RSS

ზნენი სამამაცონი – 1, შესავალი

22 Apr

patriarqis winasityva
ყველა ქართველმა, ვინც კი ოდესმე დაინტერესებულა ან მერმის დაინტერესდება ჩვენი კულტურის ისეთი საოცარი წახნაგით, როგორიცაა ქართული საბრძოლო ხელოვნება, ხამს პატივი მიაგოს მისი აღორძინების მესვეურს – კახაბერ ზარნაძეს.

kaxaberi

მკვლევარის იშვიათი ალღოთი დაჯილდოებულმა სრულიად ახალგაზრდა კაცმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, არც თუ უხიფათო პირობებში, დაიწყო ამ დროისათვის შემორჩენილი ცოდნის მოკრება.

ეძებდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ეძებდა ხანდაზმულთა მეხსიერებაში და ეთნოლოგიურ მასალაში.

და არ არსებობდა მისთვის ამ გზაზე დაბრკოლება – არც უსახსრობა, არც მუქარა, არც ქილიკი, არც გულგრილობა…

შედეგად კი პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო – ურთულეს პირობებში მოიძია, შეისწავლა და მოწაფეებს გადასცა საბაზო ცოდნა ქართული ჭიდაობის, კრივის, იარაღით რკინების არაერთი სახეობის შესახებ.

საოცარი თავმდაბლობით გამორჩეულს არასდროს უზრუნია საკუთარი თავის წარმოჩენაზე. მის მიერ დაფუძნებული “ხრიდოლის” ფედერაციის პრეზიდენტიც კი არასდროს ყოფილა.

ინტერვიუზეც მხოლოდ მაშინ თანხმდებოდა, თუ მეგობრები დაარწმუნებდნენ, რომ საქმისთვის იყო სასარგებლო.

რამდენიმე წლის წინ კი იარაღის ჭედვის აღორძინებას მიჰყო ხელი და საოცარ შედეგებსაც მიაღწია. რამდენიმე გამოფენის მოწყობაც მოასწრო და აქაც ცდილობდა პირველ პლანზე მოწაფეები წამოეწია. გამოფენის ყველა სტუმარს პირველყოვლის სწორედ მათი ნამუშევრებისკენ მიუძღვებოდა და ამაყად მოუთხრობდა ახალგაზრდების წარმატების შესახებ.

მისი პიროვნული ხიბლი და საქმისადმი ერთგულება საოცარ ზემოქმედებას ახდენდა ირგვლივ მყოფებზე. ისეთი ენთუზიაზმით დამუხტა მან თანამოაზრენი, რომ წლების განმავლობაში, გათოშილი დარბაზის შიშველ იატაკზე, სანთლის შუქზე, განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ექსპედიციებში მოპოვებული მასალის სისტემატიზაცია, თავიდან იბადებოდა დასავიწყებლად განწირული ილეთები და სახეობები, რომელთა შექმნასა და დახვეწას საუკუნეები მოანდომა ჩვენმა წინაპარმა.

თუ კი რაიმე დიდ საქმეს შეიძლება ეწოდოს ერთი კაცის სახელი, ესაა სწორედ ამ საოცარი პიროვნების მიერ გაწეული უანგარო ღვაწლი, რამაც ჩვენს მომავალს შემოუნახა მართლაც საამაყო, უნიკალური ცოდნა, ისეთივე უნიკალური, როგორიცა ქართული სიმღერა თუ ცეკვა, ხუროთმოძღვრება თუ ანბანი.

და ვინ იცის, კიდევ რამდენ ქართულ საქმეს დააკლდა მისი ნათელი გონება და დაუღალავი მარჯვენა.

დიდი გული ჰქონდა კახას, ყველას გვამყოფინა და, თურმე, თავისთვის ნამცეციც არ დაიტოვა…

სულ ორმოცდაერთი წელი იცოცხლა მან. ჩვენ დავკარგეთ თავდადებული მეგობარი და მასწავლებელი, ხოლო საქართველომ ერთგული, მის სიყვარულში დაფერფლილი შვილი, რომლის დანატოვარის ჯეროვნად შეფასებასაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენი თაობა ვერ გასწვდება.

ეს არის დავიწყებას გამოგლეჯილი ქართული საბრძოლო ხელოვნება, ერთ–ერთი უდიდესი საგანძური ჩვენი ერის და მსოფლიო კულტურისა.

სასარგებლოდ ერთმემამულეთა ჩვენთათვის!

“ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირითა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენს თანა არს.”

თამარ მეფე

babuebi
ეს წიგნი თავისებური საწმისია, რომელიც თხუთმეტიოდე წლის წინ ჩავდგით ინფორმაციის შემორჩენილ ნაკადში და ჩვენდა გასაოცრად, უამრავი ბაჯაღლო მარცვალი მოვიმკეთ. სახელდახელოდ მოწესრიგებული ამ მარცვლებით კი მოზაიკასავით აეწყო საოცრად ფერადოვანი სურათი მრავალწახნაგა და თვითმყოფადი ქართული საბრძოლო ხელოვნებისა.

ამ ფოტოზე აღბეჭდილია გურული მატეკარნი, ჯანღონითა და სიცოცხლის ხალისით აღსავსე, საუკუნეს გადაცილებული ორი მოხუცი. ალბათ მთელს დედამიწაზე ვერ იპოვნი კუთხეს, სადაც მსგავსი რამის ნახვა იქნება შესაძლებელი.

asheliეს ასი საუკუნის შუბისპირი კი სადღაც იქვე, გუბაზოულის ხეობაში ნაწარმოები გათხრების დროსაა ნაპოვნი. მასთან ერთად ნაპოვნია სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების იარაღი და ხელსაფქვავიც კი, რაც იმის დასტურია, რომ ათი ათასი წლის წინ ჩვენი წინაპარი, გარდა ნადირობისა, უკვე მიწათმოქმედებასაც მისდევდა და ამ არემარის მკვიდრი მოსახლე იყო.

მეორე ათასწლეულის მიწურულს კოლხეთი უკვე წერილობით წყაროში მოიხსენიება ქვეყნად. მას აქეთ ქართულმა სახელმწიფოებრიობამ სამი ათასი წლის გამოცდას გაუძლო. ამ ხნის განმავლობაში მრავალი დიდი ცივილიზაცია აღიგავა პირისაგან მიწისა, მუზეუმებსღა შემორჩა არაერთი ბრწყინვალე კულტურა.

საქართველო კი გადარჩა და მისი გადარჩენის უმთავრესი პირობა საბრძოლო ხელოვნების საარაკო ცოდნა გახლდათ.

უკანასკნელი დამპყრობი, რუსეთის იმპერია ძალაუფლების გასამყარებლად, გარდა იდეოლოგიური წნეხისა, არ მორიდებია არაერთი აჯანყების სისხლში ჩაღრჩობას, უსასტიკეს რეპრესიებს, ერისთვის თავდადებულ მამულიშვილთა კვლასა და გადასახლებას, ეროვნულ ტრადიციათა ამოძირკვას, ბრძოლას ქართული ენისა და დედა ეკლესიის წინააღმდეგ…

მისი ერთ-ერთი ყველაზე ვერაგული ძალისხმევა მიმართული იყო ქართველში მებრძოლი სულის მისაძინებლად, სამხედრო აღზრდის ტრადიციის მოსაშლელად და, სანაცვლოდ, აუკუღმართებულ “ტრადიციათა” დასამკვიდრებლად. ზვიად გამსახურდიას თქმით – “ეს იმის გამო ხდებოდა, რომ სურდათ ქართველი ერისთვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი”. ეს ძალისხმევა, უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, იმდენად შედეგიანი, რომ დღეს საქართველოში ძალზე ცოტამ თუ იცის, რა განძის პატრონნი ვართ ამ თვალსაზრისით.

საბრძოლო ხელოვნებაში იგულისხმება არა მხოლოდ ფანდების ერთობლიობა, არამედ ქვეყნის მოწყობა, ყოფიერებაში დამკვიდრებული პრიორიტეტები, იდეოლოგია, აღზრდის სისტემა და სხვა მისთანანი. ჩვენებური ცეკვა, სიმღერა და სახიობაც ასევე უმჭიდროეს კავშირშია სამხედრო აღზრდასთან.

ქართველთა საბრძოლო სული და გაწაფულობა საუკეთესოთა შორის გამორჩეული გახლდათ და, ბუნებრივია, რომ ამ ცოდნის წაშლა თუ საქართველოდან გატანა იმპერიის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა.

XIX საუკუნის მიწურულს აიკრძალა მუშტი-კრივი, ამას მოჰყვა “ყეენობის” აკრძალვა, რადგან ამ თამაშობის პატრიოტული სულისკვეთება აშინებდა იმპერიის მსახურთ. აკრძალვის მოტივიც ფრიად “მამაშვილური” გახლდათ – ქართველი ხალხის ჯანმრთელობაზე “ზრუნვა”…

უმოწყალო ძარცვის ნიმუშად ქართული ჭიდაობის თავგადასავალიც კმარა. საბაბი აქაც ჭიდაობის ტრავმატულობა იყო და ქვეშევრდომებზე ფარისევლური ზრუნვა, ხოლო მიზანი – ქართული ჭიდაობის ძირითადი საბრძოლო არსენალის გადაქაჩვა სახელდახელოდ შეთხზულ სამბოში, რომელიც დღეს მსოფლიო პოპულარობით სარგებლობს, გაძარცული ქართული ჭიდაობა კი ერთეულ ქომაგთა მონდომებითღა სულდგმულობს (უფრო ვრცლად ამ საკითხს შესაბამის თავში შევეხებით).

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიისთანავე ბოლშევიკური იმპერიის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა სპორტული საზოგადოება “შევარდენი”, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩეოდა და გასაბჭოებიდან ლიკვიდაციამდე, წლისა და ცხრა თვის განმავლობაში განაგრძობდა ბრძოლას დამპყრობთა წინააღმდეგ.

საზოგადოების ქუთაისის ფილიალის ჟურნალ “შევარდენში” (1920 წლის #1) ვკითხულობთ: “ტანვარჯიშს გარდა “შევარდენი” მიზნად ისახავს დანერგოს სამხედრო ვარჯიშობაც. მას სურს მთავრობის დახმარებით მოაწყოს თავისი წევრებისთვის სამხედრო იარაღის სწავლება, მას სურს ხელი შეუწყოს ისეთი არმიის შექმნას, რომელიც მომზადების, შეგნებული დისციპლინის, ამტანობისა და ბრძოლის უნარიანობის მხრივ შეუდარებელი უნდა იყვეს და რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაში არსებობს. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი სატანვარჯიშო საზოგადოებანი მძლავრ სამხედრო ძალას შექმნიან და შეუდარებლად შეამცირებენ იმ ხარჯებს, რომლებიც რესპუბლიკას მძიმე ტვირთად აწევს” ჩვენი აზრით, ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა.

ამდენად, გასაგებია, თუ რითაა განპირობებული ამ მიმართულებით წარსულში წარმოებულ გამოკვლევათა სიმწირე და მით უფრო დასაფასებელია იმ მეცნიერთა ღვაწლი, რომელნიც, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და დევნისა (გაიხსენეთ – სკოლაში საქართველოს ისტორია არ ისწავლებოდა), შეეცადნენ ჩვენამდე მოეტანათ ცოდნა ქართული ყოფიერების იმ უნიკალური წახნაგის შესახებ, რასაც ქართული საბრძოლო ხელოვნება ჰქვია. ჩვენს თაობას კი არავითარი გამართლება არ ექნება, თუ დროულად არ მივხედეთ ამ საქმეს და სამუდამოდ დავკარგეთ კიდევ ერთი განძი. თითქოს “ოთხავ კუთხით” მძარცველ-წამღლეტი გვაკლდეს, რომ ჩვენი უნიათობაც ზედ არ დავურთოთ.

როდესაც ენთუზიასტ მკვლევართა მცირე ჯგუფი კახაბერ ზარნაძისა და ლევან კიკალიშვილის თაოსნობით ჯერ კიდევ 1985 წელს შეუდგა გადარჩენილი ცოდნის მოკრებას, მაშინ ცოტას თუ სჯეროდა, რომ ეს მცდელობა რაიმე ნაყოფს გამოიღებდა, მაგრამ არც დრო ითმენდა. თავად განსაჯეთ – იმ მოხუცებულთაგან, რომელთაც მრავალი ხერხი, ვარჯიში თუ დასახელება მოგვაწოდეს, უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის.

გარდა კულტურული და სამეცნიერო ღირებულებისა, ქართული საბრძოლო ხელოვნება მომავალი თაობის ფიზიკური და ზნეობრივი წრთობის უნიკალური საშუალებაა. ამასთან, ალბათ ნათელია, თუ რაოდენ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისათვის იმის გაცნობიერება, რომ იგი მემკვიდრეა ისეთი კულტურისა, რომლის ჩანაცვლებაც ქართული ხასიათისთვის უცხო აღმოსავლურ-დასავლური სისტემებით არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს.

sqema1ვიმედოვნებთ, ეს წიგნი გარკვეულ წარმოდგენას შექმნის კვლევის საგანზე და როგორც კი ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება სათანადო პირობები, ამ საქმესაც მოევლება. ჩვენს მოვალეობად გვესახება მხოლოდ საკითხის წამოწევა, პირველი საყრდენის შექმნა, მოკრება იმისა, რაც იმ დრომდე შესაძლოა დაიკარგოს და აგრეთვე, თუ გნებავთ, მკვლევართა “წაქეზება” ამ მიმართულებით.

სამწუხაროდ, მასალის გადმოცემა ხშირად სამეცნიერო თვალსაზრისით არასრულფასოვანია (აღწერა, წყაროს ზუსტი მითითება და სხვა), რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი შეკრება დაწყებულია მოხალისე მკვლევართა მიერ, სათანადო გამოცდილებისა და სამეცნიერო მეთვალყურეობის გარეშე.

ამდენად, ინფორმაციის ერთი ნაწილი განმეორებით დამუშავებას მოითხოვს, რისი შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ნაშრომის წიგნად გამოცემის შემთხვევაში, დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდებიან და საგრძნობლად გაამდიდრებენ უკვე მოკვლეულ მასალას, რაც მხოლოდ მცირე ნაწილია ხალხის მეხსიერებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი ცოდნისა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლევის გაგრძელების ეს გზა (მოხალისე მკვლევართა წრის გაფართოება) ერთადერთად გვესახება.

ნაშრომი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს აგრეთვე იმ მწვრთნელებს, რომელთაც სურთ მუშაობა ამ მიმართულებით, უკვე გახსნილი აქვთ, ან აპირებენ გახსნან ქართული საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელი კლუბები თუ წრეები.

მომავალში კი, ვიმედოვნებთ, რომ ამ სისტემის გარკვეული ნაწილი სასკოლო პროგრამაშიაც დაინერგება, რაც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური აღზრდის საქმეში.

avtorta jgufi

 

ტეგები: , , ,

10 responses to “ზნენი სამამაცონი – 1, შესავალი

  1. ავთანდილ თავართქილაძე

    July 18, 2009 at 9:47 am

    თქვენი წერილი ჭეშმარიტად ემსახურება სამართლიანობასა და ობიექტურობას, დიდ მადლობას გიხდით ამისათვის, თუმცა დაფარული არ შეიძლება რომ არ განცხადდეს და რომ სანთელ საკმეველი თავის კვალს არ დაკარგავს, მეც თკვენთან ერთად მიგულეთ ამ სამართლიან საქმეში. პატივისცემით ”ჩოკენა”

     
  2. ზ. ხორნაული

    August 3, 2009 at 3:45 am

    გამარჯობათ

    უშესანიშნავესი ვებ-გვერდი, და სტატიები. განსაკუთრებით ეს სტატია.

    დიდი მადლობა თქვენ, რომ კახაბერ ზარნაძეს და მის ღვაწლს ასე ძლიერად და ლამაზად აცნობთ ხალხს.

    იცით რატომ? ბევრი “ხრიდოლის” სკოლები და ცენტრებია დღეს, ბევრი იბრალებს ამ საქმის მამობას და პირველობას ამ საქმეში, მარა კახა ზარნაძეს არავინ ახსენებს. შეილება მე მეჩვენება, მარა, ერთ ფორუმზე, ერთმა კაცმა თავი მოაჭამა ყველას, მითხარით ვინ იყო ის დიდი ქართველი და მამულიშვილი, ამ ყველაფრის ამღორძინებელი და მამაო, და კაციშვილმა არ ახსენა ზარნაძე. ფედერაციის დირექტორებზე უთითებდნენ და მიკიბ-მოკიბავდნენ, მარა არავინ თქვა კახაბერ ზარნაძე.

     
  3. ზ. ხორნაული

    August 3, 2009 at 4:02 am

    http://forum.ge/?f=19&showtopic=33707300&st=585

    აი იმ ფორუმის ლინკი. “ჯიმშერა” ეკითხება , ეჩხუბება მითხარითო და არავინ არ ეუბნება. ბოლოს ერთი ახსენებს კახაბერ ზარნაძეს, მარა არა როგორც მთავარ მამას და აღმაღორძინებელ–დამაარსებელს, არამედ როგორც ერთ–ერთ ჩვეულებრივ მონაწილეს ამ საქმეში!!

     
  4. კობა

    August 3, 2009 at 8:51 am

    ღმერთმა გაგიმარჯოს ზვიად,
    ნეტავ შენისთანა მოწაფეები ჰყოლოდა კახაბერს.
    მე და ლევან შენგელიამ კამათისას ლოგიკურად გამოვთვალეთ, რომ ქართველთა საბრძოლო ხელოვნება, თუნდაც ინტენსიური პრაქტიკისა გამო, საუკეთესო უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტეთ სერიოზულად მიგვეხედა ამ საქმისთვის.
    რო გავიკითხ–გამოვიკითხეთ, ვიღაცამ გვითხრა – მაგ საქმეს უკვე ჰყვანან მესვეურებიო. ასე მივაკვლიე ახლად დაარსებულ ფედერაციას, ეს იყო დაახლოებით 17 წლის წინ.
    რო მივედი, კახაბერი და ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ლევან კიკალიშვილი დამხვდნენ. მათაც ასე შემთხვევით ეპოვნათ ერთმანეთი.
    იმ დღიდან მახსოვს ვინ მოვიდა, რა ისწავლა ან მანამდე რა იცოდა. ლევანი და კახა, ვარჯიშის ფულსაც ვერ ართმევდნენ ბიჭებს, შიმშილობის წლები იყო. თვითონაც შიმშილობდნენ რადგან ფედერაციას თავისი ხარჯი ჰქონდა და სულ საკუთარი ჯიბიდან ფარავდნენ. ყველაზე საშინელი კი ის არის გასახსენებლად, რომ ზოგიერთ უმადურზე, ახლა რო თავში ავარდნია, კახა ისეთი სითბოთი და სიამაყით მეტყოდა ხოლმე – შეხედე, რა ბიჭი დადგა, ტყულიდა არ მიწვალია ამდენიო.
    და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ მათს გარდა ყველას სკლეროზი სჭირს. კახას ღირსეული მოწაფეებიც ჰყავს ცოცხალი, მეგობრებიც და მასწავლებელიც კი, რომლებიც, ამ უკეთურების შემხედვარნი, თავის სიტყვას იტყვიან ამ საქმეში. მიხარია, რომ ამ მხრივ ყველას დავასწარი.

     
  5. ავთანდილ თავართქილაძე

    September 16, 2009 at 11:55 pm

    batono koba jerjerobit ”chokena” da saSha cocxalia, Cigni ukve daicera romelic natels mopens bevr rames, es dgec male dadgeba. tvis bolos shevxvdebit.

     
  6. სკიამაკია

    June 21, 2010 at 12:06 am

    მაგრად დამენანა ამ ადამიანის გარდაცვალება რო გავიგე😦

     
  7. ელდორადო

    July 16, 2010 at 1:09 pm

    საინტერესო მასალებია საბრძოლო ხელოვნებაში.

     
  8. მირანდა

    September 22, 2010 at 5:51 pm

    აღფრთოვანებული ვარ თქვენი საიტით! საოცარი მუშაობა გაგიწევიათ, რათა მოგეძიებიათ ასეთი უნიკალური მასალა ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ. ძალიან მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ასეთი ინფორმაციების რაღაც დოზით სასკოლო პროგრამაში შეტანა. ქორეოგრაფიულ ანსამბლებში მასტერკლასების ჩატარება და ქართველი ახალფაზრდების უფრო მეტი ჩართულობა ასეთ ქართულ საქმეში. ინფორმაცია თითქოს იციან, მაგრამ მხოლოდ მცირე დოზით, თანაც არაპროფესიონალურად. ბევრ ადამიანს გამოადგება ასეთი სრულყოფილი მასალების კითხვა, საოცრად საინტერესოა. გაიხარეთ!ალბათ, შეავსებთ კიდეც მასალებით. თქვენი საიტის ხშირი სტუმარი ვარ. წარმატებებს გისურვებთ!

     
  9. ბესიკ დუღაშვილი

    November 2, 2010 at 1:36 pm

    შემთხვევით წავაწყდი გუგლში თქვენს საიტს და კერძოდ სტატიას კახაზე…
    …და ავტირდი.
    საქმე იმაშია, რომ მე და კახა ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ერთად ვსწავლობდით და ვინ, თუ არა მე ვიცოდი ის რაც ბევრისთვის დღესაც დაფარულია. გახა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. რუსთაველზე გვიყვარდა ხეტიალი და კახამ ძმური მოფერებით “ხეტიალა” შემარქვა. უცბად გაჩერდებოდა. “ბესო, ცეკვა ხომ იცი?’-მკითხავდა.
    “კი”.
    “აი ჩაკვრა რატომ ჰქვია ილეთს?”
    მე მხრებს ვიჩეჩავ.
    “წიხლის ჩაზელას არ ჰგავს”
    და აღმოვაჩენდი რომ ჰგავს.
    1983 წელი იდგა ჯერ და…
    აი თურმე როდის ეძებდა და რას ეძებდა.
    დასანანია რომ დღემდე საქართველო არ იცნობს მას. არა და რამდენი დარჩა სათქმელი, რამდენი გასაკეთებელი. ((

     
    • matekari

      November 10, 2010 at 2:46 pm

      გაიხარე ჩემო ბესიკ, თორემ მომრავლდნენ ახლა თვითმარქვია პირველდამწყებნი ამ საქმისა.

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: