RSS

ზნენი სამამაცონი – 3, ვისი გორისანი ვართ

23 Apr

“დაე გვარი თქვენი იყოს ერთიანი, ვითარცა მგლისა !”
ხეთთა მეფის ხათუსილის მიმართვიდან ქვეშევრდომთადმი

ეს მცირე მონათხრობი მცდელობაა ორიათასწლოვან ნაკვალევს გადევნებისა წინარექართულ კულტურასთან აშკარად შეხებაში მყოფ ხეთთა მეფე-ქურუმ ლაბარნადან (ძ. წ. XVII სკ.) ვიდრე ქრისტეანული საქართველოს პირველ მეფე მირიანამდე.

ოდნავ გავუსწროთ მოვლენებს და გავიხსენოთ კარიელთა ქვეყანა. ჰეროდოტეს (480-426 წ.ძ.წ.) ცნობით – “კარიელთა ტომი ყველა სხვა ტომზე სახელოვანი იყო და დიაღაც ბევრად უფრო მეტად. მათ ეკუთვნის სამი აღმოჩენა, რაც ელინებმაც გამოიყენეს; მუზარადებზე ჯიღის მიმაგრება კარიელებმა შემოიღეს, ფარებზე ნიშნის გაკეთება მათი გამოგონებაა და ესენი პირველები იყვნენ, რომლებმაც ფარებს ტარები გაუკეთეს”.

კარიელთა უძველესი რელიგიური ცენტრი იყო ქალაქი ლაბრანდა. აქ ნაპოვნია ხარისა და ორმაგი ცულის ემბლემები. ადვილად შესაძლებელია, რომ ეს სიმბოლოები კარიიდან გადავიდა კრეტაზე. ორმაგი ცულის (ლაბრას) გამოსახულებანი მინოსის სასახლის გაბატონებულ დეკორს წარმოადგენს.
აქ გავიხსენოთ ხათის მეფეთა საგანგებო ტიტული – ლაბარნა (თაბარნა).

შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ მეფე ლაბარნას ძალაუფლების ატრიბუტად ორპირი ცული – ლაბარ (თაბარ) ეპყრა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ორპირი ცული იმდროინდელ ხეთურ ბარელიეფზე გამოსახულ მავანსაც უპყრია ხელთ.

ამორძალთა მთავარი იარაღიც ორპირა ცული იყო. გაადევნეთ თვალი მწკრივს : ლაბარნა (თაბარნა) – ლაბრანდა – ლაბრა (ტაბარ, ტაპორ). რაკიღა აღიარებულია, რომ ხეთებმა ხათის ხალხისგან აიღეს წოდებანი (ამ შემთხვევაში – ლაბარნა), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზემოთჩამოთვლილი სიტყვები ხათის ენიდან ხეთების მეშვეობით შევიდა ინდოევროპულში.

არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვა “ლაბირინთიც” ამ საკულტო იარაღის დასახელებიდან მოდის, აფხაზეთში კი დღესაც არსებობს სოფელი ლაბრა.
თვით ცული ერთ-ერთი უძველესი საკულტო იარაღია. ზემოდან ქვემოთ მიმართული მისი მჭრელი პირი და მოძრაობის მიმართულება ციდან მოვლენილ სასჯელს იყო შედარებული.

ამ ლოგიკით თუ ვივლით, ორპირა ცული, რომელიც მეფე-ქურუმს უპყრია ხელთ, ორივე მხარეს (ვთქვათ – აღმოსავლეთ-დასავლეთით) მიმართული რისხვაა. ამავე დროს სახელი ლაბარნა გვაგონებს ლაბას (თეთრშუბლა ხარი) და ფარნას (ფარნა ძველქართულად თეთრი ხარია). როდესაც ასეთი თეთრი ხარი მინოსმა არ დაუკლა პოსეიდონს, ზღვის მეუფემ მას სასჯელად მინოტავრი მოუვლინა.

შესაძლოა სწორედ ეს ორპირა ცული გადაიზარდა ორთავიან არწივში და გადაჰყვა აღმოსავლეთ-დასავლეთზე ბატონობის სიმბოლური მნიშვნელობა, მით უმეტეს, რომ ორთავიანი არწივი სწორედ ამ პერიოდის ხეთური კულტურის პროდუქტია.

რა კავშირია ორპირა ცულს, ზღვასა და ხარს შორის? ორპირა ცული მოხაზულობით მთვარეს ჰგავს და აშკარად ჩანს, რომ კრეტაზე იგი მთავარი საკულტო იარაღია, ხოლო მინოსი ერთდროულად მეფეც არის და ქურუმიც. ამავე დროს, როგორც ჩანს, კრეტაზე მთვარის სტიქიონი ზღვაა და საკულტო ცხოველი – ხარი.

ძალაუნებურად გვახსენდება არმაზის მიერ ზღვის მოქცევა ითრუჯანის ცეცხლის დასაქრობად :
“ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩვენი ესე არმაზ ყოვლადვე მტერ არიან. ამან მას ზედა ზღვა მოაქცია და შური იძია”. – გვამცნობს “ქართლის ცხოვრება”. ამ ნაწყვეტში, გარდა იმისა, რომ ცეცხლის სტიქია წყლის სტიქიითაა დათრგუნული, ყურადღებას იქცევს ასტრონომიული ცოდნა – ზღვის მოქცევის დაკავშირება მთვარესთან, რაც თავისთავად საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

ამავე დროს გავიხსენოთ, რომ არმა ხეთურად მთვარეა (ხოლო ფარნა – თეთრი ხარი, მთვარის ერთ-ერთი სიმბოლოა და შესაძლოა ამიტომ არის ნათქვამი – ფარნავაზმა არმაზი თავის სახელად აღმართაო). ხათური ბოლოსართები ძლიერ ჰგვანან ქართულს (მეფის სახელი ხათუსილი ჩვენებურად ხათუსელს ნიშნავს, ანუ ხათუსას მკვიდრს).

აქედან გამომდინარე იქნებ არმაზი არმას კერპია და არა თავად არმა. იქნებ არეაც ნათესაობითი ბრუნვის მეშვეობით გახდა არესი (ვთქვათ – არეას ველი), ისევე, როგორც არმა – არმასი.

ამ მხრივ საინტერესოა პავზანიუსის “ელადის აღწერაში” მოტანილი ცნობაც: – “სპარტაში ყველაზე უძველესი სიწმინდე არის საკურთხეველი არეიასი, რომლის ქანდაკება დიოსკურებს გადმოუტანიათ კოლხეთიდან”.).

ისიც შესაძლებელია, რომ არმა შერწყმული იყოს მთვარის შუმერულ ღვთაება ზუენასთან, ანუ სინთან – არმა-სინი (სინი – დიდი ბრჭყვიალა დისკო?). ახალბაბილონური სამეფოს უკანასკნელი მეფე ნაბონიდი (VI სკ.ძ.წ.) სწორედ ამ სინს ცემდა თაყვანს.

ამ ვარაუდს ამაგრებს ის ფაქტიც, რომ ჩრდილო შუამდინარეთის ტერიტორიაზე არსებულ კარდუხთა უძველეს სახელმწიფოში დასტურდება ციხის სახელი “ჰარმაზი”. ეს ხათური სახელი შესაძლოა კარდუხთა და მუშქთა აქაურ სახელმწიფოებში – ხუბუშქიასა და შუბრიაშიც ღვთაებას აღნიშნავდა და ჩვენს წყაროებში მითითებული არმაზის არეან-ქართლით შემოსვლაც ამას აღნიშნავს. თან, არ დაგვავიწყდეს, რომ წყარო ხაზს უსვამს – კერპი ნასესხები კი არ არის, არამედ “რომელნი იგი ღმერთად ჰქონდეთ მამათა (ანუ უშუალო წინაპრებს) თქუენთა არიან ქართლით”.

 თუმც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა ერთ ნაწილს კარდუხთა და მუშქთა წინარექართული კუთვნილება დღემდე სადაოდ მიაჩნიათ.
ამ საკითხზე მსჯელობისას ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზურში ამრა მზეა და ამზა – მთვარე.

ორმაგი ცული თავიდან მთვარეს შესაძლოა არც გამოსახავდა. აქ უფრო მთავარია ის აზრი, რომ თუ ცული ზემოდან ქვემოთ მომართული სასჯელი იყო, ორმაგი ცული ქვემოდან ზემოთ მიმართული ხომ ვერ იქნებოდა და ამიტომ იგი აღმოსავლეთ-დასავლეთის მბრძანებელსა და ინსიგნაციით ღმერთთან გატოლებულს უნდა გამოხატავდეს. ამდენად, ისიც დასაშვებია, რომ ორპირა ცული ორ ნახევარმთვარეს (ანუ რაღაც ციკლის დაწყება-დასრულებას) სულაც კრეტაზე მიება.

ასევე შესაძლოა, რომ ეს წიაღსვლაა პასუხი კითხვაზე, თუ საიდან წარმოდგება გამოცანად ქცეული სახელი რომაული ინსიგნიისა – ლაბარუმი.

 
* * *
წმინდა ნინო ასე აღწერს არმაზის კერპს: – “ვიხილე და აჰა დგა კაცი ერთი სპილენძისაი: და ტანსა მასსა ეცუა ჯაჭვი ოქროისა: და ჩაფხუტი ოქროისა: და სამხარნი ესხნეს: ფრცხილი და ბივრიტი და ხელსა მისსა აქუნდა ხრმალი ლესული: რომელნი ბრწყინვიდა და იქცევოდა ხელსა შინა რეცა თუ: რომელნი შეეხებიან თავი თვისი სიკვდიდ განიწიროს… და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროისა, და სახელი მისი გაცი: და მარცხლ მისა კერპი ვერცხლისაი: და სახელი მისი: გა: რომელნი იგი ღმერთად ჰქონდეთ მამათა თქუენთა არიან ქართლით”.

ეს აღწერა ძალზედ ჩამოჰგავს ტაძრის ინვენტარის, ამ შემთხვევაში – კერპების აღწერის ხეთურ წესს. გარდა ამისა, კაცის სახოვნებით, შეიარაღებით, მასალით, სამფიგურიანი კომპოზიციით – არმაზის სალოცავი ასევე ხეთურ-ხურიტული ტრადიციის ჩარჩოებშია, რაც ამ ორი კულტურის რაღაც უწყვეტ კავშირზე მეტყველებს (გაითვალისწინეთ, რომ მათ შორის თითქმის ათასი წელია).

ასევე გავიხსენოთ, რომ როდესაც ხეთებმა შეითვისეს ჰურიანული ღვთაება თეშუბი, მას აქეთ-იქით ორი კერპი დაუდგეს – ხაცი და ნამნი (შეადარე – გაცი და გაიმი).

რაც შეეხება იმას, რომ მთავარი ფიგურა სპილენძისაა, მსახურები კი ოქრო-ვერცხლისა, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სპილენძის წითელი ფერი, რაც სიმბოლურად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლითონის ფასი, რადგან, მართალია მახვილოსანი არმაზი ფორმალურად ჯერ კიდევ მთვარის სახელობისაა, მისი მნათობი უკვე არესია, იგივე მარსი, წითელი ცდომილი.

 თუ მართალია მოსაზრება, რომ არმაზს ერთი თვალი მწვანე ჰქონდა, მეორე კი წითელი, ეს უკვე არესთან დანათესავების ღია ხაზგასმა უნდა იყოს. აქვე უნდა ითქვას, რომ არმაზი სპილენძისა კი არა, შესაძლოა ოქროსა და სპილენძის შენადნობისა ყოფილიყო, რათა მალიმალ არ დაჟანგულიყო.

არესი კი კოლხთა ღვთაებაა. იქნებ არმაზი განზრახ შეერწყა არესს ეგრისთან ქართლის სწრაფი რელიგიური დაახლოება-დანათესავების მიზნით, იმ ეგრისთან, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში.

ამგვარი გაორება თუ შერწყმა ადრეც გვხვდება და, ჩანს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად – ამირანი მეგრულ თქმულებაში არამ-ხუტუდ იხსენება. ხუტუინ მიწის ღვთაებაა ურარტუში, ხოლო არამე – ურარტელი მეფის სახელი, რომელიც შესაძლოა ხათური არმას ანარეკლია. ამრიგად, მეგრული ამირანი ერთდროულად გამოდის მეომარი და ვეგეტატიური ღვთაება.

ამასვე ადასტურებს მერაბ მიქელაძის მოსაზრება, რომლის თანახმადაც ამირანს დაენათლა მგლის მუხლი და თორმეტი უღელი ხარკამეჩის ძალა, რაც ნიშნავს, რომ იგი მებრძოლი მგელისა და მშვიდობიანი კამეჩის ბუნებათა მატარებელია და შესაძლოა ენათესავება გილგამეშს (ზოგ კავკასიურ დიალექტში გიალ მგელია და გომეშ – კამეჩი), მით უმეტეს, რომ ამ ეპოსის ნაწყვეტი ხურიტულ და ხეთურ ენებზეც არის ნაპოვნი.

არმაზის კერპის გვერდით არც ადგილობრივი ღვთაებანი – მზე და მთვარეა დაჩაგრული. წონასწორობა შენარჩუნებულია ოქროსა და ვერცხლის (მზისა და მთვარის ლითონები) გაცითა და გაიმით.

გაცის და გაიმის (მეორე ვერსიით გაც და გა) ვინაობის შესახებ დასაშვებია შემდეგი ვარაუდიც: – გა სვანურად მიწის ღვთაებაა, გაიმ – თავად მიწა. გაჩ სვანურად დიდი დანაა. თუ დავუშვებთ, რომ გაც და სვანური გაჩ ნათესაური მნიშვნელობებია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გაჩ დიდი ხნის წინ, როცა აკინაკის ტიპის მახვილი იყო გაბატონებული, ფალოსის ფორმისა იყო (ანუ ყელე), ანუ მამრული ნიშანი. აქედან კი ახლოა ვარაუდი, რომ გაც (გაჩ) და გა მამრი და მდედრი კერპები იყვნენ.

ეს ვარაუდი მით უფრო საინტერესოა, თუ გავიხსენებთ, რომ ვანის არქეოლოგიურ მასალაში, ერთ სარიტუალო სივრცეში, ნაპოვნია მდედრ და მამრ ღვთაებათა ბრინჯაოს მცირე ქანდაკებანი.

მდედრი და მამრი ღვთაებებია ერთ რიტუალში ოსირისი და ისიდა, ურანოსი და გეა, გიორგი და სამზევარი, აპოლო და არტემი, შუმერთა ანქიც ხომ ცისა (ან) და მიწის (ქი), მამრისა და მდედრის შეყრაა. იქნებ გაცი და გაიმიც ასევე ცისა და მიწის ღვთაებრივი შეყრის მისტერიას განასახიერებდა.

ბრინჯაოს ცულზე ხშირადაა გამოსახული ზღაპრული არსება – გველში გარდამავალი მგელი. გავრცელებული მოსაზრების თანახმად ცული, როგორც მგელ–გველისარიტუალო იარაღი, განასახიერებდა ბასრი პირით და მისთვის დამახასიათებელი ტრაექტორიით ზემოდან ქვემოთ მიმართულ ძალას.

ხომ არ შეიძლება ასევე ვივარაუდოთ, რომ მგელი, ამ შემთხვევაში მთვარის ცხოველი, ერწყმის გველს, მიწის ცხოველს, ანუ – ისევ ცისა და მიწის კავშირი, შესაძლოა ციდან წვიმის, გინდა სითბოსა და სინათლის სახით მოვლენილი ნაყოფიერების სიმბოლო.

დავუბრუნდეთ არმაზს. თუ მისი ეს ფერისცვალება ქუჯისა და ფარნავაზის, ასევე მათი თანამოაზრე ქურუმების ერთობლივი განსჯის შედეგია, ხამს კიდევ ერთხელ მოვიხაროთ ქედი მათი სიბრძნის წინაშე.

წმინდა ნინოს მიერ “არიან ქართლის” მითითება კი შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ ეს კერპი აზიის სიღრმიდან მოსდევს ჩვენს წინაპარს (არიან ქართლი – არიანთ ქართლი – არეა-ქალდი, არიელები, ინდოევროპული შენაკადი იბერიულ-კავკასიურში).

მთვარის ღვთაებას – თეთრ გიორგის სვანური წარმოდგენით მგლები დასდევდნენ. სვანური სიტყვა მამბერ მგელთა მეუფეს ნიშნავს. სვანები ახლაც იტყვიან – მგლები წმინდა გიორგის ძაღლებიაო.

აპოლონის ერთ-ერთი სახეც მგელია. ამ მრავალმხრივ საინტერესო ღვთაებას სხვა კავშირიც მოეძევება ქართულ მითოსთან. მაგალითისთვის ავიღოთ “ხთისკრობა” (ღვთის კარობა) – ხევსურული დღესასწაული. ღვთის კარს, ანუ ზემოთკენ გახსნილ კარს ნიშნავს კარატის ხატიც – კარი+ტე (შუმერული “ტა” და ჩეჩნური “ტე” – “ზე” თანდებულია). ახლა გავიხსენოთ, რომ ღვთის კარი არის სახელ “აპოლონის” სავარაუდო მნიშვნელობაც. შესაძლოა წინაპარს სწორედ მთვარე ჰყავდა წარმოდგენილი ხილულის მიღმა სამყაროში გამავალ კარიბჭედ.

მეცნიერთა აზრით გეორგიან სპარსული გურგანიდან (გურგ – მგელი) მოდის. ამდენად, შესაძლოა, რომ სპარსულს იბერთა თვითდასახელება აქვს ნათარგმნი. სხვა წყაროებშიც იკითხება, რომ მაშინდელ წინაპარს თავი მთვარის ღვთაების რჩეულად თუ მსახურად მიაჩნდა და მის ამ პრეტენზიას მეტ-ნაკლებად მეზობლებიც იზიარებდნენ. ამ რწმენის ანარეკლი უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის მგლისსახიანი მუზარადი და სპარსელთაგან შერქმეული ეს მეტსახელიც.

 * * *
ფარნავაზიდან მირიანამდე, თითქმის ექვსი საუკუნე იდგა არმაზის კერპი. ამ ხნის განმავლობაში არაერთი დრამატული მოვლენა განვითარდა ამ არემარეში, შეიცვალა არაერთი დინასტია, არმაზი კი შეურყევლად იდგა.
იქნებ იმიტომ, რომ ის იყო ქვეყნის ერთიანობის უმთავრესი სიმბოლო და გარანტი, და კიდევ იმიტომ, რომ მისი კულტის მსახურთა ინსტიტუტი იმთავითვე სწორ ნიადაგზე აღმოცენდა.

დაქუცმაცებულობით განცდილი მრავალი მარცხისა და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგომის გამო მომწიფდა აზრი ნათესავთა ერთ ქვეყნად გაერთიანებისა. ორი დიდი ტომის – კოლხებისა და იბერების, ორი დიდი მთავრის – ქუჯისა და ფარნავაზის ბრძნული განსჭვრეტით დაიწყო ეს პროცესი. ჯერ ენითა და სისხლით ნათესაობა გახდა პირველსაფუძველი, მოგვიანებით კი ქრისტეანობა წამოეშველა და მივიღეთ ქვეყანა ქართველთა, რომელთაც, მეტი ერთობის გრძნობა რომ გასჩენოდათ, სულ სხვა საზღვრებს მოირგებდნენ, მაგრამ იმდენი კი შესძლეს, რომ ისტორიის ქარტეხილებს გადაურჩნენ.

გაერთიანების პროცესში ალბათ აქტიურად მონაწილეობდა ქურუმთა დაწინაურებული ფენაც. არმაზი მკაცრი, მეომარი კერპი იყო და სავარაუდოა, რომ მისი მსახურნიც გარკვეულწილად მის ნიშანთვისებებს ატარებდნენ, ანუ მკაცრი და მტკიცე ხელით მართავდნენ ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს.

ათეულობით ტომისაგან ერთი ერის შეკვრა გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვდა და წინაპარმა, არცთუ იოლად, მაგრამ ეს არჩევანიც გააკეთა. ასეთი მსხვერპლთაგანი იყო ოდინდელ წესჩვეულებებზე, სალოცავებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე უარის თქმა, ხან კი მათი გულმოდგინედ წაშლა-განადგურება. ამიტომაა, რომ წარმართული კულტურა ჩვენს მითებში გვიანდელი დანაშრევებით საგულდაგულოდ არის გადაფარული.

მრავალთაგან განსხვავებით, საქართველო სწრაფად და განსაკუთრებულ დაბრკოლებათა გარეშე გაქრისტეანდა, რაც ნიშნავს, რომ იგი სულიერად შემზადებული იყო და ამის მთავარი შემოქმედი სწორედ ქურუმთა დაწინაურებული ფენა უნდა ყოფილიყო, რომელიც, შესაძლოა, თავადვე გახდა ქრისტეანობის პირველი მსახური და თავადვე ითავა ბარბაროსულ წესჩვეულებათა კვალის დაფარვაც.

იქნებ რაღაც ნაწილი ვერც გაიმეტა გასანადგურებლად, მაგრამ ისე გულმოდგინედ გადამალა, რომ ვეღარ მიგვიგნია. ამ საგანძურის მისამართი თუ გასაღები ერის მარადიულ თანამგზავრში უნდა იყოს კოდირებული, რათა, თუ ერი გადარჩა, ადრე თუ გვიან, ვინძლო გამჭრიახიც გამოჩნდეს ვინმე და ჩაწვდეს ამ საიდუმლოს.

ასეთი საიმედო თანამგზავრი ერისა დედა ენაა. რამაზ პატარიძის “ქართული ასომთავრული” ამ მხრივ მართლაც საოცარ, ათასი ფიქრის აღმძვრელ სამყაროს ხსნის ჩვენს წინაშე. თვით დიდი იოანე ზოსიმეც ხომ აგერ ათასი წელია ამას გვიკიჟინებს.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ მთავარი არქეოლოგიური აღმოჩენები (მათ შორის ჩვენს მიწაზე) ჯერ კიდევ წინ არის და უახლოეს მომავალში ალბათ ყირაზე დადგება დღეს გაბატონებული არაერთი შეხედულება.

 
* * *
მოგვთა თაყვანისცემა სახარებაში მინიშნებაა იმაზე, რომ უფალმა ქურუმებს პირველთ მისცა ნიშანი და აგრეთვე უფლება იყვნენ ქრისტეანობის პირველი მსახურნი. ეს იყო ყველაზე სწრაფი და უკონფლიქტო გზა ქრისტეანობის გავრცელებისა. აქ თვალნათლივ ჩანს მოციქულთა და მახარობელთა სიბრძნე და შორსმჭრეტველობა.

როდესაც ანდრია პირველწოდებული საქართველოს ეწვია, იგი პირველ რიგში, უეჭველია, გაეცნო ამ ქვეყნის სულიერ მზაობას და შეხვდა ადგილობრივ კულტმსახურთ. სავარაუდოა, რომ სწორედ მათი თანადგომით დაისახა ქვეყნის თანდისთანობითი გაქრისტიანების გზა, რომელიც დაასრულა წმინდა ნინომ.

ისიც სავარაუდოა, რომ ანდრია მოციქულის შემოსვლიდან ოფიციალური გაქრისტიანების დღემდე კულტმსახურებაში მიმდინარეობდა უწყვეტი რეფორმა და მზადდებოდა ნიადაგი ისევ ქურუმთა მიერ. ასე რომ არ ყოფილიყო, განზე დატოვებული ქურუმთა კასტა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი და ძლიერი უნდა ყოფილიყო, იოლად არ დათმობდა პოზიციებს და ეს კონფლიქტი წყაროებშიც აისახებოდა. ამას ადასტურებს ცალკეულ ქრისტეანულ თემთა არსებობაც წმინდა ნინოს შემოსვლამდე.

ასევე სავარაუდოა, რომ ადამიანის მსხვერპლად შეწირვაც ადრევე იყო უარყოფილი, თორემ ქრისტეანული წყაროები ფარნავაზის მიმართ ასეთი კეთილგანწყობილნი არ იქნებოდნენ. რევ მართლის მიერ აკრძალვის შემდგომ კი მსხვერპლშეწირვა ალბათ პერიფერიებშიღა თუ ხორციელდებოდა, ისიც დაფარულად.

მთლად ზუსტი არ უნდა იყოს მროველის ცნობა – რევ მართალს ქრისტეს მოძღვრების შესახებ გაგონილი ჰქონდაო. სავარაუდოა, რომ საკმაოდ კარგად იცნობდა, რადგან მის სამეფოში ქრისტიანული თემების არსებობა შეუძლებელია მისი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, მით უმეტეს ისეთ საფრთხილო ვითარებაში, როგორიც იმხანად უდგა ჩვენს ქვეყანას.

325 წელს, ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობაც იმის დასტურია, რომ ამ დროისათვის დედა ეკლესია საკმაოდ მაღალორგანიზებული იყო.

 
* * *
ქვემოთ, ყოველგვარი ეპოქალური და ნათესაური დალაგების გარეშე, ანბანური რიგით, ჩამოთვლილია იმ ტომთა დასახელებანი, რომელთაგან ნაწილი დადასტურებით, ხოლო ნაწილი სავარაუდოდ, ჩვენი წინაპარია ან ახლო ნათესავი. ეს ჩამონათვალი ქართული საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს შესაძლოა გამოადგეს კლუბის დასახელებისთვის.

აბაზა
აბაზგი
აბაში
აბაძეხი
აბგა
აბეშლა
აგული
ადიღე
ავარი
ალბანი
ანდი
არჩი (არქი?)
აფშილი
აფხაზი
ახვახი
ბაგულალი
ბათი
ბალთუხი
ბაცბი
ბეჟთა
ბექირი
ბიძერი
ბოთლიხი
ბჟედუღი
ბუდუხი
გარგარი
გელი
გოდობერი
გუგარი
გუთია
დაიაენი
დარგანი
დარდანი
დვალი
დიაოხი
დიდო
დოლიონი
დრილი
ეგრი
ენეტი
ვიტერუხი
ზაბახი
ზანი
ზიგი
ზიხი
თაბალი
თაბასარანი
თალი
თინდი
თუბალი
თუსქი
თუში
იბერი
ინგუში
კაბირი
კადუსიანი
კალარჯა
კარატა
კარდუხი
კარიელი
კასპი
კახი
კერკეტი
კილხი
კლარჯი
კოიტი
კოლი
კოლხი
კორაქსი
კორიბანტი
კოხი
კულხი
კუხი
ლაზი
ლაკი
ლასხი
ლბინი
ლეგი
ლეზგი
ლელეგი
მაკრონი
მანაელი
მარგვი
მარი
მატიენი
მაქელონი
მედოზვი
მეოტი
მესხი
მეშექი
მირმიდონი
მისიმიანი
მოსინიკი
მოსოხი
მოსხი
მუშქი
ოძრახე
პელასგი
რანი
რუტული
სავი
საია
სანი
სანიგი
საპირი
სასპერი
სედოხეზი
სვანი
სინდი
სინტია
სკვითინი
სკვიმი
სოანი
სუბარი
სუჯი
ტაოხი
ტიბარენი
უალი
უდი
უჟიკი
ფასიანი
ფეაკი
ფილირი
ფსესი
ქათარზა
ქალდი
ქამალალი
ქარდუ
ქართი
ქასქი
ქაშაგი
ქისტი
ქრიზი
ღალღა
ღილღი
ღლიღვი
შავში
შაფსუღი
შკვითინი
ჩაჩანი (ჩეჩენი)
ჩერქეზი
ჩხუმი
ძაბახი
ძიდრიტი
წანარი
წახური
წენი
წოვა
წუქი
ჭანი
ჭემგუი
ჭილბი
ხათი
ხალდი
ხალიბი
ხვარში
ხინალუგი
ხუნძი
ხური
ჯავახი
ჯიქი
ჰალიძონი
ჰენიოხი
ჰერი
ჰინუხი

 

5 responses to “ზნენი სამამაცონი – 3, ვისი გორისანი ვართ

  1. snci'vebnlvngu

    July 21, 2009 at 10:41 am

    დანაშაულია ამ წიგნის არ გამოცემა.

     
  2. ელდორადო

    July 9, 2010 at 9:25 am

    განცვიფრებული ვარ ასეთ ცოდნით,ბატონო კობა.ამრავლოს ასეთი ერისშვილები სრულიად საქართველოს და ქვეყანას.უფალი გვფარავდეს.ამინ.

     
  3. ელენეაია

    December 24, 2010 at 11:10 pm

    მადლობა გზავნილისათვის ბატონო კობა, ძვ. მსოფლიოს ისტორიას ბ–ნი გიორგი მელიქიშვილი გვიკითხავდა. თქვენი ვერსიაც ძალიან საინტერესოა, ბ–ნ ჯემალ შარაშენიძეს ხომ არ იცნობთ, ამ პერიოდის სპეციალისტი იყო. გისურვებთ ბედნიერ დამდეგს. პატივისცემით ეაია

     
    • matekari

      December 27, 2010 at 8:01 pm

      მელიქიშვილსა და შარაშენიძეს მხოლოდ მათი შრომებით ვიცნობ. ეს ნაშრომი კი აკადემიკოსმა გრიგოლ გიორგაძემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე წაიკითხა და ასე მითხრა – სანამდე უფრო დამაჯერებელი ვერსია არ გამოჩნდება, ჩათვალეთ რომ თქვენია სწორიო.🙂

       
  4. მაკო

    January 8, 2013 at 3:38 am

    მართლა განცვიფრებული ვარ ბატონო კობა !

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: