RSS

ხანის ირმისა

22 Feb

შენიშვნები ზ. კიკნაძის სტატიაზე “ხანში ირემი მოვიდა”
( სიმარტივისთვის ბატონი ზ. კიკნაძის სტატიიდან ამოკრებილია მხოლოდ ის აბზაცები, რომელთაც ჩემი შენიშვნები ერთვის).

თავდაპირველად სრულად აღვიდგინოთ ჯ. რუხაძის მიერ ხანის ხეობაში მიკვლეული და ჩაწერილი ლეგენდა-ანდრეზი:

ტაბეშაძეების სახლიკაცს წმ. გიორგი გამოცხადებია და უთქვამს: ბეთლემის გამოქვაბულიდან გამომიყვანე და ტაბეშაძეების მხარეში დამასახლეო.
რატომო? გაკვირვებია ტაბეშაძეს. ძალა შეგწევს და უნდა წამიყვანოო.
კაცმა მამას უამბო. მამას უთქვამს, რომ წმ. გიორგი თავისი ჯვრითა და ბურთითურთ (“თეთრი ქვით”) მოესვენებინა.

წასულა კაცი და წამოუყვანია წმ. გიორგი. გზაზე ერთხელ კალოზე შეუსვენიათ, მეორედ – სერზე და მესამედ – ტყელაში, სადაც ახლა წმ.გიორგის ეკლესიაა.
აქ ინება წმ. გიორგიმ დამკვიდრება.

ხოლო ყველა იმ ადგილას, სადაც კი  ხატი ჩერდებოდა, ხალხმა მის სახელზე ჯვრები აღმართა და ნიშები ააგო.

წმ. გიორგის მოსვლის დღიდან დღესასწაული დაწესებულა – “ველთაობა”, რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეზე მოდის, მაისში ან ივნისში, ორშაბათ დღეს, “ვარდობას”.

დღესასწაულზე, ყოველწლიურად, ირემი მოვიდოდა, ეკლესიას სამგზის შემოუვლიდა, კართან დაწვებოდა და, როცა “დაინაცოხრებდა”,  ტაბეშაძის კაცი დაკლავდა და წმ. გიორგის შესწირავდა.

ერთხელ ირემი თავის დროზე (“თავის ალოზე”) არ მოსულა, ხალხს კი შიშშილით სული მისდიოდა. დაგვიანებით მოსულ ირემს ტაბეშაძემ “დანაცოხრება” არ აცალა – “რას ქვია, დეიგვიანეო”, და წიხლის კვრით წაუქცევია და დაუკლავს.

წმ. გიორგი განრისხებულა და ტაბეშაძეთა გვარი გაწყვეტამდე მიუყვანია. გადარჩენილა მხოლოდ სხვა სოფელში ჩასიძებული ტაბეშაძის აკვანში მწოლარე ვაჟი. ბავშვი სხვა გვარის ხალხს მიუყვანია ტყელაში და წმ. გიორგისთვის შეუვედრებია:  “წმ.გიორგი კარუგდებელო, ნუ მოკლავ ამ ბავშვს და მისი გვარი ყოველ წელს ირმის მაგივრად სამწლიან კუროს შემოგწირავსო.”

წმ. გიორგიმ მიიღო ვედრება და ტაბეშაძეთა გვარი კვლავ აღმდგარა და მომრავლებულა. ამ დროიდან ტაბეშაძეების ყველა ბუნს (ბაბუიშვილს) ტყელაში შესაწირავად ხარი მიჰყავს და მიაქვს ზედაშე.

ზ. კიკნაძე: – თავისი არსებობის მანძილზე ადამიანს ორი სახის პირუტყვთან უხდება ურთიერთობა: შინაურთან და გარეულთან. ანუ , სხვაგვარად რომ ვთქვათ: ერთი სახის პირუტყვს იგი ათვინიერებს, იშინაურებს, ხედნის, სხვა კი რჩება მოუთვინიერებელი, ველური, უცხო.
შინაური პირუტყვი პატრონის მორჩილია, “პატრონყმულ” ურთიერთობაშია ჩაბმული ადამიანთან. პირუტყვი ემსახურება თავის პატრონს, პატრონი კი იცავს მას. პატრონი პასუხისმგებელია პირუტყვის სიმრთელეზე, ის კი ემსახურება მას. ადამიანი და შინაური პირუტყვი სხვადასხვაგვარად ემსახურებიან ერთმანეთს.

კ. ჭუმბურიძე: – ირემი მონადირე-ქურუმის დროინდელი წმინდა პირუტყვი უნდა იყოს, ხოლო ხარი მიწათმოქმედისა, რადგან, გარდა მიწის ხვნისა, ხარი მთვარის ღვთაების ცხოველია, რაც მიწათმოქმედებაში მთვარე-კალენდრის მნიშვნელობის წინ წამოწევით უნდა აიხსნას (რქები ავსებადი და მილევადი მთვარის სიმბოლო უნდა ყოფილიყო).
ეს ზ. კიკნაძის მიერ ამ სტატიაში მოყვანილი ლექსითაც დასტურდება:
ადამიანის შენახვა ვერავინ იდვა თავზედა,
ხვნა-თესვა, ფარცხვა და ზიდვა გაჭირდა მეტად ძალზედა.
ხარმა თქვა, პირნათლიერმა, მე დამაწერეთ რქაზედა.
ანუ, პირნათლიერი უნდა ნიშნავდეს ლაბა (ნიშა) ხარს, ხოლო რქაზე დაწერა პირდაპირი მინიშნებაა მთვარის ფაზებთან სამიწათმოქმედო ცოდნის კავშირზე.

ზ. კიკნაძე: – შინაური საქონლის ჯოგები რომ ადამიანს თავის გამოსაკვებად არ გაუჩენია, ამას მესაქონლე ტომების პრაქტიკა მოწმობს. ისინი პირუტყვს კლავენ მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ და საოჯახო თუ საგვარეულო დღესასწაულებზე, ანუ მსხვერპლად სწირავენ მფარველ ღვთაებას.
დაუშვებელი იყო საქონლის დაკვლა უბრალოდ შესაჭმელად, მსხვერპლშეწირვის რიტუალის გარეშე (ძნელი არ უნდა იყოს ამის დანახვა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის, განსაკუთრებით, ხევსურეთის ტრადიციულ ყოფაში).
აკრძალვა იხსნებოდა მხოლოდ განსაკუთრებით მძვინვარე შიმშილობების დროს. ამ დროს პირუტყვი მხსნელად ევლინება ადამიანს: იგი იწირება თავისი პატრონის სიცოცხლის გადასარჩენად.

კ. ჭუმბურიძე: – ეს პირიქითას ამტკიცებს – მესაქონლე ტომები დიდი სიამოვნებით მიირთმევენ რძის პროდუქტს და თუ შიათ, არც ხორცზე იტყვიან უარს. მსხვერპლშეწირვის რიტუალიც ხორცის ჭამის მოსაწესრიგებლად და გასამართლებლად არის შეთხზული.

ზ. კიკნაძე: – რაც შეეხება გარეულ პირუტყვს, მასთან ადამიანის ურთიერთობა უცხოსთან ურთიერთობაა. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობა თანასწორთა ურთიერთობაც არის. ადამიანი ვერ იმორჩილებს უცხოს, ვერ იშინაურებს, ვერ ეპატრონება, ვერ პატრონობს, რადგან მას სხვა პატრონი ჰყავს.
მას შემდეგ, რაც ადამიანი, რომელიც, როგორც შესაქმის გვირგვინი, მთელი ცხოველთა სამყაროს პატრონად იყო განწესებული, მოწყდა ბუნებას და მასთან ერთად გაუუცხოვდა გარეულ პირუტყვს, დაკარგა მასზე გავლენა და პატრონობა, გარეულს სხვა პატრონი გაუჩნდა, რომელსაც თითქმის ყველა ტრადიციაში ერთი სახელი ეწოდება – “ნადირთ პატრონი” ან “ნადირთ მწყემსი”.

კ. ჭუმბურიძე: – ეს არ უნდა იყოს სწორი დასკვნა. რას ნიშნავს ბუნებისგან მოწყვეტა? მიწათმოქმედების დაწყებას? და დალი ამის შემდეგ გაჩნდა?
ამირანი, როგორც ქურუმთა შემდგომი თაობის წარმომადგენელი, ასევე წინა თაობის ღვთაების შვილია, რაც ზეციურ სამყაროს გარკვეულ მემკვიდრეობითობაზე მიუთითებს. მოგვიანებით, სახარებაში იგივე დასტურდება – იესოს მოსვლის ნიშანი ასევე წინა თაობის ქურუმებმა იხილეს.

ზ. კიკნაძე: – გარეული ცხოველი, რომელიც ბიბლიის თანახმად, იმთავითვე, “თავის გვარის მიხედვით” გარეულად (ველურად) არის გაჩენილი (დაბ. 1:25), ადამიანს შეუძლია მხოლოდ მოინადიროს. შინაური ცხოველი თუ სამსხვერპლოა, გარეული მოსანადირებელია, ბრძოლით არის მოსაპოვებელი.  შინაური დაიკვლის, გარეული – მოიკვლის (ქართული ენა განასხვავებს ამ ორ აქტს – დაკვლას და მოკვლას).
შინაურ ცხოველს ადამიანი სწირავს მსხვერპლად, გარეულს კლავს. მსხვერპლი, რომელიც უგამონაკლისოდ შინაურია, ადამიანის ხელით არის გაზრდილი, მორჩილად ხრის თავს შემწირველის წინაშე. და ის მსხვერპლი ითვლება საუკეთესოდ და ამართლებს მსხვერპლშეწირვის საზრისს, რომელიც მორჩილად უშვერს ქედს მახვილს (ესაია 53).
მსხვერპლშეწირვის ძალა მის ნებაყოფლობითობაშია. იძულებითი მსხვერპლშეწირვა, ურჩი მსხვერპლი წინააღმდეგობაა: იგი აუქმებს ამ აქტის საზრისსა და მიზანს.

კ. ჭუმბურიძე: – მაინც მგონია, რომ ეს რიტუალები ხორცის ჭამის მოსაწესრიგებლად არის დადგენილი. ნებაყოფლობით სიკვდილი იმისთვის, რომ რამდენიმე საათში ადამიანის სკორედ გადაიქცე, ვერაფერი ღვთაებრივი ჰარმონიაა.

ზ. კიკნაძე: – ყოველ წელს, გაზაფხულის გიორგობას, ირემი მოდიოდა ოქუმში და წმ. გიორგის ეკლესიის გალავანში შედიოდა. ირემს კლავდნენ, მის რქებს კი წმ. გიორგის ხატს სწირავდნენ6. თქმულება არაფერს ამბობს, თუ რა მიზეზით შეწყდა ირმის გამოცხადება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საყმოს დაუდევრობამ გამოიწვია და, ალბათ ოქუმის ირემსაც ხარი შეენაცვლა.

კ. ჭუმბურიძე: – აქაც იგივე სიუჟეტია და იგივენაირადვე უნდა აიხსნას – მონადირეს ენაცვლება მიწათმოქმედი. შინაური პირუტყვის ყოლა ოჯახის სტაბილური გამოკვების მეტი გარანტია.

ზ. კიკნაძე: – სულწასული ტაბეშაძე, რომელიც ერთ დროს წმ. გიორგიმ თავის მკადრედ აირჩია, სწორედ ამ ყველაზე უფრო სასიცოცხლო, შეიძლება ითქვას, საკრალური პროცესის ხელმყოფელად გვევლინება და მის დანა¬შაულს მისი რჩეულობა კიდევ უფრო ამძიმებს.
ის არად ჩააგდებს სიწმიდის ნიშანს, რომლის დამცველი უნდა ყოფილიყო,  და, ამასთან ერთად, ბუნების წინააღმდეგაც ილაშქრებს.
ტაბეშაძის საქციელი ააშკარავებს ბზარს საზოგადოების ზნეობაში, მის მომხმარებლურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას სამსხვერპლო პირუტყვისადმი. “დანაცოხრების” არდაცლა დაგვიანებით მოსული ირმისათვის დანაშაულია ჯერ ირმის, მერე მისი მომავლინებლის – წმ. გიორგის წინაშე. წიხლის კვრით ირმისათვის მსხვერპლის შემწირველმა გამოხატა მიუტევებელი აგრესია – ირემი მოკლული იქნა, არა დაკლული.

კ. ჭუმბურიძე: – ჩემი აზრით კი აქ გამოჟონა რწმენამ, რომ ხორცის ჭამა შეიძლება მხოლოდ გარკვეულ დროს და არა მაშინ, როცა მოგშივდება. ირმის დაგვიანება ამ შემთხვევაში საზოგადოების გამოცდაა, რამდენად ზუსტად ახსოვთ და იცავენ დადგენილ წესს და ესოდენ მძიმე სასჯელიც თავისებური დიდაქტიკაა წესის დაცვის აუცილებლობის შესახსენებლად.

ეს რიტუალიც და სასჯელიც არ შეიძლება ქრისტიანული კულტურის ფარგლებში მოვიაზროთ.  ქრისტეანთათვის ღმერთი სიყვარულია და ასეთი დანაშაულისთვის ქრისტეანი წმინდანი მთელს გვარს არ გაწყვეტდა. ამის დაშვებაც კი წარმოუდგენელია, მით უმეტეს, რომ წმინდა გიორგი ერთ ქართულ თქმულებაში ადამიანთა თანადგომაში თვით ქრისტეზე წინაა დაყენებული.

ამდენად, წმინდა გიორგი აშკარად გვიანდელი დანაშრევია ამ უხსოვარი ამბისა.

ხოლო თავად ეს ამბავი უნდა იყოს ადამიანთა საწესო რწმენა-წარმოდგენებში მთვარის ღვთაების გამოჩენის დროინდელი, ანუ მაშინდელი, როცა კაცს სამიწათმოქმედო საქმიანობის ოპტიმალური თანმიმდევრობის დასაცავად მთვარის კალენდარი დასჭირდა.

დაახლოებით ამ დროიდან უნდა ჩაენაცვლოს ირემს ხარი, როგორც მიწათმოქმედთა წმინდა ცხოველი, რომელიც, ამავე დროს, უნდა იჭმებოდეს კიდეც და ამისთვის გარკვეული  ზეციური ნებართვებიც უნდა არსებობდეს, რათა მშიერ კაცს სინდისთან კომპრომისზე წასვლამ არ მოუწიოს და იმდროინდელი სოციუმისთვის აუცილებელი მორალის მიმართ არ გაუცხოვდეს.

მსგავსი პრეცენდენტი უახლოეს ისტორიაშიც შეიძლება მოვიძიოთ. მაგალითად – ჰიტლერის ქვეშევრდომები განსაკუთრებული განცდის გარეშე ჩადიოდნენ სასტიკ ქმედებას, რადგან სინდისი გაღმერთებულ ბელადზე ჰქონდათ დელეგირებული.

და ბოლოს, კიდევ ერთ საკითხზე მინდა შევაჩერო ყურადღება:
ლეგენდის მიხედვით წმ. გიორგი თავისი ჯვრითა და ბურთითურთ (“თეთრი ქვით”) უნდა მოესვენებინათ.

თეთრი ბურთი მთვარის ღვთაების თავისებური სიმბოლო უნდა იყოს. აქ შესაძლოა იგულისხმებოდეს ამ სიმბოლოს დავანება საკუთარ სავარგულში, უხვი მოსავლის დაბედების მიზნით, „ლელოს“ მსგავსად.

შესაძლოა აქაც გუნდური შერკინება იმართებოდა ამ ხვითოს მოსაპოვებლად. კვერცხისოდენა ბურთი, ხის ან ქვისა, ჩვენში ოდითგან გამოიყენება ჩოგნით სათამაშოდ და მის დასახელებათა მრავალფეროვნება ამ თამაშის პოპულარობის დასტურია: კოჟური, კუკურაქი, კუკურიკი, კორი, ქოგური, ბირქი.

ასევე მრავალგვარია საბურთალი ჩოგანი: ხაჩა, გლუნი, გოქა, გოთი, კაკუჭი, ჭაკუნი, ჭარკენი, კობალა, კოპაჭური, კაკვია.

ამდენად, ვფიქრობ ჯ. რუხაძის მიერ ხანის ხეობაში მიკვლეული ლეგენდა, რომელიც მრავალმხრივ უნიკალურია ეთნოლოგიის თვალსაზრისით, ჩემი აზრით უპირველეს ყოვლისა საყურადღებოა იმ მხრივ, რომ შეიცავს ქრისტეანობაზე ბევრად უხნეს და საოცრად მკაფიო პლასტებს, რაც განუზომლად ზრდის მის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას.

11.08.04

 

ტეგები:

One response to “ხანის ირმისა

  1. ელდორადო

    July 11, 2010 at 8:36 am

    ” ხანის ირმისა”ადრე ცოტა რამ მქონდა წაკითხული,ახლა უფრო გამიგრმავდა ცოდნა ამ თემაზე.მადლობა.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: