RSS

წისქვილისა

13 Apr

 

ვიდრე ხანდარა მარტი დაიბეჩავებს ავდარს, ტყემლის ფიორა კვირტი ედიდგულება ზამთარს.

ქრის აბეზარი ქარი, თებერვლის ავი კუდი, ამღვრეულია დარი, თქეშს ენაცვლება ფრუტი.

ხან რომ შხაპუნა წვიმა დაუჭაქუნებს კრამიტს, ხანაც ჭიატი მცირე შემოაბრუნებს ამინდს.

ნიავს ჭორივით დააქვს ფთილა ფოშფოში ნისლის.

რა საამური ხმა აქვს ხევში გამართულ წისქვილს, უძირო გუდას ზღაპრის, თავადაც ლამაზ ზღაპარს, გზას შერჩენილი მგზავრის იმედს და თავშესაფარს.

ღარს დასხლეტილი წყალი ჩაუხვევია ბორბალს, კოტრიალობს და ბორგავს, როგორც აშიკი ცხარი. თავბრუდახვეულ დოლაბს კრიჭა უზოგავს ხორბალს, საკვამურს ცაში ბოლის აუკლაკნია ხიდი, მოღონიერდა ბინდი, ბორცვები გადახუნდა, ზის მეწისქვილე ბონდო, ბევრი არც არა უნდა, ცოტაოდენი მინდი, ორი იმდენი – ჭორი, აჰა, ეშველა მგონი, მგზავრი გამოჩნდა შორი.

მალე გუზგუზა ბუხარს მიუცუცქდება ორი და მონდომებით გაჩხრეკს ყოფიერების ავ-კარგს, მოიგონებენ ამბებს, გარდასულსა და გამქრალს, და ამ დუდუნის მიღმა სევდის ელფერი დაკრავს ღარში ნაკადის რაკრაკს და სარეკელას რიკრიკს,

წისქვილმა ფიქრი იცის, ფიქრი შორეთში მიქრის…

საიდუმლოსი, დიდის, მოგეძალება განცდა, წუთისოფელი, ფლიდი, რა დაუნდობლად გძარცვავს, როცა სიცოცხლეს შენსას ისე ღერღავს და ნაცრავს, როგორც ბუხარი წკირს და როგორც დოლაბი  მარცვალს…

სმენას მოგტაცებს წამით შურშული ხმელი ისლის, ამ ბურდებიდან ღამით ჭინკის ფხაკურიც ისმის, ბუხარში ფიჩხი, სველი, ბრაზობს, ნაპერწკალს ისვრის, მოჰყვება ხიბლი ძველი ხევში გამართულ წისქვილს, სადაც ფიქრი და განსჯა ხანდახან ლექსად იშვის და იწრიტება ხვიმრა, როგორც საათი ქვიშის, სადაც დოლაბის ღირღილს უხამებს გული ძგერას და გაუმხელი შიშით ეპოტინება მზერა ნისლეულების გროვას, შორეულ ცაში მბოლავს
და თვალსაწიერს ჩვენსას,
ერთ უზარმაზარ დოლაბს.

.

 
3 Comments

Posted by on April 13, 2009 in ლექსები

 

3 responses to “წისქვილისა

  1. გულნარა

    August 22, 2010 at 12:23 am

    კარგია კობა,მომეწონა

     
  2. ლეილა ჯინორია

    November 8, 2011 at 6:17 am

    საიდუმლოსი, დიდის, მოგეძალება განცდა, წუთისოფელი, ფლიდი, რა დაუნდობლად გძარცვავს, როცა სიცოცხლეს შენსას ისე ღერღავს და ნაცრავს, როგორც ბუხარი წკირს და როგორც დოლაბი მარცვალს…მე მომაგონა ბავშვობა, წისქვილი ჩემი სოფლის ,სევდაც მომგვარა, დარდიც, ამაო წუთისოფლის!…გმადლობთ ბატონო კობა.

     
  3. nunuka sanikidzesa

    November 8, 2011 at 6:45 am

    . მადლობა ავტორს, ლამაზი ლექსისატვის…

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: