RSS

ტყეშრიალა

20 Apr

 

ანდაზები და გამონათქვამები

 

ფერფლი წამიერ იქმნება, ტყის გაზრდას უნდა ლოდინი. – სენეკა

მაიმუნს რომ სიკვდილი უწერია, იმ დღეს ყველა ხე სლიკინა ხდება. – აფრიკული ანდაზა

ხემ რა ისწავლა ნეტავ მიწისგან, რომ შეუძლია ცასთან ჩურჩული. – პაბლო ნერუდა

სუყველა თესლი რომ აღმოცენდეს, ტყეში ბილიკი აღარ დარჩება. – აკანური (აფრიკა) ანდაზა

წამოქცეულ ხეს ყველა საშეშედ ეტანება. – ესპანური ანდაზა

ერთი პაწია რკო ათასობით მომავალი ტყითაა დაყურსული. – რალფ ემერსონი

ცივილიზაციას წინ ტყე უძღვის და უკან უდაბნო მისდევს. – შატობრიანი

კაცი ისეთივე ნაწილია ბუნებისა, როგორიც ხე. – დენ კილეი, ლანდშაფტის დიზაინერი

მკურნალი რად უნდა მოყვავილე ბაღში მცხოვრებს. – ესპანური ანდაზა

ჩერო ის არის, რაც გვგონია, ხოლო ხე კი რეალობაა. – აბრაამ ლინკოლნი

ჭეშმარიტების წვდომა კარგია, პალმებზე საუბარი კი უკეთესი. – არაბული ანდაზა

გინდაც ვიცოდე, რომ ხვალ სამყარო აღესრულება, დღეს მაინც დავრგავ ჩემს ვაშლის ნერგს. – მარტინ ლუთერი (1483–1546)

ხე საით გადახრილიც იზრდება, იქითვე წაიქცევა. – კორეული ანდაზა

ყმაწვილს ხე ცულის შემოსაკრავად უნდა. – სტეფან ნადო

მაღალი ხე მეტ ქარს იჭერს. ჰოლანდიური ანდაზა<

თუ კაცი არ შეინახავს ტყეს, მალე აღმოჩნდება გარემოში, რომელიც არ შეინახავს თავად მას. – ბრაის ნელსონი

როცა გაახმობთ ბოლო ხეს, მოწამლავთ ბოლო მდინარეს და დაიჭერთ ბოლო თევზს, მაშინღა მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება. – ქრიის ტომის ინდიელთა გამონათქვამი

გიგანტური წითელი ხისა თუ სექვოიას კორომებს ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც დიდსა და მშვენიერ ტაძრებს. – თეოდორ რუზველტი

ჩერო ვერ ნახო, მზეს კი არა, თავს დააბრალე. – ჩინური ანდაზა

სხვა უქმეები წარსულს ბარდება, ნერგების რგვა კი მომავალს ებმის. – ჯ. სტერლინგ მორტონი

გულში მწვანე რტო ახარე და ემანდ მგალობელი ჩიტიც მოფრინდება. – ჩინური ანდაზა

ხეები მიწის მარადი ცდაა ელაპარაკოს გალურსულ ზეცას. – რაბიდრანათ თაგორი

ხე რაგინდ მაღლა ცისკენ ილტვოდეს, ფოთლები ფესვებს უბრუნდებიან. – მალაიური ანდაზა

არაფერია უფრო წარმტაცი, ვიდრე ტყის ხიბლი შეცისკრებისას. – ჯორჯ ვაშინგტონ ქარვერი

მართალი სიტყვა ცაში ფესვგადგმული ხის დარია. – ყურანი

თუ ჩემგან თქმული შენც შეგატოკებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ორივენი ერთი ხისა ვართ რტონი. – ვილიამ ბატლერ იეტსი

ვაშლი ხიდან შორს არ დავარდება. – ჰოლანდიური ანდაზა

მარტოხე, თუკი ზრდა დასცალდა, ძლიერი იზრდება. – უინსტონ ჩერჩილი

ვინც ხეს რგავს, იმედს რგავს. – ლუსი ლარკომი

მოყვავილე ხეს მწერიც მეტი ახვევია. – გვინეური ანდაზა

გაზეთი ინფორმაციით მოთხვრილი მკვდარი ხეა. – “ელექტრონიკ ფრონტიერი”

ტყე განა ხეებისთვისაა. – ინგლისური ანდაზა

უსიყვარულოდ ცხოვრება ხესა ჰგავს უყვავილოსა და უნაყოფოს. – ხალილ ღიბრანი

ჩაყუნცული ჭარმაგი უფრო შორს ხედავს, ვიდრე კენწეროზე შემომჯდარი ყმაწვილი. – გამბიური ანდაზა

ხე უქაროდ არ ირხევა. – ავღანური ანდაზა

სიცოცხლე ჩვენი ერთი მწყობრი ფოთოლცვენაა. – ომარ ხაიამი

ფუტურო ხიდან ჯერაც ისმის დრაკონის მღერა? – დოგენი

გოლიათი თუთა ნამცეცა თესლიდან ამოდის. – გამბიური ანდაზა

დაბადებიდან რწმენა გვახლავს. კაცს რწმენა ისე შვენის, ვით ხეს ჯიღა. – რალფ ემერსონი

ოჯახი ტყესა ჰგავს, გარედან მაცქერლისთვის უღრანია, მაგრამ თუ შიგ შეხვალ, ნახავ, რომ ყველა ხეს თავისი ადგილი აქვს. – აკანური ანდაზა<

ტყეები უფლის პირველი ტაძრები იყვნენ. – უილიამ კ. ბრიანტი

არწივთა შორის უძლიერესიც ხეზე ეშვება დასასვენებლად. – უგანდური ანდაზა

არვის ძალუძს ღვთის მიერ დარგული ხის ამოძირკვა. – იურუბას ხალხის (აფრიკა) ანდაზა

თუ ნაყოფი გსურს, ხეზე აცოცდი. – თომას ფულერი

ძლიერია ის საზოგადოება, რომელშიც ბერიკაცი რგავს ხეს, რომლის ჩეროსაც თავად ვეღარ მოესწრება. – ბერძნული ანდაზა

სიცოცხლის ხეა ნაყოფი მართალთა. – ბიბლია

ტაძარი კაცთა ხელოვნების გვირგვინია, მაგრამ მასზე დიადია ვეება და იდუმალებით მოსილი ხე. – ჰენრი ვ. ბიჩერი

უვარგისი ხე კარგ ვაშლს არ მოისხამს. – დანიური ანდაზა

თუ ძალისა და მოთმინების შეცნობა გწადიათ, ეწვიეთ ხეთა საზოგადოებას. – ჰალ ბორლანდი

ხეზე თამამად მცოცავი კაცი მისი ფესვების საკვებია – მაორული ანდაზა

ძლიერ ქარში ძლიერი ხე იზრდება. – უილარდ ჯ. მარიოტი

ქამელეონი არ ტოვებს ერთ ხეს, ვიდრე მეორეს არ დაიგულებს. – არაბული ანდაზა

ხის დარგვა ყველაზე ნაკლებანგარებიანია საკეთებელთაგან. იგი უფრო ქველი აქტია რწმენისა, ვიდრე შთამომავლის ჩასახვა. – ტორნტონ უაილდერი

ხე მხოლოდ თავდაცვის მიზნით აზიანებს ავტომობილს. – ამერიკული ანდაზა

ის რგავს ხეს, რათა არგოს სხვა თაობას. – ციცერონი

ხშირად გადარგული ხე აღარ ყვავის. – ლათინური ანდაზა

ფარისეველი იმგვარი პოლიტიკოსია, ვისაც ძალუძს მოჭრას წითელი ხე, აბობღდეს მის კუნძზე და წარმოთქვას სიტყვა კონსერვაციის შესახებ. – ადლაი სტივენსონი

სიყვარული ედემის ვაშლივით კი არ იზრდება. იგი თვით უნდა ზარდო და წარმოსახვაც წაახმარო. – ჯოის კერი

ხე ნაყოფით იცნობა, კაცი საქმით. – ლათინური ანდაზა

რაც ხეა, ნაყოფიც ისაა. – გერმანული ანდაზა

რა ღირსებისაც ხეა, ნაყოფიც იგივეა. – დანიური ანდაზა

შემოგარენი არის ადგილი, რომელსაც მშენებელი ხეთაგან ათავისუფლებს და შემდეგ აქაურ ქუჩებს ამ ხეთა სახელებს არქმევს. – ბილ ვოგანი

მოდრიკე ხე, სანამ ნორჩია. – იტალიური ანდაზა

ხეები დიადი იდუმალებით არიან აღსავსენი. – ჰერბერტ პ. ჰორნი

ერთ ხეზე მხოლოდ ერთი ბუდე ააგე. – ლათინური ანდაზა

ნუ მოჭრი ხეს, რომელიც გიჩრდილავს. – არაბული ანდაზა

წითელი ხეები, თითქოს უკვდავების ფორმები, ჩარიგებულან დროის სწრაფწარმავალ ლანდებს შორის. – ედვინ მარხამი

ნუ ახსენებ მარტორქას, თუ ახლო–მახლო ხე არ გეგულება. – ზულუსური ანდაზა

ხე ჩვენი ყველაზე ახლო კავშირია ბუნებასთან. – ჯორჯ ნაკაშიმა

ხის დარგვა სიკეთის დარგვაა, მშვენიერი და გამაკეთილშობილებელი. – ჯ. სტერლინგ მორტონი

თუ მსხალი თავად ცვივა, ხეს ნუ დაარხევ. – სლოვაკური ანდაზა

პალმას ნუ კი მაჩვენებ, ფინიკი დამანახე. – ავღანური ანდაზა

სიკვდილი მარტივი ქიმიური ხრიკია, რომელიც ყველაზე ჭრის გარდა სექვოიისა. – ჯ.ჯ. ფურნასი

დახრილ ხეზე თხაც შეხტება. – პოლონური ანდაზა

ისინი სპობენ კარგ ხეებს ცუდი გაზეთის გამოსაშვებად. – ჯეიმს გ. უატი

ხეები ადამიანთა დარად ხარობენ ერთად ყოფნით. ცოტა მათგანს თუ ხიბლავს მარტოობა. – იენ იენსენი

ცუდი ხიდან კარგ ნაყოფს ნუ ელი. – პორტუგალიური ანდაზა

იქნებ ჩემი ცხოვრება დიდი, სტუმართმოყვარე ხის დარია, რომელსაც დაღლილი მგზავრი დასასვენებლად ეშურება. – ჯონ ჰენრი ჯოუეტი

ჩვენი პლანეტის აღდგინების იარაღად ძნელია მოიძიო ხეზე საიმედო რამ. – ჯონათან ვეინერი

დიდ ხეს ნაყოფზე მეტი ჩრდილი აქვს. – გერმანული ანდაზა

ჩემი ნაღველის დასაამებლად მიბოძეთ მე ტყე ღვთაებრივი სიქალწულისა. – ქლინთონ სქოლარდი

ხეხილის მრგველს ნაყოფის მოწევა ნუ ეიმედება. – ჰოლანდიური ანდაზა

დააფასე ხე, რომელსაც თავს აფარებ. – დანიური ანდაზა

ყოველ ორ ფიჭვს შუა კარიბჭეა ახალ სამყაროში. – ჯონ მიური

საოცრებაა უცქერდე ამ ხეებს და არ ოცდებოდე. – რალფ ემერსონი

თუ პრინცმა ვაშლი ინება, ხიანად მოაქვთ მსახურებს. – გერმანული ანდაზა

წყალთა ნაკადი მთას ამოძრავებს, სალ კლდეს აცოცხლებს ხეთა შრიალი. – შიტაო

თუ ხეზე აცოცდი, უკან იმავ ხეზე უნდა ჩამოცოცდე. – აფრიკული ანდაზა

მიწის წიაღიდან წარმომავალ ნაირგვარ ნაყოფთაგან ხე უდიადესია. – სუზან ფენიმორ კუპერი

თუ დღეს ვიღაცას შეუძლია ხის ჩეროში მოიკალათოს, ეს იმიტომ, რომ ოდესღაც ვიღაცამ დარგო ეს ხე, – უორენ ბაფეტი

წაქცეულ ხის ცემა ადვილია. – დანიური ანდაზა

მიყვარს ხეები, რადგან ისინი ყველა სხვაზე უდრტვინველად მისდევენ მათთვის დადგენილ ცხოვრების წესს. – ვილა ქათერი

კაცნი ქვას მხოლოდ ნაყოფიან ხეს ესვრიან. – ფრანგული ანდაზა

იგია ხე, რაიც თავის ბუნებას ნაყოფს გადასცემს. – ლათინური ანდაზა

ტყეში ვიბრუნებთ განსჯას და რწმენას. – რალფ ემერსონი

ვით ხენი მაღალნი სახელგანთქმულან საკუთარ ჩრდილით, ასევე კაცნი ქველნი საკუთარ მტრებით. – ჩინური ანდაზა

ტყისკენ სვლა სახლისკენ სვლაა. – ჯონ მიური

ხე ნაყოფით იცანი, კაცი საქმით მისით. – რუსული ანდაზა

თევზის საპოვნად ხეზე ნუ ძვრები. – ჩინური ანდაზა

კორომში ხილვამ ფოთოლცვენისა დაწრიტა ჩემი ილუზიები. თითო ფოთოლი ნიშანია გარდასულ ლხენის, ჩემს გულში ჯერაც მოფარფატისა. – მუ დანი

ფული გულმოდგინების ხეზე იზრდება. – იაპონური ანდაზა

დროდადრო კორომს მიაშურეთ, გრძნებით აღსავსეს, სულის სიმხნევის დასაბრუნებლად. – თომას ვოგანი

ერთი შემოკვრით ხე არ ვარდება. – გერმანული ანდაზა

ტყეებისადმი ჩვენი მოპყრობა მხოლოდ ანარეკლია იმისა, როგორ ვეპყრობით საკუთარ თავსა და ერთურთს. – განდი

ნუ ეცდები მოდრიკო ბებერი ხე. – გერმანული ანდაზა

სამყაროს შესაცნობი გზა უღრანზე გადის. – ჯონ მიური

ერთი თაობა ხესა რგავს, მეორე ჩრდილით სარგებლობს. – ჩინური ანდაზა

დედამიწის კვლავგატყიანება შესაძლებელია, თუ კაციც ხელს შეაშველებს. – სანდრა პოსტელი და ლორი ჰეიზი

ერთი ხე ორ შაშვს ვერ იტევს. – ლათინური ანდაზა

რაც ხეს ახსოვს, ნაჯახს ავიწყდება. – ამერიკული ანდაზა

ხის დასარგავად პირველი საუკეთესო დრო ოცი წლის წინ იყო, მეორე ახლაა. – ჩინური ანდაზა

უკეთეს ხეს მეტი ხვდება. – იტალიური ანდაზა

რაც მაღალია ხე, მით მძიმედ ეცემა. – ჰოლანდიური ანდაზა

ხეს ფოთოლი წაქცევამდე სცვივა – ფრანგული ანდაზა

ჯიშიან ხეს ტოტებიც ჯიშიანი აქვს – ჰოლანდიური ანდაზა

ბებერი ხის ნაყოფი ხშირად უფრო ტკბილია – გერმანული ანდაზა<

ყველაზე მაღალ ხესაც მიწაში უდგას ფესვი. – ამერიკული ანდაზა

ქურდს არ ძალუძს მის ჩამოსახრჩობად ვარგისი ხის პოვნა. – გერმანული ანდაზა

ხეს მისი ქერქი ვერ განსჯის. – იტალიური ანდაზა

ხემ იცის, რომ მანამ მოჭრიან, სანამ ცას მისწვდება. – დანიური ანდაზა

თუ წინაპარი არ გახსოვს, მდინარე ხარ უბინულო და ხე უფესვო – ჩინური ანდაზა

უშედეგო ლაპარაკი თევზის საჭერად ხეზე ასვლას ჰგავს. – ჩინური ანდაზა

ხე წაიქცა, არიქა, ნაჯახი! – იტალიური ანდაზა

როცა ნაყოფს მიირთმევ, ხის დამრგველი გახსოვდეს. – ვიეტნამური ანდაზა

წაქცეული ხის ფოთოლს თხები ახრამუნებენ. – აფრიკული ანდაზა

თუ ფესვი უვარგისია, ხეც უხეირო იზრდება. – გერმანული ანდაზა

ხე როცა კვდება, მის ქვეშ ბალახი ხმება. – ჩინური ანდაზა

წაქცეული ხისკენ ყველა ტოტის მოსაჭრელად გარბის. – ჰოლანდიური ანდაზა

წაქცეულ ხეს ბალღიც ააბობღდება – ვიეტნამური ანდაზა

თუ პალმას ხედავ, პალმაც გხედავს. – აფრიკული ანდაზა

ხის მოყვარეს ტოტიც უყვარს. – იტალიური ანდაზა

ხეს ჰგავხარ, თუ ვინმეს უჩრდილავ. – არაბული ანდაზა

ნერგი მოიდრიკება, ბერი ხე კი არასდროს. – ჰოლანდიური ანდაზა

კაცი დაბრძენებამდე იშვიათად რგავს ხეს. – ჯონ ეველინი

მუხა სრულქმნილი სახეა კაცურობისა. – უილიამ შენსტონი

უმომავალოა ქვეყანა ბავშვებს გარეშე და ხეებს გარეშეც თითქმის იგივეა. – თეოდორ რუზველტი

თუ ხე გახმა, იქვე დარგე ახალი. – კარლ ლინეი

თაობები მიდიან, სანამ ხეები დგანან. – თომას ბრაუნი

ხე სიცოცხლისა ენაა ზნეკეთილი. – ბიბლია

ვინც ხეს რგავს, იგი თვისტომთა მოყვარეა. – თომას ფულერი

გადმოაქართულა კობა ჭუმბურიძემ

 
3 Comments

Posted by on April 20, 2009 in თარგმანები

 

ტეგები: , , , , , , ,

3 responses to “ტყეშრიალა

  1. თამუნა

    October 11, 2011 at 8:07 pm

    მომეწონა

     
  2. თამუნა

    October 11, 2011 at 8:07 pm

    ვიზიარებ ამ მოსაზრებებს

     
  3. თამუნა კვირკვაია

    October 11, 2011 at 8:08 pm

    ყველასჰი რეალობაა ასახული

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: