RSS

ლუარსაბ მეფისა

13 Apr

 
ბინდი ხუნდება, დილა ინთება, მტრით დატბორილა გარისის ველი, უკანასკნელად მოაფრინდება დღეს თავის ნისლას ბებერი მგელი. 
ეს დროც დაუდგა მეფეს ჭაღარას, აწ ოდენ ცქერით გაართოს თვალი, იმის სამყოფი ჯანი აღარ აქვს, რომ კიდევ ერთხელ აშპუნოს ხმალი.

შუბის თამაშით დაუვლის ლაშქარს მემკვიდრე მისი, იმედი ქართლის, მტერს დათვლის ღირსად აროდეს არ თვლის, რამეთუ დროშა მიუძღვის მართლის.
სცეს ქართველებმა ბუკს და ნაღარას და ჩამოიმხეს თავსაბურები, აკინაკები ავად წახარეს, მიწას მოწყვიტეს ბედაურები.

წინ-წინ მიაფრენს თავის საღარას ჭაბუკი სვიმონ, გვირგვინის ხამსი, ბდღვირი ავარდა ტრიალ თაღარას და ნირწამხდარი უკურბის სპარსი.
ზაფრისმცემია იბერთ კართობა, ბრძოლასა შიგან მხნეთა და ცხართა, მათთვის ეს ომი არის გართობა, ვითარცა მგლისთვის დარბევა ცხვართა.

სერზე შემოდგა ფიცხელი ომის მოსეირეთა მცირე ამალა, მეფე, ჭარმაგი თანამყოლების და ორიოდე მცველის ამარა. შემორჩა ბრძოლის ჟინი ულევი, ძარღვებში სისხლი უყივის ჯერაც, გასცქერის გარჯას გოთაულების და სიამაყე უნამავს მზერას.

წესი არ არის ქართველ მეფეთა მამულისაგან დათმობა მისხლის და როს პირისპირ შემოეფეთა ლტოლვილი რაზმი, მწყურალი სისხლის, მომხდურებს თავი არ გაარიდა, ზედ შეალეწა შუბი და ხმალი, ბოლოს აკარხლა ბედაური და იმისი ნალით უნაყა ძვალი.

თანა ჰქონოდა ანამ ფარი და ანამ ჩაჩქანი, თავდასაფარი, სისხლი გადმოჩქეფს ნაგაზარიდან, ძოწით შემკულა ვერცხლის ფაფარი.

როს მატადორი დაქანცულ ხარს კლავს, სხივმეწამული ხდება ტაურუს, ებანს დაჰკარით, საომარ საკრავს, რომ გული რისხვით აახმაუროს…

* * *
შეუპოვრობით დაღალა მტერი გაუტეხელმა გვირგვინოსანმა, ზოგი დალეწა, ზოგი მოსარმა და კვლავაც სიმხნით აღავსო ერი.
ყველა კივერი და ყველა ჩალმა ერთად წაიღო არაგვის წყალმა.
დრომ მოხასხასე ყველა მუნდირი გაახუნა და დედა უტირა.
მოყანყალდა და სრულიად წახდა იმპერატორთა მრავალი ტახტი.
დაიხავსა და დანესტიანდა ფუყე დიდება დინასტიათა.

ერმა უარყო კერპი რამდენი და საარაკო საქმის ჩამდენი რამდენი გმირი გადააფასა, მაგრამ ნაომარს ლუარსაბისა აწ მეტი ჩაღი მოეფინება და ვერას ავნებს ჟამთა დინება. 

მისი მასხალი მარადის გასხლავს, რამეთუ ახლავს ნათელი მართლის, გააკაშკაშებს თავის წილ ვარსკვლავს დელი სვიმონი, იმედი ქართლის.

* * *
ვის აღარ უდგას ამქვეყნად ძეგლი – ორგულს, ბაქიას, ლაქიას, ვერაგს, გმირებს კი რჩებათ გვირგვინი ეკლის, ასე იყო და ასეა ჯერაც.
ან იქნებ რვალში ვერ დაეტია მეფეო შენი სული მბორგალი და იქნებ ყველა ძეგლზე მეტია ხელში ჭიქა და ყელში გორგალი.

.

 
4 Comments

Posted by on April 13, 2009 in მეფეთა წიგნი

 

4 responses to “ლუარსაბ მეფისა

  1. თორნიკე

    January 19, 2010 at 3:33 am

    არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მოწონება. მართლაც რომ საღოლ !!

     
  2. ანა

    March 12, 2010 at 12:33 am

    ძალიან მიყვარს ყველა ლექსი მეფეთა წიგნიდან
    და ეს განსაკუთრებით
    მახსოვს, პირველად როცა წავიკითხე, ვიგრძენი ყელში როგორ მომაწვა რაღაც..

     
  3. მამუკა

    June 24, 2010 at 12:24 pm

    აღფრთოვანებული ვარ, ღმერთმა დაგლოცოს

     
  4. ნატალია ქადაგიძე

    August 11, 2010 at 1:31 pm

    ”ან იქნებ რვალში ვერ დაეტია მეფეო შენი სული მბორგალი და იქნებ ყველა ძეგლზე მეტია ხელში ჭიქა და ყელში გორგალი”… ჭეშმარიტად, ულოგიკურეს ფინალამდე მიდიხართ, ბატონო კობა, ყოველთვის! სტილი კი მაოცებს – რიტმი უფრო ამძაფრებს შინაარს და შტამბეჭდავს ხდის… სიამოვნებით ვისაუბრებდი ასე!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: