RSS

სოლომონ პირველისა

13 აპრილი

 

თენდება, ზამთრის ზოზინა წკვარამს არ ეჩქარება კალთის აკრეფა, თუმც რიბირაბო ცისკიდურს ჰპარავს, ცისკრის ვარსკვლავიც მალე ჩაქრება.

სოლომონ მეფის ოქროსფერ კარავს სულგანაბული გასცქერს ოკრიბა, მეფე განზრახვას აღარა ფარავს, კომლიდან კაცი ხრესილს მოკრიბა, რომ დღეს გველეშაპს, ხალხით მოვაჭრეს, სამიდღემჩიოდ კლანჭი მოაჭრას.

* * *

პაპუნა სარდალს, ომში სარიდალს, გამთენიისას ნიშანი მისცეს – შეუკრიათო ყველა ბილიკი აგიაშვილს და ლორთქიფანიძეს. ფოთს მიქელაძე შემოდგომია, ფიცისკაცები – აია-ქალაქს, ვისაც საერთოდ არ უომია, დღეს ერთი ხუთზე მოსინჯავს ძალას.

ღვინით დალოცა მეფემ ლაშქარი და მოაფრინდა უწუმ უნაგირს, შეუძახა და ხალხი აშალა ამოსაძირკვად აფთრის ბუნაგის.

მიდი სოლომონ, კაცო-არაკო, სიამაყეო მარად ქართველის, მწეო და ბურჯო ჩვენი ღირსების, ოსმალოთაგან ვერგანათელის.

სამშობლოს შენსას დღეს კიდევ ერთი საბედისწერო გამოცდა ელის, იშიშვლე ხმალი, ახსენე ღმერთი გადასარჩენად ქართული გენის. უნდა აღკვეთოს სირცხვილი ერის შეუპოვარმა შენმა ბრძოლამან, მიდი, ჭირიმე მაგ გულისძგერის,

მიდი სოლომონ.

* * *

მტრისკენ გაიჭრა რახსი ტაიჭი, ავად უღელავს ბაბრი ფაფარი,

– ქეჰაიაუუ! რახტი დაიჭი, ახლა იწყება მძაფრი ზღაპარი…

საიერიშოს უკრავს საყვირი, მტევებარებმა შეუწყეს ვაშა, შეათამაშა მეფემ მახვილი, უთავოდ დარჩა ბედკრული ფაშა.

ომი გახურდა, იმატა ბრაზმა, ქება და აზმა აფხაზ ვაჟკაცებს, სამურზაყანოს ლომგული რაზმი დამხვდურს პირველი შეაბარბაცებს. თვით ხუტუნიამ ცხენი გაქაფა, რვალად იქცია ბებერი ძვალი, გაღმა-გამოღმა მტერი გაკაფა, ბოლოს თავადაც დახუჭა თვალი.

ეს გაელვება მამულს დაშვენდა, გმირო მოხუცო, დიდება შენდა.

მტარვალი ჭარბი, ხარბი და ურჩი უკანდახევას ჯერ არ აპირებს, გარნა ბრძოლაში ავია გურჯი და ბოლოს მაინც გაინაპირებს. თითქოს შველა რომ აღარსად არი, ისმის გრუხუნი მეხის სადარი, ეს ურახუნე ბრეგვაძე არის, წიფლის წვეროზე გასულა ლამის: – მოგვეშველაო დიდძალი ჯარი, იმარჯვა მეფემ, წახდა თათარი.

დაფრთხა ოსმალო, შედრკა და იმწამს გურულთა გუნდი ჯიქურ მიჯარდა, ისმის კივილი იანიჩართა, დაოთხილები პოტნიან მიწას. იმათ კვალდაკვალ გრგვინავს ოტია, ჭოლაური ხმლით მარყუჟებს ხლართავს, მეგრელთ მხედრობა მტრის მაოტია და აგვირგვინებს ამ საქმეს მართალს…

* * *

ქვეყნიერებას ქართველი ერი შემორჩენია ნიჭად და წამლად, ხმალზე შეგვადნა ურიცხვი მტერი, იმპერიები განქარდა კვამლად.

ჩვენებური კი, ტრფიალი ლხენის, ერთგული თავის ჯიშის და რწმენის, იმასვე როკავს, იმასვე მღერის, უძლებს ჟამთასვლას, მიწყივ არეულს, კვლავაც დაიცავს მშობლიურ კერას და მოინელებს კიდევ ბარე ორს.

* * *                                             

ერს უწინამძღვრა, მტერზედ აღლესილს, ჭაბუკმან, საქმით დევისტოლამან,

ასეთი ომი გარდახდა ხრესილს. 

ასეთი ლომი გვყავდა სოლომონ.

 
13 Comments

Posted by on აპრილი 13, 2009 დუიმი მეფეთა წიგნი

 

ტეგები: , , , , , , , ,

13 responses to “სოლომონ პირველისა

  1. მარინა

    სექტემბერი 27, 2009 at 2:51 PM

    გმადლობ იმ ცრემლებისთვის, რაც ამ ლექსმა მაღვრევინა.

     
  2. ანიიი

    ოქტომბერი 28, 2009 at 3:41 PM

    მაგარია !!(H)

     
  3. ბადრი წიქორაძე

    დეკემბერი 4, 2009 at 5:32 PM

    ვითანამშრომლოთ! დარეგისტრირდით ჩემს ფორუმზე raindebi.ge და დადევით განყოფილებაში – “ფორუმელი პოეტები”, თქვენი შესანიშნავი და პატრიოტული ლექსები.

     
  4. armuri

    იანვარი 3, 2010 at 4:22 PM

    სოლომონ მეფის სარდალი – მალხაზ ანდრონიკაშვილი იყო!..
    მამულებიც ჰქონდა მიცემული სვირში…

    ბოლომდე მხარში ედგა!..

     
    • matekari

      იანვარი 4, 2010 at 11:12 PM

      მალხაზი სოლომონ მეორის სარდალი იყო. ხრესილი სოლომონ პირველმა მოიგო

       
  5. ხოგაის მინდი

    მარტი 17, 2010 at 9:10 PM

    მშვენიერია… ცრემლი მომადგა მართლა!..

     
  6. მარიკა კახაძე

    ივნისი 7, 2010 at 5:13 PM

    დიდი მადლობა, გული სიამაყით ამევსო.

     
  7. ელდორადო

    ივლისი 11, 2010 at 9:12 AM

    ძალიან მომეწონა .

     
  8. მარინა ღამბაშიძე

    აგვისტო 29, 2010 at 3:20 AM

    ქეჰაიაუუ რახტი დაიჭი,…. თითქოს, მათრახი გაიშხუილებსო, სული ყალყზე დგება…. უკან მოუხედავად ამ ბრძოლის მონაწილე ხდები ….მაგარი ლექსია ბოლომდე დაგივლის…..!!!

     
  9. განფაიტერი

    დეკემბერი 1, 2010 at 5:07 PM

    შესანიშნავია.გაიხარეთ!
    ასთი პატარა ბიძგიც კი საკმარისია რათა ქართველის გულში ის შემართება და მებრძოლი სული გააღვიძო,რომელიც მუდამ პირველი გადიოდა ბრძოლის ველზე!და მას, ბოლო ტოვებდა გამარჯვებული,ან საერთოდ არ ბრუნდებოდა.
    ალექსანდრე დიუმამ თქვა:-“თქვენ ქართველები ბრძოლაში უნდა ნახოთ,ამ დროს ისინი უბრალო მეომრები კიარ არიან,არამედ ტიტანები;რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ!” დიდება საქართველოს!!!

     
  10. რობიძონ წინწკალაძე

    თებერვალი 8, 2012 at 10:25 PM

    ძალიან კარგია!აი,რა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში.

     
  11. გიო ჭუმბურიძე

    თებერვალი 8, 2012 at 10:28 PM

    დიდებულია კობა ბატონო. დავითის მერე ყველაზე დიდი იმერელი იყო ლომებრ მყეფე სოლომონ,ყოველთვის მეამაყებოდა, მითუმეტეს იმდროინდელი საქართველოს დანარჩენი უნებისყოფო და უგვანი მეფუკების ფონზე.
    პ.ს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხუტუნია შერვაშიძე ყოველთვის უწვერულვაში ყმაწვილად წარმომედგინა :დ

     
  12. ნანუსია

    თებერვალი 8, 2012 at 10:30 PM

    ,,სამშობლოს შენსას დღეს კიდევ ერთი საბედისწერო გამოცდა ელის, იშიშვლე ხმალი, ახსენე ღმერთი გადასარჩენად ქართული გენის. უნდა აღკვეთოს სირცხვილი ერის შეუპოვარმა შენმა ბრძოლამან, მიდი, ჭირიმე მაგ გულისძგერის,
    მიდი სოლომონ.”
    მადლობა ავტორს ამ დიდი ემოციისთვის და სიამაყისთვის!

     

Leave a reply to მარინა კომენტარის გაუქმება