RSS

ჯონ ტოლკინი – ლექსები ჰობიტებიდან

21 Apr

 

გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ

 ლექსი 1

ჭიქების მსხვრევა, დაფშვნა თეფშების,
ჟანგვა დანების, გრეხვა ჩანგლების,
ბოთლების ლეწვა, დაწვა საცობის
ბილბო თოფრაკელს ძლიერ აცოფებს.

სუფრის დაფხრეწა, გაგლესვა ქონის,
საკუჭნაოში დაღვრა ნაღების,
საძინებელში მოფანტვა ძვლების,
ღვინით გაწუწვა ყველა კარების,

მდუღარე წყალში ჩათხლეშა ჭურჭლის,
შემდეგ კი მძლავრად ჩაძნეყვა კეტით,
და თუ რაიმე გადარჩა მთელი,
დარბაზისაკენ წაღება ხვეტით…

ჩვენს ბილბოს ამის ატანა უჭირს,
ამიტომ ფრთხილად მოეპყარ ჭურჭელს.

 

ლექსი 2

ო! ნეტავ საით გაგიწევიათ,
რომელ კუთხისკენ გიჭირავთ თვალი,
საბრალო პონებს დააცვდათ ნალი,
ხოლო მდინარის კამკამა წყალი
ო, დელი დელა
ველისაკენ ილტვის ცელქი და მალი.

ო! ამ მხარეში რას ეძებთ ნეტა,
რა ჩალიჩია, რა სუნი დგება,
ფიჩხი ხრჩოლავს და კვერები ცხვება,
ო, დელი დელა
ველზე კი სუფევს მხიარულება
ჰა! ჰა!

ო! საით ილტვით წვერის ცანცარით,
განურჩეველად ავდრის და დარის,
ან ბილბოს რა აქვს ჩამოტანილი,
ამისი მცოდნეც არავინ არის.
გაუწევიათ ბალინს და დვალინს
დაღმა, ველისკენ, ოხვრით და ხვნეშით,
ივნისის თვეში,
ჰა! ჰა!

ო!, აქ დარჩენას აპირებთ ნეტავ,
თუ გასაფრენად გიჭირავთ თვალი,
დღის შუქი ხდება სულ უფრო მკრთალი,
და არევიათ პონებს გზაკვალი,
ახლა გაფრენა სიგიჟე არის,
ხოლო დარჩენა – შეგმატებთ ხალისს
ალიონამდე მიუგდეთ ყური
ჩვენებურ ჰანგებს,
ჰა-ჰა!

 

ლექსი 3

ძუყნა და ძნეყა, ძაგრა-ძგერება,
ტკაცუნ-ტყლაშანი, ტუკვა, ტაცება,
ძირს! დაღმით! გობლინ-ქალაქისაკენ
გასწი ჭაბუკო!

ჯახი და ჯუხი, ბათქი და ბუთქი,
ურო, მარწუხი, ხათქი და ხუთქი,
მოგელის ქუფრი ქვესკნელის მხუთრი,
მიდი! ჭაბუკო.

შოლტის შლაპუნი, შხუილ-წუილი,
ზერგნა, ზრიალი, ზრინი, ზმუილი,
ორმაგი ჯაფით ისჯება ურჩი,
ისმის გობლინთა ბოყინ-ყაყანი,
აჰა შავბნელი სკნელი საზარი,
დაღმა, ჭაბუკო!

 

ლექსი 4

შორს, ყინულოვან და ნისლა მთებში,
ღრმა ჯურღმულებში და ქვაბულებში,
გარიჟრაჟამდე უნდა ვეძებოთ
ოქრო უძველეს სამალავებში.

იქ მუშაკობდნენ ძველად ჯუჯები,
ჯადო ხელობას ნაზიარები,
გრდემლები რეკდნენ, როგორც ზარები,
იქ, სადაც თვლემენ ბნელი ძალები.

ელფთა მეუფის იქ სუფევს განძი,
და იდუმალი შუქით ანთია,
აუკრეფია თითქოს სხივები
და ვარაყებში ჩაუფანტია.

ვერცხლის უნაზეს ყელსაბამიდან
გნუსხავს ვარსკვლავის ცივი ნათება,
გვირგვინში ელავს დრაკონის ცეცხლი,
მზისა და მთვარის ათინათები.

შორს, ყინულოვან და ნისლა მთებში,
ქვაბულში გველის განძი ქებული,
გარიჟრაჟამდე უნდა ვეძებოთ
ოქრო დიდი ხნის მივიწყებული.

სად უცხო ფეხი ჯერ არ დადგმულა,
იდგა ოქროსგან ნაკვეთი ქნარი
და იქ ნამღერი ბევრი სიმღერა
არც ვისგან იყო განაგონარი.

ზემოთ ფიჭვების ისმოდა კვნესა,
ქარის ღმუილში ქროდნენ დღეები,
კოცონთა ალის ცახცახს და შფოთვას
იმეორებდნენ თითქოს ხეები.

ველიანში კი რეკდნენ ზარები,
და ფერშეცვლილი იდგნენ კაცები,
და შესცქეროდნენ დრაკონის ძვინვას
სახლების ლეწვას, კოშკთა დაცემას.

და მთვარისაკენ ილტვოდა კვამლი,
და დაებინდა ნათელი მთვარის…
ახლა კი დროა ჩვენც გავისარჯოთ
დასაბრუნებლად განძის და ქნარის.

 

მატიანე I
გუშაგნი
წიგნი I

სამი ბეჭედი ბრძენთაბრძენ ელფებს – სასიქადულო სიკეთისათვის,
შვიდი ბეჭედი ქვაბულის ჯუჯებს, მთის გულში მიწყივ მუშაკობისთვის,
ცხრა კი უშიშარ ხმელთაშუელებს პირქუშის ერთგულ მსახურებისთვის
და დაუნდობელ შერკინებებში ენითუთქმელი სიმამაცისთვის,
ხოლო ის ერთი, ყოვლადძლიერი – თავად მორდორის მეუფისათვის,
რათა ყოველი განაცალკევოს და ყოველ მათგანს დაუხშოს ნება,
ხოლო შემდეგ კი ერთად შეჰყაროს, ერთ საცხოვრისში გაამთლიანოს
განუსაზღვრელი მეუფების ქვეშ მორდორის დიდი მბრძანებელისა.

 

One response to “ჯონ ტოლკინი – ლექსები ჰობიტებიდან

  1. ელდორადო

    July 11, 2010 at 8:45 am

    საინტერესო ლექსებია ზალიან მომეწონა განსაკუთრებით შორს ყინულოვან და ნისლა მთებში.საოცარი სიტყვებია და აზრიანი.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: