RSS

ბეჭდების მბრძანებელი

21 Apr

ჯონ ტოლკინიეს შესანიშნავი ზღაპარი, რომლის ავტორიც ჯონ რონალდ რუელ ტოლკინია, ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთნაირი ინტერესით იზიდავს თითქმის ყველა თაობის მკითხველს.
საჭაშნიკოდ გთავაზობთ პირველ მოგზაურობას ტოლკინის დაუცხრომელი ფანტაზით შექმნილ ჯადოსნურ სამყაროში.

 

 

 სიტყვის კონა

Bag End – თოფრიბოლო
Baggins – თოფრაკელი
Bagshot Row – თოფრაჭრელას შუკა
Baranduin – თაფლიფერა
Boffins – კურტუმელები
Brandy Hall – რახისციხელი
Brandybuck – რახიკურო
Brandywine – ღვინიფერა
Bree – კორტოხეთი
Buckland – კუროეთი
Butterbur – ქაცვია
Bywater – გუბისპირი
Chetwood – ტევრიანი
Daddy Twofoot – მამილო ორთათა
Downs – ტიტველგორები
Dunland – ბინდიეთი
Fairbairn – კაიბაია
Fallohides – ბაცკანები
Greenfields – ზურმუხტოვანი მდელო
Grey Havens – ნისლა ყურეები
grey – კირჩხელი
Gollum – გონჯო
Great Smials – დიდომანოელი
Greenwood – ბურვილი
Hamfast – მარდიდრანცა
Ham Gamgee – დრანცა აჩუბაქია
Harfoots – კოჭბანჯულები
Hoarwell – ბინულა
hobbit-lore – ჰობიტიანი
holes in the ground –სორო, ომანო,
Hornblower – ბუკიბერია
Ivy Bush – სუროს შტო
Longbottom – თაღარა
Loudwater – წყალქუხილა
Lune – ნამგალა, რკალა
Marish – ჭყანტობელი
marshes – სამხრეთის ჭაობები
mathom – რამერუმე
Michel Delving – მიქელა სოროქექია
middleearth – ხმელთაშუეთი
Mirkwood – უსიერი
Misty Mountains – ნისლა მთები
moors – ტორფნარი
Mountains of Lune – რკალა მთები
Norbury – ჩრდილოციხე
Noakes – ნუტრუა
Oldbuck – ბერიკურო
pipe-weed – თუთუნიკა
Peregrin – ხიზანა
Rivendell – განაკაფი
Shire – მამულეთი
Samwise – ჭკვიერა
Stoors – ჩაგვერები
Tuckborough – სუსნიეთი
Weathertop – ქართაგორა
Wilderland – რუძგაბეთი
Westernesse – დალასიქეთი
Westron – დალაური

 

ბეჭდების მბრძანებელი

მატიანე პირველი – გუშაგნი

წინათქმა
1. ჰობიტთა შესახებ

***
ეს წიგნი ძირითადად ჰობიტებზე მოგითხრობთ და მის გვერდებზე მკითხველი ბევრს შეიტყობს მათი ხასიათისა და ცოტასაც – მათი ისტორიის შესახებ. მათზე უფრო მეტის შეტყობა შესაძლებელია მხოლოდ “დალხურგის (1) ჟღალი წიგნიდან” ამონაკრებში, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით “ჰობიტი”.
ეს მონათხრობი კი ეფუძნება ადრეულ თავებს “ჟღალი წიგნისა”, რომელიც თვით ბილბოს, დიდ სამყაროში სახელგანთქმული პირველი ჰობიტის მიერაა შედგენილი სათაურით “იქით და უკან”, რადგან მასში მოთხრობილია აღმოსავლეთით ბილბოს მოგზაურობის და უკან დაბრუნების შესახებ. ამ თავგადასავალმა ხომ შემდგომში ყველა ჰობიტი ჩაითრია ქვემოთაღწერილი ეპოქის მოვლენებში.
ბევრს ენდომება მეტი შეიტყოს ამ თვალსაჩინო ხალხის შესახებ მათი დასაბამიდან, მაგრამ ყველას როდი აქვს პირველი წიგნი. ამგვარ მკითხველთათვის ძირითადი ამბები ამოკრებილია წიგნიდან “ჰობიტიანი” და ასევე მოკლედაა მოთხრობილი პირველი თავგადასავლის შესახებ.
ჰობიტები თავმდაბალი, თუმც კი ძალიან ძველი ხალხია, ბევრად მრავალრიცხოვანი ადრე, ვიდრე ახლა. მათ უყვართ მშვიდობა, სიწყნარე და კარგად დამუშავებული მიწა.
მოვლილი და გულდასმით დამუშავებული ნაკვეთი სოფლის მიდამოებში – მათი საყვარელი ადგილია. არაფერი გაეგებათ მანქანებისა და არც უყვართ იმაზე რთული, ვიდრე სამჭედლო ქურის საბერველია, წყლის წისქვილი ან საქსოვი დაზგა, თუმც კი ხელსაწყოებს ოსტატურად მოიხმარენ.
ისინი უწინაც ერიდებოდნენ “ახმახებს”, ანუ ჩვენ, ახლა კი შიშით გაგვირბიან და მათი მოძებნაც უფრო ძნელი გახდა.
ფაქიზი სმენა და მახვილი მხედველობა აქვთ, მიდრეკილნი არიან სიმსუქნისა და სიდინჯისკენ, თუმცაღა საკმაოდ მკვირცხლნი და მარჯვენი არიან. სწრაფად და უჩუმრად ეფარებიან თვალს, რათა უშნოდ მოლაყუნე ადამიანს არ შეეჩეხონ. ეს უნარი იმ დონეზე განუვითარებიათ, რომ ჯადოქრობადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. სინამდვილეში ჰობიტები არასოდეს ჯადოქრობდნენ და მათი მოუხელთებლობა მემკვიდრეობით ბოძებული და ხმარებაში განვითარებული ხელოვნების შედეგია, შედეგია ბუნებასთან სიახლოვისა, და ბუნებაც სანაცვლოდ იმას მიაგებს, რისი წარმოდგენაც უფრო დიდსა და ტლანქ რასებს არ ძალუძთ.
ჰობიტები – პატარა ხალხია, ჯუჯებზე პატარა, ყოველ შემთხვევაში ნაკლებად ჯიჯგვი, თუმცა სიმაღლით დიდად არ ჩამორჩებიან. მათი სიმაღლე ჩვენი საზომით ორიდან ოთხ ტიღვამდე (2) მერყეობს. ახლა იშვიათად აღწევენ სამ ტაღვს, მაგრამ ირწმუნებიან, რომ ადრე მაღლები იყვნენ. “ჟღალი წიგნის” თანახმად, იზენგრიმ მეორის ძე – ბანდობრას ტუკი (მეტსახელად ბღუილა (3) ), ოთხი ტიღვი და ხუთი ბერა (4) იყო და ცხენზე ჯდომაც კი შეეძლო. ჰობიტების გადმოცემით მას მხოლოდ ძველ დროებაში ცნობილი ორი ჰობიტი აღემატებოდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

1. დალი – დასავლეთი, ხურგი – საზღვარი
2. ტიღვი – მანძილი მხრიდან იდაყვამდე, უდრის 30,5 სმ-ს (ფუტი)
3. ბღუილი – ხარის ხმიანობა
4. ბერა – ცერა (ბერა) თითის სიგანე, უდრის 2,5 სმ-ს (ინჩი)

 

***
მამულეთის ჰობიტები, რომლებზეც მოთხრობილია ამ თქმულებებში, მშვიდობისა და აღორძინების დღეებში მხიარული ხალხი იყვნენ. იმოსებოდნენ ჭყეტელა სამოსში, უპირატესობას ყვითელ და მწვანე ფერებს ანიჭებდნენ, წაღას კი იშვიათად ატარებდნენ, რადგან საკმაოდ სქელტყავა ფეხისგულები აქვთ, ხოლო ფეხები ისეთივე გრუზა, დატალღული, წაბლიფერა ბალნით აქვთ დაფარული, როგორითაც თავი. ალბათ ამის გამო აქ მეწაღეობა ოდითგან ნაკლებად იყო განვითარებული, თუმცა მათს გრძელსა და გაწაფულ თითებს სხვა მრავალი საჭირო და ლამაზი რამეების შექმნა შეუძლიათ.
სახეები უფრო კეთილი აქვთ, ვიდრე ლამაზი: ფართო, თვალნათელი, ღაჟღაჟა, ღიმილისა და სმა-ჭამისთვის მომარჯვებული პირით. ხშირად და ხალისით ჭამენ, სვამენ და იცინიან. ამჯობინებენ უბრალო, უეშმაკო ხუმრობებს. თუ საჭმელი აქვთ, დღეში ექვსჯერ ჭამაზეც არ იტყვიან უარს. სტუმართმოყვარენი არიან, უყვართ წვეულებები და საჩუქრები, რომლებსაც სიამოვნებით ჩუქნიან და სიხარულით იღებენ.
ცხადია, რომ მიუხედავად გვიანდელი გაუცხოებისა, ჰობიტები ჩვენი განაყოფები არიან, უფრო ახლობელნი, ვიდრე ელფები და თვით ჯუჯებიც კი. ოდითგან კაცთა ენაზე მეტყველებენ, თუმც კი ჩვენთვის გაუგებარზე. უყვართ ყველაფერი ის, რაც ადამიანებს, თუმცაღა ჩვენ შორის უფრო მკაფიო კავშირი ვერ დგინდება. ჰობიტთა წარმოშობა შორეულ, აწ მივიწყებულ წარსულს უკავშირდება. მარტო ელფებმა შემოინახეს ხსოვნა ამ გამქრალ ხანაზე, მაგრამ მათ ანდრეზებში (5) ძირითადად თავად მათზეა მოთხრობილი. ადამიანები იქ იშვიათად მოიხსენიება, ჰობიტები კი საერთოდ არაა ნახსენები.
თუმცა ნათელია, რომ ჰობიტები დიდი ხნის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდნენ ხმელთაშუეთში მანამ, სანამ ჩვენ შევიტყობდით ამის შესახებ. იმ დროს, როცა სამყარო სავსე იყო უღირსი, უცნაური არსებებით, ეს პატარა მოდგმა სრულიად შეუმჩნეველი ჩანდა, მაგრამ ბილბოსა და მისი მემკვიდრე ფროდოს დროს ჰობიტები თავისდაუნებურად გახდნენ საჭირონი და ცნობილნი, ხოლო მათი ამბავი თვით ბრძენთა და დიდებულთა საბჭოებსაც კი აღელვებდა.

იმ დღეებმა, ხმელთაშუეთის მესამე ეპოქამ, რახანია ჩაიარა და თვით ხმელთა (6) ფორმაც კი შეიცვალა, არ შეცვლილა მხოლოდ ძველი სამყაროს ჩრდილო-დასავლეთი (ზღვიდან აღმოსავლეთით), ანუ ის მხარე, სადაც ჰობიტები ცხოვრობდნენ. ბილბოს დროის ძველი სამშობლოს შესახებ ჰობიტებს არაფერი შემოუნახავთ. მეცნიერების სიყვარული (წარმომავლობის ამბებს გარდა) არ იყო მათ შორის ფეხმოკიდებული.

5. ანდრეზი – თქმულება, ლეგენდა
6. ხმელეთი

 

***
თუმცა ძველ ოჯახებში შეგხვდებოდათ ჰობიტები, რომლებიც ნიადაგ ჩაჰკირკიტებდნენ თავიანთ წიგნებს და აგროვებდნენ ცნობებს ძველ დროებაზე, ელფების, ჯუჯებისა და ადამიანების შორეულ მიწებზეც კი. მათი საკუთარი ჩანაწერები დაიწყო მხოლოდ მამულეთში გადასახლების შემდეგ, ყველაზე ძველი ანდრეზებიც კი არ ეხებოდნენ უფრო უხნეს დროებას. თუმცა ამ ანდრეზთაგან, ისევე როგორც ზოგიერთი სიტყვიდან და წესჩვეულებიდან, ჩანს, რომ ჰობიტებს სხვა ხალხების მსგავსად მოუხდათ დიდი გადასახლება დასავლეთისკენ.
მათ ყველაზე ძველ თქმულებებში თითქოსდა გამოკრთის მინიშნება იმაზე, რომ წინათ ისინი ანდუინის ზემო წელში ცხოვრობდნენ, დიადი ბურვილი ტყის კიდესა და ნისლა მთებს შორის. ამჟამად აღარავინ იცის, თუ რატომ განახორციელეს ხანგრძლივი, მომქანცველი გადასვლა ერიადორისაკენ. გადმოცემებში ლაპარაკია მათ მიწაზე ადამიანთა მომრავლებაზე, ტყეზე დაცემულ ჩრდილზე, რის გამოც იგი ჩაბნელდა და შეერქვა ახალი სახელი – უსიერი. მთების გადალახვამდე ჰობიტები სამ განკერძოებულ შტოდ გაიყვნენ: კოჭბანჯულებად, ჩაგვერებად და ბაცკანებად.
კოჭბანჯულები მუქკანიანები არიან, შედარებით დაბლები და უწვერულნი. ხელ-ფეხი პატარა, ნატიფი და სუსტი აქვთ. საცხოვრებლად მთის კალთებს ირჩევენ.
ჩაგვერები უფრო განივრები, ღონივრები და ტატყიანები (7) არიან. ისინი უპირატესობას ბარსა და მდინარის ნაპირს ანიჭებენ.
ბაცკანებს ყველაზე ბაცი კანი და თმა აქვთ, ისინი სიმაღლითა და უკეთესი აღნაგობითაც გამოირჩევიან სხვებისგან. საცხოვრებლად კი ტყეს ამჯობინებენ.
კოჭბანჯულებს ძველად ბევრი საერთო ჰქონდათ ჯუჯებთან და დიდხანს ცხოვრობდნენ მთისწინეთში. ისინი ადრევე გაეშურენ დასავლეთისკენ და უკვე ერიადორის ზემოთ, ქართაგორის მიდამოებში მიაბოტებდნენ მაშინ, როცა სხვები ჯერ კიდევ ბოდიალეთს არ გასცილებოდნენ. ისინი შედარებით ილუმელა (8) და წესიერი ჰობიტები არიან, უფრო მკვიდრი მოსახლენი და გვირაბებსა და ქვაბულებში ცხოვრების მამა-პაპეულ წესსაც სხვაზე დიდხანს მისდევდნენ.
ჩაგვერები დიდხანს სახლობდნენ დიდი მდინარის, ანდუინის ნაპირებთან. ადამიანებს ნაკლებად გაურბოდნენ. კოჭბანჯულათა კვალად ისინიც დასავლეთისკენ დაიძრნენ და შემდეგ კი სამხრეთისაკენ მიჰყვნენ წყალქუხილას, რის შემდეგაც ბევრი მათგანი დიდხანს ცხოვრობდა ტარბადსა და ბინდიეთის საზღვრებს შორის, სანამ ჩრდილოეთით გადასახლდებოდნენ.
ბაცკანები, ყველაზე მცირერიცხოვანნი, ჰობიტთა ჩრდილოეთის განშტოებას წარმოადგენენ. სხვებთან შედარებით უფრო მეგობრობენ ელფებთან და უფრო გაწაფულნი არიან სიტყვიერებასა და სიმღერაში, ვიდრე ხელობებში. მიწათმოქმედებას ოდითგან ნადირობა ურჩევნიათ. მათ გადაკვეთეს მთები განაკაფის ჩრდილოეთით და მდინარე ბინულას (9) დაუყვნენ. ერიადორში სხვა, მათზე ადრე მოსულ ხალხებს შეერივნენ და რადგან უფრო მამაცები და ხიფათის მოყვარულნი იყვნენ, ხშირად ხდებოდნენ ბელადები და კოჭბანჯულათა და ჩაგვერათა გვარის წინამძღოლები. ბილბოს ხანაშიც კი იგრძნობოდა ბაცკანათა სისხლის გავლენა თვით ტუკთა და კუროეთის მფლობელთა სახელგანთქმულ ოჯახებში.

7. ტატყები – დიდი ხელ-ფეხი
8. საშუალო, არც იქით, არც აქეთ
9. ბინული – ცივი ნაკადული

 

***
ერიადორის დასავლეთით, ნისლა მთებსა და რკალა მთებს შუა, ჰობიტები ადამიანებსა და ელფებს გადააწყდნენ. ისინი აქ ჯერ კიდევ დუნედაინთა, იმ ხალხთა მეუფების დროიდან შემორჩენილიყვნენ, რომელნიც ზღვისგაღმიდან, დალასიქეთიდან (10) იყვნენ გადმოსული, თუმცა მათი რიცხვი სწრაფად შემცირდა და ჩრდილო სამეფოს მიწები ადრევე დაცარიელდა. თავისუფალი სივრცე დიდი იყო და ჰობიტებმა გადაწყვიტეს კარგა ხნით დამკვიდრებულიყვნენ ამ არემარეში.
პირველ დასახლებათა უმრავლესობა დიდი ხნის წინ გაქრა და ბილბოს დროს უკვე არც აღარავის ახსოვდა, მაგრამ ზოგი მათგანი, თუმც კი გვარიანად შეთხელებული, კიდევ შემორჩენილიყო. ასეთი იყო კორტოხეთი და ტევრიანის დასახლება, მამულეთიდან აღმოსავლეთით ოციოდე ეჯის (11) მანძილზე .
ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ამ ხანაში ისწავლეს ჰობიტებმა წერა და შექმნეს საკუთარი დამწერლობა დუნედაინთა დამწერლობის მიხედვით, რომლებმაც, თავის მხრივ, ეს ხელოვნება ელფებისგან გადმოიღეს. ამ დროს დაივიწყეს მათ თავიანთი ენა და ალაპარაკდნენ საერთო ენაზე, რომელიც დალაურის (12) სახელით იყო ცნობილი ყველა მხარესა თუ სამეფოში არნორიდან გონდორამდე და ზღვისპირეთში ბელფალასიდან ნამგალა სანაპირომდე. თუმცა მათ რამდენიმე საკუთარი სიტყვაც შეინარჩუნეს ისევე, როგორც თვეებისა და დღეების ძველი დასახელებები და საკუთარ სახელთა უმრავლესობა.
ამ დროიდან ჰობიტთა ლეგენდები იქცა ისტორიულ ჩანაწერებად წლების მითითებით.
მესამე ეპოქის 1601 წელს ბაცკანა ძმებმა მარკომ და ბლანკომ დატოვეს კორტოხეთი და ფორნოსტის (13) ხენწიფის თანხმობით მრავალ ჰობიტთან ერთად გადალახეს გრემა (14) მდინარე თაფლიფერა. ისინი გადავიდნენ ჩრდილოეთის სამეფოს ძლევამოსილების ხანაში აგებულ ქვარკალა ხიდზე, დაიკავეს დაუსახლებელი მიწები მდინარესა და შორეულ ტიტველგორებს შორის. მათ ევალებოდათ ამ დიადი ხიდის მოვლა-პატრონობა და ამასთანავე წესრიგში უნდა ჰქონოდათ ყველა დანარჩენი ხიდი და გზაც. ევალებოდათ აგრეთვე ხენწიფის აღიარება და მის შიკრიკთა გაცილება.
აქედან იწყება მამულეთის ჟამთაღრიცხვა, რადგან ღვინიფერას (ასე შეცვალეს ჰობიტებმა მდინარის სახელწოდება) გადალახვის წელი იქცა მამულეთის დასაბამად და ყველა შემდგომი თარიღიც აქედან აითვლება (15). დასავლელ ჰობიტებს შეუყვარდათ ახალი მიწა და აღარც გასცილებიან მის საზღვრებს, რის გამოც მალე კვლავ გაქრნენ ადამიანებისა და ელფების ისტორიიდან. სანამ ხენწიფე არსებობდა, ისინი მის ქვეშევრდომად რჩებოდნენ, თუმცაღა საკუთარი მთავრები მართავდნენ (გარესამყაროს მოვლენათა ანგარიშგაწევით). ფორნოსტთან გამართულ უკანასკნელ ბრძოლაში ანგმარის გრძნეული მეუფის წინააღმდეგ, მათ თავის ხენწიფეს რამდენიმე მშვილდოსანიც კი მიაშველეს თურმე. თავად ამტკიცებენ ასე, თორემ ადამიანთა გადმოცემებში ამის შესახებ არც არაფერია ნახსენები.

10. დალასიქეთი – მხარე დასავლეთის მიღმა
11. ეჯი უდრის დაახლოებით სამ კილომეტრს
12. დასავლურის
13. გონდორის ჩანაწერთა თანახმად ეს გახლდათ არგელებ II,
ჩრდილოეთის შტოს მეოცე თაობა, რომელიც სამასი წლის შემდეგ
დაასრულა არვედუიმ.

14. მოყავისფრო
15. ამგვარად, მესამე ეპოქის ელფთა და დუნედაინთა თარიღები
შეიძლება გამოითვალოს მამულეთის თარიღებზე 1600 წლის დამატებით.

 

***
ამ ომმა ჩრდილოეთ სამეფო გაანადგურა. ჰობიტები ამიერიდან თავად ფლობდნენ თავიანთ მიწას, მათ აირჩიეს საკუთარი წიაღიდან მთავარი – ტეინი, რათა მას ხენწიფის ნაცვლად ემართა ისინი. მთელი ათასი წლის მანძილზე ომი არ ჰქონიათ, და შავი ჭირის შემდეგ (37 წელი მამულეთის წელთაღრიცხვით), ისინი აღორძინდნენ და მრავლდებოდნენ, სანამ კარს არ მოადგათ გრძელი ზამთარი და მას მოყოლილი დიდი შიმშილობა.
იმ დროს ათასობით ჰობიტს გაავლო მუსრი შიმშილმა, მაგრამ ამ მონათხრობის დროისათვის სიდუხჭირის დღეები (1158-1160) უკან იყო მოტოვებული და ჰობიტებს კვლავ ხვავრიელი ხანა დაუდგათ. ნაყოფიერი და გულუხვი მიწა, მათ მოსვლამდე კარგახნის ყამირი, მალე გადაიქცა გულმოდგინედ დამუშავებულ არემარედ, აივსო ფერმებით, პურის ყანებითა და ბაღ-ვენახებით.
ეს მიდამო გადაიჭიმა სამოც ეჯზე ტიტველგორებიდან ღვინიფერაზე გადებულ ხიდამდე და სამოცდათხუთმეტზე ჩრდილო ტორფნარიდან სამხრეთის ჭაობებამდე.
ჰობიტებმა მას მამულეთი დაარქვეს, როგორც მათი მთავრის – ტეინის საგამგებლოსა და ერთობ მოწესრიგებული ყოფის მხარეს. ქვეყნიერების ამ საამურ კუთხეში ისინი მისდევდნენ ჩვეულ საქმიანობას და სულ უფრო ნაკლებად აინტერესებდათ გარესამყარო, სადაც შავბნელი ძალები ბოგინებდნენ.
და მათ თანდათან ირწმუნეს, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა ხმელთაშუეთის კანონია და კანონიერი უფლება ყველა გონიერი ხალხისა. ამასთან დაივიწყეს, ან უბრალოდ უარჰყვეს ისინი, ვისაც გუშაგებად ხმობენ და ვისი ღვაწვითაც სუფევდა მამულეთში ესოდენ ხანგრძლივი მშვიდობა, ანუ თავს დაცულად გრძნობდნენ და ამაზე ფიქრით ტვინი დიდად აღარ უჭყლეტიათ.
ჰობიტები არც ომისმოყვარენი ყოფილან ოდესმე და არც ერთმანეთთან უომიათ. ძველ დროში მათ, რაღა თქმა უნდა, უწევდათ თავდასაცავად ხელის გამოღება, რათა აწეწილ ქვეყანაში თავი დაენარჩუნებინათ, მაგრამ ბილბოს დროს ეს ყველაფერი უკვე შორეული წარსულის კუთვნილება იყო.
აქ მოთხრობილ ამბამდე უკანასკნელი ბრძოლა, და ამავე დროს ერთადერთი, რომელიც მამულეთის საზღვრებში გაიმართა, აქაურთა მეხსიერების მიღმა დარჩენილიყო. ეს იყო ზურმუხტოვანი მდელოს ბრძოლა, 1147 წელს მამულეთის წელთაღრიცხვით, რომელშიც ბანდობრას ტუკმა პირწმინდად შემუსრა ორკთა ონავარი ლაშქარი.
მას შემდეგ ამინდიც კი დაცხრა და პაპისეულ არაკებსღა შემორჩნენ მგლები, რომელნიც ჩრდილოეთიდან სუსხიან ზამთარს გამორიდებულნი, საკბილოს საშოვნად დაძრწოდნენ ამ არემარეში.
ჰოდაა, კი შემორჩენილიყო მამულეთში იარაღის რაღაც მარაგი, მაგრამ ის ან ბუხრის თავზე ეკიდათ ნადავლივით, ან თავმოყრილი იყო მიქელა სოროქექიას (16) მუზეუმში, რომელსაც რამერუმის სახლი ერქვა.

16. მამულეთის მთავარქალაქი


***
ყველაფერს, რაც უსარგებლო იყო, მაგრამ გადასაგდებად აფსუსი, ჰობიტები რამერუმეს ეძახდნენ. მათი ქვაბულები ლამის ამოხორილი იყო ასეთი რამერუმით და ძღვენთა უმეტესობაც, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა, სწორედ ამ რამერუმეს განეკუთვნებოდა.
ხანგრძლივი მშვიდობისა და იოლი ცხოვრების მიუხედავად ჰობიტები საოცრად კერკეტნი იყვნენ. მათი დაჯაბნა და მოსპობა არცთუ იოლი საქმე გახლდათ. მიუხედავად კარგი ცხოვრების ტრფიალისა, საჭიროების შემთხვევაში გაკერპებაც შეეძლოთ და ჭირის, დუშმანისა და ავდრის გაძლებაც, და ასევე განცვიფრება მათი, ვინც კარგად არ იცნობდა ამ მოდგმას და ვერაფერს ამჩნევდა მათი ღიპუნიებისა და ნაპატივები პირისახის გარდა.
და თუმცა ჩხუბს ერიდებოდნენ და გართობის მიზნით არასდროს კლავდნენ სულიერს, ისინი საკმაოდ მამაცნი იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში შიშველი ხელითაც კი გაბედულად იბრძოდნენ. შესანიშნავი მშვილდოსნები იყვნენ, რადგან თვალიც უჭრიდათ და მკლავიც ერჩოდათ.
და განა მარტო მშვილდი ემარჯვებოდათ. როცა ჰობიტი ქვის ასაღებად წაიხრებოდა, ჯობდა სწრაფად გასცლოდი იქაურობას და ეს ყველა მომხდურმა არსებამ კარგად უწყოდა იმ არემარეში.
თავიდან ჰობიტები სოროსმაგვარ დარანებში (17) ცხოვრობდნენ (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე სჯეროდათ) და ამგვარ გარემოში დღესაც უკეთ გრძნობენ თავს, მაგრამ დროის შესატყვისად ისინი იძულებულნი გახდნენ რამდენადმე შეეცვალათ საცხოვრებლის ფორმა. ბილბოს დროს მამულეთში, ჩვეულებრივ, ამ მამა-პაპეულ ადათს მხოლოდ უმდიდრესი და უღარიბესი ჰობიტებიღა მისდევდნენ.
ღარიბები უმარტივეს, ერთსარკმლიან, ან სულაც უსარკმლო ბუნაურებში (18) ცხოვრობდნენ. აი მდიდრებმა კი ეს საცხოვრისი განავითარეს და ერთობ კეთილმოწყობილ ქვაბულებად აქციეს.
მაგრამ ესოდენ დიდი და განტოტვილი გვირაბების (მათებურად – ომანოების(19)) გამოსათხრელად შესაფერი ბორცვები ყველგან როდი იყო. ამიტომ, ზეგანსა და დაბლობებში მცხოვრებმა ჰობიტებმა, გამრავლებისდაკვალად, მიწისზემო საცხოვრებლის შენებას მიჰყვეს ხელი.
თვით მთაგორიანში და ისეთ ძველ დასახლებებშიც კი, როგორიც ჰობიტეთი და სუსნიეთია, და კიდევ თეთრიგორებზე შეფენილი მამულეთის მთავარქალაქი მიქელა სოროქექია, ამჟამად მრავალი სახლი იყო ხისა, ქვისა და აგურისა. ასეთი სახლები განსაკუთრებით მოსწონდათ მეწისქვილეებს, მჭედლებს, მაზმანებს (20), დურგლებსა და მისთანათ.

17. საცხოვრებელი მიწური
18. კაცის ბუნაგი
19. სოროს ნაირსახე
20. მეგვარლე, თოკის მგრეხელი

 

***
და თუმცა ჰობიტები უხსოვარი დროიდან მიწურა დარნებში ცხოვრობდნენ, მათ იმთავითვე ემარჯვებოდათ ჩარდახებისა და ფარდულების გამართვა. თქმულებათა მიხედვით ქოხებისა და ბეღლების შენება ღვინიფერას ქვემოჭალებში მცხოვრებ ჭყანტობელებს წამოუწყიათ. მამულეთის აღმოსავლეთით მდებარე ამ კუთხის ჰობიტები უფრო ბრგენი და აღნაგნი არიან. ლაფიანობისას ჯუჯების ბანდულებს (21) ატარებენ. მათს ნიკაპზე მოდებული ქუჩქუჩა წვერი კი ნათლად მეტყველებს, რომ აქაურთ ბლომად უცხო სისხლი ურევიათ, რადგან კოჭბანჯულებსა და ბაცკანებს ბალნის ნასახიც კი არ აქვთ სახეზე.
უეჭველია, რომ ჭყანტობისა და მდინარის აღმოსავლეთით მდებარე კუროეთის მოსახლეობა ყველაზე გვიან გადმობარგდა მამულეთის ამ მხარეში შორეული სამხრეთიდან. აკი მათ ენაში დღემდე შემორჩენილა არაერთი უცნაური სიტყვა და სახელი, რომელსაც მამულეთის სხვა კუთხეში ვერ გაიგონებთ. სავარაუდოა, რომ სახლის შენება, ისევე როგორც მრავალი სხვა რამ, მათ დუნედაინთაგან აქვთ შეთვისებული.
თუმც კი ასევე შესაძლებელია, რომ ჰობიტებს ყველა ესენი უშუალოდ გადმოეღოთ ელფებისგან, თვით ადამიანთა მასწავლებელთაგან ამ მოდგმის სიყმაწვილის ხანაში, რადგან ძირძველ ელფებს ჯერაც არ მიუტოვებიათ ხმელთაშუეთი და დღემდე სახლობდნენ შორეული დასავლეთის ნისლა ყურეებში და მამულეთის ახლომახლო ადგილებშიც კი. დასავლეთის კიდეთა მიღმა მდგარი სამი ელფის-გოდოლი, უხსოვარი დროისა, დღესაც მოსჩანს კოშკებიანი სერიდან. მთვარიანი ღამითაც კი შეგიძლიათ დალანდოთ მათი შორეული ანაბზინი. მათგან ყველაზე მაღალი ყველაზე შორს, მწვანე ბორცვზე ასვეტილა ეულად. დასავლეთ მამულეთის ჰობიტები ირწმუნებიან, რომ მისი წვეროდან ზღვის დანახვა შეიძლება თურმე, თუმცა ამ კოშკზე ანაძრომი ჰობიტი არავის უანხავს.
საერთოდ, თითო-ოროლა ჰობიტს თუ უნახავს ზღვა და გაუცურავს მასში და კიდევ უფრო ცოტა დაბრუნებულა უკან ამის მოსათხრობად. ჰობიტთა უმეტესობა მდინარესა და პატარა ნავებსაც კი უნდოდ ეკიდებოდა და ცურვაც იშვიათად თუ იცოდა ვინმემ.
მიდიოდა დრო და აქაურები სულ უფრო იშვიათად ხვდებოდნენ ელფებს, მეტად უფრთხოდნენ მათ და აღარც იმათ ენდობოდნენ, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა ელფებთან.
ხოლო სიტყვა ზღვა სულ უფრო ავისმომასწავებლად ჟღერდა მათთვის და თანდათან სიკვდილთან გაიგივდა, იმდენად, რომ ბოლოს დასავლეთის სერებს პირსაც კი არიდებდნენ.
კაცთაგან იყო სახლის შენება ნასწავლი თუ ელფთაგან, ერთი ცხადია – ჰობიტებმა ეს ცოდნა საკუთარ ყაიდაზე მოირგეს. კოშკების შენების გზით არ წასულან. მათი სახლები გრძელი, დაბალი და ფრიად მოსახერხებელი გახლდათ. მათგან უძველესნი ჯერ კიდევ ბუნაურის გაბაძვით იყო ნაშენი, თივით, ნამჯითა და კორდით მოტკეპნილი, სოროსმაგვარი კედლებით. ოღონდ ეს ხანა კარგახანია მამულეთის წარსულს ჩაბარდა და ჰობიტთა ნაშენი თანდათან დაიხვეწა, გამდიდრდა ხან ჯუჯებისაგან ნასწავლითა და ხანაც საკუთარი მიგნებებით. ბოლოს კი მრგვალი კარფანჯრის სახითღა შემორჩა ჰობიტთა უძველესი ხუროთმოძღვრული თავისებურებანი.

21. ფეხსამოსია ერთგვარი

 

***
მამულეთელ ჰობიტთა სახლები და ქვაბულები მეტწილად დიდი იყო და დიდი ოჯახებით დასახლებული. ამ მხრივ გამონაკლისნი იყვნენ ბერბიჭა თოფრაკელები – ბილბო და ფროდო, რომლებიც სხვა რამეებითაც გამოირჩეოდნენ, მაგალითად – ელფებთან მეგობრობით.
ზოგჯერ, ისევე, როგორც დიდომანოელი ტუკებისა თუ რახისციხელ რახიკუროთა (22) შემთხვევაში, ნათესავთა არაერთი თაობა მშვიდობიანად (მეტნაკლებად) თანაარსებობდა ერთ საგვარეულო მრავალგვირაბიან საცხოვრებელში. ყველა შემთხვევაში ჰობიტები საგვარეულოებად ცხოვრობდნენ და ამ ურთიერთობებს ფაქიზად წარმართავდნენ. ისინი გულმოდგინედ ადგენდნენ დიდსა და დატოტვილ წარმომავლობის ხეს უამრავი ტოტისტოტებით.
როცა ჰობიტებთან გაქვს საქმე, აუცილებელია გახსოვდეს – ვინ ვისთან რა კავშირშია და რამდენად მკვიდრია ეს კავშირი. ამ წიგნში შეუძლებელია დასტიო წარმომავლობითი ხე, რომელიც მოიცავს მარტოდენ წარჩინებულ გვართა მარტოდენ ცნობილ წარმომადგენლებს იმ დროისათვის, რომელსაც ეს თხრობა ეხება.
“დალხურგის ჟღალი წიგნის” ბოლოში დართული წარმომავლობითი ხეები თავად გახლავან მომცრო წიგნები და ყველა, ჰობიტთა გარდა, მათ ერთობ მოსაწყენად ჩათვლიდა. ჰობიტები კი ამგვარი რამეების ტრფიალნი არიან, ოღონდ თუკი ეს რამეები გულდასმით არის ნაკეთები. უყვართ ჰობიტებს მათთვის კარგად ცნობილი და დინჯად მონაყოლი ამბებით დაყურსული წიგნები.

2. თუთუნიკას შესახებ

არის კიდევ ერთი საოცარი, ჭეშმარიტად აღნიშვნის ღირსი რამ ძველ ჰობიტთა ყოფიდან, სწორედ რომ საოცარი ჩვევა: თიხის ან ხის ჩიბუხებით ისინი ისრუტავდნენ კვამლს მხრჩოლავი ბალახეულისა, რასაც თავად თუთუნიკას ეძახიან და რაც თამბაქოს ნაირსახეობა უნდა იყოს.
იდუმალების ბურუსითაა მოსილი წარმოშობა ამ უცნაური ჩვევისა, რომელსაც თავად ჰობიტები ხელოვნებად მიიჩნევენ. ყველაფერი, რისი ამოქექვაც კი შესაძლებელი იყო ძველი წყაროებიდან ამ საკითხის შესახებ, ერთად შეუკრებია მერიადოკ რახიკუროს (მოგვიანებით კუროეთის მთავარი რომ გახდა), და რადგან იგიც და სამხრეთული თამბაქოც მონაწილენი არიან მიმდინარე ამბისა, უპრიანია გავიხსენოთ მოსაზრება მისი წიგნიდან “მამულეთის მცენარეთა შესახებ”:
“- ეს არის ერთადერთი ხელოვნება, რომელის შესახებაც ძალგვიძს დასაბუთებით განვაცხადოთ, რომ ჩვენი აღმოჩენილია. უცნობია, თუ როდის დაიწყეს ჰობიტებმა ჩიბუხის ბოლება, მაგრამ ყველა თქმულებაში იგი მოხსენიებულია, როგორც უკვე არსებული ჩვევა.
კარგა ხანის განმავლობაში აფუილებდნენ მამულეთელნი ნაირგვარ ბალახეულს, ხან სურნელოვანსა და ხანაც მყრალს, მაგრამ ყველა თქმულება თანხმდება, რომ სამხრეთ მამულეთელმა, თაღარას (23) მკვიდრმა ტობოლდ მებუკემ პირველმა გამოზარდა ნამდვილი თუთუნიკა საკუთარ ბაღში, და ეს მოხდა იზენგრიმ მეორის ზეობის ჟამს, 1070 წელს მამულეთის ქორონიკონით(24).

22. რახი – სუსტი არაყი, კურო – სანაშენე ხარი
23. გაშლილი ველი
24. წელთაღრიცხვა

 

***
ახლაც ამ კუთხიდან შემოდის საუკეთესო სამამულო ნაწარმი, როგორიცაა “თაღარას თუთუნიკა”, “ბებერი ტობი” და “სამხრეთის ვარსკვლავი”.
არც არსად წერია, თუ როგორ მოიპოვა ბებერმა ტობიმ ეს მცენარე, და თან ისე მიიცვალა, არც თავად უთქვამს ვისმესთვის. მცენარეთა კარგი მცოდნე კი იყო, მაგრამ მოგზაური არასდროს ყოფილა. თხრობენ, თითქოს ჯეელობისას იგი ხშირად გადადიოდა კორტოხეთში, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ამაზე შორს აღარ წასულა. ასე, რომ სავსებით დასაშვებია მას კორტოხეთშივე ენახა თუთუნიკა, რომელიც ახლაც მშვენივრად ხარობს ბორცვის სამხრეთ კალთებზე.
კორტოხეთის ჰობიტებს კი დაუჟინიათ, რომ სწორედ ისინი არიან თუთუნიკას პირველი მწევლები. ასევე ამტკიცებენ, რომ ყველა დანარჩენ საქმეშიაც ისინი წინ უსწრებდნენ მამულეთის ჰობიტებს, რომელთაც “მოახალშენეებს” ეძახიან.
თუთუნიკას ამბავში კი ვინძლო არცა სტყუიან, რადგან სავსებით ცხადია, რომ შემდგომში სწორედ კორტოხეთიდან გავრცელდა წევის ხელოვნება თვით ჯუჯებშიც კი და აგრეთვე ისეთ ხალხში, როგორებიცაა მხედრები, ბებლები (25) თუ მოგზაურნი, რომლებიც ჯერ კიდევ ტკეპნიან ძველისძველ გზაშარებს.
ასე და ამრიგად, გავრცელების პირველნიშნულად უნდა მივიჩნიოთ კორტოხეთის ძველი ფუნდუკი სახელად “ფუნდრუკა პონი”, რომელსაც იმთავითვე ქაცვიათა ოჯახი ფლობდა.
მიუხედავად ყველაფრისა, სამხრეთში ჩემმა არაერთმა მოგზაურობამ და პირადმა დაკვირვებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ თუთუნიკა სულაც არ არის აქაური, არამედ ჩრდილოეთისკენ გამოვრცელდა ანდუინის დაბლობიდან, სადაც, ჩემი ვარაუდით, დალსიქეთურ კაცთა მიერ ზღვით უნდა იყოს შემოტანილი.
იგი გონდორშიაც კარგად ხარობს, თან აქ უფრო დიდია და უხვფოთლიანი, ვიდრე ჩრდილოეთში, სადაც ველური სახით არა გვხვდება და მხოლოდ თაღარას დამაგვარ თბილსა და დაცულ ადგილებში ყვავის.
გონდორელები მას სურნელოვან გალენას ეძახიან და მხოლოდ ყვავილის სურნელის გამო აფასებენ. შესაძლოა იგი აქედან ვრცელდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში ელენდილის გამოჩენიდან ვიდრე ჩვენს დრომდე.
მაგრამ თვით გონდორელი დუნედაინები აღიარებენ, რომ პირველად სწორედ ჰობიტებმა ჩაჩურთეს თუთუნიკა ჩიბუხში. ბებლებსაც კი არ უქნიათ ეს მანამდე, თუმცა ერთმა ჩემმა ნაცნობმა ბებლმა, რომელიც კარგა ხნის წინ დაეუფლა ამ ხელოვნებას, ისევე დახვეწა იგი, როგორც მრავალი სხვა რამ, რასაც კი მისი გონება შეეხო.”

3. მამულეთის აღწერა

მამულეთი ოთხ მხარედ დაიყო, რომელთაც ეწოდათ – ნაგრილი, ბღვარი, ლეჟა და დალი (26). თითოეული მხარე თავის მხრივ შედგება თემებისაგან, რომელნიც ძველი, განთქმული გვარების მიხედვითაა სახელდებული, თუმცა იმ დროისთვის, რომელსაც თხრობა ეხება, ამ გვართა უმეტესობა თემების დასახელებადღა შემორჩა.

25. გრძნებით მოქმედი, ჯადოქარი
26. ანუ – ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი

 

***
ტუკთა უმეტესობა დღემდე ტუკეთში სახლობს, მაგრამ ეს წესი სხვა გვარებზეც როდი ვრცელდება, ვთქვათ თოფრაკელებზე და კურტუმელებზე.
მხარეებს გარდა იხსენიებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ და დასავლეთ ხურგისპირეთები(27).
ამ ამბის დასაწყისისთვის მამულეთს ხელისუფალი არა ჰყავდა. ოჯახები მეტწილად საკუთარ საქმეებს აგვარებდნენ. ლამის მთელი დრო სარჩო-სასუსნავის მოწევასა და მისავე შესმუსვნას ხმარდებოდა. ყველა სხვა საქმეში კი ისინი გულუხვობითა და გულკეთილობით იყვნენ გამორჩეულნი, და ამავე დროს ზომიერნი და კმაყოფილნი იმდენად, რომ მათი კარმიდამო, ფერმები, სახელოსნოები თუ აღებ-მიცემობა რამდენიმე თაობის განმავლობაში დიდად არ იცვლებოდა.
რასაკვირველია შემონახული იყო ფორნოსტის (ანუ, როგორც თავად ეძახდნენ – ჩრდილოციხის) ხენწიფის ქვეშევრდომობის ოდინდელი წესი, თუმცაღა თითქმის ათასი წელია არათუ ხენწიფის ჭაჭანება არსით იყო, არამედ მისი ციხექალაქის ნაშთებიც კი კარგახანია შამბს გადაეფარა.
მიუხედავად ამისა ჰობიტები ჯერ კიდევ კილავდნენ ველურსა და მავნე არსებებს – ტროლებს, რომ ამ უკანასკნელთ არა სმენოდათ რა ხენწიფეზე. ჰობიტთა შეხედულებით სწორედ ხენწიფეს მიეწერებოდა მთელი მათი ადათ-წესები. და ჩვეულებრივ ისინი კანონებს ნებსით იცავენ, რადგან კანონი, ძველიცა და ახალიც, მათი აზრით მართვის წესია და წესრიგი.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ დროისთვის ტუკთა გვარი კარგა ხნის დაწინაურებული იყო და ტეინის ხელისუფლება ბერიკუროთა გვარიდან მათ ხელში გადავიდა. ტუკთა საგვარეულოს თავკაცი მას აქეთ ტეინის წოდებას ატარებს.
ტეინი მამულეთის გრიას (28) თავკაცი იყო, ლაშქრის მეთაური და აგრეთვე უზენაესი მსაჯული. რაკიღა ლაშქარი და გრია მხოლოდ საგანგებო ჟამს იხმობოდა და ასეთი კი რახანია არ დამდგარა, ტეინის წოდებას საკეთებელი თითქმის არა დარჩა რა.
ამის მიუხედავად ტუკთა გვარი აქამომდე განსაკუთრებული პატივით იყო მოსილი, რადგან უმრავლესი იყო და ამავდროულად უმდიდრესიც. ამასთანავე, ყველა თაობაში იგი წარმოშობდა მტკიცე ხასიათებს, განსაკუთრებულ ქცევებსა და ფიცხელ გულებს. რა მაგის პასუხია და ამ უკანასკნელს ჰობიტები უფრო ეგუებოდნენ, ვიდრე იწონებდნენ.
ყველაფრის მიუხედავად, დადგენილი წესი მოითხოვდა, რომ ტუკთა საგვარეულოს წინამძღოლის მოხსენიებისას სახელისთვის ნომერიც მიეყოლებინათ, ვთქვათ – იზენგრიმ II.
ამ დროისთვის აქაურობის ერთადერთი ნამდვილი ხელისუფალი მამულეთის მთავარქალაქის – მიქელა სოროქექიას გამრიგე იყო, რომელსაც შვიდ წელიწადში ერთხელ, ზაფხულის ნაბუნიობისას, ირჩევდნენ თეთრიგორების უბაჟო ბაზრობაზე.
გამრიგეს მთავარი მოვალეობა იყო თამადობა მამულეთის სადღესასწაულო სუფრებზე, რომლებიც მალიმალ იმართებოდა. ბოლოს კი, რაკიღა საფოსტო და სადრონგალო (29) საქმეებიც მას გადაელოცა, გამრიგემ შიკრიკთუხუცესისა და სარანგის (30) თანამდებობებიც შეითავსა. უნდა ითქვას, რომ ეს იყო მამულეთში შემორჩენილი ორად ორი სამსახური.

27. ხურგი – საზღვარი
28. დიდი კრება
29. დრონგალი – წესრიგის მცველი
30. წესრიგის მცველთა უფროსი

 

***

მათგან შიკრიკები ყველაზე მრავალრიცხოვანი და დასაქმებული მოხელენი იყვნენ, რადგან ყველა, ვისაც წერა ემარჯვებოდა, ერთთავად წერილებსა სწერდა თავის მეგობრებსა და ახლობლებს, ვინც კი ნასადილევის გასეირნებაზე შორს ცხოვრობდა.
წესრიგის მცველებს ჰობიტები დრონგალებს ეძახდნენ. ამ დრონგალებს მუნდირის მსგავსი არაფერი ემოსათ (ჰობიტები საერთოდ არ სცნობდნენ ასეთ სამოსს), მხოლოდ ფრთა ჰქონდათ ქუდში გარჭობილი. კაცმა რომ თქვას, ისინი დარაჯანი უფრო იყვნენ, ვიდრე დრონგალნი, რამეთუ ძირითადად ნადირის მოგერიება უწევდათ. მთელს მამულეთს სულ თორმეტი დრონგალი ემსახურებოდა, სამ-სამი თითო მხარეში.
უფრო დიდი რაზმი, რომლის რიცხვიც საჭიროების მიხედვით იცვლებოდა, საზღვრის დაცვას ემსახურებოდა და უთვალყურებდა, რომ გარეშეს, დიდსა თუ მცირეს, მამულეთელთათვის ვერა ევნო რა.
ამ ამბების ჟამს ხურგიონი (ასე ეძახდნენ საზღვრის მცველთა რაზმს) ფრიად გაიზარდა, რადგან იმრავლა პატაკმა და საჩივარმა უცნაურ ხალხსა და არსებებზე, რომლებიც საზღვრის გაყოლებაზე დაეხეტებოდნენ და არც მის გადმოლახვას ერიდებოდნენ, რაც იმის ნიშანი გახლდათ, რომ საქმე მთლად კარგად ვერ არის, რაკიღა ამ დროის დადგომა ანდრეზებშიაც იყო ნაწინასწარმეტყველები.
ცოტამ თუ ცქვიტა ამაზე ყური. თვით ბილბომაც ვერ იგუმანა, რას მოასწავებს ეს ამბავი. სამოცმა წელმა განვლო მისი დაუვიწყარი მოგზაურობიდან და სიბერე მორეოდა ბილბოს, ჰობიტის კვალობაზეც კი, ვისთვისაც ას წელს მიკაკუნება ჩვეულებრივი ამბავია.
ჯერ კიდევ მითქმა-მოთქმის საგანი იყო მის მიერ ჩამოტანილი განძი და არავინ, მათ შორის მისმა რჩეულმა ძმიშვილმა ფროდომაც კი, არა უწყოდა რა ამ სიმდიდრისა. არც ბეჭდის, ამ საჩოთირო ნაპოვნის ამბავი გაუმხელია ბილბოს ვისმესთვის.

4. ამბავი ბეჭდის პოვნისა

როგორც “ჰობიტებშია” მოთხრობილი, ერთ მშვენიერ დღეს ბილბოს კარს დიდი ბებლი განდალფ კირჩხელი (31) მიადგა, ოცდაათ ჯუჯასთან ერთად. მათ შორის კი, არც მეტი, არც ნაკლები, გახლდათ თვით ტორინ მუხიფარა, მეფეთა განდევნილი შთამომავალი თორმეტ ერთგულ თანამგზავრთან ერთად.
სწორედ მასთან ერთად, თავისდაფრიადგასაკვირად, აპრილის ერთ დილას, 1341 წელს მამულეთის ჟამთაღრიცხვით, გაემგზავრა ბილბო დიდი განძის საძიებლად ჯუჯათა მთისქვეშე სამეფო განძთსაცავსკენ, ერებორს დაბლა ველობზე, შორეულ აღმოსავლეთში.

31. ჭარმაგი

 

***
ძიება წარმატებული აღმოჩნდა და განძის მოდარაჯე დრაკონსაც სული გააფრთხობინეს, მაგრამ ამ გამარჯვებამდე ხუთ არმიასთან მოუხდათ შერკინება და ტორინიც დაიღუპა. მრავალი სასახელო რამ გარდახდათ, რაც მცირედ თუ აისახება შემდგომ ამბებზე, ან, როგორც უბედური შემთხვევა, შენიშვნაზე ოდნავ მეტ ყურადღებას თუ დაიმსახურებს მესამე ეპოქის ვრცელ მატიანეში. ბოლოს კი რაზმს ორკთა ლაშქარი დაესხა თავს ნისლა მთების ზეკარზე, როცა იგი ბოდიალეთისაკენ მიიკვლევდა გზას.
აქ კი ისე მოხდა, რომ შიგ მთის შუაგულში, ორკების ბნელ მაღაროში, ბილბოს გზა დაებნა. და როცა იგი ფათურით მიიკვლევდა გზას, ხელთ ბეჭედი მოჰყა, რომელიც უმალ ჯიბისკენ გააქანა და ეს ამბავიც ერთ ჩვეულებრივ იღბლიან შემთხვევად ჩათვალა.
გამოსასვლელის ძიებაში ბილბო სულ უფრო ღრმად ეშვებოდა მთის ძირისკენ, სანამ ჩიხში არ აღმოჩნდა. გვირაბის ძირზე, წკვარამ სიბნელეში, ტბა იყო ერთი და ტბის შუაგულში კი, კლდოვან კუნძულზე გონჯო სახლობდა.
ეს იყო ამაზრზენი ჩია არსება, რომელიც მომცრო ნავით დაცურავდა ტბაში. ნიჩბების მაგივრობას დიდი ბრტყელი ტერფები უწევდა, მბჟუტავი თვალების ცეცებით ბრმა თევზებს დაეძებდა, იჭერდა გრძელი, ხმელი თითებით და უმადვე ღმურძლავდა. ყველაფერს მიირთმევდა გონჯო, ორკსაც კი, იოლად თუ მოიგდებდა ხელში.
იგი გახლდათ მფლობელი საიდუმლო განძისა, რომელიც დიდი ხნის წინ იგდო ხელთ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ სამზეოს მკვიდრი იყო. ეს იყო ოქროს ბეჭედი, რომელიც მფლობელს უჩინარსა ხდიდა. ამასთანავე ეს იყო გონჯოს ერთადერთი საყვარელი ნივთი, მისი “უნჯი“(32), რომელსაც მაშინაც ესაუბრებოდა, როცა თან არ ჰქონდა.
ბეჭედს გონჯო საკუთარ კუნძულზე, ორმოში მალავდა და მხოლოდ მაშინ იკეთებდა, როცა ორკებს უთვალთვალებდა მაღაროში.
ბილბოსთან შეხვედრისას ბეჭედი რომ კეთებოდა, იქნებ თავს დასხმოდა კიდეც, მაგრამ არ ეკეთა და…
აი ჰობიტს კი ხელთ ეპყრა ელფური ყამა, რომელიც ხმლობას უწევდა. ამიტომ, დროის მოსაგებად, მან ბილბოს ძველი თამაში – გამოცნობანა შესთავაზა: თუ ბილბო მის გამოცანას ვერ ახსნიდა, შეიჭმებოდა, ხოლო თუ გონჯო ვერ გამოიცნობდა ბილბოსას, მაღაროდან გამოსვლაში უნდა დახმარებოდა.
რაკიღა ბილბო წყვდიადის ტყვეობაში იმყოფებოდა, ვეღარც წინ მიიკვლევდა, ვერც უკან და არც მაშველი ჩანდა სირთმე, ადგა და დაყაბულდა.
და მათ ერთმანეთს დააყარეს მრავალი კითხვა..
მოიგო ბილბომ, რომელსაც, როგორც ჩანს, უფრო ბედი სწყალობდა, ვიდრე ჭკუა უჭრიდა. თავად განსაჯეთ: მის ჯერზე რო ვეღარაფერი მოიფიქრა, უსასოოდ ჩაფიქრებულს შემთხვევით ბეჭედი მოხვდა ხელთ და “- აბა ჯიბეში რა მაქვსო!?” – დასჭყივლა გახარებულმა.
სამი მცდელობის მიუხედავად გონჯომ ვერ გამოიცნო…

32. უძვირფასესი რამ

 

***
ჭკუამოსაკითხი ხალხის აზრი აქ ორად არის გაყოფილი: ამ თამაშის მკაცრი წესებიდან გამომდინარე, ეს ბოლო კითხვა უბრალოდ კითხვად უნდა ჩაითვალოს თუ გამოცანად. იმაში კი ყველა თანხმდება, რომ რაკიღა გონჯომ პასუხის გაცემა სცადა, ამით კითხვის გამოცანობა აღიარა და, ამდენად, დათქმული პირობა ვეღარ გატეხა.
ბილბომ კი პირობის შესრულება მოითხოვა, ეჭვმაც გაკენწლა – ამ ლორწოიანმა არსებამ ვაითუ პირი მიშალოსო, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პირობა წმინდათაწმინდა იყო და ყოვლად უწმინდურებიც კი ერიდებოდნენ მის გატეხვას.
მაგრამ შავეთში გატარებულმა მარტოობის წლებმა გონჯოს გულიც გაუშავა და მზაკვრობით აღუვსო. იგი კუნაპეტში გაშპა თავისი კუნძულისაკენ, რომლის არსებობის შესახებაც ბილბომ არა უწყოდა. აქ მას თავისი ბეჭედი ეგულებოდა. შიმშილსა და მრისხანებას ვეღარ იოკებდა გონჯო, მაგრამ როცა უნჯს მოირგებდა, ბილბოს ყამა კი არა, მთელი ქვეყნის იარაღი რაღა ბედენა იქნებოდა მისთვის.
მაგრამ ფააფუ ბეჭედი! იგი დაიკარგა, გაქრა.
მისმა ხაფმა ჟღავილმა (33) ტანში გაზრინა ბოლბოს, რომელმაც არც კი იცოდა რა მოხდა. სამაგიეროდ გონჯო მიხვდა რაღაცას, თუმცა ძლიერ გვიან. “- რა ედო ჯიბეში?” – ამოიხრიალა მან და თვალთაგან მწვანე ნაპერწკლები გადმოკვესა, გააფთრებული წარისწრაფა ბილბოს მოსაკლავად და “უნჯის” დასაბრუნებლად.
ბილბომ დროულად იყნოსა საფრთხე, ტბისგან პირი იბრუნა და თავქუდმოგლეჯილმა მოჰკურცხლა იმ წკვარამში. ამჯერადაც გაუმართლა, რადგან უნებლიედ ჯიბეში იტუცა ხელი და ბეჭედი თითზე ჩამოეცვა. გონჯომაც სწორედ ამ დროს ჩაუქროლა გვერდით, მაგრამ რადგან ბეჭედმორგებული ბილბო ვეღარ დაინახა, გასასვლელში დადარაჯება გადაწყვიტა, რათა ქურდს ვერ გაეღწია. ბილბო კი ფრთხილად მიჰყვა კვალში და ყურდაცქვეტილი უსმენდა მის გაუთავებელ კრულვას “უნჯის” დაკარგვის გამო. იმდენი უსმინა, სანამ მისი ტვინიც არ ჩასწვდა საქმის არსს…
იმედის სხივი გაკრთა წყვდიადში. სასწაულმოქმედი ბეჭედი, რომელიც ამჯერად მის ხელთ იყო, შანსს აძლევდა დასხლტომოდა ორკებსაც და გონჯოსაც. ამასობაში მთავარ გვირაბში გასასვლელ უხილავ ღიობს მიატანეს. აქ გონჯო ჩაიკუნცხა, დაგორგოლდა, გაიტრუნა, ყნოსვა და სმენა დაძაბა.
გონჯოს განგმირვის ცდუნებამ აიტანა ბილბო, მაგრამ სიბრალულმა დაამუხრუჭა. კი ეპყრა ხელთ ბეჭედი, რომელიც ბოლო იმედი იყო მისი, მაგრამ თავი ვერ აიძულა ესოდენ უბადრუკი არსება ამგვარი უპირატესობის გამოყენებით გაესტუმრებინა იმქვეყნად.
ბოლოს, როგორც იქნა, გამბედაობა მოიკრიბა, გონჯოს ნახტომით გადაევლო თავს და უკანმოუხედავად გაჰკურცხლა. გარბოდა და მისდევდა ძვინვითა და ვარამით აღბეჭდილი გონჯოს გოდება: “- ქურდბაცაცა თოფრაკელო! წყეულიმც იყავ ამიერიდან!”
ბილბომ თანამგზავრებს რატომღაც სიმართლე დაუმალა და შეთხზა, თითქოსდა გონჯო შეჰპირდა მას, რომ გამარჯვების შემთხვევაში კარგს რასმე ჯილდოს უფეშქაშებდა, მაგრამ როცა კუნძულზე გადავიდა მის წამოსაღებად, ის რამე დაკარგული აღმოჩნდა. ის რამე კი იყო ბეჭედი, რომელიც დიდი ხნის წინ, დაბადების დღეს აჩუქეს გონჯოს.

33. შეშინებულთა ღაღადი

 

***
კი მიხვდა ბილბო, რომ მის მიერ ნაპოვნ ბეჭედზეა ლაპარაკი, მაგრამ, რადგან თამაში ჰქონდა მოგებული, ჩათვალა, რომ სამართლიანად ფლობდა. ოღონდ, თავისი არახელსაყრელი მდგომარეობის გამო გონჯოს ეს არ გაუმხილა და აღთქმული ჯილდოს სანაცვლოდ სამზეოზე გაყვანა სთხოვა.
ამგვარად გადაკეთებული ამბავი შეიტანა ბილბომ თავის მოგონებებში და ჩანს არც აღარასდროს გადაუთქვამს, ელრონდის რჩევის შემდგომაც კი. აშკარაა, რომ იგივე მონათხრობი მოხვდა “ჟღალი წიგნის” დედანშიც, რაკიღა მრავალი ასლი და ამონარიდი ამდაგვარადვე იმეორებს.
მაგრამ ასევე მრავალი ასლი მოგვითხრობს ჭეშმარიტებას, რომელიც უეჭველად ფროდოსა და ჭკვიერას ჩანაწერებიდან მომდინარეობს. მათ შეიტყვეს სიმართლე, მაგრამ ვერც მოხუცი ჰობიტის მონათხრობი გაიმეტეს.
განდალფი კი იმთავითვე ეჭვით მოეკიდა ბილბოს მონათხრობს და იქამდე უკირკიტა ბეჭდის ამბავს, სანამ სრული სიმართლე არ დააყაჭვინა ბილბოს, რამაც ერთხანობას მათი ურთიერთობაც კი დაძაბა, მაგრამ ჩვენს ბებლს სიმართლე უმთავრეს ფასეულობად მიაჩნდა.
განდალფმა ბილბოს აღარფერი უთხრა, მაგრამ თავად მნიშვნელოვნად და საგანგაშოდ მიაჩნდა ის ამბავი, რომ წესიერმა ჰობიტმა თავიდანვე არ თქვა სიმართლე, რაც ერთობ არ შეჰფეროდა მის ხასიათს. არც “საჩუქარი” უნდა ყოფილიყო მთლად ჰობიტის ტვინის ნაჟური. ეს აზრი, განდალფის ვარაუდით, გონჯოსგან მოდიოდა. აკი გამოტყდა ბილბო – გონჯოს ნაუბარს ვაყურადებდიო, გონჯომ კი ალბათ არაერთხელ მოიხსენია ბეჭედი ბედის საჩუქრად. განდალფს ესეც უცნაურად და საეჭვოდ ეჩვენებოდა, მაგრამ ამ წიგნით შეიტყობთ, რომ სრულ ჭეშმარიტებას კარგა ხნის მერეღა მიაკვლია.
ბილბოს გვიანდელ თავგადასავალთაგან ცოტა რამ თუა აქ მოსათხრობი. ბეჭდის წყალობით იგი დაუსხლტა კარიბჭის მცველ ორკებს და თავის რაზმს შეუერთდა. ბეჭედი კიდევ მრავალჯერ გამოადგა მას, მეტწილად მეგობრების საშველად, მაგრამ მის არსებობას შეძლებისდაგვარად დიდხანს არ ამხელდა. შინ დაბრუნების შემდეგაც არავისთვის უამბნია მასზე, განდალფისა და ფროდოს გარდა. ჰოდა მამულეთშიაც არავინ იცოდა მისი არსებობის შესახებ (ყოველ შემთხვევაში, თავად სჯეროდა ასე). მხოლოდ ფროდოს აჩვენა მან მის მიერვე აღწერილი თავგადასავალი.
თავისი ხრმალი “ნესტარა” ბილბომ ბუხრის თავზე ჩამოჰკიდა, ხოლო ჯადო-აბჯარი, რომელიც ჯუჯებმა უწილადეს დრაკონისთვის წართმეული საგანძურიდან, მიქელა სოროქექიას მუზეუმს – რამერუმის სახლს გადასცა.
მაგრამ მოსასხამსა და ჩაბალახს, რომელიც ამ მოგზაურობაში ემოსა, უჯრაში ინახავდა, თოფრიბოლოში, ხოლო უსაფრთხოების მიზნით დიდებულ ძეწკვზე აცმულ ბეჭედს კი საკუთარ ჯიბეში.
ბილბო თოფრიბოლოში, საკუთარ სახლში, 22 ივნისს დაბრუნდა, ორმოცდათორმეტი წლის ასაკში (1342 წელს მამულეთის ჟამთაღრიცხვით), და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მას აქეთ მამულეთში, სანამ ბატონმა თოფრაკელმა თავისი ასმეთერთმეტე დაბადების დღის აღსანიშნავად არ დაიწყო მზადება. აი, ამ დროდან (1401 წ.მ.ჟ) იწყება ჩვენი ამბავიც.

შენიშვნები მამულეთის ჩანაწერებზე

მესამე ეპოქის მიწურულს ჰობიტთა მიერ იმ დიად მოვლენებში შეტანილმა როლმა, რომელთაც შედეგად მოჰყვათ მამულეთის დაბრუნება აღორძინებულ სახენწიფოში, გააღვივა მათი ინტერესი საკუთარი ისტორიისადმი და მრავალი წესჩვეულება, აქამომდე ზეპირსიტყვიერი, შეიკრიბა და ჩაიწერა. მამულეთის დიდი ოჯახები ასევე დაინტერესდნენ სახენწიფოში მიმდინარე მოვლენებით და ამ ოჯახთა არაერთმა წარმომადგენელმა მიჰყო ხელი ძველი ამბებისა და ლეგენდების შესწავლას. უკვე მეოთხე ეპოქის პირველი ასწლეულის მიწურულს მამულეთში გახსნილი იყო ისტორიული წიგნებითა და ჩანაწერებით სავსე რამდენიმე სამკითხველო.
მასალის უმეტესი ნაწილი დაბალკოშკებში, დიდომანოში და რახისციხეში უნდა ყოფილიყო დაცული. მესამე ეპოქის დასალიერის ამბები ძირითადად ამოკრებილა “დალხურგის ჟღალი წიგნიდან”, რომელიც ბეჭდისთვის ომთა ისტორიის ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნევა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში იყო დაცული დაბალკოშკებში, დალხურგის მცველთა – კაიბაიათა სახლში (34).
თავიდან ეს ბილბოს დღიური იყო, რომელიც განაკაფში წაიღო თან. ფროდომ მამულეთში დააბრუნა დღიური, რომელშიც მრავლად იყო მოუწესრიგებელი ჩანაწერები და 1420-1421 წლებში (მ.ჟ.) თითქმის შეავსო მისი ხარვეზები ომზე საკუთარი მონათხრობით.
ამ დღიურს ერთვოდა და მასთან ერთად, სავარაუდოდ ერთ მეწამულ ყუთში ინახებოდა კიდევ სამი ბომბორა, ჟღალტყავგადაკრული ტომი, რომელიც ბილბომ განშორების სახსოვრად გადასცა, და რომელსაც დალხურგში დაემატა მეხუთე ტომი, რომელშიც შევიდა განმარტებები, წარმომავლობები და საერთო საქმეში ჰობიტთა წვლილის ამსახველი სხვა მასალა. 

“ჟღალი წიგნის” დედანი არ შემონახულა, მაგრამ უამრავი ასლი გადაიწერა, განსაკუთრებით პირველი ტომისა, ბატონი ჭკვიერას შვილთა შთამომავლობისათვის. ყველაზე მნიშვნელოვან ასლს კი სულ სხვა ისტორია აქვს. იგი დიდომანოში ინახებოდა, მაგრამ გონდორში იყო გადაწერილი 1592 წელს მ.ჟ. (მეოთხე ეპოქის 172 წელს), სავარაუდოდ ხიზანას ბადიშიშვილის მოთხოვნით. მისმა სამხრეთელმა გადამწერმა ასლს შემდეგი შენიშვნა დაურთო: ” ფინდეგილმა, ხენწიფის კარის მწერალმა, დავასრულევი შრომა ესე IV ეპოქის 172 წელსა.”
ეს არის წვრილმანებამდე ზუსტი ასლი მინასტირიტის ტეინთა წიგნისა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ხენწიფე ელესარის მოთხოვნით გადაწერილი ასლი იყო “პერიანატის ჟღალი წიგნისა”. იგი IV ეპოქის 64 წელს გადაეცა გონდორში დაბრუნებულ ელესარს ტეინ ხიზანას მიერ.

34. იხ. დანართი ბ: 1451, 1462, 1482 წლის ანალები;
აგრეთვე დანართი გ-ს ბოლო შენიშვნა

 

***
ამრიგად, ტეინის წიგნი იყო ჟღალი წიგნიდან გადაღებული პირველი პირი და შეიცავდა მრავალ ისეთ რამეს, რაც შემდგომში გამორჩათ, ან დაიკარგა. მინასტირიტში მასში ბევრი შესწორება შევიდა, განსაკუთრებით სახელების და ელფურენოვანი ჩანართების. აქვე დაემატა “ამბავი არაგონის და არვენისა”, რომელსაც ომის ამბებთან არა აქვს რა საერთო.
დადგენილია, რომ ამ თქმულების სრული ტექსტი დაწერილია მოურავ ფარამირის შვილიშვილის ბარაჰირის მიერ, ხენწიფის წასვლიდან სულ მალე.
ხოლო ფინდეგილის ასლი იმიტოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მასში შესულია თვით ბილბოს მიერ შესრულებული “ელფურიდან ნათარგმანები”. ამ სამი ტომის შედგენამ დიდი ხელოვნება და მოთმინება მოითხოვა და ბილბო მას მოუნდა 1403-დან 1418 წლამდე. ამისთვის მან გამოიყენა განაკაფში ხელმისაწვდომი ყველა მასალა – ზეპირიცა და ნაწერიც. თუმცა, რაკიღა ფროდომ ნაკლებად გამოიყენა ისინი, მათზე დიდხანს შეჩერება არ ღირს.
მას შემდეგ, რაც მერიადოკი და ხიზანა თავიანთ დიდ გვართა წინამძღოლები გახდნენ და ამავე დროს ინარჩუნებდნენ კავშირს როჰანთან და გონდორთან, ბალთისციხისა და სუსნიეთის სამკითხველოებში მრავალი ისეთი ჩანაწერი დაგროვდა, “ჟღალ წიგნში” რომ არ იყო შესული.
რახისციხეში კი მრავალი იყო ნაშრომი, რომელიც შეეხებოდა ერიადორისა და აგრეთვე როჰანის ისტორიას. ზოგი მათგანი თავად მერიადოკის მიერ იყო დაწყებული, თუმც კი მას უფრო იცნობდნენ წიგნებით “მამულეთის მცენარეთა შესახებ” და “ჟამთაღრიცხვა” (რომელშიც იგი არკვევს მამულეთისა და კორტოხეთის კალენდრების შესატყვისობას განაკაფის, გონდორისა და როჰანის კალენდრებთან).
მან აგრეთვე დაწერა მცირე ნაშრომი “მამულეთის ძველ სიტყვებსა და სახელებზე”, რადგან ძალზედ უნდოდა როჰირიმული ენის მეშვეობით აეხსნა ისეთი “მამულეთური” სიტყვა, როგორიცაა რამერუმე, აგრეთვე ეპოვნა ძველი ძირები ზოგიერთ ადგილსახელში.
დიდომანოში დაცული წიგნები ნაკლებსაინტერესოა მამულეთის მატიანის თვალსაზრისით, თუმც კი საერთო ისტორიისთვის ისინი ფრიად ფასეულნი არიან. არცერთი მათგანი ხიზანას არ დაუწერია, მაგრამ მან და მისმა მემკვიდრეებმა გონდორელ მწერალთა მრავალი მანუსკიპტრი შეკრიბეს, მეტწილად ასლები, საისტორიო შეჯამებანი, და ლეგენდები ელენდილისა და მისი მისადევარის (35) შესახებ. მთელს მამულეთში მხოლოდ აქ მოიპოვება ფასეული მასალა ნუმერონის ისტორიისა და საურონის მოვლინების შესახებ. ალბათ სწორედ აქ, დიდომანოში, მერიადოკის მიერ შეკრებილი მასალის საფუძველზე, აიკინძა ერთად “წელთა ანდრეზი” (36). მასში მოცემული თარიღები, განსაკუთრებით მეორე ეპოქის მიწურულთან დაკავშირებული, ერთობ მიახლოებითია, მაგრამ მაინც ძალზედ საყურადღებო. სავარაუდოა, რომ ამ საქმეში მერიადოკმა დახმარება მიიღო განაკაფიდან, რომელსაც იგი არაერთხელ ეწვია. აქ, ელრონდის წასვლის შემდეგაც, მისი შთამომავლობა დარჩა და დიდხანს თანაცხოვრობდა ელფთა დაწინაურებულ შტოსთან.
ამბობენ, რომ გალადრიელის წასვლის შემდეგ ცელებორნი ჩამოსახლდა აქ, მაგრამ არსად წერია, როდის მოინახულა მან ნისლა ყურეები, და მასთან ერთად მიეცა დავიწყებას მოგონებანი ხმელთაშუეთის ძველ დროებაზე.

 

წიგნი 1

თავი 1

1. ნანატრი წვეულება

როცა თოფრიბოლოელმა ბატონმა ბილბო თოფრაკელმა განაცხადა, რომ სულ მალე თავისი ასმეთერთმეტე დაბადების დღის აღსანიშნავად დიდებული წვეულების გამართვას აპირებდა, ჰობიტეთში ერთი მითქმა-მოთქმა და მღელვარება დაიწყო.
ბილბო ძალზედ მდიდარი იყო და გამორჩეული, ამასთან მთელი მამულეთისთვის გასაოცარი ვინმე მთელი სამოცი წლის გამნავლობაში – უცნაური გაუჩინარებისა და მოულოდნელი დაბრუნების შემდეგ. მის მიერ მოგზაურობიდან ჩამოტანილი სიმდიდრე ადგილობრივ ლეგენდად იქცა და ძველები კი ამბობდნენ, რომ თოფრიბოლოს ბორცვი ერთთავად გვირაბებით იყო დაქსელილი, ხოლო გვირაბები – განძით გაძეძგილი.

35. შთამომავლობა
36. ძლიერ შემოკლებული სახით მოცემულია დანართ ბ-ში, მესამე ეპოქის
დასასრულში

 

***
თუ მისდამი გამორჩეული ყურადღებისთვის ვინმეს ეს ჩამონათვალი ეცოტავა, ყველაფერ ამას დავურთოთ მისი აღტაცებისმომგვრელი, ამოუწურავი ენერგია. თითქოს დროის დინებაც ვერაფერს აკლებდა ბატონ თოფრაკელს. ორმოცდაათიდან ოთხმოცდაათ წლამდე თითქმის არ შეცვლილა. ოთხმოცდაცხრამეტისას კარგად თავშემონახულს ეძახდნენ, თუმცა უბერებელი უფრო ეთქმოდა. ზოგიერთი თავს აქნევდა და ფიქრობდა – რავა ყველა სიკეთემ ერთგან მოიყარა თავიო. ნუთუ მხოლოდ ერთი ვინმე უნდა ფლობდეს უშრეტ (სავარაუდოდ) სიჯეელესაც და აურაცხელ (უეჭველად) სიმდიდრესაცო.
– ამასაც თავისი საფასური ექნებაო, – ამბობდნენ, – ამგვარ რამეებს უბედურება მოსდევსო.
თუმც ჯერჯერობით უბედურება არსით სჩანდა და რადგან ბატონი თოფრაკელი საკმაოდ გულუხვიც გახლდათ, უმეტესობა მზად იყო ეპატიებინა მისთვის უცნაურობაცა და… იღბლიანობაც.
იგი გამუდმებით უხმობდა სტუმრად სანათესაოს (ცხადია ხალთიონ-თოფრაკელთა (37) გარდა), რის გამოც ჰობიტთა საშუალო და ღარიბ ოჯახებში მას მრავალი მხურვალე თაყვანისმცემელი ჰყავდა. ახლო მეგობრები კი არასდროს ჰყოლია, სანამ მისი ბიძაშვილები არ წამოიზარდნენ. მათში უფროსი და თან ბილბოს რჩეული ყმაწვილი იყო ფროდო თოფრაკელი. როცა ბილბოს 99-მა მიუკაკუნა, მან ფროდო მემკვიდრედ გამოაცხადა და საცხოვრებლად თავისთან, თოფრიბოლოში მიიწვია, რითაც იმედის ნატამალიც აღარ შეარჩინა ხალთიონ-თოფრაკელთ.
ბილბო და ფროდო ერთ დღეს – 22 სექტემბერს იშვნენ.
– სჯობს აქ იცხოვრო ფროდო, – უთხრა ერთხელ ბილბომ, – მაშინ დაბადების დღეს ერთად გადავიხდით ხოლმე.
ამ დროს ფროდო ჯერ კიდევ უმწიფრად ითვლებოდა. ასე ხმობენ ჰობიტები ასაკის ოცწლიან მონაკვეთს ყრმობიდან ვიდრე სრულწლოვანების ოცდაცამეტ წლამდე.
მას აქეთ კიდევ თორმეტმა წელმა განვლო. თოფრაკელების ყოველ წელს იხდიდნენ ერთობლივ დაბადების დღეს თოფრიბოლოში, მაგრამ ამჯერად ყველა მიხვდა, რომ შემოდგომით რაღაც განსაკუთრებული იგეგმებოდა. ბილბოს 111 წელი შეუსრულდა, უცნაური რიცხვი და ჰობიტისთვის ფრიად პატივსაცემი ასაკი (თვით მოხუცმა ტუკმაც კი მხოლოდ 130-ს მიატანა), ფროდოს 33 წელი შეუსრულდა, ასევე მნიშვნელოვანი რიცხვი – ასაკში შებიჯების თარიღი.
ატლიკინდნენ ენები ჰობიტეთსა და გუბისპირში, აგორდა ჭორი და გაგორდა მთელს მამულეთში. თავგადასავალი და პიროვნება ბილბო თოფრაკელისა კვლავ განსჯის მთავარ საგნად იქცა და ხანდაზმულებმაც უმალ იყნოსეს, რომ მათს მოგონებებს ფასი დაედო.

არვის ჰყავდა უფრო გულმოდგინე მსმენელი, ვიდრე დრანცა აჩუბაქიას, რომელსაც ყველა ბაბუს ეძახდა. იგი გუბისპირისკენ მიმავალ შარაზე მდგარ პატარა ფუნდუკ “სუროს შტოში” ოქროპირობდა. ბაბუ დიდის თავდაჯერებით თხრობდა, რადგან ორმოცი წლის მანძილზე უვლიდა ბაღს თოფრიბოლოში, ხოლო მანამდე იგივე სამუშაოში ეხმარებოდა მოხუც სოროსკაცს. ახლა იგი თავადაც დაბერებულიყო, ჯანი აღარ მოსდევდა და სამუშაოსაც ძირითადად მისი უმცროსი შვილი სემი ასრულებდა. მამაშვილი მეგობრობდა ბილბოსა და ფროდოსთან. ისინი ზედ ბორცვზე ცხოვრობდნენ, თოფრაჭრელას შუკის სამ ნომერში, თოფრიბოლოს ახლო.
– სულ ამას ვიძახი, რომ ბატონი ბილბო ერთობ კეთილშობილი, საამოდ მოუბარი ჰობიტია. – აცხადებდა ბაბუ და არცა სტყუოდა. ბილბო მართლაც კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ, ბატონ მარდიდრანცას ეძახდა და ბოსტნეულთან დაკავშირებით რჩევასაც ხშირად ეკითხებოდა, რადგან ბაბუ ბოლქვიანთა, განსაკუთრებით კი კარტოფილის უბადლო მცოდნედ ითვლებოდა მთელს სამეზობლოში (საკუთარი თავის ჩათვლით).
– ფროდოზე რაღას იტყვი, მასთან ქე რო ცხოვრობს? – ჩაეძია გუბისპირელი ნუტრუა, – კია თოფრაკელი, მარა ნახევრად რახიკუროაო, ამბობენ. გასაკვირია პირდაპირ, თოფრაკელი კუროეთში რო გადავა ქალის საძებნელად. იქაურები ცოტას ქეც უფშტვენენ მგონია.
– ეგ რაღა გასაკვირია, ჩემო ბატონო, – ჩაერთო კამათში მამილო ორთათა (ბაბუს მეზობელი), – ღვინიფერას გაღმა რო იცხოვრებ, თან იმ კუკუნახი ტყის პირას… რაც მაგ ტყეზე მსმენია, ნახევარიც თუა მართალი, დიდი ავი და უბედური ადგილი უნდა იყოს.
– ჭეშმარიტებას ბრძანებ! – უპასუხა ბაბუმ, – კუროეთის რახიკუროები შუა ტყეში კი არ ცხოვრობენ, მარა მაინც უცნაური ხალხია. აბა იმხელა მდინარეს ნავით რო გადი-გამოდიან, არ ჰგავს ეგ მთლად საღი ჭკუით ნამოქმედარს. გეუბნებით მე თქვენ, რომე ყველა უბედურება აქედან მომდინარეობს. თუმცა თავად ფორდო შესანიშნავი ყმაწვილია, უკეთესს რო ვერ ინატრებ. ბილბოა გამოსახული, თან მარტო სახიერად კი არ ჰგავს. შე კაცო, მამამისიც ხომ თოფრაკელი იყო, ბოლოსდაბოლოს. ერთობ წესიერი და საჩინო ჰობიტი იყო ჩვენი დროგო თოფრაკელი. სანამ დაიხრჩობოდა, სალაპარაკოც არ გამხდარა არადროს.
– რაიო? დაიხრჩოო? – გაისმა აქეთ-იქიდან შეძახილები. მათ მშვენივრად იცოდნენ რაც მოხდა, მაგრამ საოჯახო ამბები ჰობიტების საყვარელი თემაა და მზად იყვნენ კიდევ ერთხელ მოესმინათ ეს ამბავი.
– კი, ასე ამბობენ – დაადასტურა ბაბუმ, – საქმე იმაშია, რომ ბატონმა დროგომ იქორწინა ღარიბ ქალიშვილზე ფურისულა რახიკუროზე, რომელიც ჩვენს ბატონ ბილბოს ბიძაშვილად ერგებოდა დედის მხრიდან (დედამისი მოხუცი ტუკის უმცროსი ქალიშვილი გახლდათ), თავად დროგო კი გარე ბიძაშვილი გამოდიოდა. ესე იგი, ფროდო ბატონი ბილბოს ნათესავია მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც.
ჰოდა ჩვენი ბატონი დროგო ხშირად რჩებოდა რახისციხეში სიმამრის, ბატონი გორბადოკისას (მოხუცი გორბადოკი დიდებული სადილებით იყო განთქმული). ერთხელაც ნავით ბრუნდებოდა ცოლთან ერთად და ორივე ღვინიფერაში დაიხრჩო. საბრალო ფროდო მაშინ მთლად ბავშვი იყო.

37. აქ თოფრაკი გაძლიერებულია ხალთით, ანუ უფრო გაპრანჭული გვარია
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: