 am

    ძალიან საინტერესოა.მადლობა ბატონო კობა.

     
  2. ნათია

    August 18, 2010 at 6:38 pm

    მოწიწებით გართმევთ ხელს ბატონო კობა,შესაშური შრომისმოყვარეობის გამო. იმედია არ შეწყვეტთ კვლევას და შემდგომში მრავალ საინტერესო სტატიას შემოგვთავაზებთ!!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: