RSS

ერკელია

13 Apr

 

ესეც კიდევ ტევრის  კიდეე…  მოარულო, აწი საით?

საცალფეხო ეს ქაშანი  რახანია ჩაუქს ელის, სველი, როგორც ღაწვი შველის, არშავიანმინაშვერის.

რატომ გიხმობს, რას გიმზადებს, ანდა, თუკი სანდო არის, სამშვიდობოს თუ გაგიყვანს, ვით შიბ-თოკი იახსარის.

ხევის ხახა საზარელი ამოგცქერის როგორც არჩივს, აქ გუმანი თუ გიშველის და თამამი კვალი არჩვის. 

ამ წავარნას  რომ დალახავ, ჯილდოდ ნახავ, ცასთან ახლოს, ტინებს, ჯიქთა სათარეშოს და ორბების სამოსახლოს.

გლუ  კოტორზე  რომ შედგები, ხვდები, რატომ გინდა ფრთები.

ამ დროს გიჯობს იყო მარტო, მარტოობა არ იდარდო,

და ნურც ნურვის ნუ გაანდობ, ნუ გაუყოფ ქვეყნად ნურვის ამ ლიტაოს, ნისლით ბურვილს, სივრცის წყურვილს, დეკას სურნელს და გაფრენის გიჟურ სურვილს, სიკვდილამდე განუკურნელს.

***

თუმც ციცაბო ქარაფისკენ როდი არის გზა იოლი და ჭაუხის  ირმიც შიბზე მიხვალ, როგორც მთვარეული.

იქ ოლე  დგას, ხე ეული, შეუცნობი, შორეული, ობლისსევდამორეული შენი სულის ორეული, დროს შეუხრავს მისი გული სიცოცხლისჟამმოლეული, ფუტუროში მარჯვე ფუტკარს გაუმართავს გოლეული.

თუნდ გველფერნი განარისხო, შეუდექი ბილიკს მისკენ, რომ შეიცნო, რაა ის ხე, გახრეკილი სიბერისგან, ქარისა და გრიგალისგან წაფერდილი უფსკრულისკენ, ნატვრის ხეა, სიცოცხლის ხე, თუ კოპალას  კიბე ცისკენ.

***

არ გეგონოს დაითარსე, სამიზნეში კარგად გახე, ამირანის ნატერფალზე რკოს მიირთმევს შავი ტახი. ახლა გინდა ორბის აღი, რომ დალაშქრო ზეცის თაღი, თორემ ტყეში წარამარა იკარგება ნიშანგეში. 

და თუ ბედმა გაგიღიმა, იქნებ სადმე მოჰკრა თვალი, ნაკადულში, ქვაზე მჯდარი, ვით ივარცხნის დალალს ალი და კულული მისი, ჟღალი, ჩქერში როგორ ათინათობს და გრძნეული ხიბლი მისი როგორ გითრევს, როგორ გათრობს.

ალის ბებლით  განათვალი წინ წახვალ და – ფაფუ ალი!

და ეს ბოლოც არის ახი – გახედავ და – ფაფუ ტახი!

***

ახლა ყოველ ნაბიჯს შენსას აყურადებს ალბათ დალი, ღიღილოსფერ მის თვალებში კვესავს ავი ნაპერწკალი.

გამოცდაა სიჩაუქის ხევის ფერდი და ფერცხალი.

თუმც გუმანი გაიმედებს, რომ ღმერთქალი, სარიდალი, არ გაგიშვებს ხელმოცარულს და რაიმეს გაიმეტებს…

გასწი ჯიხვო, რა ფეხს ითრევ, მიეფარე ა იმ გორას, თითქოს თავად ოჩოპინტრემ  მოგაწება თოფის კორას, კამარა ჰკარ, განმერიდე, ჯანზე მყოფი თუ ხარ ხარი, თუ გივარგა ხორცი კიდევ, ან ტყავი გაქვს მოსახმარი.

***

დრო დამდგარა მზეჩაისი და ციბოლოც  გაძლევს ნიშანს – გასრულდაო კოჭიმელზე  კოტრიალი ბარბალისა.

სწორედ ამ დროს, შავი შაშვი დაისს გულს რომ მიაფიცხებს, ჩამავალ მზის ძველთა-ძველი საგალობლის სტვენას იწყებს.

უსიმღერებს, ყელს უღერებს და ისეთი ვნებით გალობს, თითქოს უნდა ამ ღვთაებრივ მელოდიით შეუთვალოს – მგალობელთა-მგალობელი მე ვარო თუ მაფშალია .

პირველობის რა მითქვამს და, ჰაუ რა ხნის მაშვრალია,

ახლა უნდა, რომ ბოლო სხივს გადაასკვნას თვისი ბგერა და ის სხივი მისმა მღერამ მგონი მართლა შეაჩერა…

და დასტურად მის ნისკარტზე გაკრთა დურცხი ათინათი…

… მეტოქეობს მაფშალიას მილიონი წელიწადი.

***

ვერცხლის შუქით დაფენილა მირა-მორა  ყველა გორა.

გარინდულა იაკამი, მონუსხული ამგვარ ღამით, ჯერ დარია, ცა კამკამებს, თავს გახსენებს მხოლოდ ნამით.

ვარსკვლავებიც სარგებლობენ ცის ამგვარი სიკამკამით, ზიკზიკებენ, ციაგობენ არნახული სითამამით.

და ბარბალით მაძღარ მიწას მკერდი ხვატით თუ უხურდა, ახლა ყველა მის ნაპრალში სინოტივე ჩასადგურდა.

სადღაც, მყუდრო კადას ძირას შეაფარებს ფარას მწყემსი, ხმიადი და ხიწიწიც აქვს, მადიანად წასახემსი.

და სანამდის ძილს მიანდობს თაქნაბადის მყუდრო კალთებს, ფიჩხის გროვას უტრიალებს, გობრიალა კოცონს ანთებს.

***

იალკიალს ციცაგი ცვლის, პულას ემატება პულა, უჯმაჯურად შეიგრაგნა უწყინარი ღრუბლის ქულა.

მალე ალბათ ცის მჭედელი მოიმარჯვებს ზორბა უროს, ავდარი რომ გამოკვეროს, ქურა უნდა გაახუროს.

ახლა დროა მგელმა ბუნაგს, თაგვმა სოროს მიაშუროს, ბუკნაჭოტმაც წვიმის შრიალს ფუღუროდან მიაყუროს.

მანამდე კი მაცნე თქორი ეპკურება ფოთოლ-ღეროს, თითქოს უნდა სათითაოდ მოეფეროს, მიუმღეროს.

ზეცა მიწას აესვეტა, რას დაადგა ნეტავ თვალი, და ღრუბელიც აიჯაგრა, როგორც შარიანი მთვრალი, ულაყივით აღერღილი წაეფოფრა თავის რჩეულს, ჭალას, ცისნამმონატრებულს, მოფერებაგადაჩვეულს.

ხოლო ფიტი, ონავარი, სანამ კორტოხს დაჭანგავდა, გაღმა ღრუბელს მიაფრინდა, მასაც გაუმაჭანკალდა.

ვიდრე მიწა, მოწყურალი, დელგმის თასებს მოიყუდებს და რუკრუკა ნაკადულებს კალაპოტებს აუმტუტებს, რას განიცდის ნეტავ ჩიტი, წამხობილი თავის ბუდეს…

***

შენ კი დარანს  შეეფარე, სხვა რა გზაა, დაიცადე, ანდაც სცადე, და ყოველი ცასთან ერთად განიცადე. 

არმურს მიღმა ვარსკვლავები რახანია აღარ ჩანან, ქარი შფოთავს, მისმა ქსინვამ კედელს მიღმაც გაატანა.

დაიჭექა აქა-იქა, აფარფატდა ჭრაქის ალი, როგორც მოცეკვავე ქალი და ოთახიც, მის ლაციცში, შეფრთხიალდა ფერმიმკრთალი.

მიწამ ზეცა შეისრუტა, ზეცა მიწას ჩაეხუტა, ეს იმ მიწას ჩაეხუტა, დიდი ხნით რომ გაებუტა.

აქამომდე მოფაჩუნეს მისცემიათ გული რუებს, მალე ალბათ მათი ყეფა არე-მარეს დააყრუებს.

ამ ლელეხში თვით ეშმაკიც ეძებს თურმე თავშესაფარს, შენ კი გულში ღიღინს იწყებ, ამინდისთვის არშესაფერს:

– როცა სარკმელს წვიმა ლოკავს, ელვის შიშით ჩრდილი ტოკავს,

და საავდრო, ვეშა ღრუბელს ვნება ვეღარ მოუთოკავს,

ამ დროს ვერა შეედრება მონადირის მყუდრო სადგომს,

ჭრაქის შუქზე ჩამოჩხაპნილ სტრიქონს, გულით ამონათქომს,

ამ ღადარში შემწვარ სოკოს,

ოცნებაში – გაღმელ გოგოს…

ჰაიიი ჰაააა!

***

საჩალის წვერს პირიმზე  ზის, კამარ-ქალის მამა ავი, აღერღილი, კოპშეკრული, საშინელი სანახავი, თითქოს ძილი არ აცალეს, უდროო დროს გააღვიძეს, დიდრონ თვალებს აღვარღვალებს, სამოსისხლოდ ეძებს სიძეს, რისხვას ანთხევს, ცაიერადს, აუწერავს კაცის ენით, ბასტის როკავს, მერეხს  კაფავს მოელვარე ჯავარდენით.

აუშლია ღრუბლის ჯარი – ლეგა, ბენცი, თალხი, რუხი, არე-მარეს ატორტმანებს ზათქი, მათგან მონაქუხი.

ხოლო ქარი, ბობოქარი, ხევხუვებში დაშლიგინებს…

და ბუნებაც ამ საოცარ სახიობით გაგრძნობინებს – რა ფიორი და მინუნა  არის თურმე შენი ნება…

შეხსენება უნდა ამის, განა შენი შეშინება.

***

თავზე ზვავი, ძირს – გვერძნელი, გზა გრძელი და ეგზომ ძნელი, ეს გზა მუდამ რჩეულს ელის, აქ ვერ ივლის ვინმე ტრელი, ჯინაგარი  კაცის არის ეს გრძნეული იკანკელი, უთვალავჯერ გავლილი და უთვალავჯერ გასავლელი…

რატომ გიხმობს, არვინ იცის, გამოცანა ცის და მიწის, აქამომდე აუხსნელი სივრცე, სულის შესაძვრელი, ავგავანი უსამანო, სოფელს მიღმა გარესკნელი, ნადირის და მონადირის საზიარო სამყოფელი…

ანდა რატომ მეორდება ეს ამბავი, ძველზე ძველი…

იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი…

 
6 Comments

Posted by on April 13, 2009 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , , , , ,

6 responses to “ერკელია

  1. ციცაგი

    May 24, 2009 at 3:01 pm

    გამარჯობა, ძალიან მაინტერესებს სიტყვა “ციცაგის” თქვენეული განმარტება. იმიტომ რომ, მე გვარად ციცაგი ვარ. გმადლობთ.

     
    • admin

      May 25, 2009 at 9:13 am

      საოცრად ლამაზი სიტყვაა და სამწუხაროა, რომ არათუ ვიყენებთ, არამედ მნიშვნელობაც დაგვავიწყდა. არადა, რა შეიცვალა? ცაზე იგივე სიხშირით გვევლინება ციცაგიც, მარაგიც და იალკიალიც.

       
  2. თამარი

    February 4, 2010 at 7:52 pm

    და მაინც იქნებ უფრო კონკრეტულად განმარტოთ “ციცაგის” მნიშვნელობა

     
    • matekari

      February 4, 2010 at 9:54 pm

      ციცაგი – თხლად მოღრუბლული
      ასე გვეუბნება ლექსიკონი. არ მახსოვს რომელი.
      დრო და ადგილი ნამდვილად არ იყო მითითებული, თორემ არ დავაკლებდი
      ამავე საიტზე, თავში – ზნენი სამამაცონი – 43, ნადირობა–გარისობა – შეგიძლია ნახო ამინდის ლექსიკონი, სადაც ყველანაირი ღრუბლიანობაა ჩამოთვლილი

       
  3. თამარი

    February 4, 2010 at 8:07 pm

    მე ვიცოდი რომ ციცაგი მთაში მოღრუბლულ დილას ნიშნავდა…

     
  4. ლელა

    February 26, 2011 at 5:13 pm

    რა ბარაქიანი ქართულითაა დაწერილი!…
    ,,მე შენ გეტყვი,არ გეყოფა სიტყვის მარაგი
    -არა, სხვისი მისაბაძი რა გვჭირს,თვარა-კი!”…:))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: