RSS

ზნენი სამამაცონი – 2, უძველესი წყაროებიდან

23 Apr

 “ჰალიძონთა სპას მოუძღვებოდნენ ოდიოსი და ეპისტროფოსი,
ვერცხლის უშრეტი საბადოებით სახელგანთქმული ალიბეს მხრიდან”
ილიადა

უძველეს ისტორიულ წყაროებში მრავალი საინტერესო ცნობა მოიპოვება ჩვენი ერის შესახებ. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ ფრაგმენტებს, რომლებიც საბრძოლო ხელოვნების თვალსაზრისითაა საინტერესო:

დავიწყოთ იმით, რომ, ჩვენი მიწა ერთ-ერთი პირველი კერა ყოფილა ადამიანის მოდგმისა. ამის დასტურია დმანისში ნაპოვნი უძველესი ევროპელი ჰომინიდი, რომელიც აქ 1,8 მილიონი წლის წინ სახლობდა. იქნებ სწორედ მისი შთამომავალი გამრავლდა და განეფინა ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე, ხოლო მოგვიანებით, მცირეოდენ აჭრელებული, რიგ მიზეზთა გამო, ისევ საწყის წერტილში შეიკუმშა და ქართულ ეთნოსად იწყო დადგინება.

ბიბლიაში, თავში “პირველი ნეშტთა”, პატრიარქ ნოეს ახლო შთამომავალთა შორის მოიხსენიებიან:
– ნოეს ძის, იაფეთის ვაჟები – თუბალი და მეშექი.
– ნოეს ძის, ქამის შვილიშვილი – ხეთი
– ნოეს ძის, სემის ვაჟი – ასევე მეშექი
– ლამექის ძე – თუბალ-კაინი
– ციბყონის ძე – აია
– სემისა – ელამი
ეს სახელები იმიტომ გამოვყავით, რომ ისინი წინარექართულ, ან მათ მონათესავე ტომთა დასახელებებს ემთხვევიან.

ქასქები, პონტოს მთებში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მოსახლე ტომი, პირველად მოიხსენიება ძვ. წ. XVII საუკუნის ხეთურ წყაროებში. ეს ტომი პროტოხეთების, ანუ ხეთთა წინამორბედი კულტურის შემოქმედი ხათის ტომის მონათესავეა. პროტოხეთურად მთვარეს “ქაშქუ” ერქვა(!) (ინდოევროპული მოდგმის ხეთები ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. III ათასწლეულში გამოჩნდნენ და ხათის კულტურის გავლენის ქვეშ განავითარეს საკუთარი).

ძვ. წ. XV საუკუნეში ქასქებს ხეთთა დედაქალაქი ხათუსა დაურბევიათ. საუკუნის შემდეგ ამ ტომს ხეთთა სახელოვანი მეფის, სუფილულუმას ძე – მურსილი II შებრძოლებია. საინტერესოა, რომ თვით სუფილულუმა ხელშეკრულებებში მოიხსენიება გამოთქმით “ჩემი მზე” (შეადარე ჩვენებური გამოთქმა “ჩემმა მზემ”).
ქასქების საზოგადოება სამხედრო დემოკრატიის პრინციპით ყოფილა მოწყობილი.

ლეგენდარული ქალაქის ტროას სახელი გადმოცემით ფრიგიის მეფის, ერითრონოსის ძის ტროსის სახელს უკავშირდება. ფრიგია კი, როგორც ცნობილია, მუშქებით იყო დასახლებული. იქნებ ამით აიხსნება, რომ ტროას ომში ქართველ ტომთა ერთი ნაწილი ტროელთა მხარეს იბრძოდა (ჰომეროსი პირდაპირ მიუთითებს ჰალიძონებს (ხალიბებს), რომელთაც ოდიოსი და ეპისტროფოსი სარდლობდნენ). გარდა იმისა, რომ ხალიბები ვერცხლის მოპოვებით იყვნენ ცნობილნი, ანტიკური სამყარო მათ რკინის პირველდაუფლებასაც მიაწერს.

ზოგი ბერძნული მითის თანახმად ლითონის დამუშავება ტროას მახლობლად, იდას მთაგრეხილთან მოსახლე დაქტილებმა დაიწყეს. ამ არემარეში მცხოვრები დარდანოსთა ტომი კი რომაელთა წინაპრად ითვლება, რადგან მათი მეფე იყო ანქიზე, ტროას მეფის, ილოსის შვილიშვილი და ენევსის მამა.

ამ ვერსიით ფრიგიის ათლეტიკურ თამაშებზე გამარჯვებულ ილოსს ზევსის ნებით დაუარსებია ქალაქი, რომელსაც მისი სახელის მიხედვით ილიონი (ტროას მეორე სახელი) ეწოდა. ამდენად, ფრიგიული ათლეტური თამაშები უნდა გამართულიყო დაახლოებით XIV საუკუნეში, ანუ ბერძნული ოლიმპიური თამაშების დაწესებამდე ექვსი საუკუნით ადრე.

მითის მიხედვით ილოსის წინაპარი დარდანი ჰესპერიაში (დღევანდელი იტალია) დაბადებულა. შემდეგ გადმოსახლდა ფრიგიაში, სადაც ადგილობრივმა მეფემ სამეფო უბოძა და ქალიშვილი მიათხოვა. ილოსის შვილთაშვილი ენევსი, ტროას ომის გმირი, ქალაქის დაცემის შემდეგ, ზევსის ნებით თავის ამალასთან ერთად ძველ სამშობლოში – იტალიაში (ლაციუმში) გადასახლდა, სადაც მას გულთბილად დახვდნენ ადრე ჩასული არკადიელები (პელაზგნი) და მის მხარეზეც იბრძოლეს რუტულთა წინააღმდეგ.

ამის შემდგომ (ასევე ზევსის ნებით) ენევსის შთამომავლებმა დააარსეს რომი. ცნობილია, რომ იულიუს კეისარი და მთელი მისი გვარი ენეადთა შთამომავლობით ამაყობდა.

გადმოცემის თანახმად იტალიას სახელი აქ გადმოსახლებული სიკულების (სიცილიელთა) მეფის, ოდისევსისა და ცირცეს (აეტის დის) შვილიშვილის, იტალოსის სახელის მიხედვით ეწოდა.

სწავლულთა აზრით ცირცე არის მცდარი წარმოთქმა სახელისა კირკე, რაც ბერძნულად შევარდენს ნიშნავს და აგრეთვე წრეს, მრგვალს. ასევე არის მისი დაკავშირების მცდელობა სვანურ სიტყვასთან – ლიკირკე (გაგორება). იქნებ უფრო ბუნებრივია მისი ახსნა იმ ენაში ვეძიოთ, რომელზეც მისი ნათლია მეტყველებდა. ცირა მეგრულად მცირეს, პატარას ნიშნავს. შეადარე მეგრულსავე სახელს – ცოტნე (ცოტა, პატარა).

როდესაც ასურეთის მბრძანებელი ტიგლატ-ფალასარი თავის წარწერაში (1100 წ.ძ.წ.) პირველად მოიხსენიებს მუშქებს, ეს უკანასკნელნი იმდენად ძლიერნი იყვნენ, რომ ასურეთის სამფლობელოთა დაპყრობას ლამობდნენ. მუშქთა ქვეყანა რამდენიმე სამეფოსაგან შედგებოდა, მაგრამ, როგორც წარწერიდან ჩანს, საჭიროებისას ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ.

ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებულია ქართული ტომები, რომელთა წინააღმდეგაც ასურეთი ძველი წელთაღრიცხვის XI-დან VIII-ე საუკუნემდე აწარმოებდა ბრძოლას. მუშქებთან ერთად ესენი გახლავან თუბალები და ქასქები.

ურარტუ ასურული დასახელებაა და ამ ენაზე სრულქმნილ ხალხს ნიშნავს. თავად ურარტელნი თავის ქვეყანას ბიაინას ეძახდნენ. სარგონ II-ის წყაროებით ურარტუს ჯარს ჰყავდა ყველაზე უკეთ გაწვრთნილი ცხენები, რომლებიც “შეტევაში, ეტლში, უკანდახევაში თუ საბრძოლოდ განლაგებაში არასდროს ხდებიანო უმართავნი”.

ადრეული ურარტუ ნაირის ტომთა ერთობლიობა იყო და ცენტრალიზებული გახდა ძ.წ. 900 წელს. დედაქალაქი იყო თუშფა, მდინარეს კი გუგუნა ერქვა (მთის ხმაურიანი მდინარე თუ იყო?). აშენებდნენ ფანჯრებიან და აივნებიან სახლებს. ვაჭრობდნენ საკმაოდ დიდ მანძილზე. ურარტული ხარისთავა კარდალა იტალიაშია ნაპოვნი. სხვათა შორის, სომხები ჩვენ გვეძახიან ურაცის. პროფესორ ერზენის თვალსაზრისით ურარტული აგლუტინაციური, ანუ არაინდოევროპული ენაა.

აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ერთი მასალის თანახმად (სტატიის ავტორი ბ. პიოტროვსკი) ურარტუს დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით ძ.წ. VI საუკუნეში, დასავლეთიდან მოვიდნენ პროტოსომხები და შეერივნენ ადგილობრივ ტომს (HURRIANS).

თუ ეს ჰურიანი თავის თავს ქალდეას ეძახდნენ, შესაძლოა მათ ნათესაური კავშირი ჰქონდეთ სემიტურ ტომ ქალდუსთან, რომელიც არამეულ ენაზე მეტყველებდა. ბერძენ-რომაელნი ბაბილონელ ქურუმებსაც კი, მათი განსაკუთრებული ცოდნა-უნარის გამო, ამ დაწინაურებული ტომის მიხედვით ქალდეველებს ეძახდენ.

ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ურარტული სიტყვები : არწიბი – არწივი ; ათიბი – ათი ათასი ; ათუ – შეჭმა, განადგურება (ჩვენში ბავშვს, ლუკმის გადაყლაპვის მერე, აჩვენებენ ცარიელ კოვზს და ეტყვიან – ათუ). ასევე საინტერესოა ურარტული გამოთქმები “ივრი ალალე” (უფალო ალალე), “თარი ალალე” (ძლიერო ალალე), “არი ალალე” (მომეც ალალე)…

ურარტუს დამხობის შემდეგ სახელმწიფოებრივმა ცენტრებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ორი ქართული სახელმწიფო – იბერია და კოლხეთი.

ძველ აღთქმაში მე-6 საუკუნეში მცხოვრები ეზეკიელ წინასწარმეტყველი ასე აღწერს მუშექთა და თუბალთ: “დიდებულად შემოსილი უშქარი კრებული, თოროსანნი და ფარისმპყრობელნი, მახვილიანნი…, ყველანი ცხენზე ამხედრებულნი”.

ამ პერიოდში კოლხები ქმნიან ძლიერ სამეფოს, რომელიც ურარტულ ლურსმულ წარწერებში კულხა/კოლხას სახელით იხსენიება. სტრაბონი შემდეგ ცნობას გვაწვდის კოლხეთის შესახებ: “თუ რაოდენ სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მოწმობს მითები იაზონის ლაშქრობაზე, ხოლო მასზე ადრე ფრიქსეს [ლაშქრობაზე]… ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლითა და რკინით იყო ნამდვილი მიზეზი ამ ლაშქრობებისა”.

კოლხთა მეფე აიეტი მოხსენიებული ჰყავს ჰესიოდეს (VIII ს. ძვ. წ.), ხოლო
არგონავტების მითის უძველესი ვარიანტი მოყვანილია ევმელოს როდოსელის “კორინთიკაში” (VIII ს. ძვ. წ.). ევმელოსის აზრით კოლხთა მეფე აიეტი კორინთოდან იყო წარმოშობით. მითის თანახმად კი მას მემკვიდრეობით ერგო კორინთო, მაგრამ კოლხეთი ირჩია. ამ მოსაზრებაში წინარექართულ ტომთა ხმელთაშუა ზღვიდან აღმოსავლეთით მიგრაციის ცოდნა იკითხება.

ჰეროდოტეს (480-426 წ.ძ.წ.) ცნობით – “მოსხები ატარებდნენ ხის ჩაჩქანს, ფარსა და მოკლე შუბებს, რომელთაც გრძელი რკინა ჰქონდათ. ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები სალაშქროდ მოსხთა მსგავსი შეიარაღებით გამოდიოდნენ”.
– “ხალიბებს თავზე ეხურათ სპილენძის მუზარადები, მუზარადებზე იყო სპილენძისგან ნაკეთები ხარის ყურები და რქები”.
– “მარები ატარებდნენ ადგილობრივ მოქსოვილ მუზარადებს და შეიარაღებულნი იყვნენ ტყავის პატარა ფარებითა და ხელშუბებით.
კოლხები ატარებდნენ ხის ჩაჩქნებს, ხარის გამოუქნელი ტყავის პატარა ფარებს, მოკლე შუბებსა და საბრძოლო დანებს”.

ქსენოფონტე (431-354 წ.ძ.წ.) ხალიბთა შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: “ეს იყო უმამაცესი ხალხი მათ შორის, ვისთანაც კი ელინებს საქმე ჰქონდათ თავისი ლაშქრობის დროს. ეს ყველაზე უკეთ მათ იგრძნეს, ვინც მათთან ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობდა. ხალიბები ატარებდნენ სელის ჯავშანს. ამ ჯავშნის ქვედა ნაწილი შედგებოდა სქლად ნაქსოვი ზონრებისაგან. მათ ჰქონდათ აგრეთვე ანქერი და მუზარადი, ქამრებზე კი ეკიდათ ხმლები დაახლოებით სპარტულ მახვილთა ზომისა. ამ ხმლებით ისინი ხოცავდნენ ყველას, ვისაც კი მოიხელთებდნენ. ისინი თავებსაც კვეთდნენ და მიჰქონდათ წინ, ცეკვითა და სიმღერით, მტრის დასანახად. მათი შუბების სიგრძე 15 ბერძნულ არშინს აღწევდა და ერთ მხარეზე გამახვილებული რკინა ჰქონდა. ისინი თავიანთ ადგილებზე ცხოვრობდნენ, ხოლო როდესაც ელინები მახლობლად გაივლიდნენ, დაედევნებოდნენ და ებრძოდნენ”.

დრილები, ქსენოფონტეს ცნობით – “ცხოვრობენ ძნელად მისადგომ მთებში და პონტას ყველაზე უფრო მეომარ ხალხს წარმოადგენენ”.

“ტაოხების ქვეყანაში ელინთა ჯარის შესვლის დროს მთელი ხალხი დადგა ფეხზე. ქალები მამაკაცებთან ერთად იბრძოდნენ. ტაოხები თავისუფლების დაკარგვას სიკვდილს ამჯობინებდნენ და მტერს ტყვედ არ ნებდებოდნენ.”

კარდუხები კი “საუცხოო მშვილდოსნები იყვნენ; მათი მშვილდები სიგრძით თითქმის სამ არშინს აღწევდა, ხოლო ისრები ორ არშინზე მეტი იყო. სროლის დროს, საბელის მოჭიმვისას, მარცხენა ფეხს მშვილდის ქვედა ბოლოს ადგამდნენ. მათი ისრები ფარსა და ჯავშანს ხვრეტდა”.

ევსტათის კომენტარებში დიონისე პერიეგეტის შესახებ ვხვდებით შემდეგ ცნობას: “დიონისე ლაპარაკობს, რომ იქ ცხოვრობენ კადუსიანები, რომელთა ქვეყანა მთაგორიანია; ისინი მარდად დაძვრებიან მთებზე, სტრაბონის თქმით, საუცხოოდ ტყორცნიან შუბს და კლდოვან ადგილებში წარმატებით იბრძვიან ქვეითად ცხენოსანთა წინააღმდეგ”.

ტიბარენები თამაშობათა მოყვარულნი ყოფილან. ეფრონის მე-5 წიგნში ნათქვამია – ტიბარენები ხალისით თამაშობენ და მხიარულობენ და დროის ამგვარი გატარება დიდ ბედნიერებად მიაჩნიათო. აპოლონ როდოსელის სქოლასტი კი აღნიშნავს – ტიბარენები ყველაზე უფრო სამართლიანნი არიან. ისინი არასოდეს ჩაებმებიან ბრძოლაში, სანამ არ დაადგენენ ბრძოლის დღეს, ადგილსა და დროსო.

სტრაბონი გვიამბობს: “სოანები… თავის სიმამაცითა და სამხედრო ძლიერებით თითქმის ყველა ხალხებზე უფრო სახელოვანნი არიან. ისინი ცხოვრობენ კავკასიის მაღლობებზე, დიოსკურიის ზემოთ და მართავენ ყველა გარშემორტყმულ ხალხებს”.

არიანე (100-160 წ.ა.წ.) სანთა (ჭანთა) შესახებ წერს: “ხალხები, რომელთა ქვეყნები ჩვენ გავიარეთ, შემდეგია: ტრაპეზონდელების მოსაზღვრე – კოლხები, როგორც ამბობს ქსენოფონტე; მეორე ხალხს კი, მეტად მეომარსა და ტრაპეზონდელთა მიმართ მტრულად განწყობილს, ქსენოფონტე დრილებს უწოდებს. მე კი მგონია ეს სანებია, რადგან ისინი დღემდისაც მეტად მეომარი და ტრაპეზონდელებისადმი ძლიერ მტრულად განწყობილნი არიან. ეს ხალხი მიუდგომელ ადგილებში სახლობს და მეფეები არა ჰყავს”.

ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათი სქოლასტიკოსი ლაზთა შესახებ: “ძლიერ და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც ხელმძღვანელობდნენ; ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობდნენ, შესაძლოა არც თუ უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწა-წყლის სიჭარბითა და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით”.
აგათი სქოლასტიკოსს მოხსენიებული ჰყავს ტომით ქართველი რომაელთა სარდალი თეოდორე, რომელსაც “რომაელ სამხედრო მეთაურებს შორის პირველი ადგილი ეკავა”. მისივე თქმით, ლაზები ფრიად დახელოვნებული ზღვაოსნები იყვნენ.

ევკაპი სარდოსელი მოიხსენიებს რომაელ შუბოსანთა მეთაურს, ფაზისელ სუბარმარხს (ეს სახელი ძველი ქართულით შესაძლოა მარჯვე, ღონიერ, გამძრავ სუბარს ნიშნავდეს).

რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი კი ასე აღწერს ფარსმან მეფის ძე რადამისტს – “მშვენიერი ტანადი, არაჩვეულებრივი ძალის მქონე, ყოველგვარ საერო ვარჯიშობაში დახელოვნებული და ყველა მეზობელ ერებში სახელგანთქმული”.

ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს საქართველოში ოთხი წოდებრივი ფენა გამოიკვეთა: სამეფო, ქურუმთა, თავისუფალი ხალხი და მდაბიონი. ამ პერიოდში იყვნენ აგრეთვე მონებიც, მაგრამ ისინი საზოგადოების წევრებად არ ითვლებოდნენ.

ძველი აღმოსავლური ტიპის ფიზიკური აღზრდა ძირითადად სამხედრო არისტოკრატიისათვის იყო ხელმისაწვდომი და უმთავრესად სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა, მაგრამ უდავოა, რომ საქართველოში მესამე ფენასაც მიუწვდებოდა ხელი ამ სისტემაზე. მეფის ჯარში ქვეითები და მკვირცხლთა გუნდები სწორედ მესამე ფენით იყო წარმოდგენილი.

მეოთხე ფენას, ანუ მძიმე ფიზიკური შრომით დატვირთულ ხალხს, მხოლოდ დღესასწაულებზე ეძლეოდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ გარკვეული სახის ფიზიკურ თამაშობებში (ჭიდაობა, რბენა, ხტომა, ჯილდაობა, მოძრავი თამაშობანი, ცეკვა და მისთანანი).

ბერძენი მწერალი ტიმონაკისი კოლხური ქალაქის ეას აღწერისას სავარჯიშო სკოლებს (გიმნასიებსა და დისკოსებს) მოიხსენიებს, ხოლო პროკოფი კესარიელი ქალაქ აფსარუს შესახებ ასე მოგვითხრობს – “მას გარს უვლიდა მრავალი კედელი და იგი შემკული იყო თეატრითა და ჰიპოდრომითო.”

“მეფეთა ცხოვრების” თანახმად მეფე ფარნავაზმა, რომელიც გახლდათ “კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მეომარი ხელოვანი”, თავისი სამეფო დაჰყო სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებად. იმჟამად ქართლი 7 საერისთავოს მოიცავდა: 1. მარგვის; 2. კახეთის; 3. ხუნანის; 4. სამშვილდის; 5. წუნდის; 6. ოძრხის; 7. კლარჯეთის. ეგრისის სამთავრო კი (ქუჯის სამფლობელო) საგანგებო პირობით იყო მერვე საერისთავოდ შემოსული მეფის ქვეშევრდომობაში.

იგივ მოწყობითაა წარმოდგენილი ვახტანგ გორგასლის მემატიანის მიერ მე-5 საუკუნის ქართლიც: ისევ დაყოფილია საერისთავოებად, რომელთა სათავეშიც დგანან მემკვიდრეობითი ერისთავები და ახორციელებენ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ხელისუფლებას. ერისთავის უპირველესი მოვალეობა სამართავად გამწესებული კუთხიდან შესატყვისი ლაშქრის გამოყვანა და სარდლობა იყო, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მოწყობაში სამხედრო-ორგანიზაციული პრინციპი ბატონობდა.

აქ ალბათ უნდა შევწყვიტოთ ისტორიული წიაღსვლანი, რადგან ახალი წელთაღრიცხვის ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროები იმდენად დიდ მასალას მოიცავს, რომ ცალკე წიგნის თემად გვესახება.

ასეთი წიგნი დიდ სამსახურს გაუწევდა ქართული საბრძოლო ხელოვნების კლუბებს, რადგან, ჩვენი აზრით, სავარჯიშო დარბაზიდან პატარა აღსაზრდელებმა მარტო ფიზიკური უნარ-ჩვევები კი არ უნდა გაიტანონ, არამედ გაიღრმავონ ეროვნული ცნობიერება და ცოდნა საქართველოს ისტორიისა. მით უმეტეს ახლა, როცა ყველანი მოწმენი ვართ ფსევდოკულტურათა ფრიად არასასურველი გავლენისა ჩვენს ახალგაზრდობაზე.

 

4 responses to “ზნენი სამამაცონი – 2, უძველესი წყაროებიდან

  1. ელდორადო

    July 9, 2010 at 9:00 am

    მადლობა ბატონო კობა.პირადად მე ზალიან მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის წარმოშობის ისტორია.

     
  2. გიორგი

    November 11, 2011 at 10:57 pm

    ქასქები იგივე ხატები ჩერქეზების წინაპრები არიან ანუ ადიღელების !! რრაშუაშია აქ საქართველო?

     
    • matekari

      November 20, 2011 at 10:11 pm

      აქ საუბარი იყო პროტოქართულ, ან მის მონათესავე ტომებზე. აქ ერთ-ერთ თავში ტომთა ჩამონათვალიც არის და იგი პირადად შეამოწმა აკადემიკოსმა გრიგოლ გიორგაძემ. ორიოდე ტომზე თავის შეკავება მირჩია და ისინი ამოვშალე. ჩერქეზი საქართველო რო არაა მაგდენს კი ვხვდები. არც ჩეჩენია ქართველი და არც ლეკი, მაგრამ აქ ცოტა სხვა რამეზეა საუბარი.

       
  3. მაკო

    January 8, 2013 at 3:42 am

    ეს ჩემს შვილს უნდა წავაკითხო ))))))) პიდაპირ მისი თემაა

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: