RSS

ვახტანგისა

13 აპრილი

 

იყო ერთი ხულგო სპარსი, ვინმე ვარან-ხვასრო-თანგი, სპარსელთაგან მიენიჭა საქართველოს მეფის რანგი, თუმცა, მალე, ამ მგელკაცის თვით იგემეს ბასრი ჭანგი.
ასეთია იბერიის კურთხეული მიწის ბანგი.

* * *
მეფე დადგა და რა მეფე მზე-ჭაბუკი გორგასალი, გულხარბი და მაშუღარი რაოდენი მოსრა სპანი, საარაკო შუბოსანი, მახვილოსან-მოისარი, გული მისი რკინის არი, ფარი მისი ვიგრის არი, მის ნაკრავზე მტერს გაუდის ბარგანი და გირგისალი,
ერთის დაყივლებით ძალუძს მომხდურისთვის ზაფრის დახლა,
ვერასოდეს ვერვინ ნახოს გორგასლიან დროშის დახრა.
ციდან ჩამოესმა რეკა, აიხედა წამით მაღლა, აჩხაბერი მოირგო და მგლისავ სული ჩაისახლა, გადასძახა ჯარს ხმამაღლა, ნუგეშინი განუახლა – რჯულისა და მამულისთვის არა ხამსო ომში დაღლა. ვანახოთო მოთარეშეს, რომ აქ ვეღარ იპარპაშებს!…
რაზმი მისი თოროსანი ჩაიგუბებს ახლა ვაშას,
პირზე პერი ადგათ რაშებს, ლაგამს ხრავენ, ღრეჯენ ლაშებს, ჟრჟოლა უვლის ყველას ტანში, მუხლი ავად უთამაშებს…

* * *
თითო კურცხლით მოვეფეროთ დანატოვარს ვახტანგისა, ვჭექოთ მრავალჟამიერი ამ მთისა და ამ ბარისა, ქედებისა თინთიკისა და ნისლისა ქარქარისა, ყაყაჩოთი წალეკილი ძოწეულა ველისაო, ტინებისა მავისაო, ჩაბარუხის ჩქერისაო, აფეისა ჭალისაო, იაკამი მთვარისაო,
სამშობლოსი შენის, ვეჟო, ჩინის ორთავ თვალისაო…

* * *
უფლის ნება იყო მართლა ვახტანგ მეფის მოვლინება, მძიმე ჯვარი დაენათლა და იობის მოთმინება, არ ეღირსა ამა სოფლად დადგომა და მოსვენება, მამლი, მუხას შესეული, სად აცდიდა, რომც ენება…
უღლით ქედი გადიყვლიფა და ბოლომდე გაიხარჯა.
ამიტომაც მისი ომი, მისი ლოცვა, მისი გარჯა, ქართველთათვის საუკუნო წესადა და ვალად დარჩა – რომ ნაღვაწი გორგასლისა ხატად გვედგას მარადისად, რომ ლეკვები ალგეთისა ვზარდოთ ღირსად მამულისად, 
გული ჩვენი – ხარკად მისად და თბილისი – ტახტად მისად,
ეს პატარა მოფერებაც ალალ მეფე ვახტანგისად.

.

 
2 Comments

Posted by on აპრილი 13, 2009 დუიმი მეფეთა წიგნი

 

ტეგები: , , ,

2 responses to “ვახტანგისა

  1. shota

    აგვისტო 17, 2010 at 11:57 PM

    dzalian kargia…..agfrtovanebuli var….

     
  2. ქეთევან ჩიკაშუა

    ოქტომბერი 29, 2012 at 4:17 PM

    ასეთი დიდებული და ჟრუანტელის მომგვრელი სხვა არაფერი წამიკითხავს!…ბედნიერი ვარ!

     

დატოვე კომენტარი